ფედერალისტი # 78 : ჰამილტონი
1788წ. 28 მაისი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

ახლა შემოთავაზებული მმართველობის სასამართლო სისტემის განხილვაზე გადავდივარ. არსებული კონფედერაციის ნაკლოვანებათა განხილვის დროს გარკვევით  მივუთითეთ, თუ რაოდენ სასარგებლო და აუცილებელია ფედერალური სამართალწარმოების შემოღება. ალბათ ყველაზე ნაკლებად არის საჭირო იმ მოსაზრებათა შეჯამება, რომელნიც დაჟინებით იქნა გამოთქმული ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან თეორიულ პლანში არავინ დავობს იმაზე, რომ აუცილებელია ზემოხსენებული ინსტიტუტის  დაწესება. ყველა საკითხი, რომელიც კი აქამდე წამოჭრილა, იმას შეეხებოდა, თუ როგორ უნდა მოეწყოს სასამართლო სისტემა და რა მოცულობისა უნდა იყოს იგი. ჩვენი შენიშვნებიც მხოლოდ ამ საკითხებით შემოიფარგლება.
ის ხერხი, რითაც სასამართლო სისტემა უნდა მოეწყოს, როგორც ჩანს, რამდენიმე საკითხს მოიცავს. ჯერ ერთი, საქმე ეხება მოსამართლეთა დანიშვნის წესს; მეორეც – მათი თანამდებობრივი ვადის განსაზღვრას; მესამე, უნდა დადგინდეს, ის თუ როგორ გადანაწილდება სასამართლო ძალაუფლება სხვადასხვა სასამართლოს შორის და როგორი მიმართება ექნებათ მათ ერთმანეთთან.
პირველი . რაც შეეხება მოსამართლეთა დანიშვნის წესს, იგი არაფრით განსხვავდება სხვა საკავშირო თანამდებობის პირთა დანიშვნის წესისგან. ეს უკანასკნელი კი გამოწვლილვით იქნა განხილული ბოლო ორ სტატიაში. ამიტომ უკვე თქმულის გამეორება საქმეს არაფერს შეჰმატებს.
მეორე . რაც შეეხება მოსამართლეთა თანამდებობრივ ვადას, ეს საკითხი თავიანთ პოსტებზე მათი ყოფნის ხანგრძლივობას გულისხმობს. ამასთანავე, დასადგენია  მათი მატერიალური უზრუნველყოფის პირობები და უსაფრთხოების ის ზომები, რომელნიც მოსამართლეთა პასუხისმგებლობას განსაზღვრავენ.
კონვენტის მიერ შემოთავაზებული გეგმის თანახმად, შეერთებული შტატების მიერ დანიშნული ყველა მოსამართლე თანამდებობას ინარჩუნებს მთელი იმ ხნის  განმავლობაში, როცა ისინი უმწიკვლოდ აღასრულებენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას. ეს ვითარება ზუსტად შეესაბამება ცალკეული შტატის კონსტიტუციათა მოთხოვნებს, და ბუნებრივია, იგი მოწონებულია ჩვენი მშობლიური შტატის მიერაც. რაც შეეხება იმას, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ჭეშმარიტებაში ეჭვი შეაქვთ კონვენტის გეგმის მოწინააღმდეგეებს, ეს სხვა არაფერია, თუ არა სიმპტომი მათი წარმოსახვისა და მსჯელობის უნარის მოშლილობისა. ეს უკანასკნელი კი იმ გაშმაგებითაა გამოწვეული, რითაც ეს ხალხი შესიტყვებათა წამოყენებას ესწრაფვის. უდავოა, რომ უმწიკვლო მსახურების შემოღება მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობის კრიტერიუმად ერთ – ერთი ყველაზე ფასეული მონაპოვართაგანია,  რამაც მართვის პრაქტიკა უკეთესი გახადა. მონარქიის პირობებში იგი ძალზე მნიშვნელოვან დაბრკოლებად გვევლინება, რაც წინ ეღობება მთავარს დესპოტიზმისკენ მიმავალ გზაზე. მართვის რესპუბლიკური სისტემის დროს კი იგი დაცვის არანაკლებ ბრწყინვალე საშუალებაა, რაც დაბრკოლებას უქმნის წარმომადგენლობით ორგანოს ხელყოფისა და შევიწროების ზრახვათა განხორციელების საქმეში. ამასთანავე, იგი ყველაზე საუკეთესო საშუალებაა, რაც ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს, რომ მან განუხრელად, სამართლიანად და მიუკერძოებლად აღასრულოს კანონები.
