ფედერალისტი  # 51: მედისონი
1788წ. 6 თებერვალი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს
რა გზას უნდა დავადგეთ, რომ რეალურ ცხოვრებაში შევინარჩუნოთ ხელისუფლების ის დაყოფა, რომელიც კონსტიტუციაში არის ჩაწერილი? ამ კითხვაზე მხოლოდ ერთადერთი პასუხი შეიძლება გაიცეს: რაკი გამჟღავნდა, რომ ამ მიზნის მისაღწევად არ გამოდგება არც ერთი გარეგანი საშუალება, ხელი უნდა ავიღოთ ამ მიმართებით მის ძიებაზე და ამგვარი საშუალება თვითონ მმართველობის სისტემის შიგნით უნდა მოვიძიოთ. მმართველობა იმგვარად უნდა ავაგოთ, რომ მისი ყველა შემადგენელი ნაწილი ერთმანეთთნ გარკვეულ მიმართებებში მოვიდნენ, რაც მათი ურთიერთშეკავების საშუალებაც იქნებოდა. არა მაქვს პრეტენზია იმისა, რომ ამ ერთობ მნიშვნელოვანი საკითხის ამომწურავად განხილვას მოვახერხებ. მაგრამ გავბედავ და ამ საკითხის თაობაზე რამდენიმე მოსაზრებას გამოვთქვამ. ვფიქრობ, ეს შესაძლებლობას მოგვცემს უფრო ღრმად ჩავწვდეთ საკითხის არსს და უფრო მართებულად განვსაჯოთ ის პრინციპები, რომლებზეც კონვენტი მმართველობის მის მიერ შემოთავაზებული სისტემის დაფუძნებას გეგმავს.
საყოველთაოდაა აღიარებული ის, რომ თავისუფლების შესანარჩუნებლად აუცილებელია, ხელისუფლება გაიმიჯნოს და რამდენიმე ნაწილად დაიყოს. მაგრამ, ისიც ნათელია, რომ საამისოდ თითოეულ სახელისუფლებო დეპარტამენტს თავისი საკუთარი ნება უნდა ჰქონდეს. თითოეული მათგანი ისე უნდა იყოს აგებული, რომ ერთ დეპარტამენტს რაც შეიძლება ნაკლები შეხება ჰქონდეს მეორე დეპარტამენტის საკადრო პოლიტიკასთან. იმისთვის, რათა განუხრელად იქნეს დაცული ეს პრინციპი, აუცილებელია როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი და სასამართლო უწყებების უმაღლეს თანამდებობის პირთა უფლებამოსილება ერთი და იგივე წყაროდან მომდინარეობდეს. უფლებამოსილებათა ამგვარი წყარო კი მხოლოდ ხალხია. ამასთანავე, ისიც აუცილებელია, რომ იმ არხებს, რითაც ამგვარი ძალაუფელბა მოედინება, ერთმანეთთან შეხება არ ჰქონდეთ. მართვის ამგვარი სტრუქტურის თეორიული გააზრება, შეიძლება, ერთობ საძნელო საქმე იყოს, მისი პრაქტიკაში განხორციელება კი შედარებით იოლი რამაა, თუმცა გარკვეულ სიძნელეებსა და დანახარჯებს თავიდან ვერ ავიცილებთ. ეს კი იძულებულს გვხდის, გარკვეულწილად გადავუხვიოთ ხელისუფლების განაწილების პრინციპს. ალბათ, არ იქნებოდა უპრიანი სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში მისი განუხრელად დაცვა მოგვეთხოვა. ჯერ ერთი, ხელისუფლების ამ დეპარტამენტის წევრებს განსაკუთრებული კვალიფიკაცია მოეთხოვებათ. ამიტომ მისი წარმომადგენლები სწორედ ამ ნიშნის მიხედვით უნდა იქნენ შერჩეულნი. მეორეც, ვინაიდან ხელისუფლების ამ შტოს წევრები თანამდებობებზე მუდმივი ვადით ინიშნებიან, მათი ცნობიერებიდან უმალვე ქრება ის, რომ მათი უფლებამოსილება და ძალაუფლება ხალხზეა დამოკიდებული.   
ისიც აშკარაა, რომ თითოეული დეპარტამენტის წევრები რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იყვნენ დამოკიდებულნი ერთმანეთზე იმ გასამრჯელოს მხრივ, რასაც ისინი თავიანთი სამსახურისთვის ღებულობენ. თუ აღმასრულებელი ხელისუფალნი და მოსამართლენი ამ საკითხში საკანონმდებლო დეპარტამენტზე იქნებიან დამოკიდებულნი, მაშინ ყველა სხვა მიმართებით მათ მხოლოდღა ნომინალური დამოუკიდებლობა ექნებათ.
