ფედერალისტი # 63 : მედისონი
1788წ. I მარტი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

მეხუთე სანუკვარი სურვილი, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ სენატის დაარსება სასარგებლოა, ეროვნული მთლიანობის განცდის არქონით არის განპირობებული. ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, თუ არ გვეყოლა ხელისუფლების არჩეული და მდგრადი წევრები, უწიგნური და მერყევი პოლიტიკა შეარყევს ჩვენს რეპუტაციას უცხო ქვეყნების თვალში. ეროვნული საბჭოები კი გარე სამყაროს შეხედულებათა მიმართ ალღოს მოკლებულნი იქნებიან. ამ უკანასკნელის გარეშე კი სახელმწიფო ვერც დაიმსახურებს და ვერც მოიპოვებს პატივისცემას საერთაშორისო არენაზე.
ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა სახელმწიფო ამახვილებდეს ყურადღებას იმაზე, თუ რა შეხედულებისანი არიან მის შესახებ უცხო ქვეყნები; ჯერ ერთი, მიზეზთა და მიზეზთა გამო სასურველია ის, რომ ესა თუ ის გეგმა ან ღონისძიება, უცხო სახელმწიფოთა მხრივ ბრძნულ და პატივსაცემ პოლიტიკად აღიქმებოდეს. მეორეც, ყველა საეჭვო შემთხვევაში, როცა ეროვნული საბჭოები შესაძლოა, რომელიმე მძაფრმა ვნებამ თუ წუთიერმა ინტერესმა შერყვნას, მიუკერძოებელი მსოფლიოს აზრი, შეიძლება, გზამკვლევადაც კი გამოგვადგეს. რამდენი რამ დაკარგა ამერიკამ იმით, რომ იგი ვერანაირი რეპუტაციით ვერ სარგებლობს უცხო ქვეყნების თვალში! რამდენ შეცდომასა და სისულელეს აიცილებდა იგი თავიდან, თუკი თავისი პოლიტიკური ღონისძიებების სამართლიანობასა და მართებულობას თავიდანვე კაცობრიობის მიუმხრობელი ნაწილის თვალით შეხედავდა!
მაგრამ რა აუცილებელიც უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ცნობიერება, აშკარაა, რომ იგი საკმარისი დოზით ვერ ექნება ისეთ სახელისუფლებო სტრუქტურას, რომელიც მრავალრიცხოვანი წევრებისგან შედგება და გამუდმებულ ცვალებადობას განიცდის. სახელმწიფო მხოლოდ მაშინ განიცდება საერთო – ეროვნულ სიდიდედ, როცა სამთავრობო უწყებაში ცოტა თანამდებობის პირია დასაქმებული და თითოეული მათგანი პირადად აგებს პასუხს ამა თუ იმ პოლიტიკური ღონისძიების წარმატებისა თუ ჩავარდნის გამო. სახელმწიფოებრივი შეგნება შეიძლება, საკანონმდებლო კრების წევრებსაც ასულდგმულებდეს, მაგრამ საამისოდ აუცილებელია, რომ ის ნდობა, რომელიც მათ ხალხმა გამოუცხადა, მდგრადი იყოს, რათა კანონმდებელთა პატივი და ღირსება მთელი საზოგადოების რეპუტაციასა და აყვავებას შეერწყას. ძნელი წარმოსადგენია, რომ როდ აილენდის წარმომადგენლებს, რომლებსაც ექვსი თვის ვადით ირჩევენ, უცხო ქვეყნების ან თუნდაც მოძმე შტატების აზრი გაეთვალისწინებინათ იმ ღონისძიებათა უმართებულობის თაობაზე, რომელნიც მათ შემოიღეს. მაგრამ სულ სხვაა, თუ მათი გადაწყვეტილებების ასამოქმედებლად აუცილებელი გახდებოდა არჩეული და მდგრადი სახელისუფლებო სტრუქტურის თანხმობა. ამ შემთხვევაში ეჭვგარეშეა, რომ მარტო სახელმწიფოს რეპუტაციასთან დაკავშირებული მოსაზრებაც კი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რათა ამ შტატის შეცდომაში შეყვანილ მოსახლეობას თავიდან აეცილებინა ყველა ის უბედურება, რომელიც მას თავს დაატყდა.
