ფედერალისტი # 44 : მედისონი
1788წ. 25 იანვარი
ნიუ
-
ორკის
შტატის
ხალხს
პირობათა მეხუთე
ჯგუფი, რომელიც უპირატესობას ფედერალურ ხელისუფლებას ანიჭებს, რამდენიმე შტატისთვის დაწესებულ შემდეგი სახის შეზღუდვებს მოიცავს:
1. “არც ერთ შტატს უფლება არ აქვს, დადოს ხელშეკრულება, შევიდეს ალიანსსა თუ კონფედერაციაში, გასცეს კაპერული მოწმობები და რეპრესალიების ნებართვა, მოჭრას მონეტა, გამოუშვას საკრედიტო ბილეთები, ვალი დაფაროს სხვანაირად, თუ არა ოქროსა და ვერცხლის მონეტებით, მიიღოს ბილი შერისხვის შესახებ, შემოიღოს ex post facto კანონები, ანდა ისეთი კანონები, რომლებიც ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს არღვევენ, მიანიჭოს სათავადაზნაურო წოდებები.”
რაც შეეხება ხელშეკრულებათა დადების, ალიანსებსა და კონფედერაციებში შესვლის აკრძალვას, ამას კონფედერაციის მუხლებიც შეიცავს და ვეჭვობ, ახსნა – განმარტებას საჭიროებდეს ის, თუ რატომ იქნა იგი შეტანილი ახალ კონსტიტუციაში. კაპერულ მოწმობათა გაცემაზე დაწესებული აკრძალვა ძველი სისტემის კიდევ ერთი ნაწილია, რომელიც ოდნავ გაფართოებული სახით ახალ კონსტიტუციაშიც შევიდა. კონფედერაციის მუხლების მიხედვით მათი გაცემა შტატის ხელისუფლებას შეეძლო ომის გამოცხადების შემდეგ. ახალი კონსტიტუციის თანახმად კი ამგვარ ნებართვას შეერთებული შტატების მთავრობა გასცემს როგორც ომის გამოცხადებამდე, ისე მისი გამოცხადების შემდეგ. ამგვარი ცვლილება სრულად არის გამართლებული იმ უპირატესობით, რაც თან ახლავს ერთგვაროვნებას საგარეო ურთიერთობებში. იგი ასევე განპირობებულია იმ ხალხის პასუხისმგებლობით ერის წინაშე, ვის საქციელზეც საერთაშორისო დონეზე თვითონ ერი აგებს პასუხს.
მონეტის მოჭრის უფლება, რომელიც ამიერიდან შტატებს ჩამოერთმევა, კონფედერაციის მუხლებით მათ კომპეტენციას განეკუთვნებოდა, როგორც კონგრესთან თანხვდენილი უფლებამოსილება, ოღონდ არსებობდა ერთი გამონაკილსი: კონგრესს რჩებოდა განსაკუთრებული უფლება, რომელიც ლიგატურისა და გამოშვებული მონეტის ღირებულებაზე კონტროლს გულისხმობდა. ამ მიმართებითაც ახალი დებულება ძველის მხოლოდ გაუმჯობესებული ვარიანტია. იმ დროს, როცა ლიგატურა და ღირებულება ფედერალურ კონტროლს ემორჩილება, მონეტის მოჭრაზე უფლების შტატების კომპეტენციაში დატოვება სხვას არაფერს გამოიწვევდა, თუ არა იმას, რომ გაიზრდებოდა ძვირადღირებული ზარაფხანების რაოდენობა, მიმოქცევაში არსებულ მონეტებს კი სხვადასხვა წონა და ფასი ექნებოდა. სწორედ ეს უკანასკნელი იქცა იმ უხერხულობად, რის გამოც ეს უფლებამოსილება თავიდანვე ფედერალურ ხელისუფლებას გადაეცა. ძველი სისტემა მართალია, თავიდან გვაშორებს იმ უხერხულობას, რომელიც თან ახლავს ოქროსა და ვერცხლის მონეტების კვლავჭედვაზე გადაგზავნას ფედერალურ ზარაფხანაში, მაგრამ იმავე მიზნის მიღწევა ცენტრალურ კონტროლს დაქვემდებარებული ადგილობრივი ზარაფხანების საშუალებითაც შეიძლება.
