ფედერალისტი
#9 : ჰამილტონი
1787 წ. 21 ნოემბერი 1787
ნიუ-იორკის შტატის ხალხს

მტკიცე კავშირს დიდი მნიშვნელობა ენიჭება შტატების მშვიდობისა და თავისუფლებისათვის. იგი ხომ გასაქანს არ მისცემს შინაგან განხეთქილებასა და ჯანყს. როცა საბერძნეთისა და იტალიის წვრილ-წვრილი რესპუბლიკების ისტორიას კითხულობ, შეძრწუნება და ზიზღი გეუფლება. ეს რა ვნებით მისცემიან ისინი განუწყვეტელ რყევებსა და გაუთავებელ რევოლუციებს; რა გამალებით ენარცხებიან ანარქიიდან ტირანიის უფსკრულში, ტირანიიდან კი _ ანარქიისაში. ამ ქვეყნებში ჟამიდან ჟამს ჩამოვარდნილი მშვიდობა ხომ იმ ხანმოკლე გამოდარებას ჰგავს, რის შემდეგაც მძვინვარე ქარიშხლები დატრიალდება. რა სინანული გვიპყრობს ხოლმე მათი კეთილდღეობის ხანმოკლე პერიოდების შემყურეს. ამ წარმტაც სანახაობას ხომ უმალვე წალეკავს აჯანყებებისა და პარტიული გაუტანლობის ბობოქარი ტალღები. როს დიდების სხივები წამიერად გაჰკვეთენ წყვდიადს, როს თვალს მოგვჭრის მათი ხანმოკლე, მაგრამ წარმავალი ბრწყინვალება, ვრწმუნდებით, თუ რაოდენ სამწუხაროა, როცა ხელისუფლების უკეთურება გზას უმრუდებს და აფერმკრთალებს იმ ნათელი ტალანტებისა და აღფრთოვანებულ ნიჭთა სიკაშკაშეს, რომელთაც დიდებით შეუმოსავთ თავიანთი სამშობლოები.
ამ რესპუბლიკების ანალები, ერთთავად რომ რყევებსა და არეულობებს მოუცავთ, დესპოტიზმის მომხრეს არა მარტო მმართველობის რესპუბლი-კური ფორმის, არამედ თვით სამოქალაქო თავისუფლების პრინციპის საწინააღმდეგო საბუთად დაუსახავს. იგი გმობს თავისუფალ მმართველობას, აქაოდა იგი არ გამოდგებაო საზოგადოებაში წესრიგის უზრუნველსაყოფად, ამიტომაც, ღვარძლიანი სიხარულით ხარობს, როცა თავისუფლების საძირკველზე აღმართულა და საუკუნეების განმავლობაში გაფურჩქნულა საოცარი დაწესებულებები, რომელთა ძლევამოსილების  რამდენიმე  მაგალითიც კია საკმარისი, რომ გაცამტვერდეს თავისუფლების მოწინააღმდეგეთა შავბნელი სოფიზმები და მჯერა, რომ ამერიკა იქცევა ვრცელ და მტკიცე ქვაკუთხედად, რომელზეც სხვა არანაკლებ დიდებული შენობები აღიმართება, როგორც თავისუფლების მოწინააღმდეგეთა ცდომილების მარადიული ძეგლები.
