ფედერალისტი #6 : ჰამილტონი
1787 წ. 14 ნოემბერი
ნიუ-იორკის შტატის ხალხს
წინა სამ წერილში ის საფრთხეები გავარჩიეთ, გათითოებულებს იარაღის ძალით, ანდა სხვა რამ საშუალებით თავს რომ დაგვატეხენ უცხო სახელმწიფოები. ახლა სრულიად სხვა საფრთხეების განხილვას ვიწყებ. ესენი, შესაძლოა, უფრო სახიფათონიც კია, რაკი თვითონ შტატებს შორის უთანხმოების, შინააშლილობისა და შფოთის მიზეზით წარმოიშობა. ამის რამდენიმე მაგალითი ადრევე მოვიტანეთ, მაგრამ ეს საფრთხეები ღირან იმად, რომ მათ გამორჩეული ყურადღებით მოვეკიდოთ და უფრო სრულად გამოვიკვლიოთ.
უსაშველო სპეკულაციებით უნდა გქონდეს თავი გამოტენილი, რათა არ დაიჯერო ის, რომ შტატები სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაერევიან ერთმანეთს, თუკი მათ შორის არ იქნება კავშირი, ანდა თუკი ისინი ცალ-ცალკე კონფედერაციებად, ან, სულაც, უფრო წვრილ ჯგუფებად გაერთიანდებიან. ზოგიერთი ფიქრობს, ამგვარი ხოცვა-ჟლეტა არ მოხდება, რაკი საამისო მიზეზი არ არსებობსო, მაგრამ ასე იფიქრო იმას ნიშნავს, დაივიწყო, ადამიანი ამპარტავანი, ღვარძლიანი და გაუმაძღარი რომაა. მოელოდე იმას, რომ რაკი მეზობლები არიან ეს დაცალკევებული სახელმწიფოები ერთმანეთს არაფერს დაუშავებენ და მათ შორის მარადიული თანხმობა იქნებაო, სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ანგარიშს არ უწევდე ადამიანური ისტორიის ჩვეულებრივ მსვლელობას და უგულვებელყოფდე საუკუნეთა მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას.
სახელმწიფოთა შორის მტრობა აურაცხელი მიზეზით ხდება. ზოგიერთი მათგანი იმდენად ზოგადია, რომ თითქმის გამუდმებით ახდენს ზემოქმედებას საზოგადოების კოლექტიურ სტრუქტურებზე. მათ შორისაა ძალაუფლების სიყვარული, პირველობისა და ბატონობის სურვილი. ძალაუფლებისადმი უნდობლობა, მისგან თავდაცვისა და თანასწორობისაკენ სწრაფვაც ამავე მიზეზებში შედის. სხვა მიზეზების მოქმედების ფარგლები ბევრად უფრო შეზღუდულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინიც ძალუმ ზემოქმედებას ახდენენ თავთავიანთი სფეროების შიგნით. ასეთია ის სავაჭრო ურთიერთქიშპობა და კონკურენცია, რომელიც მოვაჭრე სახელმწიფოთა შორის არსებობს. ამათზე მცირერიცხოვანი როდია მტრობის ის მიზეზები, მთლიანად პიროვნული ვნებებით რომ საზრდოობს, იქნება ეს თემის თავკაცთა ერთგულება, შუღლი, დაინტერესება, იმედი თუ შიში იმ თემებისადმი, რომლის წევრებიც თვითონვე არიან. ამ ყაიდის ადამიანებსაც, სულერთია, ვინ იყო იგი, მეფისა თუ ხალხის რჩეული, ხშირად ბოროტად უსარგებლიათ იმ ნდობით, მათ რომ გამოუცხადეს, აქაოდა საზოგადო საქმისთვის ვიღვწითო, მათ სახელმწიფოებრივი სიმშვიდე უტიფრად შეუწირავთ ხოლმე პირადი სარფისა და კერძო კმაყოფილებისთვის.
