ფედერალისტი # 52 : მედისონი
1788წ. 8 თებერვალი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

ზოგადი საკითხებიდან, რომლებიც ბოლო ოთხ წერილში განვიხილე, ხელისუფლების შემადგენელ ნაწილთა უფრო გამოწვლილვით განხილვაზე გადავდივარ. ნება მიბოძეთ, წარმომადგენელთა პალატის განხილვით დავიწყო.
უწინარეს ყოვლისა, ჩვენს თვალსაწიერში ხელისუფლების ის ნაწილი შემოდის, რომელსაც საქმე აქვს საარჩევნო ცენზების შემოღებასთან როგორც ამომრჩევლებისთვის, ისე იმათთვის, ვისაც ირჩევენ. საარჩევნო ცენზი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ამომრჩეველმა მონაწილეობა მიიღოს წარმომადგენელთა პალატის წევრთა არჩევნებში, ისეთივე უნდა, როგორიც შტატის საკანონმდებლო ხელისუფლების ყველაზე მრავალრიცხოვანი განშტოებისთვისაა დაწესებული. ხმის უფლების განსაზღვრება სამართლიანად არის მიჩნეული რესპუბლიკური ხელისუფლების ერთ-ერთ ძირეულ პუნქტად. ამიტომ კონვენტს დაევალა, იგი კონსტიტუციურად განესაზღვრა და შემოეღო. ახლახან მოხსენიებული მიზეზით, უმართებულო იქნებოდა ამ საკითხის დატოვება კონგრესის შემთხვევით დადგენილებათა ანაბარად. იმავე მიზეზით არც ის იქნებოდა მართებული, რომ ხმის უფლების განსაზღვრება ცალკეული შტატის საკნონმდებლო ნება – სურვილისთვის მიგვენდო. არსებობს ერთი დამატებითი მიზეზიც, რაც ამგვარი ქმედების მიზანშეუწონლობას განაპირობებს: ფედერალური ხელისუფლების ის შტო, რომელსაც მხოლოდ ხალხის ნება უნდა ასაზრდოებდეს, მეტისმეტად დამოკიდებული აღმოჩნდებოდა ცალკეული შტატის მთავრობაზე. თუ სხვადასხავა შტატისთვის ერთგვაროვან საარჩევნო ცენზს შემოვიღებდით, ეს ზოგიერთი შტატის უკმაყოფილებასაც გამოიწვევდა და კონვენტსაც გაუჭირდებოდა ასეთი ამოცანის გადაწყვეტა. ამიტომ უნდა ითქვას, რომ მან საუკეთესო არჩევანი გააკეთა, როცა საარჩევნო უფლების ამგვარი განსაზღვრება შემოგვთავაზა. იგი დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს ყველა შტატისთვის, ვინაიდან ორივე ნიმუშს შეესაბამება: როგორც იმას,  რომელიც ცალკეულ შტატშია შემოღებული, ისე იმასაც, რომელიც შეიძლება, შემოღებულ იქნეს. იგი უსაფრთხო იქნება შეერთებული შტატებისთვის, ვინაიდან იმას, რაც შტატის კონსტიტუციითაა დადგენილი, შტატის ხელისუფლება არ შეცვლის. რაც შეეხება შტატის მოსახლეობას, ამ მხრივაც საშიში არაფერია, ვინაიდან იგი არასოდეს შეიტანს კონსტიტუციის ამ ნაწილში იმგვარ ცვლილებას, რაც მისთვის ფედერალური კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებათა შეკვეცას გამოიწვევდა.