მაგრამ შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ რესპუბლიკური მმართველობის სურათები, რომლებიც წარმოგვიდგინეს თავისუფლების მოწინააღმდეგებმა, ზუსტი ასლებია იმ ორიგინალებისა, რომლებიდანაც ისინი გადმოიხატეს.  თუკი აღმოჩნდებოდა, რომ ასრულება არ ეწერა საზოგადოების უფრო სრულყოფილი ორგანიზაციის მოდელებს, მაშინ თავისუფლების განათლებული მეგობრები ფარ-ხმალს დაჰყრიდნენ და აღიარებდნენ, აზრი არა აქვსო ამგვარი მმართველობის დაცვას. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ამასობაში, სხვა მეცნიერებათა მსგავსად, დიდად სრულყოფილი შეიქნა პოლიტიკური მეცნიერებაც. სადღეისოდ ერთობ კარგადაა გააზრებული ბევრი ისეთი  პრინციპის  ქმედითუნარიანობა, რომლებსაც ძველები ან სრულებით არ იცნობდნენ, ანდა მათზე არასრული წარმოდგენა ჰქონდათ. დაინერგა სხვადასხვა უწყებებს შორის ძალაუფლების მოწესრიგებული გადანაწილების პრინციპი. შემოღებულ იქნა საკანონმდებლო ურთიერთგაწონასწორებისა და ურთიერთკონტროლის მექანიზმი; შეიქმნა სასამართლოს ისეთი ინსტიტუტი, რომელშიც მსაჯულებს თავიანთი პოსტი მანამდე უჭირავთ, სანამ თემიდას უმწიკვლოდ ემსახურებიან. დაფუძნდა სახალხო წარმომადგენლების ინსტიტუტი, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლებაში თავისუფალი არჩევნების გზით მოდის. ყველა ეს პრინციპი ან სრულიად ცინცხალი აღმოჩენაა, ანდა თანამედროვე ეპოქაში ძველთაგანვე ცნობილი პრინციპების სრულყოფილი ვარიანტებია. ამ ძლევამოსილ სა-შუალებებს ძალუძთ რესპუბლიკური მმართველობის ყველა უპირატესობის შენარჩუნება. ასევე, შეუძლიათ შეამცირონ, ანდა თავიდან აგვაშორონ მისი არასრულყოფილებანი. მსურს, გავბედო და ღონისძიებათა ამ ჩამონათვალს, რომელთა მიზანია სახალხო ხელისუფლების სისტემის გაუმჯობესება, კიდევ ერთი პრინციპი დავუმატო; იგი, შესაძლოა, ზოგიერთისთვის სრულიად ახალი იყოს, მაგრამ ბევრისთვის ახალ კონსტიტუციაზე იერიშის მიტანის საბაბად შეიქმნა, – იმ ორბიტის გაფართოებას ვგულისხმობ, რომელზეც ამგვარმა სისტემებმა უნდა იტრიალონ.  საქმე  ისაა,  რომ  საჭიროა ან უფრო განიფინოს ერთი სახელმწიფოს მოცულობა, ანდა სხვადასხვა მომცრო სახელმწიფოები ერთ კონფედერაციად გაერთიანდნენ. ეს უკანასკნელი ჩვენ გააზრებათა უშუალო საგანია. თუმცა ასევე წაადგებოდა საქმეს, რომ ეს პრინციპი ერთი სახელმწიფოს მაგალითზე გამოგვეცადა, რასაც სხვა დროს გამოვცდით კიდეც. სულაც არ არის ახალი ის აზრი, რომ კონფედერაცია ვარგებულია როგორც შინაური შფოთის ჩახშობისა და საშინაო სიმშვიდის დაცვის საქმეში, ისე საგარეო ძლიერებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ აზრის ჭეშმარიტება საუკუნეთა სრბოლაში გამოიწრთო და სხვადასხვა ქვეყნების ისტორიებში დადასტურდა. მას იზიარებს ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მწერალი. კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტის ოპონენტებს არ ბეზრდებათ მონტესკიეს ნაშრომიდან ციტატების მოყვანა; წაღმა-უკუღმა ატრიალებენ მის მოსაზრებას, რომ აუცილებელია, რესპუბლიკური მმართველობა მცირე ტერიტორიაზე ხორციელდებოდესო, მაგრამ ეტყობა ამ ვაჟბატონებმა არ იციან ამ დიდი ადამიანის განსხვავებული შეხედულებანი, რომლებიც იმავე შრომაშია გამოთქმული. ანდა ისინი არად მიიჩნევენ იმ პრინციპებიდან გამომდინარე შედეგებს, რომლისადმიც ესოდენ უსიტყვო მორჩილებით გამსჭვალულან.
