ფედერალისტი # 36 : ჰამილტონი

1788 წ.8 იანვარი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

იმ მოსაზრებებიდან, რომლებსაც წინა წერილი მივუძღვენი, შემდეგი დასკვნა გამომდინარეობს: არ აქვს მნიშვნელობა მრავალარიცხოვანი იქნება წარმომადგენლობითი ორგანო თუ მცირერიცხოვანი, საზოგადოების სხვადასხვა ფენის ინტერესებისა და შეხედულებების ბუნებრივი მოქმედების პირობებში, იგი მიწათმფლობელების, ვაჭრებისა და სწავლულთა პროფესიების წარმომადგენელთაგან შედგება, რაც თითქმის სრულად ასახავს ყველა განსხვავებულ ინტერესსა და შეხედულებას. შეიძლება ვინმე შემოგვესიტყვოს, ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებში სხვა სურათსაც წავწყდომივართო. მე ამაზე ვუპასუხებდი, რომ ყველა წესს თავისი გამონაკლისი აქვს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად შეცვალოს მთავრობის შემადგენლობა და ხასიათი.  საზოგადოების ყველა ფენაში მოიძევებიან ძლიერი სულის ადამიანები, რომლებსაც არ უჭირთ არახელსაყრელი სიტუაციის დაძლევა და ჯეროვანი პატივისცემის დამსახურება არამარტო იმ ფენაში, რომლსაც თვითონ ეკუთვნიან, არამედ მთელს საზოგადოებაში. კარი ყველასთვის თანაბრად ღია უნდა იყოს. ერთი რამისა მჯერა: ადამიანური ბუნების სასახელოდ ისეთ ძლიერ და გაფურჩქნილ მცენარეებსაც ვიხილავთ, ღრმად რომ გაუდგამთ ფესვი როგორც   ფედერალურ, ისე ადგილობრივ ნიადაგში. ხოლო იმ ტიპის ცალკეული შემთხვევები, რომლებზეც ეს - ესაა ვილაპარაკეთ, ოდნავადაც ვერ უკარგავენ დამაჯერებლობას იმ მოსაზრებებს, მოვლენათა განვითარების ზოგად ტენდენციას რომ ემყარებიან.
ეს საკითხი მრავალი სხვა თვალსაზრისითაც შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ შედეგი ყოველთვის იგივე იქნება. მაგალითად, შეიძლება ვიკითხოთ:  უფრო ღრმა  ნათესაობა თუ ინტერესთა ერთობა აკავშირებს ხუროსა და მჭედელს, მქსოველსა და მეწინდეს, ვიდრე ის სიახლოვეა, რაც ვაჭარსა და ამ პროფესიათაგან ნებისმიერს შორის არსებობს? ცნობილია, რომ ხანდახან მექანიკოსებისა თუ მეწარმეთა სხვადასხვა შტოები ერთმანეთთან მძაფრ კონკურენციაში იმყოფებიან  ისე, როგორც ის დაწესებულებები, რომლებიც შრომასა და წარმოებას უწევენ ორგანიზაციას. ის, რასაც ჩვენ შესიტყვების სულიკვეთებას ვუწოდებთ, სხვანაირად ვერ შეისხამს ხორცს, თუ არა ისე, რომ წარმომადგენლობითი დაწესებულებანი ბევრად უფრო მრავალრიცხოვანნი გახდნენ, ვიდრე ეს მათი მოწესრიგებული და ბრძნული მოღვაწეობის იდეას შეესაბამება. მაგრამ ახლა თავს შევიკავებ ამ საკითხის განხილვისგან, რომელიც იმდენ წყება სამოსელშია გახვეული, რომ იმისთვის თვალის შევლებაც კი ჭირს, თუ როგორია მისი ნამდვილი სახე ან  ტენდენცია.