აქვე ვიტყოდი მეექვსე ნაკლის შესახებაც. მხედველობაში მაქვს ის, რომ ზოგიერთ გადამწყვეტ შემთხვევაში მთავრობის წევრები არ განიცდიან სათანადო პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე. ამის მიზეზი ისაა, რომ არჩევნები ხშირად ტარდება, თუმცა სხვა შემთხვევებში ასეთი რამ ხელსაც კი უწყობს თანამდებობის პირებში ჯეროვანი პასუხისმგებლობის წარმოშობას. ასეთი შენიშვნა არა მარტო ახლებურად, არამედ პარადოქსულადაც კი მოგვეჩვენება. მიუხედავად ამისა, მე  შევეცდები მის განმარტებას, რის შემდეგაც დავინახავთ, რომ იგი იმდენადვე  უეჭველია, რამდენადაც მნიშვნელოვანი.
თანამდებობის პირის გონივრული პასუხისმგებლობა იმ ამოცანებით უნდა შემოიფარგლებოდეს, რომლებიც მისი უფლებამოსილების წრეში შედიან. იმისთვის, რათა იგი ქმედითი იყოს, მისი პასუხისმგებლობა ხელისუფლების ისეთი უწყების მოღვაწეობაში უნდა იჩენდეს თავს, რომლის შედეგებსაც ამომრჩეველი სათანადოდ შეაფასებდა. ხელისუფლების ამოცანები, შესაძლოა, ორ ძირითად ჯგუფად დაიყოს. ერთ ჯგუფში ისეთი ამოცანები შევლენ, რომელთა შესრულება უშუალო და შესამჩნევ მოქმედებაზეა დამოკიდებული. მეორე ჯგუფში შემავალი ამოცანების შესასრულებლად კი აუცილებელია, წინასწარ საგულდაგულოდ გვქონდეს შერჩეული ისეთი ურთიერთდაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც ნელი და თითქმის შეუმჩნეველი მოქმედებით ხასიათდებიან. თავისთავად ცხადია და ახსნა – განმარტებას არ საჭიროებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნაში კოლექტიური და მდგრადი კეთილდღეობის მისაღწევად ის ამოცანები, რომელნიც მეორე ჯგუფში ერთიანდება. ამიტომ ცხადია, რომ საკანონმდებლო კრებას, რომელიც ეგზომ მოკლე ვადითაა არჩეული, ვერ დავაკისრებთ პასუხისმგებელობას საერთო კეთილდღეობაზე, ვინაიდან ღონისძიებათა ჯაჭვიდან იგი ერთი თუ ორი რგოლის შესრულებასღა თუ მოასწრებს. ასეთი რამ იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ ადამიანისთვის, ვისაც მეურნეობა ერთწლიანი არენდით აქვს აღებული, მისი ისეთი გაუმჯობესება დაგვეკისრებინა, რისთვისაც, სულ ცოტა, ექვსი წელი იქნებოდა საჭირო. ასევე შეუძლებელი იქნება ის, რომ ამომრჩეველმა შეაფასოს ის წვლილი, რომელიც ერთი წლის ვადით არჩეული საკანონმდებლო კრების წევრს მიუძღვის იმ საქმეების მოგვარებაში, რომელთა მოსაწესრიგებლადაც რამდენიმე წელია აუცილებელი. გარდა ამისა, საკმაოდ ძნელია ის, რომ მრავალრიცხოვანი საკანონმდებლო ორგანოს თითოეულ წევრს პირადი პასუხისმგებლობა დავაკისროთ ყველა იმ მოქმედებაზე, რომელიც, მართალია, საგრძნობსა და აშკარა ზემოქმედებას ახდენს ამომრჩეველზე,  მაგრამ მთელი საკანონმდებლო ორგანოს მიერ იქნა მიღებული.
ამ ნაკლის აღმოსაფხვრელად აუცილებელი იქნებოდა საკანონმდებლო ორგანოში დამატებითი განშტოების შექმნა. განშტოებისა, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი ვადით იქნებოდა არჩეული და ისეთი უფლებამოსილება მიენიჭებოდა, რაც ამ ყაიდის ამოცანების შესასრულებლადაა საჭირო. საქმე კი იმ ამოცანებს ეხება, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან მუდმივ ყურადღებასა და სათანადო ღონისძიებათა გატარებას  მოითხოვენ. ზემოაღნიშნული ორგანოს წევრები სწორედ ამ შემთხვევაში იქნებოდნენ პირადად პასუხისმგებელნი დასახული ამოცანების შესრულებაზე.
