ფედერალისტი # 43 : მედისონი
1788 წ . 23 იანვარი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

უფლებამოსილებათა მეოთხე ჯგუფი სხვადასხვაგვარ კომპეტენციებს მოიცავს:
1.      უფლებამოსილებას, რომელიც ითვალისწინებს: “ მეცნიერებისა და ხელობათა წახალისებას იმის საშუალებით, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ავტორებსა და გამომგონებლებს მათ ნაწარმოებებსა და აღმოჩენებზე განსაკუთრებული უფლება  უნარჩუნდებათ.”
ასეთი უფლებამოსილების სარგებლიანობა ეჭვს არ იწვევს. დიდ ბრიტანეთში საავტორო უფლება ჩვეულებრივი სამართლის წმინდა მოვალეობადაა მიჩნეული. სასარგებლო აღმოჩენებზე უფლება, როგორც ჩანს, ამავე მიზეზით გამომგონებელთა კუთვნილებაა. ორივე შემთხვევაში საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და ცალკეულ პირთა ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. როგორც ერთი, ისე მეორე შემთხვევის ქმედითი უზრუნველყოფა აღემატება ნებისმიერი შტატის ძალებს, ამიტომ მათმა უმრავლესობამ ამასთან დაკავშირებით გამოიტანა წინასწარი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ეს საკითხები კონგრესის უფლებამოსილებაში გადავიდა.
2.      “განსაკუთრებული საკანონმდებლო უფლებამოსილების განხორციელება იმ არეალის (რომლის ფართი არ უნდა აღემატებოდეს ათ კვადრატულ მილს) მიმართ, რომელსაც შტატი კონგრესის თანხმობით გამოუყოფს შეერთებული შტატების მთავრობას, როგორც მის ადგილსამყოფელს; იმავე უფლებამოსილების განხორციელება ყველა იმ ადგილის მიმართ, რომელსაც იმავე მიზნისთვის იძენს მთავრობა შტატის საკანონმდებლო ხელისუფლების თანხმობით, ფორტების, სამხედრო საწყობების, არსენალების, ნავსაშენებისა და სხვა აუცილებელი შენობების ასაგებად.
თავისთავად ცხადია აუცილებლობა იმისა, რომ მთავრობას თავისი ადგილსამყოფელი ჰქონდეს, სადაც ის თავის უფლებამოსილებას განახორციელებს. ამგვარი უფლებამოსილება კავშირის – და მე ვიტყოდი - მთელი მსოფლიოს საკანონმდებლო ხელისუფლებათა ისეთი პრეროგატივაა, რომელიც მას მისი ძალაუფლების უზენაესი ხასიათის წყალობით ენიჭება. ამგვარი უფლებამოსილების გარეშე, დაუსჯელობის სინდრომიდან გამომდინარე, ადვილი იქნებოდა, ვინმეს შეურაცხყოფა მიეყენებინა ხელისუფლებისთვის და ჩაეშალა მისი მუშაობა. ამასთანავე, ფედერალური მთავრობის წევრები თავიანთი მოვალეობის შესრულებაში მხარდაჭერის თვალსაზრისით დამოკიდებული იქნებოდნენ იმ შტატზე, სადაც მთავრობის ადგილსამყოფელი მდებარეობს. ამას შესაძლოა, დაებრკოლებინა ეროვნული საბჭოების მოღვაწეობა იმის შიშით, ვაითუ ფედერალური მთავრობა კონკრეტული შტატის ზეგავლენის ქვეშ მოექცესო. ასეთი რამ, რა თქმა უნდა, სამარცხვინო იქნებოდა და კონფედერაციის სხვა წევრების უკმაყოფილებასაც გამოიწვევდა. ამგვარი მოსაზრება კიდევ უფრო ანგარიშგასაწევი გახდება, როცა თანდათანობითი გაუმჯობესებების  წყალობით მთავრობის რეზიდენცია ძალზე დიდ საზოგადოებრივ საწინდრად იქცევა საიმისოდ, რომ იგი ერთი რომელიმე შტატის ხელში დარჩეს. გარდა ამისა, იგი ბევრ დაბრკოლებას შექმნის იმ შემთხვევაში, თუ მთავრობას ადგილმდებარეობის გამოცვლა დასჭირდა, რაც მისი აუცილებელი დამოუკიდებლობის კიდევ უფრო შეკვეცას გამოიწვევს. ამგვარი ფედერალური არეალის მოცულობა ძალზე ზუსტად არის შემოფარგლული საიმისოდ, რომ მან რომელიმე დაპირისპირებული მხარის შური აღძრას. ზემოხსენებული არეალის შესაძენად აუცილებელია იმ შტატის თანხმობა, რომელიც მას თმობს; ყველა შესაძლო შესიტყვება მოიხსნება. თუ გავითვალისწინებთ შემდეგს: მხარეთა უფლებები წინასწარაა შეთანხმებული ცალკე ხელშეკრულებით; შტატი ასევე წინასწარ უზრუნველყოფს მის ტერიტორიაზე  მცხოვრებ  მოქალაქეთა თანხმობას; ეს უკანასკნელი ნებაყოფლობით თანხმდება ადგილის გამოყოფაზე, ვინაიდან ეს მის ინტერესებშიც შედის; მოსახლეობამ ხომ ხმა იმ მთავრობას მისცა, რომელიც მათ მიმართ ძალაუფლებას ახორციელებს; ადგილობრივი მთავრობა და არჩეული საკანონმდებლო ხელისუფლება არ იზღუდება; შტატის საკანონმდებლო ხელისუფლება, რომელიც მთელი მოსახლეობის მიერ არის არჩეული, ისევე როგორც იმ შტატის ადგილობრივი მთავრობა, რომელიც ასხვისებს თავისი ტერიტორიის ნაწილს, ამ საკითხს ერთობლივად, კონსტიტუციაზე დაყრდნობით წყვეტს.