ჩვენ წინაშეა უფრო კონკრეტული შესიტყვება, რომელიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს. ამტკიცებენ, რომ ეროვნული საკანონმდებლო ხელისუფლების საგადასახადო უფლებამოსილება წარმატებით ვერასოდეს განხორციელდება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ იგი ჩახედული არ იქნება ადგილობრივ გარემოებებში; მეორეც იმის გამო, რომ კავშირისა და ცალკეული შტატის საგადასახადო უფლებამოსილებაში ჩარევა მოუწევსო. ვარაუდი, რომელიც ადგილობრივი გარემოებების ცოდნას შეეხება, ეტყობა, საფუძველსაა მოკლებული. როცა შტატის საკანონმდებლო ორგანოში ისეთი საკითხი განიხილება, რომელიც ამა თუ იმ ოლქის შესახებ დეტალურ ცოდნას მოითხოვს, როგორ ხდება მისი მოპოვება? უთუოდ შესაბამისი ოლქის წარმომადგენელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. განა ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოს მსგავს ინფორმაციას შესაბამისი შტატის წარმომადგენელი არ მიაწვდის? განა არ უდა ვიფიქროთ, რომ ადამიანი, რომელიც ამ ორგანოშია წარგზავნილი, საკმარისად გონიერი იქნება საიმისოდ, რომ ამგვარი ინფორმაციის გაზიარება შეძლოს? დაბეგვრასთან მიმართებაში ადგილობრივი გარემოებების ცოდნა განა იმას გულისხმობს, რომ დეტალური ინფორმაცია გვქონდეს იმის შესახებ, თუ კონკრეტულ შტატში, სად რომელი მდინარე ან ნაკადი მიედინება, სად რომელი შარაგზა თუ ბილიკი გადის? განა საკმარისი არ არის კაცი ზოგადად გაეცნოს იმას, თუ რა რესურსებია შტატში, რა მდგომარეობაშია მისი სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა და წარმოება, რა სახის პროდუქციას აწარმოებს იგი, როგორ მიდის მოხმარების საქმე, რა და რა სახისა და ხარისხის სიმდიდრეს, საკუთრებასა და წარმოებას ფლობს იგი?
სახელმწიფოები საზოგადოდ _ მათ შორის სახალხო ხელისუფლების მქონენიც კი, – საფინანსო საქმეს ცალკეულ ადამიანებს, ან რამდენიმე კაციან საბჭოებს ანდობენ ხოლმე, რომლებიც, უწინარეს ყოვლისა, საგადასახადო გეგმებს ადგენენ და საიმისოდ ამზადებენ, რათა მოგვიანებით ისინი სუვერენის, ანდა საკანონმდებლო ორგანოს კანონებად მოგვევლინონ.
გამჭრიახი და განათლებული ადამიანები ყველგან შესაფერის კადრებად არიან მიჩნეულნი, რომლებსაც დასაბეგრი ობიექტების მართებულად შერჩევა ხელეწიფებათ. ყოველივე ეს _ იმდენად, რამდენადაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს კაცობრიობის გამოცდილება, – იმაზე მიუთითებს, რომ, დაბეგვრის მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია ადგილობრივ გარემოებათა ცოდნა.
