ფედერალისტი # 66 : ჰამილტონი
1788წ. 8 მარტი
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
იმპიჩმენტის სასამართლო ორგანოს წინააღმდეგ წამოყენებული შესიტყვებების მიმოხილვამ დაგვარწმუნა იმაში, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა არახელსაყრელი შთაბეჭდილება ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი.
პირველი
შესიტყვება იმაში მდგომარეობს, რომ განსახილველი საკონსტიტუციო დებულება საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ერთგვარ ნაზავს გვთავაზობს, რითაც იგი ხელისუფლებათა გამიჯვნის შესახებ მნიშვნელოვანსა და საგულდაგულოდ დაფუძნებულ წესს არღვევს. ამ წესის ჭეშმარიტი მნიშვნელობა სათანადო ადგილას განვიხილეთ და განვმარტეთ კიდეც. იქვე აღვნიშნეთ, რომ გარკვეული მიზნით დასაშვებია მათი ნაწილობრივი ურთიერთშერევა. ოღონდ საქმე ის არის, რომ მთლიანობაში ხელისუფლების ყველა შტო განცალკევებული და გამიჯნული იყოს. ამგვარი ურთიერთშერევა გარკვეულ შემთხვევებში არათუ მართებული, არამედ აუცილებელიც კია, რათა ხელისუფლების წევრებმა ერთმანეთისგან თავი დაიცვან და თავ - თავიანთი დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ. პოლიტიკური მეცნიერების ყველაზე ნიჭიერი ადეპტები მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო აქტებზე შეუზღუდავი თუ შეზღუდული ვეტოს უფლება, რითაც აღჭურვილია აღმასრულებელი ხელისუფლება, გადაულახავ დაბრკოლებად უნდა აღიმართოს საკნონმდებლო ორგანოს წინაშე, რათა ამ უკანასკნელმა მისი უფლებამოსილებების ხელყოფა ვერ შეძლოს. არანაკლები დამაჯერებლობით შეიძლება იმის მტკიცება, რომ იმპიჩმენტთან დაკავშირებული უფლებამოსილებანიც ძალზე მნიშვნლოვანი შემაკავებელი საშუალებაა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელ ხელყოფათა წინააღმდეგ. როგორც ითქვა, ამგვარი უფლებამოსილებანი საკანონმდებლო ხელისუფლების ორ განშტოებას შორის ნაწილდება; ერთი ბრალის წაყენების უფლებით სარგებლობს, მეორეს – განაჩენი გამოაქვს. უფლებამოსილებათა ამგვარი დაყოფა თავიდან გვაცილებს უხერხულობას, რაც იმ გარემოებასთანაა დაკავშირებული, როცა ერთი და იგივე მხარე ბრალმდებლადაც გამოდიც და მოსამართლედაც. იგი ასევე საუკეთესო საშუალებაა საიმისოდ, რომ თავიდან ავიშოროთ საფრთხე, რომელსაც საკანონმდებლო ხელისუფლების რომელიმე განშტოებაში ფრაქციული სულიკვეთების გაბატონება გვიქადის. ამასთანავე, მსჯავრის დასადებად აუცილებელია სენატის წევრთა ორი მესამედის თანხმობა, რაც შეგვიძლია განვიხილოთ როგორც დამატებითი ზომა, რომელიც უდანაშაულოს იმგვარDუსაფრთხოებას უქმნის, რომ უკეთესს ვერ ინატრებ.