არანაკლებ ცხადია ისეთი ძალაუფლების აუცილებლობა, რომელსაც ფედერალური ხელისუფლება ახორციელებს ფორტების, სამხედრო საწყობებისა და ა.შ. მშენებლობის საკითხში. საზოგადოებრივი ფული, რომელიც ამგვარ მშენებლობაზე იხარჯება და საზოგადოებრივი საკუთრება, რაც მასში არის ჩადებული, მოითხოვს, რომ იგი გამოტანილი იქნეს ცალკეული შტატის უფლებამოსილებიდან. მართებული არ იქნება, თუ ამგვარი ადგილები, რომლებზეც მთელი კავშირის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა დამოკიდებული, რაღაც მიმართებით მაინც მისი ცალკეული შტატის გამგებლობაში რჩებოდეს. ამ შემთხვევაშიც არავითარი საბაბი შესიტყვებისა და ეჭვისთვის არ რჩება,  ვინაიდან ამგვარ საქმიანობაზე შესაბამისი შტატის თანხმობაა აუცილებელი.
3.      “უფლება აქვს, შემოიღოს სასჯელი ღალატისთვის; ოღონდ მსჯავრდება არ უნდა ითვალისწინებდეს მოქალაქეობის უფლების ჩამორთმევას და კონფისკაციის განხორციელებას, თუ არა მხოლოდ იმ პერიოდისთვის, როცა მრჯავრდებული ცოცხალია”.
ვინაიდან ისიცაა შესაძლებელი, რომ ღალატი შეერთებული შტატების მიმართ იქნას ჩადენილი, ფედერალურ ხელისუფლებას მისი დასჯის უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს. ბუნტისთავი დაჯგუფებები - ბუნებრივი პირმშოები თავისუფალი მთავრობებისა - შეთითხნილ ბრალდებებს ღალატის თაობაზე მოდურად და  მოხერხებულად იყენებენ ერთმანეთთან ანგარიშსწორების მიზნით. კონვენტმა დიდი წინდახედულება გამოიჩინა, როცა ამგვარი საფრთხის წინაშე გადაულახავი დაბრკოლება აღმართა. საქმე ის არის, რომ მას ამ დანაშაულის ისეთი განსაზღვრება შემოაქვს, რომლის მიხედვითაც სასჯელის დადებისთვის აუცილებელია წარმოდგელი იქნეს უტყუარი მტკიცებულებანი, მაგრამ კონგრესს უფლება არ ეძლევა, რომ მსჯავრდების შედეგები  სხვა პირებზე გაავრცელოს, თუ არა მხოლოდ იმაზე, ვინც უშუალოდაა მხილებული ღალატში.
4.      “უფლება აქვს, კავშირში მიიღოს ახალი შტატები, მაგრამ დაუშვებელია იგი  შეიქმნას ან აღმოცენდეს სხვა ნებისმიერი შტატის იურისდიქციის ფარგლებში. დაუშვებელია შტატის ჩამოყალიბება ორი ან მეტი შტატის, ანდა ამა თუ იმ შტატის ნაწილთა შეერთებით, თუ ამაზე არ არსებობს როგორც შესაბამისი შტატის საკანონმდებლო კრების, ისე კონგრესის თანხმობა.”
