ფედერალიტი # 17 : ჰამილტონი
1787წ. 5 დეკემბერი
ნიუ-იორკის შტატის ხალხს
პრინციპმა, რომელიც მოითხოვს, რომ ფედერალური კანონმდებლობა უშუალოდ ამერიკის მოქალაქეებზე ვრცელდებოდეს, შესაძლოა, შემოსიტყვება გამოიწვიოს; თუმცა ეს სხვა სახის შესიტყვება იქნება და არა ისეთი, რომელიც ჩემს ბოლო მიმართვაში გავარჩიე. შეიძლება გვითხრან, თუ საკავშირო ხელისუფლებას მეტისმეტად გავაძლიერებთ, იგი იმ უფლებამოსილებებსაც შთნთქავს, რომლებიც სრულიად მართებულად გადაეცა შტატის ორგანოებს ადგილობრივი საკითხების მოსაგვარებლადო. ადამიანური კეთილგონიერების ფარგლებში ძალაუფლების სიყვარულით ბევრი რამის ახსნა შეიძლება, მაგრამ ვერ გამიგია, იმ ძალზე ფართო უფლებამოსილებათა ფონზე, რომელიც საერთო მთავრობას გადაეცემა, რა ცდუნებამ უნდა დარიოს მას ხელი, რომ ზემოხსენებული უფლებამოსილებანიც მიიტაცოს. შტატის საშინაო საქმეების მოწესრიგება არა მგონია პატივმოყვარეობის სატყუარად გამოდგეს. აღებმიცემობა, ფინანსები, მოლაპარაკებათა წარმოება, ომისა და ზავის საკითხები, ვფიქრობ, სრულიად საკმარისია პატივმოყვარეობის ვნებით შეპყრობილ სულთა დასაოკებლად. შესაბამის უფლებამოსილებებს, უწინარეს ყოვლისა, ადგილი სწორედაც რომ ეროვნულ საგანძურში უნდა მივუჩინოთ. რაც შეეხება ერთსა და იმავე შტატში მოქალაქეებს შორის კერძო დავების შესახებ მართლმსაჯულების წარმოებას, სოფლის მეურნეობასა თუ სხვა მსგავს საზრუნავზე ზედამხედველობას, ყოველივე ეს ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივაა და შეუძლებელია, ისინი ოდესმე საერთო იურისდიქციაში მოექცნენ. აქედან გამომდინარე, არ არის დასაჯერებელი ის, რომ ფედერალურ საბჭოს ადგილობრივ ხელისუფლებათა უზურპირების სურვილი გაუჩნდება. მსგავსი საკითხების მოგვარებაზე ზრუნვა მისთვის მოსაწყენიც იქნება და ფუჭიც. შესაბამის უფლებამოსილებათა მიტაცება კი საერთო – ეროვნულ მთავრობას ვერც ღირსებას შეჰმატებს, ვერც მნიშვნელობასა თუ ბრწყინვალებას.
მოდით, დასაბუთების გულისთვის, დავუშვათ, რომ ბატონობის ნდომა და მასთან დაკავშირებული თავაშვებულობა საკმარისია, რათა ამგვარი მისწრაფება წარმოიშვას. შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ საერთო – ეროვნულ წარმომადგენლობას, ანდა სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენიმე შტატის ხალხს ეყოფა იმის ძალა, რომ ეგზომ გაუმაძღარი მადა კალაპოტში ჩააყენოს. ესეც რომ არ იყოს, ბევრად უფრო ადვილია ის, რომ შტატის მთავრობამ ხელყოს საერთო – ეროვნული ხელისუფლების უფლებამოსილებანი, ვიდრე პირიქით, – ამ უკანასკნელმა შტატის ხელისუფლებას კუთვნილი უფლებამოსილებანი ჩამოართვას. ამ მოსაზრების მართებულობა იმ უდიდესი ზეგავლენის გათვალისწინებას ემყარება, რომელიც შტატის მთავრობას აქვს ადგილობრივ მოსახლეობაზე, თუ, რა თქმა უნდა, ის სამართლიანად და კეთილგონივრულად აგვარებს მის გამგებლობაში არსებულ საკითხებს. ეს გარემოება იმასაც გვასწავლის, რომ ყველა ფედერალურ კონსტიტუციას შინაგანი და არსებითი სისუსტე ახასიათებს. ამიტომ რაც შეიძლება დიდი უნდა იყოს ის ძალა, რასაც მათ შექმნის პროცესში ვანიჭებთ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა ეწინააღმდგებოდეს თავისუფლების პრინციპს.
