ფედერალისტი # 65 : ჰამილტონი
1788წ. 7 მარტი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

დარჩენილი უფლებამოსილებანი, რომელნიც კონვენტის გეგმის თანახმად სენატს ენიჭება, იმაში მდგომარეობს, რომ იგი პრეზიდენტთან ერთად თანამდებობებზე დანიშვნის პროცესში მონაწილეობს; ამასთანავე, იგი გვევლინება როგორც სასამართლო ორგანო, რომელიც იმპიჩმენტის პროცედურას ახორციელებს. ვინაიდან თანამდებობებზე დანიშვნის საქმეში მთავარ როლს პრეზიდენტი თამაშობს, ამ საკითხთან დაკავშირებულ საკითხებს სათანადო ადგილას განვიხილავთ, სადაც შესაბამისი დაწესებულების ფუნქციებს გამოვიკვლევთ. ამიტომ ამ ნაკვეთს სენატის იურიდიული ფუნქციების განხილვით დავასრულებთ.
ერთიანად არჩეული ხელისუფლების პირობებში ერთობ სასურველი, მაგრამ საძნელოცაა ისეთი სასამართლოს ჩამოყალიბება, რომელსაც იმპიჩმენტთან დაკავშირებული პროცედურის განხორციელება დაეკისრება. მის იურისდიქციაში შემავალ საქმეებს საფუძვლად ისეთი დანაშაულებანი უდევთ, რომელთაც თანამდებობის პირები ჩადიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმპიჩმენტის სასამართლო ორგანო მოქმედებას მაშინ იწყებს, როცა საქმე საზოგადოებრივი ნდობის ბოროტად გამოყენებას ანდა მის შებღალვას ეხება. ამგვარი დანაშაულობანი და მათთან დაკავშირებული სასამართლო საქმეები პოლიტიკური ხასიათისანი არიან, ვინაიდან საქმე ისეთ ქმედებას ეხება, რომელნიც ზიანს უშუალოდ საზოგადოებას აყენებენ. თანამდებობის პირთა ამ მიზეზით დევნამ იშვიათად რომ საზოგადოებას ვნებები აუშალოს და იგი ახალ ურთიერთდაპირისპირებულ ჯგუფებადD დაყოს, რომელნიც ბრალდებულის მიმართ მეტ - ნაკლებად მეგობრული თუ მტრული გრძნობებით იქნებიან განწყობილნი. უფრო ისაა მოსალოდნელი, რომ საქმეში უკვე არსებული დაჯგუფებები ჩაერთვებიან და საზოგადოებაში არსებული მთელი მტრობა, მიკერძოება, ზეგავლენა და ინტერესი ან ბრალდების მხარეს მოიყრის თავს, ან დაცვის მხარეს შექუჩდება. ამიტომ ერთობ დიდია საფრთხე იმისა, რომ გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნეს მიღებული, თუ რომელი მხარეა უფრო ძლიერი. ასეთი რამ კი უკანა პლანზე გადასწევეს ბრალდებულის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის საკითხს.
საქმე ის არის, რომ იმ ნდობის დელიკატურობასა და დიდმნიშვნელოვნებას, რომელსაც საზოგადოება თანამდებობის პირებს უცხადებს, დასაბუთება არ ესაჭიროება, ვინაიდან იგი სახელმწიფო საქმეების მართვაში ჩაბმული ადამიანების პოლიტიკურ რეპუტაციასა და არსებობას განაპირობებს. იმ პირობებში, როცა მმართველობითი სისტემა მთლიანად ისეთ არჩევნებს ეყრდნობა, რომელიც გარკვეული პერიოდულობით ტარდება, ძალზე ძნელია ისეთი ხალხის შერჩევა, რომელიც მართვის მიზნებისთვის გამოდგება. ამგვარი სიძნელის გაცნობიერებას მაშინ შევძლებთ, თუ იმას დავუკვირდებით, რომ ყველაზე გამოჩენილი მოღვაწეები ყველაზე ვერაგი თუ ყველაზე მრავალრიცხოვანი დაჯგუფების ლიდერებად, ანდა იარაღად გვევლინებიან. ამიტომ ძნელად რომ მათ სათანადო მიუკერძოებლობა გამოიჩინონ იმ ადამიანების საქციელის შეფასების საქმეში, რომელთა საქმიანობა სასამართლო გარჩევის საგნად ქცეულა.
