ფედერალისტი #2: ჯეი

1787 წ. 31 ოქტომბერი
ნიუ-იორკის შტატის ხალხს

ამერიკის ხალხი თუკი ჩაუკვირდება იმ საკითხს, რისი გადაწყვეტაც ჯერარს, – საკითხს, რომელიც იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს იმათ შორის, რომელთაც მისი ყურადღება ოდესმე დაუპყრია, – მაშინ ნათელი გახდება თუ რაოდენ მართებულია, რომ იგი ამომწურავად და ფრიადი სერიოზულობით გადაწყდეს.
არაფერია იმაზე უფრო უტყუარი, ვიდრე ის, რომ ადამიანებს აუცილებლად ესაჭიროებათ მმართველობა; ასევე, უდავოა ისიც, რომ სადაც და როგორც უნდა იყოს იგი დაფუძნებული, ხალხმა მას უნდა ჩააბაროს თავისი ბუნებრივი უფლებების ნაწილი, რათა მთავრობა აუცილებელი ძალაუფლებით აღიჭურვოს. ამიტომაც, უთუოდ ღირს დაფიქრებად ის, თუ რა უფრო ხელსაყრელია ამერიკის ხალხისათვის; თუ რა არის მისი ინტერესი; იყოს ფედერალურ მმართველობას დაქვემდებარებული ერთი ნაცია თუ დაცალკევებული კონფედერაციები, რომელთაგან თითოეული იმავე უფლებით იქნება აღჭურვილი, რომლის მინიჭებაც პროექტით მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მთავრობისთვისაა ნავარაუდევი.
დღევანდლამდე ეჭვს არ იწვევდა და ყველა იზიარებდა იმ მოსაზრებას, რომ ამერიკის ხალხის კეთილდღეობა დამოკიდებული იყო კავშირის ურყევ სიმტკიცეზე, ამას შენატროდნენ, ამაზე ლოცულობდნენ და საამისოდ იღვწოდნენ ჩვენი რჩეული და უჭკვიანესი თანამემამულენი. სადღეისოდ კი ქვეყნიერებას მოევლინებიან პოლიტიკოსები, რომლებიც დაბეჯითებით ირწმუნებიან, ასეთი მოსაზრება მცდარიაო. უსაფრთხოებასა და ბედნიერებას შეკავშირებაში კი არ უნდა ვეძიებდეთ, არამედ ისინი უნდა გვეგულებოდეს ერთიანი სახელმწიფოს დაქუცმაცებაში კონფედერაციებად თუ სუვერენულ წარმონაქმნებადო. როგორ ექსცენტრულადაც უნდა გვეჩვენოს ეს დოქტრინა, მას ჰყავს თავისი ადვოკატები.
ზოგიერთი პატივცემული გვამი ადრე არ იზიარებდა, მაგრამ ახლა ემხრობა ამ აზრს. როგორიც უნდა იყოს ის არგუმენტები და მოტივები, რომლებმაც ამ ჯენტლმენებს აზრი და განაცხადი შეაცვლევინა, მაინც არ იქნებოდა გონივრული, მთელ ხალხს გაეზიარებინა ეს ახალი პოლიტიკური პრინციპი. თუკი სრულად არ იქნებოდა დარწმუნებული იმაში, რომ ის ჭეშმარიტებასა და ჯანსაღ პოლიტიკას ემყარება.
ყოველთვის სიამოვნების ჟრუანტელი მივლის ხოლმე, როცა ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი ამერიკა როდი იყო დაცალკევებული და დაშორიშორებული ტერიტორიების უბრალო ჯამი, არამედ, ეს ერთიანი, ნაყოფიერი და ფართოდგაშლილი ქვეყანა წილად ხვდა თავისუფლებისმოყვარულ ჩვენს ვაჟკაცებს, რომლებიც თავის დროზე დასავლეთიდან გამოვიდნენ.  განგებამ  განსაკუთრებული  წყალობა მოიღო ამ ქვეყნისადმი. დააფერთხა მას მრავალფეროვანი ნიადაგი და წიაღისეული. მის მკვიდრთ სალხენად და სახეიროდ უწყალობა აურაცხელი მოჩუხჩუხე წყარო და ნაკადული. სანავიგაციო წყლების წყება ერთგვარი ყელსაბამივით შებმია მის ნაპირებს, თითქოსდა ერთმანეთთან ჰკრავსო მათ, ხოლო ქვეყნის შიგნით ერთმანეთისაგან ხელდასამხარ დაშორებაზე მიიზლა-ზნება მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი მდინარეები – უმოკლესი გზები, რომლებიც აიოლებენ იმას, რომ ხალხმა ერთმანეთს ძმური დახმარების ხელი გაუწოდოს, ურთიერთშორის ტვირთბრუნვა და საქონელგაცვლა აწარმოოს.
