ფედერალისტური წერილები

 
დამფუძნებელი მამების ჩანაფიქრით ამერიკის შეერთებული შტატები უნდა  ყოფილიყო გაბედული ექსპერიმენტი. მისი მიზანი კანონებისა და მმართველობის ისეთი სისტემის ჩამოყალიბება იყო, რომლის ანალოგი, მანამდე, კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობდა.
დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ახალი ქვეყნის მესვეურები ისეთი სახელმწიფოს დაფუძნებას ცდილობდნენ, რომელშიც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის ურთიერთგაწონასწორებისა და ურთიერთკონტროლის სისტემა იმოქმედებდა, რაც თითოეული ადამიანის უფლებათა დაცვისა და მათი თავისუფლების საწინდრად მოგვევლინებოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია უდიდესი რუდუნებით შეიქმნა და თითოეულ შტატს რატიფიკაციისთვის 1787 წლის სექტემბერს გადაეცა. ალექსანდრე ჰამილტონმა, ჯეიმს მედისონმა და ჯონ ჯეიმ 85 სტატია დაწერეს, რომელიც 1787 წლის ოქტომბრიდან 1788 წლის აგვისტოს ჩათვლით გამოქვეყნდა.

ეს სტატიები ფედერალისტური წერილების სახელითაა ცნობილი და ამერიკის ისტორიისა და პოლიტიკური მეცნიერების უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს წარმოადგენს.
ფედერალისტური წერილები არა მარტო კონსტიტუციას განმარტავს, არამედ იმ ფილოსოფიასაც გვიხსნის, რომელიც მის თითოეულ ნაწილს ასულდგმულებს. მათი შექმნა ორმა ფაქტორმა განაპირობა: ჯერ ერთი, მოსახლეობა უნდა დარწმუნებულიყო კონსტიტუციის რატიფიცირების აუცილებლობაში, მეორეც, წინასწარ უნდა შემოფარგლულიყო ველი კონსტიტუციის სამომავლო ინტერპრეტაციისათვის. ფედერალისტური წერილებით დასაბამი დაედო კონსტიტუციის უნიკალურ ხედვას. ისინი კვლავაც რჩებიან იმ ქმედით იარაღად, რომლის მეშვეობითაც თაობები შეძლებენ გაიგონ ამერიკის შეერთებული შტატების არსი.

მსურს უსაზღვრო კმაყოფილება გამოვხატო ფედერალისტური წერილების ქართულ ენაზე თარგმანისათვის. ეს წერილები, ამიერიდან, საქართველოშიც განაგრძობს თავის სიცოცხლეს. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორებმა გიორგი ბარამიძემ და მიხეილ გოგატიშვილმა ფასდაუდებელი სამსახური გასწიეს; მათი დამსახურებით ამერიკის დამფუძნებელი მამების ნააზრევი საქართველოს ფართო საზოგადოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი.
 
 
ჯონ ფ. ტეფტი
აშშ ელჩი საქართველოში  

 

 

 

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group