საინტერესოა იმაზე დაკვირვება თუ, ზემოაღნიშნული პოზიციიდან, რაოდენ გააფთრებით უტევენ კონსტიტუციის პროექტის ამ ნაწილს სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ერთსულოვნად აცხადებენ, რომ აღფრთოვანებულნი არიან ნიუ – იორკის შტატის კონსტიტუციით. საქმე კი იმ კონსტიტუციას ეხება, რომლის მიხედვითაც სენატი კანცლერთან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან ერთად, არა მარტო იმპიჩმენტის სასამართლო ორგანოა, არამედ შტატის უზენაესი სასამართლო ინსტანციაცაა როგორც სამოქალაქო სამართლის, ისე სისხლის სამართლის ყველა საქმეში. კანცლერი და მოსამართლეები სენატორებთან შედარებით იმდენად უმნიშვნელო რიცხობრივ უპირატესობას ფლობენ, რომ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას: ნიუ – იორკის შტატის სასამართლო ძალაუფლება სენატშია თავმოყრილი. საქმე ის არის, რომ კონვენტის გეგმას უამრავ ბრალდებას უყენებენ, აქაოდა, სახელგანთქმულ წესს არღვევსო. მაგრამ, ეტყობა, ეს ხალხი კარგად ვერ ერკვევა ამ წესის არსში. განა ახალახან თქმულიდან ის არ გამომდინარეობს, რომ ნიუ – იორკის [1] შტატის კონსტიტუცია უფრო მეტად სცოდავს ამ მიმართებით?
სენატის, როგორც იმპიჩმენტის სასამართლო ორგანოს, წინააღმდეგ გამოთქმული
მეორე
შესიტყვების მიხედვით, იგი ხელს უწყობს იმას, რომ ძალაუფლებამ თავი ისეთი ორგანოს ხელში მოიყაროს, რომელიც ხელისუფლებას მეტად არისტოკრატიულ ელფერს სძენს. ხელშეკრულებათა დადებისა და თანამდებობებზე დანიშვნის საქმეში, სენატისა და აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებანი ერთმანეთს ემთხვევიან. შემოთავაზებული გეგმის მოწინააღმდეგენი ამბობენ, თუ ამგვარ უფლებამოსილებათ იმპიჩმენტის საქმეთა განხილვის პრეროგატივაც დაემატება, სენატორები გადამწყვეტ უპირატესობას მოიპოვებენო. საყვედური ერთობ ბუნდოვნადაა გამოთქმული, ამიტომ ძნელია მასზე ზუსტი პასუხის გაცემა. არსებობს კი ისეთი საზომი თუ კრიტერიუმი, რომელიც სენატის ზეგავლენის ხარისხს განსაზღვრავს და მიგვითითებს, თუ როდის არის იგი მეტისმეტად დიდი, ძალზე უმნიშვნელო ან სათანადო? ხომ არ იქნებოდა უფრო უპრიანი, თავი გაგვენებებინა ამგვარი ბუნდოვანი გამოთვლებისთვის და უფრო საიმედო და მარტივი გადაწყვეტა მოგვეძებნა? ნუთუ არ აჯობებდა ის, რომ ცალ – ცალკე გამოგვეკვლია ხელისუფლების თითოეული შტო და ზოგადი პრინციპების საფუძველზე მიგვეღო გადაწყვეტილება? საქმე ხომ იმის დადგენას ეხება, თუ რომელი უფლებამოსილებების გაზრდა მოიტანდა ყველაზე დიდ სარგებელს და რა დოზით უნდა გაგვეზარდა ისინი, რომ ამგვარ ზრდას ყველაზე ნაკლები უხერხულობა გამოეწვია?