აკრძალვის გავრცელება საკრედიტო ბილეთების გამოშვებაზე თითოეულ მოქალაქეს, ვინც სამართლიანობას ეტრფის და ისიც იცის, თუ რა ასაზრდოებს საზოგადოებრივ კეთილდღეობას კმაყოფილებას უნდა ჰგვრიდეს. დანაკარგი, რომელიც ამერიკამ ზავის დადების შემდეგ, სწორედ ქაღალდის ფულის დამღუპველი ზემოქმედების შედეგად, განიცადა იმ ვალად აწევთ შტატებს მათი წინდაუხედავი ღონისძიების გამო, რომელსაც ისინი კიდევ დიდხანს ვერ გადაიხდიან; საქმე ეხება მორალურ დანაკარგს, როცა ადამიანმა ადამიანის მიმართ ნდობა დაკარგა; როცა მოსახლეობას აღარ აქვს საზოგადოებრივი საბჭოების იმედი; როცა ეჭვი იქნა მიტანილი ხალხის შრომისმოყვარეობასა და ზნეობაზე; როცა ჩრდილი მიადგა მმართველობის რესპუბლიკური ფორმისადმი ნდობას; ყოველივე ეს არათუ დავალიანება, არამედ მძიმე დანაშაულია, რომელიც თანდათანობით გროვდებოდა და რომლის გამოსყიდვაც სხვანაირად შეუძლებელია, თუ არა ისე, რომ ბრალეულმა ნებაყოფლობითი მსხვერპლშეწირვა განახორციელოს სამართლიანობის სამსხვერპლოზე. ამგვარი დამაჯერებელი მოსაზრებები ასაბუთებენ იმას, თუ რაოდენ მართებულია, როცა შტატებს ჩამორთმეული აქვთ მონეტარული საქმის მოწესრიგების უფლებამოსილება; მათ შეიძლება რამდენიმე მოსაზრებაც დავურთოთ, რომლებიც შტატებისთვის ერთი აკრძალვის აუცილებლობასაც ასაბუთებს; საქმე ეხება იმას, რომ მათ უფლება აღარ აქვთ ოქროსა და ვერცხლის მონეტები ქაღალდის ბანკნოტებით შეცვალონ. თუ თითოეულ შტატს ისეთ უფლებამოსილებას მივანიჭებდით, რომელიც მის მიერ გამოშვებული მონეტის ღირებულების განსაზღვრას ითვალისწინებს, მაშინ ქვეყანაში იმდენნაირი ღირებულების ლითონის ფული იქნებოდა, რამდენი შტატიცაა; მათ შორის ურთიერთობა დაბრკოლდებოდა; ყოველ მათგანს შეეძლებოდა ფულის კურსი რეტროსპექტულად შეეცვალა; ეს კი დააზარალებდა სხვა შტატის მოქალაქეებს; ხოლო თვითონ შტატებს შორის ხელს შეუწყობდა შუღლის გაჩაღებას. გარდა ამისა, ზიანი მიადგებოდა უცხო სახელმწიფოებსაც. ისე რომ ერთი წევრის წინდაუხედავი საქციელი მთელს კავშირს სახელს შეუბღალავდა და შარში გახვევდა. არანაკლებ უბედურებას დაიტეხდა თავს ესა თუ ის შტატი, თუკი იგი არათუ ქაღალდის ფულის გამოშვებას, არამედ ოქროსა და ვერცხლის მონეტის მოჭრას მიჰყოფდა ხელს. ამიტომაც, იმავე პრინციპიდან გამომდინარე, რაც შტატებს ქაღალდის ფულის მიმოქცევაში გაშვებას უკრძალავს, მათ ერთი ვალდებულებაც ეკისრებათ: ვალი მხოლოდ ოქროთი და ვერცხლით უნდა გაისტუმრონ.
