ფედერალისტი # 47 : მედისონი
1788წ. 30 იანვარი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

მას შემდეგ, რაც შემოთავაზებული ხელისუფლების ზოგადი ფორმა და მისთვის განკუთვნილ უფლებამოსილებათა მთელი მოცულობა მიმოვიხილეთ, იმავე ხელისუფლების აგებულების განხილვაზე გადავდივარ. ამასთანავე, იმის გამორკვევას ვიწყებ, თუ როგორ ნაწილდება ძალაუფლების მთელი ეს მოცულობა მის შემადგენელ ნაწილებს შორის.
ერთ-ერთი ყველაზე არსებითი საყვედური, რომელსაც კონსტიტუციის ყველაზე პატივცემული მოწინააღმდეგენი გვიყენებენ, იმაში მდგომარეობს, რომ თითქოსდა იგი ერთ მეტად მნიშვნელოვან პოლიტიკურ წესს არღვევდეს. საქმე იმ წესს ეხება, რომლის მიხედვითაც აუცილებელია, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ერთმანეთისგან განკერძოებული და გამიჯნული იყოს. ამბობენ, ფედერალური ხელისუფლების აგებულება არ ითვალისწინებს სიფრთხილის ამ ზომას, რომელიც ეგზომ აუცილებელია თავისუფლების დასაცავად. ხელისუფლების სხვადასხვა განყოფილება იმგვარად არის განაწილებული და იმნაირად არის შერეული ერთმანეთში, რომ დარღვეულია ფორმისთვის დამახასიათებელი სიმეტრიულობა და მშვენიერება; ნაგებობის ზოგ არსებით ნაწილს ხიფათი ემუქრება, მათ შეიძლება, ვეღარ გაუძლონ მისი სხვა ნაწილების უსაზმნო სიმძიმეს და ჩამოინგრესო.
არ არსებობს პოლიტიკური ჭეშმარიტება, რომელსაც უფრო დიადი შინაგანი ღირებულება ჰქონდეს, ანდა თავისუფლების განათლებულ ქომაგთა ერთსულოვანი აღიარებით სარგებლობდეს, როგორც ის წესი, რომელსაც ზემოაღნიშნული შესიტყვება ემყარება. როცა მთელი ძალაუფლება, მისი სამი – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო – შტოს სახით თავმოყრილია ერთ ხელში, ასეთი ვითარება სამართლიანად იწოდება ტირანიად, ამ სიტყვის ყველაზე ზუსტი მნიშვნელობით; სულერთია, ძალაუფლება ერთი პირის ხელშია, რამდენიმე თუ ბევრი -  პირისა; არც იმას აქვს მნიშვნელობა, ეს პირები დანიშნულნი არიან თუ არჩეულნი. ამიტომ, ფედერალური კონსტიტუცია ძალაუფლების ამგვარ თავმოყრასა თუ მის სხვადასხვა სახეობათა შერევაში რომ იყოს ბრალეული, ანდა ამგვარი თავმოყრისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებდეს, ესეც კი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რათა შემოთავაზებულ სისტემას საყოველთაო გაკიცხვა დაემსახურებინა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველასთვის ნათელი გახდება, თუ რაოდენ უსაფუძვლოა ამგვარი ბრალდება; საქმე კი ის არის, რომ თავად კონსტიტუციის მოწინაამდეგეებს  სრულიად არასწორად ესმით და უმართებულოდ იყენებენ იმ წესს, რომელსაც მათი შესიტყვება ემყარება. იმისთვის, რომ მართებულად გვესმოდეს ეს მნიშნელოვანი საკითხი, უნდა გამოვარკვიოთ, თუ რად არის აუცილებელი, რომ თავისუფლების შესანარჩუნებლად ერთმანეთისგან  განვასხვაოთ და გავმიჯნოთ ხელისუფლების სამი შტო.
