ფედერალისტი # 23 : ჰამილტონი
1787 წ. 18 დეკემბერი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

გადავდივართ კონსტიტუციის აუცილებლობის საკითხზე, რომელიც, სულ ცოტა, ისე ქმედითი მაინც იქნება, როგორიც შემოთავაზებული კონსტიტუციაა, რათა მან კავშირის შენარჩუნება შეძლოს.
ჩვენი მოსაზრებანი ბუნებრივად იყრიან თავს სამი თემის გარშემო:  მიზნები, რომლებიც ფედერალური მთავრობის წინაშე დგანან; ძალაუფლების ის მოცულობა, რომელიც აუცილებელია ამ მიზანთა მისაღწევად; პიროვნებები, რომლებზეც იგი გავრცელდება. ძალაუფლების განაწილებასა და ორგანიზაციას კი, რომლებიც სათანადო ყურადღებას იმსახურებენ, ცალკე სტატიაში განვიხილავთ.
კავშირის მთავარი მიზნები შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: მისი წევრების საერთო თავდაცვის ორგანიზება; სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნება, რომელიც შეიძლება შინა მღელვარებებმაც დაარღვიონ და ქვეყნის გარედან თავდასხმებმაც; აღებმიცემობის მოწესრიგება როგორც უცხო ქვეყნებთან, ისე შტატებს შორის; საზღვარგარეთის ქვეყნებთან ჩვენი როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო ურთიერთობების გამგებლობა.
თავდაცვის ერთიანი სისტემის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია შემდეგი უფლებამოსილებანი: ჯარის შექმნა; ფლოტის მშენებლობა და მისი აღჭურვა; წესების შემოღება როგორც არმიისთვის, ისე ფლოტისთვის; მათი მოქმედებების ხელმძღვანელობა; მათი უზრუნველყოფა სახსრებით. ეს უფლებამოსილებანი არაფრით არ უნდა იყვნენ შეზღუდულნი, რამეთუ: შეუძლებელია წინასწარ განჭვრიტო , თუ რა ხარისხის და რამდენად მრავალფეროვან მოთხოვნებს წამოგვიყენებს ეროვნული თავდაცვა ; ასევე შეუძლებელია წინასწარ გამოიცნო ის , თუ რა ხარისხის და რამდენად მრავალფეროვანი საშუალებები იქნება საჭირო საპასუხო ღონისძიებათა გასატარებლად . საფრთხეებს, რომელთა წინაშე ქვეყნები დგას თვლა არ აქვს. ამიტომ არ იქნებოდა გონივრული, კონსტიტუციური შეზღუდვები დაგვეწესებინა იმ ძალაუფლებისათვის, რომელიც სწორედ იმისთვის არის მოწოდებული, რომ ამ საფრთხეთა გაუვნებელყოფობაზე იზრუნოს. ეს ძალაუფლება მზად უნდა იყოს სახიფათო გარემოებათა ნებისმიერი კომბინაციისთვის და იმავე საბჭოებს უნდა ემორჩილებოდეს, რომლებიც სწორედ  ერთობლივი თავდაცვის ხელმძღვანელობის მიზნით დაინიშნენ.
საქმე იმ ჭეშმარიტებათაგან ერთ-ერთს ეხება, რომელიც თავისთავად ცხადია ყველასთვის, ვინც კი გულწრფელია და თავი ცრურწმენებისთვისაც დაუღწევია; მსჯელობები და მოსაზრებები ვერაფერს შემატებენ მის სინათლეს, პირიქით, – გააბუნდოვანებენ მას. ის ეფუძნება მარტივსა და უნივერსალურ აქსიომებს _ საშუალებები მიზანს უნდა შეესაბამებოდესო. იმ ადამიანების ხელში, რომელთა ძალისხმევითაც მიზნის მიღწევა გვეიმედება, – ამ მიზნის მიღწევისთვის აუცილებელ საშუალებებს უნდა ფლობდნენ.
თავიდან უპრიანია, ღია დისკუსიების საგნად იქცეს საკითხი იმის შესახებ, უნდა მივანდოთ თუ არა ფედერალურ მთავრობას ერთობლივ თავდაცვაზე ზრუნვა, მაგრამ იმ მომენტიდან, როცა მასზე დადებითი პასუხი იქნება გაცემული, ცხადი შეიქნება, რომ ფედერალური ხელისუფლება უნდა აღიჭურვოს ყველა ძალაუფლებით, რომელიც აუცილებელია მისდამი რწმუნებული საკითხების გადასაწყვეტად. ვიდრე არ იქნება დასაბუთებული ის, რომ შესაძლებელია იმ გარემოებათა ვიწრო ფარგლებით შემოზღუდვა, რომლებიც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ემუქრებიან; ვიდრე სამართლიანი და გონივრული საბუთებით საპირისპიროს დამტკიცება არ მომხდარა, მანამ აუცილებელია ერთადერთი დასკვნა გამოვიტანოთ; საქმე ეხება იმას, რომ არ შეიძლება მისი მოქმედების რომელიმე სფეროში რამენაირად შევზღუდოთ ის ძალაუფლება, რომელსაც საზოგადოების დაცვა და მფარველობა აბარია. ლაპარაკია ისეთ სასიცოცხლო საკითხზე, როგორიცაა ეროვნული შეიარაღებული ძალების ფორმირება ხელმძღვანელობა თუ სახსრებით უზრუნველყოფა .