კონფედერაციის არც ერთი მუხლი არ ითვალისწინებს ამ საკითხის უზრუნველყოფას. რაც შეეხება კანადის უფლებას კავშირში გაწევრიანების თაობაზე, იმ შემთხვევაში, თუ იგი მიუერთდება შეერთებული შტატების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს – ეს  ცხრა შტატის ნება – სურვილზეა დამოკიდებული. ასევეა სხვა კოლონიების მიმართაც, რაშიც ალბათ, ბრიტანეთის კოლონიები იგულისხმება. ამ დოკუმენტის შემდგენლებს, როგორც ჩანს, მხედველობიდან გამორჩათ ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალი შტატების საბოლოო ფორმირება. ჩვენ ვნახეთ თუ რა უხერხულობას იწვევს ამგვარი ხარვეზი, თუ როგორ არის კონგრესი იძულებული, რომ ამ საკითხში თავის უფლებამოსილებას გადაამეტოს. ამიტომ ახალ სისტემას სრული უფლება ჰქონდა, ეს ნაკლი გამოესწორებინა. ზოგადი პირობა, რომლის მიხედვითაც არც ერთი შტატი არ შეიძლება შეიქმნას ფედერალური ხელისუფლებისა და დაინტერესებული შტატების თანხმობის გარეშე, სრულად შეესაბამება იმ პრინციპებს, რომელთა თანახმადაც უნდა ხორციელდებოდეს ყველა ამგვარი მოქმედება. ასევე შემოღებულია პირობა, რომელიც ითვალისწინებს ამა თუ იმ შტატის თანხმობას მისი დაყოფის გზით ახალი შტატის ჩამოყალიბების თაობაზე, რაც დააცხრობს უფრო მსხვილი შტატების ეჭვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ხოლო უფრო წვრილ შტატთა დაშოშმინებას ის პირობა  გამოიწვევს, რომელიც კრძალავს შტატების შეერთებას მათი თანხმობის გარეშე.
5.      უფლება იმისა, რომ თავის “განკარგულებაში იქონიოს ტერიტორია ან შეერთებული შტატების კუთვნილი სხვა საკუთრება და გამოსცეს ამასთან დაკავშირებით აუცილებელი წესები და დადგენილებანი, მაგრამ კონსტიტუციის არც ერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს შეერთებული შტატებისა თუ ცალკეული შტატის მოთხოვნათა საზარალოდ.”
ეს ძალზე მნიშვნელოვანი უფლებამოსილებაა და მისი აუცილებლობა იმის მსგავსი მოსაზრებებით დასტურდება, რომლებიც ზემოთმოყვანილ კომპეტენციათა მართებულობას ადასტურებს. დამატებული პირობა თავისთავად ცხადია და ეტყობა მისი აუცილებლობა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილმა იმ ქიშპობამ და მასზე  მიბმულმა ზოგიერთმა სხვა საკითხმა გამოიწვია, რაც დასავლური ტერიტორების ათვისებას უკავშირდება. 
6.      “კავშირში შემავალი ყველა შტატისთვის მმართველობის რესპუბლიკური ფორმის გარანტირება; მათი დაცვა გარე შემოსევებისგან და  საშინაო ძალმომრეობისგანაც, თუ ამას მოითხოვს საკანონმდებლო კრება ან აღმასრულებელი ხელისუფლება (როცა შეუძლებელია საკანონმდებლო კრების მოწვევა).”
ბუნებრივია, რომ კონფედერაციაში, რომელიც რესპუბლიკურ პრინციპებს ეფუძნება და რესპუბლიკური მრწამსის წევრებისგან შედგება, მონარქიული და არისტოკრატიული ინოვაციებისგან სისტემის დაცვის უფლებამოსილება უმაღლეს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მინიჭებული. რაც უფრო მტკიცეა კავშირი, მით უფრო დიდ დაინტერესებას იჩენენ მისი წევრები ერთმანეთის პოლიტიკური დაწესებულებების მიმართ და უფრო მეტი უფლებით მოითხოვენ, რათა არსებითად იქნას შენარჩუნებული მმართველობის ის ფორმა, რომლის არსებობის დროსაც  ისინი კავშირში გაერთიანდნენ. მაგრამ ყოველი უფლება მისი განხორციელების საშუალებასაც გულისხმობს და სხვას ვის უნდა გადავცეთ ის, თუ არა იმ ორგანოს, რომელსაც იგი კონსტიტუციით ეკუთვნის? ხელისუფლებანი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულ პრინციპებს ეფუძნებიან და განსხვავებული აგებულება აქვთ, როგორც ვნახეთ, ნაკლებად ჰგუობენ რაიმენაირ კონფედერაციულ გაერთიანებას, ვიდრე ისინი, რომლებიც ერთმანეთს ენათესავებიან. მონტესკიე ამბობს: “ გერმანიის კონფედერაციული რესპუბლიკა, რომელიც სხვადასხვა მთავრის განმგებლობაში მყოფი თავისუფალი ქალაქებისა და წვრილი სახელმწიფოებისგან შედგება, უფრო ნაკლოვანია, ვიდრე ჰოლანდიისა და შვეიცარიის კონფედერაცია;” იგი იქვე დასძენს:” საბერძნეთმა არსებობა მაშინვე დაასრულა, როგორც კი მაკედონიის მეფემ ამფიქციონში დაიდო ბინაო.” ამ უკანასკნელ შემთხვევაში მოვლენათა განვითარებაზე თავისებური ზეგავლენა ძალთა უთანაბრობამ და კონფედერაციის მონარქიულმა ფორმამაც იქონიეს. შეიძლება ვინმემ იკითხოს, თუ რა აუცილებელობითაა გამოწვეული სიფრთხილის ასეთი ზომა და ხომ არ იქცევა ის შტატის ხელისუფლებათა შეცვლის საბაბად ისე, რომ ამის შესახებ თვითონ შტატებს არაფერი ჰკითხონო. ამ შეკითხვებზე მზამზარეული პასუხები არსებობს. თუ ფედერალური ხელისუფლების ჩარევა არ გახდება საჭირო, მაშინ დებულება, რომელიც სწორედ ამგვარ ჩარეეას ითვალისწინებს, კონსტიტუციაში ძალით ჩაკვეხებულის შთაბეჭდილებას დატოვებს. მაგრამ ვის შეუძლია წინასწარ იმის თქმა, თუ რა მოულოდნელობებს გვიმზადებს ცალკეული შტატების ჭირვეულობა, რომლებსაც სათავეში პატივმოყვარე ლიდერები უდგანან, ანდა უცხო სახელმწიფოთა ინტრიგებისა თუ ზეგავლენათა ქსელში არიან გახვეულნი? მეორე შეკითხვის პასუხად ვიტყოდით, რომ თუ საკავშირო ხელისუფლებას კონსტიტუციურად ევალება შტატების საშინაო საქმეებში ჩარევა, მაშინ, რა თქმა უნდა, მან უნდა გამოიყენოს ეს კონსტიტუციური უფლება. მაგრამ ამგვარი ძალაუფლება არ ვრცელდება უფრო შორს, ვიდრე ამას რესპუბლიკური მმართველობის გარანტირება გულისხმობს, რაც, რა თქმა უნდა, ისეთი მმართველობის წინასწარ არსებობას მოასწავებს, რომლის გარანტირებაცაა აუცილებელი. აქედან გამომდინარე, ვიდრე შტატებში რესპუბლიკური მმართველობაა, მათ გარანტს ფედერალური მთავრობა წარმოადგენს. თუკი შტატები გადაწყვეტენ, რესპუბლიკური მმართველობის რომელიმე სხვა ფორმები აირჩიონ, მათ ენიჭებათ როგორც ამის უფლება, ისე იმისაც, რომ ფედერალური მთავრობისგან მათი უზრუნველყოფა მოითხოვონ. ერთადერთი აკრძალვა, რაც მათ უწესდებათ, ისაა, რომ რესპუბლიკური ფორმის მაგივრად ანტირესპუბლიკური კონსტიტუციები შემოიღონ. ამგვარი აკრძალვის გამო, ვეჭვობ, რომელიმე შტატმა დაიჩივლოს.
რაც შეეხება გარეშე თავდასხმებს, ყველა საზოგადოება ვალდებულია მათგან თავისი წევრები დაიცვას. კონსტიტუციის შესაბამისი დებულება არა მარტო მტრული სახელმწიფოების მხრიდან თავდაცვის უზრუნველყოფას გულისხმობს, არამედ იგი უფრო სუსტ შტატებს უფრო ძლევამოსილთა ამპარტავნებითა თუ შურისგებით ნასაზრდოებ ხელყოფათაგან იცავს. როგორც ძველი, ისე თანამედროვე კონფედერაციების ისტორიის გამოცდილება ადასტურებს, რომ კავშირის უფრო სუსტი წევრები გულგრილი ვერ დარჩებიან იმ პრაქტიკული სიბრძნის მიმართ, რომელიც კონსტიტუციის ამ მუხლშია დაუნჯებული.
ასევე მართებულად არის დამატებული ის მუხლი, რომელიც საშინაო ძალმომრეობისგან დაცვას ითვალისწინებს. როგორც უკვე აღინიშნა, თვით შვეიცარიის კანტონებიც კი, რომელიც არც კი არის გაერთიანებული ერთი მმართველობის ქვეშ, ითვალისწინებს ამგვარ დებულებას; ამ ლიგის ისტორია მოგვითხრობს, თუ რა ხშირად ითხოვდნენ კანტონები დახმარებას და რა ხშირად ეხმარებოდნენ ისინი ერთმანეთს; ამასთანავე, ამ კანტონებიდან ზოგი უფრო დემოკრატიული იყო, ზოგი უფრო ნაკლებ დემოკრატიული. ჩვენში არცთუ დიდი ხნის წინ დატრიალებული და კარგად ცნობილი მოვლენები გვაფრთხილებენ იმის თაობაზე, რომ ყოველ წუთს მზად უნდა ვიყოთ ამგვარი საგანგებო მდგომარეობისთვის.
