ფედერალისტი #7 : ჰამილტონი
 1787 წ. 17 ნოემბერი
ნიუ-იორკის შტატის ხალხს
ხშირად ტრიუმფატორის გამომეტყველებით იკითხავენ ხოლმე, განა რა ექნებათ საჩხუბარი ერთმანეთისგან დამოუკიდებელ შტატებსო? ამომწურავი პასუხი ასეთი იქნებოდა: ისინი იმავე მიზეზით უმტრობენ ერთმანეთს, რის გამოც მსოფლიოს სახელმწიფოებს თავს დასტეხიათ სისხლის წვიმები. მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენთან დაკავშირებით ეს შეკითხვა უფრო საგანგებო პასუხს მოითხოვს. ჩვენი განხილვის თვალსაწიერში შემოდის უთანხმოებათა ისეთი მიზეზები, რომელთა საერთო მიმართულება ფედერალური კონსტიტუციით დაწესებულ აკრძალვათა პირობებშიც კი საკმაო გამოცდილებას გვაძლევს, რათა დავასკვნათ, რომ ბევრად უფრო უარესი რამაა მოსალოდნელი, თუკი ეს აკრძალვები გაუქმდებოდა.
ტერიტორიული დავა ყველა დროებში ყველაზე უფრო ნოყიერი ნიადაგი იყო ხოლმე სახელმწიფოთა შორის შუღლის გასაღვივებლად. დედამიწის გამაპარტახებელი ომების უმეტესობაც მანვე წარმოშვა. ამ მიზეზს არნახული გასაქანი ექნება ჩვენში. შეერთებული შტატების საზღვრებში ხომ მოქცეულია თვალუწვდენელი უკაცრიელი ტერიტორიები. რამდენიმე შტატი დღემდე აცხადებს მათზე ურთიერთგამომრიცხავსა და დაუკმაყოფილებელ პრეტენზიას. კავშირის დაშლის შემდგომ კი ასე მოიქცევა უკლებლივ ყველა მათგანი. ცნობილია, თუ რა სერიოზული და ცხოველი კამათი ჰქონიათ შტატებს ერთმანეთს შორის იმ მიწების თაობაზე, რომლებიც რევოლუციის დროს არავისთვის გადაუციათ. ეს ტერიტორიები სამეფო მიწებად იწოდებოდა. მათ თავიანთ საკუთრებად რაცხდნენ ის შტატები, რომელთა კოლონიური მმართველობის საზღვრებშიც იყო მოქცეული ეს მიწები; სხვები კი ამტკიცებდნენ, ამ პუნქტში სამეფო კარის უფლებამოსილება სამოკავშირეო ხელისუფლებას უნდა გადაეცესო. ეს ითქმის განსაკუთრებით დასავლურ ტერიტორიაზე, რომელიც დიდი ბრიტანეთის მეფის იურისდიქციაში  შედიოდა.  მეფე  ამ  მიწას  ან  ფაქტობრივად ფლობდა, ანდა მის ფაქტობრივად მესაკუთრეებად ინდიელები ითვლებოდნენ, ოღონდ, ეს უკანასკნელნი მეფის ქვეშევრდომები იყვნენ. ასე იყო, ვიდრე ეს მიწა ბრიტანეთს საზავო ხელშეკრულებით არ ჩამოერთვა. იგი იქცა კონფედერაციის შენაძენად, რომელიც მან უცხო სახელმწიფოსთან მოლაპარაკების გზით მოიპოვა. კონგრესის გონივრული პოლიტიკის წყალობით მოგვარდა ეს წინააღმდეგობა. მან დაარწმუნა შტატები, დათმობაზე წასულიყვნენ კავშირის წინაშე, რაკი ეს სასარგებლო იქნებოდა მთლიანად ქვეყნისათვის. თუკი კავშირი კვლავაც იქნება შენარჩუნებული, მაშინ ფართო პერსპექტივა იხსნება იმისა, რომ ყველა სადავო საკითხი მეგობრულად მოგვარდეს; თუკი კავშირი დაიშალა, მაშინ ძველი ტერიტორიული დავა კვლავ განახლდება და ახალიც მრავალი გამოტყვრება. ამჟამად, უკაცრიელ ტერიტორიათა უდიდესი ნაწილი, თუ სულაც პირველობის უფლებით არა, უფლებამოსილებათა გადაცემის წყალობით მაინცაა კავშირის საზოგადო საკუთრება.
