ფედერალისტი # 54 : მედისონი (ალექსანდრე ჰამილტონთან თანამშრომლობით)
1788წ. 12 თებერვალი
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
შემდეგი თვალთახედვა, რითაც მე წარმომადგენელთა პალატის განხილვა მსურს, დაკავშირებულია იმ საკითხთან, თუ რა პროპორციულობით არიან არჩეულნი მისი წევრები სხვადასხვა შტატიდან და რა კავშირი აქვს ამას პირდაპირი დაბეგვრის წესთან.
არ არის სადავო ის, რომ სწორედ ამა თუ იმ შტატის მოსახლეობის რაოდენობა გვევლინება იმის საზომად, თუ რამდენი წარმომადგენელი უნდა წარგზავნოს მან წარმომადგენლობით პალატაში. მაგრამ როგორც ჩანს, ნაკლებად სასაყვედურო იქნებოდა, თუკი ამ მიზნით იმავე წესს შემოვიღებდით, რითაც საგადასახადო საქმე წესრიგდება. თუმცა ამ სიტუაციაში იგი სრულიად სხვა პრინციპს ემყარება. ერთ შემთხვევაში ეს წესი გაგებულია როგორც ისეთი რამ, რასაც საქმე აქვს ადამიანის პიროვნულ უფლებებთან, რასთანაც ბუნებრივსა და საყოველთაო კავშირში იმყოფება. მეორე შემთხვევაში კი იგი იმის დადგენას ისახავს მიზნად, თუ ვის რა წილი უდევს სიმდიდრეში. თუმცა ზემოაღნიშნული წესი არ არის ამგვარი წილობრივი მონაწილეობის ზუსტი საზომი და ჩვეულებრივ სიტუაციებში საამისოდ არც კი გამოდგება. მიუხედავად მისი ამგვარი ნაკლისა, იგი მაინც არ განეკუთვნება ისეთ წესთა რიცხვს, რომლებსაც იშვიათად იყენებენ პრაქტიკულ ცხოვრებაში. პირიქით, ამა თუ იმ შტატის შედარებითი სიმდიდრისა და საერთო შემოსავალში მისი წილობრივი მონაწილეობის ზომის დადგენა სწორედ ამ წესის მიხედვით ხდება. მიუხედავად იმისა, რომ იგი არცთუ დიდი ხნის წინათ იქნა შემოღებული ამერიკაში, კონვენტმა უპირატესობა მაინც მას მიანიჭა.
ყველაფერი მართლაც ისეა, როგორც აქ ითქვა. მაგრამ როცა დაშვებულია ის, რომ წარმომადგენელთა რიცხვი მოსახლეობის საერთო რაოდენობის მიხედვით გაიზომოს ან როცა ამ რიცხვში თავისუფალ მოქალაქეებთან ერთად მონებიცაა გათვალისწინებული, ისე, როგორც საგადასახადო წესის შემთხვევაში, შეიძლება ვინმემ იკითხოს: ნუთუ აქედან ის გამომდინარეობს, რომ ეს უკანასკნელნი მოსახლეობის იმ რიცხვშიც უნდა იყვნენ შეყვანილნი, რომლის მიხედვითაც წარმომადგენლთა რაოდენობის განსაზღვრა მოხდება? მაგრამ მონა ხომ საკუთრებადაა მიჩნეული და არა პიროვნებად. ამიტომ უპრიანია მათ იმ წესებში ვითვალისწინებდეთ, რომელნიც საკუთრების დაბეგვრაზე არიან გათვლილნი. რაც შეეხება წარმომადგენელთა რაოდენობის განსაზღვრას, მოსახლეობის იმ აღწერაში, რომელიც ამ მიზნით ტარდება, მათ, რა თქმა უნდა, ანგარიშს არ უნდა ვუწევდეთო. ზემოხსენებული შესიტყვების არსი, როგორც ვხვდები სწორედ ასე შეიძლება გადმოიცეს. ახლა შევეცდები, ასევე გულწრფელი ვიყო იმ მოსაზრებათა გადმოცემისას, რომლებსაც ამგვარი შესიტყვების პასუხად საპირისპირო მხარე წამოაყენებდა.
