ფედერალისტი
# 14 : მედისონი

1787წ. 30 ნოემბერი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს
კავშირი ჩვენი ბასტიონია იმ საფრთხეთა წინააღმდეგ, ქვეყნის გარედან რომ გვემუქრება; იგია საწინდარი იმისა, რომ ერთმანეთს შორის მშვიდობითა და თანხმობით ვცხოვრობდეთ; იგი მფარველობას გაუწევს ჩვენს აღებმიცემობასა და სხვა საერთო ინტერესებს; იგი ერთადერთი ალტერნატივაა იმ სამხედრო უწყებებისა, რომლებსაც ნაცარტუტად უქცევიათ ძველი სამყაროს თავისუფლებანი; იგი ნამდვილი სამკურნალო საშუალებაა იმ სენის წინააღმდეგ, რომელსაც პარტიული გაუტანლობა ჰქვია; სენისა, რომელსაც უამრავი სახალხო ხელისუფლება პირისაგან მიწისა აღუგვია და რომლის საგანგაშო ნიშნებს, საუბედუროდ, ჩვენშიაც უჩენია თავი. გამოკვლევის ამ ნაწილში ჩვენ ისღა დაგვრჩენია, პასუხი გავცეთ შესიტყვებებს, რომლებიც, შესაძლოა, ერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით წამოიჭრან. საქმე იმ უკიდეგანო ტერიტორიას ეხება, რომელსაც კავშირი მოიცავს. ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება იმიტომაც იქნება უპრიანი, რომ ახალი კონსტიტუციის მოწინააღმდეგენი შანსს არ უშვებენ ხელიდან, რათა მოსახლეობას თავს მოახვიონ ერთი მეტად გავრცელებული ცრურწმენა. საქმე ეხება რესპუბლიკური ადმინისტრაციის პრაქტიკული მოქმედების სფეროს. მაგრამ უნდა ითქვას, რომ სიძნელენი, რომელთა შესახებაც ეს ხალხი ყიჟინას სცემს, თითიდანაა გამოწოვილი და მას შემდეგაა შეთითხნილი, რაც ისინი ანგარიშგასაწევი კონტრაგუმენტების ძიებაში ამაოდ დაშვრნენ.
წინარე წერილებში გამოწვლილვით გავარჩიეთ და უკუვაგდეთ მცდარი მოსაზრება იმის თაობაზე, რესპუბლიკური მმართველობა ვრცელ ტერიტორიაზე ვერ განხორციელდებაო. აქ მხოლოდ ის მინდა შევნიშნო, რომ ამგვარი შეხედულების წარმოშობა და გავრცელება, როგორც ჩანს, უმთავრესად, იმ პოზიციის შედეგია, რომელიც ერთმანეთში ურევს რესპუბლიკასა და დემოკრატიას: დასკვნებს, რომლებიც დემოკრატიის ბუნებიდან გამომდინარეობენ, დაუფიქრებლად ავრცელებენ რესპუბლიკაზე. ჩვენ, ასევე, ადრევე მოგვეცა შესძლებლობა იმის შესახებ გვემსჯელა, რაც  რესპუბლიკასა და დემოკრატიას ერთმანეთისგან ჭეშმარიტად განასხვავებს. საქმე ის არის, რომ დემოკრატიის დროს ადამიანები იმ მიზნით იკრიბებიან, რათა პირადად  განახორციელან ხელისუფლება. რესპუბლიკის შემთხვევაში კი ისინი პოლიტიკურ ნებას თავიანთი  წარმომადგენლებისა და რწმუნებულების მეშვეობით გამოხატავენ. აქედან გამომდინარე, დემოკრატია მცირე არეალზე ხორციელდება, რესპუბლიკური მმართველობა კი ვრცელ ტერიტორიას მოიცავს.