აქამდე განვიხილავდი მხოლოდ იმ გარემოებებს, რომელნიც კარგად მოწყობილი სენატის აუცილებლობას განაპირობებენ. უწინარეს ყოვლისა კი მხედველობაში მისი ის მხარე მქონდა, რომელიც სახალხო წარმომადგენლობასთანაა დაკავშირებული. კარგად მაქვს შეგნებული, რომ ხალხს, რომელსაც მე მივმართავ, ვერც წინასწარი სჯით დააბრმავებ და ვერც პირფერობით შერყვნი. ამიტომ ნათქვამს ერთ რამესაც  უყოყმანოდ დავურთავ: ზემოხსენებული დაწესებულება, შესაძლოა, აუცილებელი იყოს, რათა მან ხანდახან თავიდან აიცილოს საკუთარი წუთიერი შეცდომები და დაბნეულობანი. ის საღი აზრი და დარბაისელი მსჯელობა, რომელიც საზოგადოებას ახასიათებს, უპრიანია, ხელისუფლებაშიც გაბატონდეს. რაც შეეხება თავისუფალ სისტემას, ამგვარი მართვის პირობებში, ადრე თუ გვიან, იგი ყველა მმართველს დაეუფლება. მაგრამ საზოგადოებრივ საქმეთა მდინარებაში არის ისეთი მომენტები, როცა ხალხს ხელს დარევს ხოლმე უმართებულო ვნება, ანდა დაუმსახურებელი სარგებლის მიღების სურვილი აიტანს თუ თავგზას აურევს დაინტერესებულ პირთა მიერ მიკერძოებულად განმარტებული ფაქტები. ყოველივე ამის გამო მან შესაძლოა, ისეთი ღონისძიებების შემოღება მოითხოვოს, რაც შემდეგ სანანებლად და თავში ხელის საცემად გაუხდება. განა ამგვარ კრიზისულ შემთხვევებში საზოგადოებას შვებად არ მოევლინებოდა პატივცემული მოქალაქეებისგან შემდგარი ისეთი სახელისუფლებო უწყება, რომელიც საქმეში ჩაერეოდა და აბობოქრებულ ვნებებს მოთოკავდა? განა იგი არ შეამსუბუქებდა იმ დარტყმის ძალას, რომელსაც ხალხი თავისთავს აყენებს? ნუთუ უპრიანი არ იქნებოდა ამგვარი უწყება მანამ ერეოდეს საქმეში, ვიდრე ხალხის გონებას ისევ  დაეუფლებოდეს გონება, სამართლიანობა და ჭეშმარიტება? ნუთუ ძნელია იმის წარმოდგენა, თუ რაოდენ უბედურებას აიცილებდა თავიდან ათენის ხალხი, მის ხელისუფლებაში ისეთი დაწესებულება რომ ყოფილიყო, რომელიც მას საკუთარი  ვნებების ტირანიისგან დაიცავდა? ხალხის თავისუფლების იდეა კი თავს დააღწევდა  საყვედურს, რომლის ჩამორეცხვას ვერაფრით ახერხებს: მისი სახელით ჯერ ადამიანს საწამლავის დალევას უსჯიან, მერე კი ძეგლებს უდგამენო.
შესაძლოა, ვინმე შეგვესიტყვოს და გვითხრას: ხალხი, რომელიც უზარმაზარ ტერიტორეაზეა მიმოფანტული, შეუძლებელია ისე ადვილად მოექცეს უმართებულო ვნებათა ტყვეობაში, როგორც ათენის მოსახლეობა, რომელიც მცირე  ტერიტორიაზე იყო თავმოყრილიო. ასე რომ, ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში მოჩვენებითია საფრთხე იმისა, რომ მოსახლეობა უსამართლო მიზნით გაერთიანდესო. მე არ უარვყოფ ამგვარი განსხვავების მნიშვნელობას. პირიქით, წინა წერილში სწორედ იმის ჩვენება ვცადე, რომ იგი ერთ-ერთი არსებითი მოსაზრებაა კონფედერაციული რესპუბლიკის სასარგებლოდ. მაგრამ უპრიანი არ იქნებოდა გვეფიქრა, რომ ამგვარი აშკარა უპირატესობა ზედმეტს ხდის უსაფრთხოების სხვა ზომათა გათვალისწინებას. უფრო მეტი, ერთი რამაც მინდა შევნიშნო: ტერიტორიის სიდიდესთან დაკავშირებული უპირატესობა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ჩვენი ქვეყანა დაცულია მცირე რესპუბლიკებისთვის დამახასიათებელ საფრთხეთაგან, მას, შესაძლოა, ნაკლადაც კი შემოუტრიალდეს. უზარმაზარი ტერიტორია ხელისშემშლელ გარემოებად იქცევა მაშინ, როცა საქმე იმაზე მიდგება, რომ ქვეყანა უსწრაფესად დაუბრუნდეს ჯანსაღ მდგომარეობას. საქმე იმ სიტუაციიდან უსწრაფესად გამოსვლას ეხება, როცა მოსახლეობა თავგზაარეულია და იმყოფება იმ შერყვნილი ფაქტების ტყვეობაში, რომელნიც დაინტერესებულმა პირებმა გაავრცელეს.
ისტორია კიდევ ერთ მნიშვნელოვან საბუთს გვაწვდის იმ ფაქტის სახით, რომ ყველა დღეგრძელ რესპუბლიკას თავისი სენატი ჰქონდა. ამგვარი რესპუბლიკების რიცხვს განეკუთვნება სპარტა, რომი და კართაგენი. სპარტასა და რომში სენატორები მთელი სიცოცხლის ბოლომდე თავიანთ თანამდებობებზე რჩებოდნენ. რაც შეეხება კართაგენს, ცოტა რამაა ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ იყო მოწყობილი მისი სენატი. მაგრამ არაპირდაპირი ცნობების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იგი დიდად არ განსხვავდებოდა პირველი ორისაგან. სულ ცოტა, ის მაინც არის ცნობილი, რომ კართაგენის სენატი ღუზის როლს თამაშობდა სახალხო მღელვარებათა პერიოდებში. გარდა ამისა, იგი თავისი წიაღიდან კიდევ უფრო თავისებურ საბჭოს ირჩევდა, რომლის წევრები არათუ სამიდღემჩიოდ ინიშნებოდნენ, არამედ თვითონ ამწესებდნენ ხოლმე ახალ წევრებს გამოთავისუფლებულ ადგილებზე. ამგვარი მაგალითები მისაბაძად არ გამოდგებიან და მიუღებელნი არიან ამერიკული  სულისთვის.  მიუხედავად ამისა, თუ მათ ძველი რესპუბლიკებისთვის დამახასიათებელ გამალებულსა და ბობოქარ ცხოვრებას შევუდარებთ, დავინახავთ, თუ რაოდენ ყურადსაღებნი შეიძლება იყვნენ ისინი, რაკი ისეთი დაწესებულების შემოღების აუცილებლობაში გვარწმუნებენ, რომელიც ერთმანეთს შეუზავებდა მდგრადობასა და თავისუფლებას. სრულად მაქვს გაცნობიერებული ის, თუ რა გარემოებანი  განასხვავებენ ამერიკულ ხელისუფლებას ძველი თუ ახალი დროის სახალხო მთავრობებისგან. ისიც კარგად ვიცი, თუ რაოდენი სიფრთხილე გვმართებს, როცა ერთი მათგანის გამოცდილებას იმისთვის ვიყენებთ, რომ მისგან ისეთი საბუთი გამოვიტანოთ, რომელიც  მმართველობის სხვა ფორმის უპირატესობას ადასტურებს. მაგრამ ასეა თუ ისე, ამ ორ შემთხვევას შორის იმდენად დიდი მსგავსებაა, რომ ღირს ზემომოტანილ მაგალითებზე ყურადღების გამახვილება. როგორც ვნახეთ, არსებობს უამრავი ნაკლი, რომელთა აღმოფხვრა მხოლოდ ისეთი დაწესებულების მეშვეობითაა შესაძლებელი, როგორიც სენატია. საქმე ისეთ ნაკლს ეხება, რომელიც  დამახასიათებელია როგორც საკანონმდებლო კრებისთვის, რომელსაც ხალხი ხშირი არჩევნების შედეგად აყალიბებს ხოლმე, ისე იმ ხალხისთვის, რომელიც ამ ორგანოში თავის წარმომადგენლებს ირჩევს. გარდა ამისა, სახალხო კრებას ბევრი სხვა ზადიც აქვს, რომელთა გამოსწორება მხოლოდ სენატს ხელეწიფება. შეუძლებელია, რომ ხალხმა განზრახ გაყიდოს თავისი ინტერესები. მაგრამ ის კი მოსალოდნელია, რომ მას თავისმა წარმომადგენლებმა უღალატონ. ამგვარი ღალატის ალბათობა კი უფრო დიდია, როცა საკანონმდებლო უფლებამოსილება ერთპალატიანი სახალხო კრების ხელთაა. მაგრამ ზემოხსენებული საფრთხე კლებულობს, როცა ამა თუ იმ საკანონმდებლო აქტის მისაღებად ორი ერთმანეთისგან გამიჯნული და განცალკევებული ორგანოს თანხმობაა აუცილებელი.