ორაკული, ვისაც ამ საკითხზე ჭკუას ეკითხებიან და ვის აზრებსაც იმოწმებენ, სხვა არავინაა, თუ არა სახელგანთქმული მონტესკიე. შეიძლება, ის არ არის პირველაღმომჩენი პოლიტიკური მეცნიერების იმ ფასდაუდებელი წესისა, რომლის შესახებაც ვლაპარაკობთ, მაგრამ უდავოა ის, რომ ამ სახით სწორედ მონტესკიემ წარუდგინა იგი კაცობრიობას და აიძულა, ყურადღება გაემახვილებინა მასზე. მოდით, უწინარეს ყოვლისა, ვცადოთ იმის გაგება, თუ რას გულისხმობდა იგი ამ წესში.
ბრიტანეთის პოლიტიკური წყობა მონტესკიესთვის იგივეა, რაც ჰომეროსი – დიდაქტიკოსი მწერლებისთვის, რომელნიც ეპიკურ პოემებს თხზავენ. ამ უკანასკნელთ ხომ უკვდავი ბარდის შემოქმედება იმ სრულყოფილ ნიმუშად მიაჩნიათ, საიდანაც ეპიკური ხელოვნების საწყისებსა და წესებს ხაპავენ! ეპიკური ჟანრის ნაწარმოებს ხომ ჰომეროსის პოემათა მიხედვით აფასებენ! ზუსტად ასევე, ამ დიდ პოლიტიკურ კრიტიკოსს ინგლისის პოლიტიკურ წყობა ნიმუშად დაუსახავს. ანდა თუ მისივე სიტყვებით ვიტყვით, მისთვის იგი სარკეა პოლიტიკური თავისუფლებისა. მონტესკიე   უბრალო  ჭეშმარიტებათა სახით გვაწვდის იმ ნიშანდობლივ საწყისებს, რომელთაც ეს თავისებური პოლიტიკური სისტემა ემყარება. მოდით, თვითონ იმ პირველწყაროს მივუბრუნდეთ, საიდანაც მან ზემოხსენებული წესი ამოხაპა, რათა თავიდან ავიცილოთ შეცდომა მისი განმარტებისას.
საკმარისია, თვალი გადავავლოთ ბრიტანეთის პოლიტიკურ წყობას, რათა მაშინვე მივხვდეთ, რომ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება აქ სრულად ერთმანეთისგან გამიჯნული და განკერძოებული სულაც არ არის. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური საკანონმდებლო დეპარტამენტის შემადგენელი ნაწილია. Mმხოლოდ მას აქვს უცხო სახელმწიფოებთან ხელშეკრულებათა დადების პრეროგატივა; ამასთანავე, ამგვარ ხელშეკრულებებს, გარკვეულ ფარგლებში, საკანონმდებლო აქტის ძალა აქვთ. სასამართლო დეპარტამენტის ყველა წევრს აღმასრულბელი ხელისუფლების მეთაური ნიშნავს; მასვე უფლება აქვს, პარლამენტის ორივე პალატის წარდგინებით, თანამდებობიდან გადააყენოს ისინი. თუკი მოისურვებს, მას შეუძლია, პარლამენტის ორივე პალატის წევრთაგან კონსტიტუციური საბჭო ჩამოაყალიბოს.Aამასთანავე, საკანონმდებლო დეპარტამენტის ერთი განშტოება აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურთან ქმნის დიდ კონსტიტუციურ საბჭოს, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს იმპიჩმენტის იურიდიული პროცედურა; აღმასრულებელი ხელისუფლების იმავე განშტოების უზენაეს   იურისდიქციაში შედის ყველა სასამართლო – სააპელაციო საქმე. სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლება ისე არიან დაახლოებულნი ერთმანეთთან, რომ  მოსამართლეები ხშირად ესწრებიან საკანონმდებლო კრების სხდომებს, და ხმის უფლების გარეშე, – მონაწილეობას ღებულობენ მის თათბირში.