რაც შეეხება საარჩევნო ცენზს იმათთვის, ვისაც ირჩევენ, მისი განსაზღვრების  მიმართ ნაკლებ რუდენებასა და სიზუსტეს იჩენს ამა თუ იმ შტატის კონსტიტუცია. გარდა ამისა, ბევრად უფრო ადვილია მისი ერთგვაროვანი ნიმუშის შემოღება. ამიტომ ამ საკითხის მიმართ ჯეროვანი ყურადღება გამოიჩინა კონვენტმა და სათანადოდ  მოაწესრიგა იგი. პირი, რომელსაც სურს არჩეული იყოს შეერთებული შტატების წარმომადგენლობით ორგანოში, ოცდახუთი წლის უნდა იყოს; უნდა ჰქონდეს  შეერთებული შტატების მოქალაქეობის შვიდი წლის სტაჟი; არჩევნების მომენტისთვის  უნდა ცხოვრობდეს იმ შტატში, რომლის წარმომადგენლად ყოფნასაც აპირებს და საარჩევნო პერიოდში არ უნდა ეჭიროს სხვა რაიმე თანამდებობა შეერთებული შტატების მთავრობაში. ამგვარი გონივრული შეზღუდვები ფედერალური ხელისუფლების ამ უწყებაში გზას უხსნის ყველა ღირსეულ ადამიანს; მნიშვნელობა არ აქვს იმას, იგი შეერთებული შტატების მკვიდრია თუ მოგვიანებით მიიღო მისი  მოქალაქეობა;   ახალგაზრდაა თუ ხნიერი; ღარიბია თუ მდიდარი. მნიშვნელობა არც იმას აქვს, თუ რა რელიგიურ მრწამსს აღიარებს იგი.
მეორე თვალსაზრისი, რომლითაც შეიძლება წარმომადგენელთა პალატა განვიხილოთ, იმ საარჩევნო ვადას შეეხება, რა ვადითაც ესა თუ ის პირი ამ ორგანოში აირჩევა. იმისთვის, რომ ეს საკითხი მართებულად გადაწყდეს, აუცილებელია, იგი ორი მიმართებით განვიხილოთ. ჯერ ერთი, უნდა გამოვარკვიოთ ის, უსაფრთხო იქნება თუ არა ორწლიანი საარჩევნო პერიოდი. მეორეც, უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ამგვარი  რამ აუცილებელია, ანდა სასარგებლო.
ჯერ ერთი, თავისუფლების შესანარჩუნებლად არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ხელისუფლებას საზოგადოდ ხალხის თანაზიარი ინტერესი ჰქონდეს.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ წარმომადგენლობითი პალატა უშუალოდ იყოს დაკავშირებული ხალხთან და მისი კეთილგანწყობით სარგებლობდეს. უდავოა, რომ ხშირი არჩევნები ერთადერთი გზაა, რომელსაც ხალხზე ამგვარი დამოკიდებულებისა და მისი კეთილგანწყობის ეფექტურად უზრუნველყოფა ძალუძს. მაგრამ საქმე ის არის, რომ შეუძლებელია იმისი ზუსტი გამოთვლა, თუ სიხშირის რა ხარისხია საჭირო ამგვარი მიზნის მისაღწევად, ვინაიდან იგი სხვადასხვა გარემოებასთანაა დაკავშირებული. მოდით, გამოცდილებას დავეკითხოთ, მასზე უკეთეს მეგზურს ხომ ვერსად ვიპოვით!
ძველი პოლისები თითქმის არ იცნობდნენ წარმომადგენლობის ინსტიტუტს, რომელიც იმ ვითარების შემცვლელად გვევლინება, როცა ადამიანები პირადად იკრიბებიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მისაღებად. მხოლოდ ახალ დროში ვაწყდებით ამგვარი წარმომადგენლობის ყურადსაღებ ნიმუშებს. მაგრამ ბუნდოვანებისა და გაურკვევლობის თავიდან ასაშორებლად უპრიანი იქნება, თუ საყოველთაოდ ცნობილ მაგალითებს მოვუხმობთ, რომლებიც ყველაზე უფრო მიესადაგებიან ჩვენს შემთხვევას. უწინარეს ყოვლისა, ჩვენს ყურადღებას დიდი ბრიტანეთის თემთა პალატა