ფედერალისტი # 56 : მედისონი (ალექსანდრე ჰამილტონთან ერთად)
1788წ. 16 თებერვალი
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
მეორე ბრალდება წარმომადგენელთა პალატის წინააღმდეგ იმაში მდგომარეობს, რომ იგი მცირერიცხოვანი იქნება და მისი წევრები სათანადოდ გათვითცნობიერებულნი არ იქნებიან ამომრჩევლთა ინტერესებშიო.
ამგვარ შესიტყვებას უთუოდ ის მეთოდი ასაზრდოებს, რომელიც წარმომადგენელთა შემოთავაზებულ რიცხოვნებას შეერთებული შტატების უზარმაზარ ტერიტორიას, მისი მოსახლეობის რაოდენობასა და მის მრავალფეროვან ინტერესებს უდარებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამგვარი შედარებისას არ ითვალისწინებენ იმ გარემოებებს, რაც კონგრესს სხვა საკანონმდებლო ორგანოებისგან განასხვავებს. ამიტომ ზემოაღნიშნულ ბრალდებაზე საუკეთესო პასუხი იმის გარკვევა იქნებოდა, თუ რაში მდგომარეობს კონგრესის თავისებურებანი.
უთუოდ საღი და მნიშვნელოვანი პრინციპია იმის მოთხოვნა, რომ წარმომადგენლები ამომრჩეველთა ინტერესებსა და გარემოებებს უნდა იცნობდნენო. მაგრამ საქმე ისაა, რომ იგი მხოლოდ იმ ინტერესებსა და გარემოებებზე ვრცელდება, რომლებთანაც უშუალოდ აქვს საქმე ამა თუ იმ წარმომადგენელს. სწორედ ამ ვითარებითაა განპირობებული ის, რომ საკანონმდებლო მოღვაწეობის ყურადღების მიღმა რჩება უამრავი წვრილმანი და განსაკუთრებული რამ, რასაც ზედ ერთვის ისეთ თვისებათა არცოდნაც, რაშიც სათანადოდ უნდა ერკვეოდეს წარმომადგენელი, რათა მან საკანონმდებლო ნდობის გამართლება შეძლოს. ამიტომ ვიდრე ცოდნის იმ მოცულობას დავადგენდეთ, რომელიც აუცილებელია ამა თუ იმ უფლებამოსილებით აღჭურვილი კანონმდებლისთვის, რათა მან მოვალეობის მართებულად აღსრულება შეძლოს, უპრიანი იქნებოდა გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნა იმ საქმეთა და საგანთა შესახებ, რომელნიც მისი უფლებამოსილების სფეროში შედიან.
რა არის ფედერალური კანონმდებლობის საგანი? ვაჭრობა, დაბეგვრა და სახალხო ლაშქარი აი, სამი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რაც ადგილობრივ გარემოებათა გამოწვლილვით ცოდნას მოითხოვს. სადღაც შევნიშნეთ კიდეც, რომ ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების მოსაწესრიგებლად აუცილებელია, კანონმდებელი ღრმად იყოს ჩახედული საქმეშიო. მაგრამ საქმე ის არის, რომ ამა თუ იმ შტატის ადგილობრივ კანონებთან და მდგომარეობასთან დაკავშირებული ცნობების ფედერალურ საბჭოებში მისატანად რამდენიმე წარმომადგენელია საკმარისი.