მონტესკიე წერს:” არ არსებობს თავისუფლება იქ, სადაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება თავმოყრილია ცალკე ინდივიდის ან კრებითი პირის ხელში”; თავისუფლება მაშინაც არ არსებობს, “თუ სასამართლო ხელისუფლება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან გამიჯნული არ არის”, მაგრამ  ამ გამონათქვამებიდან და იმ ფაქტებიდან, რითაც თვითონ მონტესკიე ხელმძღვანელობდა, სულაც არ გამომდინარეობს ის, რომ ხელისუფლების ეს შტოები ნაწილობრივ ზეგავლენას არ უნდა ახდენდნენ ერთმანეთზე, ანდა მათ შორის ურთიერთკონტროლი არ უნდა არსებობდეს. როგორც მონტესკიეს სიტყვებიდან ირკვევა, მას მხედველობაში ჰქონდა დაუშვებლობა იმისა, რომ ესა თუ ის დეპარტამენტი, რომლის ხელშიც ერთი რომელიმე ტიპის სრული ძალაუფლებაა თავმოყრილი, ასევე სრულად ახორციელებდეს სხვა ტიპის უფლებამოსილებას, რისი განხორციელებაც ხელისუფლების  სხვა შტოს პრეროგატივაა. ასეთი რამ ნაცარ – ტუტად აქცევდა  თავისუფალი კონსტიტუციის ძირეულ საწყისებს. მონტესკიეს თვალწინ ჰქონდა ამგვარ მოსაზრებათა სისწორის დამადასტურებელი უამრავი მაგალითი. რაც შეეხება ინგლისის პოლიტიკურ წყობას, მასთან მიმართებაში ზემოთაღწერილ ვითარებასთან მხოლოდ მაშინ გვექნებოდა საქმე, თუ მეფე, რომლის ხელშიც სრული აღმასრულებელი ძალაუფლებაა, საკანონმდებლო და უზენაეს სასამართლო ძალაუფლებასაც ასევე სრულად განახორციელებდა. ასეთი რამ კი ტოლფასი იქნებოდა იმისა, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებას თავის ხელში აეღო უზენაესი სასამართლო თუ აღმასრულებელი ძალაუფელბა. მაგრამ ინგლისის პოლიტიკური წყობა ამგვარ მანკიერებათაგან თავისუფალია.
აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური არ არის კანონმდებელი; თუმცა იგი უფლებამოსილია, ნებისმიერ კანონს ვეტო დაადოს; მას უფლება არ აქვს, პირადად აღასრულოს მართლმსაჯულება; თუმცა უფლებამოსილია თანამდებობებზე დანიშნოს ის ხალხი, რომელთა კომპეტენცია სწორედ მართლმსაჯულების აღსრულებაა. მოსამართლეებს უფლება არ აქვთ, აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივა განახორციელონ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო დეპარტამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ერთი განშტოებაა; მათ უფლება არ აქვთ, თავიანთ თავზე აიღონ საკანონმდებლო ხელისუფლების უფლებამოსილება, თუმცა ამ უკანასკნელთან არსებობენ საკანონმდებლო საბჭოები, რომელთა შემადგენლობაში მოსამართლეებიც შედიან და რომელთა რჩევებსაც იგი ანგარიშს უწევს. საკანონმდებლო ხელისუფლებას, მთელი თავისი სისრულით, უფლება არ აქვს, გამოიტანოს სასამართლო განჩინებანი; თუმცა თავისი ორი განშტოების ერთობლივი აქტის საფუძველზე მას შეუძლია თანამდებობიდან გადააყენოს მოსამართლეები. რაც შეეხება მის ერთ-ერთ განშტოებას, იგი საბოლოო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილებას ფლობს. ამასთანავე, საკანონმდებლო ხელისუფლებას მთელი თავისი მოცულობით არ აქვს უფლება, თავის თავზე აიღოს აღმასრულებელი დეპარტამენტის პრეროგატივა, თუმცა მისი ერთი განშტოება თვითონ არის უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფალი; მეორეს – კი უფლება აქვს გაასამართლოს და განაჩენი გამოუტანოს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ქვემდგომ თანამდებობის პირს, იმ შემთხვევაში, თუ იმავე ხელისუფლების მესამე განშტოება თანამდებობრივ დანაშაულში ამხელს მათ.