კონვენტმა, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ საზოგადოებრივ ნდობას ყველაზე საიმედოდ სენატი დაიცავს. ხალხი, რომელიც საქმის შინაგან სიძნელეებში ჩაწვდომის უნარით არის დაჯილდოებული, არ აჩქარდება და მსჯავრს არ დადებს ამგვარ მოსაზრებას. პირიქით, იგი სათანადოდ დააფასებს იმ არგუმენტაციის მართებულებას, რომელმაც ამგვარი გადაწყვეტილება განაპირობა.
შესაძლოა, ვინმემ იკითხოს: რაა ამ დაწესებულების ჭეშმარიტი სული? ხომ არ არის იგი ეროვნული გამოძიების მეთოდი, რომელიც სახელმწიფო კაცების ქცევის შესასწავლადაა განკუთვნილი? თუ ეს ასეა, მაშინ სხვა ვინ უნდა იყოს ის ხალხი, ვინც ერის სახელით აწარმოებს გამოძიებას, თუ არა თვით ერის წარმომადგენელნი?  გამოძიების დაწყების უფლებამოსილება, ანდა პრეროგატივა იმისა, რომ იმპიჩმენტის პროცედურა აღძრას, უდავოდ, საკანონმდებლო კრების ერთ-ერთი განშტოების ხელთ უნდა იყოს. მაგრამ იგივე მიზეზები, რანიც ამგვარი პროცედურის შემოღებას განაპირობებენ,იმის აუცილებლობასაც ხომ არ განსაზღვრავენ, რომ მასში საკანონმდებლო ორგანოს მეორე განშტოებაც ჩაერთოს? კონვენტმა დაასახელა ის მოდელი, საიდანაც გადმოღებული იქნა ამგვარი ინსტიტუტის იდეა. დიდ ბრიტანეთში იმპიჩმენტის შესახებ წინადადება თემთა პალატას შემოაქვს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ლორდთა პალატა  იღებს. რამდენიმე შტატის კონსტიტუციამ ბრიტანეთის მაგალითს მიბაძა. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში იმპიჩმენტი, როგორც ჩანს, იმ ლაგამადაა მიჩნეული, რომელსაც აუცილებლობის შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანო აღმასრულებელი ხელისუფლების მოსამსახურეებს ამოსდებს ხოლმე. მაგრამ მართებულია კი ამგვარი თვალსაზრისი?
განა არსებობს სენატზე უფრო ღირსეული და უფრო დამოუკიდებელი ტრიბუნალი? სხვა რომელი სახელისუფლებო ორგანოა საკმარისად დარწმუნებული თავის მდგომარეობაში ? განა სენატის გარდა რომელიმე მათგანი მოახერხებს იმას, რომ უშიშრად შეინარჩუნოს მიუკერძოებლობა ბრალდებულ ინდივიდსა და იმ სახალხო წარმომადგენლებს შორის , რომელნიც მას ბრალს სდებენ ?
