ფედერალისტი #8 : ჰამილტონი
1787 წ. 20 ნოემბერი.
ნიუ-იორკის შტატის ხალხს
მას მერე რაც ცხადი გახდა, რომ ერთმანეთს ჩამოცილებული რამდენიმე შტატი ანდა საერთო კონფედერაციის ნამსხვრევებიდან აღმოცენებული მათი კომბინაციები, ომისა და მშვიდობის, მეგობრობისა და მტრობის ისეთ უკუღმართობებს დაიტეხენ თავს, რაც საერთო მმართველობას მოკლებულ ბევრ ჩვენს მეზობელს რგებია წილად, ნება მიბოძეთ გამოწვლილვით განვიხილო ამგვარი მდგომარეობის თანმხლები შედეგები.
მათი განყენებული არსებობის პირველ ხანებში შტატებს შორის ომი ბევრად დიდ უბედურებათა მომტანი იქნება, ვიდრე იმ ქვეყნებისთვისაა, რომლებშიც დიდი ხნის წინათ იქნა შემოღებული მუდმივი შეიარაღებული ძალები. ევროპის კონტინენტზე მუდმივ მზადყოფნაში ჰყავთ გაწვრთნილი ჯარები. მართალია, მათ შეუძლიათ, ზიანი მიაყენონ თავისუფლებასა და ეკონომიკას, მაგრამ მიუხედავად ამისა, დიდია ის სარგებლობა, რომელიც მათ მოაქვთ, რაკი შეუძლებელს ხდის ელვისებურ დაპყრობასა და ანაზდეულ გაჩანაგებას, რაც საომარ მოქმედებათა განვითარებას მათ შემოღებამდე ახასიათებდა.
ამავე მიზნებს ემსახურება ფორთიფიკაციის ხელოვნება. ევროპის სახელმწიფოებს ჯაჭვივით გარს არტყია სიმაგრეთა წყება, რაც აფერხებს მათი ჯარების ურთიერთშეჭრას. სამხედრო კომპანიები მთელ თავიანთ ძალ-ღონეს ალევენ ორი-სამი სასაზღვრო გარნიზონის აღებას, რომ მტრულ ქვეყანაში შეაღწიონ. ყოველი ფეხის ნაბიჯზეა აღმართული ასეთი დაბრკოლებანი, ქანცს რომ აცლის მომხდურსა და აბრკოლებს მის წინსვლას. ძველად მეზობელი ქვეყნის გულამდე თითქმის ერთდროულად აღწევდა მომხდური ჯარები და ცნობა მათი მოახლოების შესახებ. ახლა კი გაწვრთნილი მხედრობის შედარებით მცირერიცხოვან ნაწილებს თავდაცვის ხაზზე რომ დგანან, გარნიზონებზე დამყარებით, უნარი შესწევთ, შეაფერხონ და საბოლოოდ ჩაშალონ კიდეც ბევრად უფრო მასშტაბური სამხედრო ღონისძიება. ომის ისტორია დედამიწის ამ მხარეში აღარ არის დაპყრობილი სახელმწიფოებისა და დამხობილი იმპერიების ისტორია, არამედ იგია ამბავი მიტაცებული და კვლავგამოტაცებული ქალაქებისა, ბრძოლებისა, რომლებიც არაფერს წყვეტს, უკანდახევებისა, რომლებსაც უფრო მეტი ხეირი მოაქვს, ვიდრე გამარჯვებებს. იგი ისტორიაა უსაზმნო ძალისხმევისა და არადმისაჩნევი მონაგარისა.