მოსაზრებანი, რომლებზეც მონტესკიე თავის წესს აფუძნებს, საშუალებას გვაძლევს უფრო სიღმისეულად ჩავიხედოთ მის საზრისში. იგი წერს:” როცა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ძალაუფლება ერთი პირის, ანდა ერთი ორგანოს ხელშია თავმოყრილი, თავისუფლება ქრება, ვინაიდან არსებობს საფრთხე იმისა, რომ იგივე მონარქი თუ სენატი ტირანულ კანონებს შემოიღებს და ტირანული მეთოდებით შეეცდება მათ განხორციელებას .” იგი ასევე წერს:” იქ, სადაც სასამართლო და საკანონმდებლო უფლებამოსილება ერთმანეთს ერწყმის, ქვეშევრდომის სიცოცხლესა და თავისუფლებას საფრთხე ემუქრება იმისა, რომ მათ თვითნებურად გააკონტროლებენ, ვინაიდან მოსამართლე იგივე კანონმდებელი იქნება. როცა სასამართლო უფლებამოსილება აღმასრულებელ ძალაუფლებასთანაა შეერთებული, მაშინ მოსამართლემ შესაძლოა, ძალმომრეობა გამოიჩინოს განსასჯელის მიმართ და მის მჩაგვრელად მოგვევლინოს .” შეიძლება, იგივე მოსაზრებანი სადმე უფრო ვრცლადაც არიან განმარტებულნი, მაგრამ ჩვენ მიერ მოტანილი მოკლე ამონარიდებიც კი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ზუსტად გავიგოთ, თუ რას გულისხმობს ეს სახელგანთქმული ავტორი თავის საყოველთაოდ ცნობილ წესში. 
თუ რამდენიმე შტატის კონსტიტუციაში ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ ისინი დაჟინებით მოითხოვენ ზემოხსენებული წესის დაცვას და  ზოგიერთ შემთხვევაში ამგვარი მოთხოვნა კატეგორიულიც კია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთ პუნქტსაც კი ვერ წავაწყდებით მათში, სადაც ხელისუფლების ეს სამი შტო ერთმანეთისგან აბსოლუტურად განკერძოებული და გამიჯნული იყოს.  ნიუ ჰამპშირს – შტატს, რომლის კონსტიტუცია ყველაზე ბოლოს შეიქმნა, სრულად აქვს გასიგრძეგანებული ის, რომ შეუძლებელი და მიზანშეუწონელიც კია ხელისუფლების შტოთა ყოველგვარ ნაზავზე უარის თქმა. ამიტომ იგი გარკვულწილად ზღუდავს ამ წესის მოქმედებას და აცხადებს:” უპრიანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება; უპრიანია, ისინი ერთმანეთისგან განკერძოებულად მოქმედებდნენ, რამდენადაც ამის შესაძლებლობას თავისუფალი მართვის სისტემის ბუნება იძლევა ; რამდენადაც ეს თანამიმდევრულობათა იმ ძაფებს შეესაბამება , რომელნიც ერთ ქსოვილად კრავენ მთელს კონსტიტუციას , რისი წყალობითაც იგი ერთიანობისა და მეგობრულობის ერთ ურღვევ კავშირად გვევლინება .” ამრიგად, ამ შტატის კონსტიტუცია ხელისუფლების სამივე შტოს რამდენიმენაირ ნაზავს გვთავაზობს. სენატი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ერთი განშტოებაა, ამავე დროს, იმპიჩმენტის სასამართლო ორგანოსაც წარმოადგენს. პრეზიდენტი ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, ამავე დროს, სენატის თავმჯდომარე _ წევრიცაა. ამასთანავე, იგი არამარტო მონაწილეობს ნებისმიერი საკანონმდებლო საკითხის თაობაზე ხმის მიცემაში, არამედ იმ შემთხვევაში, როცა მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა თანაბარია,  გადამწყვეტი ხმის უფლებითაც კი სარგებლობს. როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს, მას ყოველწლიურად ირჩევს საკანონმდებლო კრება. რაც შეეხება მის კაბინეტს, მასში მხოლოდ იმავე ორგანოს წევრები შედიან. შტატის თანამდებობის პირთა მთელი წყება, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ ინიშნება. რაც შეეხება სასამართლო დეპარტამენტის წევრებს, მათი თანამდებობებზე გამწესება აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა.