იმავე სიამოვნების ჟრუანტელს დაუვლია ხოლმე, როცა შემინიშნავს, რომ განგებამ ეს განუყოფელი ქვეყანა ერთადერთ ხალხს უწყალობა – ხალხს, რომელიც ერთი და იმავე წინაპრის შთამომავალია; ერთსა და იმავე ენაზე ლაპარაკობს; ერთსა და იმავე სარწმუნოებას აღიარებს; ერთგულია მმართველობის ერთი და იმავე პრინციპებისა. ხალხს, რომელიც ძალზე ჰგავს ერთმანეთს ზნითა და ჩვეულებით. ხალხს, რომელსაც გაერთიანებული რჩევით, ჯარებითა და ძალისხმევით მრავალი ხნის მანძილზე ერთმანეთის მხარდამხარ უომია სისხლისმღვრელ ომებში, რის შედეგადაც მოუპოვებია საყოველთაო თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
ეს ქვეყანა და ეს ხალხი, თითქოსდა, ერთმანეთისთვის გაუჩენია ღმერთს, თითქოსდა განგებას ენებებინოს, რომ ჭეშმარიტი ძმობით აღბეჭდილი ეს მემკვიდრეობა არასოდეს გაიხლიჩოს დაქსაქსულ, ერთმანეთის მოშურნე და ერთმანეთისადმი მტრულ სუვერენულ წარმონაქმნებად.
ყოველი საზოგადოებრივი მდგომარეობისა და მრწამსის ადამიანს დღევანდლამდე უფრო ამგვარი აზრები ჰქონდა. საერთოსა და მთავარში ჩვენ ერთ ხალხად ჩამოვყალიბდით; თითოეული ჩვენი მოქალაქე, სადაც უნდა ყოფილიყო იგი, ერთი და იმავე ეროვნული უფლებით, პრივილეგიითა და მფარველობით სარგებლობდა. ჩვენი, როგორც ერის, ერთიანობა ყველაფერში ვლინდებოდა. მაშინ, როცა მოწინააღმდეგეს ვუზავდებოდით თუ მასთან ომში ვებმებოდით; საერთო მტერზე ვიმარჯვებდით თუ სხვადასხვა ალიანსში შევდიოდით, მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით თუ ხელშეკრულებებს ვდებდით.
რაკი ხალხს მტკიცედ სწამდა, რომ კავშირი ძალზე ფასეულია და სასიკეთო, ამიტომ მის შესანარჩუნებლად და უკვდავსაყოფად ადრევე ჩამოაყალიბა ერთიანი ფედერალური მთავრობა. იგი თითქმის ჩვენი ხალხის მიერ პოლიტიკური არსებობის მოპოვებისთანავე დაფუძნდა. უფრო მეტიც, იგი იმ დროს დაწესდა, როს ცეცხლის ენები ტკაცანით ნთქავდა მათს საცხოვრისებს, როს ურიცხვი მათი თანამოძმე სისხლისაგან იცლებოდა, როს ომი და სასოწარკვეთა სპობდა მშვიდი მოფიქრებისა და აღუშფოთველი აწონდაწონის ყოველგვარ საშუალებას, რაც ყოველთვის წინ უნდა უსწრებდეს ხოლმე თავისუფალი ხალხის მიერ ბრძენი და გაწონასწორებული ხელისუფლების ჩამოყალიბებას. ბუნებრივია, რომ იმ ჟამთა სიავეში შექმნილი მმართველობა ვერაფერი შვილი იქნებოდა და ვერ უპასუხებდა მისდამი წაყენებულ მოთხოვნებს.
ჩვენმა გონიერმა ხალხმა შეიგნო და შეინანა ეს ნაკლოვანებანი. ურთიერთკავშირი ამ ხალხს მათსავე თავისუფლებაზე ნაკლებ როდი უყვარს. ამიტომაც ჩასწვდა კარსმომდგარ საფრთხეს, რომელიც ჯერ კავშირს ემუქრება და მერეღა – თავისუფლებას. რაკი დარწმუნდა, რომ კავშირისა და თავისუფლების ყოვლისმომცველი უსაფრთხოების საწინდარი სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა ბრძნულად გამართული ნაციონალური მმართველობა, ხალხმა ერთსულოვნად გადაწყვიტა, ფილადელფიაში მოეწვია ამასწინანდელი კონვენტი, რომელიც ამ საჭირბოროტო საკითხს განიხილავდა.
კონვენტის წევრებად აირჩიეს ისეთი ადამიანები, რომლებიც ხალხის ნდობით სარგებლობდნენ. მათი უმრავლესობის გონება და გული ომიანობის უმძიმესმა განსაცდელმა გამოსცადა. მათ ბრძოლის ველზე დაამტკიცეს თავიანთი ზნემაღალი პატრიოტობა, სიქველე და სიბრძნე. მშვიდობიანობის აღუშფოთველ ჟამს სხვა რამ საფიქრალთაგან განრიდებულმა ამ ღირსეულმა კაცებმა მრავალი თვე განლიეს გულდამშვიდებულსა და აუმღვრეველ ბჭობაში. მათ არც ხელისუფლების შიში ჰქონიათ და არც სხვა რამ გრძნობას წარუტაცნია მათი გონება თვინიერ სამშობლოს სიყვარულისა. და აი, შეადგინეს და ხალხის სამსჯავროზე გამოიტანეს პროექტი, როგორც ნაყოფი მათი შეერთებული და ფრიადი ერთსულოვნებით აღბეჭდილი მიზანდასახულობისა.
საჭიროა აღინიშნოს, რომ ამ პროექტს თავს კი არავინ გახვევთ, არამედ მხოლოდ გთავაზობენ. მაგრამ გთავაზობენ არა იმიტომ, რომ ბრმად მოიწონოთ ანდა ბრმადვე დაიწუნოთ, არამედ იმიტომ, რომ იმგვარი მიუკერძოებლობითა და სიწრფელით განიხილოთ იგი, რასაც ჭეშმარიტად იმსახურებს ეს საგანი თავისი სიზვიადითა და მნიშვნელობით. მაგრამ (როგორც წინა წერილში აღინიშნა) საკითხის ამგვარი განხილვა და გამოკვლევა ალბათ ოცნებაში უფროა შესაძლებელი, ვიდრე სინამდვილეში. ძველი გამოცდილება გვასწავლის, რომ ზედმეტი გულუბრყვილობით არ ვეკიდებოდეთ ამგვარ იმედებს. ჯერ კიდევ არ მისცემია დავიწყებას ის ამბავი, რომ კარს მომდგარი საფრთხის საფუძვლიანმა გააზრებამ აიძულა ამერიკის ხალხი, 1774 წელს მოეწვია ღირსსახსოვარი კონგრესი. ამ ორგანიზაციამ რამდენიმე ღონისძიება შესთავაზა თავის ამომრჩეველს. მოვლენებმა აჩვენეს, რომ მიღებული ზომები ბრძნული იყო. დღემდე ისიც ცოცხლად შემოუნახავს მეხსიერებას, რომ ყოველკვირეულ გაზეთებში მაშინვე დატრიალდა სწორედ ამ ღონისძიებათა წინააღმდეგ მიმართული პამფლეტებისა და კრიტიკის კორიანტელი; კერძო ინტერესებს გადაგებული სახელმწიფო მოხელეები, ის თანამდებობის პირები, რომლებიც მართებულად  ვერ  აფასებდნენ  შედეგებს,  ანდა ადრინდელი გულმოდგინების ხათრით მოქმედებდნენ; ხელმძღვანელი მუშაკები, რომლებიც ისეთ მიზნებს ისახავდნენ, რითაც საზოგადო სიკეთეს არად დაგიდევდნენ, დაუცხრომლად ამუნათებდნენ ხალხს, ყურად არ ეღოთ პატრიოტი კონგრესის რჩევა, ბევრი გააბრიყვეს. მაგრამ, უმრავლესობამ ისე სამართლიანად განსაჯა და გადაწყვიტა, რომ ამის გამო ახლა სიამოვნებისაგან ნეტარებენ.