თუ ზემოაღნიშნულ გზას დავადგებით, უფრო გონივრულსა და უფრო გარკვეულ შედეგამდე მივალთ. ამ შემთხვევაში, წინა წერილსა და ჩვენი გამოკვლევის მომდევნო წერილებში გამოთქმული მოსაზრებები, თუ არ ვცდები, სრულიად საკმარისი იქნება იმ გეგმის გასამართლებლად, რომელსაც კონვენტი ხელშეკრულებათა დადების თაობაზე უფლებამოსილებათა მინიჭებასთან დაკავშირებით გვთავაზობს. ამასთანავე, სრულად ვარ დარწმუნებული, რომ წინამდებარე გამოკვლევის მომდევნო ნაკვეთებში დამაჯერებლად იქნება განმარტებული იმ გეგმის მიზანშეწონილობა, რომელიც სენატის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეერთებას ითვალისწინებს. ვიმედოვნებ, ჩემს ბოლო წერილში გამოთქმული შენიშვნებით არცთუ მცირედ შევეწიე იმის დასაბუთებას, თუ რაოდენ ძნელია (თუ შეუძლებელი არა), რომ სხვა სამყოფელი მიუჩინო იმპიჩმენტის თობაზე გადაწყვეტილების გამოტანის უფლებამოსილებას, თუ არა ის, რაც კონვენტმა აირჩია. თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენი მსჯელობა აღარ უნდა დავამძიმოთ იმ წარმოსახვით საფრთხეზე ლაპარაკით, რასაც, ვითომდა, სენატის მეტისმეტად გაზრდილი ზეგავლენა გვიქადდეს.
მაგრამ ზემოაღნიშნული ჰიპოთეზა უკვე იქნა უკუგდებული იმ შენიშვნებით, რომელნიც სენატორთა თანამდებობაზე ყოფნის ვადასთან დაკავშირებით გავაკეთე. იმავე შენიშვნების, ისტორიული მაგალითებისა და მოვლენათა განვითარების ლოგიკის საფუძველზე ნაჩვენები იქნა, რომ ყოველი ხელისუფლების ყველაზე
სახალხო
განშტოება, რომელიც რესპუბლიკური სულითაა გაჟღენთილი და ხალხის საყოველთაო სიყვარულით სარგებლობს, თუ არ აღემატება, ტოლფასი მაინცაა მთავრობის სხვა შემადგენელი ნაწილებისა.
მაგრამ ამ ყველაზე ქმედითი და ოპერატიული პრინციპისგან დამოუკიდებლად, კონვენტის გეგმა წარმომადგენელთა პალატისთვის გარკვეულ საპირწონეებს ითვალისწინებს. ამგვარი რამ იმ მიზნით კეთდება, რომ გაწონასწორებული იქნეს სენატისთვის მინიჭებული დამატებითი უფლებამოსილებანი. წარმომადგენელთა პალატის განსაკუთრებული კომპეტენციაა საფინანსო ბილების შექმნა. იმავე პალატას განსაკუთრებული უფლებამოსილება ენიჭება, რაც იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას ითვალისწინებს. ნუთუ ასეთი რამ სრული საპირწონე არ არის იმ პრეროგატივისა, რომელიც სენატის ხელთაა და იმპიჩმენტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანას გულისხმობს? წარმომადგენლობითი პალატა არბიტრად გვევლინება საპრეზიდენტო არჩევნებში, როცა საარჩევნო ხმათა უმრავლესობა არ მოიცავს ყველა ამომრჩევლის ხმას. ამგვარი რამ, მართალია იშვიათად, მაგრამ მაინც უთუოდ მოხდება, რაც ზეგავლენის იმ მაცოცხლებელ წყაროდ იქცევა, საიდანაც წარმომადგენელთა პალატის მზარდი ავტორიტეტი საზრდოობს. რაც ურო ღრმად ჩავუფიქრდებით ამ საკითხს, მით უფრო ნათელი შეიქნება ის ძალზე მნიშვნელოვანი როლი, რომელიც წარმომადგენელთა პალატას განეკუთვნება იმ შეჯიბრში, უგამორჩეულეს მოქალაქეებს შორის რომ იქნება გაჩაღებული ქვეყნის უპირველესი თანამდებობის დასაკავებლად. ალბათ ნაჩქარევი არ იქნება თუ ვიტყოდით, რომ წარმომადგენელთა პალატა ზემოაღნიშნული პრეროგატივის საფუძვლზე ისეთ ზეგავლენას მოიპოვებს, რომელიც სენატისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას გადაწონის.