მასაჩუსესტის კონსტიტუციაც გარკვეულ სიფრთხილეს იჩენს თავისუფალი პოლიტიკური წყობის იმავე პრინციპთან მიმართებაში, თუმცა ამ საკიხში იგი უფრო ზომიერია. იგი აცხადებს, რომ:” არ შეიძლება, საკანონმდებლო დეპარტამენტმა თავის თავზე აიღოს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ან ერთ-ერთი მათგანის პრეროგატივა. აღმასრულებელ დეპარტამენტს უფლება არ აქვს საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ან ერთ-ერთი მათგანის კომპეტენცია განახორციელოს. დაუშვებელია, სასამართლო დეპარტამენტმა თავის თავზე აიღოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ან ერთ-ერთი მათგანის უფლებამოსილება.” ეს განცხადება ზუსტად შეესაბამება მონტესკიეს დოქტრინას, როგორაც ჩვენ ის განვმარტეთ და უნდა ითქვას, რომ კონვენტის მიერ შემოთავაზებული გეგმა ზედმიწევნით იცავს მას. ამ გეგმის მიხედვით მხოლოდ ის იკრძალება, რომ ერთმა რომელიმე დეპარტამენტმა სრული მოცულობით განახორციელოს ხელისუფლების რომელიმე სხვა შტოს უფლებამოსილება. მასაჩუსეტსის კონსტიტუცია კი გარკვეულწილად უშვებს ძალაუფლებათა შერევას. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური შეზღუდული ვეტოს უფლებითაა აღჭურვილი საკანონმდებლო დეპარტამენტთან მიმართებაში. სენატი კი, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლების ნაწილია, იმპიჩმენტის უფლებამოსილებას ფლობს როგორც სასამართლო, ისე აღმასრულებელი დეპარტამენტის წევრთა მიმართ. სასამართლო დეპარტამენტის წევრებს კი აღმასრულებელი ხელისუფლება ნიშნავს:  მასვე აქვს უფლება, თანმდებობიდან გადააყენოს ისინი, თუ, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ხელისუფლების ორი განშტოების წარდგინება არსებობს. დაბოლოს, საკანონმდებლო ხელისუფლება ყოველწლიურად უამრავ მოხელეს ნიშნავს თანამდებობებზე. რაც შეეხება აღმასრულებელ თანმდებობებზე გამწესებას, თავისი ხასიათით ეს ფუნქცია აღმასრულებელ დეპარტამენტს განეკუთვნება; ისე, რომ შტატის კონსტიტუციის შემდგენლებმა, სულ ცოტა ამ საკითხში მაინც, გადაუხვიეს მათ მიერვე დადგენილ წესს. 
არაფერს ვიტყვი როდ აილენდისა და კონეკტიკუტის კონსტიტუციებზე, ვინაიდან ისინი რევოლუციამდე შეიქმნა. უფრო მეტი, ეს ორი კონსტიტუცია მანამ დაიწერა, ვიდრე ის პრინციპები, რომელთა შესახებაც ჩვენ ვლაპარაკობთ, პოლიტიკური ყურადღების საგნად იქცეოდა.
