ფედერალისტი #4: ჯეი
1787 წ. 7 ნოემბერი
ნიუ-იორკის შტატის ხალხს
წინა წერილში რამდენიმე საბუთი წარმოვადგინე იმისა, თუ რატომაა, რომ ხალხი, რომელიც განსაცდელის წინაშეა, კავშირის მეოხებით უკეთ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. განსაცდელისა, რომელიც, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებმა ომის გამამართლებელ საბაბად გამოიყენონ. წარმოდგენილი საბუთები მოწმობენ, რომ ერთი ნაციონალური მმართველობის პირობებში უფრო იშვიათად გაჩნდება ამგვარი მიზეზები, ვიდრე ცალკეული შტატების მთავრობათა თუ რამდენიმე კონფედერაციის არსებობის დროს. მაგრამ ქვეყნის გარედან შეიარაღებული თავდასხმის საფრთხეთაგან ამერიკის ხალხის უსაფრთხოება რომ დაცული იყოს, ეს არ არის დამოკიდებული მარტო იმაზე, რომ იგი სხვა სახელმწიფოებს გამართლებული ომის მიზეზებს არ მისცემს, არამედ იმაზეც, რომ ამ ქვეყნებმაც არ უმტრონ ამერიკას და არ შეურაცხყონ იგი. ზედმეტიც კია იმის თქმა, რომ ომი მოგონილი მიზეზითაც ხშირად აუტეხავთ.
იქნებ ადამიანის მოდგმისთვის სათაკილოა, მაგრამ მაინც ვერსად წავუვალთ იმ სიმართლეს: ერები ომებს იმიტომ აჩაღებენ ხოლმე, რომ სული მისდით სხვის სიმდიდრეზე. უფრო მეტი, აბსოლუტურ მონარქებს ხშირად გაუჩაღებიათ ისეთი ომები, რომლებშიც მათ ქვეშევრდომებს ვერაფერი ხეირი უნახავთ. ასეთი ომების საბაბი სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა ხელმწიფეთა პირადი მიზნები და ზრახვანი. სამხედრო დიდების წყურვილი იქნება ეს, პიროვნული შეურაცხყოფის გამო შურისგება თუ საიდუმლო გარიგებანი, რომელთაც მიზნად ჰქონიათ გამორჩეული დიდგვაროვანი ოჯახებისა თუ სახელმწიფოს პირადი დამქაშების აღზევება და შეწევნა. ესა და სხვა ამგვარი მოტივები მხოლოდ სუვერენის ჭკუაგონებაზე მოქმედებს და უბიძგებს მას ისეთ ომში ჩაებას, რომელსაც არც სამართლიანობის ლოცვა კურთხევა მიუღია და არც ხალხისა. მართალია, ომის ამგვარი მიზეზები უფრო აბსოლუტურ მონარქიებს ახასიათებთ, მაგრამ მათ მაინც დიდი გულისყურით უნდა ვეკიდებოდეთ. ამათ გარდა, ომს სხვა საბაბიც ბლომად აქვს, ქვეყნის მესვეურსა და მის ქვეშევრდომთ რომ ერთნაირად დარევს ხოლმე ხელს. შემდგომი გამოკვლევა ცხადყოფს, რომ ზოგიერთი მათგანი ისეთ გარემოებებსა და ვითარებაში იბადება, ჩვენსას რომ ძლიერ წააგავს.
საფრანგეთი და ბრიტანეთი დღესდღეობით თევზჭერაში გვეცილება. მართალია, მათ თავიანთ საქონელზე შეღავათები აქვთ დაწესებული, ჩვენსაზე კი - ისეთი ბაჟი, რომ კაცს ვაჭრობის ხალისი წაგერთმევა, მაგრამ, ჩვენ მაინც შეგვწევს იმის უნარი, რომ მათსავე ბაზარზე უფრო იაფად გავიტანოთ თევზი, ვიდრე თვითონ ჰყიდიან. ამ ქვეყნებთან ერთად, ნაოსნობასა და საზღვაო ვაჭრობაში სხვა ევროპული სახელმწიფოებიც გვიწევენ მეტოქეობას. თავს მოვიტყუებდით, თუკი ვიფიქრებდით, რომ მათ გულზე ეხატებოდეთ ჩვენი წარმატება, რაკი შეუძლებელია, ჩვენი საზღვაო ვაჭრობა ისე გაფართოვდეს, რომ რამდენადმე ფრთები არ შეეკვეცოს მათსას. ამიტომ, ამ სახელმწიფოების ინტერესი და პოლიტიკა მიმართული იქნება იქითკენ, რომ მხარი კი არ დაუჭირონ ჩვენს საქმეს, არამედ ყველანაირად დააბრკოლონ იგი. ბევრ სახელმწიფოს ჩინეთსა და ინდოეთთან ჩვენი ვაჭრობაც არ მოსდის თვალში. ვინაიდან ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენც ვნახოთ ხეირი იმ საქმიდან, რასაც აქამდე ეს ქვეყნები არავის ანებებდნენ, ასევე იმისაც, რომ ჩვენ თვითონ ვიყიდოთ ჩინეთსა და ინდოეთიდან ის საქონელი, რასაც ადრე ჩვენი მეტოქე სახელმწიფოებიდან ვიძენდით.
