ფედერალისტი #13 : მედისონი
1987 წ. 30 ნოემბერი
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
უპრიანი იქნება თუკი შემოსავლების თემაზე საუბარს ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობას დავუკავშირებთ. არავის ეპარება ეჭვი იმის მიზანშეწონილობაში, რომ ერთ რამეზე დაზოგილი ფული სხვა რამის დასაფინანსებლად გამოვიყენოთ. ეს საუკეთესო საშუალება იქნებოდა საიმისოდ, რომ ხალხის ჯიბეს გავფრთხილებოდით. თუკი ერთიანი მმართველობის ქვეშ გავერთიანდებით, მაშინ მხოლოდ ერთი ცივილური ფურცლის უზრუნველყოფა მოგვიხდება. მაგრამ თუკი კონფედერაციებად დავნაწევრდებით, იმდენი ცივილური ფურცლის დაფინანსება მოგვიწევს, რამდენი კონფედერაციული მთავრობაც იარსებებს. და რაც მთავარია, თითოეულ მათგანში იმდენი სამთავრობო უწყება იქნება წარმოდგენილი, რამდენიც მთლიანად გაწვდებოდა ერთი ეროვნული მთავრობის მუშაობას. ისეთი პროექტის განხორციელებისთვის ზრუნვა, ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი, ცამეტი სუვერენული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ჩამოყალიბებაზე რომაა გათვლილი, ერთობ უცნაური წამოწყებაა. იგი თავის თავში იმდენ საფრთხეს იმარხავს, რომ შეუძლებელია ოდესმე მომხრეთა სოლიდური რაოდენობა შეიძინოს. სეპარატიზმის ქომაგებს იმპერიის დაშლა – დაქუცმაცება რომ ეოცნებებათ, თავში სამი კონფედერაციის შესახებ იდეები უტრიალებთ. ერთი კონფედერაცია ოთხი ჩრდილოური შტატით იქნება წარმოდგენილი. მეორეში ოთხი ცენტრალური შტატი გაერთიანდება. ხოლო მესამე ხუთი სამხრეთული შტატის ერთობად მოგვევლინება. ეს რიცხვი ალბათ აღარ გაიზრდება. თითოეული კონფედერაცია მოცულობით დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოზე უფრო ვრცელი იქნება. საქმეში ჩახედული არც ერთი ადამიანი არ მოჰყვება იმის მტკიცებას, თითქოსდა, ეგზომ ვრცელი კონფედერაციის მართვას უფრო ნაკლები უწყება თუ ინსტიტუტი დასჭირდება, ვიდრე კონვენტი ერთიანი ეროვნული მთავრობისთვის გვთავაზობსო. საკმარისია, სახელმწიფომ გარკვეულ ზომებს მიაღწიოს, რომ უკვე იმ მომენტიდან მის მართვას იგივე ენერგია და ადმინისტრირების იგივე ფორმები დასჭირდება, რაც უფრო ვრცელი ქვეყნისთვის არის აუცილებელი. სამწუხაროდ, შეუძლებელია, მათემატიკური სიზუსტით წარმოვადგინოთ ეს მოსაზრება, ვინაიდან არ არსებობს ფორმულა, რომლის მიხედვითაც ზუსტად გამოვითვლიდით იმას, თუ რა მოცულობის სამოქალაქო ენერგიაა საჭირო ინდივიდთა მოცემული რაოდენობის სამართავად. მაგრამ თუკი მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ სავარაუდო კონფედერაციათაგან თითოეული ზომით ბრიტანეთის კუნძულის ოდენა იქნება; თუ ანგარიშს გავუწევთ იმას, რომ ამ კუნძულზე თითქმის რვა მილიონი ადამიანი ცხოვრობს; თუკი იმასაც გავიაზრებთ, თუ რა ზომის მთავრობა დასჭირდება იმას, რომ ამოდენა საზოგადოება სანუკვარი საზოგადო სიკეთის მიღწევის მიზნით დარაზმოს, მაშინ ყოველგვარი ეჭვი გაქარწყლდება იმის თაობაზე, რომ იმავე მოცულობის ხელისუფლება ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი საზოგადოების მართავასაც თავს ადვილად გაართმევს. სამოქალაქო ხელისუფლებას, თუკი იგი კარგად არის ორგანიზებული, არ გაუჭირდება, თავისი ზეგავლენა ვრცელ ტერიტორიაზე გაავრცელოს. მას ამგვარი იმპერიის ნებისმიერ კუთხე – კუნჭულში თავისი თავის კვლავწარმოების უნარი შესწევს. მთავარია, სამართლებრივი სისტემა ისე იყოს მოწყობილი, რომ უწყებებს შორის იერარქიული დამოკიდებულების მექანიზმი გამართულად მუშაობდეს.