ის გადასახადები, რომლებიც “შიდა გადასახადების” საერთო სახელწოდების ქვეშ ერთიანდება, შეიძლება, ორ - პირდაპირ და არაპიდაპირ გადასახადად დაიყოს. მიუხედავად იმისა, რომ შესიტყვებები ორივე მათგანის თაობაზე არსებობს, არგუმენტაციის სიმძიმე მაინც პირველ  დანაყოფზე მოდის. რაც შეეხება მეორეს, იგი მოხმარების საქონელზე გდასახადსა და აქციზებს გულისხმობს და მიჭირს იმის გაგება, თუ რა სიძნელეებს უნდა წავაწყდეთ მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვების დროს: შესაბამისი მონაცემების შესახებ ან თვითონ საქონლის ხასიათიდან უნდა ამოვიდეთ, ანდა საქმეში ჩახედულ ადამიანს – განსაკუთრებით ვაჭართა ფენის წარმომადგენელს - უნდა დავეკითხოთ. არაპიდაპირ გადასახადთან დაკავშირებული გარემოებები სხვადასხვა შტატში სხვადასხვა იქნება, მაგრამ თითოეული მათგანი მარტივი უნდა იყოს და არცთუ ისე განსხვავებული  ერთმანეთისგან, რომ მათი გაგება ჭირდეს. მთავარია ის, რომ  დასაბეგრი საქონლის ნუსხაში არ მოხვდეს ისეთი ობიექტი, რომელიც სხვა შტატში მოხმარებაზეა გამიზნული. მაშინ არ გაძნელდება თითოეული მათგანის საგადასახადო სისტემის შეფასება. ამის გაგება კანონთა შესაბამისი კოდექსებისა და რამდენიმე შტატის წარმომადგენელთა გამოკითხვის მეშვეობითაა შესაძლებელი.
რაც შეეხება შესიტყვებას, რომელიც უძრავ ქონებას. ანუ სახლებსა და მიწას ეხება, ერთი შეხედვით, იგი უფრო საფუძვლიანია, თუმცა ჩვენი პოზიციიდანაც კი შესაძლებელია მისი ამგვარი შესიტყვების ისე მონდომებით განხილვა, რომ მისი საფუძვლიანობისგან არაფერი დარჩეს. მიწა შეიძლება ორნაირად დაიბეგროს: ან მისი ფაქტობრივი ღირებულების მიხედვით, რომელსაც მუდმივი თუ პერიოდული ხასიათი აქვს, ანდა შეთანხმებული შეფასების თანახმად, რასაც საქმეში კარგად ჩახედული თანამდებობის პირები თავიანთი მიხედულობით ახორციელებენ. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, საქმის შესრულება კეთილგონიერ ადამიანებს - კომისიონერებს ან საგამოსაღებო ინსპექტორებს - უნდა დაეკისროთ, რომლებიც ან ხალხის მიერ არიან არჩეულნი, ანდა მთავრობა სპეციალურად ამ მიზნისთვის ნიშნავს. მათი არჩევისა თუ დანიშვნის პროცედურა – მათი რიცხობრივი შემადგენლობისა და კვალიფიკაციის განსაზღვრა, ასევე ძირითადი უფლებამოსილება და მოვალეობანი, - კანონით უნდა იყოს გაწერილი. და რა არის აქ ისეთი, რასაც შეიძლება, თავი ვერ გაართვას როგორც  ეროვნულმა, ისე  შტატის საკანონმდებლო ორგანომ? მთავარია, რომ როგორც ერთმა, ისე მეორემ ყურადღება ძირითად პრინციპებზე გაამახვილოს. ადგილობრივ დეტალებზე კი დაე, მათ იზრუნონ, ვისაც ამ გეგმის შესრულება დაევალება.
მაგრამ ყოველივე ამის მარტივად და დამაკმაყოფილებლად მოგვარება შეიძლება. ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოს შესაძლებლობა აქვს, გამოიყენოს სისტემა : თითოეული შტატი თავის შტატში . ეს ის შემთხვევაა, როცა თითოეულ შტატში, ან მის ამა თუ იმ ნაწილში დაბეგვრისა და გადასახადების ამოღების მეთოდები შეიძლება ფედერალურმა ხელისუფლებამ დაადგინოს და აამოქმედოს  კიდეც.