იმსახურებს. ბუნდოვანებითაა მოცული, ის თუ რა გადახდა თავს ინგლისის პოლიტიკური წყობის ამ განშტოებას, ვიდრე Magna charta შეიქმნებოდა. ამიტომ, ბუნებრივია, მისგან გაკვეთილს ვერ გამოვიტანთ. პოლიტიკურ სიძველეთა მკვლევარებს ეჭვიც კი ეპარებათ იმაში, რომ ზემოაღნიშნული ინსტიტუტი საერთოდ არსებობდა უძველეს ეპოქაში. ყველაზე ადრეული წერილობითი საბუთებით დასტურდება, რომ პარლამენტის სხდომა წელიწადში ერთხელ იმართებოდა, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, ირჩევდნენ თუ არა მას ყოველწლიურად. სხდომების მოწვევაც კი მთლიანად მონარქის ნებასურვილზე იყო დამოკიდებული, მეფურ ამპარტავნებას კი საიმისო საბაბს რა გამოულევდა, რომ  სხდომები გადაედო. საქმე იქამდე მიდიოდა, რომ სხდომებს შორის შუალედები სახიფათოდ იწელებოდა. ჩარლზ მეორის მეფობის დროს, ხალხის გულისწყრომის დასაცხრომად, საგანგებო განკარგულებაც კი გამოიცა, რომლის მიხედვითაც იკრძალებოდა ის, რომ ამგვარი შუალედი სამწლიან პერიოდს გადასცდენოდა. როცა ტახტზე უილიამ III ავიდა და ხელისუფლებაში ძირეული გარდაქმნები განხორციელდა, ზემოაღნიშნული საკითხიც მეტი სიდარბაისლით განიხილეს და დაადგინეს, რომ პარლამენტის სხდომათა ხშირად მოწვევა ადამიანის ძირეულ უფლებებს განეკუთვნება. იმავე მეფის მეფობის დროს გამოიცა მეორე განკარგულებაც, რომელმაც დააზუსტა ტერმინის “ხშირად” მნიშვნელობა. Yთუ იგი ჩარლზ მეორის დროინდელი განმარტებით, სამწლიან პერიოდს მოიცავდა, ახლა მკაფიოდ იქნა მითითებული, რომ ახალი პარლამენტის სხდომა მოქმედი პარლამენტის დაშლიდან სამი წლის განმავლობაში უნდა გამართულიყო. რაც შეეხება პერიოდულობასთან დაკავშირებულ ბოლო ცვლილებას, იგი, როგორც მოგეხსენებათ, ამ საუკუნის დასაწყისში განხორციელდა, რის შედეგადაც სამწლიანი პერიოდი  შვიდწლიანით შეიცვალა. ამგვარი ცვლილება კი იმ ხმაურის ფონზე განხორციელდა, რომელიც თან ახლდა ჰანოვერის დინასტიისთვის ტახტის მემკვიდრეობით გადაცემას. ამ ფაქტებიდან ირკვევა, რომ დიდი ბრიტანეთის სამეფოში, ყველაზე დიდი შუალედი, რომელიც დასაშვებია არჩევნებს შორის, სამ წელს არ უნდა აღემატებოდეს. ეს სწორედ ის პერიოდია, რომელიც აუცილებელია, რათა სახალხო წარმომადგენლებმა ხალხთან კავშირი არ გაწყვიტონ. შვიდწლიანი პერიოდულობით ჩატარებული არჩევნების პირობებში, თავისუფლების ხარისხი, რა თქმა უნდა, მაღალი ვერ იქნებოდა. გარდა ამისა, ინგლისის საპარლამენტო მოწყობას ბევრი სხვა ნაკლიც მოეძევება, მაგრამ უდავოა ის, რომ საარჩევნო პერიოდის შვიდიდან სამ წლამდე დაწევა, სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებთან ერთად, სასიკეთოდ წაადგა თავის წარმომადგენლებზე ხალხის ზეგავლენის საქმეს. აქედან გამომდინარე, ძნელი არ არის იმ დასკვნის გაკეთება, რომ ფედერალური სისტემის პირობებში ორწლიანი არჩევნები შეუძლებელია სახიფათო იყოს იმ დამოკიდებულების შენარჩუნების თვალსაზრისით, რომელიც აუცილებლად უნდა არსებობდეს წარმომადგენლებსა და ხალხს შორის.