ჩვენს ხომალდებს რომ გაცხოველებული აღებმიცემობა აქვთ გაჩაღებული, შეუძლებელია ეს სიამოვნებდეთ რომელიმე იმ სახელმწიფოთაგანს, ამ კონტინენტზე ან მის მეზობლად სამფლობელოებს რომ ფლობენ. ჩვენი საქონელი იაფიცაა და ჩინებულიც.Pდა რაკი ეს ქვეყნებიც ჩვენგან დასამხარ სიშორეზეა, ხოლო ჩვენი ვაჭრები სხვებზე ფხიანები და შნოიანები არიან, მეზღვაურები კი სიმამაცით სხვებსა სჯობიან, ამიტომაც, ჩვენ ბევრად უფრო მეტად ვხეირობთ იმ სიმდიდრით, ეს ქვეყნები რომ ფლობენ, ვიდრე ამას ჩვენი მოცილე სახელმწიფოების პატივცემულ ხელისუფალთა სურვილი და პოლიტიკა გვარგუნებს.
ესპანეთი ფიქრობს, რომ კარგია, თუ მისისიპთან მისასვლელს გადაგვიკეტავს, ხოლო ბრიტანეთს ერთი სული აქვს, წმინდა ლავრენტის მიდამოებდან გამოგვაძევოს, არც ერთი მათგანი არ დაუშვებს იმას, რომ ურთიერთმიმოსვლისა და აღებმიცემობისათვის გამოვიყენოთ სხვა მდინარეები, მათსა და ჩვენ შორის რომ მოედინება. თუკი ამას კეთილგონიერება მოითხოვდა, შეგვეძლო კვლავაც მრავლად მოგვეხმო და გამოწვლილვით განგვეხილა ამგვარი მოსაზრებები, მაგრამ, რაც ითქვა, იქიდანაც ცხადად ჩანს, რომ სხვა სახელმწიფოების მესვეურთა გრძნობაგონებას ნელნელა დარევს ხელს შური და გაუტანლობა ამიტომაც, არ უნდა ველოდეთ, რომ ისინი გულგრილად და მიამიტად დაუწყებენ ყურებას ჩვენი კავშირის განმტკიცებასა და მისი ძლევამოსილების ზრდას, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვად.
ამერიკის ხალხს კარგად აქვს შეგნებული, რომ ესა და ბევრი სხვა, ჯერაც ფარული გარემოება, შესაძლოა, ომის საბაბად იქცეს, მერე კი ყოველთვის მოიძებნებიან ხელსაყრელი მომენტის მომლოდინე ადამიანები. ისინიც როდი არიან ცოტანი, ვინც ყველაფერს სხვაგვარად წარმოიდგენს და ომს გაამართლებს, ამიტომ, ბრძენია ამერიკის ხალხი, როცა აუცილებლობად რაცხს კავშირის შექმნას და ვარგებული ნაციონალური ხელისუფლების ჩამოყალიბებას, რომელიც საომრად კი არ წააქეზებს მას, არამედ ყოველთვის შეეცდება წინასაომარი ვნებათაღელვის ჩაცხრომასა და ხალხის დაშოშმინებას. საამისოდ საჭიროა, სახელმწიფოს რაც შეიძლება კარგად ჰქონდეს გამართული თავდაცვის სისტემა, ეს კი დამოკიდებულია ამ ქვეყნის მთავრობაზე, შეიარაღებულ ძალებსა და რესურსებზე.