ჩვენს სამხრეთელ თანამოძმეთაგან ვინმე მაინც შეამჩნევდა იმას, რომ ჩვენც ვიზიარებთ იმ დოქტრინას, რომლის მიხედვითაც წარმომადგენლობა უფრო პიროვნული საკითხია მაშინ, როცა დაბეგვრას უფრო უშუალოდ საკუთრებასთან აქვს საქმე. ჩვენ იმ შეხედულებასაც ვეთანხმებით, რომ ამგვარი განსხვავება ჩვენი მონების მიმართაც იქნეს გამოყენებული. მაგრამ ვერაფრით ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ მონა ყველა მიმართებით მარტოოდენ საკუთრებად იქნეს განხილული და არც ერთი თვალსაზრისით პიროვნებად არ იქნეს მიჩნეული. სიმართლე კი ის არის, რომ ჩვენი კანონმდებლობით იგი ერთსა დაიმავე დროს საკუთრებაც არის და პიროვნებაც, ანუ რაღაც მიმართებით საკუთრებაა, რაღაც მიმართებით – პიროვნება. მაგრამ მონა იძულებულია ბატონისთვის იმუშაოს და არა თავისთვის; იგი ბატონებს შორის ყიდვა – გაყიდვის საგანია. მისი თავისუფლება შეზღუდულია და მისი ფიზიკური დასჯა სხვის ჭირვეულ ნებაზეა დამოკიდებული. ყოველივე ამის გამო მონა ადამიანზე მდაბალ წარმონაქმნად და გონებას მოკლებულ პირუტყვად განიხილება, რის გამოც იგი საკუთრების სამართლებრივი განსაზღვრების ქვეშ ექცევა. მაგრამ მეორე მხრივ, მის სიცოცხლეს კანონი იცავს. მონა თვით ბატონის ძალმომრეობისგანაც კია დაცული. ბატონისა, რომლის ხელთაა მისი შრომა და თავისუფლება. იგი, ისე როგორც დანარჩენი მოქალაქენი, კანონით ისჯება მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის. ასე რომ, ისიც საზოგადოების წევრადა მიჩნეული და მარტოდენ გონებასმოკლებულ პირუტყვად აღარ განიხილება. ამ მიმართებით მონა უფრო მორალური პერსონაა და არ არის მარტოოდენ საკუთრება. ამიტომ სრულიად მართებულად განსაზღვრავს ფედერალური კონსტიტუცია, რომ მონას ნაზავი ბუნება აქვს; რომ მასში ერთმანეთშია შერეული როგორც პიროვნების, ისე საკუთრების თვისებები. სწორედ ამაშია მონის არსი, რასაც ის კანონები ანიჭებენ, რომელთა მიხედვითაც მას ცხოვრება უწევს. ასე რომ, მონების თაობაზე მართებული გადაწყვეტილებაა მიღებული. უმართებულო კი სწორედ ის იქნებოდა, თუ მოსახლეობის აღწერის დროს ზანგებს მხედველობაში იმ მიზეზით არ მიიღებდნენ, აქაოდა, მონა საკუთრება არის და არა პიროვნებაო. ასე რომ, თუ ზანგებს ჩამორთმეული უფლებები დაუბრუნდებათ, მათ იმის საშუალებაც მიეცემათ, რომ ისეთივე მონაწილეობა მიეღოთ წარმომადგენლობაში, როგორსაც დანარჩენი მოქალაქეები ღებულობენ.
იგივე საკითხი სხვა თვალსაზრისითაც შეგვიძლია განვიხილოთ. ყველა მხარე აღიარებს, რომ რიცხვი, ერთი მხრივ, სიმდიდრისა და გადასახადის საუკეთესო საზომია; მეორე მხრივ კი, იგი ერთადერთი რამაა, რითაც წარმომადგენლობის ჯეროვნად შეფასებაა შესაძლებელი. კონვენტს შეეძლო წარმომადგენელთა რაოდენობის განსაზღვრის დროს არ გაეთვალისწინებინა მონები და მათი არსებობა მხოლოდ მაშინ მიეღო მხედველობაში, როცა მოსახლეობის აღწერა მისი დაბეგვრის მიზნით ხდება. მაგრამ მაშინ უპრიანი იქნებოდა, ვინმეს ეკითხა: იქნებოდა კი კონვენტი მიუკერძოებელი ან თანამიმდევრული, თუკი იგი ასე მოიქცეოდა? იქნებოდა კი გონივრული იმის მოლოდინი, რომ სამხრეთული შტატები ოდესმე დაეთანხმებიან ამგვარ ვითარებას? განა ისინი ოდესმე ყაბულს იქნებიან, რომ მათ მონებს ადამინებად განიხილავენ, როცა მათი დაბეგვრის საკითხი დგას, მაგრამ ადამიანთა სათვალავში არ შეჰყავდეთ როცა საქმე პრივილეგიათა მინიჭებაზე მიდგება? არსებობს ხალხი, რომელიც სამხრეთულ შტატებს იმაში სდებს ბრალს, რომ ისინი თანამოძმეთა ერთი ნაწილის მიმართ ბარბაროსულ პოლიტიკას ატარებენ. გასაკვირია სწორედ, რომ იგივე ხალხი საპირისპირო რამეს მოითხოვს, როცა საქმე იმის განსაზღვრაზე მიდგება, თუ როგორი უნდა იყოს იმავე თანამოძმეთა მიმართ ყველა შტატისთვის საერთო ხელისუფლების პოლიტიკა. საქმე ის არის, რომ მის მიერ ამ ბედნავსი ადამიანური მოდგმის შეფასება ბევრად უფრო ეწინააღმდეგება ბუნების წესრიგს, ვიდრე ის კანონები, რომელთა მიმართ ეს ხალხი საყვედურს გამოთქვამს.
