ფედერალისტი # 69 : ჰამილტონი
1788წ. 14 მარტი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

ახლა იმ რეალური უფლებამოსილებების განხილვაზე გადავდივარ, რომელთა მინიჭება ნავარაუდევია პრეზიდენტისთვის. მე მათ იმ სახით განვიხილავ, როგორაც ისინი მონიშნულნი არიან კონსტიტუციაში. ამგვარი რამ საშუალებას მოგვცემს, დამაჯერებლად ვაჩვენოთ იმ წარმოდგენათა უსამართლობა, რომელნიც კონსტიტუციის შემოთავაზებულ გეგმასთან დაკავშირებით ვრცელდება.
ჩვენს ყურადღებას, უწინარეს ყოვლისა, ის გარემოება იპყრობს, რომ აღმასრულებელი ძალაუფლება, მცირე გამონაკლისის გარდა, ერთი პიროვნების ხელში ექცევა. მაგრამ ძნელად რომ ეს ვითარება რამენაირი შედარების საფუძვლად გამოდგეს. საქმე ის არის, რომ თუ ამ მხრივ რაიმე მსგავსება არსებობს შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის მეფეს შორის, მაშინ ასევე შეგვიძლია, ვილაპარაკოთ თურქეთის სულთანთან, თათართა ხანთან, რომის მმართველსა თუ ნიუ – იორკის შტატის გუბერნატორთან მსგავსების თაობაზეც.
აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი ოთხი წლის ვადით აირჩევა. მისი ხელახალი არჩევა იმდენჯერ შეიძლება განხორციელდეს, რამდენჯერაც შეერთებული შტატების ხალხი ღირსად ჩათვლის მას და მიზანშეწონილად მიიჩნევს მისთვის ნდობის გამოცხადებას. ამ მიმართებით არანირი მსგავსება არ არსებობს შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის მეფეს შორის. ეს უკანასკნელი მემკვიდრეობითი მონარქია, რომლისთვისაც სამეფო გვირგვინი საგვარეულო საკუთრებაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. მაგრამ დიდი  მსგავსება არსებობს შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ნიუ – იორკის გუბერნატორს შორის. ამ უკანასკნელს სამი წლის ვადით ირჩევენ და მისი ხელახალი ვადით არჩევა შეუზღუდავად თუ შუალედების გარეშეა შესაძლებელი. ცხადია, რომ სახიფათო ზეგავლენისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა ბევრად უფრო იოლია ცალკე აღებულ ერთ შტატში, ვიდრე მთელს შეერთებულ შტატებში. თუ ამ ვითარებას გავითვალისწინებთ, მაშინ აქედან ერთი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ. საქმე ეხება შეერთებული შტატების აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის ოთხი წლის ვადით არჩევასა და ვითომდა აქედან გამომდინარე საფრთხეს. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ოთხი წელი ის ვადაა, რომლიც ბევრად უფრო ნაკლებ საშიშროებას შეიცავს, ვიდრე თანამდებობაზე ყოფნის ის სამი წელი, რაც ცალკე აღებულ ერთ შტატში იმავე თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობად არის განსაზღვრული. Kკონსტიტუციით გათვალისწინებულია შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენება დაკავებული თანამდებობიდან, თუკი იგი ღალატს, მექრთამეობასა და სხვა მძიმე დანაშაულობებსა თუ კანონდარღვევებს ჩაიდენს. თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ  ჩატარდება გამოძიება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში იგი ჩვეულებრვი სასამართლო წესით დაისჯება. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის მეფეს, მისი პიროვნება წმინდა და ხელშეუხებია. არ არსებობს კონსტიტუციური სასამართლო, რომლის წინაშეც იგი პასუხისმგებელი იქნებოდა. არ არსებობს სასჯელი, რომელიც მას დაედებოდა. ასეთი რამ მხოლოდ იმ შემთხვევში შეიძლება მოხდეს, თუ ქვეყანა ჩათრეული იქნება საერთო – ეროვნულსა და რევოლუციურ კრიზისში. თუ პირადი პასუხისმგებლობის ამ დელიკატურსა და მნიშვნელოვან გარემოებას გავითვალისწინებთ, მაშინ კონფედერაციული ამერიკის პრეზიდენტი არაფრით არის უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე ნიუ – იორკის გუბერნატორი. ხოლო ვირჯინიისა და დელავერის გუბერნატორებთან შედარებით იგი უარეს მდგომარეობაშიც კი იმყოფება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტს უფლება ექნება, გადახედვის მიზნით, უკან გამოითხოვოს ბილი, მას შემდეგ, რაც იგი საკანონმდებლო კრების ორივე პალატის მიერ იქნება მიღებული. მაგრამ უკან გამოთხოვილი და გადახედული ბილი კანონის ძალას იძენს მას შემდეგ, რაც მას ორივე პალატა ხმათა ორი მესამედით დაამტკიცებს. ამ მხრივ, დიდი ბრიტანითის მეფე უფლებამოსილია, შეუზღუდავი ვეტო დაადოს პარლამენტის ორივე პალატის სამართლებრივ აქტებს. თუკი ამ უფლებამოსილებას ხანგრძლივი დროის მანძილზე არ იყენებენ, ეს იმას როდი  ნიშნავს, რომ იგი არ არსებობს. მისი გამოუყენებლობა მხოლოდ იმით აიხსნება, რომ სამეფო ხელისუფლებამ ერთსა თუ მეორე პალატაში უმრავლესობის  უზრუნველყოფისა თუ ზეგავლენის მოპოვების სხვა საშუალება გამონახა, რითაც თავიდან აიცილა ზემოაღნიშნული პრეროგატივის გამოყენება. საქმე ის არის, რომ ამ უკანასკნელმა ძნელად რომ საზოგადოებრივი მღელვარების გარეშე ჩაიაროს. შეერთებული შტატების პრეზიდენტს კი უარყოფის შეზღუდული უფლებამოსილება ენიჭება, რაც, ბუნებრივია, დიდად განსხვავდება ბრიტანელი სუვერენის აბსოლუტური ვეტოს უფლებისგან. სამაგიეროდ, იგი ზუსტად ემთხვევა ნიუ – იორკის შტატის სარევიზიო საბჭოს უფლებამოსილებას, რომელშიც კონსტიტუციის მიხედვით გუბერნატორიც შედის. ამ მიმართებით შეერთებული შტატების პრეზიდენტის უფლებამოსილება აღემატება ნიუ – იორკის შტატის გუბერნატორის პრეროგატივას, ვინაიდან იგი ერთპიროვნულად ფლობს იმას, რასაც გუბერნატორი კანცლერსა და მოსამართლეებთან ერთად ინაწილებს. მაგრამ შეერთებული შტატების პრეზიდენტის უფლებამოსილება, ამ თვალსაზრისით, ემთხვევა მასაჩუსეტსის გუბერნატორის კომპეტენციას. ამ შტატის კონსტიტუცია შეიცავს შესაბამის მუხლს და როგორც ჩანს, კონვენტის წევრებმა იგი იქიდან გადმოიღეს.
“პრეზიდეტი არის შეერთებული შტატების არმიის, ფლოტისა და ცალკეული შტატის სახალხო ლაშქრის მთავარსარდალი, როცა მათ შეერთებული შტატების სამხედრო სამსახურში იწვევენ. მას აქვს უფლება, გადაავადოს განაჩენის სისრულეში მოყვანა, შეიწყალოს შეერთებული შტატების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირები გარდა იმ შემთხვევისა, რასაც იმპიჩმენტის სასამართლო წესით თანამდებობიდან გადაყენება ითვალისწინებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი უფლებამოსილია კონგრესს განსახილველად წარუდგინოს ისეთი ზომები, რომლებსაც აუცილებლად და სასარგებლოდ მიიჩნევს; საგანგებო შემთხვევებში იგი იწვევს საკანონმდებლო კრების ორივე პალატის, ან ერთ მათგანის სხდომას; პალატებს შორის სესიის გადავადების თაობაზე უთანხმოების შემთხვევაში კი თვითონ გადააქვს იგი იმ დროისთვის, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. პრეზიდენტი უზრუნველყოფს კანონთა ზედმიწევნით დაცვასა და განსაზღვრავს შეერთებული შტატების ყველა თანამდებობის პირის უფლებამოსილებას. ამგვარი  კონკრეტული უფლებამოსილებების მიხედვით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი თანაბრად ჰგავს როგორც დიდი ბრიტანეთის მეფეს, ისე ნიუ – იორკის გუბერნატორს. მაგრამ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავებანიც არსებობენ. ჯერ ერთი, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჟამიდან ჟამს ხელმძღვანელობს ქვეყნის სახალხო ლაშქრის იმ ნაწილს, რომელსაც საკანონმდებლო კრება კავშირის სამხედრო სამსახურში იწვევს. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის მეფესა და ნიუ – იორკის გუბერნატორს, ისინი ყოველთვის და სრულად ხელმძღვანელობენ მათ იურისდიქციაში მყოფ სახალხო ლაშქარს.  ამრიგად, ამ პუნქტში შეერთებული შტატების პრეზიდენტს უფრო ნაკლები ძალაუფლება ექნება, ვიდრე დიდი ბრიტანეთის მეფესა თუ ნიუ–იორკის გუბერნატორს აქვს.  მეორეც, პრეზიდენტი არის შეერთებული შტატების არმიისა და ფლოტის მთავარსარდალი. ამ მიმართებით, მას ნომინალურად იგივე უფლებამოსილება ექნება, რაც დიდი ბრიტანეთის მეფეს აქვს, თუმცა სინამდვილეში ბევრად ჩამოუვარდება მას. მისი უფლებამოსილება იმით ამოიწურება, რომ იგი ხელმძღვანელობს არმიასა და სამხედრო – საზღვაო ფლოტს, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი. ამგვარი უფლებამოსილება კი კონფედერაციის პირველი გენერლისა და ადმირალის პრეროგატივას არ აღემატება. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის მეფეს, იგი უფლებამოსილია გამოაცხადოს ომი , შექმნას და მოაწესრიგოს არმია და ფლოტი . განსახილველი კონსტიტუციის მიხედვით კი ამგვარი უფლებამოსილებანი საკანონმდებლო ხელისუფლებას ენიჭება. [1] მეორე მხრივ კი, ნიუ–იორკის შტატის გუბერნატორი, ამ შტატის კონსტიტუციით, უფლებამოსილია, რომ  მხოლოდ სახალხო ლაშქარსა და სამხედრო – საზღვაო ძალებს უხელმძღვანელოს. რაც შეეხება რამდენიმე შტატის კონსტიტუციას, მათში ნათლად არის გაცხადებული, რომ მათ გუბერნატორებს არმიისა და ფლოტის მთავარსარდლის უფლებამოსილებანი აქვთ მინიჭებული. ბუნებრივია, წამოიჭრება საკითხი იმის თაობაზე, ხომ არ არის ისე, რომ ამ შტატების კონსტიტუციები – განსაკუთრებით ნიუ – ჰამპშირისა და მასაჩუსეტსის – თავიანთ გუბერნატორებს, ამ მიმართებით, უფრო ფართო უფლებამოსილებებს ანიჭებს, ვიდრე ის პრეროგატივებია, რომლებზეც შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეუძლია პრეტენზია იქონიოს. მესამე, შეერთებული შტატების პრეზიდენტი უფლებამოსილია შეიწყალოს ნებისმიერი დამნაშავე, გარდა იმ თანამდებობის პირისა, რომელიც იმპიჩმენტის სასამართლო წესით არის გადაყენებული . ნიუ – იორკის შტატის გუბერნატორი კი უფლებამოსილია შეიწყალოს ყველა; მათ შორის იმპიჩმენტის სასამართლო წესით გადაყენებული თანამდებობის პირიც; გარდა იმ დამნაშავეებისა, რომლებმაც სახელმწიფო ღალატი და განზრახ მკვლელობა ჩაიდინეს. ამ მუხლის მიხედვით და მისგან გამომდინარე პოლიტიკურ შედეგთა შეფასების თვალსაზრისით, გუბერნატორის ძალაუფლება განა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ძალაუფლებას არ აღემატება? შეწყალების უფლებამოსილების შემოღებით  ხელისუფლების წინააღმდეგ ნებისმიერი შეთქმულება და ინტრიგა, რომელიც სახელმწიფო ღალატად არ მომწიფებულა, დაცულია ყოველგვარი სასჯელისგან. თუ ამგვარ შეთქმულებას სათავეში ნიუ – იორკის შტატის გუბერნატორი ჩაუდგება და იგი განზრახვიდან რეალურ სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზრდება, მას შეეძლება თავისი დამქაშებისა და შეთქმულებაში თანამონაწილე პირთა დაუსჯელობა უზრუნველყოს. რაც შეეხება შეერთებული შტატების გუბერნატორს, მართალია, მას აქვს უფლება, ჩვეულებრივი სამართალწარმოების პირობებში სახელმწიფო მოღალატეც კი შეიწყალოს, მაგრამ მფარველობას ვერანაირად ვერ გაუწევს და სასჯელისგან ვერ დაიხსნის იმ სამართალდმრღვევს, რომელიც იმპიჩმენტის სასამართლო წესით იდევნება. როგორც ჩანს, არსებობს პერსპექტივა იმისა, რომ შეთქმული არ დაისაჯოს თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით წინასწარ გადადგმული ნაბიჯებისთვის. მაგრამ ამგვარი დაუსჯელობა შესაძლოა, დიდ საცდურად იქცეს და პოტენციური დამნაშავე საზოგადოებრივი თავისუფლების წინააღმდეგ გამოსასვლელად წააქეზოს. თუ ეს ასეა, მაშინ  დაუსჯელობის ამგვარი პერსპექტივა განა უფრო სახიფათო არ იქნება, ვიდრე მსჯავრის დადებისა და ქონების კონფისკაციის პერსპექტივაა იმ შემთხვევაში, თუ ჩანაფიქრის საბოლოო შესრულებამ ანუ იარაღისკენ მოწოდებამ მარცხი იწვნია? მაგრამ ამან შესაძლოა, ვერანაირი ზეგავლენა ვერ იქონიოს. გასათვალისწინებელია ის, რომ ადამიანი, რომელსაც ამგვარი განტევების უზრუნველყოფა ხელეწიფება, შესაძლოა, თვითონ იყოს დაკავშირებული ამგვარი ღონისძიების შედეგებთან. ეყოფა კი მას ძალა სასურველი დაუსჯელობის უზრუნველსაყოფად? ამ საკითხის უკეთ განსასჯელად უპრიანი იქნებოდა იმის გახსენება, რომ შემოთავაზებული კონსტიტუცია განსაზღვრავს ღალატის შემადგენლობას: “ ომის გაჩაღება შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მისი მტრის მხარეზე გადასვლა, მისთვის დახმარებისა და სამსახურის გაწევა”. ნიუ – იორკის კონსტიტუციაც თითქმის ზუსტად