ფედერალისტი
#5 : ჯეი

1787 წ. 10 ნოემბერი
ნიუ-იორკის შტატის ხალხს

წერილში, რომელიც დედოფალმა ანამ 1706 წლის 1 ივლისს შოტლანდიის პარლამენტს მისწერა, იგი ჩვენთვის საყურადღებო რამდენიმე მოსაზრებას გამოთქვამს იმ კავშირის თაობაზე, რომელიც ინგლისსა და შოტლანდიას შორის იმ დროს ის-ის იყო ყალიბდებოდა. მინდა, საზოგადოებას ამ წერილიდან ერთი-ორი ამონარიდი შევთავაზო: “ერთიანი და დასრულებული კავშირი მტკიცე მშვიდობის ურყევი საფუძველი იქნებოდა; იგი ჩვენი რელიგიის, თავისუფლებისა და საკუთრების ხელშეუხებლობას უზრუნველყოფდა, ბოლოს მოუღებდა თქვენ შორის მტრობას; ჩვენს სამეფოებს შორის შუღლსა და უთანხმოებას აღმოფხვრიდა. იგი გააასკეცებდა თქვენს ძლევამოსილებას და სიმდიდრეს, გააფართოებდა ვაჭრობას. ასეთი კავშირის პირობებში მთელს ჩვენს კუნძულს სიყვარული შეკრავდა და თავს დააღწევდა შიშს, რომელსაც ურთიერთდაპირისპირებული ინტერესები წარმოშობენ; იგი შეძლებდა , ყველა მტერს გამკლავებოდა .” “ჩვენ ყოველთვის უსაზღვრო სერიოზულობით გირჩევდით მოთმინება და ერთსულოვნება გამოგვეჩინა ამ დიადსა და ძალზე მნიშვნელოვან საქმეში; რაც შესაძლებლობას მოგვცემდა, კეთილად დაგვეგვირგვინებინა იგი; რამეთუ კავშირი ერთადერთი ქმედითი საშუალებაა ჩვენი აწმყო და მომავალი ბედნიერების უზრუნველყოფისა, თქვენი და ჩვენი მტრების გეგმების ჩაფუშვისა, რომლებიც, უეჭველია, ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა იგი დააბრკოლონ ან ჩაშალონ”.
წინა წერილში აღვნიშნავდით, რომ თუკი შინ დავსუსტდებით და დავნაწევრდებით, თავს დაგვატყდება საგარეო საფრთხეები და ვერაფერი მათგან უფრო ვერ დაგვიფარავს, როგორც ურთიერთშორის კავშირი,  შინა სიმტკიცე და ვარგებული მმართველობა. ეს საკითხი ძალზე ფართოა და იოლად მას ვერ ამოვწურავთ.
რაკი, საზოგადოდ, კარგად ვიცნობთ დიდი ბრიტანეთის ისტორიას, შეგვიძლია, მისგან ბევრი სასარგებლო რამ ვისწავლოთ. შეგვიძლია, ვიხეიროთ ბრიტანელთა გამოცდილებით იმ საზღაურის გაუღებლად, რადაც მათ ეს გამოცდილება დაუჯდათ. მიუხედავად საღი აზრისა, რომლისთვისაც ცხადია, რომ ასეთი კუნძულის ხალხი განუყოფელი ერი უნდა იყოს, ეს სამი ხალხი თითქმის გაუთავებელ შეხლა-შემოხლასა და ერთმანეთის წინააღმდეგ ომში არიან გახვეულნი. თუმც კი ბრიტანელი ხალხები ერთი საერთო ინტერესით იყვნენ განმსჭვალულნი კონტინენტურ სახელმწიფოთა მიმართ, ისინი თავიანთი მხრივ ათასგვარ ინტრიგებს ხლართავდნენ და ათასნაირ ხელოვნებას იშველიებდნენ, რომ ბრიტანეთის ხალხებს შორის აგზნებული ყოფილიყო გაუთავებელი ურთიერთშუღლი, რომ ეს ხალხები ერთმანეთს მხარში არ ამოსდგომოდნენ და ურთიერთსარგებლობაზე არ ეზრუნათ, არამედ ურთიერთვნება და ურთიერთტანჯვა დაეთესათ.
თუკი ამერიკა სამ ან ოთხ ერად დანაწევრდება განა, მათაც იგივე არ მოუვათ? განა იგივე ურთიერღვარძლი არ იჩენს თავს და განა ამ ღვარძლსაც იმავენაირად არ დაუწყებენ ლოლიავს? ნაცვლად იმისა, რომ “სიყვარულით შეერთდნენ” და “თავი დააღწიონ ურთიერთდაპირისპირებული ინტერესების შიშს”, უმალვე შური და ღვარძლი აღმოფხვრის მათ შორის ნდობასა და სიყვარულს, თითოეული კონფედერაციის კერძო ინტერესი შთანთქავს მთლიანი ამერიკის საერთო ინტერესს. კერძო ინტერესი იქნება მათი პოლიტიკისა და მისწრაფების ერთადერთი საგანი და მსგავსად მოსაზღვრე სახელმწიფოთა უმრავლესობისა, ამერიკული კონფედერაციებიც გაუთავებელ შეხლა-შემოხლასა და ომში, ანდა განუწყვეტელ შიშში იქნებიან გახვეულნი.