სახელგანთქმულმა პერიკლემ თანამემამულეთა აუარება სისხლი და ქონება შეალია [1], რომ როგორმე თავისი ხარჭა ეამებინა, როგორმე მისთვის წყენა დაეცხრო. იგი თავს დაესხა ქალაქ სამნიას, სძლია და მიწასთან გაასწორა იგი. არავინ იცის, რამ შეაგულიანა იგივე პერიკლე მეგარელთა
[2], ამ ბერძნული სახელმწიფოს მიმართ პირადმა შუღლმა თუ იმან, რომ მოიწადინა, თავი დაეღწია იმ სასჯელისათვის, რასაც იმის მტკიცება უქადდა, რომ მისი ხელი ერია ფიდიასის ქანდაკების გატაცებაში [3]; თუ იმან, რომ უნდოდა თავიდან აეშორებინა კიდევ ერთი ბრალდება: სახელმწიფო ხაზინა გაფლანგა, რათა ხალხის კეთილგანწყობა [4] მოენადირებინაო. ვინ იცის, იქნებ ყველა ამ მიზეზმა ერთად წააქეზა იგი, რომ აებრიალებინა ღირსსახსოვარი და საბედისწერო ომის ხანძარი, საბერძნეთის ისტორიაში პელოპენესის ომის სახელით რომაა ცნობილი. იგი მრავალგზის შეწყდა და კვლავ განახლდა. მან მოიტანა ათასგვარი უბედურება, ხელი მოუთავა ათენელთა შეკავშირებას.
ერთი ამპარტავანი კარდინალი, ჰენრი
VIII კარზე პრემიერმინისტრად რომ იყო, ისე გაზულუქდა, ოცნებაში რომის პაპის გვირგვინსაც კი წაეპოტინა. [ 5] იმპერატორის, კარლოს V-ის შეწევნის იმედი მოიცა, რათა ხელთ ეგდო ეს, ეგზომ სანუკვარი ჯილდო. ამ კარდინალმა ინგლისი დანასისხლად გადაჰკიდა საფრანგეთს, რათა გაქნილი და ძლევამოსილი იმპერატორის კეთილგანწყობა მოენადირებინა და ყურადღება მიეპყრო. არაფრად ჩააგდო ის, რომ ამგვარი მზაკვრობა ეწინააღმდეგება პოლიტიკის ყველაზე თვალნათლივ მოთხოვნებს და საფრთხეში აგდებს არათუ საზოგადოდ ევროპის, არამედ თავად იმ სამეფოს უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას, რომლის მთავრობის თავმჯდომარეც თვითონ იყო. თუკი ოდესმე ყოფილა ქვეყნად ისეთი ხელმწიფე, ვისაც ღონე შესწევდა, ხორცი შეესხა მსოფლიო მონარქიის იდეისათვის, ეს სხვა არავინ იყო, თუ არა იმპერატორი კარლოს V-ე. მან თავისი ინტრიგების ქსელში გახვია და გამოიყენა პატივმოყვარე და ყეყეჩი კარდინალი უოლსეი.
ევროპის ამა თუ იმ მნიშვნელოვან ნაწილში შფოთიც შეუტანია და მღელვარება დაუცხრია კიდეც იმ ზეგავლენას, რომელიც მოჰყოლია ერთი ვინმე მანდილოსნის [6] თავდავიწყებულ სიყვარულს, მეორის სულწასულობას, [7] ხოლო მესამის მეტისმეტ მიდრეკილებას საიდუმლო შეთქმულებებისადმი. [8] ეს თემები და მათი ზეგავლენა თანამედროვე პოლიტიკაზე ისეთი გულმოდგინებითაა გამოკვლეული, რომ აღარც კი შეიძლება იყოს საზოგადო ინტერესის საგანი.
ამიტომაც დროს აღარ გავფლანგავ, რათა კვლავ და კვლავ მოვიტანო მაგალითები იმისა, თუ რა ზეგავლენას ახდენს კერძო მოსაზრებები სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენათა ფორმირებაზე როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში. ამგვარი ზეგავლენის წყაროთა ზერელე ცოდნაც კია საკმარისი, რათა თავად გაიხსენო მისი სხვადასხვა მაგალითი. ხოლო თუკი ღრმად იცნობ კაცის ბუნებას, მაშინ აღარც კი გჭირდება რაიმე ისტორიული ცნობები, რომ ზემოხსენებული ზეგავლენის ნამდვილობასა და ხარისხზე საკუთარი აზრი იქონიო. ზოგადი პრინციპის საილუსტრაციოდ იქნებ უპრიანი იყოს გავიხსენოთ ის შემთხვევა, რაც ამ ბოლო დროს ჩვენში მოხდა. შეიზს რომ ყველა იმედი არ ჰქონოდა გადაწურული ვალის გასტუმრებისა, მაშინ ალბათ არც მასაჩუსეტსი გაეხვეოდა სამოქალაქო ომის ალში.
მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილების მონაცემები, ამ შემთხვევაში, ჩემს სისწორეს ადასტურებს, დღემდე მაინც მოიძებნებიან ისეთი მეოცნებე და გამომგონებელი ადამიანები, მზად რომ არიან, უაზრობა ამტკიცონ: შტატებს შორის მარადიულ მშვიდობა დაისადგურებს, თუნდაც ისინი ერთმანეთისაგან გათიშულნი და პირმიქცევით იყვნენო.
