ფედერალისტი # 33 : ჰამილტონი
1788 წ. 2 იანვარი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

კონსტიტუციის იმ პირობების წინააღმდეგ არგუმენტაციის არსი, რომლებიც დაბეგვრას შეეხება, შეგვიძლია შემდეგი პარაგრაფებიდან ამოვიკითხოთ: განსახილველი პროექტის პირველი მუხლის მერვე კარის ბოლო პარაგრაფი ეროვნულ საკანონმდებლო ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს:” მიიღოს ყველა აუცილებელი და მართებული კანონი , რომლებიც აუცილებელია იმ უფლებამოსილებათა განსახორციელბლად, რასაც კონსტიტუცია შეერთებულ შტატებს, მის დეპარტამენტებსა თუ თანამდებობის პირებს ანდობს.” მეექვსე მუხლის მეორე პარაგრაფი კი აცხადებს:” შეერთებული შტატების კონსტიტუცია, ყველა კანონი მისი შესრულებით და მისი უფლებამოსილებით დადებული ყველა ხელშეკრულება ქვეყნის უზენაესი კანონია , თუნდაც ცალკეული შტატის  კონსტიტუცია  და  კანონები საწინააღმდეგო მუხლებს შეიცავდეს”.
ორივე დებულება შემოთავაზებული კონსტიტუციის წინააღმდეგ ყველაზე ღვარძლიანი და გაღიზიანებული ლანძღვა – გინების საგნად იქცა. ოპონენტები ხალხს უკიდურესად მუქ ფერებში უხატავენ ვითარებას: ახალი კონსტიტუცია ის მექანიზმია, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებებს ნაცარტუტად აქცევს, თქვენს თავისუფლებებს კი გააჩანაგებსო. იგი საზარელი ურჩხულია, რომლის მშთანთქავი ყბები არც ქალს ინდობს და არ მოხუცს, არც დიდებულსა და არც ღატაკს, არც წმიდასა და არც უწმინდურსო. როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ამ უსაშველო მოთქმის შემდეგ, იმ ხალხს, რომელიც მოვლენებს სხვანაირად უყურებს, უნდა ვუთხრა: იმ მთავრობის კონსტიტუციური მოღვაწეობა, რომელზეც ვლაპარაკობთ, ზუსტად ისეთივე იქნებოდა ეს ორი დებულება, სულაც რომ ამოგვეშალა კონსტიტუციიდან, ანდა, პირიქით, ყოველ მუხლში რომ გაგვემეორებინა ისინი. ორივე მათგანი მხოლოდ განმარტავს ჭეშმარიტებას, რაც აუცილებლად და გარდუვალად გამომდინარეობს ფედერალური მთავრობის შექმნისა და მისთვის ზოგიერთი კონკრეტული უფლებამოსილების მინიჭებიდან. მიუხედავად ამ დებულებათა შინაგანი დამაჯერებლობისა, მაინც ისეთი ლანძღვა – გინების სეტყვა წამოვიდა პროექტის სწორედ ამ მონაკვეთის მისამართით, რომ ამის მოსმენაზე თვით ხორცსშეხმულ თავდაჭერილობასაც კი ემოციები წასკდებოდა და აღუშფოთველობა დაერღვეოდა.
რა არის ძალაუფლება, თუ არა რაღაცის კეთების უნარი?  რა არის რაღაცის კეთების უნარი, თუ არა ძალაუფლება იმისა, რომ საამისოდ აუცილებელი საშუალებები გამოიყენო? რა არის საკანონმდებლო ძალაუფლება თუ არა კანონშემოქმედების ძალაუფლება? რა არის საკანონმდებლო ძალაუფლების განხორცილების საშუალებანი თუ არა კანონები ? რა არის გადასახადების შეწერისა და მათი ამოღების ძალაუფლება თუ არა საკანონმდებლო ანუ კანონშემოქმედების ძალაუფლება? რა არის სათანადო საშუალებანი ასეთი ძალაუფლების განსახორციელებლად თუ არა მართებული კანონები ?