არსებობს ვარაუდი, რომლის მიხედვითაც უმრავლესობას არ აქვს უფლება, ხოლო უმცირესობას შეიძლება, აღმოაჩნდეს ხელისუფლების დასამხობად საჭირო ძალა. ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ იგი რესპუბლიკურ თეორიას არ ეთანხმება. აქედან გამომდინარე, ფედერალური ჩარევა არასდროს საჭირო არ გახდება.  უფრო მეტი, იგი უმართებულო რამედ უნდა მივიჩნიოთ. მაგრამ თეორიული მოსაზრება როგორც უმრავლეს შემთხვევაში, ისე ამ კონკრეტულ სიტუაციაში პრაქტიკული გაკვეთილების მიხედვით გასწორებას საჭიროებს. რატომაა შეუძლებელი, რომ ძალმომრეობის უკანონო გეგმებს შტატის – განსაკუთრებით უფრო წვრილი შტატის   უმრავლესობა, ანდა ის უმრავლესობა ადგენდეს, რომელიც იმავე შტატის ერთ-ერთ ოლქსა თუ რაიონში არსებობს? და თუ ერთ შემთხვევაში შტატის ხელისუფლებას ევალება ადგილობრივი მთავრობის დაცვა, მაშინ მეორე შემთხვევაში ფედერალურ ხელისუფლებას რად არ უნდა ევალებოდეს შტატის მთავრობის უზრუნველყოფა? გარდა ამისა, თითოეული შტატის კონსტიტუციის ზოგიერთი ნაწილი ისე არის გადაჯაჭვული ფედერალურ კონსტიტუციასთან, რომ ერთი მათგანისთვის მიყენებულმა დარტყმამ შეუძლებელია, შესაბამისი დაზიანება არ გამოიწვიოს მეორეში. შტატში დაწყებულ აჯანყებას, ვეჭვობ, ფედერალური ხელისუფლების ჩარევა მოჰყვეს, თუ ხელისუფლების მტრები რიცხოვნებით არ აღემატებიან მის ქომაგებს. კაცმა რომ თქვას, უპრიანია, ასეთი ძალმომრეობა უმაღლესი საკავშირო ხელისუფლების ძალებმა ჩაახშონ, ვიდრე უმრავლესობამ სისხლითა და მახვილით დაიცვას თავისი უფლებები. თვით ის ფაქტი, რომ არსებობს ჩარევის უფლება, თავიდან აგვაშორებს მისი გამოყენების აუცილებლობას.
განა ძალა და უფლება რსპუბლიკური მმართველობის დროს ყოველთვის ერთ მხარეს არის ხოლმე? განა არ არის შესაძლებელი, რომ უმცირესობას ჰქონდეს  უფრო დიდი ფულადი სახსრები, სამხედრო ტალანტი და გამოცდილება, უცხო სახელმწიფოთა ფარული წაქეზებით კი სწორედ იმ მომენტში მოიპოვოს გადამწყვეტი უპირატესობა, როცა მახვილს შემართავს? თუ ისინი ერთ მუშტად არიან შეკრულნი და მომგებიან მდგომარეობაშიც იმყოფებიან, განა სასწორის პინა მათ მხარეს არ გადაიხრება, ვიდრე იმ უმრავლესობისა, რომელმაც შექმნილი მდგომარეობის გამო ძალებს თავი ვერ მოუყარა და სწრაფი და შეერთებული მოქმედება ვერ მოასწრო? წარმოსახვის თამაში იქნება და სხვა არაფერი, თუ ვიფიქრებთ, რომ იმის გამოთვლა, თუ ვინ გაიმაიჯვებს რეალურ ძალთა ჭიდილში თითქოსდა იმავე მეთოდებით შეიძლებოდეს, რითაც მოსახლეობის აღწერას ვახდენთ, ანდა არჩევნების შედეგებს ვითვლით! განა შეუძლებელია ისე მოხდეს, რომ მოქალაქეთა უმცირესობა პირთა უმრავლესობად იქცეს იმის წყალობით, რომ მას ქვეყანაში მცხოვრები უცხოელები, შემთხვევითი ავანტურისტები თუ სხვა ისეთი ხალხი შეუერთდეს, რომელსაც შტატის კონსტიტუციით ხმის უფლება აქვს ჩამორთმეული? ანგარიშში არ ვაგდებ მოსახლეობის იმ უბედურ ნაწილს, რომელიც უხვადაა წარმოდგენილი ზოგიერთ შტატში და რომელიც წყნარი მმრთველობის პერიოდებში ადამიანური არსებობის ქვევით არის დაშვებული, მაგრამ როგორც კი სამოქალაქო ძალმომრეობის ბობოქარი სცენები გათამაშდება, მყისვე ადამიანის სახეს ღებულობს და ძალის მხრივ უპირატესობას იმ მხარეს ანიჭებს, რომელსაც მიემხრობა.