ამ შესიტყვების პასუხად შეიძლება განაცხადონ: არც ერთ შტატში, სადაც მონები არსებობენ, მათ არ ითვალისწინებენ მოსახლეობის იმ აღწერის დროს, რომელსაც იმ მიზნით ატარებენ, რომ წარმომადგენელთა რაოდენობა განსაზღვრონო. მათ არ გააჩნიათ ხმის უფლება და არც ისეა საქმე, რომ მათი ხმა ბატონის საარჩევნო ხმას ემატებოდეს. რომელი პრინციპის საფუძველზე უნდა იქნენ ისინი გათვალისწინებულნი იმ აღწერის დროს, რომელიც იმ მიზნით ტარდება, რომ ფედერალურ წარმომადგენლობით კრებაში შტატის წარმომადგენლობის ხარისხი განისაზღვროს? თუ კონსტიტუცია მათი სრული უგულვებელყოფის გზას დაადგებოდა, მაშინ ეს იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ მას გზამკვლევად არსებული კანონმდებლობა აურჩევია.
ამგვარი შესიტყვების უკუგდებას დიდი ამბავი არ უნდა. შემოთავაზებულ კონსტიტუციას საფუძვლად უდევს პრინციპი, რომლის თანახმადაც შტატისთვის განკუთვნილ წარმომადგენელთა საერთო რიცხვი, გამოყვანილი უნდა იქნეს მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან, როგორც ფედერალური წესი მოითხოვს. ხოლო თუ ვინ უნდა შედიოდეს მაცხოვრებელთა შემადგენლობაში, რომელიც იმ რაოდენობით ირჩევს წარმომადგენლებს, როგორც ფედერალური კანონითაა დადგენილი, ეს შეიძლება, თვითონ შტატის მიერ შემოღებული წესით განისაზღვროს. ისეთ ორ შტატსაც კი ვერ იპოვით, სადაც ხმის მისაღებად ერთნაირი ცენზი იქნება დადგენილი. ზოგიერთ შტატს შორის, ამ მხრივ, ძალზე არსებითი განსხვავებაა. ყოველ შტატში არის მაცხოვრებელთა რაღაც ნაწილი, რომელსაც შტატის კონსტიტუციით ჩამორთმეული აქვს ხმის უფლება. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ფედერალურმა კონსტიტუციამ ამ ხალხს ფედერალურ წარმომადგენელთა არჩევის პროცესში მონაწილეობის ნება დართოს. ამან შესაძლოა, სამხრეთული შტატების პროტესტი გამოიწვიოს. ისინი იმ პრინციპის წინააღმდეგ გაილაშქრებენ, რომლის მიხედვითაც ცალკეულ შტატს უფლება არ ეძლევა თავად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ მოსახლეობასთან მიმართებაში. ამასთანავე, მათ უკმაყოფილებას, ეტყობა, ის პრინციპიც გამოიწვევს, რომელიც ფედერალურ ხელისუფლებას უფლებას აძლევს, მოსახლეობის აღწერის დროს საერთო სათვალავში მონებიც შეიტანოს, როგორც ეს მაცხოვრებელთა იმ ნაწილის მიმართაა დადგენილი, რომელსაც ზოგიერთ შტატში ხმის უფლება აქვს ჩამორთმეული. ამ პრინციპს განუხრელად ის ხალხი იცავს, ვინც აქედან ხეირს გამოელის. ყოველივე ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ აუცილებელია ორივე მხარემ ზომიერება გამოიჩინოს. დაე, მონების საკითხი დიდი რუდუნებით იქნეს განხილული, ვინაიდან მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. დაე, მოიძებნოს ისეთი კონსტიტუციური გადაწყვეტა, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება; რა დროსაც მონა მაცხოვრებლადაა მიჩნეული, ოღონდ ისეთ მაცხოვრებლად, რომელსაც თავისი ჩაგრული მდგომარეობის გამო თავისუფალ მოქალაქეზე ბევრად დაბლა აქვს ადგილი მიჩენილი;
მონას
ხომ
ადამიანად
ყოფნის ორი მეხუთედი აქვს წართმეული, ანუ იგი ორი მეხუთედით ნაკლებია, ვიდრე
ადამიანი
.