დაბეგვრის სფეროში ისეთი მოსაკრებლები შევლენ, რომელნიც, დიდ წილად ვაჭრობის მოწესრიგებასთან იქნებიან დაკავშირებულნი. ამდენად, ზემომოტანილი შენიშვნა ამ საკითხსაც შეეხება. მაგრამ რამდენადაც ამგვარ გადასახადში, შესაძლოა, შიდა გამოსაღებიც შევიდეს, კანონმდებელს ადგილობრივ გარემოებათა უფრო ფართო და მრავალმხრივი ცოდნა დასჭირდება. მაგრამ განა თითზე ჩამოსათვლელი არ არიან ის ადამიანები, ვისაც ამგვარი ცოდნა ექნება და შტატის ამა თუ იმ ოლქიდან იქნებიან არჩეულნი? დაჰყავით ვრცელი შტატი ათ ან თორმეტ რაიონად და დარწმუნდებით, რომ არ არსებობს ისეთი კერძო ინტერესი, რომლის თაობაზეც საქმის კურსში არ იყოს ამა თუ იმ რაიონიდან არჩეული წარმომადგენელი. ცნობათა ამგვარი წყაროს გარდა კანონმდებელს სათანადო გზამკვლევობას ის კანონები გაუწევენ, რომელთა შედგენაშიც სხვადასხვა ოლქის წარმომადგენლებს მიუღიათ მონაწილეობა. თითოეულ შტატში უკვე შემოღებულია ის წესები, რომელნიც დაბეგვრას აწესრიგებენ და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამგვარი საქმიანობა კვლავაც გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, ფედერალურ კანონმდებელს აღარ დასჭირდება დიდი ძალისხმევა; საკმარისი იქნება, რომ მან ერთმანეთს შეუდაროს სხვადასხვა შტატში დადგენილი წესები და საერთო იურიდიულ აქტში გააერთიანოს ისინი. ალღოიან კანონმდებელს, რომელსაც ხელი მიუწვდება სხვადასხვა კოდექსზე, არ გაუჭირდება ის, რომ კაბინეტიდან გაუსვლელად, ზეპირი შეტყობინებების გარეშე, შეადგინოს მთელი კავშირის საგადასახადო კანონმდებლობა. საქმე ეხება იმ კანონებს, რომელნიც ძალზე მარტივ გადაწყვეტილებათა შესაძლებლობას იძლევიან იმ შემთხვევებში, როცა აუცილებელი ხდება საშინაო გადასახადის შემოღება და ამ საკითხში შტატებს შორის ერთგვაროვნების მიღწევა. იმ პირობებში, როცა ფედერალურ კანონონმდებლებს ხელთ აქვთ სხვადასხვა შტატის საგადასახადო კოდექსი, მათ ძალზე გაუადვილდებათ კანონშემოქმედება. ამაში დასარწმუნებლად ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ესა თუ ის შტატი რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი და თითოეულ მათგანში ცალკე საგადასახადო კოდექსი მოქმედებს. ცხადია, რომ ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ ყველა საჭირო ცნობა და მოსამზადებელი სამუშაოს შედეგები საოქმო ჩანაწერების რამდენიმე ტომში იქნება თავმოყრილი. განა ეს ამოცანას არ შეუმსუბუქებს ფედერალურ საკანონმდებლო კრებას და განა წარმომადგენელთა უფრო მცირერიცხოვანი გუნდი არ იქნება საკმარისი ამგვარი სამუშაოს შესასრულებლად? კიდევ ერთი გარემოება არსებობს, რაც ფედერალურ საბჭოებს დიდად წაადგებათ. საქმე ის არის, რომ შტატის წარმომადგენლები ფედერალურ საკანონმდებლო საქმიანობაში ადგილობრივ გარემოებებთან დაკავშირებულ გამოცდილებას ჩააქსოვენ, რაც ფედერალურ წარმომადგენლებს ამა თუ იმ ოლქის შესახებ შესაბამის ცოდნასთან ზიარების შესაძლებლობას მისცემს. ამგვარ უპირატესობას ისიც ზედ დაემატება, რომ შტატის მიერ წარმოგზავნილი დეპუტატები შეიძლება, შესაბამისი საკანონმდებლო ორგანოს წევრებიც იყვნენ, სადაც ამ თუ იმ ოლქის შესახებ სათანადო ინფორმაციაა თავმოყრილი. აქედან უფრო ადვილია მისი მიწოდება შეერთებული შტატების წარმომადგენელთა კრებისთვის. ამ საქმეს რამდენიმე პირიც თავს ადვილად გაართმევს.
დაბეგვრის თაობაზე გაკეთებული ამგვარი შენიშვნები სრულიად მართებულია სახალხო ლაშქრის მიმართაც. სხვადასხვა შტატში მოქმედი წესდებანი შესაძლოა, ერთობ განსხვავებულნი იყვნენ ერთმანეთისგან. მაგრამ საქმე ის არის, რომ ერთ რომელიმე შტატში ერთი და იგივე წესდება მოქმედებს და ამ მხრივ მის სხვადასხვა ნაწილს შორის განსხვავება თითქმის არ არსებობს. ყოველივე ეს ხომ ადგილობრივ გარემოებებზეა დამოკიდებული! ეს უკანასკნელნი კი ამა თუ იმ შტატის სხვადასხვა ნაწილში თითქმის ერთი და იგივეა.