ხელისუფლების ამა თუ იმ შტოს სხვადასხვა მდგომარეობა უკავია იმ პირობებში, როცა იგი დაყოფილია მისი გამიჯვნის წესის თანახმად. თუ ამ კუთხით შევხედავთ, დავინახავთ, რომ სასამართლო ხელისუფლება – მისი ფუნქციების ბუნებიდან გამომდინარე, – ყველაზე ნაკლებად სახიფათოა იმ პოლიტიკური უფლებებისთვის, რომელნიც კონსტიტუციით არიან დადგენილნი. საქმე ის არის, რომ ხელისუფლების ამ შტოს მათი ხელყოფისა თუ დარღვევის ყველაზე ნაკლები საშუალება აქვს. პრეზიდენტი არამარტო ანაწილებს პატივსა და დიდებას, არამედ მას თანამეგობრობის ხმალიც ხელთ უპყრია. საკანონმდებლო ხელისუფლება არამარტო სახელმწიფო ხაზინას განაგებს, არამედ იმ წესებსაც ადგენს, რომელნიც თითოეული მოქალაქის მოვალეობებსა და უფლებებს განსაზღვრავს. რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას, მას ხელი არც ხმალზე მიუწვდება და არც ხაზინაზე; საქმე არც ძალასთან აქვს და არც საზოგადოების სიმდიდრესთან; და არც ისეთი გადაწყვეტილებების მიღება ძალუძს, რასაც შედეგად მოჰყვებოდა აქტიური ქმედებები. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო ხელისუფლება ძალასაც მოკლებულია და ნებასაც; მას მხოლოდ განაჩენი გამოაქვს; და საბოლოო ჯამში, იგი დამოკიდებულია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რათა მისი დახმარებით გამოტანილი მსჯავრის ცხოვრებაში გატარება შეძლოს.
ამგვარი მიუკერძოებელი შეხედულებიდან მრავალი მნიშვნელოვანი შედეგი გამომდინარეობს. უდავო ხდება, რომ სასამართლო ხელისუფლება ყველაზე სუსტია ხელისუფლების სამ შტოთგან. [1] იგი ვერასოდეს შეძლებს, წარმატებით დაესხას თავს დანარჩენ შტოებს. უფრო მეტი, ძალზე დიდი რუდუნება გამოვიჩინოთ, რომ მას ამ უკანასკნელთაგან თავის დაცვის საშუალება მიეცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მართალია, სასამართლო უწყების გადაწყვეტილებას შესაძლოა ზოგჯერ შედეგად მოჰყვეს ამა თუ იმ პიროვნების შევიწროება, მაგრამ, ვფიქრობ, იგი ვერასოდეს შეუქმნის საფრთხეს ხალხის თავისუფლებას. რა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ იგი სათანადოდ არის გამიჯნული როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებათაგან. მე ვიზიარებ აზრს იმის შესახებ, რომ “ზედმეტია თავისუფლებაზე ლაპარაკი, თუ სასამართლო ხელისუფლება გამიჯნული არ არის როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებათაგან.”  [ 2] მაგრამ ყოველივე ეს შემდეგ რამესაც მოწმობს: მართალია, თავისუფლება არ უნდა უფრთხოდეს სასამართლო ხელისუფლებას, როცა იგი მარტო მოქმედებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხელისუფლების რომელიმე სხვა შტოს შეეკრა, რა თქმა უნდა, თავისუფლებასაც სერიოზული საფრთხე დაემუქრება. საქმე ის არის, რომ ამგვარი კავშირი ყოველთვის იმას მოასწავებს, რომ სასამართლო ხელისუფლება ხელისუფლების რომელიმე სხვა შტოზე დამოკიდებული ხდება. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლებათა დაყოფა ნომინალურია და მოჩვენებითი. მართალია, სასამართლო ხელისუფლება თავისი ბუნების მიხედვით სუსტია, მაგრამ სწორედ ამის გამო ადვილი ხდება ხელისუფლების სხვა, თანაბარი უფლებების მქონე შტოთა მხრივ მისი დამორჩილება, დაშინება თუ თავიანთი ზეგავლენის ქვეშ მოქცევა. ასე რომ, არაფერი ისე არ უწყობს ხელს სასამართლო ხელისუფლების სიმტკიცესა და დამოუკიდებლობას, როგორც ის ვითარება, როცა მოსამართლეები თავიანთ თანამდებობებზე მთელი სიცოცხლის ვადით იმყოფებიან. ასეთი რამ სამართლიანად არის მიჩნეული სასამართლო სისტემის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ეს უკანასკნელი საზოგადოებრივი სამართლიანობისა და უსაფრთხოების ციტადელად გვევლინებოდეს.