მაგრამ ორი ყველაზე საიმედო საშუალება არსებობს, რაც თავიდან აგვაშორებდა იმას, რომ მთელ ძალაუფლებას თანდათანობით მოეყარა თავი ერთ რომელიმე დეპარტამენტში. ერთი მხრივ, აუცილებელია სათანადო კონსტიტუციური უფლებამოსილება მივანიჭოთ მათ, ვინც ამა თუ იმ დეპარტამენტს მართავს; მეორე მხრივ კი აუცილებელია ის, რომ მათ პირადი მიზეზები ჰქონდეთ საიმისოდ, რათა წინ აღუდგნენ სხვა დეპარტამენტთა წევრების მიერ მათ უფლებამისილებებში შეჭრის მცდელობას. როგორც ამ სიტუაციაში, ისე ყველა სხვა შემთხვევაში აუცილებელია, საშუალება საფრთხის თანაზომიერი იყოს. Pპატივმოყვარეობას პატივმოყვარეობა უნდა დაუპირისპირდეს. ერთმანეთს უნდა შეერწყას ადამიანური ინტერესი და თანამდებობრივი უფლებამოსილება. შეიძლება, ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება სწორედ იმაში გამოიხატება, რომ მისთვის ხელისუფლების გაკონტროლების ამგვარი  მექანიზმია აუცილებელი. მაგრამ რა არის ხელისუფლება, თუ არა ანარეკლი ადამიანური ბუნებისა? ადამიანები რომ ანგელოზები ყოფილიყვნენ, ხელისუფლება საჭირო არ იქნებოდა. ხელისუფლებაში რომ ანგელოზები ყოფილიყვნენ, არც მისი შინაგანი კონტროლი იქნებოდა აუცილებელი და არც გარეგანი. როცა ისეთ სახელისუფლებო სისტემას ვაყალიბებთ, რომელიც ადამიანის მიერ ადამიანის მართვაზეა გამიზნული, მთავარი სიძნელე შემდეგი რამაა: ჯერ ერთი, მმართველს უნდა შეუქმნა საიმისო პირობები, რომ აკონტროლოს ის, ვისი მართვაც ევალება და მეორეც, იგი უნდა აიძულო, რათა საკუთარი თავი გააკონტროლოს. ხელისუფლების უპირველესი მაკონტროლებელი, რა თქმა უნდა, ხალხია. მაგრამ გამოცდილება კარნახობს კაცობრიობას, რომ აუცილებელია სიფრთხილის დამატებითი ზომების მიღება. ადამიანის როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო ცხოვრებაში შეიძლება, თვალი გავადევნოთ ერთგვაროვან პოლიტიკას, რომელიც მიზნად ერთსა და იმავე რამეს ისახავს. საქმე ეხება იმას, რომ ყოველი სწრაფვა, რომელიც ადამიანს ამოძრავებს, თავისთავად ნაკლოვანია, ამიტომ იგი ცდილობს, მათი ამგვარი ნაკლი საპირისპირო და მოქიშპე ინტერესებით შეავსოს. ყველაზე აშკარად ეს პოლიტიკა ხელისუფლების ქვედა საფეხურებზე მჟაღავნდება, სადაც იგი ერთ მთავარ მიზანს ესწრაფვის: თანამდებობები იმგვარად იქნენ დაყოფილნი და მოწყობილნი, რომ ერთი თანამდებობრივი უფლებამოსილება მეორეს ზღუდავდეს. ადამიანის კერძო ინტერესი, მის საზოგადოებრივ უფლებამოსილებათა მცველად გვევლინებოდეს. მაგრამ ისიც არანაკლებ აუცილებელია, რომ ძალაუფლება ხელისუფლების უმაღლეს დონეზეც ამგვარად იყოს განაწილებული. 