იმის გასარკვევად, თუ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის, რომლებსაც ერთმანეთზე იარღი შეუმართავთ და ქვეყნის ნაკუწებად ქცევას ლამობენ,  ვის მხარეს არის სამართალი, განა არსებობს უფრო კარგი მედიატორი, ვიდრე კონფედერაციული შტატების წარმომადგენელნი, რომელთაც ადგილობრივი ხანძრის ალები არ მოსდებია? მათში ხომ ერთმანეთთან იქნება შერწყმული მოსამართლის მიუკერძოებლობა და მეგობრული სიყვარული. უდიდესი ბედნიერება იქნებოდა, თუ ამგვარ საშუალებას თავიანთი სიძაბუნის სამკურნალოდ მსოფლიოს ყველა მთავრობა გამოიყენებდა, თუკი ამგვარი პროექტი ქმედითად განხორციელდებოდა იმ მიზნით, რომ კაცობრიობას საყოველთაო მშვიდობა მოეპოვებინა.
ხომ არ დაგვესვა შეკითხვა იმის თაობაზე, თუ რა მოხდებოდა მაშინ, თუკი აჯანყება ყველა შტატს მოედებოდა და მის წინააღმდეგ მხოლოდ ძალას გამოიყენებდნენ და არა კონსტიტუციურ უფლებას. ამ შეკითხვაზე პასუხი ასეთი იქნებოდა: რახან ასეთი უბედურების წინააღმდეგ კაცობრიობას საშუალება არ გააჩნია, საბედნიეროდ, იგი მას არც დაატყდება თავს. კონსტიტუცია კი საკმარის რეკომენდაციას აძლევს ფედერალურ მთავრობას მსგავსი ძნელბედობის თავიდან ასაცილებლად, რომლისგან განკურნების საშუალებაც არც ერთ შესაძლო კონსტიტუციას არ მოეპოვება.
   რესპუბლიკური კონფედერაციის იმ უპირატესობათა შორის, რომლებსაც მონტესკიე ჩამოთვლის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის, რომელიც გულისხმობს, რომ: “კონფედერაციის ერთ ნაწილში აჯნყებამ რომ იფეთქოს, დანარჩენები ადვილად ჩაახშობენ მას; თუ მისი ერთი ნაწილი სულიერად გაიხრწნება, უვნებელი ნაწილი კვლავ აღადგენს მას.”
7.      “ყველა ვალი და ვალდებულება, რომელიც შეერთებულ შტატებს კონსტიტუციის მიღებამდე ჰქონდა აღებული, იმავე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს, რაც მათ კონფედერაციის დროს ჰქონდათ.”
ეს მუხლი, რომელიც უფრო დეკლარაციულ განცხადებას ჰგავს, შესაძლოა, სხვა მიზეზთა შორის, იმიტომაც არის შეტანილი კონსტიტუციაში, რომ შეერთებული შტატების კრედიტორები დაამშვიდოს. ამ უკანასკნელებმა შეუძლებელია არ უწყოდნენ იმ მცდარი დოქტრინის შესახებ, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური ფორმის ცვლილება მაგიურ ზემოქმედებას ახდენს მორალურ ვალდებულებებზე მათი გაუქმების თვალსაზრისით.
უფრო ნაკლები მნიშვნელობის კრიტიკულ შენიშვნებს შორის, რომლებიც კონსტიტუციას დაატეხეს თავს, იმაზეც იქნა მითითებული, რომ ვალდებულების იურიდიული ძალა შემდეგი ნიშნის მიხედვით უნდა ფასდებოდეს: რომელი ვალდებულებაა სასარგებლო შეერთებული შტატებისთვის და რომელი - საზიანო. კრიტიკანული სულისკვეთებისთვის დამახასიათებელი ხერხით ეს ხარვეზი ისე იქნა განმარტებული და გაზვიადებული, რომ იგი ეროვნული უფლებების წინააღმდეგ შეთქმულებად შეირაცხა. ამ აღმოჩენის ავტორთათვის შეიძლებოდა გვეთქვა ის,  რაც შესაძლოა, რამდენიმე მათგანმა იცოდეს კიდეც, სახელდობრ: ვალდებულების თანაზიარი ხასიათიდან გამომდინარე, ერთი მხარის მიერ მისი იურიდიული ძალის აღიარება აუცილებლად იწვევს მეორე მხარის მიერ მისი კანონიერების ცნობას, და რაკი მუხლი მხოლოდ დეკლარაციული განცხადებაა, იმ პრინციპის დადგენა, რომელსაც ერთი შემთხვევა ემყარება, Dყველა დანარჩენი შემთხვევისთვის მის დაწესებასაც გულისხმობს. ერთ რამესაც დავძენდით: კონსტიტუცია მხოლოდ რეალურ საფრთხეებს უნდა ითვალისწინებდეს და არა წარმოსახვითს. და არ არსებობს ისეთი რეალური საფრთხე, რომლის მომიზეზებით მთავრობა გაბედავდა და უარს იტყოდა საზოგადოების მიმართ არსებული დავალიანების დაფარვაზე. ასეთი რამ დაუშვებელია როგორც კონსტიტუციური განცხადებით, ისე მის გარეშეც. მით უმეტეს - იმ საბაბით, რომელიც ეს-ესაა დაგმობილ იქნა.