ნუთუ შეუძლებელია, ისეთი საფუძვლის მოძიება, რომელიც უფრო საიმედოდ დაიცავდა კონსტიტუციის ამ პუნქტს? აქამდე ჩვენ იმ აზრს ვავითარებდით, რომ წარმომადგენლობის საკითხი მხოლოდ პიროვნებას უკავშირდება და არანაირად არ ეხება საკუთრებას. მაგრამ მართებულია კი ამგვარი მოსაზრება? ხელისუფლება ვალდებულია, მფარველობა გაუწიოს როგორც პიროვნებას, ისე საკუთრებას. ამ პრინციპიდან გამომდინარე, იმ ხალხს, ვინც ძალაუფლებას ფლობს ერთი მოვალეობაც აკისრია და მეორეც. ამიტომ რამდენიმე შტატში – განსაკუთრებით ნიუ – იორკში _ ხელისუფლების ერთი განშტოება საგანგებოდაა მოწოდებული იმისთვის, რომ საკუთრებას გაუწიოს მფარველობა; შესაბამისად, მას მოსახლეობის ის ნაწილი ირჩევს, რომელიც სისხლხორცეულადაა დაინტერესებული ხელისუფლების სწორედ ამ ამოცანით. რაც შეეხება ფედერალურ კონსტიტუციას, ის ამ გზით არ მიდის. საკუთრების დაცვასა და პიროვნების მფარველობას იგი ერთსა და იმავე სახელისუფლებო სტრუქტურას აკისრებს. ამიტომ უპრიანი იქნებოდა, ამგვარი სტრუქტურის შერჩევისას ყურადღება საკუთრებაზე ყოფილიყო გამახვილებული.
არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ხმების ის რაოდენობა, რითაც ესა თუ ის შტატია წარმოდგენილი, ფედერალურ საკანონმდებლო ხელისუფლებაში თითოეული მათგანის შედარებითი სიმდიდრის თანაზომიერი უნდა იყოს. ინდივიდებისგან განსხვავებით, შტატები ვერ ახდენენ მეტნაკლებ ზეგავლენას ერთმანეთზე იმისდა მიხედვით, თუ რა ავლადიდება აბადია თითოეულ მათგანს. შეძლებულ ადამიანს კანონი ერთი ხმის უფლებას ანიჭებს წარმომადგენლის ასარჩვეად, მაგრამ ის ხელსაყრელი მდგომარეობა, რომელიც მას საზოგადებაში უკავია, აქედან გამომდინარე ზეგავლენა და ავტორიტეტი, ხშირად იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ მან საზოგადოების დანარჩენი წევრებიც დააკვალიანოს ხმის მიცემის საკითხში და მათი ხმებიც თავისივე რჩეულისკენ მიმართოს. ამგვარი უხილავი არხებით შეაღწევს ხოლმე საკუთრების უფლება წარმომადგენლობით ორგანოში. შტატები კი ერთმანეთზე ამგვარ ზემოქმედებას ვერ ახდენენ. თითქმის წარმოუდგენელია ის, რომ თუნდაც ყველაზე მდიდარმა შტატმა სხვა შტატის თუნდაც ერთი ამომრჩევლის გადაბირება მოახერხოს. ასე რომ, შედარებით ვრცელი და შედარებით მდიდარი შტატებიც ვერ მოახდენენ ზემოქმედებას დანარჩენ შტატთა წარმომადგენლებზე. მათი უპირატესობა შეიძლება მხოლოდ იმაში გამოიხატოს, რომ მათ უფრო მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ჰყავთ. მაგრამ საქმე ისაა, რომ თავიანთი სიმდიდრიდან და ავტორიტეტიდან გამომდინარე, ისინი სამართლიანად იმსახურებენ გარკვეულ უპირატესობას. სწორედ მათი ამგვარი უპირატესობის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს იმით, რომ წარმომადგენლობაში მათ უფრო დიდი წილი ექნებათ. ამ მიმართებით ახალი კონსტიტუცია არსებითად განსხვავდება კონფედრაციის მუხლებისგან ისე, როგორც გაერთიანებული ნიდერლანდებისა და სხვა მსგავსი კონფედერაციებისგან. ამგვარ კონფედერაციებში ფედერალურ გადაწყვეტილებათა ქმედითობა იმ დადგენილებეზეა დამოკიდებული, რომელთაც ნებაყოფლობით ღებულობენ კავშირის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფოები. ამ უკანასკნელთ, მართალია, თანაბარი ხმა აქვთ საზოგადოებრივ საბჭოებში, მაგრამ არათანაბარი ზეგავლენით სარგებლობენ. ეს კი იმითაა განპირობებული, რომ მათ მიერ მიღებული მომდევნო და ნებაყოფლობითი დადგენილებანი არათანაბარი მნიშვნელობისაა. შემოთავაზებული კონსტიტუციით კი ფედერალური საკანონმდებლო აქტები ცალკეული შტატის საშინაო საქმეებში ჩაურევლად მოახდენს ჯეროვან ზემოქმედებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ წარმომადგენლობით ორგანოში ხმათა უმრავლესობაზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება ხმების წონასა და ზეგავლენას, ყველა მათგანი თანაბარი იქნება და მნიშვნელობა არ ექნება იმას, თუ რომელ შტატს ეკუთვნის იგი, ვრცელსა თუ შედარებით მცირე შტატს, მეტნაკლებად მდიდარსა თუ ძლევამოსილს; ისეთივე ვითარებასთან გვექნება საქმე, რაც ცალკეული შტატის საკანონმდებლო უწყებაში ხდება, სადაც სხვადასხვა სიდიდის ოლქებისა თუ რაიონების წარმომადგენლები სრულიად თანაბარი მნიშვნელობისა და ძალის საარჩევნო ხმებს ფლობენ. თუკი ამ ორ მოვლენას შორის რაიმე განსხვავება არსებობს, იგი უთუოდ წარმომადგენლის ინდივიდუალური ხასიათითაა განპირობებული და არ არის დამოკიდებული იმ ოლქის მოცულობაზე, საიდანაც ესა თუ ის წარმომადგენელია წარმოგზავნილი.
ესაა მოსაზრება, რომელიც შესაძლოა, სამხრეთული შტატების ინტერესთა დამცველებმა წამოაყენონ ზემოგანხილულ საკითხთან დაკავშირებით. მას შეიძლება ნაძალადევობის ელფერი დაჰკრავდეს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მთლიანობაში ჩემზე მან დამაჯერებლი ზემოქმედება მოახდინა და იმ სკალის მართებულებაში დამარწმუნა, რომელიც კონვენტმა შემოიღო.
ერთი მიმართებით შესაძლოა, კეთილმყოფელი ნაყოფი გამოიღოს წარმომადგენლობისა და დაბეგვრისთვის საერთო საზომის შემოღებას. კონგრესში შემოსულ აღწერის შედეგთა სიზუსტე დიდად იქნება დამოკიდებული შტატებს შორის არსებულ კეთილგანწყობაზე, რომ არაფერი ვთქვათ მათ შორის შესაძლო თანამშრომლობაზე. ერთობ მნიშვნელოვანია ის, რომ კონგრესს არ მიაწოდონ დამახინჯებული მონაცემები მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, სადაც იგი განგებ იქნება გაბერილი, ანდა შემცირებული. შტატების წარმომადგენლობის ზომა მარტო ამ წესით რომ დგინდებოდეს, მაშინ მათთვის სასარგებლო იქნებოდა მოსახლეობის რაოდენობის ხელოვნურად გაზრდა. ეს წესი რომ მხოლოდ საგადსახადო სფეროს შეეხებოდეს, მაშინ შტატები საპირისპირო მისწრაფებას გამოავლენდნენ. ზემოაღნიშნულ წესს ორივე სფეროზე რომ ვავრცელებდით, მხოლოდ ერთი მოსაზრებით ვხელმძღვანელობდით: შტატებს ურთიერთგამომრიცხავი ინტერესები ექნებათ, რაც იმის საწინდარია, რომ ისინი ერთმანეთს გააკონტროლებენ და გააწონასწორებენ. აქედან კი აუცილებელი მიუკერძოებლობა დაიბადება.
პუბლიუსი