თუ კავშირი დაიშალა, ის შტატები, რომლებმაც მას უფლებები გადასცეს ფედერალური კომპრომისის საფუძველზე, ალბათ უკანვე მოითხოვენ მიწებს, რაკი აღარ იარსებებს საფუძველი მათი გაჩუქებისა. ბუნებრივია, სხვა შტატებიც დაბეჯითებით მოითხოვენ თავ თავიანთ წილს, რაკი ისინი წარმომადგენლობის უფლებით სარგებლობენ. მათი არგუმენტი იქნებოდა ის, რომ არ შეიძლება ერთხელ გასაჩუქრებული მიწა უკანვე მოითხოვო; და რომ დაუშვებელია, დაირღვეს სამართლიანობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველამ თანაბრად ისარგებლოს საერთო ძალისხმევით მოპოვებული, ანდა შემომტკიცებული მიწებითო. მაგრამ თუკი ყოველი შტატი გამოაცხადებს, რომ თითოეულ მათგანს აქვს უფლება, თავისი წილი მოითხოვოს საერთო საგანძურიდან, მაშინ დასაძლევი იქნება შემდეგი წინააღმდეგობა: რომელი მართებული წესით უნდა მოხდეს თანასწორი გადანაწილება? ყოველი შტატი გადანაწილების თავის საკუთარ პრინციპს წამოაყენებს; ისინი ერთმანეთის ინტერესს შელახავენ; ამიტომაც, ძნელია, კაცმა მშვიდობიანი მოწესრიგების იმედი იქონიო.
ამრიგად, დასავლეთის თვალუწვდენელი ტერიტორიები ჩვენ წინაშე წარმოდგება ურთიერთგამომრიცხავი პრეტენზიების ფართო თეატრით; ეს იმ დროს, როცა არა ჩანს არც მომრიგებელი მოსამართლე და არც ჩვეულებრივი მსაჯული, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ მხარეებს შორის ჩადგებოდა. წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, სამომავლოდაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჟამიდან ჟამს ცეცხლი და მახვილი იკისრებს ერთმანეთს წაკიდებული შტატების დაშოშმინებას. კონეკტიკუტსა და პენსილვანიას შორის ვაიმონგის მიწის თაობაზე წამოჭრილი დავის პერიპეტიები ჩაგვაგონებენ, ტყუილ იმედს ნუ მოვიცემთ, აქაოდა ამგვარი უთანხმოებანი იოლი მოსაგვარებელიაო. კონფედერაციული ხელშეკრულება ავალდებულებდა მხარეებს, საქმე განაჩენის გამოსატანად ფედერალური სასამართლოსთვის გადაეცათ. ასეც მოხდა. სასამართლომ კი პენსილვანია გაამართლა. ამან გაანაწყენა კონეკტიკუტი. სასამართლო განაჩენს მანამ არ დაემორჩილა, ვიდრე მოლაპარაკებისა და დაყვავების გზით მან არ მიიღო იმ ზარალის საზღაური, რაც, მისი აზრით, მას მიაყენეს. ამ შტატის საქციელის დასაგმობად იქ იოტისოდენაც არაფერი თქმულა. უეჭველია, იგი გულწრფელად იყო დარწმუნებული, რომ სასამართლო განაჩენით წაგება ნახა. სახელმწიფოებს კი, ადამიანთა მსგავსად, არაფრად ეპიტნავებათ, ემორჩილებოდნენ მათთვის საზარალო გადაწყვეტილებებს.
