ფედერალისტი # 18 : მედისონი (ალექსანდრე ჰამილტონის დახმარებით)
1787წ. 7 დეკემბერი
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
ძველი მსოფლიოს კონფედერაციათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერძნული რესპუბლიკების ის გაერთიანებაა, რომელიც ამფიქციონის საბჭოს სახელითაა ცნობილი. როგორც ამ სახელგანთქმული დაწესებულების შესახებ ჩვენამდე მოღწეული ცნობებიდან ირკვევა, მართლაც ყურადსაღებია მსგავსება, რომელიც ამ გაერთიანებასა და ამერიკის სახელმწიფოთა კონფედერაციას შორის არსებობს.
კონფედერაციის წევრები დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ და სუვერენულ სახელმწიფოებადაც რჩებოდნენ: ფედერალურ საბჭოში ისინი ხმის თანაბარი უფლებით სარგებლობდნენ. რაც შეეხება საბჭოს, იგი უფლებამოსილი იყო, მიეღო ყველა ის გადაწყვეტილება, რომელსაც აუცილებლად ჩათვლიდა საბერძნეთის საერთო კეთილდღეობის უზენაესი მიზნიდან გამომდინარე. ისე რომ, მის კომპეტენციაში შედიოდა: ომის გამოცხადება და წარმოება, კონფედერაციის წევრებს შორის წამოჭრილ უთანხმოებათა შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, ბუნტისთავის დაჯარიმება, კონფედერაციის მთელი ძალების გამოყენება განდგომის მოსურნე წევრის წინააღმდეგ, კავშირის შემადგენლობაში ახალ წევრთა მიღება. ამფიქციონის საბჭო რელიგიისა და იმ ზღაპრული სიმდიდრის მცველად მოგვევლინა, რომელიც დელფოს ტაძარში ინახებოდა. იგი უფლებამოსილი იყო, გადაეწყვიტა ყველა ის უთანხმოება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასა და იმ ხალხს შორის წამოიჭრებოდა ხოლმე, რომელიც ორაკულის რჩევის მისაღებად მოდიოდა. ფედერალური ხელისუფლებისთვის მეტი ეფექტურობის მისანიჭებლად კონფედერაციის წევრები ერთმანეთის წინაშე ფიცს დებდნენ: დაიცავდნენ და მფარველობას გაუწევდნენ გაერთიანებულ ქალაქებს, სასტიკად გაუსწორდებოდნენ ფიცის გამტეხს და არავის შეარჩენდნენ ტაძრის შებღალვასა თუ ძარცვას.
ძალაუფლების ეს მექანიზმი, როგორც ჩანს, თეორიაშიც და ფურცელზეც სრულად პასუხობდა ყველა ძირითად მიზანს. ზოგჯერ იგი აჭარბებდა კიდეც კონფედერაციული ხელშეკრულების მუხლებში გაწერილ უფლებამოსილებებს. ამფიქციონის საბჭო მოხერხებულად იყენებდა იმ ეპოქის ცრურწმენას; სწორედ ის გვევლინებოდა ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ ძირითად ბერკეტად. საბჭოს უფლება ჰქონდა, სამხედრო ძალა გამოეყენებინა გაკერპებული ქალაქების წინააღმდეგ; ამასვე ავალდებულებდა კონფედერაციის წევრებს ის ფიცი, რომლითაც ისინი შეკრული იყვნენ.
მაგრამ თეორია თეორიაა, სინამდვილეში კი მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. ისე, როგორც დღევანდელ კონგრესში, ძალაუფლება იქაც უფლებამოსილ პირთა ხელში იყო, რომლებსაც ქალაქები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ნიშნავდნენ; ცენტრალური ხელისუფლება კი ქალაქების მიმართ სწორედ მათი მეშვეობით ხორციელდებოდა. აი, ყველა უბედურების სათავე: კონფედერაცია თანდათან დასუსტდა, კავშირები მოეშვა და ბოლოს დაიშალა კიდეც. ნაცვლად იმისა, რომ ძლევამოსილი წევრები შიშსა და მორჩილებაში ჰყოლოდათ, ისინი ერთმანეთზე მიყოლებით ბატონობდნენ დანარჩენებზე. დემოსთენე გადმოგვცემს, რომ ათენი 73 წელი ედგა სათავეში ბერძნულ ქალაქებს. მერე ლაკედემონელთა 29 წლიანი მმართველობის ჯერი დადგა. ლეკტრასთან ბრძოლის შემდეგ კი მათ თებელები ჩაენაცვლნენ.