ამ უნებლიე შეცდომას, ალბათ, იმ ავტორთა თეორიული ცდომილებებიც უნდა მივუმატოთ, რომელთა ნაწერებსაც მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვით თანამედროვე პოლიტიკური აზროვნების სტანდარტთა ჩამოყალიბებაში. ეს ადამიანები ან აბსოლუტური მონარქიის ქვეშევრდომები იყვნენ, ან  შეზღუდულისა. ისინი ან აზვიადებდნენ მმართველობის ამ ფორმებისთვის დამახასაითებელ უპირატესობებს, ანდა მათთვის ნიშანდობლივ ნაკლოვანებებს უყრუებდნენ და ამართლებდნენ; ამ მიზნით ისტორიულ მაგალითებს იშველიებდნენ და ამტკიცებდნენ, რესპუბლიკურ მმართველობას უამრავი ნაკლი და წუნი აქვსო; დემოკრატიის სახელის გასატეხად კი ძველი საბერძნეთისა და თანამედროვე იტალიის უდღეურ დემოკრატიებზე მიგვითითებდნენ. სახელთა ასეთი აღრევის პირობებში, რაღა თქმა უნდა, არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა ის, რომ დემოკრატიის დამახასიათებელი ნიშნები რესპუბლიკისთვის მიეწერათ. დემოკრატიის სწორედ ერთ – ერთი ასეთი ნიშანთაგანია ის, რომ მისი განხორციელება მხოლოდ მცირერიცხოვანი მოსახლეობისა და შეზღუდული ტერიტორიის პირობებშია შესაძლებელი. 
ამგავრი გადაცდომის შემჩნევა არ იყო იოლი საქმე. მით უფრო, რომ ძველი სამყაროს უმრავლეს ქვეყანაში მმართველობა სულ უფრო და უფრო იძენდა  დემოკრატიულ ხასიათს. ეს კი არა და, თვით ევროპაშიც კი, რომელიც წარმომადგენლობითობის დიადი პრინციპის აკვნადაა მიჩნეული, ვერსად წავაწყდებით სრული სახალხო მმართველობის ფორმას, მხოლოდ ხსენებულ პრინციპს რომ ეფუძნებოდეს. არსებობს ძალა, რომელიც მართვის ქმედითობას განაპირობებს და უზარმაზარი პოლიტიკური  ორგანიზმის ნებას თავიდან ერთ მუშტად კრავს, შემდეგ კი იმ ამოცანათა შესასრულებლად მიუშვებს, საზოგადო სიკეთის მიღწევის მიზანი რომ სახავს. და სწორედ ევროპაა ამ დიადი მამოძრავებელი ძალის პირველაღმომჩენი.  დაე, ნურვინ შეეცილება მას ამ პატივს! მაგრამ საქმე ის არის, რომ ამერიკასაც ეძლევა შანსი, სამართლიანად დაისაკუთროს ერთი ასევე დიადი აღმოჩენის პატივი. საქმე ეხება ვრცელ რესპუბლიკას, მთლიანად წარმომადგენლობითობის პრინციპს რომ ეფუძნება. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ზოგი ჩვენი მოქალაქე  ძალ – ღონეს არ იშურებს, რათა ჩვენმა ქვეყანამ ხელიდან გაუშვას ეს შანსი. ლაპარაკი იმ შანსზეა, რომ კაცობრიობას თვალნათლივ დავანახოთ, თუ რეალობაში როგორ მუშაობს შეურეველი და ვრცელი რესპუბლიკის ზემოხსენებული პრინციპი. ამისთვის კი საჭიროა მხარი დავუჭიროთ ყოვლისმომცველ ცვლილებებს, რომელთა მიზანი ახალი კონსტიტუციური სისტემის დამკვიდრებაა.