ვისაც კი შესაძლებლობა მიეცა ღრმად ჩაეხედა ნიუ-იორკისა და ვერმონტის ოლქს შორის უთანხმოებათა მორიგების საქმეში, დაგვიმოწმებს, თუ რა წინააღმდეგობებს წავაწყდით არა მარტო იმათ მხრივ, ვინც უშუალოდ იყო დაინტერესებული, არამედ იმ შტატების მხრივაც, რომლებსაც ამ საქმის საგანგებო ინტერესი არა ჰქონია; იმასაც დაგვიდასტურებენ, რომ კონფედერაციის სიმშვიდეს, შესაძლოა, აშკარა საფრთხე დამუქრებოდა, ნიუ_იორკს რომ ეცადა იარაღის ძალით დაეცვა თავისი უფლებები. ამგვარ დაპირისპირებას ორი უმთავრესი მიზეზი ჰქონდა. ჯერ ერთი ის, რომ შურით იყვნენ აღძრულნი ჩვენი სამომავლო ძლევამოსილების მიმართ. მეორეც ის, რომ მეზობელი შტატების ზოგიერთი გავლენიანი პირი სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული, რაკი ამ ოლქის ფაქტობრივმა ხელისუფლებამ მას მიწები გადასცა. იმ შტატებსაც კი, რომლებმაც ჩვენი მოთხოვნები უკუაგდეს, ეტყობა, უფრო ნიუ-იორკის დაქუცმაცებისათვის ელეოდათ გული, ვიდრე თავიანთი პრეტენზიების დაკმაყოფილებისათვის. ესენი იყვნენ: ნიუ-ჰემპშირი, მასაჩუსეტსი და კონეკტიკუტი. ნიუ-ჯერსი და როდ აილენდი შემთხვევას როგორ გაუშვებდნენ, რომ  მთელი  მგზნებარებით არ დაეჭირათ  მხარი ვერმონტის დამოუკიდებლობისთვის. მათს თავგამოდებას მერილენდიც კვერს უკრავდა, ვიდრე იგი კანადასა და ვერმონტს შორის არსებული კავშირის გამჟღავნებამ არ შეაშფოთა. ყველა ესენი წვრილ-წვრილი შტატები იყო, რომლებსაც ჩვენი მზარდი სიდიადის ბოღმა ახრჩობდათ. საკმარისია, ხელახლა გავადევნოთ თვალი ამ მაგალითებს, რომ მათში უეჭველად აღმოვაჩინოთ ის მიზეზები, რამაც, შესაძლოა, შტატები ერთმანეთს დანასისხლად გადაჰკიდოს, თუკი მათ დაშლა და დაქუცმაცება უწერიათ.
სავაჭრო კონკურენცია სახელმწიფოთა შორის შეხლა-შემოხლის კიდევ ერთი მასაზრდოებელი წყაროა. ის შტატები, რომლებიც უხეირო გარემო პირობებში იმყოფებიან, მოიწადინებენ თავი დააღწიონ მათ და ბევრად უფრო იღბლიანი მეზობლების სახეირო შემოგარენს შეესიონ. ყოველი შტატი თუ ცალკე კონფედერაცია მხოლოდ საკუთარ სააღებმიცემო პოლიტიკას გაატარებს. ამას მოჰყვება განსხვავებათა დადგენა, საგადასახადო შეღავათების დაწესება და გამონაკლისთა დაშვება. ყოველივე ეს კი განაწყენებას გამოიწვევს. პირველივე ახალშენების გაჩენის დღიდან დავეჩვიეთ იმას, რომ ურთიერთობებში ყველას თანასწორი პრივილეგიით გვესარგებლა. განაწყენების ისედაც მძაფრ მიზეზებს ამით კიდევ მეტი სიმძაფრე მიეცემათ. ისე, რომ მზად უნდა ვიყოთ, რათა უსამართლობა დავარქვათ ყოველივე იმას, რასაც სამართლიან აქტად მიიჩნევენ ის სუვერენული წარმონაქმნები, რომლებსაც განსხვავებული ინტერესი ამოძრავებთ. საქმოსნური სული, რომელიც კომერციულ ამერიკას უდგას, აგვიკლებს თავისი უხამსობით. ეს აღვირახსნილი სული არაფრად ჩააგდებს ვაჭრობის იმ წესებს, რომლებიც ამა თუ იმ შტატს დაუწესებია, რათა თავიანთი მოქალაქეები გამორჩევით ახეირონ. ცალკერძ ამ წესების დარღვვა, ცალკერძ კი მათი არკძალვის და გაუქმების მცდელობა, ბუნებრივია, ძალმომრეობას დაბადებს; ეს კი რეპრესიებსა და ომს გამოიწვევს. ისეთი სავაჭრო წესები დააწესო, მარტო შენს მოქალაქეებს რომ ახეირებს, ეს ნიშნავს, სხვები მოხარკეებად გაიხადო; ამას კი არც ერთი შტატი არ შეურიგდება. ამის მაგალითად, ნიუ-იორკის, კონეკტიკუტისა და ნიუ-ჯერსის ურთიერთობა გამოდგება. შემოსავლის მიღების აუცილებლობა აიძულებს ნიუ-იორკს, მოსაკრებელი  დაადოს თავის  იმპორტს; მისი დიდი წილი ჩვენი ორი მეზობელი შტატის მოსახლეობამ უნდა იხადოს, რაკი ისინი არიან ჩვენი იმპორტის მომხმარებლები. ნიუ-იორკი არ მოიწადინებს და, რომც მოიწადინოს, ვერ შეძლებს უარი თქვას ამ სარგებელზე; მისი მოქალაქეები არ იქნებიან ყაბულს, ვინმეს მაგივრად ფული იხადონ და ამით სხვები ახეირონ. ეს წინააღმდეგობა რომც არ წარმოშობილიყო, სულ ერთია, მაინც ვერ შევძლებდით საკუთარ ბაზარზე საკუთარ მომხმარებელთა შორის დიფერენციაცია გაგვეტარებინა. როდემდე შეეგუება კონეკტიკუტი და ნიუ-ჯერსი იმას, რომ ნიუ-იორკი სავაჭრო საქონელს ბეგარას ადებდეს და სარგებელს მარტო  ნახულობდეს?  კიდევ  რამდენ ხანს უნდა ვიყოთ უზრუნველი და საამური მეტროპოლია, რომელიც უსაშველო სარფას იხვეჭს? როდემდე უნდა ვაძლევდეთ მეზობლებს მძულვარების საბაბს, რაკი ისინი თვლიან, რომ ჩვენი გამდიდრება მათი გაღატაკების ხარჯზე ხდება? განა შევძლებდით ჩვენი მდგომარეობის შენარჩუნებას მაშინ, როცა ცალკერძ კონეკტიკუტი გვაწვება, ცალკერძ კი ნიუ-ჯერსიდან გვადგას იძულება? ამ კითხვებზე დადებით პასუხს მარტო შლეგი თუ გასცემდა.
გათიშულ შტატებს ან კონფედერაციებს შორის შეტაკებათა კიდევ ერთ მიზეზად შეიძლება იქცეს სახელმწიფო ვალი. მათს განაწყენებასა და ურთიერთმოშუღლეობას ჯერ აღებული ვალის თანასწორი განაწილება, მერე კი მისი წილობრივი დაფარვა გამოიწვევს. განაწილების რა წესი უნდა შემოიღო, რომ ყველა კმაყოფილი დაგვრჩეს? ძნელად, რომ ასეთი რამე რეალურ წინააღმდეგობებს არ წააწყდეს. ურთიერთგამომრიცხავი ინტერესები კი ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასი იქნება. ყოველი შტატი თავისებურად უყურებს იმ საერთო პრინციპს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალის უნდა დაიფაროს. ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ აიტკივებს თავს სახელმწიფო კრედიტზე ფიქრით. ეგ იმიტომ, რომ მათს მოქალაქეებს არა აქვთ ამის უშუალო ინტერესი. უფრო მეტი, მათ ზიზღსა ჰგვრის იმის ხსენებაც კი, რომ საერთოდ არსებობს ვალი და რომ იგი გადასახდელია. უსაშველოდ გაძნელდება იმის დადგენა, თუ რომელ შტატს რამდენის გადახდა მართებს. დანარჩენი შტატები კი, რომელთა მოქალაქეები სახელმწიფოს კრედიტორები არიან, ხოლო ეს კრედიტები ბევრად აღემატება სახელმწიფო ვალში მათი მშობლიური შტატების  წილს, დაბეჯითებით გამოვლენ მოთხოვნით, რომ თითოეულმა შტატმა უზრუნველყოს თავ-თავიანთი წილი ვალის სამართლიანი და დროული დაფარვა. ურჩი გადამხდელების მედღეხვალიობა გამოიწვევს ნამუსიანი გადამხდელების აღშფოთებას. აზრთა რეალური დაპირისპირება და მისგან წარმოშობილი დაბრკოლებები მეორეხარისხოვან ამოცანად აქცევს განაწილების სამართლიანი წესის შემოღებას. დაინტერესებული შტატების მოქალაქეები ერთ დავიდარაბას ატეხენ. უცხო სახელმწიფოები დაჟინებით მოგვთხოვენ, რომ დავაკმაყოფილოთ მათი მართებული მოთხოვნები. შტატებს შორის დასადგურებულ მშვიდობას ორკეცი საფრთხე დაემუქრება: ქვეყნის გარედან შეიარაღებული შემოჭრა და ქვეყნის შიგნით შეხლა-შემოხლა.