უბრალო შეკითხვების ეს მწკრივი თავისებური ტესტია, იმ დებულების ჭეშმარიტი ხასიათის დადგენას რომ შეგვაძლებინებს, რომლის მისამართითაც საყვედურს გამოთქვამენ. მას ერთ თვალსაჩინო ჭეშმარიტებასთან მივყავართ: გადასახადების დაკისრებისა და მათი ამოღების უფლება უნდა იყოს უფლება იმისა, რომ მიღებული იქნეს მისი  განხორციელებისთვის აუცილებელი ყველა კანონი. ის ბედნავსი და გალანძღული დებულება ხომ სხვას არაფერს ღაღადებს თუ არა იმავე ჭეშმარიტებას? ანუ იმას, რომ ეროვნულ საკანონმდებლო ხელისუფლებას, რომელსაც წინდაწინვე გადაეცა დაბეგვრისა და გადასახადების ამოღების ძალაუფლება - მისი განხორციელების მიზნით აუცილებელი კანონების მიღება შეუძლიაო? ჩემი შენიშვნები საგადასახადო უფლებამოსილების საკითხს ჯერ ერთი იმიტომ დავურთე, რომ იგი ჩვენი განხილვის უშუალო თემაა და მეორეც იმის გამო, რომ იგი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებამოსილებაა, რისი მინიჭებაც იგეგმება საკავშირო მთავრობისთვის. აზროვნების იგივე პროცესი კონსტიტუციაში გაწერილ ყველა უფლებამოსილებასთან მიმართებაშიც იმავე შედეგებამდე მიგვიყვანდა. სახელდობრ გამომჟღავნდებოდა , რომ ამგვარ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად,  გაფართოებული მუხლი (ასე უწოდებენ მას პატივისცემის ნიშნად) ეროვნულ საკანონმდებლო ხელისუფლებას ყველა აუცილებელი კანონის მიღების პრეროგატივას ანიჭებს. თუკი ლაპარაკია გამონაკლისზე, ის იმ სპეციფიკურ უფლებამოსილებებში უნდა ვეძიოთ, რასაც ზემოხსენებული ზოგადი დეკლარაცია ემყარება. ეს უკანასკნელი კი,  მიუხედავად იმისა, რომ მასში  ზოგიერთი ტავტოლოგია და ზედმეტობა გვხვდება, საბოლოო ჯამში მაინც სრულიად უწყინარი დოკუმენტია.
მაგრამ ეჭვი შეიძლება, დაინტერესდეს და იკითხოს: რატომღა მიიღეთ იგიო? პასუხად იმას ვიტყოდით, რომ იგი დიდი სიფრთხილის გამოხატულება და იმ ხალხისგან  თავდაცვის საშუალებაა, რომლებიც კონვენტს კრიჭაში უდგანან და ცდას არ აკლებენ, რათა შეკვეცონ ან სულაც გააუქმონ კავშირის უფლებამოსილებანი. კონვენტმა თითქოსდა წინასწარ გამოიცნო ის, რაც წინამდებარე წერილების მთავარი მიზანია; სახელდობრ, ჩაგვაგონოს შემდეგი რამ: საფრთხე, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ კეთილდღეობას ემუქრება, ის არის, რომ შტატის მთავრობები ძირს გამოუთხრიან კავშირს, ნაცარ – ტუტად აქცევენ მის საძირკველს და არაფერს დატოვებენ მისგან. მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რამ მისცა ბიძგი ზემოხსენებულ წინდახედულებას, მისი სიბრძნე თუნდაც იმ ღაღადისით ცნაურდება, რომელიც მის წინააღმდეგ გაისმის. ვინაიდან მისგან გამოსჭვივის სურვილი იმისა, რომ ეჭვი მიიტანონ დიადსა და ყველაზე არსებით ჭეშმარიტებაზე, რომელიც განხილულ პირობაშია გაცხადებული.