არსებობს ვარაუდი იმის თაობაზე, რომ კონფედერაციებად დაშლის შემთხვევაში თითოეულ მათგანს არანაკლებ მრავალრიცხოვანი მთავრობა დასჭირდება. ამგვარ მოსაზრებას სხვა, უფრო ცხოვრებისეული ვარაუდი განამტკიცებს. ეს უკანასკნელი კავშირის ალტერნატივად სამ კონფედერაციას გვთავაზობს. მაგრამ თუ კარგად ავწონ - დავწონოთ გეოგრაფიულსა და კომერციულ მოსაზრებებს, მართებულად შევუთანადებთ ერთმანეთს სხვადასხვა შტატის ზნე – ჩვეულებებს, აუცილებლად იმ დასკვნამდე მივალთ, რომ კავშირის დაშლის შემთხვევაში შტატები ორ ხელისუფლებას შორის გადანაწილდებიან. თუკი იმას გავითვალისწინებთ, თუ როგორ ყალიბდება ეროვნული სიმპათიები და კავშირები, მაშინ ბუნებრივი იქნება, თუ ოთხი აღმოსავლური შტატი ერთ კონფედერაციად გაერთიანდება. რაც შეეხება ნიუ-იორკს, იგი, თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, არასოდეს გამოიჩენს ეგოდენ დაუდევრობას, რომ თავისი დაუცველი ფლანგი ძლევამოსილ კონფედერაციას მიუშვიროს. არსებობს დამაჯერებელი მიზეზები, რისი გათვალისწინებაც ამ შტატს გაუადვილებს ზემოაღნიშნულ კონფედერაციაში შესვლას. ნიუ-ჯერსი საკმაოდ მცირეა საიმისოდ, რომ მან ამ ზემძლავრი გაერთიანების სასაზღვრო შტატად ყოფნა მოინდომოს, ამიტომ არაფერი ეღობება წინ იმას, რომ კონფედერაციამ იგი თავის წევრად მიიღოს. პენსილვანიაც კი მძლავრ სტიმულებს განიცდის საიმისოდ, რათა თავი იმავე გაერთიანებაში ამოყოს. იგი საკუთარი ხომალდებითვე ეწევა აქტიურ საგარეო ვაჭრობას. სწორედ ესაა მისი ჭეშმარიტი პოლიტიკა, რაც ზუსტად შეესაბამება მისი მოსახლეობის შეხედულებებსა და მისწრაფებებს. უფრო სამხრეთით მდებარე შტატები - გარემოებათა გამოისობით, - შესაძლოა, არც კი იყონ დაინტერესებულნი ნაოსნობის განვითარებით. ისინი, ალბათ, იმგვარ სისტემას მიანიჭებენ უპირატესობას, რომელიც ყველა ქვეყანას შეუზღუდავ შესაძლებლობას აძლევს, რათა მათ კიდეც შეისყიდონ და გადაზიდონ კიდეც სამხრეთული შტატების საქონელი. პენსილვანია, ალბათ, არ გაზრდის თავის ინტერესებს, რამაც, შესაძლოა, არაკეთილისმყოფელი ზეგავლენა იქონიოს მის პოლიტიკაზე. მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს შტატი ნებისმიერ შემთხვევაში სასაზღვრო შტატად რჩება, ამიტომ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, იგი ამჯობინებს, დაუცველი მხარე სამხრეთის ძალზე სუსტი კონფედერაციისთვის ჰქონდეს მიშვერილი, ვიდრე ზემძლავრი ჩრდილოური გაერთიანებისთვის. ეს საშუალებას მისცემს პენსილვანიას, რათა მან ფლანდრიის ხვედრი არ გაიზიაროს. როგორი გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს მან, თუკი ჩრდილოური კონფედერაცია ნიუ-ჯერსის შეიერთებს, ამ შტატის სამხრეთით ძნელად რომ ერთ კონფედერაციაზე მეტი წარმოიშვას.
დღესავით ნათელია, რომ ცამეტი შტატი უკეთ მოაწყობს საერთო – ეროვნულ ხელისუფლებას, ვიდრე მათი ნახევარი, მესამედი ან უფრო ნაკლები რაოდენობა. ამ მოსაზრებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რათა გაქარწყლებული იქნას შესიტყვება, რომელსაც კონვენტის გეგმას დანახარჯებთან დაკავშირებით უყენებენ. თუკი უფრო ყურადღებით დავაკვირდებით, ზემოხსენებული შესიტყვება მცდარ წანამძღვრებს ემყარება.
კონფედერაციებად დაშლის შემთხვევაში საჭირო იქნება უამრავი ცივილური ფურცელი. გარდა ამისა, აუცილებელი გახდება უამრავი ადამიანის დასაქმება კონფედერაციებს შორის სახმელეთო კომუნიკაციათა დასაცავად და უკანონო ვაჭრობის აღსაკვეთად. მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, როცა საქმე სახელმწიფო გადასახადების აკრეფის უზრუნველყოფაზე მიდგება; ყოველივე ამას დაემატება სამხედრო უწყებანი, რომელთაც, – როგორც ცხოვრებამ გვიჩვენა, – აუცილებლად შობს ხოლმე ის შუღლი და კონფლიქტები, რანიც კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილ სახელმწიფოებს შორის გაჩაღდება. ყოველივე აქედან გამომდინარე, ნათელი ხდება, რომ სეპარატიზმი მარტო სიმშვიდეს, აღებმიცემობას, სახელმწიფო შემოსავლებსა და ქვეყნის სხვადასხვა ნაწილების თავისუფლებას როდი უქმნის საფრთხეს, არამედ იგი არანაკლებ დამღუპველია ფინანსურ საშუალებათა მომჭირნეობის თვალსაზრისითაც.
პუბლიუსი