უპრიანი იქნებოდა გაგვეხსენებინა ის, რომ ეროვნულ საკანონმდებლო კრებას ეკრძალება ამგვარ გადასახადთა პროპორციულობის თავისი ნება – სურვილის მიხედვით დადგენა. იგი, - როგორც ეს აღწერილია მეორე მუხლის მესამე კარში, - თითოეული შტატის მოსახლეობის შესაბამისად განისაზღვრება. მოსახლეობის აღწერა თუ დათვლა კანონით დდგენილი წესის მიხედვით უნდა მოხდეს, რაც გასაქანს არ მისცემს მიკერძოებასა და შევიწროებას. როგორც ჩანს, ყველაფერი უდიდესი წინდახედულებითაა გათვლილი, რათა დაბეგვრის უფლება ბოროტად ვერ გამოიყენონ. სიფრთხილის დამატებითი ზომად შემდეგი დებულება გვევლინება:” ყველა მოსაკრებელი, გამოსაღები და აქციზი ერთგვაროვანი უნდა იყოს სრულიად კავშირის მასშტაბით”.
ის ორატორები და მწერლები, რომლებიც მხარს უჭერენ კონსტიტუციას, აღნიშნავენ: თუ პრაქტიკამ დაადასტურა ის, რომ შიდა დაბეგვრის კავშირის უფლებამოსილებაში გადაცემა უმართებულოა, ფედერალური მთავრობა მის შეჩერებას და ისევ რეკვიზიციების შემოღებას შეძლებსო. ამაზე პასუხის გაცემის ნაცვლად ძლევამოსილი ტონით კითხულობენ: რატომ თავიდანვე არ ვამბობთ უარს ამ ორაზროვან უფლებამოსილებაზე და რატომ პიდაპირ რეკვიზიციებზე არ გადავდივართ? ამაზე ორი დასაბუთებული პასუხი არსებობს. ჯერ ერთი, უფლებამოსილება -Yთუკი იგი ვარგისია, – უმჯობესია, განხორციელდეს, ვინაიდან ეს უფრო ეფექტური იქნება, თუმცა ამის თეორიული დასაბუთება შეუძლებელია და მხოლოდ პრაქტიკამ უნდა დაადასტუროს, თუ რამდენად შესაძლებელია მისი გამოყენება. უფრო სავარაუდოა, რომ პრაქტიკამ მისი განხორციელების მართებულობა დაადასტუროს. მეორე პასუხი კი ასეთია: კონსტიტუციაში ამგვარი უფლებამოსილების არსებობა დიდ ზეგავლენას იქონიებს რეკვიზიციების სასარგებლოდ. როცა შტატებმა იციან, რომ კავშირს მათი სტრუქტურების მიერ გაწეული დახმარების გარეშეც შეუძლია თავისი თავის უზრუნველყოფა, ეს ძალიან დიდ სტიმულს მისცემს მათ მონდომებას.
რაც შეეხება კავშირისა და მათი წევრების საგადასახადო კანონების გადაფარვას, როგორც უკვე ვნახეთ, ეს არ გამოიწვევს უფლებამოსილებათა შორის შეხლასა თუ შეუთავსებლობას. შეუძლებელია, კანონებმა ერთმანეთი გადაფარონ ამ სიტყვის სამართლებრივი მნიშვნელობით, მაგრამ შეუძლებელი სულაც არ არის, ამგვარი ურთიერთჩარევა თავიდან ავიცილოთ თვით ორი სისტემის ფუნქციონირების პირობებშიც კი. ამის მიღწევის ეფექტური საშუალება ისაა, რომ როგორც ერთმა, ისე მეორე მხარემ თავი შეიკავოს იმ ობიექტების დაბეგვრისგან, რომლებზეც გდასახადის შეწერა ორივე მხარისთვის ერთნაირად პრიორიტეტულია. ვინაიდან მათ არ აქვთ ერთმანეთის გაკონტროლების შესაძლებლობა, ორივე მხარე აშკარასა და გონივრულ ინტრესს გამოიჩენს ამგვარი ურთიერთთავშეკავებისადმი. სადაც უშუალო საერთო ინტერესი არსებობს, შეგვიძლია მისი მოქმედების იმედად ვიყოთ. ვალების გასტუმრებისა და კვალად შტატების ხარჯები ბუნებრივ კალაპოტში ჩადგება და უფლებამოსილებათა ურთიერთგადაკვეთის შესაძლებლობაც თითქმის გაქრება. მცირე გადასახადი მიწაზე დააკმაყოფილებს შტატების ინტერესს და მათი შემოსავლის ყველაზე მარტივი, და ამავე დროს, ყველაზე შესაფერისი წყარო იქნება.
