ფედერალისტი #12  : ჰამილტონი

1787წ. 27 ნოემბერი
ნიუ - ორკის შტატის ხალხს

ეს-ესაა საკმარისად ცხადად გამოითქვა აზრი იმის შესახებ, რომ შტატებს შორის  კავშირი ხელს შეუწყობს ვაჭრობის აყვავებას. წინამდებარე წერილის საგანი კი იმის გამორკვევაა, თუ როგორ წაადგება იგი სახელმწიფო შემოსავლების ზრდას.
დღესდღეობით ყველა პოლიტიკური კაცი, რომელსაც სათანადო განათლება მიუღია, აღიარებს იმას, რომ ვაჭრობის აყვავება არა მარტო დიდად შეეწევა ეროვნული სიმდიდრის დაგროვებას, არამედ ამგვარი დაგროვების ყველაზე შემოქმედებით წყაროდაც მოგვევლინება. ამიტომაც იგი ამ ყაიდის ადამიანთა პოლიტიკური მზრუნველობის გამორჩეული საგანია. როგორც ცნობილია,  წარმოება მით უფრო სწრაფად ვითარდება, მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების რაც უფრო მეტი საშუალება არსებობს. ამგვარ განვითარებას ხელს ძვირფასი ლითონების შემოღება და მათი მიმოქცევაში გაშვებაც უწყობს. ამათი შემხედვარე ხომ უსაზღვრო გასაქანი ეძლევა როგორც ადამიანურ სიხარბეს, ისე  თაოსნობის უნარს. ყოველივე ამის შედეგად კი წარმოების არხებში უდიდესი სიჩქარით მოედინება ულევი საქონელი და ყველას, ვინც კი შრომობს, ერთი სული აქვს, თუ როდის მიიღებს მათივე გარჯის სანუკვარ ჯილდოს. ამგვარი მგზნებარე მოლოდინით სულდგმულობს ყველა: მუყაითი სოვდაგარი იქნება ის თუ მუხლჩაუხრელად მომუშავე ოჯახის კაცი, შრომისმოყვარე ქარხნის მუშა თუ დაუზარელი მეწარმე. ადამიანები საუკუნეების მანძილზე  დავობდნენ იმის შესახებ არსებობს თუ არა კავშირი  სოფლის მეურნეობასა და აღებმიცემობას შორის.  უნდა ითქვას, რომ ეს დავა ამჟამად  გადაჭრილია.  უტყუარი გამოცდილების საფუძველზეა დადასტურებული ის, რომ მათ შორის მეტოქეობას ბოლო მოეღო. როგორც ერთი, ისე მეორე დარგის ქომაგთათვის კმაყოფილების მომგვრელია იმის გამორკვევა, რომ სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა ერთმანეთს ენათესავება. ისე რომ, ერთის განვითარება მეორეს კი არ აბრკოლებს, არამედ პირიქით – ხელს უწყობს. მრავალი ქვეყნის გამოცდილება მოწმობს იმას, რომ  რაც უფრო აყვავებულია ქვეყანაში  აღებმიცემობა, მით უფრო მაღალია მიწის ფასი. წარმოუდგენელიც კია სხვაგვარად როგორ უნდა ყოფილიყო? ხომ აღებმიცემობაა ის, რაც მიწის ნაყოფს გასაღების შესაძლებლობას უქმნის?  სწორედაც ის არ აძლევს სტიმულს მათ, ვინც მიწას ამუშავებს? განა ქვეყანაში არსებობს ფულის დაგროვების სხვა რამ უფრო ძლევამოსილი ინსტრუმენტი? განა სწორედ აღებმიცემობა არ არის ის მსახური, ყველა სახის წარმოებასა თუ გარჯას ერთგულ სამსახურს რომ უწევს? განა ის დაუშვებდა, რომ ისეთ საქონელზე ფასის ზრდისთვის არ შეეწყო ხელი, რომლის წიაღიდან უხვად მოედინება მრავალფეროვანი პროდუქტი? საოცარია სწორედ, თუ როგორ გამოუჩნდა საერთოდ მოწინააღმდეგე ამ ერთობ მარტივ ჭეშმარიტებას. აი, უამრავთაგან ერთ – ერთი საბუთი იმისა, თუ როგორაა შესაძლებელი ის, რომ ადამიანი ასცდეს გონებისა და მრწამსის გზას, როცა მას ბნელი შური იპყრობს, ანდა მეტისმეტ აბსტრაქციას ეძლევა თუ გადამეტებული დახვეწილობისკენ მისწრაფება იტაცებს.