იმეორებს ღალატის ზემოაღნიშნულ განსაზღვრებას. მეოთხე, შეერთებული შტატების პრეზიდენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია გადაავადოს ეროვნული საკანონმდებლო კრების სესია, თუ უთანხმოება წარმოიშვა ვადის გადატანასთან დაკავშირებით. დიდი ბრიტანეთის მონარქს არათუ ის შეუძლია, რომ პარლამენტის სესია გადადოს, არამედ მისი დათხოვნის უფლებაც კი აქვს. ნიუ – იორკის გუბერნატორიც უფლებამოსილია განსაზღვრული დროით გადაავადოს შტატის საკანონმდებლო კრების სესია. ეს სწორედ ის უფლებამოსილებაა, რომელიც გარკვეულ სიტუაციებში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად იქნას გამოყენებული.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი უფლებამოსილია, სენატის რჩევითა და თანხმობით ხელშეკრულებანი დადოს. ოღონდ აუცილებელია, რომ გდაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს იმ სენატორთა ორმა მესამედმა, რომელნიც სხდომას ესწრებიან. დიდი ბრიტანეთის მონარქი კი ერთადერთი წარმომადგენელია მთელი ქვეყნისა საგარეო ურთიერთობებში. მას საკუთარი სახელით შეუძლია დადოს სამშვიდობო  და სავაჭრო ხელშეკრულებანი; გააფორმოს ერთობ ურთიერთგანსხვავებული ალიანსები. ამტკიცებენ, რომ მისი უფებამოსილება, ამ მიმართებით, არ არის სრულყოფილი. აქაოდა, უცხო სახელმწიფოებთან მის მიერ დადებული შეთანხმებანი გდახედვას ექვემდებარება და პარლამენტის მხრივ რატიფიკაციას საჭიროებენო. ვფიქრობ, ამ დოქტრინის შესახებ ვერასოდეს შევიტყობდით, იგი ამ საკითხთან დაკავშირებით რომ არ გახმაურებულიყო. ზემოაღნიშნული სამეფოს ყოველი იურისტი [2] და მის პოლიტიკურ აგებულებაში ჩახედული ნებისმიერი ადამიანი დადგენილ ფაქტად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებათა დადების პრეროგატივა გვირგვინოსნის განუყოფელი კუთვნილებაა. სამეფო ხელისუფლების მიერ დადებული ხელშეკრულებანი,  ნებისმიერი სხვა სანქციისგან დამოუკიდებლად, დიდი იურიდიული ძალითა და სრულყოფილებით გამოირჩევიან. მართალია, პარლამენტი ხანდახან ცვლის კიდეც მოქმედ კანონებს იმ მიზნით, რომ ისინი ახალ ხელშეკრულებათა პირობებს მიუსადაგოს. აქედან გამომდინარე, შეიძლებოდა, საქმე ისე წარმოგვედგინა, თითქოსდა, ამგვარი თანამშრომლობა აუცილებელი იყოს ხელშეკრულების ქმედითობის უზრუნველსაყოფად. მაგრამ ამ საქმეში პარლამენტის ჩარევა სრულიად სხვა მიზეზითაა გამოწვეული. საქმე ეხება შემდეგ რასმე:  აუცილებელია, კანონთა დახვეწილი და რთული სისტემა, რომლებიც საბაჟო და ვაჭრობის სფეროებს აწესრიგებენ, იმ ცვლილებებთან იქნეს მისადაგებული, მასში  ყოველ ახალ ხელშეკრულებას რომ შეაქვს. ასევე აუცილებელია ახალ პირობებში ახალ დებულებათა და სიფრთხილის ახალ ზომათა შემოღება, რათა მექანიზმმა გამართულად იმუშაოს. ამ მიმართებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ძალაუფლება ვერც კი შეედრება დიდი ბრიტანეთის სუვერენის პრეროგატივებს. ეს უკანასკნელი ერთპიროვნულად აკეთებს იმას, რისთვისაც პრეზიდენტს საკანონმდებლო ხელისუფლების ერთი განშტოების თანხმობა ესაჭიროება.  მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ძალაუფლება აღემატება ცალკეული შტატის უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლის პრეროგატივებს. ეს, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარეობს, რომ ხელშეკრულებათა დადება საკავშირო ხელისუფლების განსაკუთრებული პრეროგატივაა. მხოლოდ კავშირის დაშლის შემთხვევაში წამოიჭრება საკითხი იმის შესახებ, აღჭურვილია თუ არა ცალკეული შტატის გუბერნატორი ხელშეკრულებათა დადების ეგზომ დახვეწილი და მნიშვნელოვანი უფლებამოსილებით. გარდა ამისა, შეერთებული შტატების პრეზიდენტს ენიჭება ელჩებისა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენელთა მიღების პრეროგატივა. ეს საკითხი გაუთავებელი რიტორიკის საგნად იქცა. არადა, ამგვარი უფლებამოსილება უფრო ღირსების საქმეა, ვიდრე ძალაუფლებისა. დიპლომატიურ წარმომადგენელთა მიღების ცერემონია არ უნდა ახდენდეს ზეგავლენას მთავრობის მუშაობაზე. უფრო მოსახერხებელია, როცა იგი სწორედ ამგვარად ტარდება და აუცილებელი არ ხდება საკანონმდებლო კრების, ანდა მისი რომელიმე პალატის სხდომის მოწვევა. ამგვარი რამ მით უფრო უპრიანია, როცა საქმე ეხება ერთი დიპლომატიური წარმომადგენლის მიერ მისი წინამორბედის შეცვლის ცერემონიალს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი, სენატის რჩევითა და თანხმობით , ნიშნავს ელჩებსა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსა და შეერთებული შტატების ყველა თანამდებობის პირს. საქმე ეხება იმ  თანამდებობებს, რომელნიც კანონით არიან განსაზღვრულნი და რომლებზე განსამწესებლადაც შეერთებული შტატების კონსტიტუცია სხვა პროცედურას არ ითვალისწინებს. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის მეფეს, იგი ღირსების გამორჩეული და ჭეშმარიტი წყაროა. იგი არამარტო ნიშნავს თანამდებობის პირებს, არამედ ქმნის კიდეც ახალ თანამდებობებს. იგი თავისი მიხედულებისდა მიხედვით ანიჭებს თავადაზნაურულ წოდებებს და უფრო მაღალ სასულიერო ხარისხში აჰყავს ეკლესიის უამრავი მსახური.  ამ მიმართებით დიდი ბრიტანეთის მეფე ბევრად აღემატება შეერთებული შტატების პრეზიდენტს. უფრო მეტი, ამ საკითხში მისი უფლებამოსილება ნიუ – იორკის შტატის გუბერნატორსაც კი ვერ უტოლდება, თუ ამ შტატის კონსტიტუციის საზრისს მისი პრაქტიკული გამოყენების მიხედვით განვმარტავთ. თანამდებობებზე დანიშვნის პრეროგატივა ჩვენს მშობლიურ შტატში იმ საბჭოს ენიჭება, რომლის შემადგენლობაშიც გუბერნატორი და ასამბლეის მიერ არჩეული ოთხი სენატორი შედის. გუბერნატორი ხშირად ითხოვს და ახორციელებს კიდეც დანიშვნის უფლებამოსილებას. იგი ასევე სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით, თუ დადებითი და უარყოფითი ხმების რაოდენობა თანაბარია. თუკი მას მართლაც აქვს კანდიდატურის წამოყენების უფლება, მისი ძალაუფლება ამ მიმართებით პრეზიდენტისას უტოლდება და აჭარბებს კიდეც მას იმ პუნქტში, რომელიც გადამწყვეტი ხმის უფლებას ითვალისწინებს. საერთო – ეროვნული ხელისუფლების პირობებში, როცა სენატში ხმათა რაოდენობა გაიყოფა, შეუძლებელი შეიქნება თანამდებობებზე დანიშვნა. რაც შეეხება ნიუ–იორკის შტატს, იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს აზრი გაიყო, გუბერნატორი გადამწყვეტი ხმის უფლებას გამოიყენებს და სასაწორის პინას მის მიერ წამოყენებული კანდიდატურისკენ გადახრის, რითაც შეძლებს კიდეც თანამდებობაზე მის დამტკიცებას. [3] საქმე ის არის, რომ პრეზიდენტისა და ეროვნული საკანონმდებლო კრების მიერ თანამდებობებზე დანიშვნა საჯაროობის პირობებში მოხდება. რაც შეეხება ნიუ – იორკის შტატის გუბერნატორის მიერ იმავე პროცედურის განხორციელებას, იგი გასაიდუმლოებულ ვითარებაში, ჩაკეტილ კაბინეტში მიმდინარეობს, რომელშიც დიდი  დიდი ოთხი, ხშირად კი ორი პირი ღებულობს მონაწილეობას. თუ ამგვარ განსხვავებას გავითვალისწინებთ, მივხვდებით, თუ რაოდენ ადვილია მცირერიცხოვან საბჭოზე – თანამდებობაზე დანიშვნის საკითხში   ზემოქმედების მოხდენა. ისიც არ არის ძნელი მისახვედრი, თუ რაოდენ ძნელი იქნება ამგვარი ზეგავლენის მოხდენა მრავალრიცხოვან ეროვნულ სენატზე. ყოველივე აქიდან კი უყოყმანოდ გამომდინარეობს ერთი დასკვნა: ჩვენი მშობლიური შტატის გუბერნატორის ძალაუფლება თანამდებობებზე დანიშვნის საკითხში, პრაქტიკიდან გამომდინარე, ბევრად აღემატება მსგავს უფლებამოსილებას, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვისაა გათვალისწინებული. როგორც გამოირკვა, გარდა პრეზიდენტის იმ უფლებამოსილებისა, რომელიც ხელშეკრულებათა დადებას ითვალისწინებს და ნიუ – იორკის შტატის გუბერნატორის პრეროგატივის ბადალია, საკითხავია, საერთო ჯამში, მას უფრო დიდი თუ უფრო მცირე უფლებები აქვს, ვიდრე ზემოაღნიშნული შტატის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს პირს. სრულიად აშკარაა, რომ საფუძველს მოკლებულია ის პარარელები, რომლებსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის მეფეს შორის ავლებენ. მაგრამ იმ მიზნით, რომ ამ მიმართებით, კიდევ უფრო გამოიკვეთოს მათ შორის არსებული განსხვავებანი, უპრიანი იქნება, მათი დაჯგუფება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი იქნება უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელსაც ხალხი ოთხი წლის ვადით აირჩევს.  დიდი ბრიტანეთის მეფე კი მუდმივი და მემკვიდრეობითი მბრძანებელია. პრეზიდენტი შეიძლება სამართალში იქნეს მიცემული და პატივი აეყაროს, მეფის პიროვნება კი წმინდაა და ხელშეუხები. ერთს საკანონომდებლო აქტებზე შეზღუდული ვეტოს დადების უფლება აქვს, მეორე კი შეუზღუდავი ვეტოს უფლებით სარგებლობს. ერთი არმიისა და ფლოტის მთავარსარდლობის უფლებამოსილებითაა აღჭურვილი, მეორეს კი, გარდა ამისა, მინიჭებული აქვს ომის გამოცხადების , ჯარისა და ფლოტის ჩამოყალიბებისა და მოწესრიგების პრეროგატივა. პრეზიდენტი აღჭურვილია საკანონმდებლო ორგანოსთან თანმხვედრი უფლებამოსილებით, რომელიც ხელშეკრულებათა დადებას ითვალისწინებს; მეფე კი ერთადერთი მფლობელია   ამგვარი პრეროგატივისა. ერთს თანამდებობებზე დანიშვნის თანმხვედრი უფლებამოსილება ენიჭება, მეორე კი ერთპიროვნულად ახორციელებს მსგავს უფლებამოსილებას. პრეზიდენტს არ აქვს უფლება პრივილეგიათა მინიჭებისა. მეფეს კი შეუძლია გადამთიელი ნატურალიზებულ უცხოელად აქციოს, მდაბიო აზნაური გახადოს, ჩამოაყალიბოს