ფედერალისტი # 26 : ჰამილტონი
1787 წ. 27 დეკემბერი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

ალბათ არც იყო მოსალოდნელი, რომ სახალხო რევოლუციაში ადამიანთა გონების ბედნიერების იმ ზღურბლთან შემდგარიყვნენ, რომელიც კეთილისამყოფელ საზღვარს ავლებს ძალაუფლებასა და პრივილეგიას შორის და მთავრობის ენერგიას პირადი უფლებების უსაფრთხოებასთან აერთიანებს. ამ ფაქიზსა და მნიშვნელოვან საკითხში განცდილი მარცხი იყო სწორედ იმ შეჭირვებათა ყველაზე დიდი წყარო, რომლებიც ჩვენ გადავიტანეთ. ახლა თუ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ და ძველ შეცდომებს გავიმეორებთ თუ სამომავლო მცდელობებში ჩვენს სისტემას არ გავასწორებთ და გავაუმჯობესებთ, მაშინ ერთი ქიმერული პროექტიდან მეორეზე გადავალთ, ერთ ცვლილებას მეორეთი ჩავანაცვლებთ, მაგრამ უკეთესობისკენ ერთი ნაბიჯითაც კი წინ ვერ წავიწევთ.
ეროვნული თავდაცვის უზრუნველყოფის საკითხში საკანონმდებლო ხელისუფლების უფლებამოსილებათა შეზღუდვის იდეა ერთი იმ დახვეწილობათაგანია, რომლის წარმოშობა უფრო თავისუფლებისთვის მგზნებარე თავგამოდების დამსახურებაა, ვიდრე მისი განსწავლული სიყვარულისა. მაგრამ როგორც ვნახეთ, ჯერჯერობით მან ფართო გავრცელება იმ ქვეყანაშიც კი ვერ ჰპოვა, სადაც პირველად მოევლინა ქვეყნიერებას. რამდენადმე შეწყნარებული ეს იდეა მხოლოდ პენსილვანიასა და კაროლინაშია. დანარჩენები კი მას იოტისოდენა ნდობასაც კი არ უცხადებენ. მაგრამ ნდობა ხომ სადმე მაინც უნდა სუფევდესო, – ბრძნულად განსჯიან ისინი ვისიმე ნდობის ქონა იგულისხმება სწორედ უფლებამოსილებათა დელეგირების აქტშიო მაგრამ უმჯობესია ნდობა შეირყეს, ვიდრე მთავრობა დაბრკოლდეს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნას საკანონმდებლო ხელისუფლებების უადგილო შეკვეცების წყალობითო. ამ მხრივ შემოთავაზებული კონსტიტუციის მოწინააღმდეგენი ამერიკის საყოველთაო გადაწყვეტილებას ებრძვიან. აქამდე ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში ვცვივდებოდით, – ასეთია ჩვენი მწარე გამოცდილება, მაგრამ ამ ხალხს ამან ვერაფერი ასწავლა. ამიტომაც ახლა უფრო დიდი და უსაზმნო ხიფათისკენ გვიბიძგებენ. აქაოდა, მთავრობა ტონს უწევს, იგი მეტისმეტად მკაცრიაო. ჩაგვაგონებენ: მთავრობას ხმა დავაწევინოთ, დავამშვიდოთო. საამისოდ კი ისეთ ფანდებს გვთავაზობენ, რომლებიც სხვა საკითხებთან მიმართებაში გაუკიცხავთ და მათი გამოყენებისგან თავი შორს დაუჭერიათ. მინდა ყოველგვარი გაკიცხვის  გარეშე ვთქვა: თუ პრინციპები, რომლებსაც ისინი ხალხს თავში ძალად ჩასჩიჩინებენ, ერთ მშვენიერ დღეს ამ ხალხის მრწამსად გადაიქცევიან, ისინი ჩვენს თანამემამულეებს ოდნავ სამსახურსაც კი ვერ გაუწევენ მმართველობის რამენაირი ტიპის ჩამოყალიბების საქმეში. შეუძლებელია, ამ სახის საფრთხეს არ ვითვალისწინებდეთ. ამერიკელი ხალხი ძალზე გონიერია საიმისოდ, რომ იგი ანარქიის უპირატესობაში დაარწმუნო. მაგრამ დიდ შეცდომას დავუშვებდი თუ ვიტყოდი, გამოცდილებას  საზოგადოების შეგნებაში ღრმა და ბრწყინვალე მრწამსი არ ჩაუნერგავს – მეთქი. ეს უკანასკნელი კი გვასწავლის: მთავრობის უდიდესი ენერგიაა საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოებამ კეთილდღეობასა და აყვავებას მიაღწიოსო.