რაგინდ მანკიერი იყოს არსებული კონფედერაცია, მის შემქმნელებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული ზემოხსენებული პრინციპი, თუმცა მათ ვერ უზრუნველყვეს მისი სათანადო თუ გამართული მუშაობა. კონგრესს განუსაზღვრელი უფლება აქვს მინიჭებული ადამიანთა გამოთხოვნისა და ფულის რეკვიზიციის საქმეში; იგი მართავს ჯარსა და ფლოტს; ხელმძღვანელობს მათ მოქმედებებს. შტატები კონსტიტუციურად იყვნენ ანგარიშვალდებულნი მის წინაშე და საზეიმოდ იძლეოდნენ დაპირებებს იმის შესახებ, გაიღებდნენ ყველაფერს, რასაც მათგან ითხოვდნენ. როგორც ჩანს, ამაში ის იგულისხმებოდა, რომ შეერთებული შტატების განკარგულებაში უნდა იყოს ყველა აუცილებელი საშუალება “ერთობლივი თავდაცვისა და საერთო კეთილდღეობის” უზრუნველსაყოფად. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ჭეშმარიტად ეროვნული ინტერესების გაცნობიერება და კეთილი ნების კარნახი საკმარისი საწინდარი იქნებოდა იმისა, რომ კონფედერაციის წევრები პირნათლად მოიხდიდნენ ვალს ფედერალური ხელისუფლების წინაშე.
მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა, თუ რაოდენ უსაფუძვლონი და მოჩვენებითნი ყოფილან ამგვარი იმედები. წინა წერილში გადმოცემული დაკვირვებანი კი, ვგონებ, საკმარისი უნდა იყოს, რათა ყველა მიუკერძოებელი და გამჭრიახი ადამიანი დარწმუნდეს ერთ რამეში: აუცილებელია, ძირეულად შეიცვალოს ის პრინციპები, რომლებიც სისტემას საფუძვლად უდევს. თუ ჩვენ სისხლხორცეულად ვართ დაინტერესებულნი იმით, რომ კავშირი გამძლე და სიცოცხლისუნარიანი იყოს, მაშინ დავიწყების უფსკრულში უნდა გადავუძახოთ პროექტს, რომელიც შტატებისთვის, როგორც კრებითი პირებისთვის, საკანონმდებლო უფლებამოსილებათა  გადაცემას ითვალისწინებს; აუცილებელია, ფედერალური მთავრობის კანონები ამერიკის ინდივიდუალურ მოქალაქეებზე გავავრცელოთ; უარი უნდა ვთქვათ შტატებისათვის კვოტების დაწესებისა და მათგან სახსრების გამოთხოვის მანკიერ პრინციპზე, რამეთუ იგი უსამართლოცაა და განუხორციელებელიც. აქედან გამომდინარე, ჯარის ფორმირების,  ფლოტის მშენებლობისა და მისი აღჭურვის და სახელმწიფო შემოსავალთა მოკრების სრული უფლებამოსილება კავშირს უნდა გადეცეს.  საქმე კი ეხება იმ შემოსავლებს, რომელთა აკრეფა ყველა ქვეყანაშია მიღებული.