ნიუ იორკის კონსტიტუცია არ შეიცავს საგანგებო დეკლარაციას ამ საკითხის თაობაზე. თუმცა აშკარაა, რომ მის შემდგენლებს სრულად ჰქონდათ გაცნობიერებული ის საფრთხე, რასაც თავისუფლებას ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ერთმანეთში უმართებულო შერევა უქადის. მიუხედავად ამისა, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს იგი საკანონმდებლო დეპარტამენტის ნაწილობრივი გაკონტროლების პრეროგატივას ანიჭებს. უფრო მეტი, კონტროლის უფლებამოსილებითაა აღჭურვილი სასამართლო დეპარტამენტიც. ეს კი არადა, ამგვარი კონტროლის განხორციელებას იგი აღმასრულებელი და სასამართლო დეპარტამენტების წევრთაგან შედგენილ შერეულ ორგანოს აკისრებს. საბჭოში, რომელიც თანამდებობებზე დანიშვნათა საკითხებს განაგებს, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები აღმასრულებელი დეპარტამენტისთვის დამახასიათებელ ფუნქციებს ასრულებენ როგორც აღმასრულებელი, ისე სასამართლო ხელისუფლების წევრთა დანიშვნის თვალსაზრისით. რაც შეეხება საგანგებო სასამართლო ორგანოს, რომელიც იმპიჩმენტისა და საკონსტიტუციო შესწორებათა საქმეს განაგებს, მის შემადგენლობაში საკანონმდებლო პალატის წევრებთან ერთად სასამართლო დეპარტამენტის მთავარი წარმომადგენლებიც შედიან.
ნიუ ჯერსის კონსტიტუციაში ადრე განხილულ ყველა კონსტიტუციაზე უფრო მეტად არის ურთიერთშერეული ხელისუფლების სამი ერთმანეთისგან განსხვავებული შტო. გუბერნატორს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს, საკანონმდებლო კრება ნიშნავს; ამავდროულად, ის სინდისის სასამართლოს თავმჯდომარე და ანდერძის საკითხებში მთავარი მსაჯულიც არის; გარდა ამისა, გუბერნატორი უზენაესი სააპელაციო სასამართლოს წევრობასა და ერთ-ერთი საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარეობასაც ითავსებს, სადაც ის გადამწყვეტი ხმის უფლებითაც კი სარგებლობს.  საკანონმდებლო ხელისუფლების იგივე განშტოება, იმავდროულად, გუბერნატორის აღმასრულებელი საბჭოცაა, რომელთან ერთადაც ის სააპელაციო სასამართლოს ქმნის. სასამართლო ხელისუფლების წევრებს საკანონმდებლო დეპარტამენტი ნიშნავს; მათი გადაყენებაც ერთ-ერთ საკანონმდებლო პალატას შეუძლია  იმ შემთხვევაში, თუ მეორე პალატამ ამ წევრთა იმპიჩმენტის პროცედურა დაასრულა.
პენსილვანიის კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტს, როგორც აღმასრულებელი დეპარტამენტის მეთაურს, ყოველწლიურად ისეთი საარჩევნო პროცედურით ირჩევენ, რომელშიც გაბატონებული მდგომარეობა საკანონმდებლო დეპარტამენტის წევრებს უჭირავთ. აღმასრულებელ საბჭოსთან ერთად ის ნიშნავს სასამართლო ხელისუფლების წევრებს და მასთან ერთადვე ქმნის იმპიჩმენტის სასამართლო ორგანოს, რომელსაც უფლება აქვს შესაბამისი პროცედურა განახორციელოს როგორც სასამართლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წევრთა მიმართ. როგორც ჩანს, საკანონმდებლო ორგანოსვე აქვს მინიჭებული როგორც უზენაესი სასამართლოს წევრთა, ისე მომრიგებელ მოსამართლეთა თანამდებობიდან გადაყენების პრეროგატივა. ზოგ შემთხვევაში, ეტყობა, შეწყალების უფლებამოსილებაც იმავე დეპარტამენტის კომპეტენციაში შედის.  აღმასრულებელი საბჭოს წევრები კი ex ficio მომრიგებელი მოსამართლეები ხდებიან, რომელთა იურისდიქცია შტატის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.