ქვეყნის უნარი გადასახადების გადახდისა ყოველთვის ზუსტად შეესაბამება მიმოქცევაში არსებული ფულის ოდენობასა და მისი ბრუნვის სიჩქარეს. აღებმიცემობის მოვალეობა ისაა, რომ გადასახადების გადახდა გააიოლოს და ხელი შეუწყოს სახელმწიფო ხაზინაში აუცილებელი მარაგის შექმნას. გერმანიის იმპერატორის სამემკვიდრო სამფლობელოები უპირატესად ნოყიერი, დამუშავებული და მჭიდროდ დასახლებული მიწებია. მათი უმეტესობა რბილსა და ხელსაყრელ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. ამ ტერიტორიის ზოგ ნაწილში ევროპაში ოქროსა და ვერცხლის საუკეთესო საბადოებია. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნის მონარქი დიდი შემოსავლებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. ამის მიზეზი კი ისაა, რომ გერმანიაში სუსტად არის განვითარებული აღებმიცემობა. ამიტომაც იქაური მონარქი რამდენჯერმე იძულებული გახდა მეზობელი მონარქებისთვის ეთხოვა ფინანსური დახმარება. ბუნებრივია, რომ ამ ქვეყანას გაუჭირდება თავისი სასიცოცხლო ინტერესების დაცვა. მისი რესურსები იმდენად მწირია, რომ იგი ვერ შეძლებს ხანგრძლივი თუ გაჭიანურებული ომი აწარმოოს.
მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ასპექტია იმ საკითხისა, თუ როგორაა შესაძლებელი ის, რომ შტატებს შორის ჩამოყალიბებული კავშირი სასიკეთოდ წაადგეს სახელმწიფო შემოსავლების ზრდას. არსებობს ბევრი სხვა ასპექტი, რომლებშიც ამგვარი ზეგავლენა უფრო უშუალოდ და ცხადად ვლინდება. თუ გავითვალისწინებით იმ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, თუ ჩვენი ხალხის ადათ – წესებსაც მივიღებთ მხედველობაში და გადასახადების აკრეფის საკუთარ გამოცდილებასაც გავისიგრძეგანებთ, ცხადი გახდება, რომ პირდაპირი დაბეგვრის გზით ბევრს ვერაფერს მივაღწევთ. ამაო იქნება იქეთკენ სწრაფვაც, რომ რაც შეიძლება მეტი საგადასახადო კანონი შემოვიღოთ. ხეირს ვერც გადასახადების შეგროვების ახალი ხერხების ძიება დაგვაყრის. სულერთია, ხალხს მოლოდინი მწარედ გაუმტყუნდება, ხოლო სახელმწიფო ხაზინა კვლავაც ცარიელი დარჩება. საქმე ის არის, რომ სახალხო ხელისუფლებას მემკვიდრეობით ერგო ადმინისტრირების ხალხური სისტემა. იგი მხოლოდ მაშინ მუშაობს გამართულად, როცა ქვეყანაში მწირი ფულადი მასაა. ეს კი ისეთი მდგომარეობისთვისაა ნიშანდობლივი, როცა აღებმიცემობა ერთობ დუნეა და წამგებიანი. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მარცხი იწვნია ექსტენსიური დაბეგვრის შემოღების ყოველგვარმა მცდელობამ. ბოლოს და ბოლოს კი საკანონმდებლო ხელისუფლებანი სხვადასხვა ქვეყანაში ერთსა და იმავე დასკვნამდე მივიდნენ: აზრი არა აქვსო ამგვარ მცდელობათა განგრძობას.
ეს გარემოება არ გამოიწვევს იმათ გაკვირვებას, ვინც იცის, თუ რა ხდება ამ მხრივ სხვა ქვეყნებში. ავიღოთ ისეთი შეძლებული ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, სადაც თითქოსდა უფრო უნდა ყოფილიყო შეწყნარებული დიდი სიმდიდრის პირდაპირი დაბეგვრა. ასეთი რამის განხორციელება იქ უფრო იოლიც უნდა ყოფილიყო, ვიდრე ამერიკაში.  ამის ერთ - ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ბრიტანეთს ამერიკაზე უფრო ძლიერი ხელისუფლება ჰყავს. მაგრამ საქმე ის არის, რომ დიდ ბრიტანეთში ეროვნული შემოსავლების უმთავრესი წყაროა სწორედ ისეთი სახის  არაპირდაპირი გადასახადები, როგორიც იმპორტის დაბეგვრა და აქციზია. ლომის წილი კი საბაჟო გადასახადებზე მოდის.