რაც შეეხება ბილს შერისხვის შესახებ, ex post facto კანონებს და ისეთ საკანონმდებლო აქტებს, რომლებიც კონტრაქტით დაკისრებულ ვალდებულებათა სამართლებრივ ძალას არბილებენ, ყოველივე ეს ეწინააღმდეგება როგორც საზოგადოებრივი ხელშეკრულების პირველ პრინციპს, ისე საღი კანონმდებლობის ყველა საწყისს. ბილი შერისხვის შესახებ და ex post facto კანონები აკრძალულია იმ დეკლარაციებით, რომლებიც წამძღვარებული აქვს სხვადასხვა შტატის კონსტიტუციებს. ამ ძირეულ ქარტიათა სულისკვეთებისა და თვალსაწიერისთვის კი მიუღებელია ყველა ამგვარი უფლებამოსილება. მაგრამ საკუთარი გამოცდილებით ვიცით, რომ არ იქნებოდა უპრიანი, თუ უარს ვიტყოდით ამგვარი საფრთხეებისგან თავის დაცვის დამატებით ღონისძიებებზე. ამიტომ კონვენტი მართებულად მოიქცა, როცა ზემოხსენებული აკრძალვების სახით დამატებითი კონსტიტუციური სიმაგრე აღმართა, რომლის დანიშნულება სწორედაც რომ მოქალაქეთა პირადი უსაფრთხოებისა და კერძო უფლებათა დაცვაა. დარწმუნებული ვარ, კონვენტის წევრებს ამომრჩეველთა გულწრფელი სიყვარული და მათი ეჭვშეუვალი ინტერესების პატივისცემა ამოძრავებდათ. სიმშვიდის მოყვარულ ამერიკელ ხალხს თავი მოაბეზრა იმ მერყევმა პოლიტიკამ, რომელსაც სახელმწიფო დაწესებულებები ახორციელებენ. ისინი სინანულითა და აღშფოთებით ადევნებენ თვალყურს, თუ როგორ ერევიან ფხიანი და გავლენიანი საქმოსნები ადამიანის პირად უფლებებში და როგორ შეაქვთ მათში მოულოდნელი ცვლილებები; უფრო მეტი, ამგვარი ჩარევა ამ ყაიდის ხალხმა ხელობადაც კი გაიხადა. მათი მოღვაწეობის მიზანი კი სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ მახე დაუგონ საზოგადოების მუყაითსა და გაუთვითცნობიერებელ ნაწილს. ამერიკელი ხალხი იმასაც კარგად ხედავს, რომ საქმე ერთჯერადი საკანონმდებლო ჩარევით არ ამოიწურება; იგი გრძელი ჯაჭვის სახით ხორციელდება, რა დროსაც ყოველი მომდევნო ჩარევა ბუნებრივად გამომდინარეობს იმ შედეგებიდან, რაც წინამორბედმა ჩარევამ მოიტანა. ამიტომ მან მართებული დასკვნა გამოიტანა იმის თაობაზე, რომ საჭიროა ძირეული გარდაქმნა, რათა ბოლო მოეღოს საზოგადოებრივი ღონისძიებებით მანიპულირებას; რათა მთელი საზოგადოება კეთილგონიერებითა და შრომისმოყვარეობით განიმსჭვალოს; რათა საზოგადოებრივ საქმეებს სწორი და შეუქცევადი გეზი მიეცეს. რაც შეეხება პუნქტს, რომელიც თავადაზნაურულ წოდებათა მინიჭებას კრძალავს, იგი კონფედერაციის მუხლებიდანაა გადმოღებული და ამიტომ ახსნა – განმარტებას არ საჭიროებს.
2. “არც ერთ შტატს, კონგრესის თანხმობის გარეშე, უფლება არ აქვს მოსაკრებელი ან ბაჟი დაადოს ექსპორტსა თუ იმპორტს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი რამ განპირობებულია საზედამხედველო კანონთა განხორციელების აუცილებლობით; ამასთანავე, ექსპორტიდან თუ იმპორტიდან ამოღებული მოსაკრებლისა თუ ბაჟის სუფთა შემოსავალი პირდაპირ შეერთებული შტატების ხაზინაში უნდა იქნეს შეტანილი; ყველა ამგვარი კანონი კი მოწმდება და კონტროლდება კონგრესის მიერ.