მესამე შესიტყვება სენატის, როგორც იმპიჩმენტის სასამართლო ორგანოს, წინააღმდეგ, იმ უფლებამოსილებიდან გამომდინარეობს, რომელიც მას თანამდებობებზე დანიშვნის საკითხში ენიჭება. ამბობენ, სენატორები ძალზე შემწყნარებელი მსაჯულები იქნებიან იმ ადამიანთა ქცევისა, რომელნიც მათ თანამდებობებზე დასანიშნად წააყენესო. ამ შესიტყვებაში მთავარი ის არის, რომ იგი ყველა შტატის მთავრობაში გავრცელებულ პრაქტიკას გმობს. უფრო მეტი, შესაძლოა ისეც იყოს, რომ იგივე პრაქტიკა ჩვენთვის ცნობილ ყველა ხელისუფლებასაც კი ახასიათებდეს. მე იმ პრაქტიკას ვგულისხმობ, როცა თანამდებობაზე დანიშნული ადამიანი იმ ხალხის ნება – სურვილზე ხდება დამოკიდებული, ვინც ისინი ამ თანამდებობაზე დანიშნა. ისიც დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ თანამდებობებზე დანიშნული პირები, ვისაც მფარველობას ის ადამიანები უწევენ, რომლებმაც ისინი პოსტებზე განამწესეს, უამრავ უმართებულო საქციელს სჩადიან. მაგრამ მიუხედავად ამისა, ზემოაღნიშნულ პრაქტიკაზე ხელი არავის აუღია. ამის მიზეზი შეიძლება შემდეგი ვარაუდი იყოს, რომელიც თანამდებობებზე დამნიშნავთა პასუხისმგებლობას უკავშირდება. ბუნებრივია, თანამდებობაზე დანიშნული ადამიანების გარკვეული რაოდენობა წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ამგვარი რამ კი საკმაო სტიმულს მისცემს იმ ადამიანებს, ვინც ისინი პოსტებზე განამწესა, რათა მათ სახელმწიფო საქმეთა მართვაში მონაწილეობა აღარ მიაღებინონ იმ პირებს, რომლებმაც თავი შეირცხვინეს თავიანთი უღირსი საქციელით და ვერ გაამართლეს გამოცხადებული ნდობა. შესაძლოა, ცხოვრებაში ყოველთვის არ გამართლდეს ამგვარი ვარაუდი, მაგრამ საკმარისია იგი მთავარში არ ცდებოდეს. თუ ეს ასეა, მაშინ ირღვევა წინასწარ შედგენილი შეხედულება იმის შესახებ, რომ სენატი, რომლის ფუნქცია აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევნის დადასტურებით შემოიფარგლება, მიკერძოებას გამოიჩენს და თვალს დახუჭავს იმ სამხილებზე, რომლებიც დანიშნულ პირთა თანამდებობრივ დანაშაულზე მეტყველებენო. საქმე კი ისეთ დანაშაულებებს ეხება, რომლებიც ხალხის წარმომადგენლებს იქითკენ უბიძგებენ, რომ მბრალდებლებად მოგვევლინონ.