ისინი ამბობენ, რესპუბლიკებს მშვიდობისმყოფელი გენია მფარველობსო. ვაჭრობის სული ადამიანის ზნეს ლმობიერს ხდის, შრეტს ვნებათა იმ მხურვალებას, რომელთაც ხშირად აღუგზნია ომის კოცონიო; რესპუბლიკები, რომლებიც აღებმიცემობას მისდევენ, თავიანთ ძალ-ღონეს არასოდეს შეალევენ ურთიერთშორის გამაჩანაგებელ შეხლა-შემოხლასო; ისინი საერთო ინტერესებით იხელმძღვანელებენ, ამხანაგობისა და ურთიერთთანხმობის სულს გაალაღებენო.
მაგრამ განა (ერთიც ვკითხოთ ამ გამომგონებელ პოლიტიკოსებს) ყოველი სახელმწიფოს ინტერესი არ არის, კეთილმოწყალე და ფილოსოფიურ სულს ნერგავდეს? თუნდაც ასე იყოს, განა მუდამ ეს ინტერესი ასულდგმულებს თითოეულ მათგანს? განა პირიქით არ არის? განა ყოველთვის არ ვაწყდებით ხოლმე, რომ ეფემერული ვნებები და წუთიერი ინტერესები უფრო აქტიურად და ძალუმად გაბატონებულან ადამიანის ქცევაზე, ვიდრე ზოგადი და შორეული წარმოდგენები პოლიტიკის, სარგებლობიანობისა და სამართლიანობის შესახებ? განა რესპუბლიკებს ნაკლებ ემარჯვებათ და მოსწონთ ომი, ვიდრე მონარქებს? როგორც ერთის, ისე მეორის სათავეში განა ცოდვილი ადამიანი არა დგას? განა ზიზღით, მიკერძოებით, მოცილეობით და არამი ლუკმის ხელში ჩაგდების სურვილით არ იღვწიან როგორც მეფენი, ისე რესპუბლიკური სახელმწიფოები? განა სახალხო წარმომადგენლობებს არ დარევს ხოლმე ხელს უეცარი რისხვა, გაუტანლობა, შური, სიძუნწე და სხვაც ბევრი სათაკილო და შმაგი სწრაფვა? განა შესანიშნავად არ ვიცით, რომ ასეთს წარმომადგენლობებს რამდენიმე ნდობით აღჭურვილი პირი მართავს და რომ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შეუძლებელია, ამ პირთა ვნებებისა და შეხედულებების დაღი არ აჩნდეს? განა კომერციამ დღემდე რამე ქნა, გარდა იმისა, რომ ომის მიზნები შეცვალა? სარგებლისადმი ტრფიალება განა ისევე დიდმპყრობელური და გაქნილი ვნება არაა, როგორც ძალაუფლებისა თუ განდიდების სიყვარული? განა უფრო ცოტა ომი ატეხილა კომერციული მიზეზებით, მას შემდეგ, რაც აღებმიცემობა სახელმწიფოებრივი მოწყობის უპირატეს სისტემად იქცა, ვიდრე გარდასულ დროებში, როცა ომების საბაბი მიწებისა და სამფლობელოების გაუმაძღარი ნდომა იყო ხოლმე? განა ვაჭრული სულის დანერგვამ ხელი არ შეუწყო იმას, რომ ახალი მადა გახსნოდათ სახელმწიფოებს ერთმანეთის მიწა-წყლის მიტაცებისა? დაე, ამ კითხვებზე პასუხი მივანებოთ გამოცდილებას, ადამიანური აზრის ამ ყველაზე შეუმცდარ მეგზურს.
სპარტა, ათენი, რომი და კართაგენი სხვა არაფერი იყო, თუ არა რესპუბლიკები. ორი მათგანი, ათენი და კართაგენი, კომერციული ყაიდის რესპუბლიკა იყო, მაგრამ ორივე ხშირად ჩაბმულა თავდასხმითსა და თავდაცვით ომებში, ზუსტად ისე, როგორც იმ დროის მათი მეზობელი მონარქიები. სპარტა ოდნავღა თუ იყო უფრო უკეთესი შესახედავი, ვიდრე კარგად გამართული საბრძოლო ბანაკი. რომი კი ვერ იქნა და ვერ გაძღა სისხლიანი სასაკლაოებითა და დამპყრობლური ომებით.