მთელის უსაფრთხოება ამავე მთელის სასიცოცხლო ინტერესია და რაკი შეუძლებელია მისი უზრუნველყოფა ისე, რომ არ არსებობდეს ერთი, ერთზე მეტი ანდა მრავალი მთავრობა, ნება მიბოძეთ გამოვიკითხო, ამ საქმეს უფრო უნარიანად ერთი, ვარგებული ხელისუფლება გაართმევდა თავს თუ ერთზე მეტი ან თუნდაც მრავალი მათგანია საამისოდ აუცილებელი? ერთიან მთავრობას შესწევს უნარი, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოიყვანოს ყველაზე ნიჭიერი ადამიანები და სახელმწიფოს მოახმაროს მათი ტალანტი და გამოცდილება; თავის პოლიტიკას საფუძვლად დაუდოს ყველასათვის მისაღები პრინციპები. მას შეუძლია, ქვეყნის ყველა მხარე და მისი ურთიერთგანხვავებული წევრები ჰარმონიაში იყოლიოს, თანასწორი უფლება მიანიჭოს და ერთნაირი მფარველობა გაუწიოს მათ; ყველას თანაბრად გაუნაწილოს თავისი სიფრთხილისა და წინდახედულობის ნაყოფი. ერთიან მთავრობას ძალუძს, ხელშეკრულების დადებისას გაითვალისწინოს მთლიანად ქვეყნისა და მისი ცალკეული კუთხეების ინტერესიც, რამდენადაც ეს უკანასკნელნი მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთიანი სახელმწიფოს ინტერესებთან; უფრო იოლად და სწრაფად მოუყაროს თავი რესურსებსა და ძალებს, რათა დაიცვას ქვეყნის ცალკეული მხარე, ვიდრე ამას შეძლებდა გათითოებული შტატების მთავრობები, ანდა რამდენიმე ცალკე კონფედერაცია, რომელთა შორის არ იქნებოდა თანხმობა და არც მოქმედების ერთიანი სისტემა ექნებოდათ. ერთიან მთავრობას შეუძლია, იყოლიოს დისციპლინირებული ლაშქარი, რომლის ოფიცრებიც პირდაპირ დაემორჩილებიან უმაღლეს ხელისუფლებას. ეს იქნება ერთიანი ჯარი, რომელსაც ექნება უფრო მეტი ძალა, ვიდრე აქვს ცამეტი გათითოებული შტატისა თუ სამი, ანდა ოთხი კონფედერაციის მხედრობას.
რა იქნებოდა ბრიტანეთის მხედრობა, თუკი ინგლისის ლაშქარი ინგლისის მთავრობას დაემორჩილებოდა, შოტლანდიისა – შოტლანდიის ხელისუფლებას, ხოლო უელსის ლაშქარი – უელსის მთავრობას? თუკი მათ მტერი დაესხმოდა თავს, განა შეძლებდა ეს სამი მთავრობა (საერთო ენა რომც გამოენახათ) თავთავიანთი სპებით უფრო ეფექტურად გამკლავებოდნენ მომხდურს, ვიდრე ამას ბრიტანეთის ერთიანი ხელისუფლება შესძლებდა?
სახელგანთქმულია ბრიტანეთის ფლოტი, მაგრამ თუკი ბრძენნი ვიქნებით, მალე მოვა დრო და ამერიკის ფლოტსაც გაუვარდება სახელი. ბრიტანეთის გაერთიანებულ ნაციონალურ ხელისუფლებას რომ ეგზომ კარგად არ აეწყო ნაოსნობა და არ ექცია იგი მეზღვაურთა დავაჟკაცების კერად, მას რომ ფლოტის ასაშენებლად არ მოეზიდა მთელი სახელმწიფო სახსრები, მაშინ ინგლისელი ზღვაოსნები არ იქნებოდნენ ეგზომ ქველნი, ხოლო მისი ფლოტი თავზარს არ დასცემდა ბრიტანეთის ავის მოსურნეს. ინგლისს, შოტლანდიას, უელსსა და ირლანდიას რომ ცალცალკე ნაოსნობა ჰქონდეთ და ფლოტებიც გათითოებული ჰყავდეთ, ბრიტანეთის იმპერიის ეს ოთხი შემადგენელი ნაწილი რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ოთხ მთავრობას ემორჩილებოდეს, ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ მათი ძლევამოსილება დიდად დაზარალდებოდა. მოდით, ჩვენ შესახებაც იმავე ფაქტებით ვიმსჯელოთ. თუკი ამერიკა ცამეტ ნაწილად, ანდა, გნებავთ, სამ თუ ოთხ დამოუკიდებელ ხელისუფლებად იქნება დაყოფილი, განა მას შეეძლება, შექმნას და შეინახოს არმია? განა ოდესმე შეძლებს იგი ფლოტის ყოლას? ამერიკის ერთ განცალკევებულ ნაწილს რომ მტერი დაესხას, განა ამ ძნელბედობის ჟამს მას სხვა გათითოებული ნაწილები წამოეშველებიან? განა მოისურვებენ ისინი თავიანთი სისხლი ჩააქციონ და ფული შეალიონ მის დაცვას? განა მეზობლის გულისათვის საფრთხეში ჩააგდებენ თავიანთს სიმშვიდესა და უსაფრთხოებას? განა სხვის ომში ჩაურევლობა უფრო არ ელამუნება მათს გრძნობაგონებას და განა მშვიდობის ეგზომი სიყვარული არ აცდუნებს მათ, რომ იგი ომზე არ გაცვალონ? განა ამერიკის გათითოებული ნაწილები ერთმანეთის მიმართ შურით არ იქნებიან აღძრულები და განა კმაყოფილებას არ მოჰგვრის რომელიმე მათგანს, სხვა თუ დამცრობილი და დაკნინებული იხილა? ასეთი საქციელი გონივრული როდია, მაგრამ ბუნებრივი კი ნამდვილად არის. ისტორია ამის აუარება მაგალითს გვთავაზობს და არაფერია დაუჯერებელი იმაში, რომ ის, რაც ეგზომ ხშირად მომხდარა, მსგავს პირობებში, კვლავაც და კვლავაც მოხდეს.