პლუტარქის გადმოცემით, თითქმის წესად იქცა ძლევამოსილი ქალაქების წარმომადგენელთა მიერ უფრო სუსტი ქალაქების უფლებამოსილ პირთა დაშინება და მოსყიდვა, რის შედეგადაც გადაწყვეტილებანი ძლიერი მხარის სასარგებლოდ მიიღებოდა.
გააფრთებული და საბედისწერო ომების დროსაც კი, რომლებსაც გაერთიანებული ქალაქები სპარსეთისა და მაკედონიის წინააღმდეგ აწარმოებდნენ, მათ შორის ერთუსულოვნება როდი სუფევდა. ამის დასტურია საერთო მტრის მიერ მოღორებული და მოსყიდული ქალაქები; საერთო მტრისა, რომლის ანკესზე ზოგჯერ უფრო ბევრი მათგანი წამოეგებოდა ხოლმე, ზოგჯერ უფრო ცოტა. თავდაცვით ომებს შორის შუალედებში კი კონფედერაცია შინააშლილობებით, რყევებითა და სასაკლაობით იტანჯებოდა.
ქსერქსესთან ომის დამთავრებისთანავე ლაკედემონელებმა რამდენიმე ქალაქი ღალატში დაადანაშაულეს და მათი კონფედერაციიდან გაძევება მოითხოვეს. ათენელები მიხვდნენ, რომ ამით ისინი უფრო მეტ მომხრეს დაკაგავდნენ, ვიდრე ლაკედემონელები და საბჭოშიც უმრავლესობას ეს უკანასკნელნი მოიპოვებდნენ. ამიტომ ისინი გააფთრებით შეეწინააღმდეგნენ ამას და ლაკედემონელთა მზაკვრული მცდელობა ჩაშალეს. ისტორიის ეს მონაკვეთი ნათლად ადასტურებს ამგვარი კავშირის არაეფექტურობას, რაც იმითაა გამოწვეული, რომ მის ყველაზე ძლევამოსილ წევრებს პატივმოყვარეობა და შური ამოძრავებთ; უფრო სუსტებს კი დაკნინებისა და დაბეჩავებისგან თავის დახსნის ძალა არ შესწევთ. თეორიულად სისტემა მათ იმავე უფლებებს ანიჭებს, რასაც ძლიერებს, რომ ამაყად და თავმომწონედ იტრიალონ საერთო ცენტრის გარშემო. პრაქტიკულად კი ისინი პირველი სიდიდის ვარსკვლავთა თანამგზავრები არიან და მეტი არაფერი.
აბატი მილო წერს, ბერძნებს რომ სიმამაცესთან ერთად სიბრძნეც გამოეჩინათ, გამოცდილების გაკვეთილი ყურადეღოთ და სპარსეთის დამარცხების შემდეგ ჩამოგდებული მშვიდობიანობა თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ, ისინი პოლიტიკურ სისტემას ძირეულად შეცვლიდნენ და უფრო მტკიცე კავშირს ჩამოაყალიბებდნენო. ნაცვლად ამისა, გამარჯვებით თავბრუდასხმული ათენი და სპარტა ერთმანეთს თავიდან მეტოქეებად, შემდეგ კი მტრებად მოეკიდნენ, და ერთურთს ბევრად დიდი უბედურება დააწიეს, ვიდრე მათ ქსერქსემ უყო. დაბოლოს, ერთად დატრიალებული ამდენი შუღლი, შიში, სიძულვილი და ვნება პელოპონესის სახელგანთქმულ ომად გადმოინთხა. ეს უკანასკნელი კი მისი გამჩაღებლის – ათენის იავარქმნით დასრულდა.