სრულიად სხვა სანახაობა იქნება ჩვენს ქვეყანაში. სამხედრო უწყებათა შორის მოშურნეობა, რამდენადაც შესაძლებელია, გააჯანჯლებს მუდმივი შეიარაღებული ძალების შემოღებას. ფორთიფიკაციათა უქონლობა და დაუცველი საზღვრები გააადვილებს იმას, რომ გათითოებული შტატების ჯარები ერთმანეთის ტერიტორიაზე შეიჭრან. ხალხმრავალი შტატები იოლად გაანადგურებს მეჩხრად დასახლებულ მათს მეზობლებს. ერთნაირად საძნელო შეიქნება როგორც დაპყრობა, ასე დაპყრობილის შენარჩუნება. ამიტომაც ომებს ცალკეულ მძარცველურ შეტაკებათა ხასიათი ექნება. ძარცვა-გლეჯა და გაჩანაგება ყოველთვის მოსდევდა ხოლმე არარეგულარულ შეიარაღებულ შენაერთთა თარეშს. ჩვენი მხედრული მამაცობით წარმოებულ სამხედრო მოქმედებათა გამორჩეული ნიშანი კი იქნება ის ბედუკუღმართობანი, რომლებიც თავს დაატყდება თითოეულ მაცხოვრებელს.
ასეთი რამ მთელი სისრულით ჯერ არ მომხდარა, მაგრამ გარწმუნებთ, ბევრი დრო არ დარჩენილა მის მოხდენამდე. ეროვნულ ქცევას ყველაზე უფრო ძლიერ გარეშე საფრთხისგან თავდაცვის აუცილებლობა განსაზღვრავს ხოლმე. თავისუფლებისადმი თვით მგზნებარე სიყვარულსაც კი, გარკვეული დროის მერე, დიქტატი ცვლის, სიცოცხლისა და ქონების იავარქმნა, ომს რომ მოსდევს. განუწყვეტელი დაძაბულობა და განგაში, რომელიც მუდმივი საფრთხის თანამდევია; ყველაზე თავისუფლებისმოყვარე ერებსაც კი იძულებულს გახდის სულის მოსაბრუნებლად და უსაფრთხოების მოსაპოვებლად ისეთ დაწესებულებებს მოუხმოს საშველად, მათი სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების გასანადგურებლად რომ არიან მოწოდებულნი. ბოლოს და ბოლოს ისინი ყაბულს იქნებიან თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე უსაფრთხოება უზრუნველყონ.
ზემოხსენებულ ინსტიტუტებში, განსაკუთრებით, მუდმივი ჯარი და მათი შესატყვისი სამხედრო უწყებანი მოიაზრება. როგორც ითქვა, მუდმივი ჯარის წინააღმდეგ ახალი კონსტიტუცია არაფერს ამბობს, ამიტომაც კონსტიტუციის მიღებით, შესაძლოა, ამგვარი ჯარიც იქნას შემოღებული [1]. თუმცა მისი არსებობა, შემოთავაზებული პროექტის თვალთახედვიდან, უკიდურეს შემთხვევაში, პრობლემური და ბუნდოვანია. მაგრამ ხშირი ომიანობა და გამუდმებული შფოთი, რომლებიც განუწყვეტელ სამხედრო სამზადისს მოითხოვენ, აუცილებლად წარმოშობს მუდმივ ჯარს. მას პირველები შემოიღებენ უფრო სუსტი შტატები თუ კონფედერაციები, რათა ძალით უფრო ძლევამოსილ თავიანთს მეზობლებს გაუტოლდნენ. ისინი არაფერს დაზოგავენ, რომ მოსახლეობისა და რესურსების სიმწირე თავდაცვის უფრო რეგულარული და ეფექტური სისტემით, გაწვრთნილი ჯარისა და ფორთიფიკაციების საშუალბით ამოიგონ. ამავე დროს, ისინი იძულებულნი შეიქნებიან, გააძლიერონ აღმასრულებელი ხელისუფლება, რითაც გაასკეცდება მათი კონსტიტუციების მონარქიული მიდრეკილებანი. ომის ბუნებაა ისეთი, რომ ჰკვეცს საკანონმდებლო ხელისუფლებას, აღმასრულებელს კი – აასკეცებს.