ამერკულ რესპუბლიკასა და სხვა რესპუბლიკებს შორის მთავარი განსხვავება წარმომადგენლობის პრინციპში მდგომარეობს. ეს ისეთი საყრდენი წერტილია, რომელიც ჩვენს რესპუბლიკას ამოძრავებს და რომელსაც არც ერთი ძველი რესპუბლიკა არ იცნობს. ამ ვითარებას ხშირად ვუსვამდი ხაზს წინა წერილებში. ასე რომ, არ იქნებოდა სამართლიანი, Yთუ ვინმე იმაში დამადანაშაულებდა, რომ მე თითქოსდა ამგვარ განსხვავებას უგულვებელვყოფდე ანდა სათანადოდ არ ვაფასებდე  მის მნიშვნელობას. ამიტომ სრულიად ლაღად შემიძლია გავაკეთო ერთი შენიშვნა: არ არის სწორი გავრცელებული შეხედულება იმის თაობაზე, თითქოსდა ძველ დროში არ იცნობდნენ წარმომადგენლობით დემოკრატიას იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობასაც ამგვარი მტკიცებისას გულისხმობენ ხოლმე.  იმის დასაცავად, რაც განვაცხადე, ზოგიერთ ფაქტს მოვიტან ისე, რომ ამგვარი რამ უსაგნო კამათში არ გადაიზარდოს.
ბერძნულ რესპუბლიკებში, რომლებიც პირდაპირი დემოკრატიის პრინციპს ემყარებოდნენ, აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციებს თვითონ ხალხი როდი ასრულებდა, არამედ ამგვარ ფუნქციებს მის მიერ არჩეული მოხელეები ასრულებდნენ, რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში მის წარმომადგენლებად გვევლინებოდნენ.
სოლონის მიერ რეფორმების გატარებამდე, საბერძნეთს ცხრა არქონტი განაგებდა, რომელთაც ყოველწლიურად მთელი მოსახლეობა ირჩევდა . უცნობია ის თუ რა მოცულობის უფლებამოსილებას გადასცემდა ხოლმე მას ხალხი. მომდევნო პერიოდში ჩვენ ისეთ სახალხო კრებებს ვაწყდებით, რომელნიც თავდაპირველად ხალხის მიერ ყოველწლიურად არჩეული ოთხასი წევრისგან შედგებოდა, შემდგომ ხანებში კი მათი რაოდენობა ექვსას პირამდე გაიზარდა. იგი ნაწილობრივ წარმოადგენდა ხალხს საკანონმდებლო ხელისუფლების სფეროში. ლაპარაკია ნაწილობრივ წარმომადგენლობაზე, ვინაიდან იგი, გარდა საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნქციისა, განსაკუთრებული საკანონმდებლო უფლებამოსილებითაც იყო აღჭურვილი.  კართაგენის სენატსაც,  მიუხედავად სენატორთა სამსახურებრივი ვადისა და მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებებისა,  როგორც ჩანს, ხალხი ირჩევდა. მსგავსი მაგალითები მრავლად მოიპოვება იმ ხალხთა ისტორიაში, სადაც სახალხო ხელისუფლება არსებობდა.