თუმცა შეუძლებელია ის, რომ ხელისუფლების ყველა შტო თავდაცვის თანაბარი საშუალებებით იქნეს აღჭურვილი. მართვის რესპუბლიკური სისტემის პირობებში ამ მხრივ უპირატესობას საკანონმდებლო ხელისუფლება ფლობს. ამგვარი უფლებამოსილების გასაბათილებლად აუცილებელია, იგი სხვადასხვა განშტოებად დაიყოს; თითოეულ მათგანს საფუძვლად უნდა დაედოს არჩევისა და მოღვაწეობის განსხვავებული პრინციპები; ისინი რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი, რამდენადაც ამის შესაძლებლობას იძლევა მათი მონათესავე კონსტიტუციური ფუნქციები და საერთო დამოკიდებულება საზოგადოებაზე. მაგრამ შესაძლოა, სიფრთხილის სხვა ზომების აუცილებლობაც წამოიჭრას, რომელთა მიზანი, ასევე, იქნებოდა ის, რომ ხელისუფლების ერთი რომელიმე შტოს უფელბამოსილება დანარჩენი შტოების მიერ მათი ხელყოფისგან დაეცვა. ასე რომ, ერთი მხრივ,  საკანონმდებლო ხელისუფლება, მისი მეტისმეტი სიძლიერიდან გამომდინარე, დასუსტებას საჭიროებს და ამ მიზნით, მისი დაყოფაა აუცილებელი. მეორე მხრივ კი, აღმასრულებელი ხელისუფლებაა სუსტი და აუცილებელია მისი გამაგრება. ერთი შეხედვით, ვეტოს უფლება იმ ბუნებრივი ჯებირის როლს უნდა თამაშობდეს, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს საკანონმდებლო კრების ძალმომრეობისგან იცავს. მაგრამ იგი არ არის საკმარისად საიმედო. ისე რომ, აღმასრულებელი ხელისუფალი მარტო მას ვერ დაემყარება. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ჩვეულებრივ ვითარებაში ვეტოს უფლებას ვერ გამოიყენებენ საკმარისი შეუპოვრობით. საგანგებო მდგომარეობათა დროს კი იგი შეიძლება, ბოროტად იქნას გამოყენებული, როგორც უფლებამოსილებათა მიტაცების საშუალება. ნუთუ არ არის შესაძლებელი, რომ ეს ნაკლი, რაც ვეტოს უფლებას ახასიათებს, თავისებური შეზღუდვის შემოღების გზით აღმოიფხვრას, რომელიც ხელისუფლების შედარებით სუსტ უწყებას უფრო ძლიერი დეპარტამენტის შედარებით სუსტ განშტოებასთან დააკავშირებს? ნუთუ არ შეიძლება ყოველივე ეს იმგვარად განხორციელდეს, რომ ეს უკანასკნელი აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებათა მხარდამჭერადაც მოგვევლინოს და ამავე დროს თავისი დეპარტამენტის უფლებამოსილებებსაც არ მოსწყდეს? 
ვფიქრობ, მართებულნი არიან ის პრინციპები, რომლებსაც ჩემ მიერ შემოთავაზებული მოსაზრებანი ემყარებიან. და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ შეგვიძლია, ისინი გარკვეულ საზომადაც გამოვიყენოთ, რომლის მიხედვით ერთმანეთს შევუდარებით ცალკეული შტატის კონსტიტუციასა და  ფედერალური კონსტიტუციის იმ პროექტს, რომელსაც კონვენტი გვთავაზობს. ამგვარი შედარების შედეგად დავინახავდით, რომ შესაძლოა, ეს უკანასკნელი სრულად არ შეესაბამებოდეს ზემოაღნიშნულ პრინციპებს, მაგრამ რაც შეეხება ცალკეული შტატის კონსტიტუციას, ამგვარ შემოწმებას ვერც ერთი მათგანი ვერ უძლებს. გარდა ამისა, მინდა, ამერიკის ფედერალური სისტემის თაობაზე ორი მოსაზრება გაგიზიაროთ, რომელნიც მას ერთობ საინტერესო კუთხით წარმოგვიდგენენ.
ჯერ ერთი , განუყოფელ რესპუბლიკაში ძალაუფლებას, რომელიც მას ხალხმა გადასცა - ერთიანი ხელისუფლება ახორციელებს. Uუზურპაციისგან თავდაცვის ზომად კი ის გვევლინება, რომ ხელისუფლება რამდენიმე განკერძოებულ და განმხოლოებულ დეპარტამენტად არის დაყოფილი. რაც შეეხება შედგენილ რესპუბლიკას, რომელსაც შეერთებული შტატები განასახიერებს, მასში ხალხის მიერ მინიჭებული ძალაუფლება ჯერ ორ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ მთავრობას შორის ნაწილდება, შემდეგ კი ძალაუფლების იმ ნაწილს, რომელიც წილად ხვდა თითოეულ მათგანს, ერთმანეთს შორის იყოფენ განკერძოებული და განმხოლოებული დეპარტამენტები. ასე რომ, ხალხის უფლებები ორკეცი უსაფრთხობითაა დაცული. ეს ის ვითარებაა, როცა  ორი სხვადასხვა მთავრობა ერთმანეთსაც აკონტროლებს და თავის თავსაც. 