დემოკრატიის ბუნებრივ საზღვრად ის მანძილია მიჩნეული, რაც ქვეყნის ნებისმიერ ადგილს მისი ცენტრიდან აშორებს. ამ მანძილის გადალახვა ქვეყნის ყველაზე შორეულ კუთხეში მცხოვრებ მოქალაქესაც უნდა შეეძლოს, რათა იგი ცენტრში იმდენჯერ ჩამოვიდეს და იმდენჯერ მიიღოს მონაწილეობა სახალხო კრებაში, რამდენჯერაც ამას დაკისრებული მოვალეობის შერულება მოითხოვს. ამდენად, დემოკრატიისთვის არ არის აუცილებელი, რომ ქვეყნის მოცემულ რეგიონში ხალხის უფრო დიდი რაოდენობა ცხოვრობდეს, ვიდრე ეს ამგვარი მოვალეობების გასახორციელებლადაა საჭირო.  რაც შეეხება რესპუბლიკას, მისი ბუნებრივი საზღვარის ცენტრიდან ის მანძილია, რომლის დაფარვა ხალხის არჩეულ წარმომადგენელს მხოლოდ იმდენჯერ მოუხდება, რამდენჯერაც ეს საჭირო გახდება იმისთვის, რომ მან მონაწილეობა მიიღოს  წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობაში საზოგადო საქმეთა მართვის მიზნით. განა შეიძლება იმის მტკიცება, რომ საზღვრები, რომლებშიც მოქცეულია ამერიკის შეერთებული შტატები, ზემოხსენებულ მანძილს აღემატება? საკმარისია გავიხსენოთ, რომ ამ საზღვართაგან ყველაზე გრძელი ატლანტიკის სანაპირო ზოლია; რომ მიუხედავად ამისა, ცამეტი წლის მანძილზე შტატების წარმომადგენლები სისტემატურად იკრიბებოდნენ წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად; რომ ყველაზე შორეულ შტატთა  წარმომადგენლები უფრო ხშირად როდი აცდენდნენ სხდომებს, ვიდრე მათი კოლეგები კონგრესის მიმდებარე შტატებიდან.
მოდით, ერთხელ კიდევ შევიხსენოთ ის, თუ რომელ საზღვრებზეა ლაპარაკი, რათა ზემოხსენებული საკითხის უფრო მართებული შეფასება შევძლოთ. საზავო ხელშეკრულებით დადგენილ საზღვრებს აღმოსავლეთით ატლანტიკის ოკეანე წარმოადგენს; სამხრეთით _ ოცდამეთერთმეტე პარალელი; დასავლეთით _ მისისიპი; ხოლო ჩრდილოეთით იგი უსწორმასწორო ხაზს მიუყვება, რომელიც ალაგ ორმოცდამეხუთე პარალელის ზემოთ ადის, ალაგ კი ორმოცდამეორე პარალელის ქვევით ეშვება. ისე რომ,  ერის ტბის სამხრეთი სანაპირო ამ განედის ქვევითაა მოქცეული. ოცდამეთერთმეტე და ორმოცდამეორე პარალელები ერთმანეთისგან 973 მილითაა დაშორებული. ხოლო ოცდამეთერთმეტე პარალელსა და ორმოცდამეორე პარალლელს შორის მანძილი დაახლოებით 764,5 მილია. თუ სათანადო ანგარიშს ვაწარმოებთ, საშუალოდ 868.75 მილს მივიღებთ. ანტლანტიკის ოკეანესა და მისისიპის შორის მანძილი 750 მილს არ უნდა აღემატებოდეს. თუ ჩვენი ქვეყნის ზომებს ევროპული ქვეყნებისას შევუდარებთ, დავრწმუნდებით, რომ პრინციპული წინააღმდეგობა არ ეღობება მის ტერიტორიაზე შემოთავაზებული პოლიტიკური სისტემის განხორციელებას. ამერიკის შეერთებული შტატები გერმანიაზე ოდნავ ვრცელი თუა. გერმანიაში კი   ხელს არაფერი უშლის იმას, რომ მთელი იმპერიის წარმომადგენლები პერიოდულად იკრიბებოდნენ იქაური პარლამენტის სესიებზე. ანდა ვახსენოთ თუნდაც პოლონეთი, ბოლო დრომდე,  ვიდრე იგი დაიშლებოდა, მთელი ძალაუფლება ხელთ იქაურ სახალხო კრებას ეპყრა. მოდით, არაფერი ვთქვათ საფრანგეთსა და ესპანეთზე. დიდი ბრიტანეთი გავიხსენოთ. იგი მართალია, ზომით ჩამოუვარდება შეერთებულ შტატებს, მაგრამ სახალხო წარმომადგენელს, ამ კუნძულის უკიდურეს ჩრდილო რეგიონში რომ ცხოვრობს, სახალხო კრებაზე ჩასასვლელად უფრო მოკლე მანძილის გადალახვა როდი მოუწევს, ვიდრე  მის ამერიკელ კოლეგას ჩვენი ქვეყნის ყველაზე შორეული მხარიდან.