დაბოლოს, სპარტაში ჩვენ ვაწყდებით ეფოროსებს, რომში კი – ტრიბუნებს. ჩვენ წინაშეა ორი მცირერიცხოვანი სახელისუფლებო დაწესებულება, რომელთა წევრებსაც ყოველწლიურად ირჩევს მთელი ხალხი . ისინი მის წარმომადგენლებად განიხილებიან და თითქმის ყოველგვარი უფლებამოსილებით არიან აღჭურვილნი. კუნძულ კრეტაზეც ხალხი ყოველწლიურად ირჩევდა ე.წ. კოსმებს – კანონთა მცველებს. ზოგიერთი ავტორის აზრით, მათი კრება ეფორებისა და ტრიბუნების ინსტიტუტებს წაგავს იმ განსხვავებით, რომ კრეტაზე საარჩევნო ხმის უფლება არა მთელ ხალხს, არამედ   მხოლოდ მის ნაწილს ჰქონდა.
ამ ფაქტებიდან (და მათ შეიძლება უამრავი სხვაც დავუმატოთ) გამომდინარე, ნათელია, რომ წარმომადგენლობის პრინციპი არათუ უცნობი იყო ძველი ხალხებისთვის,  არამედ ისინი მას პოლიტიკურ მოწყობაშიც კი იყენებდნენ. ნამდვილი განსხვავება ძველ სახელისუფლებო სისტემებსა და ამერიკულ სამთავრობო მოწყობას შორის შემდეგ რამეში მდგომარეობს: მმართველობის ამერიკული სისტემიდან სრულიად გამორიცხულია ხალხი , როგორც კრებითი პირი , ხოლო რაც შეეხება ძველ რესპუბლიკებს, მათეული სისტემა გარკვეულწილად გულისხმობს მართვაში ხალხის წარმომადგენელთა მონაწილეობას . ზემოაღნიშნული განსხვავების ამგვარი განმარტებისას უპირატესობა, უდავოდ, შეერთებული შტატების მხარესაა. მაგრამ საქმე ის არის, რომ ამგვარი უპირატესობით სარგებლობისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და იგი  ჩვენს კიდევ ერთ მთავარ უპირატესობას უნდა შევუხამოთ. უპირატესობა, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ ამერიკა უზარმაზარ ტერიტორიას ფლობს, რამეთუ წარმოუდგენელია ის, რომ წარმომადგენლობით დემოკრატიას რაიმე წარმატება ჰქონოდა ბერძნულ რესპუბლიკებში, რომელთაც ერთობ მცირე ტერიტორიები ეჭირათ.  
აი, გონების მიერ ნაკარნახევი მოსაზრებანი, რომელთა სისწორე უამრავი ისტორიული მაგალითითა და ჩვენი საკუთარი გამოცდილებითაც  დასტურდება. რაღა დარჩენია კონვენტის თავგამოდებულ მოწინააღმდეგეს, თუ არა ის, რომ  გაუთავებლად ერთსა და იმავეს იმეორებდეს: სენატი -  რომლის წევრებსაც უშუალოდ ხალხი არ ირჩევს და თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით ინიშნება, თანდათანობით სახიფათო უპირატესობას მოიპოვებს ხელისუფლებაში და ბოლოს იძულებული შეიქმნება, არისტოკრატიულ ტირანიად გადაგვარდესო.
ამგვარ ზოგად შესიტყვებაზე საკმარისი იქნება,  პასუხიც ზოგადად გაიცეს: თავისუფლებას, შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს თავისუფლებისვე ბოროტად გამოყენება და მას ხიფათი არ ემუქრება მხოლოდ მაშინ, როცა ძალაუფლებას იყენებენ ბოროტად. ერთის მაგალითთებიც მრავლად მოიპოვება და მეორისაც. შეერთებული შტატები უფრო მეორე ტიპის ხიფათს უნდა უფრთხოდეს, თუმცა უფრო გამოწვლილვითი პასუხის გაცემაც შეიძლებოდა.