სასამართლო ხელისუფლების სრული დამოუკიდებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე. წ. შეზღუდული კონსტიტუციების პირობებში. ეს უკანასკნელნი კი, ჩემის ფიქრით, სხვანი არაფერნი არიან, თუ არა ისეთი ძირითადი კანონები, რომელნიც საკანონმდებლო ხელისუფლების კომპეტენციებთან მიმართებაში გარკვეულ გამონაკლისებს შეიცავენ. მაგალითად, ასეთ კონსტიტუციებში არ არის გათვალისწინებული ის, რომ პარლამენტს განაჩენი გამოჰქონდეს სახელმწიფო ღალატში ბრალდებული პირის მიმართ, შემოჰქონდეს ex post facto კანონები და სხვა ამდაგვარი რამ. ამგვარ შეზღუდვათა პრაქტიკაში განხორციელება მხოლოდ სასამართლოთა მეშვეობითაა შესაძლებელი. მათი ამოცანა ხომ სწორედ ისაა, რომ ბათილად სცნოს ყველა ისეთი იურიდიული აქტი, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამის გარეშე ჩალის ფასი ექნებოდა კონკრეტულ უფლებათა და პრივილეგათა ყოველგვარ შეზღუდვას.
გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული სასამართლოსთვის იმ უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობის გამოისობით იურიდიული აქტების ბათილად ცნობას ითვალისწინებს. ზოგიერთის ფიქრით, ასეთი უფლებამოსილება იმის აღიარების ტოლფასია, რომ სასამართლო ხელისუფლება საკანონმდებლოს აღემატება. დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება, რომელსაც შესაძლებლობა აქვს ხელისუფლების სხვა შტოს მიერ გამოცემული აქტი ბათილად სცნოს, ამ უკანასკნელის მიმართ აშკარა უპირატესობას ფლობსო. ეს დოქტრინა ძალიან დიდ როლს თამაშობს ამერიკულ კონსტიტუციებში. ამიტომ, უსარგებლო არ იქნებოდა იმის განხილვა, თუ რას ემყარება იგი.
არაფერი ისე მკაფიო და დამაჯრებელი არ არის, როგორც ის, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი დელეგირებული ძალაუფლების თითოეული აქტი, რომელიც მინდობილობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, ძალადაკარგულად ითვლება ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი, რომელიც კონსტიტუციას არ ეთანხმება. ამ ვითარების უარყოფა იმის მტკიცების ტოლფასია, რომ მოადგილე თანამდებობის მთავარ პირზე მაღლა დგას; რომ მსახური – ბატონის უფროსია; რომ ხალხის წარმომადგენელნი თვითონ ხალხზე მაღლა დგანან; რომ იმ ადამიანებს, რომელნიც ხალხის რწმუნებით მოქმედებენ, არამარტო იმის უფლება აქვთ, რისი უფლებაც ხალხმა მიანიჭა, არამედ იმისაც, რაც კანონით ეკრძალებათ.