8.      “უზრუნველყოფა იმისა, რომ შესწორებები კოსტიტუციაში შეტანილი იქნეს შტატების 3/4 თანხმობით, გარდა ორი გამონაკლისისა.”
არ შეიძლება არ ვითვალისწინებდეთ იმ ცვლილებებს, რომელთა აუცილებლობას გამოცდილება გვკარნახობს. ამიტომ აუცილებელია იმ ხერხის დადგენა, რითაც ამ აუცილებლობის უზრუნველყოფა მოხდება. ვფიქრობ, კონვენტის მიერ დამჯობინებული პროცედურა მართებულობის ყველა ნიშნითაა აღბეჭდილი; იგი არც მეტისმეტად იოლია, რაც კონსტიტუციის სიმყარეს შეუქმნიდა ხიფათს და არც – მეტისმეტად რთულია, რაც იმ საფრთხის წინაშე დაგვაყენებდა, რომ მასში არსებული შესაძლო გადაცდომები სამუდამოდ დარჩენილიყვნენ. ამგვარი პროცედურა შესაძლებლობას აძლევს როგორც ადგილობრივ, ისე ფედერალურ ხელისუფლებას, რომ გამოასწოროს ყველა ის შეცდომა, რომელსაც გამოცდილება გამოამჟღავნებს. გამონაკლისი, რომელიც სენატში თანაბარ წარმომადგენლობას ეხება, ეტყობა, შტატების დარჩენილი სუვერენიტეტის დაცვის სურვილითაა ნაკარნახევი. ლაპარაკია იმ დამოუკიდებლობაზე, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლების ერთ შტოში წარმომადგენლობის პრინციპს ემყარება და, როგორც ჩანს, იმ შტატების დაჟინებული მოთხოვნითაა კონსტიტუციაში შეტანილი, რომლებიც თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპისადმი განსაკუთრებულ ერთგულებას იჩენენ. მეორე გამონაკლისიც, ეტყობა, იმავე მოსაზრებებითაა დაშვებული და იმ პრივილეგიას უზრუნველყოფს, რომელსაც ისინი იცავდნენ.
9.      “ამ კონსტიტუციის მისაღებად საკმარისია ის, რომ იგი რატიფიცირებული იქნეს ცხრა შტატის მიერ, რომლებმაც დადგენილი წესის მიხედვით უკვე დაამტკიცეს იგი.”
თავისთავად გასაგები მუხლია. მხოლოდ ხალხის ნებას ძალუძს კონსტიტუციისთვის სათანადო იურიდიული ძალის მინიჭება. რატიფიკაციისთვის ცამეტივე შტატის ერთსულოვანი თანხმობის აუცილებლობის შემთხვევაში, მთელის სასიცოცხლო ინტერესი შეიძლება, ერთი რომელიმე წევრის ჭირვეულობასა თუ ზნეობრივ გახრწნილებაზე შეგვეგდო. ასეთი რამ კონვეტის მხრიდან დიდი წინდაუხედაობა იქნებოდა, რასაც, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მიუტევებელ შეცდომად ჩავთვლიდით.
ამ საკითხთან დაკავშირებით ორი, ერთობ დელიკატური საკითხი წამოიჭრება. ჯერ ერთი: რა საფუძვლზე ვაუქმებთ კონფედერაციის მუხლებს, რომელიც შტატებს შორის დადებული ხელშეკრულების წმინდა ფორმაა ისე, რომ ამაზე ყველა შტატის ერთსულოვანი თანხმობა არ არსებობს? და მეორეც: როგორი ურთიერთობა უნდა არსებობდეს, ერთი მხრივ, ცხრა შტატსა, და მეორე მხრივ,  რამდენიმე შტატს შორის, რომელთაგან ერთმა დაამტკიცა კონსტიტუცია, მეორეს კი მონაწილეობა არ მიუღია მის დამტკიცებაში?