ირლანდიაში საარჩევნო საქმე, უკანასკნელ ხნამდე, მთლიანად მეფის ნება – სურვილზე იყო დამოკიდებული. მას ძალზე იშვიათად ატარებდნენ და იგი ახალი მბრძანებლის ტახტზე ასვლასთან, ანდა სხვა რამ განსაკუთრებულ მოვლენასთან იყო დაკავშირებული. პარლამენტი, რომელიც პირველად ჯორჯ მეორის მეფობაში იქნა არჩეული, მთელი მისი მეფობის განმავლობაში განაგრძობდა არსებობას, რამაც ოცდათხუტმეტწლიანი პერიოდი მოიცვა. ამ წარმომადგენლობითი კრების ხალხზე დამოკიდებულება მხოლოდ იმაში გამოიხატებოდა, რომ ზოგჯერ მას შესაძლებლობა ეძლეოდა, წარმოშობილი ვაკანსიების შესავსებად ახალი წევრები აერჩია. რაც შეეხება ახალ საყოველთაო არჩევნებს, მისი ჩატარების შანსი ხალხს ერთობ იშვიათად ეძლეოდა. გარდა ამისა, ირლანდიის პარლამენტი მაშინაც კი ძალზე შებოჭილი იყო ამომრჩეველთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, როცა ამის შესაძლებლობას გარემოებები იძლეოდნენ. საქმე ის არის, რომ ყველა საკითხის განხილვა მეფის უმკაცრესი მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. მაგრამ თუ არ ვცდები, უკანასკნელ ხანს ამ ორგანომ თავი დააღწია იმ ხუნდებს, რომელნიც მას ბოჭავდნენ. გარდა ამისა, შემოღებული იქნა საპარლამენტო არჩევნების რვაწლიანი პერიოდულობა. Gგამოცდილებისთვის მიგვინდვია იმის გამორკვევა, თუ რა ნაყოფს გამოიღებს ამგვარი ნაწილობრივი ცვლილებები. ირლანდიის მაგალითი, როგორც ჩანს, ნაკლებად გამოდგება ჩვენი თემის ნათელსაყოფად. მისგან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანაღა თუა შესაძლებელი. საქმე ეხება იმას, რომ მიუხედავად უამრავი არახელსაყრელი გარემოებისა, ირლანდიელი ხალხი მაინც ახერხებს თავისუფლების შენარჩუნებას. რაც შეეხება არჩევნების ორწლიან პერიოდულობას, იგი ხალხის თავისუფლებას ბევრად უკეთ უზრუნველყოფდა; თავისუფლების ხარისხი კი დამოკიდებული იქნება, იმაზე თუ რამდენად მართებულად არის აწყობილი სახალხო წარმომადგენლებსა და თვითონ ხალხს შორის კავშირი.
ნება მიბოძეთ, შინაური საქმეების გამოკვლევას მივუბრუნდე. განსაკუთრებულ ყურადღებას იმ პერიოდის ამერიკული შტატები იმსახურებენ, როცა ისინი ჯერ კიდევ ბრიტანეთის კოლონიები იყვნენ. ეს ამბები ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ამიტომ სათქმელს ორიოდ სიტყვაში ჩავატევ. ყველა შტატის საკანონმდებლო კრების ერთი განშტოება მაინც წარმომადგენლობის პრინციპს ემყარებოდა. მაგრამ თითოეულ შტატს სხვადასხვა საარჩევნო პერიოდი ჰქონდა დაწესებული. იგი ერთსა და შვიდ წელს შორის მერყეობდა. რევოლუციამდელ წარმომადგენელთა სულისკვეთება და ქცევა ნუთუ რამენაირ საფუძველს იძლევა იმისას, რომ არჩევნების ორწლიანი პერიოდულობით ჩატარება საფრთხეს შეუქმნის რესპუბლიკის თავისუფლებას? ომის დასაწყისში გამეფებული იყო ისეთი სულისკვეთება, რომელმაც ხალხს დამოუკიდებლობისკენ სავალ გზაზე აღმართული ყველა დაბრკოლება დააძლევინა. სწორედ ეს არის საუკეთესო დადასტურება იმისა, რომ საკმარისია ადამიანმა ერთხელ შეისუნთქოს თავისუფლების სურნელი, რათა მერე თავგამოდებით იბრძოლოს უფრო მეტი თავისუფლების მოსაპოვებლად. ეს შენიშვნა ყველა კოლონიაზე თანაბრად ვრცელდება: იმაზე, სადაც არჩევნები იშვიათად ტარდებოდა და იმაზეც, სადაც მას ხშირად მართავდნენ. ვირჯინია პირველი აღუდგა წინ იმ უზურპაციას, რომელსაც ბრიტანეთის პარლამენტი ახორციელებდა. მანვე პირველმა გამოსცა საჯარო აქტი, რითაც დამოუკიდებლობაზე განაცხადი გააკეთა.  