ხალხის დასაფრთხობად ათასნაირი მოჩვენება შექმნეს შიდა დაბეგვრის უფლებამოსილებისგან: გააორმაგეს საგადასახადო ინსპექტორთა რაოდენობა, შემოიღეს ორმაგი დაბეგვრა, რამაც საგადასახადო ტვირთი ორმაგად დაამძიმა, საძულველი და დესპოტური საარჩევნო გადასახადის ერთობ საზარელი ფორმები  გამოიგონეს და ყოველივე ამას არნახული სიმარჯვით იყენებდნენ პოლიტიკური ოინბაზები თავიანთ თამაშებში.
რაც შეეხება პირველ პუნქტს, ორ შემთხვევაში არ გაორმაგდება გადასახადების ამკრეფთა რიცხოვნება. ჯერ ერთი, როცა იმპორტის დაბეგვრის ექსკლუზიური უფლება კავშირს აქვს მინიჭებული, მეორეც, როცა ობიექტი არ შედის იმ ობიექტთა სათვალავში, რომელთა დაბეგვრა შტატის წესდებითა თუ დებულებით რეგულირდება, ამგვარ წესდებას კი უამრავი ობიექტი ექვემდებარება. სხვა შემთხვევებში მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატები ან მთლად შეიკავებს თავს იმ ობიექტთა დაბეგვრისაგან, რომლებიც წინდაწინ არიან შემონახულნი ადგილობრივი მიზნებისათვის, ანდა იგი შტატის თანამდებობის პირებსა და წესებს გამოიყენებს დამატებითი გადასახადის ამოსაღებად. ეს ყველაზე საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ სახელმწიფო ხაზინაში შემოსავლები შევიდეს, ვინაიდან ამ გზით იზოგება გადასახადების აკრეფისთვის საჭირო სახსრები და არანაირი საბაბი არ რჩება, რასაც შესაძლოა, შტატის მთავრობებისა და ხალხის უკმაყოფილება გამოეწვია. ყოველ შემთხვევაში, ეს ყველაზე პრაქტიკული საშუალებაა, რათა უხერხულობანი თავიდან ავიცილოთ, არაფერი სხვა არ არის საჭირო, გარდა იმის ჩვენებისა, რომ იმ ბოროტებად, რომლებსაც გვიწინასწარმეტყველებენ, სულაც არ უწერიათ ახდომა, თუკი შემოთავაზებული პროექტი განხორციელდა.
რაც შეეხება ნებისმიერ არგუმენტს, რომელიც ზეგავლენის სავარაუდო სისტემიდან გამომდინარეობს, პასუხად საკმარისია ითქვას, რომ უპრიანი იქნება ასეთი რამ არ დაგვეშვა. თუმცა ამ ვარაუდზე უფრო ზუსტი პასუხის გაცემაც შეიძლებოდა. თუ ასეთი სულისკვეთება გაუჯდა კავშირის საბჭოებს, მაშინ ყველაზე საუკეთესო საშუალება მიზნის მისაღწევად ის იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი შტატის თანამდებობის პირი გამოვიყენოთ და რაც შეიძლება მაღალი გასამრჯელოს დანიშვნის გზით მათ კავშირისადმი ერთგულების გამოვლენის საშუალება მივცეთ. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, შტატის ზეგავლენის ნაკადი ეროვნული მთავრობის არხებში მივუშვათ ნაცვლად იმისა, რომ ფედერალური ნაკადისთვის მიგვეცა საპირისპირო და მტრული მიმართულება. მაგრამ ასეთი ვარაუდები შეურაცხმყოფელია და ისინი უნდა გავაძევოთ იმ დიადი საკითხის განხილვიდან, რაც ჩვენი ხალხის წინაშე დგას. მათ სხვა მიზანი არ აქვთ, თუ არა ის, რომ ჩრდილი მიაყენონ ჭეშმარიტებას.