ამგვარ ღონისძიებებს რომ განახორციელებენ, შტატები იქნება თუ კონფედერაციები, უმალვე დიდად წააქეზებენ თავიანთს მეზობლებს. სახელმწიფოები, წვრილი იქნება ისინი თუ ნაკლები ბუნებრივი სიმძლავრის მქონე, რომლებსაც ენერგიული მთავრობები ჰყავთ და ზურგს გაწვრთნილი ჯარები უმაგრებენ, ხშირად იმარჯვებენ ხოლმე მსხვილსა თუ უფრო მეტი ბუნებრივი სიმძლავრეების მქონე ქვეყნებზე, რომლებიც ამგვარ უპირატესობებს მოკლებულნი არიან. უფრო დიდ შტატებსა თუ კონფედერაციებს არც სიამაყე დაანებებს და არც უსაფრთხოების აუცილებლობა მისცემს იმის საშუალებას, რომ დიდი ხნით შეეგუონ ამნაირ დამამცირებელსა და ეფემერულ უპირატესობას და უმალვე იმავე ღონისძიებათა განხორციელებას შეუდგებიან, რომლებმაც ისინი ამ დღეში ჩააგდეს, რათა თავიანთი გაბატონებული მდგომარეობა დაიბრუნონ. ისე რომ, მოკლე ხანში ჩვენი ქვეყნის ყველა მხარეში გავხდებით იმ დესპოტური მანქანის შემსწრენი, რომელიც ძველ მსოფლიოს ჭირად შეურაცხეს. ასეთი იქნება მოვლენათა ბუნებრივი განვითარება და ჩვენი მსჯელობა სწორი იმდენად იქნება, რამდენადაც იგი ამ განვითარებას არ გადაუხვევს.
შეიძლება შეგვესიტყვონ და გვკითხონ, თუ რა იყო იმის მიზეზი, რომ ხშირი შეხლაშემოხლის შედეგად, რომლებიც წეწდა საბერძნეთის ძველ რესპუბლიკებს, იქ არ აღმოცენებულა მუდმივი ჯარი. ამ შეკითხვაზე ერთნაირად დამაკმაყოფილებელი სხვადასხვა პასუხია შესაძლებელი. დღევანდელი ხალხები თავიანთს შრომაგარჯით უნარჩვევებს ერთთავად იმაში აქსოვენ, რომ სოფლის მეურნეობა და აღებმიცემობა განავითარონ; ამიტომაც ისინი ვერ ჰგუობენ სამხედრო სახელმწიფოებს, რაც ბუნებრივი ძალმომრეობა იყო ძველბერძნულ რესპუბლიკათა ხალხებისათვის. ომის სისტემაში რევოლუცია გამოიწვია გადასახადების შემოღებამ, ოქროსა და ვერცხლის მარაგები რომ გააასკეცა, სამრეწველო ხელოვნებამ და საფინანსო მეცნიერებამ, ეგზომ მეტოქეობას რომ უწევენ ნაციონალურ ზნეჩვეულებებს. ადამიანთა საზოგადოებათაგან ეგოდენ განსხვავებული გაწვრთნილი ჯარი გახშირებულმა მტრობამ მის მიუცილებელ თანამგზავრად აქცია.
ამასთანავე, ძალიან დიდია განსხვავება ორი ისეთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის, რომელთაგან ერთი თავისი ბუნებრივი მდებარეობის წყალობით იშვიათად ხდება გარედან თავდასხმის ობიექტი. ხოლო მეორე ხშირად განიცდის მას და მუდმივ შიშში იმყოფება. პირველის მმართველებს კარგი საბაბი ეძლევათ, მით უფრო თუკი მათი სურვილიც ეგაა, რომ ისევე მრავალრიცხოვანი არმია იყოლიონ, როგორც მეორე ყაიდის ქვეყნებისთვისაა აუცილებელი. ერთ შემთხვევაში შეიარაღებულ ძალებს, თუკი საერთოდ გამოიყენებენ, იშვიათად მიმართავენ საშინაო საფრთხეთაგან თავის დასაცავად და ხალხსაც არ ექნება შიში იმისა, რომ მას სამხედრო სუბორდინაცია დაიმორჩილებს. სამხედრო აუცილებლობათა გამოისობით სამოქალაქო კანონთა შესუსტება არ მოხდება. სამოქალაქო სახელმწიფო ძალაში დარჩება, მას ვერ შერყვნის სხვა ქვეყნის პრინციპები და მის მიერ პრივილეგირებული ფასეულობები. არმია მცირერიცხოვანია და საზოგადოების ბუნებრივი ძალა მას აღემატება. მოქალაქეებს, რომლებიც დაჩვეულნი არ არიან სამხედრო ძალაუფლების მფარველობას, ანდა მისი მხრიდან შევიწროებას, მართალია, არ უყვართ ჯარისკაცები, მაგრამ სამაგიეროდ არც ეშინიათ მათი. მოქალაქეები სამხედროებს ისე უყურებენ, როგორც აუცილებელ ჭირს. იჭვნეულად ეთანხმებიან მათ არსებობას, თუმც კი მზად არიან, წინ აღუდგნენ მათ ძალაუფლებას, რაკი მიაჩნიათ, რომ იგი მათი უფლებების შეზღუდვის ხარჯზე ხორციელდება. ამგვარ გარემოებებში არმია ხელისუფლებას მხოლოდ უმნიშვნელო შეხლა-შემოხლის, შემთხვევითი ჯანყისა თუ ამბოხის ჩასახშობად არგია. მაგრამ იგი ვერაფრით დაიმორჩილებს ხალხთა ფართო მასების გაერთიანებულ ძალისხმევას.