შეიძლება კი უზენაესი სასამართლო მივიჩნიოთ ამგვარ დაწესებულებად? ძალზე საეჭვოა, რომ მის წევრებს ოდესმე გამოეჩინოთ ისეთი სიმტკიცე, რაც ესოდენ რთული ამოცანის შესასრულებლად არის აუცილებელი. მით უფრო საეჭვოა ის, რომ ისინი საზოგადოებაში სათანადო ნდობითა და ავტორიტეტით სარგებლობდნენ, რაც გარკვეულ შემთხვევებში საჭიროა, რათა ხალხი იმ გადაწყვეტილებასთან შეარიგოს,  რომელიც შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს მისი უშუალო წარმომადგენლების მიერ წაყენებულ ბრალდებას. ნდობის უკმარისობას შესაძლოა, ფატალური შედეგი მოჰყვეს თავად ბრალდებულისთვის, ხოლო ავტორიტეტის უკმარისობამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივ სიმშვიდეს. თუკი საერთოდ შესაძლებელია ამ შემთხვევაში საფრთხის თავიდან აშორება, მაშინ ეს მხოლოდ იმ გზით თუ მოხერხდება, რომ ამ სასამართლოს წევრთა რიცხოვნება იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე მომჭირნეობის თვალსაზრისითაა დასაშვები. იმპიჩმენტის პროცედურისთვის რომ მრავალრიცხოვანი სასამართლოა აუცილებელი, ეს თვით სამართალწარმოების ხასიათითაც არის ნაკარნახევი. ჩვეულებრივ სასამართლოებში არსებობს მკაცრი წესები, რომელნიც აუცილებლად უნდა დაიცვან პროკურორებმა, როცა ისინი დანაშაულის შემადგენლობას განსაზღვრავენ, ანდა მოსამართლეებმა, როცა ისინი მის კონსტრუირებას ახდენენ. მათი კომპეტენციის ამგვარი შეზღუდვა აუცილებელია იმისთვის, რათა განსასჯელის პირადი უსაფრთხოება იქნეს დაცული. რაც შეეხება იმპიჩმენტის სასამართლო პროცედურას, იგი არ ითვალისწინებს ესოდენ მკაცრ წესებს. ასეთ სასამართლოში არ იქნებიან ნაფიცი მსაჯულები, რომლებიც მოსამართლესა და იმ მხარეს შორის დგანან, რომლიც მის მიერ გამოტანილ სამართლიან განაჩენს იღებს ან განიცდის. სასამართლო, რომელიც იმპიჩმენტის პროცესს წარმართავს, საშინელი უფლებამოსილებითაა აღჭურვილი. მან პატივი ან შერცხვენა უნდა მიუსაჯოს გამოჩენილ მოღვაწეებს, რომლებიც საზოგადოებაში ყველზე დიდი ნდობით სარგებლობენ. ამიტომ დაუშვებელია, რომ ეგზომ მნიშვნელოვანი მსჯავრი მცირერიცხოვან სასამართლო ორგანოს გამოჰქონდეს.
ზემომოტანილი მოსაზრებანი საკმარისად ადასტურებენ იმას, რომ უზენაესი სასამართლო არ გამოდგება იმ დაწესებულებად, რომელიც იმპიჩმენტის სასამართლო ორგანოს მაგივრობას გასწევდა. კიდევ ერთი მოსაზრება არსებობს, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებდა ამგვარ დასკვნას. საქმე ეხება შემდეგ რამეს: იმპიჩმენტის შემთხვევაში დამნაშავის დასჯის პროცესი მისთვის განაჩენის გამოტანით არ სრულდება. იმპიჩმენტის სასამართლო პროცედურის შედეგად მას სამიდღემჩიო ოსტრაკიზმი მიესჯება; მას პატივისცემასა და ღირსებას აჰყრიან; იგი ნდობასა და გასამრჯელოს დაკარგავს; მგრამ ამის შემდეგ დაიწყება მისი დევნა ჩვეულებრივი სასამრთლო წესით, რისი მიზანიცაა მისი დასჯა მის მიერ ჩადენილ კონკრეტულ  დანაშაულობათათვის. მართებულია კი ის, რომ იგივე პირები, რომლებმაც მის სახელთან და მის ყველაზე სანუკვარ სამოქალაქო უფლებებთან დაკავშირებული