ვინაიდან ჩვენი ქვეყნის  გარემოებანი არა მარტივი და ერთიანი, არამედ შედგენილი და კონფედერაციული მმართველობის შემოღებას მოითხოვენ, ამიტომ ჩვენ წინაშე იქნება ერთი მთავარი საკითხი, რაც უნდა მოვაგვაროთ. საქმე ეხება იმას, რომ რაც შეიძლება მკვეთრად გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ამოცანები იმისდა მიხედვით, თუ ხელისუფლების რომელი დარგისა თუ განყოფილების კომპეტენცია იქნება მათი გადაწყვეტა; ამასთანავე, თითოეულ მათგანს უნდა მივანიჭოთ რაც შეიძლება მეტი უფლებამოსილება მათ რწმუნებაში არსებული ამოცანების შესასრულებლად. განა კავშირს საერთო უსაფრთხოების დაცვა არ ევალება? არმია, ფლოტი და სახელმწფო შემოსავლები განა აუცილებელი არ არის ამ მიზნის მისაღწევად? საკავშირო ხელისუფლებას უფლება უნდა ჰქონდეს, რომ გამოსცეს ყოველგვარი კანონები და დაადგინოს მათთან დაკავშირებული ყოველნაირი წესები. იგივე უნდა გაკეთდეს ვაჭრობასთან და ყველა იმ დარგთან მიმართებაში, რომელზეც ნებადართული იქნება მისი იურისდიქციის გავრცელება. განა ადგილობრივ ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ თავის შტატში თავისი მოქალაქეების მიმართ  მართლმსაჯულება აღასრულოს ? განახორციელოს? ადგილობრივ ხელისუფლებას ამ ამოცანის შესრულების სრული უფლებაც უნდა ჰქონდეს და ყველა დანარჩენისაც, რომელიც კი მას გამგებლობასა და ხელმძღვანელობაში გადაეცა. თუკი ხელისუფლების თითოეულ დანაყოფს მათთვის მინდობილ ამოცანათა გადასაწყვეტად შესაბამის ძალაუფლებას არ გადავცემდით, კეთილგონიერებისა და მართებულობის ყველა წესს დავარღვევდით, რამეთუ არაფერია იმაზე დიდი წინდაუხედაობა, ვიდრე ის, რომ ეროვნული ინტერესების დაცვა მივანდოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც წინდაწინ მოვუსპეთ  მათი ქმედითად და წარმატებით შესრულების შესაძლებლობა.
განა სხვას ვის შეეძლება სათანადოდ უზრუნველყოს საზოგადოებრივი თავდაცვა, თუ არა იმ ორგანოს, რომლისთვისაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა მიგვინდვია? რაკი მასთან თავს იყრის ყოველგვარი ინფორმაცია, განა ყველაზე უკეთ მას არ ეცოდინება, თუ რამდენად მასშტაბური საფრთხე გვემუქრება? როგორც მთელის წარმომადგენელი, იგი განა სხვებზე სიღრმისეულად არ იქნება დაინტერესებული თითოეული ნაწილის დაცულობით?  იმ  პასუხისმგებლობის წყალობით, მასზე დაკისრებული მოვალეობებიდან რომ გამოსჭვივის, განა ყველაზე უფრო მას არ უნდა ჰქონდეს გასიგრძეგანებული, თუ რაოდენ აუცილებელია მართებულად მოქმედება? და ვინაიდან მისი ძალაუფლება ყველა შტატზე ვრცელდება, განა ის არ არის ერთადერთი ორგანო, თავდაცვის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ყველა  გეგმისა და ღონისძიების მოწესრიგება და შეთანხმება რომ ძალუძს? განა აშკარად არათანამიმდევრული არ არის ის, რომ ფედერალურ მთავრობას ერთობლივი თავდაცვის უზრუნველყოფას ვაკისრებდეთ, საამისოდ აუცილებელ ყველა ქმედით  უფლებამოსილებას კი ადგილობრივ მთავრობათა ხელში ვტოვებდეთ?  განა თანამშრომლობის შეუძლებლობა არ არის ამგვარი სისტემის უცილობელი შედეგი? და განა რა იქნება მისი მუდმივი თანამდევი, თუ არა უძლურება, უწესრიგობა, ტვირთისა და ომებით მოყენებულ უკეთურებათა არასამართლიანი გადანაწილება, გადასახადების მეტისმეტი  და აუტანელი ზრდა? განა ყოველივე ამის შედეგები ჩვენს თავზე არ ვიწვნიეთ იმ რევოლუციის დროს, რომელიც ეს-ესაა გადავიტანეთ?