ყველაფერი პირიქით მოხდება იმ შეჭირვებულ ქვეყანაში, ბოლოს რომ აღვწერეთ; საფრთხის განუწყვეტელი მუქარა აიძულებს მთავრობას, ყოველთვის მზად იყოს მის ასაშორებლად. მისი ჯარი საკმაოდ მრავალრიცხოვანი უნდა იყოს, რომ უზრუნველყოს მტკიცე თავდაცვა. ამ სამსახურთა გამო მატულობს მნიშვნელობა ჯარისკაცისა, შესაბამისად უარესდება მოქალაქის მდგომარეობა. იმ ტერიტორიათა მაცხოვრებლები, ხშირად რომ წარმოადგენს საომარ მოქმედებათა თეატრებს, ვერაფრით აიცილებენ თავიდან თავიანთი უფლებების ფეხქვეშ გათელვას. ეს კი იმას იწვევს, რომ მოქლაქეებს უბლაგვდებათ ამგვარ უფლებათა განცდის უნარი და თანდათან ხალხში ფეხს იკიდებს შეხედულება, რომ ჯარისკაცი არა მარტო მფარველია მათი, არამედ უფროსიც. ჯარისკაცთა მიმართ ამგვარი განწყობიდან მათი, როგორც ბატონების მიმართ, განწყობაზე გადასვლა არც თუ შორეული პერსპექტივაა და იგი არც ისე ძნელია. ძნელი ის არის, რომ ამგვარი წნეხის ქვეშ მოქცეული ხალხი დაარწმუნო, გაბედული თუ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს იმ უზურპატორებს, რომელთაც ზურგს უმაგრებს სამხედრო ძალაუფლება.
დიდი ბრიტანეთის სამეფო პირველი ტიპის ქვეყნებს განეკუთვნება. მას არა ჰყავს მრავალრიცხოვანი არმია. მისი კომპენსაცია კი ხდება იმით, რომ იგი კუნძულზე მდებარეობს და ძლევამოსილი ფლოტი ჰყავს. ეს საკმარისია, რათა მან თავიდან აიცილოს გარეშე ძალების შემოჭრა. ბრიტანეთში მიაჩნდათ, რომ არ არის საჭირო იმაზე მეტი ძალის ყოლა, რამდენიც აუცილებელია მოულოდნელად გადმოსხმული დესანტის შესაჩერებლად, ვიდრე სახალხო ლაშქარი შეიკრიბებოდეს და გაერთიანდებოდეს. ბრიტანეთის ნაციონალური პოლიტიკის არც ერთი მოტივი არ მოითხოვს იმას, რომ შინ მრავალრიცხოვანი არმია იყოლიონ. ამას არც საზოგადოებრივი აზრი შეიწყნარებდა. ძველად დიდი ხნის განმავლობაში დიდი გასაქანი ბრიტანეთში არ ჰქონია არც სხვა გარემოებებს, რომლებიც შინააშლილობათა თანამდევ შედეგებად მოვიხსენიეთ.