აშკარაა, რომ ამერიკა ერთობ დიდხანს იქნება დამოკიდებული სწორედაც რომ ამ ყაიდის შემოსავლებზე. რაც შეეხება აქციზს, მისი შემოღება ჩვენში უნდა შეიზღუდოს. ეგ იმიტომ, რომ ჩვენი ხალხის თავისუფლებისმოყვარე ზნე ვერ შეეგუება იმ გამომძიებლურსა და კატეგორიულ სულისკვეთებას, აქციზის შესახებ კანონს რომ ახასიათებს. მეორე მხრივ კი ფერმერები, შილინგი რომ შილინგია, იმასაც უხალისოდ შეელევიან, თუკი იგი საცხოვრებელ სახლებსა და მიწის ნაკვეთებზე გადასახადის სახით იქნება დაკისრებული. კერძო საკუთრება კი ერთობ გაურკვეველი და უხილავი ფონდია საიმისოდ, რომ იგი სხვა რამ გზით დაბეგრო, თუ არა მის მოხმარებაზე დაწესებული  უჩინარი  გადასახადით.
თუ ეს შენიშვნები არ არიან საფუძველს მოკლებულნი, მაშინ აუცილებელია, ჩვენი პოლიტიკური კეთილდღეობის მიზანს სათანადოდ მივუსადაგოთ ზემოხსენებული გარემოება. ლაპარაკია იმ გარემოებაზე, სახელმწიფო შემოსავლების გაუმჯობესებისა და მათი გაზრდის ეგზომ  დასაფასებელ წყაროს რომ წარმოდგენს. ეჭვს არ იწვევს ის, რომ იგი შტატებს შორის მტკიცე კავშირს უნდა ეფუძნებოდეს. ამასთანავე, ისიც უეჭველია, რომ ეს გარემოება ხელს შეუწყობს აღებმიცემობის მიმართ ინტერესთა გამოცოცხლებას. რაც, რა თქმა უნდა, ზემოხსენებული წყაროდან მიღებული შემოსავლის გაზრდასაც წაადგება. ეს კი არადა, მათ შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულებაც კი არსებობს. რაც უფრო მარტივი და ეფექტური იქნება საგადასახადო კანონმდებლობა მით უფრო წაადგება იგი ერთი მეტად მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას. საქმე იმ ვითარებას ეხება, როცა  გადასახადის ნიხრი იგივე რჩება, მისი მწარმოებლურობა კი ერთობ იზრდება. საბოლოო ჯამში, ეს ხელისუფ-ლებას საშუალებას აძლევს ისე გაზარდოს ხსენებული ნიხრი, რომ აღებ – მიცემობას ზიანი არ მიადგეს. 
მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ ჩვენი შტატები ერთმანეთის მიმართ  განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ ტერიტორიებს უამრავი მდინარე სერავს. ბევრი ყურე აკრავს მათ სანაპიროებს. ეს აადვილებს მათ შორის მიმოსვლას. ამას ისიც ემატება, რომ მათი მოსახლეობა ერთსა და იმავე ენაზე ლაპარაკობს, ურთიერთობის ერთნა-ირი მანერა და ადათ – წესები ახასიათებს.  უდავოა, რომ ყოველივე ეს წაახალისებს მათ შორის არალეგალურ ვაჭრობას. წინ ვერაფერი დაუდგება იმას, რომ მათ ხშირად უგულვებელყონ ვაჭრობის დადგენილი წესები.  ცალკე შტატი თუ კონფედერაცია, რომელსაც  მეორე შტატისა თუ კონფედერაციის მიმართ შურის გარდა არაფერი  ამოძრავებს, იძულე-ბული გახდება იმ საცდურს, რომელიც თან ახლავს არალეგარულ ვაჭრობას, დაბალი საგადასახადო ტარიფების შემოღებით შეეწინაა-ღმდეგოს.  იმ ზნის გადამკიდე, რომელიც ჩვენებურ მმართველობას აქვს, ჩვენში კიდევ კარგა ხნით აარიდებენ თავს უსაფრთხოების მკაცრი ზომე-ბის გატარებას. არადა სწორედ ასეთი მკაცრი ღონისძიებების მეშვეობით უღობავენ როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო გზებს არალეგალური ვაჭრობის ტრფიალთ ევროპულ სახელმწიფოთა მესვეურნი მათს დიდად პატივცემულ სამფლობელოებში. თუმცა ამგვარი ღონისძიებებიც კი ძალზე უსუსურად გამოიყურებიან იმ დახვეწილ სტრატეგიებთან შედა-რებით, რომელთა გამოგონებაშიც, ალბათ, არასოდეს დაცხრება  ადამიანური გაუმაძღრობის მაძიებლური სული.