დელავერში აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს ყოველწლიურად ირჩევს საკანონმდებლო დეპარტამენტი. ორივე პალატის სპიკერები იმავდროულად აღმასრულებელი დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტები არიან. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, ექვს წევრთან ერთად, უზენაეს სააპელაციო სასამართლოს ქმნის; ამ ექვსი წევრიდან კი სამს ერთი საკანონმდებლო პალატა ნიშნავს, სამსაც – მეორე.  პრეზიდენტის პრეროგატივაა ისიც, რომ აღმასრულებელი დეპარტამენტის სხვა ორგანოებთან ერთად თანამდებობაზე მოსამართლეები დანიშნოს. როგორც ჩანს, ყველა შტატშია დაშვებული ის, რომ საკანონმდებლო დეპარტამენტის წევრებმა მომრიგებელი მოსამართლეების ფუნქციებიც შეითავსონ. დელავერის კონსტიტუციით კი მისი ერთი განშტოების წევრები ex ficcio მომრიგებელი მოსამართლეები არიან, ისევე, როგორც აღმასრულებელი საბჭოს წევრები. აღმასრულებელი ხელისუფლების მთავარ პირებს თანამდებობებზე საკანონმდებლო დეპარტამენტი ნიშნავს, ხოლო მისი ერთი განშტოება იმპიჩმენტის სასამართლო ორგანოს ქმნის. საკანონმდებლო დეპარტამენტის სათანადო წარდგინების შემთხვევაში შეიძლება გადაყენებული იქნეს ნებისმიერი  თანამდებობის პირი.
რაც შეეხება მერილენდს, მან ყველაზე მეტად გაითავისა ხელისუფლებათა ერთმანეთისგან გამიჯვნის მონტესკიესეული წესი. მისი კონსტიტუციით გაცხადებულია, რომ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება უპრიანია, სამიდღემჩიოდ განკერძოვდეს და გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. მიუხედავად ამ დეკლარაციისა, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური საკანონმდებლო დეპარტამენტის მიერ ინიშნება, ხოლო სასამართლო ხელისუფლების წევრებს თანამდებობებზე აღმასრულებელი დეპარტამენტი ამწესებს.
ვირჯინიის კონსტიტუციურ ენას ამ საკითხთან მიმართებაში გამოკვეთილი კატეგორიულობა ახასიათებს. მისი კონსტიტუციით გაცხადებულია, რომ:” საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო დეპარტამენტები გამიჯნული და განკერძოებული უნდა იქნეს ერთმანეთისგან, რათა არც ერთმა დეპარტამენტმა არ განახორციელოს სხვა დეპარტამენტის კუთვნილი უფლებამოსილება, რათა არც ერთმა პირმა არ აიღოს თავის თავზე ძალაუფლების ორი სხვადასხვა ტიპის ერთდროულად განხორციელება. გარდა საგრაფოთა მოსამართლეებისა, რომელთაც უფლება აქვთ, შტატის საკანონმდებლო კრების ნებისმიერი პალატის წევრობა შეითავსონ.” მაგრამ უფრო დაბალი რანგის მოსამართლეთა მიმართ ამგვარი გამონაკლისი ერთადერთი როდია. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს თავის აღმასრულებელ საბჭოსთან ერთად საკანონმდებლო დეპარტამენტი ნიშნავს. აღმასრულებელი საბჭოს ორ წევრს კი საკანონმდებლო დეპარტამენტი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ თავისი შეხედულებისამებრ ცვლის. საკანონმდებლო დეპარტამენტივე ნიშნავს პირებს ყველა მთავარ თანამდებობაზე როგორც აღმასრულებელ, ისე სასამართლო დეპარტამენტში. შეწყალების უფლებასაც, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა, ერთ შემთხვევაში საკანონმდებლო დეპარტამენტი ახორციელებს.