კორპორაციები, რომელნიც კრებითი პირებისთვის დამახასიათებელი ყველა უფლებით სარგებლობენ. ერთს უფლება არ აქვს, ისეთი წესები შემოიღოს, რომელნიც ვაჭრობასა თუ ფულის მიმოქცევის სფეროს მოაწესრიგებდა. მეორე, სხვადასხვა  მიმართებით, ვაჭრობის საკითხში არბიტრადაც კი გვევლინება; უფლება აქვს ბაზრებისა და იარმურკების შექმნისა, წონისა და ზომის ერთეულთა შემოღებისა; მას ასევე შეუძლია გარკვეული დროით ემბარგო შემოიღოს, მონეტის მოჭრის საქმე განაგოს, თუ მიმოქცევიდან ამოიღოს უცხოური ვალუტა. პრეზიდენტი არ ერევა სასულიერო საქმეებში, მეფე კი ეროვნული ეკლესიის უმაღლესი მეთაური და მმართველია! და რა პასუხს მივაგებთ მათ, ვინც ცდილობს ჩვენს დარწმუნებას, რომ თითქოსდა, ერთმანეთის მსგავსი იყოს ორი ინსტიტუტი, რომელნიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულნი არიან? პასუხი იგივე იქნება, რასაც  იმათ მივაგებდით, ვინც ამტკიცებს, მმართველობა, რომლის უფლებამოსილებაც ამომრჩევლისა და ხალხის იმ  მსახურთა ნებით საზრდოობს, რომელნიც თანამდებობებზე გარკვეული ვადით ინიშნებიან, თითქოსდა, არისტოკრატია, მონარქია და დესპოტიზმი იყოს.   
პუბლიუსი


[1] ერთი ავტორი, რომელიც თამონის ფსევდონიმით წერს პენსილვანიის შტატის გაზეთში, ამტკიცებდა, რომ დიდი ბრიტანეთის მეფეს მთავარსარდლის უფლებამოსილებანი ამბოხებათა შესახებ ყოველწლიური ბილის მიხედვით ენიჭებაო. სინამდვილეში კი ისინი მეფეს უხსოვარი დროიდან აქვს მინიჭებული. ამ საკითხის თაობაზე ჩარლზ პირველის გრძელვადიან პარლამენტში დავაც წარმოებდა, ვინაიდან, როგორც ბლეკსტოუნი ამბობს, ისინი: “გონებასა და პრეცედენტს ეწინააღმდეგებიან” (ტ. I გვ. 262). მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩარლზ II – ის სტატუტით (თავი VI) დადგინდა, რომ ყოველთვის მხოლოდ მეფეს ენიჭებოდა და კვლავაც ენიჭება უფლებამოსილება, იყოს სახალხო ლაშქრის უმაღლესი მეთაური და მთავარსარდალი როგორც სამეფოში, ისე მისი უდიდებულესობის სამფლობელოებში. იგი ასევე არის ყველა საზღვაო და სახმელეთო ძალების  მთავარსარდალი, - ყველა ფორტისა და გამაგრებული ადგილის უმაღლესი ხელმძღვანელი. ეს არის მისი უდიდებულესობის, მისი წინამორბედი მეფეებისა და დედოფლების უდავო უფლებამოსილება. ასე რომ, მას ამაში ვერც პარლამენტი შეეცილება და ვერც მისი რომელიმე პალტა. (პუბლიუსი).

[2] ბლეკსტოუნის კომენტარები, ტ.I, გვ. 257.( პუბლიუსი)

[3] მაგრამ გულწრფელი თუ ვიქნები, უნდა ვაღიარო, რომ მე არ მიმაჩნია, თითქოსდა, სათანადოდ იყოს დასაბუთებული გუბერნატორის მოთხოვნა, რომელიც მისთვის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების გადაცემას ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, ყოველთვის გონივრული იქნება, თუ კონსტიტუციის მიხედვით ვიმსჯელებთ, მთავრობის პრაქტიკასაც გავითვალისწინებთ და ნაჩქარევად არ შევიტანთ ეჭვს ამგვარ მოთხოვნაში. თუკი სხვა მოსაზრებებსაც გავითვალისწინებთ და მათ შედეგებს განვიხილავთ, ამგვარი მოთხოვნისგან დამოუკიდებლადაც იმავე დასკვნას გამოვიტანთ. (პუბლიუსი)

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group