კართაგენი, თუმც კი სავაჭრო რესპუბლიკა იყო, მაგრამ აგრესორად მოგვევლინა სწორედ იმ ომში, რომელმაც იგი აღგავა კიდეც პირისაგან მიწისა. მიუხედავად იმისა, რომ ჰანიბალი იტალიის შუაგულში შეიჭრა და რომის კარიბჭეს მიადგა, სციპიონმა უკუაქცია იგი, მისი ჯარი კართაგენის მისადგომებთან შემუსრა და ხელთ იგდო მისი სამშობლო.
უფრო მოგვიანებით კი ვენეციამ გამუდმებული ომებით აიკლო სხვა იტალიური სახელმწიფოები, ვიდრე პაპმა იულიუს II-მ არ გამონახა სახსრები, რათა შეექმნა მრისხანე ლიგა [9], რომელმაც სასიკვდილო ლახვარი ჩასცა ამ თავგასული რესპუბლიკის ძლიერებასა და ყოყლოჩინობას.
ჰოლანდიის პროვინციები, ვიდრე მათ სიქას გააცლიდა ვალები და გადასახადები, მთავარსა და გამორჩეულ წილს იდებდა ევროპულ ომებში; ისინი გააფთრებით ებრძოდნენ ინგლისს, რათა ხელთ ეგდოთ ზღვაზე ბატონობა; ლუი XIV-ის ყველაზე შეუპოვარი და ულმობელი მტრებიც ისინი იყვნენ.
ბრიტანულ მმართველობაში სახალხო წარმომადგენლობა მხოლოდ ერთი შტოა ნაციონალური საკანონმდებლო ხელისუფლებისა. საუკუნეების მანძილზე ეს ქვეყანა უმთავრესად აღებმიცემობას ეწეოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ძნელად თუ მოიპოვება მეორე სახელმწიფო, ეგზომ გამალებით რომ ეწარმოებინოს ომები; საქმე ისაა, რომ, უმრავლეს შემთხვევაში, ეს სამეფო ხალხის ლოცვა-კურთხევით ებმებოდა ომებში.
სახალხო და სამეფო ომები, თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთნაირი სიხშირით ხდებოდა. ხალხის ღაღადსა და, მათი სურვილის საპირისპიროდ და სახელმწიფოს ჭეშმარიტ ინტერესთა საზიანოდაც კი, სახალხო წარმომადგენელთა დაჟინებულ მოთხოვნას ხშირად ჩაუთრევია ომში მონარქები. ევროპა დიდი ხნით იყო ცეცხლის ალებში გახვეული იმის გამო, რომ პირველობისათვის ერთმანეთს ეცილებოდა ორი სამეფო კარი: ავსტრია და ბურბონები. კარგადაა ცნობილი, რომ ამ ომში ინგლისის მიერ საფრანგეთის ათვალწუნება მათივე სათაყვანები წინამძღოლის [10] ამბიციასა და სიძულვილს თუ ჩამოუვარდებოდა მხოლოდ; ინგლისელების ამ უსაშველო ანტიპათიამ გაუსაძლისად გააჭიანურა ეს ომი. საღი პოლიტიკის საზღვრებში ვეღარ ეტეოდა იგი. გარკვეულ პერიოდებში სამეფო კარის ინტერესებშიც აღარ შედიოდა მისი განგრძობა.
ხსენებულ ორ სახელმწიფოს შორის ომებს, უმეტესწილად, კომერციული მოსაზრებები ასაზრდოებდა. ყოველ მათგანს სურდა მეორე დაეჯაბნა აღებმიცემობის ერთს რომელიმე სფეროში. უფრთხოდა იმას, ვაითუ უპირატესობა დავკარგო საზოგადოდ ვაჭრობის და ნაოსნობის სფეროშიო. უფრო სათაკილო რამაც ხდებოდა _ ერთი სახელმწიფო მეორის ბაზარზე უნებართვო ვაჭრობას ესწრაფვოდა. ბრიტანეთსა და ესპანეთს შორის ერთ-ერთი ბოლო ომი იმის გამო დაიწყო, რომ ინგლისელმა ვაჭრებმა ესპანეთის ამერიკასთან უკანონო ვაჭრობა სცადეს.