როცა მონტესკიე გვირჩევს, უმჯობესია, რესპუბლიკური მმართველობა მცირე მოცულობის ტერიტორიაზე ხორციელდებოდესო, იგი ისეთ სტანდარტებს გულისხმობს, რომლებიც ბევრად ჩამოუვარდება ჩვენი ნებისმიერი შტატის ზომას. ვერც ვირჯინია, ვერ მასაჩუსეტსი, ვერც პენსილვანია, ვერც ნიუ-იორკი, ვერც ჩრდილოეთ კაროლინა ვერც ეფარდება იმ მოდელს, რის საფუძველზეც მონტესკიე მსჯელობს და რომლის მიმართაც თავისი დასკვნები გამოაქვს. თუკი ამ აზრებს უცილობელ ჭეშმარიტებად მივიჩნევდით, მაშინ ან მონარქს  უნდა გავგებოდით ფერხთა ქვეშ, ანდა უამრავ უსაშველოდ წვრილ სახელმწიფოებად უნდა დავქუცმაცებულიყავით,  გაუთავებლად რომ მტრობენ, ექიშპებიან და მოშურნეობენ ერთმანეთს. უსაშველო შეხლა-შემოხლის ეს საბუდარი მხოლოდღა საყოველთაო სიბრალულსა და ზიზღს დაბადებს, ვითარცა ერთობ უბადრუკი სანახაობა. ზოგიერთ მწერალს, რომელიც ხსენებულ საკითხს სხვანაირად განიხილავს, ეტყობა, გაუცნობიერებია ეს დილემა, რაკი უკან არ იხევს და ნართაულად ამბობს, თითქოს სანუკვარი რამ იყოს ქვეყნის დაქუცმაცება. ასეთი ბრმა  პოლიტიკა, ასეთი უგუნური ფანდი, რაც გულისხმობს იმას, რომ თავზესაყრელად შეიქმნება პაწია თანამდებობანი, შესაძლოა, ხელს აძლევდეს არაკვალიფიციურ ადამიანებს, რომელთა ზეგავლენა ვერ სცდება პიროვნული ინტრიგების შეზღუდულ სფეროს, მაგრამ იგი არასოდეს დააყრის ხეირს ამერიკის ხალხის სიდიადესა და ბედნიერებას.
ხსენებულ პრინციპს, როგორც უკვე ვთქვით, სხვაგან განვიხილავთ. ახლა კი საკმარისი იქნება აღინიშნოს, რომ იმ ავტორის მოსაზრება, რომლის ციტატებს დაბეჯითებით იშველიებენ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ კავშირის უფრო მსხვილი წევრების ზომათა შეკვეცას თუ გულისხმობს და მას არაფერი აქვს საწინააღმდეგო მათი გაერთიანებისა ერთი კონფედერაციული მმართველობის ქვეშ. ესაა სწორედ ის საკითხი, რისი განხილვაც ახლა გვწადია.
მონტესკიე არათუ წინააღმდეგია სახელმწიფოთა გაერთიანებისა, არამედ იგი საგანგებოდ ლაპარაკობს კონფედერაციულ რესპუბლიკაზე. იმაზე, რომ იგი არის ყველზე მარჯვე იარაღი სახალხო ხელისუფლების სფეროს გაფართოებისა, რომელიც შინაგანად იკრებს ყველა იმ უპირატესობას, რაც აქვს როგორც მონარქიას, ისე რესპუბლიკას.
სავსებით შესაძლებელია, რომ კაცობრიობა კვლავაც მონარქის ფერხთა ქვეშ ყოფილიყო განრთხმული, მას რომ არ გამოეგონებინა კონსტიტუციის ისეთი ნაირსახეობა, რომელიც ერთმანეთთან ორგანულად კრავს რესპუბლიკური მმართველობის შიდასახელმწიფოებრივ სარგებლიანობასა და მონარქიული ხელისუფლების საგარეო ძლიერებას. სხვა არაფერს ვგულისხმობ, თუ არა კონფედერაციულ რესპუბლიკას.
“მმართველობის ეს ფორმა არის შეთანხმება, რომელსაც დებენ სხვადასხვა მომცრო სახელმწიფოები ერთმანეთს შორის, რამეთუ თანახმანი არიან შევიდნენ უფრო მსხვილ სახელმწიფოებრივ გაერთიანებაში, რომლის შექმნაც განუზრახავთ. ესაა საზოგადოებათა ისეთი კრებული, რომელიც ქმნის ახალ საზოგადოებას და აქვს ზრდის უნარი, ვიდრე ისეთ დონეს მიაღწევდეს, რომ მან ერთიანი ორგანიზმის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეძლოს”.