თუ აუცილებელია ის, რომ ზემოხსენებული მიკერძოების შეუძლებლობის წინააღმდეგ დამატებითი არგუმენტი იქნეს წამოყენებული, იგი ადვილად შეიძლება მოვიძიოთ სენატის იმ ფუნქციებში, რომლებსაც ის თანამდებობებზე დანიშვნის სფეროში ახორციელებს. პრეზიდენტი
წამოაყენებს
კანდიდატურას და მას თანამდებობაზე სენატის რჩევითა და თანხმობით
დანიშნავს
. სენატს შეუძლია უკუაგდოს აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევანი და მას ახალი არჩევნის გაკეთება აიძულოს. მაგრამ მას უფლება არ აქვს თვითონ გააკეთოს არჩევანი. მისი უფლებამოსილება მხოლოდ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული არჩევნის დადასტურებით ან უარყოფით ამოიწურება. სენატს იმ დროს, როცა იგი თანხმობას უცხადებს პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ კანდიდატს, შესაძლოა, თავისი რჩეული ჰყავდეს. მაგრამ საქმე ის არის, რომ მას არ აქვს უფლება მისი სასარგებლო არგუმენტები წამოაყენოს. ამასთანავე, იგი ვერ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული კანდიდატურის უარყოფის შემთხვევაში მის რჩეულს, ანდა სხვა ისეთ პირს აირჩევენ, რომელიც უფრო ღირსეულია, ვიდრე პრეზიდენტის მიერ ამორჩეული. ამიტომ ძნელად რომ ისე მოხდეს, რომ სენატმა თანამდებობაზე დანიშვნის საკითხში სხვა რამით იხელმძღვანელოს, თუ არა წამოყენებული კანდიდატურის ღირსებით. ბუნებრივია, იგი მხარს ღირსეულ კანდიდატს დაუჭერს, ხოლო უღირსს – უკუაგდებს.
სენატის, როგორც იმპიჩმენტის სასამართლო ორგანოს წინააღმდეგ წამოყენებული მეოთხე შესიტყვება იქიდან გამომდინარეობს, რომ ხელშეკრულებათა დადების საკითხში იგი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთიანდება. ამბობენ, სენატორები მსაჯულებად მოგვევლინებიან ყველა საქმეში, რომელიც თანამდებობის პირთა გარყვნისა თუ გამყიდველობის შემთხვევებს შეეხებაო. მაგრამ დავუშვათ, საქმე ეხება მოღალატურ ხელშეკრულებას, რომელიც სენატმა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად გააფორმა. სენატორები თვითონ გაარჩევენ მათ წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებას და თვითვე გამოვლენ მსაჯულებად იმ სასამართლო პროცესში, რომელმაც მათი მოღალატეობისა თუ უბრალოების საკითხი უნდა განიხილოს?
ეს შესიტყვება უფრო მეტი სერიოზულობითა და უფრო მიზანმიმართულად ვრცელდებოდა, ვიდრე კონვენტის მიერ შემოთავაზებული გეგმის ამ ნაწილის წინააღმდეგ გამოთქმული ნებისმიერი სხვა საყვედური. მიუხედავად ამისა, უნდა ვთქვა, რომ დიდად შემცდარი ვიქნები, თუ არ გამომჟღავნდა, რომ იგი ყალბ საფუძველზეა დაფუძნებული.
საწინდარი იმ უსაფრთხოებისა, რომელსაც კონსტიტუცია ითვალისწინებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული გარყვნა და გამყიდველობა ხელშეკრულებათა დადების დროს, სხვა არაფერია, თუ არა იმ ადამიანების ზნეკეთილობა, რომლებსაც ეს საქმე აქვს მინდობილი. პრეზიდენტსა და ცალკეული შტატის კოლექტიური სიბრძნით არჩეულ საკანონმდებლო კრების წევრთა
ერთობლივი
მოქმედება