ვფიქრობ, ამგვარი მსჯელობით ხელსაყრელი პირობები შეიქმნა საიმისოდ, რომ კიდევ უფრო დამაკმაყოფილებელი სახით წარმოვადგინოთ ზემოხსენებული საკითხი და ზოგიერთი დაკვირვებაც გაგიზიაროთ.
ჯერ ერთი, უნდა გვახსოვდეს, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ იქნება აღჭურვილი საკანონმდებლო საქმიანობასა და კანონთა ადმინისტრირებაზე მთელი უფლებამოსილებით. მისი იურისდიქცია მხოლოდ გარკვეულ სფეროებზე გავრცელდება. იგულისხმება ისეთი საკითხები, რომლებიც რესპუბლიკის ყველა წევრს თანაბრად ეხება და რომელთა მოგვარებაც ცალკეული შტატის ძალ – ღონეს აღემატება. ყველა სხვა საქმე, რომლებსაც შეიძლება შტატის ხელისუფლებამ დამოუკიდებლად გაართვას თავი, მისი მზრუნველობისა და იურისდიქციის ქვეშ დარჩება. კონსტიტუციის პროექტით არ არის გათვალისწინებული ის, რომ ამა თუ იმ შტატმა თავისი ყველა უფლებამოსილება დათმოს. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ კონსტიტუციის მოწინააღმდეგეებს საყვედურის რაღაც საფუძველი მაინც ექნებოდა. ალბათ, ძნელი არ იქნება იმის ჩვენება, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას ზოგიერთ შტატში რომც გაეუქმებინა ხელისუფლების ორგანოები, თვითშენახვის პრინციპიდან გამომდინარე, იგი მოგვიანებით მაინც იძულებული გახდებოდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მათი ფუნქციონირება განეახლებინა. 
მეორე, აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ ის, რომ ფედერალური კონსტიტუციის უპირველესი მიზანი ცამეტი შტატის ერთობის უზრუნველყოფაა. საქმე ცამეტ ძირეულ შტატს ეხება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეიძლება მათ ახლადწარმოშობილი შტატებიც დაემატონ. განა ძნელი წარმოსადგენია მათი წარმოშობა უკვე არსებული შტატების საზღვრებში, ანდა მათ მეზობლად? მაგრამ უპასუხოდ ვტოვებთ იმას, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ჩრდილო – დასავლური მიწა - წყლისა და მამულების ადმინისტრაციულ – ტერიტორიული მოწყობა.  დაე, ამ საკითხის გადაწყვეტა იმ ხალხს მივანდოთ, რომელსაც სამომავლო აღმოჩენებისა და შეძენილი გამოცდილების გამო უფრო დიდი კომპეტენცია ექნება.
მესამე დაკვირვება იმაში მდგომარეობს, რომ მართვის გაუმჯობესებული სისტემა მთელი კავშირის მასშტაბით მიმოსვლასაც გააიოლებს. გზები მთელს იმპერიაში შემოკლდება და მათი მოვლა – შენახვაც გაადვილდება; ბევრად მეტი რაოდენობის ფუნდუკები აშენდება და მოგზაურთა მომსახურების დონეც აიწევს. ჩვენი ქვეყნის მთელი აღმოსავლეთი სანაპირო შიგა ნაოსნობის გასახორციელებლად ცამეტივე შტატისთვის ღია, ან თითქმის ღია იქნება; დასავლური ოლქები უფრო ადვილად დაუკავშირდებიან ატლანტიკურს; შიგარაიონული და შიგარეგიონული კავშირგაბმულობაც გაუმჯობესდება იმ მრავალრიცხოვან არხთა წყალობით, რომლებითაც ბუნებამ ასე უხვად დაგვაჯილდოვა და რომელთათვის დასრულებული სახის მინიჭება ადამიანური გამომგონებლურობის საქმეღაა.
მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი დაკვირვება კი ისაა, რომ თითქმის ყოველი შტატი თავისი ამა თუ იმ მხარით საზღვრისკენაა მიქცეული. ამიტომ თითოეული ამ შტატთაგანი მზად არის, სოლიდური მსხვერპლი გაიღოს თავიანთი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. არსებობენ ქვეყნის გულიდან ძალზე დაშორებული შტატები. მათ, მართალია, სხვებზე ნაკლებად მიუწვდებათ ხელი საერთო სიკეთეებზე, მაგრამ, სამაგიეროდ, ცალკეულ შემთხვევებში, მათ სხვებზე მეტად დასჭირდებათ ის მფარველობა, რომელსაც მხოლოდ მტკიცე კავშირის ძლევამოსილება და რესურსები უზრუნველყოფს, რაკი ისინი უშუალოდ უცხო სახელმწიფოებს ესაზღვრებიან. რა თქმა უნდა, ჯორჯიას, დასავლეთისა და ჩრდილო – აღმოსავლეთის შტატებს გაუჭირდებათ თავიანთ წარმომადგენელთა წარგზავნა ცენტრალურ ხელისუფლებაში, მაგრამ ისიც ხომ ცხადია, რომ მათთვის ბევრად უფრო ძნელი შემოსეულ მტერთან საკუთარი ძალებით გამკლავება და თავდაცვის ღონიძიებათა უზრუნველსაყოფად აუცილებელი ხარჯების საკუთარი რესურსებიდან გაღება იქნება. არადა, გამუდმებული საფრთხე მათ ამის გაკეთებას აიძულებს. ისე რომ, მართალია, სამოკავშირეო ხელშეკრულებაში მონაწილეობა მათთვის ნაკლებ ხელსაყრელი იქნება, ვიდრე ცენტრალური და მიმდებარე შტატებისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, მათ ბევრად უფრო მეტ სარგებელს სხვა შტატებთან ურღვევი კავშირი მოუტანს. ისე რომ, ყველაფერში სათანადო წონსწორობა იქნება დაცული.
ძვირფასო თანამემამულენო, ჩემი მოსაზრებანი თქვენს სამსჯავროზე რომ გამომაქვს, მტკიცედ ვარ დარწმუნებული, მათ თქვენთვის ჩვეული კეთილგონიერებით განიხილავთ და სათანადოდ შეაფასებთ. რაგინდ დიდი იყოს სიძნელე, რაგინდ საზარელი იყოს შეცდომა, რომლის ჭეშმარიტებად შემოსაღებასაც ლამობენ, ვიცი, ვერ გატეხენ თქვენს ნებას და ვერ გაგიტაცებენ პოლიტიკის იმ წყვდიადში დანთქმული სცენისკენ, საითკენაც ამაოდ გექაჩებიან ჩვენი დაშლისა და დაქუცმაცების მოსურნენი. ნუ გაუგონებთ იმ ნაყალბევ ხმას, რომ ღაღადებს, თითქოსდა ამერიკელ ხალხს უამრავი უფაქიზესი სიმით  რომაა ურთირთდაკავშირებული, აღარ ძალუძს ერთ ოჯახად იცხოვროსო; ერთი ვრცელი, აყვავებული, პატივისცემისა და მოწიწების გამომწვევი სახელმწიფოს თანამოქალაქენი იყვნენო. ნუ გაუგონებთ მათ, ვინც გაგულისებული და ღვარძლმორეული ჩაგაგონებთ, მმართველობის შემოთავაზებული ფორმა სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ახალგამოგონებაო; ასეთი რამ ყველაზე ხელაღებულ ავანტურისტსაც აზრად არ მოსვლიაო; პროექტის ავტორები ახირებული ხალხია და იმის განხორციელებას ესწრაფვიან, იმთავითვე დასაღუპად რომაა განწირულიო. ძვირფასო თანამემამულენო, სმენა დაიხშეთ ამ უწმინდური ხმის წინაშე. გულის კარი დაუხშეთ ამგვარ სამსალას. თქვენს ძარღვებში ნათესაური სისხლი ჩქეფს; სისხლი, რომელიც ბევრჯერ დაღვრილა წმიდათაწმიდა