სუსტი ხელისუფლების ხვედრი ხომ ასეთია: როცა იძულებული არ არის თავდაცვითი ომი აწარმოოს, შინააშლილობანი წეწავს. თუმცა ამ უკანასკნელთ ქვეყნის გარედან მოვლენილი უბედურებანიც ყოველთვის თან სდევს ხოლმე. ფოკიდელებმა აპოლონის ტაძრის მიმდებარე მიწები გადახნეს; ამფიქციონის საბჭომ, ეპოქის სულისკვეთებისა და მისთვის დამახასიათებელი ცრურწმენის მიხედვით რომ მოქმედებდა, სათანადო ჯარიმის გადახდა დააკისრა მკრეხელობის ჩამდენთ. ფოკებმა, ათენისა და სპარტის წაქეზებით, უარი განაცხადეს დამორჩილებაზე და ამ დადგენილების შესრულებაზე. თებემ სხვა ქალაქებთან ერთად გადაწყვიტა, დაეცვა ამფიქციონის საბჭოს უფლებამოსილებანი და ღმერთის შეურაცხყოფისთვის შური ეძია. მაგრამ საამისოდ მას საკმარისი ძალა არ აღმოაჩნდა. ამიტომ საშველად უხმო ფილიპე მაკედონელს, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის ფარულად ისედაც აღვივებდა შუღლს. ფილიპეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რაკი ბოლოს და ბოლოს აისრულებდა დიდი ხნის გულისწადილს: შემუსრავდა საბერძნეთის თავისუფლებას. მოქრთამვისა და ინტრიგების ხლართვის გზით მან მოისყიდა და გადაიბირა რამდენიმე ქალაქის პოპულარული ლიდერი; მათი ავტორიტეტისა და იმ ხმების წყალობით, რითაც საბჭოში სარგებლობდნენ, კონფედერაციის მთავრობაში შეაღწია და ფანდებისა და იარაღის გამოყენებით ხელისუფლების სათავეში მოექცა.
ასეთი სავალალო შედეგი მოჰყვა იმ მანკიერ პრიციპს, რომელსაც ეს ერთობ საინტერესო დაწესებულება ეფუძნებოდა. საბერძნეთის ხვედრზე მიუმხრობელი დამკვირვებლის თქმით, ბერძნებს რომ უფრო მტკიცე კავშირი შეეკრათ და მისი შენარჩუნებისთვის ყველაფერი გაეღოთ, ისინი არასოდეს დაიდგამდნენ მაკედონელთა უღელს და არასოდეს გახდებოდნენ რომაელთა მზაკვრული გეგმის მსხვერპლნი.
ბერძნული რესპუბლიკების მეორე გაერთიანება, რომლის მაგალითს, უპრიანია, ვითვალისწინებდეთ, ე.წ. აქაველთა ლიგაა.
იგი ბევრად უფრო სიღრმისეულ კავშირებს ეფუძნებოდა და უფრო ჭკვიანურადაც იყო მოწყობილი, ვიდრე ამფიქციონის კავშირი. მართალია, აქაელებსაც თანამოძმეების ხვედრი ხვდათ წილად, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ისინი ამას მათზე ბევრად ნაკლებ იმსახურებდნენ.
ლიგაში შემავალი ქალაქები ინარჩუნებდნენ თავიანთ მუნიციპალურ იურისდიქციას, თვითონვე ნიშნავდნენ თავიანთ მოხელეებს და სრული თანასწორობით სარგებლობდნენ. სენატს კი, რომელშიც ყველა მათგანი იყო წარმოდგენილი, შეუზღუდავი უფლება ჰქონდა: გამოეცხადებინა ომი და დაედო ზავი; დაენიშნა ელჩები და მიეღო უცხო ქვეყნების მიერ წარმოგზავნილები; დაედო ხელშეკრულებები და შესულიყო ალიანსებში; დაენიშნა ე.წ. პრეტორი – მთავარი თანამდებობის პირი, რომელიც ლიგის ჯარების უფროსიც იყო. ათი სენატორის თათაბირითა და რჩევით, პრეტორი არა მარტო სენატის შეკრებებს შორის შუალედებში ხელმძღვანელობდა ლიგის მთავრობას, არამედ აქტიურად მონაწილეობდა თვით სენატის მუშაობაში. თავდაპირველად ორი პრეტორი ერთობლივად უძღვებოდა ლიგის საქმეებს, მაგრამ შემდგომში, გამოცდილების გათვალისწინებით, ერთ პრეტორს მიანიჭეს უპირატესობა.