ალბათ ურიგო იქნებოდა მოკლე შენიშვნა გამეკეთებინა იმის თაობაზე, თუ როგორ ჩაისახა და განვითარდა შეხედულება, რომელსაც მიზნად აქვს ის, რომ არ დაუშვას სამხედრო უწყება მშვიდობიანობის დროს. სპეკულატურ გონებაში იგი შეიძლება იმან დაბადა, რომ ამგვარ გონებას მიდრეკილება აქვს, გაიაზროს ასეთი ინსტიტუტების ბუნება და ის მისწრაფება, რომელსაც ადამიანი მათ მიმართ იჩენს. ამასათანავე ის მოვლენები გაითვალისწინოს, რომლებიც გარდასულ საუკუნეებში და სხვადასხვა ქვეყნებში მომხდარა. რაც შეეხება ეროვნულ გრძნობას, – რომელიც ასევე შეიძლება ამ შეხედულების დაბადების ადგილი იყოს, – მისი ფესვები აზროვნების იმ წეს – ჩვეულებებშია საძიებელი, რომლებსაც ის ერი მისდევდა, საიდანაც ამ შტატების მცხოვრებნი ოდესღაც გამოსულან.
ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობის შემდეგ კიდევ კარგა ხანს ამ ქვეყნის მეფეს თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქონდა. მაგრამ ერთიმეორეზე მიყოლებით მასზე იერიში ჯერ თავისუფლების წყურვილით ანთებულმა ბარონებმა მიიტანეს, შემდგომ კი ხალხმა, სანამ მას არნახულ უფლებამოსილებათა უდიდესი ნაწილი არ შემოაფცქვნეს. ხოლო 1688 წლის რევოლუციის შემდეგ, როცა დიდი ბრიტანეთის ტახტზე ორანის პრინცი ავიდა, ინგლისის თავისუფლებამ სრული გამარჯვება იზეიმა. ინგლისის მეფის შეუზღუდავ და აღიარებულ უფლებაზე ომის წარმოებისა ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ჩარლზ II – ს მშვიდობიანობის დროსაც თავის განკარგულებაში ჰყავდა რეგულარული ჯარი 5.000 კაცის ოდენობით. ხოლო ჯეიმს მეორემ იგი 30 000 კაცამდე გაზარდა, რომელსაც ჯამაგირს თავისი ცივილური ფურცლიდან უხდიდა. რევოლუციის დროს კი ესოდენ სახიფათო უფლებამოსილების გაუქმების მიზნით, უფლებათა ბილში – რომელსაც იმ დროს ადგენდნენ, – შეტანილი იქნა პუნქტი, რომლის მიხედვითაც:” მუდმივი ჯარის ფორმირება და მისი შენახვა მშვიდობიანობის დროს ეწინააღმდეგება კანონს, თუ ამაზე პარლამენტის თანხმობა არ არის”.