თუ იმის მტკიცებას მოჰყვებიან, რომ საკანონმდებლო ორგანოები კონსტიტუციური სასამართლოებიც თვითვე არიან და თავიანთ უფლებებს თვითონვე განსჯიანო, რომ მათ მიერ თავიანთი თავის შესახებ გამოტანილი მსჯავრი ხელისუფლების სხვა დეპარტამენტებისთვისაც სავალდებულოაო, ამაზე ამგვარად მივუგებდი: ასეთი ვარაუდი უსაფუძვლოა და იგი სრულიადაც არ გამომდინარეობს რომელიმე კონსტიტუციური დებულებიდან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაუშვებელია ვივარაუდოთ შემდეგი რამ: თითქოსდა კონსტიტუცია ხალხის წარმომადგენლებისთვის იმის შესაძლებლობას ითვალისწინებდეს, რომ მათ ხალხის ნება თავინთი ნებით ჩაანაცვლონ. ბევრად უფრო გონივრულია იმის დაშვება, რომ სასამართლო ხალხსა და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის მოსაშუალე რგოლს ქმნის. იგი მოწოდებულია, რათა ეს უკანასკნელი თავის კონსტიტუციურ ჩარჩოებში შეაკავოს. კანონთა განმარტება – აი, სწორედ ეს არის სასამართლო ხელისუფლების მოღვაწეობის სათანადო და განსაკუთრებული სფერო. კონსტიტუცია ქვეყნის ძირითადი კანონია და სასამართლოები მას სწორედ ასე უნდა განმარტავდნენ. ისინი უნდა განსაზღვრავდნენ როგორც კონსტიტუციის, ისე ნებისმიერი კონკრეტული აქტის მნიშვნელობას, რომელიც კი საკანონმდებლოს შემოაქვს. თუ თავს მოურიგებელი წინააღმდეგობანი იჩენენ, რა თქმა უნდა, უპირატესობა უნდა მიენიჭოს უზენაეს ვალდებულებასა და კანონიერებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კონსტიტუცია კანონზე უზენაესად უნდა მივიჩნიოთ, ხალხის ნება კი სახალხო წარმომადგენელთა ნებაზე მაღლა უნდა დავაყენოთ.
მაგრამ ამგვარი დასკვნა არასდიდებით არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება საკანონმებლო ხელისუფლებაზე აღმატებულია. იგულისხმება, რომ ხალხის ძალაუფლება ორივე მათგანს აღემატება. როცა სტატუტებში გამოხატული ხალხის წარმომადგენელთა ნება, კონსტიტუციაში გამოხატულ ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, მაშინ მოსამართლეები ვალდებულნი არიან ამ უკანასკნელით იხელმძღვანელონ. თავიანთი გადაწყვეტილებების მიღებისას ისინი ძირითად კანონებს უნდა ითვალისწინებდნენენ და არა იმ აქტებს, რომელთაც ძირითადობისა არაფერი სცხიათ.
სასამართლოები თავიანთი მიხედულობით მოქმედებენ, როცა საქმე ორ კანონს შორის დაპირისპირებას ეხება. საყოველთაოდ ცნობილი დებულება სწორედ ამ ვითარების თვალსაჩინოებას წარმოადგენს. სულაც არ არის უჩვეულო, რომ ერთდროულად არსებობდეს ორი ისეთი კანონი, რომელნიც ერთმანეთს სრულად ან ნაწილობრივ ეწინააღმდეგებიან და არც ერთი მათგანი არ შეიცავს ისეთ მუხლს ან ფორმულირებას, რომელიც მათს გაუქმებას ითვალისწინებს. ამ შემთხვევეში სასამართლო ვალდებულია ბათილად სცნოს ისინი. შემდეგ კი – ხელახლა მოახდინოს მათი ფორმულირება და ხელახლა განსაზღვროს მათი მოქმედების სფერო. ასე რომ, სამართლიანი განმარტების წყალობით შესაძლებელია ზემოაღნიშნული ორი კანონის ურთიერთმორიგება. გონება და კანონიერება სწორედ ამგვარი მორიგებისკენ მოგვიწოდებენ. თუკი ასეთი რამ შეუძლებელია, მაშინ ძალაში მხოლოდ ერთი მათგანი უნდა დარჩეს, მეორე კი უნდა გამოირიცხოს. სამართალწარმოებაში მოქმედი წესის მიხედვით, როცა საქმე იმას ეხება, თუ ორ იურიდიულ აქტს  შორის რომელია უფრო კანონიერი, უპირატესობა ბოლოს მიღებულ აქტს ენიჭება. მაგრამ ეს მხოლოდ იმ წესის გამოხატულებაა, რომელიც პრაქტიკაშია გავრცელებული და არანაირი კანონიდან ის არ გამომდინარეობს. იგი მხოლოდ  მოვლენათა განვითარების ხასიათსა და მნიშვნელობას გამოხატავს. ზემოაღნიშნული წესი არ არის დადგენილი კანონმდებელთა მიერ. უფრო მეტი, ამას ისინიც ისეთ მოვლენად განიხილავენ, რაც ჭეშმარიტებასა და ცხოვრების მოთხოვნებს შეესაბამება. ამიტომაც ხელმძღვანელობენ კანონმდებელნი ამ წესით კანონთა განმარტების საქმეში. მოსამართლეებმაც გონივრულად მიიჩნიეს ის, რომ თანაბარი ხელისუფლების მიერ გამოცემულ ურთიერთგადამკვეთ აქტებს შორის უპირატესობა იმ აქტისთვის მიენიჭებინათ, რითაც ხელისუფლების ზემოაღნიშნულმა ორგანომ ბოლოს გამოხატა თავისი ნება.