ვინმემ ისევ შეიძლება იკითხოს: ვინ განსჯის იმას, თუ რომელი კანონების მიღებაა აუცილებელი და მართებული საიმისოდ, რათა კავშირმა თავისი უფლებამოსილებანი შეასრულოს? პასუხად იმას ვიტყოდი, რომ ჯერ ერთი, ამგვარი შეკითხვა წამოიჭრება როგორც ძალაუფლების უბრალო მინიჭებასთან დაკავშირებით, ისე დეკლარაციასთან მიმართებაში; მეორეც, ეროვნული მთავრობა, ისე როგორც ყველა სხვა ხელისუფლება, უწინარეს ყოვლისა, თავისი უფლებამოსილებების განხორციელებაზე ზრუნავს და მხოლოდ ამის შემდეგ – თავის ამომრჩეველზე. თუ ფედერალური მთავრობა თავის უფლებამოსილებებს ამეტებს და  ტირანულად იყენებს ძალაუფლებას, ხალხმა თავისსავე ქმნილებას დადგენილი სტანდარტისკენ უნდა მოუწოდოს და ისეთი საშუალებებით უნდა აზღვევინოს იმ ზარალისთვის, რომელიც მან კონსტიტუციას მიაყენა, რაც დაშვებულია საგანგებო ვითარებით და გამართლებულია წინდახედულობით. კანონის მართებულობა კონსტიტუციის შუქზე ყოველთვის იმ ძალაუფლების ხასიათით განისაზღვრება, რომელსაც იგი ემყარება. წარმოვიდგინოთ ასეთი რამ, რომ ფედერალურმა ხელისუფლებამ (რაც ძნელი წამოსადგენია) ყველა შტატში შეცვალა კანონი მემკვიდრეობის შესახებ. განა ასეთ შემთხვევაში ცხადი არ იქნება, რომ მან გადაამეტა თავის იურისდიქციას და ხელყო შტატის კომპეტენცია? ისევ დავუშვათ, რომ ფედერალურმა მთავრობამ, აქაოდა ჩემს კუთვნილ შემოსავლებში ჩარევააო, შტატს გაუუქმა მის მიერ მიწაზე დაწესებული გადასახადი. განა ასევე ცხადი არ იქნება, რომ ეს თანხვედრილ იურისდიქციაში შეჭრაა იმ ტიპის გადასახადთან მიმართებაში, რომლის შემოღებაც აშკარად შტატის მთავრობის პრეროგატივაა? თუ ამ საკითხთან დაკავშირებით ისევ წამოიჭრა ეჭვი, იგი იმ რესონერების დამსახურება იქნება, რომელმაც არაფერი დაიშურა იმისთვის, რომ კონსტიტუციის გარშემო მტრული ვნებების კორიანტელი დაეყენებინა და ბუნდოვანების ნისლში გაეხვია ყველაზე ნათელი თუ უბრალო ჭეშმარიტებანი.
ამტკიცებენ, კავშირის კანონები უზენაესი კანონებია . მაგრამ რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ აქედან, ანდა რა ფასი ექნებოდათ მათ, თუკი ასეთნი არ იქნებოდნენ? რა თქმა უნდა, მათი ფასი ნულის ტოლი იქნებოდა. თვით  ტერმინში - კანონი უზენაესობა იგულისხმება. მას აუცილებლად უნდა იცავდეს ყველა, ვისთვისაც იგი განკუთვნილია. ყველა პოლიტიკურ გაერთიანებაში ასეა. როცა ინდივიდები საზოგადოებად ერთიანდებიან, მათ ქცევას ის კანონები აწესრიგებენ, რომლებიც ამ საზოგადოებაში მოქმედებენ. როცა რამდენიმე პოლიტიკური თემი  ერთ უფრო ფართო საზოგადოებად ერთიანდება, ამ უკანასკნელის მიერ იმ უფლებამოსილებათა გასახორციელებლად შემოღებული კანონები, რომლებიც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, უზენაესია მასში გაერთიანებული ყველა საზოგადოებისა და ამ საზოგადოებებში შემავალი ყველა ინდივიდისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ხელშეკრულება იქნებოდა, რომელიც მხარეების კეთილ ნებას