დავუშვათ, ერთიანი წესის თაობაზე წამოჭრილი სიძნელეები გადალახულ იქნა და ვალი სამართლიანად გადანაწილდა. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა ვივარაუდოთ, რომ შეთანხმებული წესი პრაქტიკულ ცხოვრებაში ზოგიერთ შტატს სხვებზე მძიმე ტვირთად დააწვება. ბუნებრივია, რომ სხვა შტატები არ დაუშვებენ საერთო წესის ამგვარ რევიზიას, რაკი იგი გამოიწვევდა სახელმწიფო ვალში საკუთარი წილის ზრდას. ამას მარჯვედ გამოიყენებენ მომჩივანი შტატები, რათა შესატანებიც არ შეიტანონ და სიძუნწეშიც ბრალი ვერ დასდონ. მათ მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობა გამოიწვევს ცხარე კამათსა და ლანძღვა-გინებას; თუნდაც გაამართლოს შემოღებულმა წესმა, ზოგიერთ შტატში მაინც მოხდება საგადასახადო ვალდებულებათა დარღვევები. ამის მიზეზი იქნება ან სახსრების რეალური უკმარობა, ან ფინანსების უხეირო მართვა, ანდა მოულოდნელი არეულობანი ხელისუფლებაში; ყოველივე ამას ისიც ემატება, რომ ადამიანი საიდანღაც გამომტყვრალი საჭიროებისთვის კი არა, სასიცოცხლო მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვისაც კი ძნელად იმეტებს ფულს. არა აქვს მნიშვნელობა, რას გამოუწვევია ამგვარი საგადასახადო შეცოდებანი. მათ უსაშველო წუწუნი, ურთიერთბრალდება და დავა მოსდევს ხოლმე. სახელმწიფოთა სიმშვიდეს ისე ვერაფერი დაარღვევს, როგორც მათი ურთიერთვალდებულება _ ფული ერთი საერთო მიზნით იხადონ, ხოლო სარგებელი ვერაფერი ნახონ. აკი ადამიანის შესახებ არსებობს ერთი მოარული, მაგრამ ჭეშმარიტი გამონათქვამი: მოკალი და ფულს ნუ დაახარჯვინებო...
შტატებს შორის მტრობის კიდევ ერთ წყაროდ შეიძლება მივიჩნიოთ ერთი შტატის მიერ ისეთი კანონების შემოღება, რომელიც არღვევს კერძო პირებს შორის შეთანხმებებს, ხელყოფს მეორე შტატის უფლებებსა და აზარალებს მათს მოქალაქეებს. იმედი არ უნდა ვიქონიოთ, რომ ცალკეული შტატის საკანონმდებლო ხელისუფლებას ოდესმე უფრო ლიბერალური და სამართლიანი სული ჩაედგმება; და თუკი არ იქნა დაწესებული დამატებითი კონტროლი, მათს კანონებს კვლავაც და კვლავაც აითვალწუნებენ. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ აღენთო კონექტიკუტი შურისგების გრძნობით იმის გამო, რომ როდ აილენდის საკანონმდებლო ხელისუფლებამ ბევრ რამეში მიჰქარა. აქედან ერთადერთი გონივრული დასკვნა გამოდის: მორალური ვალდებულებისა და სოციალური სამართლიანობის მხეცური დარღვევისათვის ფარატინა ქაღალდით კი ვერავის აზღვევინებ, არამედ – ცეცხლითა და მახვილით.
წინა წერილებში საკმაო დამაჯერებლობით იქნა ნაჩვენები, რომ შეუძლებელია გათითოებულმა შტატებმა და კონფედერაციებმა რამდენადმე მყარი ალიანსი დაამყარონ უცხო სახელმწიფოებთან. ეს კი საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სიმშვიდეს. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ თუკი ამერიკა არ შედუღაბდება, ანდა მისი შტატები მხოლოდღა ლიგის სუსტი კვანძებით შეიკვრებიან, მარტოოდენ თავდასხმისა და თავდაცვის ერთობლივ ღონისძიებებს რომ ითვალისწინებს, მაშინ ეს ალიანსი, რომელსაც წამდაუწუმ კრიჭინი გაუდის, თანდათან გაეხლართება ევროპული პოლიტიკისა და ომების მომაკვდინებელ ლაბირინთში; გათიშულ ნაწილთა შორის ატეხილი დამანგრეველი შეხლა-შემოხლის წყალობით მთლიანად ალიანსი და მისი ცალკეული წევრები ერთნაირად იქცევა მტრის მზაკვრობისა და მაქინაციების მსხვერპლად. Divide et Impera, [1] – აი, ყოველი სახელმწიფოს მაქსიმა, რომელნიც ჩვენდამი მძულვარებით და შიშით გამსჭვალულან. [2]
პუბლიუსი


Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group