არც ერთ შტატს არ აქვს უფლება კონგრესის თანხმობის გარეშე მოსაკრებელი დააწესოს ტონაჟის მიხედვით; ჯარი თუ საომარი ხომალდები იყოლიოს მშვიდობიანობის დროს; სხვა შტატთან ან უცხო სახელმწიფოსთან დადოს ხელშეკრულება; ჩაებას ომში გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი რამ განპირობებულია უშუალო თავდასხმის აუცილებლობით, ანდა როცა საფრთხე მყისიერ მოქმედებას მოითხოვს.”
პუნქტი, რომელიც შტატებისთვის იმპორტსა და ექსპორტზე უფლებამოსილებათა შეზღუდვას ითვალისწინებს, იმავე მოსაზრებებითაა ნაკარნახევი, რომელთა მიხედვითაც უპრიანია, რომ ვაჭრობის მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხები ფედერალური სტრუქტურების ხელში გადავიდეს. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვას არას ვიტყვით, ოღონდ ერთ რამეს დავძენთ: ფორმა, რითაც ამგვარი შეზღუდვაა გამოთქმული, ეტყობა, ორ რამეზეა გათვლილი. ჯერ ერთი, საქმე ეხება იმას, რომ შტატებს გონივრული თავისუფლება მიენიჭოთ ექსორტისა და იმპორტის დაბეგვრის საკითხში, რაც მის მოხერხებულ მოწესრიგებას უზრუნველყოფს; მეორეც, შეერთებული შტატების ხელში გადადის ამგვარი თავისუფლების კონტროლის მექანიზმი. ამ მუხლში შემავალი სხვა წვრილმანები ან იმდენად ნათელია, რომ ახსნა - განმარტებას არ საჭიროებენ, ანდა უკვე არიან გამოწვლილვით გარჩეულნი, ამიტომ მათ შესახებ არაფერს ვიტყვი.
რაც შეეხება უფლებამოსილებათა მეექვსე
და უკანასნელ ჯგუფს, იგი ისეთ კომპეტენციებს მოიცავს, რომლებიც ქმედითობას ანიჭებენ ყველა დანარჩენ უფლებამოსილებას.
1. “მათ შორის პირველია უფლებამოსილება იმისა, რომ გამოსცენ ყველა აუცილებელი და მართებული კანონი, მათთვის მინიჭებული ძალაუფლებისა და, ამასთანავე, იმ უფლებამოსილებათა გასახორცილებლად, რომლებიც კონსტიტუციით შეერთებულ შტატებს ენიჭებათ.”
კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტის სულ რამდენიმე პუნქტს თუ უწვნევია ისეთი გააფთრებული თავდასხმა, რაც წილად ხვდა მის სწორედ ამ ნაწილს. მაგრამ თუ სამართლიანად გამოვიძიებთ, დავინახავთ, რომ მისი შერყევა შეუძლებელია. თუ კონსტიტუციას იმ შინაარსს ამოვაცლიდით, რაც ამგვარ უფლებამოსილებაში იგულისხმება, ხელთ უსულო საგანიღა შეგვრჩებოდა. ამიტომ ყველას, ვინც ამ პუნქტის წინააღმდეგ ილაშქრებს, მხედველობაში მისი ფორმა
აქვს და მიაჩნია, რომ იგი შინაარსისთვის შეუფერებელია. მაგრამ მინდა ჩვენს ოპონენტებს ვკითხო: გიფიქრიათ კი უკეთეს ფორმაზე, რითაც უპრიანი იქნებოდა არსებულის შეცვალა?
თუმცა კონვენტს ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტის ოთხი სხვა შესაძლებლობაც ჰქონდა. ჯერ ერთი, მას შეეძლო გადაეწერა კონფედერაციის მეორე მუხლი, რომელიც კრძალავს ნებისმიერი უფლებამოსილების განხორციელებას, რაც მკაფიოდ არ არის დელეგირებული. მეორე, მას შეეძლო, უბრალოდ, პოზიტიურად ჩამოეთვალა ყველა ის უფლებამოსილება, რაც იგულისხმება ტერმინში:”აუცილებელი და მართებული”. მესამე, მის წინაშე იყო შესაძლებლობა იმისა, რომ ნეგატიური ნუსხა შეედგინა, ე.ი. ისეთი უფლებამოსილებანი ჩამოეთვალა, რანიც არ შედიან ზოგად განსაზღვრებაში. მეოთხე შესაძლებლობა კი იმას გულისხმობს, რომ საერთოდ არაფერი ეთქვა ამ საკითხის თაობაზე და “აუცილებელი და მართებული” განმარტებებისა და დასკვნების საგნად ექცია.