ემყარება და არა მთავრობა; რომელიც იგივეა, რაც პოლიტიკური ძალაუფლება და უზენაესობა . მაგრამ ეს დოქტრინა სულაც არ გვასწავლის იმას, რომ უფრო ფართო საზოგადოების საკანონმდებლო აქტები, რომლებიც არ გამომდინარეობენ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებებიდან და იმ კომპეტენციებში იჭრებიან, რაც უფრო მცირე საზოგადოებებს შემორჩათ, ქვეყნის უზენაეს კანონებად იქცევიანო. ამგვარი აქტები სხვა არაფერი იქნება თუ არა უზურპაციის გამოვლინება და ისე მოეპყრობიან, როგორც უზურპატორებს. ამრიგად, მუხლი, რომელიც კავშირის კანონების უზენაესობას სცნობს, ისე როგორც ახლახან განხილულ შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ იმ ჭეშმარიტების გაცხადებაა, რომელიც უშუალოდ და აუცილებლად გამომდინარეობს ფედერალური მთავრობის დაწესებიდან. იმედი მაქვს, მხედველობიდან არ გამოგვრჩება ის, რომ ეს უზენაესობა მკაფიოდაა შეზღუდული  იმ კანონებით, რომლებიც კონსტიტუციის შესრულების მიზნით არიან მიღებული; ამგვარი შეზღუდვა მე ვახსენე როგორც მაგალითი კონვენტის წინდახედულებისა, ვინაიდან იგი არ არის ფორმულირებული, არამედ მხოლოდ ნაგულისხმევია.
ამრიგად, კანონი, რომელიც დაბეგვრის უფლებამოსილებას შეერთებულ შტატებს ანიჭებს, თავისი ხასიათით უზენაესია. ლეგალურად მასთან დაპირისპირება თუ მისი გაკონტროლება დაუშვებელია, მაგრამ კანონი, რომელიც გააუქმებს ან აკრძალავს შტატის ხელისუფლების მიერ შემოღებული გადასახადის (გარდა ექსპორტსა და იმპორტზე მოსაკრებლისა) ამოღებას, ქვეყნის უზენაესი კანონი კი არ იქნება, არამედ ძალაუფლების უზურპაცია, რაც კონსტიტუციით აკრძალულია. ერთსა და იმავე საქონელზე გადასახადის უსაშველო ზრდამ შესაძლოა, მისი ამოღება გააძნელოს და სათუო გახადოს, თუმცა ეს ორმხრივი უხერხულობა არც რომელიმე მხარის უფლებამოსილებათა უზენაესობის შედეგია და არც იმისა, რომ რომელიმე მათგანი ძალაუფლების ნაკლებობას განიცდიდეს, არამედ იგი სწორედ იმგვარი პრეროგატივების წინდაუხედავი გამოყენებიდან გამომდინარობს, რაც თანაბრად არახელსაყრელია როგორც ერთი, ისე მეორე მხარისთვის. მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ და უნდა ვივარაუდოთ, რომ ორმხრივი ინტერესი თანხმობის საფუძვლად იქცევა და მნიშვნელოვანი უხერხულობა არ შეიქმნება. ყოველივე ზემოთქმულიდან კი ის შედეგი, გამომდინარეობს, რომ შემოთავაზებული კონსტიტუციით ინდივიდუალური შტატები ინარჩუნებენ დამოუკიდებელსა და შეუზღუდავ უფლებამოსილებას, მათთვის აუცილებელი ოდენობით აკრიფონ შემოსავლები ნებისმიერი სახის საქონლის დაბეგვრიდან, გარდა იმპორტისა და ექსპორტისა. მომდევნო წერილში ნაჩვენები იქნება, რომ თანხვედრილი იურისდიქცია დაბეგვრის საკითხში ერთადერთი დასაშვები ალტერნატივაა იმ მდგომარეობისა, რა დროსაც, ხელისუფლების ამ შტოსთან მიმართებაში,  შტატის მთავრობა სრულად ემორჩილება ფედერალურ ხელისუფლებას.
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group