როცა ამ სამეფოში თავისუფლების გამალებული მაჯისცემა ისმოდა, არავის მოსვლია აზრად, გამაფრთხილებელი ზომები მიეღოთ მუდმივი ჯარის წინააღმდეგ, თუ მხედველობაში არ მივიღეთ იმას, რომ აღმასრულებელი თანამდებობის მთავარ პირს ეკრძალებოდა მარტო თავისი კომპეტენციით შეეკრიბა და შეენახა იგი. პატრიოტები, რომლებმაც ეს ღირსსახსოვარი რევოლუცია მოახდინეს, ძალზე გაწონასწორებული და განათლებული ხალხი იყო საიმისოდ, რომ გუნებაში საკანონმდებლო ხელისუფლების უფლებამოსილებათა რამენაირი შეზღუდვა გაევლო. მათ კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ აუცილებელი იყო დაცვის რამდენიმე რაზმისა და გარნიზონის ყოლა; რომ შეუძლებელია ეროვნულ მოთხოვნილებათა ზუსტი საზღვრების დადგენა; რომ ყოველი ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის მთავრობაში შესაბამისი უფლება უნდა იყოს გათვალისწინებული; ხოლო როცა საკანონმდებლო ორგანოს სამსჯავროზე მისი გამოყენების საკითხი გამოგვაქვს, სიფრთხილის ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული და დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში, რომ იგი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მოთხოვნებს შეესაბამება.
ამრიგად, ამერიკელი ხალხი, შეიძლება ითქვას,  მემკვიდრეობით ნაანდერძევი ალღოთი ხვდება იმას, რომ მშვიდობიანობის დროს მუდმივი ჯარი ხიფათს უქმნის თავისუფლებას. რევოლუციის დროს კი უკიდურესად გამახვილებულია საზოგადოებრივი მგრძნობელობა ისეთი საკითხების მიმართ, რომლებიც ხალხის უფლებათა დაცვასთანაა დაკავშირებული. ამიტომ იყო, რომ ამ მიმართებით ჩვენი თავგამოდების მხურვალება ცალკეულ შემთხვევებში დიდად სცდებოდა ხოლმე იმ ნიშნულს, რომლის ზემოთაც დაუშვებელია პოლიტიკური ორგანიზმის ტემპერატურა ადიოდეს. სწორედ ასეთ შემთხვევათა რიცხვს განეკუთვნება ორი შტატის ის მცდელობანი, რომლებიც სამხედრო უწყების პუნქტში საკანონმდელო ხელისუფლების უფლებამოსილებათა შეზღუდვას ითვალიწინებს. Pპრინციპები, რომლებმაც მემკვიდრეობითი მონარქის უფლებამოსილებათა მიმართ უნდობლობა ჩაგვინერგეს, დაუფიქრებლად გავავრცელეთ სახალხო კრებებში არჩეული ხალხის წარმომადგენლებზე. ის შტატებიც კი, რომლებსაც ასეთი შეცდომა არ დაუშვიათ, სრულიად უადგილო განცხადებებს აკეთებენ მუდმივი ჯარის თაობაზე: საკანონმდებლო ხელისუფლების თანხმობის გარეშე დაუშვებელია მისი შენახვაო ; ამგვარ განცხადებას მე უადგილოს ვუწოდებ იმიტომ, რომ არც ერთი შტატის კონსტიტუციას არ მიესადაგება ის მიზეზი, რის გამოც ინგლისის უფლებათა ბილში შესაბამისი პუნქტი შეიტანეს. ამ კონსტიტუციათა მიხედვით წარმოუდგენელია ჯარის ფორმირების უფლება სხვა რამ ორგანოს ჰქონდეს, თვინიერ საკანონმდებლო ხელისუფლებისა. ამიტომაც თუ უაზრობა არა, ზედმეტი მაინცაა იმის გამოცხადება, რომ საკითხი არ გადაწყდეს სწორედ იმ ორგანოს თანხმობის გარეშე, რომელსაც მისი გადაწყვეტა კანონით აქვს დაკისრებული. ხოლო რაც შეეხება ზოგიერთ სხვა კონსტიტუციას, ისინი ამ საკითხზე ჩუმად ყოფნას ამჯობინებენ. მათ შორის არის ნიუ-იორკის კონსტიტუციაც, რომელიც, როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში სამართლიანად არის აღიარებული მმართველობის ყველაზე საუკეთესო ფორმად, რაც კი ჩვენს ქვეყანაში არსებობს.
ყურადსაღებია ისიც, რომ ის ორი შტატი, - რომლებმაც, ეტყობა, საჭიროდ მიიჩნიეს სამხედრო უწყების აკრძალვა მშვიდობიანობის დროს, – ამ საკითხთთნ დაკავშირებით უფრო გამაფრთხილებელ გამოთქმებს იყენებს, ვიდრე ამკრძალავს. კატეგორიულად კი არ გვეუბნებიან: მუდმივი ჯარი არ უნდა იყოლიოთო , არამედ უპრიანი არ იქნებოდა მისი შენახვა მშვიდობიანობის დროსო. ტერმინთა ამგვარი ბუნდოვანება, ეტყობა, იმ კონფლიქტითაა გამოწვეული, რომელიც იჭვნეულობასა და დარწმუნებულობას შორის არსებობს. როცა დიდია სურვილი იმისა, რომ არ დაუშვა ასეთი უწყების არსებობა და თან ეჭვი გიპყრობს: ვაითუ,  მისი აკრძალვა არაგონივრული და სახიფათო იყოსო.
განა შეიძლება ეჭვის შეტანა იმაში, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება უბრალო დარიგებად განმარტავს ასეთი უსაფრთხოების ზომას და რეალური თუ მოსალოდნელი სახელმწიფოებრივი აუცილებლობის მიხედვით იმოქმედებს? განა იგი ანგარიშს გაუწევს საზოგადოებრივ ვითარებას, რომელიც გვავალდებულებს, რომ ყველა შემთხვევაში ამ უსაფრთხოების ზომიდან ამოვდიოდეთ? ამის დასტურად ის ფაქტი გამოდგება, რომელიც პენსილვანიასთან დაკავშირებით ვახსენეთ. რა ყრია (შეიძლება ვინმემ იკითხოს) ისეთ უსაფრთხოების ზომაში, რომელიც უმალვე წყვეტს  თავის მოქმედებას, როგორც კი მისი უგულვებელყოფის სურვილი იჩენს თავს?
მოდით, ეფექტურობის კუთხით ერთმანეთს შევუდაროთ ზემოაღნიშნული უსაფრთხოების ზომა და ის პუნქტი, რომელიც ახალ კონსტიტუციაშია შეტანილი და შეიარაღებული ძალების შექმნის მიზნით ფულის შესაგროვებლად ორწლიან პერიოდს ადგენს. ერთი მეტისმეტს ინდომებს და სინამდვილეში არაფერი გამოსდის; მეორე კეთილისმყოფელსა და ძლიერ ზეგავლენას ახდენს, რაკი ცდილობს,  უკიდურესობაში არ გადაეშვას და სრულად გაუწიოს ანგარიში ეროვნულ მოთხოვნილებებს.