როგორც ჩანს, ყველა ქალაქში ერთი და იგივე კანონები მოქმედებდა და ერთსა და იმავე ჩვეულებებს მისდევდნენ; წონისა და ზომის ერთსა და იმავე საზომებს იყენებდნენ და ერთიანი ფულადი სისტემაც ჰქონდათ. მაგრამ დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ ყოველივე ეს ფედერალური საბჭოს გამიზნული პოლიტიკის შედეგი ყოფილიყო. დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ქალაქები რაღაცნაირად იძულებულნი ხდებოდნენ, ერთი და იგივე კანონები მიეღოთ და ერთსა და იმავე ადათ - წესებს მიჰყოლოდნენ. როცა ფილოპომენმა ლაკედემონია ლიგაში მიიღო, მას ლიკურგესეულ დაწესებულებებსა და კანონებზე უარის თქმა და აქაველთა დაწესებულებებისა და კანონების მიღება მოუხდა. ამფიქციონის კონფედერაცია კი, რომლის წევრიც ის იყო, მას მართვისა და საკანონმდებლო საქმიანობის სრულ თავისუფლებას ანიჭებდა. მარტო ეს გარემოებაც კი საკმარისად ასაბუთებს იმას, თუ რარიგ ძირეულად განსხვავდება ერთმანეთისგან მმართველობის ეს ორი სისტემა.
რაოდენ დასანანია, რომ ამ საოცარი პოლიტიკური ნაგებობის შესახებ ჩვენამდე ეგზომ არასრულმა ძეგლებმა მოაღწიეს. ის რომ უკეთ იყოს შესწავლილი, უკეთ რომ იყოს გამორკვეული მისი შინაგანი წყობა და ის მექანიზმი, რითაც ის თავის ყოველდღიურ საქმიანობას ახორციელებდა, ამით უფრო მეტი სინათლე შევიდოდა ფედერალური მმართველობის შესახებ მეცნიერებაში, ვიდრე მასში ყველა ჩვენთვის ცნობილ ექსპერიმენტს შეაქვს.
ყველა ისტორიკოსი, ვინც კი აქაველთა ცხოვრებითა და მოღვაწეობით დაინტერესებულა, ერთსულოვნად აღნიშნავს ერთ ფაქტს. საქმე ეხება იმას, რომ როგორც არატეს მიერ ლიგის განახლების შემდგომ, ისე მაკედონელთა მანქანებით მის სრულ დაშლამდე ცოტა ხნით ადრეც, მისი მთავრობა ბევრად უფრო ზომიერი და სამართლიანი იყო თავის მოქმედებებში; ხალხი კი უფრო ნაკლებად ავლენდა ბუნტისა და ჯანყის სულს, ვიდრე იმ ქალაქებში, სრული სუვერენიტეტით რომ სარგებლობდნენ და
პრიციპით:
მე
თვითონ
_
მოქმედებდნენ.
აბატი მებლი როცა საბერძნეთის შესახებ თავის დაკვირვებებს გვიზიარებს, – წერს: სახალხო ხელისუფლებას, ყველგან რომ ბობოქარი ხასიათით გამოირჩევა, აქაველთა რესპუბლიკის წევრებში არეულობა არ გამოუწვევია,
ვინაიდან
საერთო
ხელისუფლება
და
ერთიანი
კანონმდებლობა
ხელს
უწყობდა
მდგომარეობის
შერბილებასო
.