რაც შეეხება ძირეული და წარმოებული ხელისუფლების უმაღლესსა და ქვემდებარე ურთიერთგადამკვეთ აქტებს – საკითხის ხასიათისა და ლოგიკიდან გამომდინარე, უპრიანია, უპირატესობა საპირისპირო წესს მივანიჭოთ. იგი გვასწავლის, რომ უფრო მაღალი ხელისუფლების მიერ გამოცემულ პირვანდელ  აქტს უპირატესობა უნდა ენიჭებოდეს ქვემდებარე აქტთან მიმართებაში, რომელიც იერარქიულად უფრო დაბალი სამთავრობო უწყების მიერაა გამოცემული. ხოლო როცა მოცემული იურიდიული აქტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მოსამართლე ვალდებულია, ეს უკანასკნელი კანონზე მაღლა დააყენოს.
დიდი ფიქრის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოები ამა თუ იმ აქტის მიღების შეუძლებლობას მოიმიზეზებენ და არას დაგიდევენ საკანონმდებლო კრების კონსტიტუციურ განზრახვას. ადვილად გაწირავენ ამ უკანასკნელს მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებათა გულისთვის. ასეთი რამ სრულიად ადვილი შესაძლებელია მოხდეს როგორც მაშინ, როცა საქმე ორ ურთიერთგამომრიცხავ სტატუტს ეხება, ისე იმ შემთხვევაშიც, როცა სასამართლო თავის გადაწყვეტილებას  ნებისმიერ სტატუტთან მიმართებაში ღებულობს. მოსამართლენი ვალდებულნი არიან, კანონთა მნიშვნელობას განმარტავდნენ. ამიტომ როცა ისინი მსჯავრის გამოტანის ნაცვლად ნების გამოხატვას ესწრაფვიან, შედეგი იგივე იქნება: საკანონმდებლო ორგანოს შეხედულებას ისინი ადვილად გაცვლიან მთთვის ხელსაყრელ შეხედულებებზე. ყოველივე ეს კი იმას ადასტურებს, რომ სასამართლოები, საკანონმდებლო ორგანოები, ფაქტობრივად ერთი და იგივენი იქნებიან.
თუკი სასამართლოებს შეზღუდულ კონსტიტუციათა ბასტიონად მივიჩნევთ, რომელიც მათ საკანონმდებლო ორგანოთა მხრივ ხელყოფისგან იცავს, მაშინ ზემოაღნიშნული მოსაზრება იმ დებულების დამაჯერებელ საბუთად გამოდგება, რომელიც თავიანთ თანამდებობეზე მოსამართლეთა მთელი სიცოცხლის ვადით დანიშვნას ითვალისწინებს. საქმე ის არის, რომ არაფერი ისე არ უწყობს ხელს მოსამართლეთა თავისუფალი სულის გამოვლინებას, როგორც ზემოაღნიშნული ვითარება. ეს კი ეგზომ აუცილებელია მოსამართლეთათვის, რათა მათ მართებულად აღასრულონ თავიანთი უძნელესი ვალი.