პირველ შეკითხვაზე პასუხი არ დააყოვნებს, თუ იმ გადაუდებელ აუცილებლობას გავიხსენებთ, რომელიც თან ახლავს ამ საკითხს. თუ გავისიგრძეგანებთ თვითშენახვის დიად პრინციპს, ასევე – ბუნებისა და ღმერთის უდიადეს კანონს, რომელიც ღაღადებს: საზოგადოების უსაფრთხოება და ბედნიერება ყველა პოლიტიკური დაწესებულების მიზანია, რომელსაც მსხვერპლად უნდა ეწირებოდნენ კიდეც ისინი. შესაძლოა , ამ კითხვაზე პასუხს ისეც მივაგნოთ, რომ მას ხელშეკრულების პრინციპთა მიღმა ძებნა არ დავუწყოთ. იმ ნაკლოვანებებს შორის, რომლებიც კონფედერაციის მუხლებს ახასიათებს, აქამდეც მოვიხსენიებდით იმას, რომ იგი მხოლოდ შტატების საკანონმდებლო კრებების მიერაა მოწონებული. თანაზიარობის პრინციპი კი მოითხოვს, რომ ზოგიერთი შტატის მიერ თავის თავზე აღებული ვალდებულება დანარჩენებმაც უნდა თანაბრად გაიზიარონ. სუვერენულ პოლიტიკურ ერთეულებს შორის ისეთ შეთანხმებას, რომელიც მხოლოდ საკანონმდებლო კრების ჩვეულებრივ აქტს ემყარება, არ შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს უფრო მაღალ იურიდიულ სტატუსზე, ვიდრე მხარეებს შორის გაფორმებული ლიგა თუ ხელშეკრულებაა. ამ საკითხზე არსებული  საყოველთაოდ აღიარებული თვალსაზრისის მიხედვით ხელშეკრულების ყველა მუხლი ურთიერთგანპირობებულია და ერთი მათგანის დარღვევაც კი მთელი ხელშეკრულების გაუქმებას იწვევს; როცა ხელშეკრულებას არღვევს ერთი მხარე, მეორე მხარე უფლებამოსილია – თუ ამის სურვილი აქვს – იგი ძალადაკარგულად და ბათილად გამოცხადოს. ვდგავართ კი იმ სამწუხარო აუცილებლობის წინაშე, რომ საზოგადოებას ამგვარი საჩოთირო ჭეშმარიტებანი შევახსენოთ იმის გასამართლებლად, თუ რატომ ხდება ზოგიერთი შტატის თანხმობის უქონლად  ფედერალური ხელშეკრულების გაუქმება? მაშინ განა მბრალდებელ მხარეს არ გაუჭირდებოდა, აეხსნა იმ მნიშვნელოვან დარღვევათა ერთობ გახშირებული შემთხვევები, რომლებსაც ისინი აწყდებიან? იყო დრო, როცა ჩვენს თავს უფლებას არ ვაძლევდით საქვეყნოდ გველაპარაკა იმ იდეების შესახებ, რომლებიც ამ პარაგრაფშია გადმოცემული, მაგრამ ახლა მდგომარეობა შეიცვალა, მასთან ერთად კი დავიწყებას მიეცა ის აკრძალვა, რომელიც იგივე მოტივებით იყო ნაკარნახევი.
არანაკლებ დელიკატურია მეორე შეკითხვა, მაგრამ იგი იმდენად ჰიპოთეტური ხასიათისაა, რომ ვიმედოვნებ, უფლება მაქვს, საკუთარ თავს მასში ჩაღრმავების ნება არ მივცე. ეს ერთ-ერთი იმ შემთხვევათაგნია, როცა საკითხი თავისთავად გვარდება. ზოგადად თუ ვიტყოდით, არანაირი ურთიერთობა არ შეიძლება არსებობდეს იმ შტატებს შორის, რომელთაგან ერთნი თანხმობას აცხადებენ, მეორენი კი არ არიან თანახმანი; მაგრამ ეს ვერ აუქმებს მათ შორის ზნეობრივი ურთიერთობის არსებობის აუცილებლობას. სამართლიანობის მოთხოვნა ძალაში რჩება როგორც ერთი, ისე მეორე მხარისთვის და იგი ორივე მხარემ აუცილებლად უნდა შეასრულოს; ასევე ორივე მხარე ვალდებულია  უპირობოდ სათანადო პატივს მიაგებდეს ადამიანის უფლებებს. თუ ისინი  საერთო ინტერესებს გაითვალისწინებენ. უწინარეს ყოვლისა კი, ურთიერთპატივისცემით გამსჭვალულ წარსულის სცენებს გაიხსენებენ და კვლავ შეერთების გზაზე აღმართულ დაბრკოლებათა უსწრაფესად დაძლევის სასოებით აღენთებიან, მაშინ ალბათ ამაო არ იქნება, თუ ერთს ზომიერებას შევაგონებდით, მეორეს კი – კეთილგონიერებას .
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group