ფრანგებმა პატრულის (ასე ეწოდება მას) სპეციალური ინსტიტუტი შემო-იღეს, რომლის ამოცანა სწორედაც რომ კონტრაბანდასთან ბრძოლაა.  ბატონი რეკარის გამოთვლით, საფრანგეთში დღესდღეობით ოცი ათასამდე პატრულია. ეს რაოდენობა სწორედ იმას მოწმობს, თუ რაოდენ ძნელია აღებმიცემობის ამ გაუკუღმართებულ ნაირსახეობასთან ბრძოლა და მისი აღმოფხვრა. განსაკუთრებით ჭირს მასთან ბრძოლა იმ პირობებში, როცა ქვეყნის შიგნით სახმელეთო კომუნიკაციები არსებობს.  ამგვარი რამ კიდევ უფრო გაძნელდება, თუ ჩვენი რომელიმე შტატი მეორესთან ტერიტორიულად ისეთ პოზიციაში აღმოჩნდება როგორიც საფრანგეთს მის მეზობელ ქვეყნებთან აქვს.  რაც შეეხება პატრულს, ნათელია, რომ იგი ვერაფრით იქნება შეწყნარებული ისეთ ქვეყანაში, სადაც  თავისუფლება სიცოცხლეზე მეტად ფასობს.
მაგრამ თუკი ყველა შტატი ერთი საერთო მთავრობის ქვეშ გაერთიანდება, მაშინ  ჩვენში ვაჭრობის ასაყვავებლად ისღა დაგვჭირდება, რომ მხოლოდ ატლანტიკის სანაპირო დავიცვათ . როცა ძვირფასი ტვირთით დასაპალ-ნებული უცხოური ხომალდები ჩვენს სანაპირო წყლებში შემოვლენ, ისინი აღარ წავლენ რისკზე და ტვირთს მხოლოდ მას შემდეგ დაცლიან, რაც ჩვენს პორტებში ჩაუშვებენ თავიანთ ღუზებს. Uუცხოელი ვაჭრები იძულე-ბულნი გახდებიან, ხელი აიღონUუკანონო ქმედების განზრახვაზე, რაკი მათი გამოაშკარავება ადვილი იქნება როგორც სანაპიროსთან, ისე მას შემდეგ, რაც დანიშნულების ადგილზე მივლენ. უსაფრთხოების ასეთი ღონისძიებანი არის სწორედ გარანტი იმისა, რომ სახელმწიფო შემოსა-ვლებს მნიშვნელოვანი ზარალი არ მიადგებათ. სათანადო შეიარაღებით აღჭურვილი რამდენიმე ხომალდი სანაპირო ზოლში რომ იმოძრავებს, არც ისე ძვირი დაგვიჯდება და კანონიერებაც საიმედოდ იქნება დაცული. ერთიანი მთავრობა სწორედ იმით იქნება დაინტერესებული, რომ ყველგან აღკვეთოს სამართალდარღვევები. ხოლო ამ საქმეში ცალკეულ შტატებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანი სტიმული იქნება საიმისოდ, რომ მსგავსი ღონისძიებები უფრო ეფექტური გახდეს. ერთიანი მთავრობა ჩვენი ერთი ბუნებრივი უპირატესობის შენარჩუნების საქმესაც წაადგება. ხოლო დაქუცმაცების შემთხვევაში იგი თვალსა და ხელს შუა გაგვისხლტებოდა.  საქმე ისაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძალზე შორს არის ევროპიდან. იგი საკმარისად არის დაშორებული იმ ქვეყნებიდანაც, რომლებიც მის პოტენციურ სავაჭრო პარტნიორებს წარმოადგენენ და რომლებთანაც მას, შესაძლოა, ინტენსიური ვაჭრობაც კი ჰქონდეს. წარმოუდგენელია, რომ უცხოურმა სავაჭრო ხომალდებმა ჩვენს სანაპიროებამდე რამდენიმე საათსა ან თუნდაც ერთ დღე - ღამეში მოაღწიონ. მაშინ როცა ასეთი რამ ჩვეულებრივი მოვლენაა საფრანგეთსა და ბრიტანეთს, ანდა ევროპის სხვა ნებისმიერ ორ სახელმწიფოს შორის, რომლებიც ერთმანეთს ესაზღვრებიან. ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც უსაფრთხოების არნახული, თვით ბუნების მიერ ბოძებული ღონისძიება, რომელიც  საიმედოდ იცავს ამერიკას პირდაპირი კონტრაბანდისგან. მაგრამ, სამწუხაროდ, არსებობენ შემოვლითი გზები, რომლებიც თითქმის ყველასთვის არიან ხელმისაწვდომნი. ყოველი ჭკუათმყოფელი ადამიანისთვის ისედაც ნათელია ის განსხვავება, რომელიც ორი ყაიდის იმპორტს შორის არსებობს. ერთი მხრივ, საქმე ეხება იმ ვითარებას, როცა ქვეყანაში დიდი რაოდენობის საქონელი პირდაპირი იმპორტის გზით შემოდის. მეორე მხრივ კი, ლაპარაკია იმაზე, როცა იგივე საქონელი ოღონდ პორცია – პორციობით, შემოვლითი გზებით მაინც იკვლევს გზას ქვეყნის ბაზრისკენ. ამგვარი  იმპორტი არ არის დაკავშირებული საგანგებო სიძნელეებთან, ხოლო სახმელეთო კომუნიკაციების არსებობის   შემთხვევაში იგი ერთობ გაიოლებულიც კია.
აქედან გამომდინარე ცხადია, რომ ერთიანი ეროვნული მთავრობა მცირე დანახარჯებითაც კი შეძლებდა ბევრად უფრო მეტი თანხა ამოეღო იმპორტზე დაწესებული გადასახადიდან, ვიდრე ამას ცალკეული შტატი, ანდა რომელიმე ნაწილობრივი კონფედერაცია მოახერხებდა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დღემდე ამგვარი ბეგარა არც ერთ შტატში სამ პროცენტს არ აღემატებოდა. საფრანგეთში იგი თხუთმეტ პროცენტს შეადგენს, ბრიტანეთში ამ ნიშნულსაც აღემატება. არაფერი უდგას წინ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში დაბეგვრის ამგვარი ნიხრი, სულ ცოტა გასამკეცდეს მაინც. ერთი თავი საქონელი, მარტო სპირტიანი სასმელიც რომ ავიღოთ, ფედერალური დაბეგვრის შემთხვევაში, შთამბეჭდავი  შემოსავლებით უზრუნველყოფდა ჩვენი ქვეყნის ხაზინას. თუ საერთო იმპორტში იმ წილის მიხედვით ვიანგარიშებთ, რომელიც მასში ალკოჰოლური სასმელების იმპორტს უკავია, მაშინ დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ იგი ოთხი მილიონი გალონით განისაზღვრება. გალონზე ერთი შილინგის შეწერის შემთხვევაში მიღებული  შემოსავალი ორასი ათას გირვანქა სტერლინგს გაუტოლდებოდა. ამ ყაიდის საქონლისთვის მისაღებია დაბეგვრის ამგვარი მასშტაბი. თუ რაღაც ეტაპზე თავს იჩენს იმპორტირებული სპირტიანი სასმელების კლების ტენდენცია, რა თქმა უნდა, ეს სასიკეთოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკას. გარდა ამისა, ამისგან ჩვენი საზოგადოებაც ძალზე იხეირებს, რაკი  უფრო მეტად იქნება დაცული მისი როგორც ზნეობრივი, ისე ფიზიკური სიჯანსაღე. ხომ ცნობილია, რომ არაფერი ისე ზედმეტი არ არის ქვეყნისთვის, როგორც მაგარი სასმელები.