ზემოაღნიშნული უსაფრთხოების ზომა შეერთებული შტატების საკანონმდებლო ხელისუფლებას ავალდებულებს : სულ ცოტა, ორ წელიწადში ერთხელ იმსჯელოს იმის თაობაზე,  თუ რამდენად მართებულია შეინახოს და იყოლიოს შეიარაღებული ძალები ახალი გადაწვეტილება  მიიღოს ამ საკითხზე და ამის შესახებ საკუთარი მოსაზრება ფორმალური კენჭისყრის მეშვეობით გამოუცხადოს თავის ამომრჩველს. მაგრამ მას არ აქვს უფლება , რომ აღმასრულებელ დეპარტამენტს ჯარის შესანახად მუდმივი ფონდები გამოუყოს, თუნდაც გაუფრთხილებლობა გამოიჩინოს და მისთვის  ნდობის გამოცხადების დიდი სურვილი გაუჩნდეს. მაგრამ პარტიულობის სულისკვეთება, რომელიც ცოტად თუ ბევრად ყველა პოლიტიკურ ორაგანიზიას ეუფლება, ჩვენს საკანონმდებლო ორგანოშიც შეაღწევს. უდავოდ გამოჩნდებიან პიროვნებები, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებენ ღონისძიებათა კანონიერებას და უმრავლესობას ბრალს წაუყენებენ. პუნქტი, რომელიც შეიარაღებული ძალების ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს, მაღალფარდოვანი რიტორიკის საყვარელი თემა გახდება. ამ საკითხის წამოჭრისთანავე ოპოზიციური პარტიები ყველაფერს გააკეთებენ, რომ იგი საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მოექცეს. და თუ უმრავლესობა მართლაც აპირებდა უფლებამოსილებათა გადამეტებას, საზოგდოებას შესაძლებლობა მიეცემა თადარიგი დაიჭიროს და მის წინააღმდეგ ზომებს მიმართოს. პარტიებიც რომ არ იყვნენ, თვითონ შტატის საკანონმდებლო ხელისუფლებაა თავისი ბუნებით ისეთი, რომ  იგი არათუ ფხიზლად იცავს მოსახლეობის უფლებებს ფედერალური ხელისუფლების მხრივ ხელყოფათაგან, არამედ მათი ყველაზე თავგამოდებული და მგზნებარე ქომაგიცაა. იგი ყოველთვის ყურადღებით ადევნებს თვალყურს ეროვნული მმართველების მოქმედებას და თუკი უმართებულო რამეს შეამჩნევს, უმალვე განგაშის ზარებს დაარისხებს. მზად არის, მარტოდენ ხმა კი არ იყოს ხალხის უკმაყოფილებისა, არამედ საჭიროების შემთხვევაში მის საჭურვლადაც იქცეს.
დიდ საზოგადოებებში ბევრი დროა საჭირო იმისთვის, რომ თავისუფლებათა დამხობის გეგმები მომწიფდეს. ძლიერი ჯარი, რომელსაც მათთვის სერიოზული საფრთხის შექმნა შეუძლია, ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნება, ამიტომაცაა მოსალოდნელი, რომ ამ ხნის განმავლობაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება არათუ გაურიგდეს ერთმანეთს, არამედ გარკვეული დროის განმავლობაში მუდმივ შეთქმულებადაც კი გვევლინებოდნენ. მაგრამ შესაძლებელია კი ამგვარი გარიგება? განა დასაჯერებელია, რომ იგი მაინც განაგრძობდეს არსებობას მიუხედავად იმ ცვლილებებისა, რომლებიც ორივე პალატის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ არჩევას უკავშირდებიან? განა მოსალოდნელია, რომ  ადამიანმა ეროვნულ სენატსა ან წარმომადგენელთა პალატაში არჩევისთანავე იმაზე ფიქრი დაიწყოს, თუ როგორ ჩაიდინოს ამომრჩევლისა და სამშობლოს ღალატი? განა შეიძლება იმის დაშვება, რომ ერთი მიხვედრილი ადამიანიც კი არ გამოჩნდება, რომელიც გამოამჟღავნებს ესოდენ ვერაგულ შეთქმულებას და გამბედაობა თუ პატიოსნებაც ეყოფა საიმისოდ, რომ ამის შესახებ ხალხს შეატყობინოს? თუ ასეთი ვარაუდები გამართლდება, მაშინ დაუყოვნებლივ უარი  უნდა ვთქვათ უფლებათა დელეგირებაზე. ხალხმა უკან უნდა გამოიწვიოს თავისი წარმომადგენლები, რომლებიც რაღაც მომენტში ხელიდან გაუსხლტნენ და სხვადასხვა შტატების ოლქებში უნდა გადანაწილდნენ, რათა თვითონვე მართონ თავიანთი საქმეები.