მას, ვინც ყურადღებით კითხულობს წინამდებარე წერილებს, არ გაუჭირდება იმის შემჩნევა, რომ ერთმანეთს სრულიადაც არ ეწინააღმდეგება ზემომოტანილი ორი მოსაზრება. ერთი მათგანის მიზანი წარმომადგენელთა მოზომილი რიცხოვნების გამართლებაა, ხოლო რაც შეეხება მეორეს, იგი სრულიად სხვა საკითხთან დაკავშირებით წამოვაყენეთ. საქმე ეხებოდა იმას, თუ რამდენად ფართო ცოდნით უნდა იყვნენ აღჭურვილნი წარმომადგენლები და რამდენი დროა საჭირო იმისთვის, რომ მათ სათანადო ცოდნა შეიძინონ. ერთი მხრივ აუცილებელია, მაგრამ ამავე დროს ძნელიცაა ის, რომ ფედერალური კანონმდებელი ადგილობრივ საკითხებში იყოს გათვითცნობიერებული. მაგრამ ეს ასე არ არის იმის გამო, რომ ერთ რომელიმე შტატში არაერთგვაროვანი კანონები მოქმედებენ და განსხვავებულ გარემოებებთან გვაქვს საქმე. მთავარი ეს კი არ არის, არამედ ის განსხვავებაა ძალზე საყურადღებო, რომელიც, ამ მხრივ, სხვადასხვა შტატებს შორის არსებობს. რომელიმე ცალკე შტატში ერთი და იგივე კანონები მოქმედებენ და ის ინტერესები, რომელნიც მის სხვადასხვა ნაწილებს აქვთ ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან. ამიტომ ადგილობრივ საქმეებში ჩახედული რამდენიმე კაციც კი საკმარისია, რათა მათ ამგვარი ინტერესები შესაბამისად წარმოადგინონ. ცალკეული შტატის ინტერესები და საქმეები სრულიად მარტივნი და ერთგვაროვანნი რომ ყოფილიყვნენ, მაშინ მისი ნებისმიერი ნაწილიდან ერთი წარმომადგეენლიც კი საკმარისი იქნებოდა, რათა მას სათანადოდ წარმოედგინა როგორც მისი ნებისმიერი სხვა ნაწილის, ისე სრულიად შტატის ინტერესები და საქმეები. მაგრამ თუ ერთმანეთს შევუდარებთ სხვადასხვა შტატებს, დავინახავათ, რომ მათ შორის ძალიან დიდი განსხვავება არსებობს კანონმდებლობისა და სხვა გარემოებათა მხრივ, რანიც ფედერალურ საკანონმდებლო საკითხებთან არიან დაკავშირებულნი. ბუნებრივია, რომ ფედერალურ კანონმდებელს მათ შესახებ გარკვეული წარმოდგენა უნდა ჰქონდეს. ასე რომ, შტატების რამდენიმე წარმომადგენელი ადგილობრივ გარემოებათა სათანადო ცოდნით იქნება აღჭურვილი. ეს კი ფედერალურ წარმომადგენელს შესაძლებლობას მისცემს სათანადოდ ჩაიხედოს თითოეული შტატის საქმეებსა და გარემოებებში. უნდა ითქვას, რომ ამა თუ იმ შტატის ახლანდელ მდგომარეობაში დროის მიერ შეტანილი ნებისმიერი ცვლილება მათ შორის დაახლოების საქმეს წაადგება. რაც შეეხება ცალკეული შტატის საშინაო საქმეებს, მათზე დროის ეფექტი სრულიად საპირისპიროდ იმოქმედებს. დღესდღეობით ზოგიერთი შტატი ოდნავ თუ განსხვავდება მიწათმოქმედთა საზოგადებისგან. ერთმა - ორმა შტატმა თუ გადადგა სათანადო ნაბიჯი წარმოების იმ დარგთა განვითარების მიმართულებით, რაც ამა თუ იმ ქვეყნის ცხოვრებას მრავალფეროვნებასა და გარკვეულ სირთულეს ანიჭებს. მოსახლეობის ზრდასთან ერთად მრეწველობის ამგვარი დარგებიც განვითარდება; ეს კი აუცილებელს გახდის იმას, რომ ამა თუ იმ შტატის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მრეწველობის ამა თუ იმ დარგის განვითარებასთან არის დაკავშირებული, უფრო სრულად იყოს წარმოდგენილი ფედერალურ კრებაში. კონვენტმა, რა თქმა უნდა, გაითვალისწინა ეს გარემოება და წინდაწინვე დაიჭირა თადარიგი საიმისოდ, რომ მოსახლეობის ზრდასთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლობითი შტოს რიცხოვნების ზრდაც მომხდარიყო.