მინდა შევნიშნო, რომ რევოლუციის გამოსაწვევად ჯერ თვითონ სენატი უნდა გაიხრწნას; მერე ცალკეული შტატის საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა შეირყვნას; ამის მერე ზნეობრივად უნდა დაეცეს წარმომადგენელთა პალატა და ბოლოს  მთელი ხალხი უნდა წახდეს.  თავისთავად ცხადია, რომ ტირანია ისე ვერ დამყარდება, თუ  ჯერ სენატი არ გაიხრწნა. მერე მან ცალკეული შტატის საკანონმდებლო კრება უნდა გარყვნას; თუ ამას არ იზამს, სენატორთა კორპუსის განახლება სახალხო კრებათა შემადგენლობიდან მოხდება, რაკი სენატორები თანამდებობებზე განსაზღვრული ვადით ინიშნებიან. მოგეხსენებათ, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა სენატის თანაბარუფლებიანი პარტნიორია, ამიტომ თუ მან ხელისუფლების ეს ორგანიც არ გახრწნა, ისე მის მუხანათურ ზრახვებს წარმატება არ უწერია. ამის მერე აუცილებელია თვითონ ხალხი  გაირყვნას. მაგრამ თუ სენატმა ამ მიზანს ვერ მიაღწია, ამასობაში ახალი წარმომადგენლები იქნებიან არჩეულნი და პირველადი წესრიგიც აღდგება. ნუთუ არსებობს თუნდაც ერთი ადამიანი, ვინც სერიოზულად ფიქრობს, რომ სენატი ყველა  წინააღმდეგობის გადალახვას მოახერხებს და კანონმოძულე პატივმოყვარეობით აღძრული თავის საწადელს მიაღწევს?
ამ შეკითხვაზე ერთადერთი გონივრული, მაგრამ უარყოფითი პასუხი არსებობს, რომლის სისწორეც გამოცდილებით დასტურდება. ყველაზე შთამბეჭდავ მაგალითს მერილენდის კონსტიტუცია გვთავაზობს. ამ შტატის სენატს, ისე, როგორც ფედერალურს, ხალხი ირჩევს არაპირდაპირი არჩევის გზით. მაგრამ თუ ფედერალური სენატისთვის უფლებამოსილების ექვსწლიანი ვადაა დადგენილი, მერილენდის სენატი ხუთი წლით აირჩევა. მას ერთი თავისებურებაც აქვს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გამოთავისუფლებულ ადგილებზე თვითონვე ნიშნავს ახალ წევრებს მთელი მოწვევის განმავლობაში. მაგრამ ამ შტატის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს სენატის წევრების პერიოდულ როტაციას, როგორც ეს ფედერალური კონსტიტუციით ფედერალური სენატისთვისაა დადგენილი. სხვა უფრო წვრილ – წვრილი განსხვავებებიც არსებობს, რომლებიც ისევ ფედერალური სენატის სასრგებლოდ მეტყველებენ. ასე რომ, თუ ეს უკანასკნელი მართლაც შეიცავს საფრთხეს, რომელზეც ამდენს გვიკიჟინებენ, მერილენდის სენატი, რომელიც უფრო შეუზღუდავი უფლებამოსილებებითა და პრეროგატივებით სარგებლობს  მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე უთუოდ გამოავლენდა გახრწნის რაიმე ნიშანს. პირიქით, თანდათანობით დაცხრნენ მერილენდის კონსტიტუციის მგზნებარე კრიტიკოსები, რომლებიც ძალზე წააგვანან იმ ადამიანებს, ფედერალური კონსტიტუციის შესაბამისი მუხლების წინააღმდეგ რომ ილაშქრებენ.  მერილენდის ხელისუფლებამ კი იმ მოღვაწეობის წყალობით, რასაც მისი სენატი ეწევა ისეთი რეპუტეცია მოიპოვა, რომ მას მეტოქეობას ძნელად თუ გაუწევს კავშირში შემავალი რომელიმე შტატი.