თუ კონვენტი პირველ შესაძლებლობას აირჩევდა და უბრალოდ კონფედერაციის მეორე მუხლს გადაიწერდა, ახალი კონგრესიც, წინამორბედთა მსგავსად, მუდამ ალტერნატივის წინაშე იდგებოდა. საქმე შემდეგ ალტერნატივას ეხება: ტერმინი “
მკაფიო
” მას ან ისეთი სიმკაცრით უნდა გამოეყენებინა, რაც არც ერთ უწყებას არც ერთი უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას არ მისცემდა, ანდა მისთვის ისე ფართო მნიშვნელობა უნდა მიენიჭებინა, რომ ყოველგვარი შეზღუდვა აზრს დაკარგავდა. თუ აუცილებელი იქნებოდა, არც იმის ჩვენება გაჭირდებოდა, რომ კონგრესი კონფედერაციის მუხლებით დელეგირებული ნებისმიერი მნიშვნელოვანი უფლებამოსილების განხორციელების დროს, ცოტად თუ ბევრად, ყოველთვის იყენებს ხოლმე
განმარტებისა
თუ
გააზრების
დოქტრინას. რაც შეეხება იმ უფლებამოსილებათ, რომელთა დელეგირებაც ახალი სისტემის მიხედვით ხდება, ისინი იმდენად მომცველნი არიან, რომ ხელისუფლებას, რომელსაც მათი განხორციელება ეკისრება, კიდევ უფრო შეაჭირვებს ამგვარი ალტერნატივა; იგი იძულებული იქნება უმოქმედობას მიეცეს და საზოგადოებრივი ინტერესი უმოქმედობით გაყიდოს; ანდა კონსტიტუციის მიმართ ძალმომრეობა გამოიჩინოს; ეს უკანასკნელი ისეთ უფლებამოსილებათა განხორციელებაში გამოიხატება, რაც, მართალია,
მკაფიოდ
დელეგირებულნი არ არიან, მაგრამ მათი აუცილებლობა და მართებულობა ეჭვს არ იწვევს.
თუ კონვენტი უფლებამოსილებათა პოზიტიური ჩამოთვლის გზას დაადგებოდა, მაშინ ამგვარ ჩამონათვალში მას ყველა ის კანონი უნდა შეეტანა, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულ თემებს შეეხება; ამასთანავე, ამგვარი კანონები მორგებულნი უნდა იყვნენ არა მარტო არსებულ რეალობაზე, არამედ ისინი იმ ვითარებასაც უნდა ითვალისწინებდნენ, რაც, შესაძლოა, მომავალში შეიქმნას. საერთო უფლებამოსილების განხორციელება ხომ
განსაკუთრებულ
უფლებამოსილებათა
გამოყენებას გულისხმობს; საერთო უფლებამოსილების
მიზანი
ხომ განსაკუთრებულ უფლებამოსილებათა
საშუალებით
მიიღწევა! საშუალებანი კი მიზნის შესაბამისად უნდა იცვლებოდნენ; ანდა მიზანი შეიძლება უცვლელი იყოს, საშუალებანი კი ცვალებადობას განიცდიდნენ.