თუმცა თუ ჩემს ხელთ არსებული ცნობები სწორია, – წინა ხელისუფლების დროს ამ შტატში არჩევნები შვიდ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა. ეს მაგალითი იმიტომ როდი მოვიტანე, რომ ამგვარი წყობის უპირატესობა ვამტკიცო. კარგად მესმის, რომ მსგავს პირობებში წარმატება მხოლოდ შემთხვევაზეა დამოკიდებული. მით უფრო ის არა მაქვს უზურში, რომ ვინმეს  შვიდწლიანი პერიოდულობა მოვაწონო. რა თქმა უნდა, იგი ბევრად უფრო არახელსაყრელია იმასთან შედარებით, როცა არჩევნები უფრო ხშირად ტარდება. ასე რომ, ზემოხსენებული მაგალითი მხოლოდ იმის დასტურად მომაქვს, რომ ორწლიანი საარჩევნო პერიოდულობა სრულიადაც  არ უქმნის ხიფათს ხალხის თავისუფლებას. ვფიქრობ, რომ წარმოდგენილი საბუთი დამაჯერებლად ადასტურებს ამ მოსაზრებას.
დასკვნა, რომელიც ჩვენ მიერ მოტანილი მაგალითებიდან გამომდინარეობს, სამი გარემოებითაა განმტკიცებული. ჯერ ერთი, ფედერალურ საკანონმდებლო ხელისუფლებას უმაღლესი საკანონმდებლო ძალაუფლების მხოლოდ ნაწილი გადაეცემა, მაშინ, როცა ბრიტანეთის პარლამენტი მას სრული მოცულობით ფლობს. ამგვარ ძალაუფლებას – მცირე გამონაკლისის გარდა, – განუყოფლად ახორციელებდნენ კოლონიური ასამბლეები და ირლანდიის საკანონმდებლო კრება. არსებობს ერთი ყველას მიერ აღიარებული და კარგად დაფუძნებული წესი: რაც უფრო დიდია ძალაუფლება, მით უფრო მოკლე ვადით უნდა ხდებოდეს მისი გადაცემა; და რაც უფრო ცოტაა ძალაუფლება, მით უფრო უხიფათოდ შეიძლება გახანგრძლივებული იქნეს მისი ფლობის ვადა. მეორეც, უკვე გვქონდა შესაძლებლობა გვეჩვენებინა, რომ ფედერალური საკანონმდებლო ხელისუფლება არ იქნება შეზღუდული მარტო იმით, რომ იგი, სხვა საკანონმდებლო ინსტიტუტთა მსგავსად, ხალხზე იქნება დამოკიდებული. მას მეთვალყურეობას დაუწესებს და ზედამხედველობას გაუწევს დამატებით შექმნილი რამდენიმე კომიტეტი. მესამე, რა თქმა უნდა, ფედერალური ხელისუფლების უფრო მუდმივ განშტოებებსაც ექნებათ საიმისო საშუალებანი, რომ თუკი მოინდომებენ წარმომადგენლობითი პალატის წევრები აცდუნონ და ხალხის წინაშე ვალდებულება დაავიწყონ; მაგრამ მათი შედარებაც კი არ შეიძლება იმ სახალხო წარმომადგენლებზე ზეგავლენის იმ საშუალებებთან, რომლებიც თავიანთ განკარგულებაში აქვთ იმ სახელისუფლებო უწყებებს, რომელთა შესახებაც ზემოთ ვილაპარაკეთ. ამრიგად, ფედერალურ წარმომადგენელთა ხელში უფრო ნაკლები ძალაუფლება იქნება. შესაბამისად, მათ ნაკლები შესაძლებლობა ექნებათ იმისა, რომ იგი ბოროტად გამოიყენონ. გარდა ამისა, ისინი ორმაგი ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან.
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group