 “... ასეთი რესპუბლიკა წინ აღუდგება გარეგან ძალმომრეობას და შეძლებს ისე შეინარჩუნოს თავისი თავი, რომ შინაგანმა ხრწნამ ხელი არ დარიოს. საზოგადოების ეს ნაირსახეობა ყოველმხრივ მოხერხებულია”.
“... თუკი კავშირის რომელიმე წევრი მოიწადინებს, უზურპაცია უყოს უმაღლეს ხელისუფლებას, მას თავიდანვე გადაწურული ექნება იმედი, რაკი ვერაფრით მოიპოვებს კავშირის დანარჩენი წევრების მხარდაჭერასა და ნდობას. თუ უზურპატორმა ერთი რომელიმე სახელმწიფო მოიქცია თავის ზეგავლენაში, დანარჩენები განგაშის ზარებს ჩამოჰკრავენ;
თუკი უზურპატორი კონფედერაციის ერთ ნაწილს დაიპყრობს, თავისუფალი ნაწილი აუმხედრდება მას, დაუპირისპირებს ყველა იმ ძალას, რომლის უზურპირება ვერ მოუსწრია და მანამ სძლევს, ვიდრე იგი საწადელს ეწეოდეს.”
“... კონფედერაციის ერთ რომელიმე სახელმწიფოში აჯანყებამ რომ იფეთქოს, დანარჩენები ადვილად ჩაახშობენ მას. თუკი მისი ერთი ნაწილი სულიერად გაიხრწნება, უვნებელი ნაწილი კვლავ აღადგენს მას; მისი ერთი მხარე შეიძლება დაიქცეს, მაგრამ მეორე – სიმრთელეს შეინარჩუნებს. კონფედერაცია შეიძლება დაიშალოს, მაგრამ მისი შემადგენელი ქვეყნები თავიანთ დამოუკიდებლობას შეინარჩუნებენ.”
“... რაკი ამგვარი მმართველობა მომცრო რესპუბლიკებს აერთიანებს, მას არ გაუჭირდება უზრუნველყოს მათი შინაგანი ბედნიერება, ხოლო საგარეო ურთიერთობათა თვალსაზრისით იგი ფლობს მსხვილი მონარქიის ყველა უპირატესობას, რაკი სახელმწიფოთა ასოციაციაა”.
მიზანშეწონილად ვცანი მთლიანად მომეყვანა ეს საინტერესო პასაჟები, რამდენადაც მათში სახელმწიფოთა კავშირის სასარგებლოდ სხარტი და ნათელი არგუმენტებია მოცემული. ვინძლო ამან გააქარწყლოს ის ყალბი შთაბეჭდილება, რასაც მკითხველში იწვევს საგანგებოდ საამისოდ წინასწარ გათვლილი უკუღმართი განმარტებანი მონტესკიეს ნაშრომის სხვა-დასხვა ადგილებისა. ამავე დროს, ეს პასაჟები შინაგანადაა დაკავშირებული  ამ წერილის  უშუალო  გაზრახვასთან: ნათელყოს, რომ კავშირს შესწევს უნარი, ალაგმოს შინააშლილობა და ჯანყი.
შტატების კონფედერაციასა და კონსოლიდაციას ერთმანეთისაგან უფრო მზაკვრული განზრახვით განასხვავებენ, ვიდრე სიზუსტის გულისათვის. კონფედერაციის არსებით ნიშნად მიაჩნიათ ის, რომ მისი ხელისუფლება ვრცელდება მხოლოდ მის წევრებზე, როგორც კრებითს პირებზე და არა ამ კრებითი პირების შემადგენელ ინდივიდებზე. ამიტომ ამტკიცებენ, რომ გაერთიანების საბჭო არ უნდა ერეოდესო ცალკეული წევრი ქვეყნის შინაურ საქმეებში. ასევე დაბეჯითებით ამტკიცებენ, კონფედერაციული ხელისუფლების არსებითი ნიშანია მის წევრებს შორის ხმათა აბსოლუტურად ზუსტი განაწილებაო. მაგრამ ესაა არსებითად თვითნებური მტკიცებანი. მათ ზურგს არ უმაგრებს არც ერთი პრინციპი და არც ერთი პრეცედენტი. სინამდვილეში ისე მოხდა, რომ ამ ყაიდის მმართველობები უპირატესად კონფედერაციასა და კონსოლიდაციას შორის ზემოხსენებული განსხვავების თანახმად მოქმედებენ, რაკი მიაჩნიათ, რომ ეს არსებითი რამაა მათი ბუნებისათვის. მაგრამ, ამასთანავე, პოლიტიკური პრაქტიკა სავსეა საიმისო მაგალითებით, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამ საკითხში აბსოლუტური წესები არ არსებობს (თუკი მაგალითს აქვს დასტურის ძალა). წინამდებარე გამოკვლევაში ნათლად იქნება ნაჩვენები, რომ როცა ხსენებული მტკიცება გაბატონებულ პრინციპად იქცეოდა, წამსვე წარმოიშობოდა უსაშველო არეულობა და პოლიტიკურ მოქმედებას ხელს უგუნურობა დარევდა ხოლმე.