ჩვენ მიერ გაკეთებული დასკვნების სისწორეს დიდი ბრიტანეთის გამოცდილებაც ადასტურებს. ლაპარაკია სწორედ იმ ქვეყნის გამოცდილებაზე, რომელმაც უამრავი ჭკუის სასწავლი და გამაფრთხილებელი პოლიტიკური მაგალითი მისცა კაცობრიობას. ორივე სამეფოს – ინგლისისა და შოტლანდიის – მოსახლეობა რვა მილიონს აღწევს. თემთა პალატაში მას ხუთას ორმოცდათვრამეტი წარმომადგენელი ჰყავს. მათგან ერთი მეცხრედი არჩეულია შეფარდებით: ერთი წარმომადგენელი ყოველ სამას სამოც პირზე; წარმომადგნელთა საერთო რაოდენობის ერთ მეორედს კი შემდეგი შეფარდებით ირჩევენ: ერთი წარმომადგენელი ყოველ შვიდას ოცდასამ კაცზე [1]. წარმოუდგენელია ვიფიქროთ, რომ მათი ნახევარი მნიშვნელოვან რამეს ჰმატებდეს ხელისუფლებისგან ხალხის დაცვის საქმეს; მით უფრო, რომ ამ ხალხის უმრავლესობას არაფერი აქვს საერთო მოსახლეობის ფართო ფენებთან. ალბათ, არც იმის ფიქრი იქნება უპრიანი, რომ ისინი ფედერალურ წარმომადგენლებს უკეთ გააცნობენ ადგილობრივ გარემოებებსა და მათთან დაკავშირებულ ინტერესებს. პირიქით, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს ხალხი, უფრო ხშირად აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის ინტერესებს ემსახურება და იმ იარაღს წარმოადგენს, რომელსაც იგი მოხერხებულად იყენებს, ვიდრე ხალხის უფლებებს გუშაგობდეს და მათ ერთგულ დამცველად გვევლინებოდეს. ამიტომ ისინი კიდეც უნდა გამოვრიცხოთ ნამდვილ სახალხო წარმომადგენელთა რიცხვიდან. ამ კატეგორიის ხალხს მხოლოდ ამ თვალსაზრისით განვიხილავთ, მაშინ, როცა გამორიცხვას არ ვავრცელებთ წარმომადგენელთა ერთ ნაწილზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც არ ცხოვრობენ ხალხის წიაღში და ძალზე ძუნწად იცნობენ მის საქმეებს. ყველა ამგვარი პირობის გათვალისწინებით, რვა მილიონი ადამიანის უსაფრთხოებაზე, ინტერესთა დაცვასა და ბედნიერებაზე მთელი პასუხისმგებლობა ორას სამოცდაცხრამეტ პირს აწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ სახალხო კრების ერთი წარმომადგენელი
ოცდარვაათას
ექვსასა
სამოცდაათი
ამომრჩევლის ნებას გამოხატავს. ამასთანავე, ზემოაღნიშნული ორგანო აღმასრულებელი ხელისუფლების მხრივ უზარმაზარ ზეწოლას განიცდის იმ დროს, როცა მისი უფლებამოსილება ხალხის საკანონმდებლო აქტივობის ყველა დარგს სწვდება. ხალხისა, რომელიც მეტად მრავალფეროვანი და რთული ცხოვრებით ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, უდავოა, რომ დიდ ბრიტანეთში თავისუფლება დიდწილად უზრუნველყოფილია, ხოლო იმ ნაკლში, რომელიც მის კანონმდებლობას ახასიათებს, ოდნავ თუ უდევს წილი იმას, რომ წარმომადგენელები სათანადოდ არ იცნობენ ხალხის ცხოვრებას. მოვეპყრათ ამ მაგალითს ჯეროვანი ყურადღებით და შევუდაროთ იგი წარმომადგენელთა პალატის ზემომოტანილ ნიმუშს. თუ ასე მოვიქცევით, მტკიცედ დავრწმუნდებით იმაში, რომ ერთი წარმომადგენელი
სამი
ათას
მაცხოვრებელზე
სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მან სათანადოდ მოუაროს და საქმის ცოდნით დაიცვას მისდამი რწმუნებული ინტერესები.
პუბლიუსი