მოსამართლეთა დამოუკიდებლობა, ასევე, აუცილებელია, რათა კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები იმ მტრულ განწყობათაგან იქნენ დაცულნი, რომელთაც ჟამიდან ჟამს - გარემოებათა დამთხვევის წყალობით - საზოგადოებაში ინტრიგანი ადამიანები ავრცელებენ ხოლმე. მართალია ისინი მალევე უთმობენ ადგილს უკეთეს ინფორმაციასა და აწონილ – დაწონილ მოსაზრებებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მანიც ასწრებენ ხოლმე, ბიძგი მისცენ სახიფათო ახალშემოღებებს ხელისუფლებაში, რასაც თანამეგობრობის შიგნით უმცირესობის ინტერესთა სერიოზული შევიწროება მოსდევს შედეგად. მაგრამ მე მჯერა, რომ შემოთავაზებული კონსტიტუციის მეგობრები არასოდეს დაუთმობენ მის მტრებს [3] და საფრთხის წინაშე არ დააყენებენ რესპუბლიკური მმართველობის ძირეულ პრინციპს. ამ უკანაკნელის მიხედვით კი ხალხს უფლება აქვს ცვლილებები შეიტანოს მოქმედ კონსტიტუციაში, ან შეცვალოს იგი იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ პასუხობს მისი ბედნიერების ინტერესებს. მაგრამ შესაძლოა ისე მოხდეს, რომ ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილი აჰყვეს ეფემერულ განწყობებს, რომელნიც არ შეესაბამებიან კონსტიტუციას. საქმე ის არის, რომ  ზემოაღნიშნული პრინციპი ხალხის წარმომადგენლებს ამ შემთხვევაშიც კი არ აძლევს კონსტიტუციურ დებულებათა დარღვევის უფლებას. ხოლო რაც შეეხება მოსამართლეებს, ისინი ვალდებულნი არიან არ წაუყრუონ ამგვარ  დარღვევებს და მათ იმგვარივე სერიოზულობით მოეკიდონ როგორც იმ სამართალდარღვევებს ეკიდებიან, რომელნიც საკანონმდებლო ორგანოში ფარულად ნახლართი  ინტრიგებიდან მომდინარეობენ. ვიდრე ხალხს ბრწყინვალე და ძლევამოსილი აქტით არ გაუუქმებია ან არ შეუცვლია მმართვლობის არსებული ფორმა, მანამ ეს უკანასკნელი მას კრავს როგორც ერთობას და როგორც ინდივიდუმებს. ამიტომ ხალხში არსებულ განწყობათა ვერანაირი გუმანი თუ ცოდნა ვერ გაამართლებს სახალხო წარმომადგენელთა მიერ მართვის არსებულ ფორმაზე ხელის აღებას, ვიდრე თვით ხალხს  ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტი არ მიუღია. ადვილი მისახვედრია თუ რაოდენ არაჩვეულებრივი სიმტკიცე მოეთხოვებათ მოსამართლეებს, რათა მათ სათანადოდ შეასრულონ კონსტიტუციის ერთგულ მცველთა ვალი და დაიცვან იგი საკანონმდებლო ხელისუფლების ხელყოფათაგან. ხოლო  თანამეგობრობის უმრავლესობა სწორედ ამგვარი ხელყოფისკენ უბიძგებს  მოსამართლეებს.