სამი თუ ოთხი ამერიკული კონფედერაციის ჩამოყალიბების ყველაზე მგზნებარე ქომაგებიც შეუძლებელია სერიოზულად ფიქრობდნენ, რომ კონფედერაციები დიდხანს შეინარჩუნებენ თანაბარ ძალას, თუნდაც თავდაპირველად ეს მოხერხდეს. რომც  დავუშვათ  ასეთი  ტოლძალიანობის  შესაძლებლობა, რომელი ადამიანური მექანიზმი შეძლებს მის გამრავალჟამიერებას, გარდა იმ ადგილობრივი გარემოებებისა, რომლებიც ხელს უწყობს ძალის წარმოშობასა და გაასკეცებას ქვეყნის ერთ მხარეში, ხოლო მეორეში ხელს უშლის მის განვითარებას? აუცილებელია, მოვიხსენიოთ იმ დახვეწილი პოლიტიკისა და ვარგებული მართვის შედეგები, რომლებიც ერთ მთავრობას მეორისგან გამოარჩევს და არღვევს ძალისა და წინდახედულების მხრივ მათ შედარებით თანაბრობას. ამიტომაც ვერავინ მისცემს თავს იმის მტკიცების უფლებას, რომ კონფედერაციები მრავალი წლის განმავლობაში  შეინარჩუნებენ ერთგვაროვნებას და ერთსა და იმავე დონეს ჯანსაღი, კეთილგონიერი და წინდახედული პოლიტიკის წარმოებაში.
არავინ იცის, როდის და რა მიზეზით, მაგრამ შეიძლება მოხდეს და მოხდება კიდეც ის, რომ ამ სახელმწიფოთა თუ კონფედერაციათაგან ერთ-ერთი სწრაფად გასცდება საერთო დონეს და პოლიტიკური მნიშვნელოვნების მხრივ უკან ჩამოიტოვებს თავის მეზობლებს. ესენი შურითა და შიშით დაუწყებენ მას ყურებას. შურისა და შიშის გამო მეზობლები თუკი ხელს არ შეუწყობენ, თანაგრძნობით მაინც მოეკიდებიან ყველაფერს, რაც დაწინაურებული თანამოძმის მნიშვნელოვნებას დამცრობას უქადის. ამავე გრძნობათა გამო ისინი თავს შეიკავებენ იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც იმავე ქვეყნის დაწინაურებასა თუ მისი აყვავების უზრუნველყოფაზე იყო გათვლილი. ბევრი დრო არ დასჭირდება იმ ქვეყანას საიმისოდ, რომ გამოიცნოს მეზობლების ვერაგული ჩანაფიქრები. იგი მყისვე არათუ ნდობას დაკარგავს მეზობლებისადმი, არამედ იმავე არაკეთილმოსურნეობით განეწყობა მათდამი. უნდობლობა უნდობლობასვე ბადებს. ხოლო კეთილ ნებასა და კარგ საქციელს ვერაფერი ცვლის ისე სწრაფად, როგორც აშკარად გამოხატული თუ შეფარული ღვარძლით სავსე შური და უღირსი შეურაცხყოფა.
ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი ძლიერი რეგიონია და მრავალი ადგილობრივი გარემოებაც შეუწყობს ხელს იმას, რომ ნავარაუდევ კონფედერაციათაგან ყველაზე ჩრდილოური არც თუ შორეულ მომავალში სხვებზე უფრო ძლევამოსილი შეიქმნას. მაგრამ არც თუ ისე სწრაფად გახდება საცნაური ის, რომ  ჩრდილოურ სკას ამერიკის ყველაზე სამხრეთული მხარეები იმავე აზრებსა და გრძნობებს აუშლიან, რაც თავის დროზე ევროპის სამხრეთმა აუშალა კონტინენტურ ჩრდილოეთს. როგორც ჩანს, სწრაფად ვერც იმას მივხვდებით, რომ ჩრდილოური ამერიკული ფუტკრის ნორჩ ნაყარს ხშირად დარევს ხელს ცდუნება იმისა, რომ თაფლის მოსაგროვებლად თავიანთი მდიდარი და ტურფა მეზობლების აყვავებულ ველებს შეესიონ და მათი ლბილი ჰაერი ისუნთქონ.
ვინც კარგად იცის მსგავსი დანაწევრებებისა და კონფედერაციების ისტორია, ისიც კარგად აქვს გასიგრძეგანებული, რომ ქვეყნებს, რომლებზეც ვმსჯელობთ, მხოლოდ და მხოლოდ იმდენად შეიძლება ეწოდოთ მეზობლები, რამდენადაც ერთმანეთთან საერთო საზღვარი ექნებათ. მათ არც ეყვარებათ ერთმანეთი და არც ნდობით იქნებიან ერთმანეთის მიმართ, არამედ პირიქით, მათ უთანხმოება, შუღლი და ურთიერთცილისწამება მოუღებს ბოლოს. ერთი სიტყვით, ეს ქვეყნები ზუსტად იმ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, როგორშიც ზოგიერთ სახელმწიფოს ჩვენი ხილვა ეოცნებება. კერძოდ, ეს არის მდგომარეობა, როცა საშიშროებას მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთს შევუქმნით.