მეორეც , მართვის რესპუბლიკურ სისტემაში ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს არამარტო იმას, რომ საზოგადოება დაცული იქნეს მმართველთა მხრივ ჩაგვრისგან, არამედ იმასაც, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს საფრთხეს არ უქადდეს მისი მეორე ნაწილის უსამართლობა. ბუნებრივია, რომ მოქალაქეთა სხვადასხვა ფენას ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერესები ჰქონდეთ. მაგრამ თუ უმრავლესობა ერთი ინტერესით გაერთიანდება, უმცირესობის უფლებებს საფრთხე შეექმნება. ორი საშუალება არსებობს ამ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლისა: ჯერ ერთი, საზოგადოებაში შეიძლება ჩამოყალიბდეს ისეთი ნება, რომელიც უმრავლესობაზე ანუ თვითონ საზოგადოებაზე არ იქნება დამოკიდებუკლი. მეორეც, საზოგადოება იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ იგი ყველა ჯურის ადამიანს მოიცავდეს, რაც მთლიანად თუ ვერ აღმოფხვრის უსამართლო უმრავლესობის ჩამოყალიბების შესაძლებლობას, ნაკლებად მოსალოდნელს მაინც გახდის მას. ერთ საშუალებას მემკვიდრეობითი მმართველობის სისტემაში ენიჭება უპირატესობა, სადაც ერთპიროვნულ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. მაგრამ ამგვარი საშუალება შეიძლება, ერთობ სახიფათო აღმოჩნდეს. საქმე ის არის, რომ საზოგადოებისგან დამოუკიდებელი ძალაუფლება შესაძლოა, ერთნაირად გამოხატავდეს როგორც უმრავლესობის უსამართლო შეხედულებებს, ისე უმცირესობის სამართლიან ინტერესებს. უფრო მეტი, იგი შეიძლება, როგორც ერთის, ისე მეორის წინააღმდეგ გამოვიდეს. რაც შეეხება მეორე საშუალებას, იგი ხორცშესხმულია ფედერაციულ  რესპუბლიკაში, რომელსაც შეერთებული შტატები განასახიერებს. ძალაუფლება ხალხიდან მომდინარეობს, ხოლო ხელისუფლება, რომელიც მას ფლობს, საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თვითონ საზოგადოება კი მოქალაქეთა იმდენ ფენად, იტერესთა იმდენ ჯგუფად და ცალკეულ ნაწილად იქნება დაქუცმაცებული, რომ მას რაც შეიძლება ნაკლები საფრთხე შეუქმნას მიკერძოებულმა უმრავლესობამ. თავისუფალი მმართველობის სისტემაში რწმენის თავისუფლებაც ისევე მგზნებარედ უნდა იყოს უზრუნველყოფილი, როგორც სამოქალაქო უფლებები. ეს უკანასკნელი ინტერესთა მრავალფეროვნებას ემყარება. რაც შეეხება აღმსარებლობის  თავისუფლებას, მისი უზრუნველყოფა მრავალრიცხოვანი სექტების მეშვეობით განხორციელდება. უსაფრთხოების ხარისხი როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში – ინტერესებისა და სექტების მრავალფეროვნებაზე იქნება დამოკიდებული. ამ  უკანასკნელს კი ერთი მმართველობის ქვეშ გაერთიანებული ქვეყნის ტერიტორიული  სიდიდე და მოსახლეობის რაოდენობა განაპირობებს. ამ თვალსაზრისით, გამართული ფედერალური სისტემა განსაკუთრებით მოსაწონია ყველასთვის, ვინც თავს მართვის რესპუბლიკური სისტემის გულწრფელ და ერთგულ მეგობრად მიიჩნევს. საქმე ისაა, რომ თუ კავშირი დაიშალა და იგი მცირე ტერიტორიების მქონე რამდენიმე კონფედერაციად თუ შტატად იქნა დაქუცმაცებული, ამგვარ პოლიტიკურ წარმონაქმნებში, რა თქმა უნდა, უმრავლესობას უფრო გაუადვილდება თავისი უსამართლო ზრახვების ხორცშესხმა, ხოლო რაც შეეხება მართვის რესპუბლიკური ფორმის უსაფრთხოების სისტემას, რომელიც მოქალაქეთა სხვადასხვა ფენის