მაგრამ თუ რაიმე საბოლოოდ დააცხრობს ოპონენტთა იჭვნეულობას, მაშინ ეს შეიძლება მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მაგალითი იყოს. ბრიტანულ სენატს არ ირჩევენ ექვსი წლის ვადით. ამასთანავე, იგი იმ პირთაგან შედგება, რომელნიც მდიდარ და კეთილშობილ ოჯახთა გარკვეულ წრეს განეკუთვნებიან. ერთი სიტყვით, იგი მემკვიდრეობითი საკანონმდებლო ორგანოა, რომელიც მდიდარი არისტოკრატიის წარმომადგენელთაგან შედგება. რაც შეეხება ბრიტანეთის წარმომდგენელთა პალატის წევრებს, მათ არა ორი, არამედ შვიდი წლის ვადით ირჩევნ. და რაც მთავარია, მას არა მთელი ხალხი, არამედ მისი შედარებით მცირე ნაწილი ირჩევს. ამტკიცებენ, ბრიტანეთის სენატის მაგალითზე ჩვენს მზერას არისტოკრატიული უზურპაციისა და ტირანიის შემზარავი მაგალითები წარმოუდგება, რანიც შეერთებული შტატების უახლოეს მომავალს განასახირებენო. მაგრამ ოპონენტთა იმედგასაცრუებლად უნდა ითქვას, რომ არისტოკრატთა ამ მემკვიდრეობით კრებას ისიც კი არ ძალუძს, რომ თავი წარმომადგენელთა პალატის გამუდმებულ ხელყოფათაგან დაიცვას. საკმარისია, მონარქის მხარდაჭერა დაკარგოს, რომ მასზე სახალხო წარმომადგენელთა ნებამ იმძლავროს.
თუ მართებულია ის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უძველესი ეპოქის  მაგალითები მოვიშველიოთ,  მაშინ ისინიც ზემომოყვანილ მოსაზრებათა სისწორეს დაადასტურებენ. ეფოროსებმა, რომლებსაც სპარტის ხალხი ირჩევდა, თანდათანობით მოიპოვეს დიდი გავლენა, დაძლიეს სამიდღემჩიოდ არჩეული სენატის წინააღმდეგობა და მთელი ძალაუფლება თავის ხელში აიღეს. რომის ტრიბუნებმა, რომელნიც ხალხის წარმომადგენლები იყვნენ, ყველა მიმართებით სძლიეს სენატს, რომლის წევრებიც სამიდღემჩიოდ იყვნენ დანიშნულნი და მასზე საბოლოო გამარჯვება იზეიმეს. ეს მაგალითი იმიტომაც არის ერთობ საყურადღებო, რომ  გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო ყველა ტრიბუნის ერთსულოვანი თანხმობა, მას შემდეგაც კი, რაც მათი რიცხვი ათამდე გაიზარდა. ყოველივე ეს იმას მოწმობს, რომ ყველაზე ძლევამოსილი თავისუფალი მთავრობის ის განშტოებაა, რომელსაც მხარს ხალხი უჭერს. ამ მაგალითებისთვის, შეგვეძლო, კართაგენის მაგალითიც მიგვემატებინა. პოლიბიოსის მოწმობით, კართაგენის სენატმა არათუ თავის მორევში არ ჩაითრია ხელისუფლების სხვა განშტოებათა უფლებამოსილებანი, არამედ თითქმის გამოეცალა ხელიდან მთელი თავისი თავდაპირველი ზეგავლენა.  
ყოველა ზემომოტანილი ფაქტი იმას ადასტურებს, რომ ფედერალური სენატი არასოდეს გადაგვარდება და თანდათანობითი უზურპაციის გზით არასოდეს იქცევა დამოუკიდებელ და არისტოკრატიულ ორგანოდ. დავუშვათ და მიზეზთა გამო, რომელთა წინასწარ გამოცნობა ადამიანური გონების ძალას აღემატება, სენატმა ასეთი რევოლუციური სახეცვლილება განიცადა. წარმომადგენელთა პალატა, რომელსაც მხარს უჭერს ხალხი, მსწრაფლ აღადგენს თავდაპირველ წესრიგს და ხელისუფლებას კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებს. სახალხო წარმომადგენელთა ძალას წინ ვერაფერი დაუდგება. მის წინაშე სენატის კონსტიტუციური უფლებამოსილებაც კი უძლურია. მას ჭეშმარიტად ვერაფერი დაუდგება წინ, გარდა იმ მოღვაწეობისა, რომელიც განათლებული პოლიტიკური შეგნებითა და სახალხო კეთილდღეობისადმი ერთგულებითაა ნაკარნახევი. სწორედ ასეთი თავდადებული ღვაწვლით შეძლებს საკანონმდებლო ხელისუფლების როგორც ერთი, ისე მეორე პალატა, მთელი ხალხის ერთგულებისა და მხარდაჭერის მოპოვებას.
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group