კონვენტი არანაკლებ უაზრო ამოცანის წინაშე დადგებოდა, თუ იგი უფლებამოსილებათა ნეგატიური ჩამოთვლის გზას დაადგებოდა. ამ შემთხვევაში მას ყველა ის უფლებამოსილება უნდა ჩამოეთვალა, რომელთა განხორციელება არ არის აუცილებელი თუ მართებული იმისთვის, რომ საერთო უფლებამოსილების მიზანი იქნეს მიღწეული. ამ შემთხვევაში კონვენტი კიდევ ერთ საყვედურს დაიტეხდა თავს. სახელდობრ იმას, რომ ყოველი უფლებამოსილება, რომელიც ნეგატიურ ჩამონათვალში ვერ მოხვდება, ხელისუფლებას პოზიტიურ უფლებად შეერაცხება. ამგვარი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად კონვენტი იძულებული გახდებოდა გამონაკლისთა ნაწილობრივი ჩამონათვალით დაკმაყოფილებულიყო და დანარჩენი უფლებამოსილებანი
არააუცილებელი
თუ
არამართებული
უფლებამოსილებების საერთო სათაურის ქვეშ გაეერთიანებინა. საქმე ის არის, რომ ამგვარ Dჩამონათვალში სულ რამდენიმე – ისიც ყველაზე შეუწყნარებელი თუ მიუღებელი უფლებამოსილება მოხვდებოდა; ეგ იმიტომ, რომ ამგვარი ჩამოთვლის დროს უპირატესობა ისეთ უფლებამოსილებებს მიენიჭებოდა, რომლებიც ყველაზე ნაკლებად აუცილებელნი თუ მართებულნი არიან; ეს კი იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი არააუცილებელი და უმართებულო უფლებამოსილებანი ნაკლები კატეგორიულობით იქნებოდნენ გამორიცხულნი. ამრიგად, განზრახვა, რაც უფლებამოსილებათა ნაწილობრივ ჩამონათვალს ითვალისწინებდა, შეუსრულებელი დარჩებოდა.
თუ კონსტიტუცია ამ საკითხთან დაკავშირებით დუმილს მიანიჭებდა უპირატესობას, მაშინ მთავრობა იძულებული გახდებოდა თავისებურად განემარტა ყველა ის განსაკუთრებული უფლებამოსილება, რომელნიც აუცილებელნი არიან ზოგადი კომპეტენციის განსახორციელებლად. სამართალსა თუ გონიერებას არც ერთი წესი არ მიაჩნია უფრო დაფუძნებულად, ვიდრე ის, რომლის მიხედვითაც სადაც მიზანი არსებობს, იქვე უფლებამოსილი საშუალებანიც უნდა მოიძევებოდნენ; სადაც კი რომელიმე პირსა თუ უწყებას რაღაცის კეთების საერთო უფლებამოსილება აქვს მინიჭებული, იქვე უნდა არსებობდნენ ცალკეული საშუალებანი, რანიც აუცილებელნი არიან მის გასახორციელებლად. თუ კონვენტი ამ გზას დაადგებოდა, მაშინ მისი გეგმის წინააღმდეგ წამოყენებული ყველა შესიტყვება დამაჯერებელობას შეიძენდა, რამეთუ ყოველივე ეს ერთ რეალურ უხერხულობასთან იქნებოდა დაკავშირებული. საქმე ეხება იმას, რომ შტატის ხელისუფლებას საგანგებო ვითარებათა მომიზეზებით ყოველთვის შეეძლებოდა ეჭვი შეეტანა იმ უფლებამოსილებებში, რომლებიც საკავშირო მთავრობას გადაეცა.
შეიძლება ვინმემ ასეთი შეკითხვა დასვას: რა შედეგი მოჰყვებოდა იმას, თუ კონგრესი არასწორად განმარტავდა კონსტიტუციის ამ ნაკვეთს და ისეთ უფლებამოსილებას განახორციელებდა, რაც მისთვის არავის უბოძებია ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით? მე მას ვუპასუხებდი, რომ ამას იგივე შედეგი მოჰყვებოდა, რასაც ნებისმიერი მართებულად მინიჭებული უფლებამოსილების ცრუ განმარტება ან მეტისმეტად გაფართოება გამოიწვევდა; ანდა ეს იგივე იქნებოდა, რომ საერთო უფლებამოსილება დაგვენაწევრებინა და თითოეული მათგანის მიმართ ძალმომრეობა ჩაგვედინა. ერთი სიტყვით, ზუსტად იმავე ვითარებასთან გვექნებოდა საქმე, როცა შტატის ხელისუფლება არღვევს მისთვის მინიჭებულ კონსტიტუციურ კომპეტენციებს. უწინარეს ყოვლისა, უზურპაციის წარმატება დამოკიდებული იქნებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სასამართლოზე, რაკი მათ საკანონმდებლო აქტთა განმარტება და ამოქმედება ევალებათ. საბოლოო გადაწყვეტილება კი მაინც ხალხზეა, ვინაიდან სწორედ ხალხია ის, ვისაც უფრო პატიოსან წარმომადგენლთა არჩევის გზით უზურპატორთა მიერ მიღებული ყველა კანონის გაუქმება ხელეწიფება. მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ ხერხს უფრო შტატის ხელისუფლება გამოიყენებს, ვიდრე ფედერალური მთავრობა. ამას კი ერთი მარტივი მიზეზი აქვს; სახელდობრ ის, რომ ფედერალური ხელისუფლების მიერ მიღებული ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი თუ ნებისმიერი ახალშემოღება შტატის მთავრობის მიერ შეიძლება, მის კომპეტენციაში შეჭრად იქნეს აღქმული; მას ყოველთვის შეუძლია განგაშის ზარები დაარისხოს და ხალხი ფეხზე დააყენოს, რასაც შედეგად ის მოჰყვება, რომ იგი გამოცვლის კონგრესში მის მიერ არჩეულ წარმომადგენლებს. უფრო ის არის მოსალოდნელი, რომ ამა თუ იმ შტატის კონსტიტუციის დარღვევა შეუმჩნეველი დარჩეს და მისი გამოსწორება ვეღარ მოხერხდეს; ამის მიზეზად კი ის ვითარება მოგვევლინება, რომ შტატის საკანონმდებლო ხელისუფლებასა და ხალხს შორის არ არსებობს მოსაშუალე რგოლი, რაც ამ უკანასკნელს პირველზე მეთვალყურეობის განხორციელების შესაძლებლობას მისცემდა.
2. “შეერთებული შტატების წინამდებარე კონსტიტუცია და კანონები, რანიც მან უნდა შეასრულოს; ასევე ყველა ის ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ან აწი დაიდება შეერთებული შტატების სახელით, ქვეყნის უზენაესი კანონებია; და ყველა მოსამართლე ვალდებულია დაიცვას ისინი, თუნდაც ამა თუ შტატის კონსტიტუცია თუ კანონმდებლობა საპირისპირო პუნქტებს შეიცავდეს.”
კონსტიტუციის მოწინააღმდეგენი ამ პარაგრაფსაც კადნიერი თავგამოდებით ეკვეთნენ; არადა, მის გარეშე იგი აშკარად ნაკლოვანი და არასრულყოფილი იქნებოდა. უფრო ნათლად რომ გავითავისოთ ის, თუ რა ვითარებასთან გვექნებოდა საქმე თუ კონსტიტუციიდან ამ პარაგრაფს ამოვიღებდით, ერთი წუთით ასეთი რამ წარმოვიდგინოთ: შესაბამისი მუხლით უზრუნველყოფილია შტატის კონსტიტუციის უზენაესობა.
უწინარეს ყოვლისა, გაბათილებული იქნებოდა ყველა უფლებამოსილება, რაც გაწერილი არ არის კონფედერაციის მუხლებში, მაგრამ გათვალისწინებულია ახალი კონსტიტუციით. ამის მიზეზი კი ის იქნებოდა, რომ ამა თუ იმ შტატის კონსტიტუციით შტატის საკანონმდებლო ხელისუფელბას სრული სუვერენიტეტი ენიჭება ყველა შემთხვევაში, თუ ასეთი რამ კონფედერაციის მუხლებით არ არის გამორიცხული. ეს კი იმის მიზეზი გახდებოდა, რომ ახალი კონგრესი მისი წინამორბედივით უძლური თუ უსუსური იქნებოდა.
მეორეც, საქმე ის არის, რომ ზოგიერთი შტატი აშკარად და სრულად არ აღიარებს არსებული კონფედერაციის უფლებამოსილებებს და ეჭვიც კი შეაქვს მისი კანონების უზენაესობაში. ამიტომ ბუნებრივია, რომ ეს შტატები სადავოს გახდიდნენ ყოველ უფლებამოსილებას, რომელსაც შემოთავაზებული კონსტიტუცია ითვალისწინებს.
მესამე, ცნობილია, რომ სხვადასხვა შტატის კონსტიტუციები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამიტომ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ საერთო – ეროვნული მნიშვნელობის მქონე რომელიმე კანონი ან ხელშეკრულება აღიარებული იქნეს ზოგიერთი შტატის მიერ, დანარჩენებმა კი არ აღიარონ იგი. საქმე გვექნებოდა ისეთ ვითარებასთან, როცა ერთსა და იმავე კანონს იურიდიული ძალა ექნება ზოგიერთ შტატში, დანარჩენებში კი იგი ამგვარ ზეგავლენას მოკლებული იქნება.