მაგრამ არ ვიქნებით ისე სულსწრაფნი და არ მოვყვებით იმის მტკიცებას, თითქოსდა ლიგის ცალკეულ ქალაქებში მღელვარება არ ყოფილიყოს. მით უფრო არ ვიტყვით იმას, რომ მის საერთო სისტემაში, თითქოსდა, ჯეროვანი მორჩილება და ჰარმონია სუფევდა. ამ რესპუბლიკის ხვედრი და ის ძნელბედობანი, რაც მას თავს დაატყდა, საპირისპიროზე მეტყველებენ.
ამფიქციონის საბჭოსთან შედარებით, აქაველთა ლიგა უფო მცირე ზომისა და ნაკლები პოლიტიკური წონის ქალაქებს აერთიანებდა, ამიტომ ვიდრე ამფიქციონი არსებობდა, ლიგა თითქმის შეუმჩნეველი იყო საბერძნეთის პოლიტიკურ არენაზე. როცა ერთი მაკედონელთა წერად იქცა, მეორე დანდობილ იქნა ფილიპესა და ალექსანდრეს მიერ. მაგრამ ამ მმართველთა მემკვიდრეებმა სხვა პოლიტიკა აირჩიეს. აქაველთა მიმართ
გათიშე
და
იბატონეს
პრინციპი აამოქმედეს: თითოეულ ქალაქს სეპარატისტული ინტერესი გაუღვივეს და კავშირიც დაშალეს. ნაწილი ქალაქებისა მაკედონური გარნიზონების ბატონობის ქვეშ მოექცნენ; სხვები კი იმ უზურპატორებმა დაიმონეს, შინააშლილობათა ჟამს რომ მოევლინენ ქვეყნიერებას. მაგარამ სამარცხვინო და ჩაგრულ მდგომარეობაში ყოფნამ აქაველთა სულში მალევე ააღორძინა თავისუფლების სიყვარული. რამდენიმე ქალაქმა ისევ შეკრა კავშირი. სხვებმაც, – როგორც კი ხელსაყრელი შემთხვევა მოიხელთეს და ტირანები მოიცილეს, _ მათ მაგალითს მიბაძეს. მალე ლიგამ თითქმის მთელი პელოპონესი მოიცვა. მაკედონია თვალ – ყურს ადევნებდა მის წინსვლას, მაგრამ შინააშლილობის გამო ვერ ახერხებდა მის შეჩერებას. მთელი საბერძნეთი აღფრთოვანებას მოეცვა და მზად იყო, ერთიან კონფედერაციად ქცეულიყო. მთელს ამ წამოწყებას კი ლახვარი ათენმა და სპარტამ ჩასცეს; აქაველთა წარმატების შემყურეთ, შურმა და ღვარძლმა მათ ღალატი ჩაადენინეს. მაკედონიის შიშმა კი აქაველნი აიძულეს ეგვიპტისა და სირიის მეფეთა მფარველობა ეძებნათ. ეს უკანასკნელნი თვითონ იყვნენ ალექსანდრეს მემკვიდრენი და ამდენად – მაკედონიის მეფის მოქიშპენი. მაგრამ ეს გეგმა ჩაშალა სპარტის მეფემ - კლეომენემ, რომელსაც დიდი ხანია აქაველთათვის გადამწყვეტი დარტყმის მიყენება ეოცნებებოდა. იგი მაკედონიის მეფეს მტრობდა, თვითონ ჰქონდა უზურში ეგვიპტისა და სირიის მმართველებთან ალიანსის შეკვრა, ამიტომ არ იშურებდა ძალ – ღონეს, არაფრით დაეშვა ის, რომ აქაველებს საწადლისთვის მიეღწიათ. ეს უკანასკნელნი დილემის წინაშე დადგნენ: ან კლეომენეს უნდა დამორჩილებოდნენ, ანდა დახმარება მათი ყოფილი მჩაგვრელის – მაკედონიისთვის ეთხოვათ. გადაწყდა, მაკედონიის მფარველობა მიეღოთ. ბერძნების ამ ძლევამოსილ მეზობელს ყოველთვის დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა მათ შორის წარმოშობილი განხეთქილება, რაკი ყოველ ასეთ შემთხვევაში ბერძენთა საშინაო საქმეებში ხელის ფათურის შესაძლებლობა ეძლეოდა. მაკედონიის არმიას არ დაუხანებია, მოვიდა და კლეომენეს კუდით ქვა ასროლინა. მაგრამ აქაველებმა მალევე იწვნიეს ძველი გამოცდილების მთელი სიმწვავე: ძლევამოსილი მოკავშირე სახლში ბატონად გექცევაო. მათ დიდი დამცირების ფასად მაკედონელებს მხოლოდ იმის პირობა დასტყუეს, რომ არსებულ კანონებს არ შეეხებოდნენ. მაგრამ ფილიპეს ტირანულმა მმართველობამ ბერძნებს ბიძგი ახალ გაერთიანებათა ჩამოყალიბებისთვის მისცა. წინააღმდეგობის დროშა ისევ აქაველებმა აღმართეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალზე დასუსტებული იყო კავშირის ერთ წევრ ქალაქში – მასენეში შინააშლილობისა და ჯანყის გამო. მალე მათ ეტოლიელები და ათენელები შეუერთდნენ. მაგრამ მიუხედავად დახმარებისა, მათი ძალები მაინც არ იყო საკმარისი. ამიტომ ისევ ნაცად, მაგრამ ძალზე სახიფათო გზას დაადგნენ: გადაწყვიტეს, ქვეყანაში უცხოური ჯარები შემოეყვანათ. ამჯერად არჩევანი რომაელებზე შეაჩერეს; მათაც მოწვევა უყოყმანოდ მიიღეს. ფილიპე დამარცხდა, რომაელებმა მაკედონია დაიპყრეს. ლიგას ახალი კრიზისის ხანა დაუდგა. მის წევრებს შორის თავი იჩინა განხეთქილებამ, რომელსაც რომაელები აღვივებდნენ. კალიკრატე და სხვა სახალხო ლიდერებიც მათ მოისყიდეს; ამათ კი თანამოძმეები შეცდომაში შეჰყავდათ. აქაველები ერთმანეთს დაერივნენ, რომაელები კი ცეცხლეზე ნავთს ასხამდნენ. არც დაუყოვნებიათ და ერთ მშვენიერ დღეს ბერძნულ ქალაქებს გამოუცხადეს: აბსოლუტურად თავისუფლები [1] ხართო, რითაც მათი მომხრეებიც კი სახტად დატოვეს. ამით ისინი ლიგიდან მისი წევრების ვერაგულად გამოტყუებას ლამობდნენ, მათ ღირსებაზე თამაშობდნენ, _ ლიგაში ძალით გაკავებენ, თქვენს სუვერენიტეტს ბღალავენო. ამგვარი მზაკვრული ხრიკების წყალობით ნაკუწებად იქცა აქაველთა ლიგა – ბერძენთა ბოლო იმედი, თავისუფლების უკანასკნელი ნავსაყუდელი ძველ მსოფლიოში. აქაველებს ისეთმა სიშმაგემ და უგუნურებამ დარია ხელი, რომ რომაელ ჯარისკაცებს დიდი ჯაფა არ დასდგომიათ, მათი განადგურების დასასრულებლად, რაც თავის დროზე მზაკვრობითა და ინტრიგების ხლართვით დაიწყო. აქაველნი დაშალეს და დაათითოეს; აქეას კი ქედზე იმოდენა უღელი დაადგეს, რომ იგი დღესაც გმინავს მისი სიმძიმის ქვეშ.
მგონი ზედმეტი არ იყო ისტორიის ამ ერთი მონაკვეთის მოკლე მიმოხილვა. ამის მიზეზი ორი რამაა: ჯერ ერთი, ისტორიის გაკვეთილი ყოველთვის სასარგებლოა; და მეორეც, აქაველთა ლიგის მოწყობას რომ მოკლედ ვეცნობოდით, ფედერალური პოლიტიკური ორგანიზმის ერთი მეტად მნიშვნელოვანი ტენდენციაც ნათლად დავინახეთ: მის წევრებს ანარქიისკენ აქვთ მიდრეკილება, მეთაურებს კი ტირანიისკენ მიუწევთ გული.
პუბლიუსი