ამგვარი გააზრებანი ნათლად გვიჩვენებს, რომ დიდად ცდებიან ის ბატონები, რომლებიც ფიქრობენ, თითქოსდა ნავარაუდევი კონფედერაციებისაგან შესაძლებელი იყოს შეტევითი თუ თავდაცვითი ალიანსების შეკვრა; თითქოსდა მათ თან ახლდეს შესაძლებლობა იმისა, რომ მოვახდინოთ ნებათა, სამხედრო ძალებისა და რესურსების კომბინირება და შეერთება,  რაც აუცილებელი იქნებოდა იმისათვის, რომ ისინი მრისხანე მომხდურის წინააღმდეგ ძალად ქცეულიყვნენ.
როდის ყოფილა, რომ ისეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, რომლებადაც თავის დროზე დაიყო ბრიტანეთი და ესპანეთი, ალიანსი შეეკრათ, ანდა საერთო გარეშე მტრის წინააღმდეგ ძალები გაეეერთიანებინათ? ნავარაუდევი კონფედერაციებიც სხვადასხვა სახელმწიფოები იქნება, თითოეულ მათგანს უცხო ქვეყნებთან ვაჭრობის მოსაწესრიგებლად აუცილებლად დასჭირდება უცხო ქვეყნებთან განსხვავებული ხელშეკრულებების დადება და რაკი ისინი სხვადასხვა პროდუქტებსა და საქონელს აწარმოებენ, სხვადასხვა ბაზარზე რომ არის მორგებული, ამგვარი ხელშეკრულებანიც არსებითად სხვადასხვა ხასიათის იქნება.  აღებმიცემობაზე განსხვავებული საზრუნავი განსხვავებულ ინტერესებს წარმოშობს. ბუნებრივია, ეს ხელშეკრულებები ერთმანეთისგან პოლიტიკური ერთგულების ხარისხითაც განსხვავდებიან და უცხო ქვეყნებთან ერთმანეთისაგან განსხვავებული დამოკიდებულებითაც. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ის უცხო ქვეყანა, რომელსაც, შესაძლოა, სამხრეთული კონფედერაცია ეომებოდეს, იგივე სახელმწიფო აღმოჩნდეს, რომელთან მშვიდობისა და მეგობრობის შენარჩუნება ყველაზე სასურველია ჩრდილოური კონფედერაციისათვის. ამიტომაც იოლი არ არის ისეთი ალიანსის შეკვრა, რომელიც მიუღებელია მათი უშუალო ინტერესისთვის. ასეთი ალიანსი რომც შეიკრას, ძნელი იქნება მისი შენარჩუნება. ასევე ძნელი წარმოსადგენია, იგი ურთიერთნდობას ემყარებოდეს და სრულად სრულდებოდეს.
უფრო მეტიც, ძალიან ადვილი შესაძლებელია, რომ ამერიკაში, ისე როგორც ევროპაში, ურთიერთდაპირისპირებული ინტერესებითა და ერთმანეთისადმი არაკეთილმოსურნე გრძნობებით განმსჭვალული მეზობელი სახელმწიფოები ხშირად აღმოჩნდნენ სხვადასხვა სამხედრო ბანაკში. თუ მხედველობაში მივიღებთ ევროპისგან ჩვენს დაშორებას, მაშინ უფრო ბუნებრივია, რომ ამ კონფედერაციებისათვის საფრთხე არათუ შორეული ქვეყნებიდან, არამედ ერთმანეთისაგან მომდინარეობდეს. ამიტომაც მათთვის ბევრად უფრო სასურველი იქნება ერთმანეთისაგან უცხო ალიანსებით დაიცვან თავი, ვიდრე ერთმანეთს შორის შეკრული ზავით წინ აღუდგნენ გარეშე საფრთხეს. აქვე არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ბევრად უფრო ადვილია უცხო ფლოტები შემოუშვა მშობლიურ ნავსადგურში და სამშობლოში უცხო ჯარები შემოიყვანო, ვიდრე ის, რომ დაარწმუნო ან აიძულო იგი, დატოვოს ქვეყნის ტერიტორია. გავიხსენოთ, თუ რამდენი ქვეყანა დაუპყრიათ რომაელებსა და სხვებს სამოკავშირეო ხელშეკრულებათა დადების გზით და მათი საბაბით რამდენი რამ მოუხვევიათ თავს იმ მთავრობებისთვის, რომლებსაც თითქოსდა მფარველობას უწევდნენ.
დაე, პატიოსანმა ადამიანებმა განსაჯონ, საიმედოდ ვიქნებით თუ არა დაცულნი უცხო სახელმწიფოთა მხრივ მტრობისა და უმართებულო ჩარევისაგან, თუკი ამერიკა რამდენიმე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დანაწევრდება.
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group