მაგრამ რა მოხდება, თუკი ჩვენ სრულად ვერ ავითვისეთ ზემოხსენებული  რესურსი? საქმე ის არის, რომ ვერც ერთი ქვეყანა დიდხანს ვერ გაძლებს შემოსავლების გარეშე. თუკი მას ამგვარი სასიცოცხლო მხარდაჭერა მოაკლდებოდა,  დამოუკიდებლობას დაკარგავდა და მივარდნილ პროვინციად გადაიქცეოდა. ამიტომაც, არც ერთი ჭკუათმყოფელი მთავრობა თავისი ნებით ამგვარ დამღუპველ გზას არ დაადგება. ისე რომ, რადაც უნდა დაუჯდეს, სახელმწიფო ვალდებულია, შემოსავლები ამოიღოს. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენი მდგომარეობა ერთობ თავისებურია. თუკი შემოსავლების ძირითად წყაროდ ვაჭრობას არ გავიხდით, მაშინ ძალზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ჩვენი მიწათმფლობელები, რაკი გადასახადების მთელი სიმძიმე მათ დააწვებათ. უკვე მოგახსენეთ, რომ აქციზი, როგორც გადასახადის თავისებური ტიპი, მაინცადამაინც არ ესალბუნება ხალხის გუნება – განწყობილებას. ამიტომ აზრი არა აქვს თავისშეწუხებას იმით, რომ  ჩვენში ფართოდ დაინერგოს დაბეგვრის ეს ფორამა. ამის გაკეთება იმიტომაც არის უპერსპექტივო, რომ ჩვენი მოსახლეობა უპირატესად სასოფლო – სამეურნეო წარმოებაშია დასაქმებული და ამდენად, თითქმის არ იწარმოება ისეთი საქონელი, რომელიც აქციზური მოსაკრებლით დაიბეგრებოდა. ბუნებრივია, არ უნდა ვიყოთ მაინცადამაინც იმის იმედად, ამ გზით რამდენადმე მნიშვნელოვანი თანხების მობილიზებას მოვახერხებთო. იმის შესახებაც უკვე მოგახსენეთ, რომ კერძო საკუთრების მარტოდენ მოხმარებას თუ დავბეგრავთ. ეგ იმიტომ, რომ თვითონ საკუთრების დაბეგვრა ერთობ გაჭირდება, რაკი თითქმის შეუძლებელია, თვალი მივადევნოთ იმას, თუ რა არის კერძო საკუთრებაში და რა არა. ამიტომ ნურც იმის იმედს ვიქონიებთ, რომ აქედან  რამდენადმე მაინც ანგარიშგასაწევი სახსრების მოზიდვას შევძლებთ. რაც შეეხება დიდ ქალაქებს, რომლებსაც მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ჰყავს, იქ კიდევ შესაძლებელია, რომ საკუთრების მფლობელებს რაღაც თანხა შევაწეროთ. თუმცა სახელმწიფოსთვის სანუგეშო აქედან ძნელად თუ რამე გამოვა. ბევრად უფრო ცუდადაა საქმე შედარებით პატარა ქალაქებში, სადაც ადვილია, რომ კერძო საკუთრება საერთოდ ვერ მოხვდეს გადასახადების ამკრეფთა თვალსაწიერში. მაგრამ საქმე ისაა, რომ ყველაფერი შეიძლება განზე გადავდოთ, სახელმწიფო საჭიროებანი კი ყოველგვარ მიზეზს გარეშე დაფარული უნდა იქნენ. სწორედ ამის გამო იძულებულნი გავხდებით, ძირითადი გადასახადის საზოგადოებრივი ტვირთი მიწის მესაკუთრეებს დავაკისროთ. მაგრამ, სამწუხაროდ, საქმეს ვერც ეს უშველის. სახელმწიფოს ხელში ვერასოდეს მოიყრის თავს საკმარისი სახსრები მის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, თუკი იგი ყველა შესაძლო წყაროდან არ ქაჩავს შემოსავლებს. ის მწირი თანხები კი, რომლის მოქუჩებასაც იგი ამგვარ შეჭირვებულ პირობებში მოახერხებს, ვერასოდეს იქნება საკმარისი იმისთვის, რათა მან ყველას თვალში სანუკველი პატივისცემა და მოწიწება დაიმსახუროს. არას ვამბობთ საზოგადოების უსაფრთხოებაზე, რომელიც ერთობ სავალალო მდგომარეობაში ჩავარდება. ქვეყნად ვერაფერი, თვით პირთამდე ავსებული სახელმწიფო ხაზინაც კი, ოდნავაც ვერ გამოდგება იმ შეჭირვების საზღაურად, რომელშიც ადამიანთა ის კლასი აღმოჩნდება, მარჩენალი მიწის დამუშავების ერთობ საპატიო ხელობას რომ მისდევს. ისე რომ, ერთმანეთს გადაეჭდობა პირადი სატკივარი და საზოგადო გასაჭირი. მდგომარეობის სიდუხჭირეს კიდევ უფრო გაუსაძლისს გახდის  იმის გამო ღაღადისი, რომ იმათ რჩევებს ავუბით მხარი, ვინც ჩვენს დაშლა – დაქუცმაცებას ქადაგებდა.
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group