გამორჩეული ბუნებრივი მდებარეობით მონიჭებული ეს განსაკუთრებული ბედნიერება ბრიტანელებს შორის დიდწილად უწყობდა ხელს იმ თავისუფლების შენარჩუნებას, რომლითაც დღემდე ტკბება ეს ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ მასში ფართოდ არის გავრცელებული მექრთამეობა და კორუფცია. ბრიტანეთს რომ კონტინენტური მდებარეობა ჰქონოდა, მას რომ მდებარეობის გამო ამის იძულება დადგომოდა, თვითონაც იყოლიებდა სხვა დიდ ევროპულ სახელმწიფოთაოდენა შეიარაღებულ ძალებს. და სრულიად უეჭველია, რომ ისიც, ამ ქვეყანათა მსგავსად, დღესდღეობით ერთპიროვნული შეუზღუდავი ძალაუფლების მსხვერპლი გახდებოდა.
შესაძლებელია, მაგრამ ადვილი როდი არის, რომ კუნძულის ხალხი სხვა რამე მიზეზით იქნეს დამონებული. მაგრამ მისი დაკაბალების მიზეზი არასოდეს გახდება ყოლა ეგოდენ მცირერიცხოვანი ჯარისა, რაც ამ ქვეყანაში ჰყავთ.
ჩვენ რომ საკმაო სიბრძნე გამოვიჩინოთ და კავშირი შევინარჩუნოთ, სამარადჟამო ნეტარებას მოგვანიჭებდა ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც კუნძულისას ძალზე წააგავს. ევროპა ერთობ შორსაა ჩვენგან, ჩვენსა და ჩვენ მეზობლად არსებულ მის კოლონიებს შორის ძალთა უთანასწორობა სულ უფრო და უფრო მატულობს. ამიტომაც მათ არა აქვთ იმის თავი, რომ სახიფათო წყენა მოგვაყენონ. ამ ვითარებაში არ არის აუცილებელი, რომ უსაფრთხოების დასაცავად მრავალრიცხოვანი სამხედრო ძალები ვიყოლიოთ. მაგრამ თუ დავუშვებთ და ჩვენი კავშირის შემადგენელი ნაწილები ცალ-ცალკე გააგრძელებს არსებობას,ანდა, ვთქვათ, ორ თუ სამ კონფედერაციად შეკოწიწდება, მაშინ ჩვენც იმ გადაულახავ სიძნელეებში გავიხლართებით, ევროპის კონტინენტურ სახელმწიფოებს რომ ახასიათებთ – ჩვენს თავისუფლებას იმსხვერპლებს ის საშუალებანი, რომლებიც ჩვენვე შევქმენით ჩვენივე პატივმოყვარეობისა და ურთიერთმოშურნეობისგან თავის დასაცავად.
ეს ზერელე და უსაფუძვლო მოსაზრება როდია, არამედ საფუძვლიანი და ანგარიშგასაწევი აზრია, რომელიც ღირსია იმისა, რომ თითოეულმა გონიერმა და ღირსეულმა ადამიანმა მთელი სერიოზულობით განიხილოს და ყოველმხრივ აწონდაწონოს; თუკი ასეთი ადამიანები მთელ თავიანთს სიმტკიცესა და სიდარბაისლეს მოუხმობენ და მიუკერძოებლად გაისიგრძეგანებენ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იდეის ანგარიშგასაწევობას, თუკი ისინი ძირისძირობამდე განჭვრეტენ მას და ჩაუღრმავდებიან მისგან გამომდინარე შედეგს, მაშინ უყოყმანოდ შეწყვეტენ კონსტიტუციისადმი გაუმართლებელ არაკეთილმოსურნეობას, რომლის უკუგდება საბოლოო წერტილს დაუსვამდა ჩვენი კავშირის არსებობას. გაუჩინარდებოდა ის ავადმყოფური ფანტომები, წარმოსახვაში რომ უქრის მის ზოგიერთ მოწინააღმდეგეს და ისინი უმალვე დაიწყებდნენ უფრო არსებით საფრთხეებზე ფიქრს. საფრთხეებზე, რომლებიც განუზომლად უფრო რეალური, მოუცილებელი და საზარელია.
პუბლიუსი