უპირატესი ზეგავლენა, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მთავრობებს აქვთ, რასაც, გარკვეულწილად, საერთო – ეროვნული ხელისუფლების დიფუზური ხასიათი განაპირობებს. არსებითად კი იგი იმ საკითხთთა ბუნებიდან გამომდინარეობს, რომელთა მოგვარება ადგილობრივი მთავრობების მოვალეობაა.
ცნობილია ადამიანური ბუნების ერთი თვისება: ადამიანის სიყვარული რაიმე საგნისადმი მისი დაშორებისა თუ დიფუზორულობის პირდაპირპროპორციულად კლებულობს. ისე რომ, მას უბანზე მეტად ოჯახი უყვარს, უფრო განვრცობილ თემზე მეტად კი - უბანი. ამიტომაც არფერია გასაკვირი იმაში, რომ ამა თუ იმ შტატის ხალხი ადგილობრივ მთავრობებთან უფრო მეტი სიმით იყოს დაკავშირებული, ვიდრე საკავშირო ხელისუფლებასთან; ეს პრინციპი მხლოდ იმ შემთხვევაში დაირღვევა, თუ საკავშირო მთავრობა უკეთ მართავს, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება.
ადამიანს მით მეტად უმძფრდება ამგვარი სწრაფვა, რაც უფრო დიდ გულმოდგინებას იჩენს შტატის მთავრობა ადგილობრივი საკითხების მოგვარებისას.
შეუძლებელია, გამოწვლილვით გაარჩიო ყველა ის წუთიერი ინტერესი, სხვადასხვა ნაკადების სახით რომ მიედინება საზოგადოების ამა თუ იმ ნაწილში და ადგილობრივი ადმინისტრაციის გამგებლობაში ექცევა. წვრილმანების ჩაძიება მოსაწყენიც იქნებოდა და უინტერესოც. მათგან გამოტანილი გაკვეთილი კი მათ შესწავლაზე გაწეულ გარჯად არც კი ეღირებოდა.
არსებობს ერთი გამორჩეული უპირატესობა, რომელიც შტატის უფლებამოსილებათა სფეროში შედის და რომლის გარჩევაც საკითხს ნათელს მოჰფენდა. სისხლის სამართლის და სამოქალაქო საქმეების წარმოების განხორციელებას ვგულისხმობ. ყველა სამართალთა შორის სწორედ ეს ორია სახალხო მორჩილებისა თუ ერთგულების ყველაზე უნივერსალური და მიმზიდველი წყარო; სიცოცხლისა და საკუთრების უშუალო და უხილავი მცველი; იგი საზოგადოების თვალწინ მოქმედებს და მას შიშსაც უნერგავს და იმედსაც აძლევს; ყველა იმ კერძო ინტერესსა და საზრუნავს აწესრიგებს, რომელთა მიმართ ეგზომ მგრძნობიარეა ადამიანის გული; ყველაზე მეტად სწორედ ის უწყობს ხელს, რომ ადამიანები ხელისუფლების მიმართ ერთგულებითა და პატივისცემით განიმსჭვალონ. იგია დუღაბი საზოგადოებისა, რომელიც ადგილობრივი მთავრობების ყველა არხის მეშვეობით გაიკვლევს გზას და ზეგავლენის სხვა წყაროებისგან დამოუკიდებლად მათ მოქალაქეთა მოწიწებასა და ერთგულებას მოუპოვებს. ასეთი მოქალაქეების სახით კი მათ მუდამ ხელთ ექნებათ ერთგვარი საპირწონე, რომელიც საკავშირო ხელისუფლებას სახიფათო მეტოქეობასაც ხშირად გაუწევს.
მეორე მხრივ, ხალხის მასებს არ აქვთ საშუალება Uუშალოდ დააკვირდნენ საერთო – ეროვნული ხელისუფლების მუშაობას. ამიტომ მისი გადაწყვეტილებებით უფრო წინდახედული და საქმეში ჩახედული ადამიანები იხეირებენ. რაკი საქმე საერთო ინტერესებთან აქვს, ხალხის გრძნობებსაც ნაკლებად ეხება. აქედან გამომდინარე არ არის მოსალოდნელი, რომ საერთო – ეროვნულმა მთავრობამ ხალხს მოვალეობისა და ერთგულების გრძნობები გაუღვივოს.
ამ მოსაზრებათა სისწორე იმ გამოცდილებით დასტურდება, რომელიც ფედერალურ კონსტიტუციათა და იმ დოკუმენტთა შესწავლის გზით შევიძინეთ, რაღაცით მაინც რომ წააგავს ფედერალურ კონსტიტუციას.
ალბათ არ იქნებოდა მართებული, უძველესი დროის ფეოდალური სისტემებისთვის კონფდერაციები გვეწოდებინა, თუმცა მათ ამგვარ გაერთიანებათა ნიშან – თვისებანიც ახასიათებთ. ასეთ გაერთიანებათა სათავეში ერთი მეთაური, წინამძღოლი თუ სუვერენი იდგა, რომლის ხელისუფლება მთელს ერზე ვრცელდებოდა და რომელსაც უამრავი ვასალი თუ მემამულე ემორჩილებოდა; ამათ გამგებლობაში კი აუარება
ვასალის
ვასალი
თუ მსახური შედიოდა; ისინი მემამულესთან, ანდა მიწათმფლობელთან დადებული შეთანხმების მიხედვით ამუშავებდნენ მიწის ნაკვეთებს. ყოველი დიდი ვასალი თავისი სამფლობელოს ფარგლებში სუვერენიც იყო. ეს კი დიდ სუვერენთან გაუთავებელ ქიშპობას იწვევდა; დიდ ბარონებს შორისაც ომი ხშირად ჩაღდებოდა; ერისთავებიც არცთუ იშვიათად ილაშქრებდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ. სახელმწიფოს მეთაურს არ ჰქონდა საკმარისი ძალაუფლება საზოგადოებრივი სიმშვიდის დასაცავად; მას არც იმის თავი, იმის შესაძლებლობა გააჩნდა, რომ მოსახლება ადგილობრივი ბატონების ძალმომრეობისგან დაეფარა. ევროპის განვითარების ამ პერიოდს ისტორიკოსები ფეოდალურ ანარქიად მოიხსენიებენ.