მაგრამ  მოსამართლეთა დამოუკიდებლობა მარტოდენ იმის გამო არ არის ეგზომ მნიშვნელოვანი, რომ თავიდან იქნეს აცილებული საზოგადოებაში გავრცელებული ცუდი განწყობილებანი, რანიც ზიანს აყენებენ კონსტიტუციას. საქმე ის არის, რომ უსამართლო და მიკერძოებულ კანონთა მიღებით მოქალაქეთა გარკვეული ფენის მხოლოდ კერძო უფლებები ირღვევა. მოსამართლეთა სიმტკიცის უზარმაზარი მნიშვნელობა  სწორედ იმაშია, რომ მოქალაქეებს სასტიკი კანონების ზემოქმედება შეუმსუბუქონ და მათი მოქმედების სფერო შეზღუდონ. ასეთი რამ არამარტო შეამცირებს უკვე მიღებულ კანონთა მიერ მოყენებულ ზიანს, არამედ იგი შემაკავებლად იმოქმედებს საკანონმდებლო ორგანოზე მის მიერ ახალი კანონების მიღების დროს. მოსამართლეთა ზედმიწევნითი წესიერება გადაულახავ დაბრკოლებად გადაეღობებათ კანონმდებლებს და ისინი იძულებულნი შეიქნებიან შეკვეცონ თავიანთი მცდელობანი, რომელნიც არასამართლიანი მოტივებით არიან ნაკარნახევნი. ეს გარემოება გათვლილი იყო იმაზე, რომ ზეგავლენა მოეხდინა ჩვენს ხელისუფლებაზე, მაგრამ ამის შესახებ ბევრმა არაფერი იცის. ის კეთილი ნაყოფი, რომელიც მოსამართლეთა ამქრის პატიოსნებასა და ზომიერებას მოაქვს, არაერთმა შტატმა იგემა. შესაძლოა, ისინი მაინცადამაინც გულზე არ ეხატებოდეს იმ ადამიანებს, რომელთაც სული მისდით მზაკვრული გეგმების ხლართვაზე, მაგრამ ნამდვილად იმსახურებენ უპირობო მოწონებას იმ ადამიანთა მხრივ, რომელნიც თავიანთი კეთილსინდისიერებითა და მიუკერძოებლობით გამოირჩევიან. ყველა მოქალაქე ვალდებულია პატივს მიაგებდეს ყოველვე იმას, რაც ხელს უწყობს მოსამართლეთა ამქარში ზემოაღწერილი განწყობის შობასა და გაძლიერებას. საქმე ის არის, რომ ხვალ შეიძლება სწორედ ის შეეწიროს მსხვერპლად უსამართლობას, ვინც დღეს მისგან ხეირს ნახულობს. თითოეული ჩვენგანი უნდა გრძნობდეს შემდეგ  რასმე: ზემოხსენებული სულისკვეთება ძირს გამოუთხრის როგორც საზოგადოებრივ, ისე პირად ნდობას, მათ ნაცვლად კი უნდობლობა და ტანჯვა დაისადგურებს.
შეუძლებელია იმის იმედი გვქონდეს, რომ თავიანთ პოსტებზე დროებით დანიშნული მოსამართლეები შეუდრეკელ სიმტკიცესა და ერთგულებას გამოიჩენენ როგორც კონსტიტუციის, ისე ცალკეული ინდივიდის უფლებათა დაცვის მხრივ.  სულერთია, ვინ განახორციელებს მოსამართლეთა პერიოდულ დანიშვნებს – ასეთი რამ დაასამარებს მათ დამოუკიდებლობას. თუ მოსამართლეთა დანიშვნის პრეროგატივა პრეზიდენტს ან საკანონმდებლო კრებას მიენიჭება, მაშინ იმ საფრთხის პირისპირ დავდგებით, რასაც ამგვარი უფლებამოსილებით აღჭურვილი ინსტანციის წინაშე მაამებლობა ჰქვია. თუ ამგვარი უფლებამოსილება როგორც ერთ, ისე მეორე უწყებას გადაეცემა, მაშინ მუდამ იარსებებს ხიფათი, რომელიც შეიძლება ერთის ან მეორის უკმაყოფილებამ გამოიწვიოს. თუ იგი ხალხს ან იმ პირებს მიენიჭება, რომელნიც მან საგანგებოდ ამ მიზნით აირჩია, ამ უკანაკნელთ ძალიან მოუნდებათ პოპულარობის მოხვეჭა. სიტყვით კი ყველა იმის მტკიცებას მოჰყვება, რომ არაფერი ამოძრავებს, გარდა კონსტიტუციასა და კანონებთან თანხმობის სურვილისა.