ჭეშმარიტების მიუკერძოებელი ძიებისას, რა კუთხითაც უნდა განვიხილავდეთ ჩვენს თემას, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვრწმუნდებით, თუ რაოდენ არაგონივრული და სახიფათო იქნება, თუკი ფედერალურ მთავრობას შეუზღუდავ ძალაუფლებას არ მივანიჭებთ მისთვის დაკისრებულ ამოცანათა შესრულების საქმეში. რა თქმა უნდა,  ხალხმა  ყურადღება არ უნდა მოადუნოს და მუდამ ფხიზლად უნდა ადევნებდეს თვალს იმას, თუ როგორ ხდება ამგვარი ხელისუფლების მოწყობა; რამეთუ იგი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ ხელისუფლებისთვის შეუზღუდავი უფლებამოსილების გადაცემა საფრთხეს არ შეუქმნის მის უსაფრთხოებას. ნებისმიერი პროექტი, რომელსაც ამჟამად Gგვთავაზობენ, ანდა შესაძლოა, სამომავლოდ შემოგვთავაზონ, უნდა უკუვაგდოთ, თუკი იგი ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. მმართველობა, რომელსაც თავისი მოწყობა, უვარგისად ხდის იმ უფლებამოსილებების განხორციელების თვალსაზრისით,  რომლებსაც ჯერ არს, თავისუფალი ხალხი  ნებისმიერ ხელისუფლებას გადასცემდეს , ვერც საიმედოდ და ვერც ღირსეულად დაიცავს იმას, რასაც საერთო ეროვნული ინტერესები ქვია. მაგრამ თუ მმართველობა იმსახურებს ნდობას იმისას, რომ ამ ინტერესთა დაცვა გადაეცეს, მაშინ მას შესაბამისი უფლებამოსილებანიც უყოყმანოდ უნდა მიენიჭოს. ასეთია ამ საკითხის თაობაზე ყველა სწორი მოსაზრების ჭეშმარიტი შედეგი. რაც შეეხება კონვენტის მიერ შემოთავაზებული პროექტის მოწინააღმდგეებს, უპრიანი იქნებოდა ისინი იმ ნაკლოვანებებზე მითითებით დაკმაყოფილებულიყვნენ, რის გამოც აღნიშნული პროექტი ხალხის ნდობას არ იმსახურებს. არ იყო საჭირო ასეთი აღგზნებული სიტყვები და ამდენი შარის მოდება უფლებამოსილებათა მოცულობასთან დაკავშირებით. ამგვარი უფლებამოსილებანი სულაც არ არის მეტისმეტი იმ ამოცანათა მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელთა გადაწყვეტა ფედერალურ მთავრობას აბარია; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი ზედგამოჭრილია იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ეროვნული ინტერესების დაცვა ჰქვია. შეუძლებელია, საპირისპიროს დასამტკიცებლად რაიმე წონადი საბუთი მოიძებნოს. თუ მართალია ის, რასაც საპირისპირო ბანაკის ზოგიერთი მწერალი ჩაგვაგონებს და სიძნელე მართლაც საკითხის არსიდან მომდინარეობს; თუ მართალია ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოცულობა არ იძლევა ისეთი ხელისუფლების ჩამოყალიბების საშუალებას, რომელსაც უხიფათოდ მივანდობდით ეგოდენ ფართო უფლებამოსილებებს, მაშინ ჩვენი გაქანება უნდა მოგვეთოკა და რამდენიმე კონფედერაციის შექმნით დავკმაყოფილებულიყავით, რომლებსაც უფრო დასამხარი მოცულობები ექნებოდათ. რამეთუ არ არსებობს უფრო დიდი სისულელე, ვიდრე ის, რომ ხელისუფლებას უარსებითესი საერთო – ეროვნული ინტერესების ხელმძღვანელობას ვანდობდეთ და იმავდროულად მისთვის იმ უფლებამოსილებათა გადაცემას ვერ ვბედავდეთ, მათი მართებული და ქმედითი მართვისთვის რომაა აუცილებელი. მოდით, ნუ გამოვუდგებით ამ წინააღმდეგობათა მორიგებას, არამედ მტკიცედ ავირჩიოთ გონივრული ალტერნატივა.
მე მაინც მჯერა, ვერავინ შეძლებს იმის დასაბუთებას, რომ საერთო სისტემის განხორცილება შეუძლებელია. თუკი ღრმად არ ვცდები, დღემდე არავის წარმოუდგენია ამგვარი შესაძლებლობის გამაბათილებლი რამდენადმე მაინც საყურადღებო საბუთი. და მე სიამოვნებას მგვრის შეგნება იმისა, რომ წარმოდგენილ წერილებში გამოთქმული მოსაზრებებით იმდენად ნათლად დავასაბუთეთ საპირისპირო პოზიციის მართებულება, რამდენადაც ეს შესაძლებელია იმ მოვლენებზე მსჯელობისას, რომლებიც ჯერ ისევ დროის საშოში იმყოფებიან. როგორც უნდა იყოს, ერთი რამ უდავოა: შესიტყვება, რომელიც ქვეყნის მოცულობას იმიზეზებს, ყველაზე დამაჯერებელი საბუთია სწორედაც რომ ძლიერი ხელისუფლების სასარგებლოდ, რამეთუ ვერც ერთი სხვა მთავრობა ვერ შეძლებს ეგოდენ ვრცელი იმპერიის  შენარჩუნებას. თუ შემოთავაზებული კონსტიტუციის მოწინააღმდეგეთა მოსაზრებებს გავიზიარებდით და უარს ვიტყოდით ჩვენს პოლიტიკურ მრწამსზე, მაშინ იმ მოაზროვნეთა ბნელი დოქტრინების სისწორეს დავასაბუთებდით, რომლებიც ისეთი საერთო – ეროვნული სისტემის განუხორციელებლობას წინასწარმეტყველებენ, ამჟამინდელი კონფედერაციის მთელ ტერიტორიაზე რომ გავრცელდებოდა.
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group