ფედერალისტი # 32  : ჰამილტონი
 
1788 წ. 2 იანვარი
 
 
                                                 
ნიუ-იორკის შტატის ხალხს

ჩემი შეხედულებით, საკავშირო ხელისუფლებისთვის იმ უფლებამოსილების გადაცემა, რომელიც ფულად დაბეგვრაზე კონტროლს ითვალისწინებს, შტატის  მთავრობებისთვის რეალურ საფრთხეს არ შეიცავს, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის განწყობა არის უზარმაზარი ხიფათი იმისა, რომ ასეთი რამ შტატის  მთავრობათა გულისწყრომას გამოიწვევს; ასევე რწმენა იმისა, რომ ადგილობრივი ამოცანების გადასაწყვეტად სასარგებლო და აუცილებელია ადგილობრივი ადმინისტრაციების არსებობა - გადაულახავ ბარიერად აღიმართება იმათ წინაშე, ვინც მათ შევიწროებას შეეცდება. მიუხედავად ამისა, მე მინდა მთელი სიგრძე – სიგანით წარმოვადგინო იმ მოსაზრების სამართლიანობა, რომელიც მოითხოვს,რომ ინდივიდუალურ შტატებს დამოუკიდებელი და შეუზღუდავი უფლებამოსილება ჰქონდეთ, რათა მათ შეძლონ თავიანთი შემოსავლების აკრეფა საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ვამტკიცებ, რომ ამ დათმობის შემდეგ, კონვენტის გეგმის მიხედვით მათ (იმპორტსა და ექსპორტზე მოსაკრებელთა გამოკლებით) შეუნარჩუნდებათ ამგვარი პრეროგატივა მისი ყველაზე აბსოლუტური და შეუზღუდავი მნიშვნელობით. ეროვნული მთავრობის მხრიდან მისი შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა შეფასდება, როგორც  ძალაუფლების ძალადური მისაკუთრება, რაც კონსტიტუციის არც ერთი მუხლით თუ პარაგრაფით დაშვებული არ არის.
  
ყველა შტატის გაერთიანება ერთ სრულიად სუვერენულ სახელმწიფოდ  გულისხმობს იმას, რომ მას მისი შემადგენელი ნაწილები სრულ მორჩილებას უცხადებენ, ამიტომ რა ძალაუფლებაც უნდა დარჩეს მათ ხელში, იგი მაინც ყოველთვის დამოკიდებული იქნება საერთო ნებაზე. მაგრამ რაკი კონვენტს მიზნად აქვს ნაწილობრივი კავშირი თუ გაერთიანება შტატის მთავრობებთან, ცხადია, ყველა იმ სუვერენულ უფლებას შეინაჩუნებენ, რომლებიც ადრე ჰქონდათ, თუ ისინი იმავე აქტის მიხედვით ექსკლუზიურად მინიჭებული არ აქვს შეერთებულ შტატებს. შტატის სუვერენობის ამგვარი ექსკლუზიური დელეგირება თუ უფრო მისი გაუცხოება მხოლოდ სამ შემთხვევაში მოხდება: ერთი, როცა კონსტიტუცია ექსკლუზიურ უფლებას უპირობოდ ანიჭებს საკავშირო მთავრობას; მეორე, როცა იგი ერთ შემთხვევაში კავშირის უფლებამოსილებას სცნობს, სხვა შემთხვევაში კი შტატებს მსგავსი უფლებამოსილების განხორციელებას უკრძალავს; და მესამე, როცა კონსტიტუცია ისეთ უფლებამოსილებას ანიჭებს კავშირს, რომლის მსგავსი პრეროგატივის მინიჭება შტატებისთვის აბსოლუტურად წინააღმდეგობრივი და მიუღებელი იქნებოდა. მე ამ ტერმინებს იმისთვის ვიყენებ, რათა ეს უკანასკნელი შემთხვევა სხვა შემთხვევისგან გავმიჯნო, რომელიც მას ერთი შეხედვით წააგავს, მაგრამ სრულიად სხვა სახისაა. მე ვგულისხმობ შემთხვევას, როცა თანხვედრილმა იურისდიქციამ შესაძლოა, ადმინისტრაციის რომელიმე შტოს პოლიტიკაში გაუთვალისწინებელი ჩარევა გამოიწვიოს, მაგრამ ეს არ მოასწავებს კონსტიტუციურ ძალაუფლებასთან დაპირისპირებასა თუ მის უარყოფას. ფედერალური მთავრობის ასეთი ექსკლუზიური იურისდიქციის სამი შემთხვევა შეიძლება შემდეგ მაგალითზე ნათელვყოთ:” პირველი პარაგრაფის მერვე კარის ბოლოსწინა მუხლში საგანგებოდ არის მითითებული, რომ კონგრესს ექსკლუზიური საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს იმ ოლქში, რომელიც მთავრობის ადგილსამყოფლად არის განკუთვნილი. იმავე კარის პირველი მუხლით კონგრესს უფლება აქვს “დააწესოს  და ამოიღოს გადასახადები, გამოსაღებები, ბაჟი და აქციზური მოსაკრებლები; იმავე პარაგრაფის მეათე კარის მეორე მუხლში კი გაცხადებულია, რომ:” შტატს კონგრესის თანხმობის გარეშე უფლება არ აქვს, რომ ექსპორტი ან იმპორტი საბაჟო გადასახადით დაბეგროს, გარდა იმ შემთხევებისა, როცა ეს აუცილებელია მეთვალყურეობის შესახებ შტატის კანონმდებლობის შესასრულებლად. აქედან გამომდინარე, ექსპორტისა და იმპორტის დაბეგვრის საკითხში გარდა ზემოხსენებული გამონაკლისებისა, ექსკლუზიური უფლება ფედერალურ მთავრობას ენიჭება. მაგრამ ეს უკნასკნელიც  შეზღუდულია იმ მუხლით, რომელიც აცხადებს, რომ აკრძალულია გადასახადით ან ბაჟით ამა თუ იმ შტატიდან ექსპორტირებული საქონელი; ამგვარი პირობიდან გამომდინარე, მხოლოდ იმპორტირებული საქონელი დაიბეგრება. ამგვარი პასუხი არსებობს მეორე შემთხვევასთან დაკავშირებით. მესამე შემთხვევის პასუხი კი შეგვიძლია იმ მუხლში მოვიპოვოთ, რომელიც აცხადებს, რომ კონგრესს უფლება  ექნება:” სრულიად კავშირის მასშტაბით ნატურალიზაციის ერთგვაროვანი წესები შემოიღოს.” ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან თუ თითოეულ შტატს განსხვავებული წესის შემოღების უფლება ექნებოდა, მაშინ, რაღა თქმა  უნდა, შეუძლებელი იქნებოდა ერთგვაროვანი წესების არსებობა.
  