ბრიტანულ უსამართლობას ესპანეთმა იმით უპასუხა, რომ უკიდურესად მკაცრი ზომები გაატარა ბრიტანეთის ქვეშევრდომთა მიმართ. ესპანური სანქციები არაფრით იყო გონივრული, ამიტომაც სამართლიანად დასდეს მას ბრალი სისასტიკესა და არაადამიანურობაში. ისე რომ, ესპანეთის მიერ გატარებული ღონისძიებები უფრო მართლზომიერი როდი იყო, ვიდრე ინგლისელი ვაჭრების საქციელი, თავს რომ ასეთი სისასტიკე დაიტეხეს. ესპანელებმა ბევრი ინგლისელი სოვდაგარი იგდეს ხელთ და ესპანეთის ამერიკის სანაპიროზე, პოტოზის მაღაროებში გააგზავნეს სამუშაოდ. როცა კაცს გამძვინვარება დარევს ხოლმე ხელს, არად დაგიდევს, სად უდანაშაულოა, სად დამნაშავე. ყველას ერთად მოუსვეს ხელი და უმართებულო სასჯელი დაადეს. სოვდაგართა ღაღადისმა შურისძიების ცეცხლი დაანთო თანამემამულეთა შორის; მისი ალები თემთა პალატას მოედო, მერე კი სამინისტროსაც შეენთო. გასცეს სიგელები, კონტრრეპრესიათა ნებას რომ იძლეოდა. ამას მოჰყვა ომი, რომელმაც მოშალა ყველა ის კავშირი, ოცი წლის მანძილზე რომ შენდებოდა და ყველას იმედს უნერგავდა, მალე ვიგემებთო მის კეთილისმყოფელ ნაყოფს.
და ახლა, როცა გულისყურით ვეკიდებით სხვა სახელმწიფოთა გამოცდილებას, რომელთა მდგომარეობა ჩვენსას წააგავს, განა გვაქვს საფუძველი ავყვეთ ოცნებებს და ვიქონიოთ იმედი, რომ კონფედერაციის დაშლის შემდგომ მათს წევრებს შორის მშვიდობა და გულითადობა დაისადგურებს? განა თავი არ მოგვაბეზრეს იმ მცდარმა და სულელურმა თეორიებმა, ადამიანის გრძნობა-გონებას რომ ელამუნება, რაკი გვპირდება, ჩამოგვაშორონ ის არასრულყოფილება, სისუსტე და ბოროტება, რომლებიც ყველა ჯურის საზოგადოებას ახასიათებს? განა დრო არ არის გამოვერკვეთ ოქროს საუკუნეზე ამ გონებისწამღები სიზმრიდან და პოლიტიკური მოქმედების ერთი პრაქტიკული მაქსიმა გავითავისოთ; ჩვენ, ისევე, როგორც დედამიწის ყოველი სხვა მკვიდრი, განა ჯერ ისევ ძალზე შორს არა ვართ სრული სიბრძნისა და სრული სათნოების სანეტარო იმპერიიდან?
ამასობაში კი უკიდურესად დაცემულია ჩვენი ნაციონალური ღირსება და ნდობა. საყოველთაო წუხილს ბადებს ჩვენი მმართველობის დასუსტება და დასნეულება. ჩრდილოეთ კაროლინის ერთი ნაწილი აჯანყებას მოუცავს; შეშფოთებას იწვევს არეულობა პენსილვანიაში; მასაჩუსეტში ამბოხია და ჯანყი; რარიგ მრავლისმეტყველია ეს მოვლენები!...
კაცობრიობის გამოცდილება სულაც არ ადასტურებს იმ პრინციპების სისწორეს, რომლებიც ძილისმომგვრელი გრძნეულებით ჩაგვიჩურჩულებენ, კავშირის დარღვევის შემთხვევაში შტატებს შორის უთანხმოება და მტრობა არ ჩამოვარდებაო; პირიქით, საზოგადოების განვითარებაზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად საკაცობრიო აზრმა ერთი პოლიტიკური აქსიომა შეადგინა: სახელმწიფოთა ურთიერთმეზობლობა და სიახლოვე მათ შორის ბუნებრივი მტრობის საწინდარიაო. ერთი გონიერი მწერალი ამის შესახებ შემდეგ რასმე ამბობს: “ სახელმწიფოები, რომლებიც ერთმანეთის მეზობლად არიან, ბუნებრივი მტრობით იმსჭვალებიან ერთი მეორის მიმართ, ვიდრე საერთო სიძაბუნე არ აიძულებს მათ კონფედერაციულ
რესპუბლიკად გაერთიანდნენ; სანამ კონსტიტუცია თავიდან არ ააშორებს მათ იმ უთანხმოებებს, ურთიერთმეზობლობა რომ აჩენს; სანამ არ აღმოფხვრის იგი იმ ფარულ შურს, რომლითაც აღიძვრის სახელმწიფოები, რათა მეზობელი დააკნინონ, თვითონ კი აღზევდნენ” [11]. ამ სიტყვებში სიძაბუნეცაა ნახსენები და ის საშუალებაცაა მოცემული, რითაც მას უნდა ვუწამლოთ
.
პუბლიუსი