მაგრამ  ამგვარი ჩანაფიქრის ხორცშესხმა რომც მოხერხდეს, დიდი ხნით მის საიდუმლოდ შენახვას ვერ შეძლებენ. ამას ის გარემოებაც კი ადვილად გაამჟღავნებს, როცა ქვეყანაში მშვიდობა სუფევს, ჯარი კი უსაშველოდ იზრდება. განა შეიძლება დამაჯარებელი ახსნა ჰქონდეს ასეთ ქვეყანაში ჯარის უსაშველო ზრდას? ხალხის დიდ ხანს მოტყუება შეუძლებელია, შეთქმულებასაც და შეთქმულებსაც მალევე ფარადს ახდიან.
როგორც ითქვა, შეზღუდვა, რომელიც ჯარის შექმნისა და შენახვისთვის სახსრების შესაგროვებლად ორწლიან ვადას აწესებს, უსარგებლო იქნება. აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ხელისუფალი, ვის ხელშიც საკმარისი ძალაა თავმოყრილი იმისთვის, რომ ხალხს შიშნარევი კრძალვა ჩაუნერგოს,  თუნდაც იმავე შეიარაღებულ ძალებში იმის რესურსსაც გამონახავს, რომ ამ საკითხში საკანონმდებლო ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშეც ფონს იოლად გავიდეს. მაგრამ კითხვა კითხვადვე რჩება: რითია განპირობებული მშვიდობიანობის დროს ესოდენ მრავალრიცხოვანი ჯარის შენახვა? თუ დავუშვებთ, რომ იგი იმ დროს ჩამოყალიბდა, როცა შინააშლილობის ჩახშობა, ანდა ქვეყნის გარედან თავდასხმის მოგერიება იყო აუცილებელი, მაშინ გამოდის, რომ იგი მშვიდობიანობის დროს არ შეუქმნიათ და მის მიმართ სასაყვედუროც არაფერი იქნება. მხოლოდ რამდენიმე მეოცნებეს თუ მოუვა აზრად იმის მტკიცება, ჯანყის ჩასახშობად თუ თავდასხმის მოსაგერიებლად ჯარის შეკრება საჭირო არ არისო. ისეთი მრავალრიცხოვანი ჯარის აუცილებლობა, რომელიც საზოგადოების თავისუფლებას ხიფათს უქმნის, თუნდაც მისი დაცვის ამოცანით იყოს განპირობებული, სულერთია, იგი ისეთი უბედურებაა, რომლის წინააღმდეგ არც პროფილაქტიკური საშუალება არსებობს და არც სამკურნალო. მას თავიდან ვერ აიცილებს მმართველობის ვერც ერთი ფორმა. მათ შორის ვერც შეტევით -  თავდაცვითი ლიგა. კოფედერანტებსა და მოკავშირეებსაც სჭირდებათ ჯარი საერთო თავდაცვის უზრუნველსაყოფად.
მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს ბოროტება გაერთიანებულებს ბევრად ნაკლებ ვნებას მოგვაყენებს, ვიდრე დაშლილებს და გათითოებულებს. უფრო მეტიც, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ერთ მუშტად შეკრულებს იგი საერთოდ ვერაფერს დაგვაკლებს. ძნელი წარმოსადგენია, კავშირს ისეთი უსაშველო ხიფათი  დაემუქროს, რომ მან იმდენად მრავალრიცხოვანი ჯარის შეკრება გვაიძულოს,  ჩვენს თავისუფლებას უკიდურეს საფრთხეს რომ შეუქმნიდა. მით უფრო, თუ მხედველობაში მივიღებთ სახალხო ლაშქარს, რომლის შეწევნის იმედი ყოველთვის უნდა გვქონდეს, რამეთუ იგი ძალზე ფასეული და მძლავრი დამხმარე საშუალებაა.  ხოლო თუ დავიშლებით (რაც სხვაგან ნათლად ვაჩვენე), მაშინ არათუ შესაძლებელი იქნება ყოველივე ამის საპირისპირო მოხდეს, არამედ აუცილებლად მოხდება.
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group