კონფედერაციული რესპუბლიკა უბრალოდ “საზოგადოებათა კრებულს”, ანდა ერთ სახელმწიფოდ ორი ან მეტი სახელმწიფოს გაერთიანებას გულისხმობს. ფედერალური ხელისუფლების ზომა, მისი სახეცვლილებანი და მიზნები მხოლოდღა კეთილგონივრული შეთანხმების საქმეა. ვიდრე არ გაუქმებულა წევრი ქვეყნების ცალკე ორგანიზაცია, ვიდრე იგი კვლავაც არსებობს როგორც ადგილობრივი მიზნების შესატყვისი კონსტიტუციური აუცილებლობა, ვიდრე თუნდაც იგი სრულად ემორჩილება კავშირის საერთო ხელისუფლებას, მანამ ასეთი გაერთიანება პრაქტიკულად და თეორიულადაც სახელმწიფოთა ასოციაციად ანუ კონფედერაციად რჩება. შემოთავაზებული კონსტიტუცია შტატების ხელისუფლებას კი არ აუქმებს,  არამედ მათ საერთო _ ნაციონალური სუვერენობის სრულუფლებიან წევრად ადგენს, სენატში პირდაპირი წარმომადგენლობის უფლებას ანიჭებს და მათვე უტოვებს სუვერენული ხელისუფლების გამორჩეულსა და ერთობ მნიშვნელოვან ნაწილს. ეს კი სრულიად შეესატყვისება იმას, რაც იგულისხმება ფედერალური ხელისუფლების ცნებაში, თუკი ტერმინს რაციონალურად განვმარტავდით.
ლიკიის კონფედერაციაში, რომელშიც 23 ქალაქი თუ რესპუბლიკა შედიოდა, თემთა საბჭოში ყველაზე მსხვილ წევრებს 3 ხმა ჰქონდათ, საშუალოთ – 2, ხოლო ყველაზე მცირეთ – 1. თემთა საბჭო ნიშნავდა მოსამართლეებსა და საქალაქო მმართველობათა წევრებს ყველა ქალაქში. ძნელია, კაცმა შინაურ საქმეებში ამაზე საჩოთირო ჩარევის მაგალითი დაასახელო. თუკი რაიმე განსაკუთრებულად უნდა შედიოდეს ადგილობრივ იურისდიქციაში, ეს ხომ საკუთარ მოხელეთა დანიშვნაა. მიუხედავად ამისა, როცა ამ გაერთიანებაზე მსჯელობს, მონტესკიე წერს: “კონფედერაციული რესპუბლიკის ყველაზე ბრწყინვალე ნიმუშად “ლიკიის კავშირის” დაგისახელებდიო”. ამრიგად, კონფედერაციასა და კონსოლიდაციას შორის განსხვავება, რომელიც ზოგიერთებს აუჩემებიათ, სრულიად  უმნიშვნელო  რამაა განათლებული მოქალაქისთვის, რომელიც კარგად ერკვევა სამოქალაქო სამართლის საკითხებში. ამიტომაც ჩვენი დასკვნა ასეთია – ამგვარი განსხვავება ყალბი თეორიის მზაკვრული შესწორების მცდელობაა მხოლოდ და მხოლოდ.
პუბლიუსი



 1.  კანონთა გონი, ტომი V, წიგნი IX, თავი 1.

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group