რაც შეეხება ვარაუდს ორმაგი დაბეგვრის შემოღების თაობაზე, მასზე პასუხი ნათელია. კავშირის მოთხოვნილებანი ამა თუ იმნაირად დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს; თუ ამას ფედრალური მთავრობა მიხედავს, მაშინ ეს აღარ იქნება შტატების საქმე; გადასახადების ოდენობა კი ორივე შემთხვევაში იგივე უნდა დარჩეს; მაგრამ თუ წესს კავშირი დაადგენს, მაშინ საქმე შემდეგ უპირატესობასთან გვექნება: იმ რესურსის  მოცულობა, - საიდანაც ვაჭრობაზე დაწესებული გადასახადების ამოღება ხდება და რომელიც შემოსავლის მიღების ყველაზე მოხერხებული დარგია, – შეიძლება უფრო გონივრულად გაიზარდოს ფედერალური რეგულირების პირობებში, ვიდრე მაშინ ამას შტატის მთავრობა აკეთებს; და რა თქმა უნდა, აუცილებელი არ იქნება უფრო უხერხული მეთოდების გამოყენება. კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ თუ წინააღმდეგობა შეექმნა შიდა დაბეგვრის უფლებამოსილებათა განხორციელებას, საშუალებანი სიძნელეების თავიდან ასაცილებლად უდიდესი რუდუნებით იქნება შერჩეული; ფედერალური მთავრობა ძალ – ღონეს არ დაიშურებს, რომ სიმდიდრე საზოგადოებრივი ხაზინის მოხარკედ აქციოს, რათა მინიმუმდე დაიყვანოს ისეთი დაბეგვრის აუცილებლობა, რომელმაც შესაძლოა, საზოგადოების უღატაკესი და ყველაზე მრავალრიცხოვანი ფენების უკმაყოფილება გამოიწვიოს. დიდებულია, როცა ძალაუფლების შენარჩუნებისადმი მთავრობის ინტერესი და საზოგადოებრივი ტვირთის მართებულად გადანაწილება ჰარმონიულად თანამშრომლობენ, რათა თავიდან ავიცილოთ ის, რომ  საზოგადოების ყველაზე ღატაკი ნაწილი დაიჩაგროს!
რაც შეეხება სააარჩევნო გადასახადს, უყოყმანოდ უნდა გამოვხატო ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება მის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ იგი ოდითგანვეა გაბატონებული [1] იმ შტატებში, რომლებიც ერთნაირი შეუპოვრობით იცავდნენ თავიანთ უფლებებს, სამწუხარო იქნება, თუ მას ეროვნული მთავრობა შემოიღებს. მაგრამ ნამდვილად უნდა შემოგვეღო კი იგი იმის გამო, რომ არსებობს ძალაუფლება, რომელსაც მისი შემოღება შეუძლია? კავშირის ყოველ შტატს აქვს მისი დაწესების უფლება, მაგრამ რამდენიმე შტატში წარმოდგენაც კი არ აქვთ მის შესახებ. მაგრამ უნდა დავდოთ კი ტირანულობაში ბრალი მთავრობებს იმის გამო, რომ მათ ხელში ამგვარი უფლებამოსილებაა? თუ ამ შეკითხვას უარყოფითად ვპასუხობთ, მაშინ რითია გამართლებული ის, რომ ამგვარი უფლებამოსილების გამო ეროვნულ მთავრობას ვადანაშაულებთ, ანდა დაბრკოლებას ვუქმნით მის მშენებლობას? მიუხედავად იმისა, რომ ეს გადასახადი მე მაინცა და მაინც გულზე არ მეხატება, იმაში მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ფედერალურ ხელისუფლებას მისი გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეს. დრო და დრო ყველა სახელმწიფოში