საკითხები განაგეს ერთ სასამართლო პროცესზე, მეორეზე მისი სიცოცხლისა და საკუთრების განმგებლებად გამოდიოდნენ? განა არ არსებობს ერთობ საგულისხმო საფრთხე იმისა, რომ ერთ პროცესზე დაშვებულმა შეცდომამ მეორის გადაცდომას დაუდოს სათავე? ერთი გადაწყვეტილებისადმი მძლავრი მიკერძოება განა არ გააბათილებს ახალი საბუთების ზეგავლენას, რომლებსაც შესაძლოა, მეორე გადაწყვეტილება შეეცვალა? ყველა, ვინც კი ჩახედულია ადამიანის ბუნებაში, ამ შეკითხვებზე, უყოყმანოდ, დადებით პასუხს გასცემს. ეს ხალხი იმასაც ძალზე ადვილად მიხვდება, რომ თუკი როგორც ერთ, ისე მეორე პროცესზე მოსამართლეებად ერთი და იგივე პირები იქნებიან, განსასჯელები დიდწილად დაკარგავენ ორმაგ უსაფრთხოებას, რაც მათთვის ორ სასამართლო პროცესს უნდა უზრუნველეყო. განაჩენში ხშირად ისიც იგულისხმება, რომ დამნაშავე სიცოცხლესა და ქონებას დაკარგავს, თუმცა მისი ფორმულირების მიხედვით იგი მხოლოდ დაკავებული თანამდებობიდან მის გადაყენებასა და მომავალი თანამდებობისთვის უვარგისად გამოცხადებას ითვალისწინებს. ალბათ იტყვიან, ნაფიც მსაჯულთა ჩარევით ამგვარი საფრთხე მოიხსნებაო. მაგრამ საქმე ისაა, რომ ისინი ხშირად ექცევიან მოსამართლეთა გავლენის ქვეშ. მათ ხშირად გამოაქვთ ისეთი ვერდიქტი, რომელიც მთავარ საკითხზე გადაწყვეტლების გამოტანას ისევ სასამართლოს აკისრებს. მაგრამ ნუთუ ვინმე თავის სიცოცხლესა და ქონებას ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს მიანდობს, რომელნიც მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის წინასწარ გამომტან მოსამართლეთა სახელით მოქმედებენ?
გაუმჯობესდება კი გეგმა იმით, თუ იმპიჩმენტის სასამართლო ორგანოს შექმნის მიზნით უზენაეს სასამართლოსა და სენატს გავაერთიანებთ? ჩვენს კავშირს უამრავი უდავო უპირატესობა აქვს. მაგრამ ხომ არ გადასწონის მათ  ზემოხსენებული ნაკლოვანება, რაც იმაში გამოიხატება, რომ სამართალდამრღვევი ერთი და იმავე მოსამართლეთა მხრივ ორმაგ სასამართლო დევნას განიცდის? ჩვენი კავშირის უპირატესობა გარკვეულწილად იმაშია, რომ კონვენტის გეგმის მიხედვით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმპიჩმენტის სასამართლო ორგანოს თავმჯდომარეც  ხდება. ამით თავიდან ავიცილებთ მის სრულ ჩართვას ამ უკანასკნელის შემადგენლობაში. ჭეშმარიტად, გონივრული ზომაა. არაფერს ვიტყვი იმ პროტესტის თაობაზე, რასაც სასამართლო ხელისუფლების უფლებამოსილებათა ეგოდენი ზრდა გამოიწვევს.
სასურველია კი იმპიჩმენტის ისეთი სასამართლო ორგანოს არსებობა, რომლის შემადგენლობაშიც ხელისუფლების წარმომადგენლები არ იქნებიან? ამ გეგმას მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც. ზოგიერთი სულაც არ ჩათვლის ტრივიალურ რამედ შემდეგ შესიტყვებას: ასეთი რამ გაართულებდა სახელმწიფო მანქანას; შეიქმნებოდა ახალი სახელისუფლებო რგოლი, რომლის სარგებლიანობა, ცოტა არ იყოს, საეჭვოა. მაგრამ არსებობს სხვა შესიტყვებაც, რომელსაც ყველა ყურადღების ღირსად ჩათვლის: შემოთავაზებული გეგმის მიერ შექმნილი სასამართლო ან უზარმაზარ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული, ანდა