დაბოლოს, კაცობრიობა პირველად იხილავდა ხელისუფლებას, რომელიც ისეთ საწყისებს ეფუძნება, რანიც ძირეულად ეწინააღმდეგებიან პოლიტიკური ძალაუფლების ძირეულ პრინციპებს. თითოეული ჩვენგანი დაინახავდა თუ საზოგადოება, როგორც მთელი, როგორ დადის მისი შემადგენელი ამა თუ იმ ნაწილის ჭკუაზე. ჩვენ წინაშე წარმოდგებოდა ურჩხული, რომლის თავი იქეთკენ მიემართება, საითკენაც მას მისი უზარმაზარი სხეულის ესა თუ ის ასო მიუთითებს.
3. “სენატორები და წარმომადგენლები, შტატის საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების მოხელეები როგორც ცალკეული შტატის, ისე შეერთებული შტატების დონეზე ვალდებულნი არიან ფიცი ან პირობა დადონ, რომ დაიცავენ წინამდებარე კონსტიტუციას.
შეიძლება ვინმემ იკითხოს: რად არის აუცილებელი, რომ შტატის თანამდებობის პირებმა ფედერალური კონსტიტუციისადმი ერთგულებაზე დაიფიცონ, მაშინ, როცა შეერთებული შტატების თანამდებობის პირს შტატის კონსტიტუციისადმი ერთგულებაზე დაფიცება არ ევალება?
ასეთი რამ შეიძლება რამდენიმე მიზეზით აიხსნას. მე იმით შემოვიფარგლები, რომ ერთ-ერთ ამ მიზეზთაგანს მოვიტან, რომელიც ყველაზე ნათელია და დამაჯერებელი. ფედერალური ხელისუფლების წევრებს საქმე არ აქვთ იმასთან, თუ როგორ განხორციელდება ამა თუ იმ შტატის კონსტიტუცია. რაც შეეხება შტატის ხელისუფლების წევრებს, მათზე არსებითად არის დამოკიდებული ფედერალური კონსტიტუციის ამოქმედება. შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და სენატის წევრების არჩევა წარმოუდგენელია სხვადასხვა შტატის საკანონმდებლო ხელისუფლების გარეშე. რაც შეეხება წარმომადგენლობით პალატას, მისი არჩევის პრეროგატივაც, უწინარეს ყოვლისა, იმავე ხელისუფლების ორგანოებს ენიჭებათ. ამგვარ არჩევნებს – ამა თუ იმ შტატის კანონმდებლობის ბაზაზე _ ყოველთვის ადგილობრივი თანამდებობის პირები წარმართავენ.
4. არსებობს რამდენიმე დებულება, რომელიც აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების სფეროს განეკუთვნება, მაგრამ ქმედითობას ანიჭებს ფედერალურ ხელისუფლებას. თუმცა ისინი განსაკუთრებულ განხილვას იმსახურებენ და მათ შესახებ ამჟამად არაფერს ვიტყვი.
ამრიგად, ეს – ესაა გამოწვლილვით განვიხილეთ ყველა ის მუხლი, რომელიც ფედერალური ხელისუფლებისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა მოცულობასა და ერთობლიობას შეეხება. ყოველივე ამან კი ერთ საყურადღებო დასკვნამდე მიგვიყვანა: ყველა უფლებამოსილება აუცილებელი თუ მართებულია იმ მიზანთა მიღწევის თვალსაზრისით, რომელიც დასახული აქვს საკავშირო ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, შეკითხვა იმის თაობაზე, თუ რა მოცულობის უფლებამოსილებათა მინიჭება იქნებოდა უპრიანი, შემდეგნაირად ჩამოყალიბდება: აუცილებელია თუ არა ისეთი ხელისუფლების დაარსება, რომელიც საკავშირო მოთხოვნილებათა თანაზომიერი იქნება; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას იმის თაობაზე, საჭირო არის თუ არა კავშირის შენარჩუნება.
პუბლიუსი