ჩრდილო კაროლინის კონსტიტუცია აცხადებს, რომ:”საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება სამიდღემჩიოდ გამიჯნულია ერთმანეთისგან.” მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი საკანონმდებლო დეპარტამენტს აკისრებს, თანამდებობაზე დანიშნოს არამარტო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, არამედ მანვე გაამწესოს შესაბამისი პირები ყველა მნიშნელოვან პოსტზე როგორც აღმასრულებელი, ისე სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში.
სამხრეთ კაროლინის კონსტიტუციის მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს საკანონმდებლო დეპარტამენტი ირჩევს. მასვე აკისრებს იგი სასამართლო ხელისუფლების ყველა წევრის დანიშვნას, მომრიგებელი მოსამართლეებისა და შერიფების ჩათვლით. გარდა ამისა, საკანონმდებლო დეპარტამენტის პრეროგატივაა აღმასრულებელ თანმდებობებზე დანიშვნაც. ჯარისა და სამხედრო – საზღვაო ფლოტის კაპიტნებიც კი მის მიერ ინიშნება.
ჯორჯიის კონსტიტუცით გაცხადებულია, რომ: ”საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და განკერძოვდეს, რათა არც ერთმა დეპარტამენტმა არ განახორციელოს ისეთი უფლებამოსილება, რაც სხვა დეპარტამენტის კუთვნილებაა.” მიუხედავად ამისა, აღმასრულებელი დეპარტამენტის წევრებს საკანონმდებლო ორგანო ნიშნავს; შეწყალების უფლებამოსილებასაც, რომელიც თავისი ხასიათით აღმასრულებელი დეპარტამნტის პრეროგატივაა, საკანონმდებლო დეპარტამნტივე ახორციელებს. მისივე პრეროგატივაა მომრიგებელ მოსამართლეთა დანიშვნაც.
მართალია, მე იმის დამადასტურებელი მაგალითები მომყავს, თუ როგორ არის ერთმანეთისგან გამიჯნული და განცალკევებული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, მაგრამ არ მინდა ამის გამო ვინმემ ამ თუ იმ შტატში არსებული პოლიტიკური ორგანიზაციის ქომაგად მიმიჩნიოს. კარგად მაქვს გაცნობიერებული ის, რომ ამა თუ იმ შტატის კონსტიტუციაში განსახიერებული ბრწყინვალე პრინციპების მიუხედავად, მათ აშკარად ატყვია ნაუცბათეობისა და გამოუცდელობის კვალი. ისიც ნათელია, რომ ზოგ შემთხვევაში ხელისუფლებათა მეტისმეტი შერევისა და კონსოლიდაციის გამო დამახინჯებულია ის ძირეული პრინციპი, რომლის შესახებაც ჩვენ ვმსჯელობთ.  ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებათა დაყოფის კონსტიტუცით დეკლარირებული პრინციპი ჰაერში გამოკიდული რჩება და რეალურ ცხოვრებაში არ ხორციელდება. მე მხოლოდ იმის ჩვენების სურვილი მამოძრავებდა, რომ შემოთავაზებული კონსტიტუციის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდება, თავისუფალი მმართველობის წმინდა წესს ბღალავსო, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. და ეს ასეა როგორც იმ საზრისთან მიმართებაში, რაც ამ წესს მისმა ავტორმა მიანიჭა, ისე იმ მნიშვნელობის მხრივაც, რასაც მას დღემდე ანიჭებდნენ ამერიკაში. ამ ერთობ საინტერესო საკითხის განხილვას მომდევნო წერილში განვაგრძობთ.
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group