უფლებათა უზრუნველყოფას ემსახურება, იგი დაკნინებული იქნება. სამაგიეროდ გაიზრდება ხელისუფლების იმ შემადგენელ ნაწილთა მდგრადობა და დამოუკიდებლობა, რომელთაც უსაფრთხოების ამგვარი სისტემის ფუნქციები დაეკისრებათ. ხელისუფლების მიზანი სამართლიანობის დამკვიდრებაა. სამოქალაქო საზოგადოების მიზანიც ეგაა. ადამიანი ყოველთვის ესწრაფოდა სამართლიანობას, კვლავაც ესწრაფვის მას და მომავალშიც ერთავად მისკენ გაუწევს გული; ასე იქნება მარად, ვიდრე იგი არ მიაღწევს სანუკვარ მიზანს, ანდა თავისუფლებას არ დაკარგავს ამგვარ სწრაფვაში. როცა საზოგადოება იმგვარად იმართება, რომ მისი უფრო ძლიერი ნაწილი მისივე უფრო სუსტი ნაწილის წინააღმდეგ ერთიანდება და მის ჩაგვრას ახორციელებს, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში ანარქია გამეფებულა. ეს ვითარება ძალზე წააგავს ბუნებრივ მდგომარეობას, რა დროსაც უფრო სუსტ ინდივიდს არაფერი იცავს უფრო ძლიერი ინდივიდის ძალმომრეობისგან. ამგვარი მდგომარეობა ხელს არ აძლევს თვით ძლევამოსილ ინდივიდებსაც, რაკი იგი მერყევია და უმყარი. ამიტომ ისინიც ისეთი ხელისუფლების მფარველობას ესწრაფვიან, რომელიც ერთნაირად დაიცავს სუსტსაც და ძლიერსაც. ასე რომ, ცუდად მოწყობილი მართვის პირობებშიც ძლევამოსილი ჯგუფები თუ პარტიები, თანდათან აღიძვრებიან ისეთი ხელისუფლების ნატვრით, რომელიც ერთნაირ მფარველობას გაუწევდა როგორც უფრო სუსტ, ისე უფრო ძლიერ მხარეს. წარმოვიდგინოთ როდ აილენდი, რომელმაც მარტო ყოფნა ამჯობინა და კონფედერაციას გამოეყო. მისი მოსახლეობა, უთუოდ ვერ აიცილებს თავიდან უსამართლო უმრავლესობის მხრივ ჩაგვრასა და შევიწროებას, ვინაიდან თითქმის შეუძლებელი შეიქნება სამოქალაქო უფლებების დაცვა ეგზომ მცირე ტერიტორიაზე. უმალვე საშველად მოუხმობენ ისეთ ძალაუფლებას, რომელიც ხალხზე არ იქნება დამოკიდებული. ასეთ რამეს კი სწორედ ის ჯგუფები ჩაიდენენ, რომელთა უხეირო მართვამაც ამგვარი ძალაუფლების აუცილებლობა შვა. რაც შეეხება შეერთებული შტატების ვრცელ რესპუბლიკას,  რომელიც მრავალფეროვან ინტერესებს, პარტიებსა და სექტებს მოიცავს, იშვიათად მოხდება ის, რომ უმრავლესობაში მთელი საზოგადოება გაერთიანდეს; ამგვარ პირობებში მთელი საზოგადოება მხოლოდ ერთი მიზნით შეიძლება დაირაზმოს; ეს მიზანი კი სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა სამართლიანობისა და საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევა. უმცირესობას საფრთხეს ვეღარ შეუქმნის უმრავლესობის ნება. ამიტომ აღარც საიმისო საბაბი იარსებებს, რომ მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებაში ხალხისგან ანუ საზოგადოებისგან დამოუკიდებელი ნება იქნეს შემოტანილი. შეუძლებელია, ეჭვი შევიტანოთ შემდეგი მოსაზრების როგორც უტყუარობაში და მნიშვნელობაში: რაც უფრო ვრცელია ქვეყნის ტერიტორია, მით უფრო გაუადვილდება მას თავისი თავის მართვა, ოღონდ იმ პირობით, რომ მისი მოცულობა, რა თქმა უნდა, არ უნდა აღემატებოდეს ისეთ საზღვრებს, რომლებიც გონივრულია და დასაშვები პრაქტიკული თვალსაზრისით.  რესპუბლიკური საქმის საბედნიეროდ, ამგვარი მმართველობა  შეიძლება, ერთობ დიდ სივრცეზე განიფინოს, თუკი ფედერალურ პრინციპში გარკვეულ ცვლილებებსა და დამატებებს შევიტანთ.
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group