იქმნება საგანგაშო ვითარება, რა დროსაც საზოგადოებრივი კეთილდღეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ისეთ საშუალებებს მიმართავენ, რომლებსაც ჩვეულებრივ ვითარებაში არ იყენებენ ხოლმე. საგანგებო ვითარებათა გათვალიწინებით, სახელმწიფოს მისი გამოყენების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. იმ ობიექტების სიმწირე ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც შეიძლებოდა საგადასახადო შემოსავლების პროდუქტიულ წყაროდ მიგვეჩნია, თავისთავად არის საფუძველი იმისა, რომ ამ მიმართებით ეროვნული კრების უფლებამოსილებანი არ შეგვეზღუდა. საარჩევნო გადასახადმა შეიძლება, შემოსავლის ფასდაუდებელ წყაროდ მოგვევლინოს, თუ ქვეყანაში კრიტიკული და ბობოქარი მდგომარეობა შეიქმნა. მე არაფერი ვიცი ისეთი, რაც ქვეყნიერების ამ ნაწილს თავიდან  ააცილებდა იმ საერთო უბედურებებს, რაც მის სხვა ნაწილებს დასტყდომია თავს,  ამიტომაც ვერ მოვიწონებდი ვერც ერთ პროექტს, რომელიც იმაზე იქნებოდა გათვლილი, რომ მთავრობისთვის ხელიდან წაეგლიჯა ნებისმიერი იარაღი, რასაც იგი უკიდურესი აუცილებლობის დროს საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის გამოიყენებდა.
იმ უფლებმოსილებათა განხილვა დავასრულე, რომელთა მინიჭებაც იგეგმება ფედერალური მთავრობისთვის, რათა იგი ბევრად უფრო ენერგიული და ეფექტური გახდეს და კავშირის დიადი და პირველხარისხოვანი მიზნების განხორცილება შეძლოს. რა თქმა უნდა, მას ბევრი სხვა უფლებაც აქვს, რომელთა შესახებ არაფერი გვითქვამს. თუმცა საკითხზე უფრო სრული წარმოდგენის შესაქმნელად, მათ ჩვენი კვლევების მომდევნო განყოფილებაში განვიხილავთ. ვიმედოვნებ, რომ ის, რისი გაკეთებაც აქამდე მოხერხდა, საზოგადოების წრფელი და გონიერი  ნაწილის კმაყოფილებას გამოიწვევს: საფუძველი გამოეცალა ზოგ ისეთ შესიტყვებას, ყველაზე მრისხანედ რომ გამოიყურებოდნენ და კონსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლაში შეუპოვრობით  გამოირჩეოდნენ. ამასთანავე, ისიც გამჟღავნდა, რომ თუ მათ გავითვალიწინებდით კონსტიტუციის პროექტში, ისინი სრულიად შეუფერებელნი იქნებოდნენ საზოგადოებრივი ბედნიერებისა და კეთილდღეობის მიზნებისთვის. იმისაც მეიმედება, რომ შემოთავაზებული სისტემის  უფრო კრიტიკული განხილვის შემდეგ კარგი მთავრობის ყველა წრფელი და მიუკერძოებელი ქომაგი უფრო მეტად მოიწონებს მას. ამ ყაიდის ხალხს ყოველგვარი ეჭვი გაეფანტება მისი მიღების მართებულობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე. ბედნიერები ვიქნებით ჩვენც და ადამიანურ ბუნებასაც დიდად ვაამებთ, თუ სათანადო სიბრძნესა და სიქველეს გამოვიჩენთ და  კაცობრიობის წინაშე დიდებული ნიმუშის სახით წარვდგებით.
პუბლიუსი

[1] ახალი ინგლისის შტატები ( პუბლიუსი)

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group