ფედერალისტი # 74 : ჰამილტონი
1788წ. 25 მარტი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი უნდა იყოს “შეერთებული შტატების არმიისა და ფლოტის, ასევე ცალკეული შტატის სახალხო ლაშქრის მთავარსარდალი, როცა მათ შეერთებული შტატების სამხედრო სამსახურში იწვევენ . ესაა თავისთავად ცხადი დებულება, რომელიც იმდენად ეთანაზომიერება ცალკეული შტატის კონსტიტუციით დაშვებულ პრეცენდენტებს, რომ არც კი არის საჭირო მისი განმარტება, ანდა ძალდატანებით თავს მოხვევა. არსებობენ კონსტიტუციები, რომელთა მიხედვითაც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ამა თუ იმ საკითხში საბჭოსთან ერთად მოქმედებს. მიუხედავად ამისა, ისინიც კი ერთსულოვნად აღიარებენ, რომ სამხედრო ძალაუფლება თავმოყრილი უნდა იყოს პრეზიდენტის ხელში. საომარი მოქმედებების წარმართვა ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, რომლის განხორციელებაც შეუძლებელია იმ თვისებათა გარეშე, რითაც მხოლოდ ერთპიროვნული მმართველობა გამოირჩევა. ომის წარმართვა იგივეა, რაც ეროვნული ძლევამოსილების ხელმძღვანელობა. ხოლო ეროვნული ძლევამოსილების წარმართვისა და თავის განკარგულებაში ქონის უფლებამოსილება არსებითი შემადგენელი ნაწილია იმ კომპეტენციისა, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ენიჭება.  
“პრეზიდენტი უფლებამოსილია წერილობითი ანგარიში მოითხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა მთავარი თანამდებობის პირისგან იმ დარგის შესახებ, რომელსაც იგი განაგებს.” ვფიქრობ, ასეთი ჩანაწერი კონსტიტუციაში ზედმეტია, ვინაიდან იგი თავისთავად იგულისხმება  საპრეზიდენტო უფლებამოსილებაში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასევე “უფლებამოსილია, გადაავადოს განაჩენის სისრულეში მოყვანა და შეიწყალოს ის ხალხი, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი შეერთებული შტატების წინააღმდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა , რასაც იმპიჩმენტის სასამართლო წესით გასამართლება ითვალისწინებს .” ჰუმანიზმისა და კარგი პოლიტიკის ინტერესები გვკარნახობენ, რომ რაც შეიძლება უმნიშვნელოდ იზღუდებოდეს ან ფერხდებოდეს შეწყალების უფლებამოსილების განხორციელება. ყოველი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსი დაჟინებით მოითხოვს, რომ კანონმდებლობა მკაცრი იყოს. ასე რომ, მცირე გამონაკლისის გარდა, როცა მართლმსაჯულება დიდი დავიდარაბის შემდეგ მოწყალებას იჩენს იმ პირთა მიმართ, რომელთაც დანაშაული წინასწარი განზრახვით არ ჩაუდენიათ, იგი ჩვენ წინაშე პირსისხლიან და მძვინვარე უწყებად წარმოდგება. პასუხისმგებლობის გრძნობა პირდაპირპროპორციულია მისი განუყოფლობისა. ამიტომ შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გამოტანა: ადამიანი, როცა იგი ერთპიროვნულად მოქმედებს, ანგარიშს გაუწევს იმ მოტივებს, რომლებიც მას კანონის სიმკაცრის შემსუბუქებისკენ მოუწოდებენ. იგი ძნელად რომ დაჰყვეს ისეთ მოსაზრებებს, რომლებიც მას იმ პირზე შურისგებისკენ მოუწოდებენ, ახლა რომ კანონის განსჯის საგნად ქცეულა. ფიქრი იმის თაობაზე, რომ ისეთივე ქმნილების ბედი როგორიც შენა ხარ, შენს sole fiat  ზეა დამოკიდებული, ადამიანს სინდისიერებისა და სიფრთხილისთვის განაწყობს. იმის შიში, რომ ბრალი სისუსტესა და დამნაშავისთვის თავზე ხელის გადასმაში არ დასდონ, მასში წინდახედულობის ასეთსავე გრძნობას ბადებს, თუმცა იგი სრულიად სხვა ჯურისაა. მეორე მხივ კი, ადამიანთა თვითდაჯერებულობას მათი სიმრავლე განაპირობებს. ამიტომ მათ შესაძლოა, ერთმანეთი გულქვაობის გამოჩენისთვის წააქეზონ. ასე რომ, ისინი ნაკლებად მგრძნობიარენი იქნებიან იმ ეჭვებისა თუ გაკიცხვისადმი, რასაც მათ მიმართ გამოთქვამს ხალხი იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა კეთილგონიერება თუ გულმოწყალება არ გამოიჩინეს. თუ ყოველივე ამას გავითვალისწინებთ, მივხვდებით, რომ ერთი ადამიანი უფრო იქნება იქითკენ მიდრეკილი, რომ ხელისუფლების მოწყალება გაანიავოს; ადმიანთა ჯგუფი კი ნაკლებად გამოიჩენს ამგვარ მიდრეკილებას.
