ფედერალისტი # 27 : ჰამილტონი
1787წ. 25 დეკემბერი
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პოზიციიდან ამტკიცებდნენ, რომ კონვენტის მიერ შემოთავაზებული კონსტიტუცია ვერ იმუშავებს შეიარაღებული ძალების დახმარების გარეშე და მისი დახმარება საჭირო იქნება კანონების ცხოვრებაში გასატარებლადო. ეს სხვა არაფერია, თუ არა საპირისპირო მხრიდან გაკეთებული კიდევ ერთი ზოგადი განაცხადი, რომელიც არაფერს ზუსტსა თუ გონივრულს არ ემყარება. რამდენადაც შემომპასუხებელთა ფარულ ზრახვებში ჩაწვდომა მოვახერხე, ისინი, როგორც ჩანს, ერთი წინასწარი ვარაუდიდან ამოდიან: ხალხი უხალისოდ მოეკიდება ფედერალური უფლებამოსილების ყოველგვარ გამოვლინებას საშინაო პოლიტიკის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებითო. არაფერს ვამბობთ იმაზე, თუ რამდენად არაზუსტი ან ბუნდოვანი შეიძლება იყოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას შორის განსხვავება; მოდით, პირდაპირ ვიკითხოთ: რა საფუძველი არსებობს იმისა, რომ ხალხის ასეთი უხალისობა ვივარაუდოთ? ხალხის არაკეთილმოსურნეობაზე, მის უკმაყოფილებასა თუ ოპოზიციონერობაზე ლაპარაკი უადგილოა მანამ, ვიდრე იმასაც არ დავუშვებთ, რომ საკავშირო მთავრობა უფრო ცუდად ართმევს თავს მართვას, ვიდრე შტატის ხელისუფლება. ვფიქრობ, ერთი ასეთი ზოგადი კანონიც მოქმედებს: მთავრობისადმი ხალხის ერთგულება და მორჩილება მის მიერ განსახორციელებლი მართვის სიკარგისა თუ სიცუდის პირდაპირპროპორციულია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ კანონიდან გამონაკლისებიც არსებობს თუმცა ისინი იმდენად შემთხვევით საფუძვლებს ემყარებიან, რომ არც კი არიან სათვალავში ჩასაგდებნი, რაკი კონსტიტუციის შინაგან ღირსებასა თუ ნაკლთან ხელი არ აქვთ. მათზე მხოლოდ ზოგადი პრიციპებიდან და მაქსიმებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებდით.
ჩვენს წერილებში უამრავი საბუთი შემოგთავაზეთ იმაში დასარწმუნებლად, რომ საერთო მთავრობა მართვას უკეთ განახორციელებს, ვიდრე ცალკეული მთავრობები. მათი არსი კი ის არის, რომ არჩევნების არეალის გაფართოება არჩევნის გაკეთების უფრო დიდ შესაძლებლობას იძლევა, ანუ ხალხს შტატის საკანონმდებლო ორგანოს მეშვეობით უფრო ამორჩევის ფართო დიაპაზონს სთავაზობენ. რაც შეეხება შტატის საკანონმდებლო ორგანოს, ის ამორჩეული კაცების საკრებულოა, რომელიც ეროვნული სენატის წევრებსაც ნიშნავს ამიტომ იმედია, ხელისუფლების ამ შტოს განსაკუთრებული რუდუნებითა და კეთილგონიერებით დააკომპლექტებენ. ეროვნულ საბჭოებში კი თავს მოიყრის დიდი ცოდნა და უზარმაზარი ინფორმაცია; ეროვნული ხელისუფლების ორგანოებისთვის თითქმის უცხო იქნება ჯგუფურობის სული, მით უფრო - ცუდი განწყობილებები, წარმავალი ცრურწმენები და მიდრეკილებები, რომლებიც ხშირად აბინძურებენ ხოლმე უფრო მცირე საზოგადოებათა სათემო ორაგანოებს; ავიწროებენ საზოგადოებას და უსამართლობას ბადებენ მასში; ეფემერულ სწრაფვებსა თუ სურვილებზე აგებენ გეგმებს, რომლებსაც, მართალია, წუთიერი დაკმაყოფილება მოაქვთ, მაგრამ საბოლოოდ გულგატეხილობაში, დაუკმაყოფილებლობასა და ზიზღში ინთქმებიან. ბევრი სხვა საყურადღებო საბუთიც გაამყარებს ჩვენს მრწამსს თუკი უფრო კრიტიკულად შევისწავლით იმ შენობის შინაგან სტრუქტურას, რომლის ასაგებადაც აქ მოგვიწვიეს. ახლა კი ერთი შენიშვნით დავკმაყოფილდები: სანამ უტყუარი საბუთები არ იქნება წარმოდგენილი იმისა, რომ ფედერალური ხელისუფლება ხალხში სიძულვილსა თუ ზიზღს გამოიწვევსო, მანამ არც ეს ვარაუდი იქნება გამართლებული: ხალხი ობსტრუქციას მოუწყობს საკავშირო კანონებს; მას სხვა მეთოდების გამოყენება მოუწევს მათი ცხოვრებაში გატარების მიზნით; შტატების კანონებს კი ასეთი ბედი არ ელითო.
დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც დიდი სტიმულია ამბოხებისკენ მოწოდებითვის, პირდაპირპროპორციულია დასჯის შიშისა, ამბოხებაზე გულისაცრუებას რომ აძლევს ბიძგს; საკავშირო მთავრობა, რომელიც სათანადო უფლებამოსილებითაა აღჭურვილი და რომელსაც დასახმარებლად კოლექტიურ რესურსთა მოზიდვაც ძალუძს განა უფრო წარმატებით არ შეეცდება
ამბოხებისკენ
მოწოდების
ჩახშობას და მასზე
გულისაცრუების
წახალისებას, ვიდრე ცალკე შტატის ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარი სახსრების ამარაა? შფოთისთავმა დაჯგუფებამ შეიძლება თავის თავზე ისე დიდი წარმოდგენა შეიქმნას, რომ შტატის მთავრობის მეგობრებს მეტოქეობა შეჰკადროს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია იგი იმ ზომამდე გაქსუვდეს, რომ საკავშირო ხელისუფლების გაერთიანებული ძალისხმევის წინააღმდეგ გამოსვლა გაბედოს. თუ ეს მოსაზრება სწორია, მაშინ უნდა ითქვას, რომ ადამიანების უწესრიგო გროვა ნაკლებ ხიფათს უქმნის კონფედერაციის ხელისუფლებას, ვიდრე ცალკე შტატისას.
გავბედავ და ამასთან დაკავშირებით ერთ დაკვირვებას გაგიზიარებთ: ზოგიერთს შეიძლება ეგონოს, ეს ახალი დაკვირვებააო, მაგრამ ამის გამო იგი სხვებზე ნაკლებად სამართლიანი როდია. საქმე ეხება იმას, რომ ეროვნული ხელისუფლების მოქმედებები რაც უფრო მეტად არის შერეული მართვის ჩვეულებრივ პროცესში, მით უფრო ეჩვევიან მას ადამიანები თავიანთ პოლიტიკურ ყოველდღიურობაში; მით უფრი შინაური ხდება იგი მათი თვალისა და გრძნობისთვის; მით უფრო უკეთ ახერხებს ეროვნული მთავრობა იმ საგნებში შეღწევას, რომლებიც მათ ყველაზე მგრძნობიარე სიმებს ეხებიან და ადამიანური გულის ყველაზე აქტიურ ზამბარებს ამოძრავების სტიმულს აძლევენ; მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ იგი საზოგადოების პატივისცემასა და ერთგულებას მოინადირებს. ადამიანს დიდწილად ჩვეულებები აყალიბებენ. თუკი რამე მის გულს არ ატოკებს, ძნელად რომ მან მის გონებაზე იმოქმედოს.
ხელისუფლებამ, რომელიც არასოდეს ექცევა ადამიანის თვალსაწიერში, ძნელად რომ მის ინტერესებსა და გრძნობებში პოვოს გამოძახილი. აქედან კი ერთი დასკვნა გამომდინარეობს: საკავშირო ხელისუფლება და ხალხის სიყვარული მის მიმართ არათუ შესუსტდება, არამედ გაძლიერდება კიდეც, თუკი მისი უფლებამოსილება საშინაო პოლიტიკის საკითხებზეც გავრცელდება და თუ მისი მოქმედება ხალხისთვის მახლობელი და გასაგები იქნება, პროპორციულად მისი მხრიდან ძალის გამოყენების ალბათობაც შემცირდება. რაც უფრო ღრმად ჩაეშვება იგი იმ არხებსა და ნაკადებში, რომლებიც ადამიანურ ვნებათა ბუნებრივ მდინარებას ქმნიან, მით უფრო ნაკლებად დასჭირდება მას ძალმომრეობისა და იძულების სახიფათო საშუალებათა გამოყენება.