– აი, საწინდარი იმისა, რომ საერთო – ეროვნული საბჭოები ერთგულებასა და სიმტკიცეს გამოიჩენენ მათდამი რწმუნებული საქმეების შესრულებისას. კონვენტმა სათანადოდ მოიფიქრა ის, თუ როგორ უნდა დაისაჯოს პრეზიდენტი, თუ იგი სენატის მითითებებს გადაუხვევს, ანდა ორგულობას გამოიჩენს მისდამი რწმუნებული მოლაპარაკებების წარმართვის დროს. ამგვარი პროცედურა, რა თქმა უნდა, სენატის იმ გამორჩეულ წევრთა დასჯასაც გულისხმობს, რომლებიც უცხო სახელმწიფოთა მიერ არიან მოსყიდულნი და ხელისუფლების ამ ორგანოში ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობენ. მაგრამ, ბუნებრივია, კონვენტს არ შეეძლო ამგვარადვე საფუძვლიანად მოეფიქრებინა ის პროცედურა, რომელიც სენატის ორი მესამედის იმპიჩმენტისა და დასჯისთვის იქნებოდა აუცილებელი, იმ შემთხვევაში, თუ იგი მხარს დაუჭერდა მოღალატური ხელშეკრულების დადებას. იგი ვერც იმ უმრავლესობის დასჯის მექანიზმს მოიფიქრებდა, რომელმაც ეროვნული საკანონმდებლო კრების რომელიმე განშტოებაში დამღუპველი თუ არაკონსტიტუციური კანონი მიიღო. დარწმუნებული ვარ, ამგვარი მექანიზმის შემუშავებას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებდა. წარმომადგენელთა პალატამ როგორ უნდა მოუწყოს იმპიჩმენტი საკუთარ თავს? რა თქმა უნდა, ამას იგი ისევე ვერ მოახერხებს, როგორც სენატის წევრთა ორი მესამედი, თუ საქმე მათ მიერ საკუთარი თავის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელებაზე მიდგებოდა. რა გვაფიქრებინებს იმას, რომ წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობა, რომელმაც საზოგადოებრივი ინტერესები უსამართლო და ტირანულ კანონზე გაცვალა, უფრო ადვილად დააღწევს თავს სასჯელს, ვიდრე სენატის ორი მესამედი, რომელმაც იგივე ინტერესები უცხო სახელმწიფოსთან დადებულ მავნებლურ ხელშეკრულებას ანაცვალა? სიმართლე კი ისაა. რომ ყველა მსგავს შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში დაცული უნდა იქნეს თავისუფალი განხილვისა და მსჯელობის პრინციპი. ასეთი რამ აუცილებელია, რათა მთელი სახელისუფლებო ორგანო კოლექტიურად არ დაისაჯოს. საზოგადოების უსაფრთხოება კი იმაზე უნდა იყოს დამოკიდებული, თუ როგორი რუდუნებით ეპყრობა იგი ნდობის გამოცხადების საკითხს, რათა ყველა უღალატოდ ასრულებდეს დაკისრებულ მოვალეობას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა გაძნელდეს საზოგადოებრივ ინტერესთა ღალატი.
რაც შეეხება პრეზიდენტის უღირს საქციელს, რომელიც მის მიერ სენატის მითითებათა დარღვევასა თუ მის საწინააღმდეგო ქმედებაში გამოიხატება, ამ საკითხის გამო შიში არ გვმართებს. საქმე ის არის, რომ ამ ორგანოს მტკიცე ნება იექნება იმისა, რომ მკაცრად დასაჯოს ის, ვინც მის ნდობას ბოროტად იყენებს და მედგრად დაიცვას თავისი უფლებები. ამ საქმეში სენატორთა სიამაყისა მაინც უნდა გვეიმედებოდეს, თუ მათი სიქველისა არ გვეიმედება. თუნდაც სენატის წამყვანი წევრები გაიხრწნან, თუნდაც მათ თავიანთი მზაკვრობითა და ზეგავლენით მოახერხონ უმრავლესობის ჩათრევა საზოგადებისთვის საძულველ ზომათა მიღებაში. თუ წარმოდგენილი იქნება ამგვარი გახრწნის დამადასტურებელი საბუთები, მაშინ ადამიანური ბუნებაა თავდები შემდეგი დასკვნისა: სენატი გამოავლენს სათანადო ნებას, რათა საზოგადოებრივი უკმაყოფილება აისხლიტოს. იგი უყოყმანოდ გაწირავს იმ წევრებს, რომელთა მიერ განხორციელებული ცუდი მართვა მას თავლაფდასხმად დაუჯდა.
პუბლიუსი