თუ არ ვცდები, პრეზიდენტისთვის შეწყალების უფლებამოსილების მინიჭება მხოლოდ ერთ პუნქტში იყო საკამათო, რაც სახელმწიფო ღალატს შეეხებოდა. წამოყენებული იქნა მოთხოვნა, რომ სახელმწიფო ღალატისთვის მსჯავრდებულის შეწყალება დამოკიდებული ყოფილიყო საკანონმდებლო ორგანოს ერთი ან ორივე პალატის თანხმობაზე. ვაღიარებ, რომ ამ შემთხვევაში მართლაც არსებობს ანგარიშგასაწევი მოსაზრებანი ზემოაღნიშნული ორგანოს სრული ან ნაწილობრივი თანხმობის სასარგებლოდ. სახელმწიფო ღალატი უმძიმესი დანაშაულია, რომელიც უშუალოდ უქმნის საფრთხეს საზოგადოების არსებობას. ამიტომ თუ ამ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ პირს დანაშაული სასამართლო წესით დაუმტკიცდა, უპრიანი იქნება, საკითხი იმის შესახებ _ გამოყენებული უნდა იქნეს თუ არა მის მიმართ შეწყალების უფლებამოსილება, განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს გადაეცეს. ამ ვითარებას ანგარიში უნდა გავუწიოთ, ვინაიდან არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტი დამნაშავეს გამოესარჩლოს. მაგრამ, გარდა ამისა, ამ გეგმის წინააღმდეგ ძალზე სერიოზული შესიტყვებანიც არსებობს.  წინდახედული და საღად მოაზროვნე ადამიანი დელიკატურ სიტუაციებში უთუოდ უფრო მეტად არის განწყობილი საიმისოდ, რომ მოტივები ერთმანეთს შეუწონასწოროს და დამნაშავე სასჯელისგან გაათავისუფლოს. რაც შეეხება მრავალრიცხოვან კრებას, იგი ძნელად რომ ამგვარი საქმისთვის გამოდგეს. ისიც მხედველობაშია მისაღები, რომ სახელმწიფო ღალატი ხშირად იქნება დაკავშირებული ამბოხებისკენ წაქეზებასთან, როგორც ამასწინათ მასაჩუსეტსში მოხდა. ყოველ ასეთ შემთხვევაში უნდა მოველოდეთ, რომ სახალხო წარმომადგენელნიც იმავე სულისკვეთებით იქნებიან მოწამლულნი, რომელმაც დანაშაულს ჩაუდგა სული. როცა დაპირისპირებული მხარეები თნაბარი სიძლიერისაა, იმ პირებს, რომლებიც ფარულად თანაუგრძნობენ მსჯავრდებულს ანდა მისი მეგობრები არიან, შეუძლიათ სხვათა სიკეთე და სისუსტე გამოიყენონ და საქმე ისე მოაწყონ, რომ იგი უდანაშაულოდ ცნონ. მაგრამ მეორე მხრივ, თუ აჯანყებისკენ მოწოდება იმ მიზეზებმა დაბადეს, რომლებიც მმართველი პარტიის უკმაყოფილებას იწვევს, მისი მომხრეები ხშირად სიკერპესა და დაუნდობლობას იჩენენ. არადა, პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, აუცილებელია ადამიანებს ვიწყნარებდეთ და გულმოწყალედ ვეკიდებოდეთ. იმ მოსაზრების სასარგებლოდ წამოყენებული მთავარი არგუმენტი, რომელიც შეწყალების უფლებამოსილების პრეზიდენტისთვის გადაცემას მოითხოვს, მდგომარეობს შემდეგში: ამბოხისა თუ ჯანყის დროს ხშირად დგება ხოლმე კრიტიკული მომენტები, როცა შესაძლებელი ხდება თანამეგობრობაში სიმშვიდის აღდგენა თუკი დროულად მოხდება მოჯანყეების ან ამბოხებულთათვის პატიების შეთავაზება. და თუ ამგვარი შეთავაზების მომენტს ხელიდან გავუშვებთ, იგი აღარასდროს განმეორდება. მოგეხსენებათ, საკანონმდებლო კრების ან მისი ერთი პალატის შეკრება საკმაოდ ჭიანურდება. ვიდრე საკანონმდებლო ორგანოს მხრივ თანხმობის გაცემის მოლოდინში ვართ, შეიძლება, სამუდამოდ ხელიდან გაგვისხლტეს ბრწყინვალე შესაძლებლობა. ერთი კვირის, ერთი დღისა თუ ერთი საათის დაკარგვაც შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. დავუშვათ, საგანგებო სიტუაციებში პრეზიდენტს თავისუფალი მოქმედების უფლებამოსილება მიენიჭა. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი იქნება ორი მომენტი. ჯერ ერთი, კონსტიტუციური შეზღუდვების პირობებში საეჭვოა, რომ ამგვარი უფლებამოსილების დელეგირება მოხდეს. მეორეც, წინდაუხედაობაა ისეთი ზომების წინასწარ გატარება, რომელნიც უდანაშაულობის პერსპექტივას ხსნიან. ამგვარი პროცედურის შემოღება მოვლენათა განვითარების ჩვეული წესიდან გადახვევას მოასწავებს და ხელისუფლებას იგი სისუსტედ ჩამოერთმევა. ამგვარი რამ კი დანაშაულისაკენ წაქეზების ტოლფასი იქნება.
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group