ხანდახან ქვეყანას მეთაურად მძლავრი პიროვნება მოევლინებოდა ხოლმე, მებრძოლი სულითა და არაჩვეულებრივი უნარებით რომ იყო შემკული; იგი დიდ ავტორიტეტსა და გავლენას იხვეჭდა, რისი წყალობითაც შედარებით ხანგრძლივი დროით ახერხებდა ქვეყნის მართვას. საზოგადოდ კი მთავარი მარცხდებოდა ხოლმე ბარონების წინააღმდეგ ბრძოლაში. ხშირად მათი სამთავროები უქმდებოდნენ და მათ ადგილს საფეოდალოები იჭერდნენ, რომლებიც ქვეყნიერებას დამოუკიდებელი სამთავროების, ანდა სუვერენული სახელმწიფოების სახით ევლინებოდნენ. მონარქი მხოლოდ იმ შემთხვევაში ახერხებდა ვასალთა დამარცხებას, როცა ეს უკანასკნელნი თავის ქვეშევრდომებს ტირანად ევლინებოდნენ. ბარონები და დიდებულები სუვერენსაც მტრობდნენ და უბრალო ხალხის მჩაგვრელებადაც გვევლინებოდნენ; ისინი ერთსაც შიშის ზარს სცემდნენ და მეორესაც; ამიტომაც იმსახურებდნენ ორივე მათგანის სიძულვილს. მათ საერთო საფრთხის შეგრძნებაც ჰქონდათ და საერთო ინტერესებიც ასულდგმულებდათ; მათი გაერთიანება კი არისტოკრატიის განადგურებით მთავრდებოდა. დიდგვაროვნები რომ თავიანთ ქვეშევრდომებსა და მომხრეებს ლმობიერად და სამართლიანად მოპყრობოდნენ, მათ რომ ამ ხალხის ერთგულება და სიყვარული შეენარჩუნებინათ, მაშინ მთავართან ბრძოლაში ყოველთვის ისინი გამოვიდოდნენ გამარჯვებულნი; ეს კი სამეფო ხელისუფლების შეზღუდვას, ანდა მის დამხობას გამოიწვევდა.
ამას რომ ვამტკიცებთ, მხოლოდ მიხვედრებსა თუ ვარაუდებს როდი ვემყარებით. იმ მაგალითთა შორის ყველაზე თვალსაჩინოსა და დამაჯერებელს, რომელსაც ზემოთქმულის ჭეშმარიტება ეფუძნება, შესაძლოა, შოტლანდია წარმოადგენდეს. ამ სამეფოში თავიდანვე ბატონობდა კლანური სულისკვეთება. ამ სულისკვეთებით ისე იყვნენ ურთიერთგადაჭდობილნი დიდგვაროვანნი და მათი ქვეშევრდომები, თითქოსდა ერთმანეთის სისხლით ნათესავები ყოფილიყვნენ; ეს კი მუდმივ საფრთხეს უქმნიდა მონარქის ხელისუფლებას. ასე გრძელდებოდა მანამ, ვიდრე შოტლანდია ინგლისის შემადგენლობაში არ შევიდა და მისი დაუდეგარი სული სამოქალაქო მმართველობის იმ გონივრულმა სისტემამ არ მოთოკა, რომელიც ინგლისის სამეფოში უკვე იყო შემოღებული.
კონფედერაციის ცალკეული მთავრობები ძალზე წააგვანან საფეოდალოებს. უკვე განმარტებულ მიზეზთა გამო ისინი მოსახლეობის ნდობასა და კეთილგანწყობას იხვეჭენ ხოლმე. ამგვარი მხარდაჭერით გულმოცემულთ კი ხელეწიფებათ თავიდან აიშორონ საერთო – ეროვნული მთავრობის მხრიდან ხელყოფის ყველა მცდელობა. კარგი იქნება, თუ ისინი არ შეეწინააღმდეგებიან მის ლეგიტიმურსა და აუცილებელ ძალაუფლებას. საფეოდალოსა და შტატის მთავრობას კიდევ ორი რამ ანათესავებთ: ჯერ ერთი, ისინი ძალაუფლებას ეცილებიან სუვერენს. მეორეც, საზოგადოებრივი ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ერთგან ისე მეორეგან, თავისებურ
საცავებშია
თავმოყრილი
. ერთ შემთხვევაში ისინი ინდივიდთა განკარგულებაშია, მეორეში კი მათ პოლიტიკური გაერთიანებანი ფლობენ.
კონფედერაციულ მთავრობათა ასეთი მოკლე მიმოხილვა გარკვეულ ნათელს ჰფენს ამ მნიშვნელოვან დოქტრინას. მისი გაუთვალიწინებლობა ჩვენი პოლიტიკური შეცდომების წყარო იქნებოდა, რაც ჩვენს ეჭვს არასწორ მიმართულებას მისცემდა. ისე რომ, მომდევნო წერილებში სათანადო ადგილი ამგვარ მიმოხილვებს დაეთმობა.
პუბლიუსი