რეალურ ცხოვრებაში უამრავ უბედურებასა თუ უხერხულებას დაუდებს სათავეს. ასეთი ორგანო ან ისეთი პირებისგან უნდა შედგებოდეს, რომელნიც მუდმივად თავიანთ თანამდებობებზე იმყოფებიან და სამთავრობო რეზიდენციაში სხედან, ანდა მასში გაერთიანებულნი უნდა იყვნენ შტატის ხელისუფლების ის მოხელეები, რომლებიც მხოლოდ იმპიჩმენტის პროცესის გასახორციელებლად იკრიბებიან. ძნელი წარმოსადგენია, რომ მესამე ვარიანტიც არსებობდეს, რომლის შემოთავაზებაც გონივრული იქნებოდა. მოგეხსენებათ, რომ იმპიჩმენტის სასამართლო ორგანო მრავალრიცხოვანი უნდა იყოს. ამიტომ პირველ ვარიანტს დაგმობს ყველა, ვინც კი ერთმანეთს შეუფარდებს საზოგადოებრივ მოთხოვნილებებსა და მათი დაკმაყოფილების საშუალებებს. მეორე ვარიანტს სიფრთხილით მოეკიდებოდა ყველა, ვინც იცის, თუ რა სიძნელეებთანაა დაკავშირებული სრულიად კავშირის მასშტაბით მიმოფანტული ხალხის შეგროვება. ამ მიზეზით გამოწვეული შეფერხება, რომელიც პროცესის დაყოვნების საბაბი გახდება, დააზარალებს ეჭვმიტანილს მისი უდანაშაულობის შემთხვევაში. ნამდვილი დამნაშავე კი ამით დიდად იხეირებს, რაკი მისი გადადებით გზა გაეხსნება ინტრიგასა და კორუფციას. ზოგ შემთხვევაში კი იმ პირთა ხანგრძლივი უმოქმედობით, რომელნიც მტკიცე და ერთგული მსახურებით გამოირჩევიან,  ზარალი მიადგება თვითონ შტატს, ვინაიდან არ არის გამორიცხული, რომ წარმომადგენელთა პალატის თავაშვებულმა თუ ბოროტი ზრახვების მქონე უმრავლესობამ მათი დევნა წამოიწყოს. ეს უკანასკნელი ვარაუდი შესაძლოა, ძალზე მკაცრიც იყოს და ცხოვრებაში არც გამართლდეს, მაგრამ მაინც არ ეგების იმის დავიწყება, რომ  ფრაქციულობის დემონი ყველა ეპოქაში მბრძანებლობს ხოლმე ადამიანთა ყველა მრავალრიცხოვან კრებულზე.
შეიძლება ისე მოხდეს, რომ კონვენტის მიერ შემოთავაზებულ გეგმას ამ ვარიანტთაგან რომელიმე ამჯობინონ, ან სულაც ახალი ვარიანტი მოიფიქრონ. მაგრამ აქედან სრულიადაც არ გამომდინარეობს ის, რომ კონსტიტუციაზე უარი ვთქვათ. კაცობრიობას რომ გადაეწყვიტა და ხელისუფლების არც ერთი დაწესებულება არ მოეწონებინა მანამ, ვიდრე იგი სრულად გამართული არ იქნებოდა და სრულყოფილების ყველაზე მაღალ კრიტერიუმთა მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებდა, საზოგადოებას უმალვე ანარქია დარევდა ხელს და მსოფლიოც უდაბურ ადგილად იქცეოდა. მაგრამ როგორ მოვიპოვოთ ამგვარი სრულყოფილი კრიტერიუმი? ვინ მოჰკიდებს ხელს მთელი საზოგადოების ურთიერთდაპირისპირებულ შეხედულებათა გაერთიანებისა და მათი ერთიან მსჯელობად ჩამოყალიბების საქმეს? ვინ აიძულებს ერთ ტყლარჭია მგეგმავს, ხელი აიღოს თავის შეუმცდარ კრიტერიუმზე თავისი კიდევ უფრო ტყლარჭია მეზობლის ცოდვილი კრიტერიუმის სასარგებლოდ? სავსებით შესაძლებელია, რომ კონსტიტუციის ესა თუ ის დებულება არ იყოს ყველაზე საუკეთესო. ამიტომ მისმა მოწინააღმდეგეებმა თავიანთი მიზნის მისაღწევად ეს კი არ უნდა ამტკიცონ, არამედ ის, რომ ამგვარი გეგმა, მთლიანობაში, უვარგისი და დამღუპველია.
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group