არსებობს კიდევ ერთი საყურადღებო მოსაზრება, რომელიც მოსამართლეთა მთელი სიცოცხლის ვადით დანიშვნას უჭერს მხარს. იგი იმ მოთხოვნათა ბუნებიდან გამომდინარეობს, რომლებიც ზემოხსენებულ თანამდებობის პირებს წაეყენებათ. ხშირად ძალზე სამართლიანად ამტკიცებენ, რომ დიდი მოცულობის კოდექსი მნიშვნელოვან უხერხულობას უქმნის მოქალაქეებს თუმცა იგი ლოგიკურად გამომდინარეობს თავისუფალი მართვის პრინციპიდან. სასამართლოების მიერ თვითნებურ გადაწყვეტილებათა თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია მათი მოქმედება მძაფრად იყოს განსაზღვრული მკაცრი წესებითა და პრეცენდენტებით, რანიც მათ მიერ გასარჩევ თითოეულ საქმეში მოვალეობაზე მითითებას და მის  დადგენას მოემსახურება. კაცობრიობის სისულელისა და სიწამხდრის წყალობით უამრავი დავა წარმოიშობა ხოლმე. ამგვარ პრეცედენტთა საოქმო ჩანაწერები წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს. მათი საქმის ცოდნით შესწავლისთვის კი საჭიროა ხანგრძლივი დრო და თავაუღებელი შრომა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში არცთუ მრავლად მოიპოვებიან ადამიანები, რომელთაც შესაძლოა პრეტენზია ჰქონდეთ მოსამართლის თანამდებობაზე. თუ ადამიანის მანკიერ ბუნებასაც გავითვალისწინებთ, ბუნებრივია, კიდევ უფრო ცოტანი დარჩებიან ისეთი პირები, რომლებიც თავიანთ თავში აერთიანებენ მოსამართლის პროფესიისთვის აუცილებელ წესიერებასა და საქმეში ჩახედულობას. ამგვარი მოსაზრებანი მოწმობენ იმას, რომ ხელისუფლებას არცთუ დიდი არჩევანი ექნება ჯეროვან კანდიდატურებს შორის. მოსამართლის თანამდებობის დროებით დაკავების პერსპექტივა კი ხალისს დაუკარგავს სარფიანი პოსტების მსურველთ და მათ აღარ მოუნდებათ ადგილი  დაიკავონ მოსამართლის მერხზე. ყოველივე ამას კი შედეგად ის მოჰყვება, რომ სამართალწარმოების საქმე ნაკლებად გაწაფული და არცთუ მომზადებული ხალხის ხელში აღმოჩნდება. ჩვენს ქვეყანაში სადღეისოდ შექმნილი მდგომარეობის გამოისობით ზემოაღნიშნულ ვითარებას ბევრად უფრო არასახარბიელო შედეგები მოჰყვება, ვიდრე, შესაძლოა, ერთი შეხედვით ჩანდეს. პირი არ უჩანს, რომ ამგვარი მდგომარეობა უახლოეს ხანში შეიცვლება. მაგრამ მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ზემოხსენებული შედეგები უფრო ნაკლები სიავის მომტანი იქნება, ვიდრე შესაძლოა მათ მოვლენათა სხვაგვარი განვითარებისას მოეტანათ.
კონვენტმა უდავოდ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო, როცა ნიმუშად აღებულ კონსტიტუციას დაესესხა და იმ კრიტერიუმად, რითაც მოსამართლის თანამდებობრივი ვადა უნდა განისაზღვროს, მისი უმწიკვლო მსახურება შემოიღო . ამიტომ კონვენტის მიერ შემუშავებულ გეგმას ასეთი რამ საძრახისად არ უნდა შეერაცხოს. პირიქით, მიუტევებელი ნაკლი იქნებოდა, თუკი მას კარგი მმართველობის ეს ეგზომ მნიშვნელოვანი ნიშანი დააკლდებოდა. დიდი ბრიტანეთის გამოცდილება ბრწყინვალედ ადასტურებს ზემოხსენებული ინსტიტუტის უპირატესობას.
პუბლიუსი


[1] სახელგანთქმული მონტესკიე მის შესახებ ამბობს: “ ზემოხსენებულ სამ ხელისუფლებათაგან სასამართლო ხელისუფლება თითქმის არაფრის ტოლია.” კანონთა გონი, ტ. I, გვ. 186.( პუბლიუსი).
[2]  იქვე, ( პუბლიუსი).
[3] იხ. პენსილვანიის შტატის კონგრესში უმცირესობის მიერ გამოთქმული პროტესტი, მარტინის მიერ წარმოთქმული სიტყვა და ა. შ. ( პუბლიუსი).

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group