უფლებებისთვის ბრძოლაში. სწორედ ამ სისხლითაა ნაკურთხი ჩვენი კავშირი. და იმის გაფიქრებაც კი  ძრწოლის მომგვრელია, რომ ერთურთისთვის ოდესმე უცხო შევიქმნათ; ერთმანეთს მოშურნეობა გავუწიოთ და მტრად მოვეკიდოთ. ჩვენ რომ გვამუნათებენ, ხალხს სიახლეს აჩეჩებთო; მერწმუნეთ, ყველაზე სახიფათო წამოწყება, ყველაზე უგუნური გეგმა, ყველაზე ჰაიჰარა მცდელობა სწორედ ისაა, ქვეყნის დაშლა – დაქუცმაცებაში საქვეყნო  მშვიდობა და საზოგადო სიკეთე ეძიო. კაცმა რომ თქვას, რად უნდა აგვეღო ხელი ვრცელი რესპუბლიკის ჩამოყალიბების იდეაზე? მხოლოდ იმის გამო ხომ არა, რომ იგი, გარკვეულწილად, სიახლესაც შეიცავს? განა ამერიკელ ხალხს სწორედ ის შეერაცხება ღირსებად, რომ სათანადო პატივს მიაგებს ძველი ხალხების გამოცდილების ბრძმედში ნაწრთობ ცოდნას? განა იგი ქების ღირსი არ არის იმის გამო, რომ ბრმად არ ეთაყვანება ძველ ტრადიციებსა თუ სახელებს? განა მისი სიდიადე სწორედ იმაში არ არის, რომ მან თვითონ შეძლო განეჭვრიტა თავისი მდგომარეობა, მისთვის დამახასიათებელი კეთილგონიერების კარნახით ემოქმედა და სათანადო დასკვნები საკუთარი გამოცდილებიდანაც გამოეტანა? ამერიკის მამაცი სული სიახლეთა შემოქმედებით კვლავაც გააოცებს კაცობრიობას. მადლიერი შთამომავლობა კი დიდადაც დაუფასებს მას, რომ სწორედ აქ, ამერიკის პოლიტიკურ სცენაზე, პირველად მოევლინა კაცობრიობას ის მექანიზმები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და მათი საზოგადო კეთილდღეობის თავდებია. რევოლუციის ბელადებს რომ უპრეცედენტო პოლიტიკური ნაბიჯები არ გადაედგათ, მათ რომ  მმართველობის ისეთი პოლიტიკური ფორმა არ შეექმნათ, რომლის ბადალს ისტორიაში ვერსად ნახავთ, ამერიკელი ხალხი ახლა ისევ დამღუპველი რჩევების ტყვეობაში იქნებოდა, ანდა სიცოცხლე ექნებოდა გამწარებული მმართველობის ერთ-ერთი იმ ფორმათაგანის გადამკიდეს, რომლებსაც პირისაგან მიწისა აღუგვიათ დანარჩენი კაცობრიობის თავისუფლებანი. ამერიკისა და მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდაც ისინი  ახალსა და უფრო კეთილშობილურ გზას დაადგნენ. მათ წამოიწყეს და წარმატებით განასრულეს რევოლუცია, რომლსაც ანალოგი არ აქვს ადამიანურ ისტორიაში. მათ შექმნეს მმართველობის უბადლო ნიმუშები. მათ საფუძველი ჩაუყარეს დიად კონფედერაციას და მომავალ თაობებს მისი სრულყოფა და უკვდავყოფა უანდერძეს. თუკი მათ შრომას რაიმე ნაკლი ჰქონდა, მაშინ აფერუმ მათ კაცობას, რარიგ უმნიშვნელოა იგი. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული უზუსტობანი იქნა დაშვებული კავშირის სტრუქტურის მშენებლობისას, ვინაიდან ყველაზე ძნელი და შრომატევადი სწორედ ამგვარი სამუშაოა. კონსტიტუციური კონვენტი ხომ სწორედ იმიტომ იქნა მოწვეული, რომ კავშირის ახალი მოდელი შეემუშავებინა. კონვენტმა თავისი საქმე გააკეთა. ახლა კი  თქვენი განსჯის ჯერია. 
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group