არსებობს კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც ამ უკანასკნელს წააგავს, მაგრამ მისგან აბსოლუტურად განსხვავდება, თუმცა განსახილველ საკითხს უკავშირდება. მე ვგულისხმობ ნებისმიერი სხვა საქონლის დაბეგვრის უფლებას, გარდა ექსპორტისა და იმპორტისა. მე ვამტკიცებ, რომ ამ საკითხში აშკარად არსებობს თანხვედრა თუ თანაბრობა შეერთებული შტატებისა და ინდივიდუალური შტატების უფლებამოსილებთა შორის. მაგრამ იმ მუხლში, რომელიც ამგვარ ნებართვას შეიცავს, პიდაპირ არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ამგვარი უფლებამოსილება ექსკლუზიურად საკავშირო მთავრობას ენიჭება. არ არსებობს ცალკე მუხლი ან პარაგრაფი, რომელიც შტატებს მის განხორციელებას უკრძალავდეს. როგორც ჩანს, ამას არაფერი აქვს საერთო იმ მტკიცებასთან, რომ საპირისპირო საბუთის გამოყვანა შეიძლება იმ შეზღუდვიდან, რომელსაც კონსტიტუცია შტატებს იმპორტთან და ექსპორტთან დაკავშირებით უწესებსო. ამგვარი შეზღუდვა იმის დაშვებასაც გულისხმობს, რომ თუ ის არ იქნებოდა შემოღებული, მაშინ შტატებს ექნებოდათ მინიჭებული ზემოხსენებული ექსკლუზიური უფლება. კიდევ ერთი დაშვება, რომელიც აქედან გამომდინარეობს, ის არის, რომ სხვა გადასახადებთან მიმართებაში შტატების უფლებამოსილება ხელშეუხები რჩება. ყველა სხვა თვალსაზრისით ასეთი რამ ზედმეტიც იქნებოდა და სახიფათოც. ზედმეტი იქნებოდა იმიტომ, რომ თუ კავშირისთვის ამგვარი უფლებამოსილების მინიჭება შტატების გამორიცხვას ანდა მათ დამორჩილებას გულისხმობს, მაშინ ამგვარი შეზღუდვის არანაირი საჭიროება არ არსებობს. ხოლო იგი სახიფათო იქნებოდა იმდენად, რამდენადაც მისი შემოღება სწორედ ზემოხსენებული დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას მოგვცემდა, რომელიც – თუ ოპონენტები სწორად განმარტავენ – არ იყო წინასწარგამიზნული. იმას ვგულისხმობ, რომ შტატებს დაბეგვრის საკითხებში ყველა იმ შემთხვევისთვის, რაზეც შეზღუდვა არ ვრცელდება, საკავშირო მთავრობასთან თანხვედრილი უფლებამოსილება  ექნება. შეზღუდვა, რომელზეც არის ლაპარაკი, იგივე რამაა, რასაც იურისტები ნეგატიურ შინაარსს უწოდებენ. საქმე ის არის, რომ იგი ერთ რამეს უარყოფს, ხოლო მეორეს, ადასტურებს. იგი უარს ეუბნება შტატებს იმპორტისა და ექსპორტისთვის ბაჟის დაკისრებაზე, მაგრამ  ადასტურებს მათ უფლებას ყველა სხვა საქონლის დაბეგვრაზე. სოფისტიკა იქნებოდა იმის მტკიცება, რომ თითქოსდა ჩაფიქრებული იყო, მათთვის აბსოლუტური უარი ეთქვათ პირველი ყაიდის გადასახადის შეწერასა და ამოღებაზე, ხოლო სხვა გადასახადებთან მიმართებაში მათი თავისუფლება ეროვნული აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებოდა. შეზღუდვისა თუ აკრძალვის დამწესებელი მუხლი მხოლოდ იმას ამბობს, რომ მათ არ აქვთ დაბეგვრის უფლება კონგრესის თანხმობის გარეშე. თუ ჩვენ ამას ზემოხსენებული თვალსაზრისით გავიგებთ, მაშინ კონსტიტუციაში უნდა შეგვეტანა ერთი ფორმალური პირობა, ერთი  ერთობ აბსურდული დასკვნის გულისთვის. საქმე ეხება იმას, რომ შტატებს ეროვნული საკანონმდებლო კრების თანხმობით თითქოსდა ექსპორტისა და იმპორტის დაბეგვრის, ასევე ყველა იმ გდასახადის შეწერის უფლება Hჰქონდეს, რომელიც არ ექვემდებარება ზემოხსენებული ორგანოს კონტროლს. მაგრამ თუ ასეთი განზრახვა არსებობდა, მაშინ, უწინარეს ყოვლისა, რად არ აისახა ის იმ სფეროზე, რომელიც, როგორც ამტკიცებენ, თავდაპირველი პარაგრაფის ბუნებრივი მოქმედების სფეროსაა და დაბეგვრის საერთო უფლებამოსილებას კავშირს ანიჭებს?
   