ყველა შემთხვევაში ერთი რამ ცხადი უნდა იყოს: მმართველობა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, ბევრად უფრო ნაკლებ იქნება მიდრეკილი ძალის გამოყენებისკენ, ვიდრე ის ლიგები, რომლებსაც მისი ოპონენტები იცავენ და რომელთა ავტორიტეტიც შტატებზე იმდენად ვრცელდება, რამდენადაც ეს უკანასკნელნი პოლიტიკურ თუ კრებით პირებად განიხილებიან. როგორც ვნახეთ, ამგვარ კონფედერაციაში კანონი არ იქნება გამაგრებული სხვა რამ სანქციით, თუ არა ძალით. კონფედერაციის წევრთა მიდრეკილება დანაშაულსკენ სწორედაც რომ არსებული სახელისუფლებო მოწყობის ბუნებრივი შედეგია. თუ ამგვარ გადაცდომებს გამოსწორება უწერიათ, მაშინ იგი მხოლოდ ომითა და ძალადობითაა შესაძლებელი.
კონვენტის მიერ შემოთავაზებული გეგმა, რომელიც რამდენიმე შტატში ფედერალური ხელისუფლების ინდივიდუალურ მოქალაქეებზე გავრცელებას ითვალისწინებს, ცენტრალურ მთავრობას იმის შეასაძლებლობას მისცემს, რომ მან თითოეული მათგანის ჩვეულებრივი თანამდებობის პირები გამოიყენოს საკუთარი კანონების განსახორციელებლად.
ძნელი არ არის იმის დანახვა, რომ იმსხვრევა ძველი წარმოდგენები ადგილობრივ და ფედერალურ ხელისუფლებათა წყაროებს შორის განსხვავების თაობაზე. ფედერალურ მთავრობას იგივე უპირატესობა ეძლევა მისი ძალაუფლებისათვის მორჩილების უზრუნველყოფისა, რითაც შტატის მთავრობა სარგებლობს. გარდა ამისა, მას ექნება საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების საშუალება და ძალა იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში საზოგადოებას დაახმაროს და შეაწიოს მთელი კავშირის რესურსები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის, რომ კონფედერაციის კანონები, რომლებიც მისი იურისდიქციის
ჩამოთვლილსა
და
ლეგიტიმურ
საკითხებს ეხებიან, ქვეყნის
უზენაესი
კანონი ხდება. ყოველ შტატში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ყველა მოხელე მისადამი ერთგულების წმინდა ფიცით არიან შეკრულნი. ისე რომ, წევრი შტატების საკანონმდებლო ორგანოები, სასამართლოები და მაგისტრატები ჩართულნი არიან ეროვნული მთავრობის მუშაობაში,
მათი
სამართლიანი
და
კონსტიტუციური
კომპეტენციის
ფარგლებში
და დახმარებას უწევს მას ფედერალური კანონების განხორციელებაში. [1] ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ მდგომარეობას ჩაუკვირდება, მიხვდება, თუ რაოდენ მტკიცე იმედი შეგვიძლია ვიქონიოთ იმისა, რომ საკავშირო კანონები რეგულარულად და მშვიდობიანად შესრულდება, თუკი ყველა კეთილგონიერებით იხელმძღვანელებს, იმოქმედებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. თუ მაინცადამაინც ამის საპირისპიროს დავიჩემებთ, მაშინ რა დასკვნასაც გვინდა იმ დასკვნას გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ საუკეთესო მთავრობამ–რომელიც კი ყოფილა ან აწი იქნება, ძალაუფლება არაგონივრულად გამოიყენოს და ხალხს ველური ექცესებისკენ უბიძგოს. შემოთავაზებული კონსტიტუციის მოწინააღმდეგენი წინასწარ იტყვიან: ეროვნულ მმართველების გრძნობას ვერც საზოგადო სიკეთის მოტივები შეატოკებენ და ვერც მოვალეობის დაკისრებული ვალდებულებანიო; მე მაინც მინდა მათ ვკითხო: მაშინ ამპარტავნების ინტერესებსა და ძალაუფლების მიტაცებისადმი სწრაფვას როგორღა მისცემს ბიძგს ამგვარი საქციელი?
პუბლიუსი