დავუშვათ, ამერიკის დანარჩენმა ნაწილებმა მოისურვეს იმ შტატისა თუ კონფედერაციის დახმარება, რომელზედაც მტერმა ხელი შემართა, მაგრამ ვინ უნდა გადაწყვიტოს ის, თუ როგორ და როდის გაიგზავნოს დახმარება. რამდენი ცოცხალი ძალა და ფულია საჭირო? ვინ უნდა უხელმძღვანელოს გაერთიანებულ სამხედრო ძალებს? ვის ბრძანებას უნდა ემორჩილებოდეს იგი? ვინ დადოს საზავო ხელშეკრულება? უთანხმოების შემთხვევაში, ვინ უნდა მოარიგოს მხარეები და ვინ უნდა მოითხოვოს უტყვი მორჩილება? ათასნაირი სიძნელე შეიძლება წარმოიშვას და უსაშველო დავიდარაბა ატყდეს, მაგრამ, ერთიანი ნაციონალური ხელისუფლება, რომლისთვისაც მთავარია ქვეყნის საერთო ინტერესები, რომელიც აერთიანებს და ხელმძღვანელობს შეიარაღებულ ძალებს და საომარ სახსრებს, თავს დააღწევს ყველანაირ სიძნელეს და მეტადრე განამტკიცებს ხალხის უსაფრთხოებას.
ჩვენ შეიძლება არად მიგვაჩნდეს, ერთიანი და მძლავრი ნაციონალური მთავრობა გვყავს თუ რამდენიმე კონფედერაციად დახლეჩილი, მაგრამ ერთი რამ უტყუარია: უცხო სახელმწიფოები ყველაფერს ზუსტად ისე ხედავენ, როგორც არის; ისინი ზუსტად ისე მოგვექცევიან, როგორც ვიმსახურებთ; თუკი დაინახავენ, რომ ჩვენი ნაციონალური მთავრობა მძლავრია და მას ვარგებული თავკაცები ხელმძღვანელობენ, ჩვენი ვაჭრობის საქმე გონივრულადაა აწყობილი, ლაშქარი კი სათანადოდ ორგანიზებული და გაწვრთნილია, ჩვენს სახსრებსა და ფინანსებს კი დიდი რუდუნებით მართავენ; თუ ისინი დარწმუნდებიან, რომ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებს შორის ნდობა აღდგენილია, ხოლო ჩვენი ხალხი თავისუფალი, კმაყოფილი და ერთიანია, მაშინ ჩვენი ავისმოსურნე ჩვენთან მეგობრობას ამჯობინებს და არა მტრობას. მაგრამ თუ ისინი დაინახავენ, რომ ჩვენ არა გვყავს მძლავრი და ერთიანი ხელისუფლება და ყოველი შტატის მესვეური ავად თუ კარგად იმას აკეთებს, რაც მოეგუნებება; თუკი გახლეჩილები ვიქნებით სამ ან ოთხ დამოუკიდებელ და ერთმანეთის მოშურნე რესპუბლიკად თუ კონფედერაციად, რომელთაგანაც ერთი ბრიტანეთისკენ მიილტვის, მეორეს საფრანგეთისკენ მიუწევს გული, ხოლო მესამეს ესპანეთისკენ უჭირავს თვალი; და ამასთანავე, მათ შორის უთანხმოებასა და შურს დაუსადგურებია, მაშინ ადვილი წარმოსადგენია, თუ რა უბადრუკი სანახავი იქნება ამერიკა მათს თვალში. მტერი მას არათუ აითვალწუნებს, არამედ შეურაცხყოფს კიდეც; და უმალვე საკუთარ თავზე ვიწვნევთ მთელს გაუსაძლის სიმძიმეს იმ გამოცდილებისას, რომ ხალხის ან ოჯახის დაქუცმაცება სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის მტრობა.
პუბლიუსი