რაც შეეხება იმ შეუთავსებლობას, რომელიც დაბეგვრის სფეროში შტატის მთავრობებსა და საკავშირო ხელისუფლებას შორის არსებობს, დაუშვებელია მისი იმ მიმართებით განმარტება, რომელიც ამ სფეროდან შტატების გამორიცხვას გულისხმობს. სრულიად შესაძლებელია ის, რომ შტატმა ესა თუ ის საქონელი დაბეგროს და ამით მიზანშეუწონელი გახადოს ის, რომ  კავშირმა ის კიდევ ერთხელ დაბეგროს: თუმცა ასეთი რამ კონსტიტუციურად აკრძალული არ არის. ამიტომ ბეგარის მოცულობა, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან მისი გაზრდის  მიზანშეწონილობა თუ მიზანშეუწონლობა სწორედ ის საკითხია, რომელშიც ორივე მხარეს კეთილგონიერება მართებს; თუმცა ეს არ არის ის შემთხვევა, როცა ორი ხელისუფლება ერთმანეთს უპირისპირდება. ეროვნული და შტატების საფინანსო სისტემების კონკრეტული პოლიტიკა, შესაძლოა, არ იყვნენ ერთმანეთთან ზუსტ შესაბამისობაში, მაგრამ აუცილებელია, მხარეები ყოველთვის სათანადო მოთმინებას იჩენდნენ. სუვერენული უფლების გაუცხოებასა და განადგურებას აშკარა კონსტიტუციური შეუთავსებლობა იწვევს და არა ის, რომ ძალაუფლების განხორციელებას ზოგჯერ გარკვეული უხერხულობა ექმნება.
  
თანხვედრილი იურისდიქციის აუცილებლობა ზოგ შემთხვევაში განპირობებულია სუვერენული ძალაუფლების დაყოფით; მაგრამ წესი, რომელიც  შტატებისთვის მთელი იმ უფლებამოსილების შენარჩუნებას ითვალისწინებს, რაც მათთვის კავშირის სასარგებლოდ მკაფიოდ არ ჩამოურთმევიათ, მარტო ამგვარი დაყოფის თეორული შედეგი არ არის, არამედ იგი იმ დოკუმენტიდან გამომდინარეობს, რომელიც შემოთავაზებული კონსტიტუციის შესაბამის მუხლებსა და პარაგრაფებს ემყარება. როგორც ვხედავთ, გარდა იმ უფლებამოსილებათა დადასტურებისა, რომლებიც მინიჭებული აქვს საერთო ხელისუფლებას, მასში ყურადღება გამახვილებულია იმ შემთხვევებზე, როცა შტატებმა შესაძლოა, უმართებულოდ სცადონ იმავე უფლებამოსილებათა განხორციელება; დოკუმენტში ასევე გათვალისწინებულია ის ნეგატიური და ამკრძალავი პუნქტები, რომლებიც მათ ამის უფლებას არ აძლევენ. ეს გარემოება ნათლად მიუთითებს იმ განზრახვაზე, რომელიც კონვენტს ამოძრავებს. იგივე გარემოება გვაწვდის სახელმძღვანელო წესს, თუ როგორ უნდა განიმარტოს ტექსტი იმ დოკუმენტისა,  რომელიც ჩემ მიერ წამოყენებული პოზიციის სისწორეს ადასტურებს და ნებისმიერ საპირისპირო ჰიპოთეზას უარყოფს.
         
პუბლიუსი
 

 

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group