ხალხი დარწმუნდა, რომ კონგრესმენთა უმრავლესობა ბრძენი და გამოცდილი ადამიანი იყო; რომ ქვეყნის სხვადასხვა მხარიდან მოწვეულებმა თავი ერთად მოიყარეს და ერთმანეთს ბევრი სასარგებლო ცნობა გაუზიარეს; რომ თავყრილობის განმავლობაში მათ გამოიძიეს და განიხილეს ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები და მის თაობაზე საფუძვლიანი ცოდნა შეიძინეს; რომ ისინი პიროვნულად იყვნენ დაინტერესებულნი საზოგადოების თავისუფლებითა და, აქედან გამომდინარე, მათი მოვალეობა და რაც მთავარია, არანაკლები შინაგანი მისწრაფება იყო, საფუძვლიანი ბჭობის შემდგომ ნამდვილად გონივრული და მიზანშეწონილი ღონისძიებების განხორციელებისათვის დაეჭირათ მხარი.
ამგვარმა და ამის მსგავსმა მოსაზრებებმა დაარწმუნა ხალხი, რომ ნდობა გამოეცხადებინა კონგრესის გონიერებისა და პატიოსნებისათვის. რა ეშმაკობასა და რა ღონეს არ მიმართეს, რათა ხალხს არა და არ მიეღო ასეთი გადაწყვეტილება. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მან ყურად იღო კონგრესის რჩევა. და თუკი მთელი ხალხი ენდო იმ კონგრესს, რომლის წევრთაგან ცოტა თუ იყო დიდად გამოცდილი ანდა საყოველთაოდ ცნობილი, მაშინ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი საფუძველი აქვს მას, ანგარიშს უწევდეს ახლანდელი კონვენტის გონიერებასა და თათბირს. ხომ კარგადაა ცნობილი, რომ ღირსსახსოვარი კონგრესის უგამორჩეულესი წევრები ამჟამინდელ კონვენტშიც შედიან. ისინი პოლიტიკის ბრძმედში ნაწრთობი და დიდად გამოცდილი ხალხია, თავი რომ გამოიჩინეს სამშობლოს სიყვარულითა და სხვა პოლიტიკური  სიქველით;  მათ  უშურველად  გაუზიარეს კონვენტს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება.
ღირსია აღნიშვნისა, რომ პირველიდან მოყოლებული ყველა კონგრესი, ისევე, როგორც ამასწინანდელი კონვენტი, ურყევად გამოხატავდა ერთსულოვნებას ხალხის მრწამსთან, რომ ამერიკის კეთილდღეობა დამოკიდებულია მასში შემავალი შტატების კავშირზე. კონვენტის მიერ შემოთავაზებულ პროექტსაც იგივე მიზანი აქვს. რომელი წესიერება და კეთილი ზრახვა ამოძრავებს იმ ადამიანებს, ახლა რომ კავშირის მნიშვნელობას აკნინებენ? რად ირწმუნებიან, სამი თუ ოთხი კონფედერაცია ერთზე უმჯობესიაო? შინაგანად დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი ყოველთვის მართებულად განსჯიდა ამ საკითხს. ის საყოველთაო და უცვლელი ერთგულება, რითაც იგი გამსჭვალული იყო კავშირისადმი, დიადი და ღირსშესანიშნავი მიზეზებითაა განპირობებული. მათს გადმოცემასა და განმარტებას მომდევნო წერილებში შევეცდები; მას, ვინც შემოთავაზებული პროექტის ნაცვლად მხარს უჭერს ცალკეული კონფედერაციების წარმოქმნას, ვინძლო, განეჭვრიტა უსაშველო საფრთხე, რასაც კავშირის არსებობას უქადის პროექტის უარყოფა. ასეთი საფრთხის ალბათობა ძალზე დიდია, ამიტომაც, გულწრფელად მსურს, ყოველი კარგი მოქალაქე წინასწარ ჭვრეტდეს იმას, რომ თუკი კავშირი დაიშლება, მაშინ ამერიკას ისღა დარჩება, პოეტის სიტყვებით შესძახოს: “დიდებავ, ჩემო, საუკუნოდ გემშვიდობები!”
უბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group