ფედერალისტი # 72 : ჰამილტონი
1788წ. 19 მარტი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

მთავრობის მიერ განხორციელებული ადმინისტრირება, თუ მას ფართო აზრით გავიგებთ, – ყველა სახელმწიფო უწყების ფუნქციონირებას მოიცავს, სულერთია, თუ რომელ სფეროს განეკუთვნება იგი, საკანონმდებლოს, აღმასრულებელს თუ სასამართლოს. მაგრამ იგი, ჩვეულებრივ, იმ დეტალებით შემოიფარგლება ხოლმე, რომლებიც მხოლოდ აღმასრულებელი დეპარტამენტის კომპეტენციაში შედის. შესაძლოა, ეს სამთავრობო ადმინისტრირების ზუსტი განსაზღვრებაც კი იყოს. უცხო სახელმწიფოებთან მოლაპარაკებათა წარმოება, ფინანსური გეგმების მომზადება, სახელმწიფო ფულის მოხმარება და მიზნობრივი ხარჯვა საკანონმდებლო ხელისუფლების ზოგად ასიგნებათა შესაბამისად, არმიისა და ფლოტის მშენებლობა, საომარი ოპერაციების წარმართვა როგორც ჩანს, ყველაზე მართებულად გაგებული სახელმწიფო ადმინისტრირება ამ და სხვა ამგვარ საქმეებს მოიცავს. რაც შეეხება პიროვნებებს, რომლებსაც მათი ხელმძღვანელობა აქვთ მინდობილი, ისინი უპრიანია, უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლის თანაშემწეებად თუ მოადგილეებად განიხილებოდნენ. ამიტომ ამ ხალხს თანამდებობებზე პრეზიდენტი უნდა ნიშნავდეს. სულ ცოტა, ის მაინც არის უპრიანი, რომ თანამდებობებზე მათი კანდიდატურები პრეზიდენტმა წამოაყენოს და მის უშუალო ხელმძღვანელობას დაუმორჩილოს. თუ საკითხს ამ კუთხით შევხედავთ, უმალვე დავინახავთ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირის თანამდებობაზე ყოფნის ვადასა და იმ სტაბილურობას შორის, რომლითაც ადმინისტრაციის სისტემა უნდა ხასიათდებოდეს, არსებითი კავშირი არსებობს. პოლიტიკური მემკვიდრე თავის უნარსა და დამსახურებას ხშირად სწორედ იმით ზომავს, თუ როგორ შეძლო მან ყოველივე იმის შეტრიალება და გადაკეთება, რაც მას წინამორბედი პოლიტიკური ხელისუფლისგან  მემკვიდრეობით ერგო. ამასთანავე, როცა პოლიტიკური მემკვიდრე თანამდებობას საზოგადოებრივი არჩევნების შედეგად იკავებს, იგი ერთ რამეშია დარწმუნებული: მისი წინამორბედის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ მის მიერ მიღებული ზომები საზოგადოებაში მოწონებით არ სარგებლობდა. ამიტომ ამგვარი ხელისუფალი ფიქრობს, რომ იგი ამომრჩევლის თვალში მით უფრო მოსაწონი გახდება, რაც უფრო ნაკლებად დაემგვანება მის წინამორბედს. ამგვარი მოსაზრებანი, იმ პირთა გავლენასთან ერთად, რომლებიც პრეზიდენტის ნდობით სარგებლობენ და მისდამი ერთგულებით არიან გამსჭვალულნი, უთუოდ, ყოველ ახლადარჩეულ უმაღლეს აღმასრულებელ ხელისუფალს იქითკენ უბიძგებენ, რომ მან მისდამი დაქვემდებარებულ თანამდებობებზე თავისი კადრები დანიშნოს. ყოველივე ეს კი საკმარისი საფუძველი იქნება იმისთვის, რომ სამთავრობო ადმინისტრაციაში გამუდმებული ცვალებადობის საძრახისი და დამღუპველი პრაქტიკა გაბატონდეს.
პრეზიდენტის ხელახალი ვადით არჩევა, ჩემი აზრით, სწორედ ის გარემოებაა, რომელიც თანამდებობაზე მისი ყოფნის ხანგრძლივობას უკავშირდება. ეს უკანასკნელი აუცილებელია, რათა თნანმდებობის პირს იმის ხალისი მიეცეს, რომ გაბედულად იმოქმედოს და პირნათლად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. ამასთანავე, საზოგადოებას დრო და მოცალეობა ეძლევა საიმისოდ, რომ თვალყური მიადევნოს მისი მოღვაწეობის მიმართულებას და მის მიერ გაკეთებული საქმეების მიხედვით შეაფასოს, თუ რამდენად ღირსეულია იგი. თანამდებობაზე ხელახალი ვადით არჩევა კი აუცილებელია, რათა ხალხს – რომელიც მართებულად მიიჩნევს თანამდებობის პირის მიერ წარმოებულ პოლიტიკას, საშუალება მიეცეს იმისა, რომ თავის პოსტზე დატოვოს იგი. ამით ამ უკანასკნელს შესაძლებლობა მიეცემა იმისა, რომ სრულად მოახმაროს საზოგადოებას თავისი ნიჭი და სიქველე; ხელისუფლება კი იმ უპირატესობას შეიძენს, რომ მას ადმინისტრაციის მდგრადი და ბრძნული სისტემა ექნება. 
ერთი შეხედვით, თითქოსდა არაფერი უნდა იყოს უფრო დამაჯერებელი, ვიდრე ის გეგმა, რომელიც ჩვენ მიერ განსახილველ საკითხს უკავშირდება და რომელსაც პატივცემული ადამიანების Mმთელი წყება უჭერს მხარს. საქმე იმ მოსაზრებას ეხება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი თავის პოსტზე მხოლოდ გარკვეული ვადით უნდა იმყოფებოდეს. ამგვარი ვადის ამოწურვისთანავე იგი განსაზღვრული დროით ანდა სამუდამოდ უნდა იქნეს გადაყენებული თანამდებობიდან. მაგრამ საქმე ის არის, რომ ამგვარ დროებითსა თუ სამუდამო გადაყენებას ერთი და იგივე შედეგები მოჰყვება. ეს უკანასკნელნი კი დიდწილად დამღუპველნი იქნებიან და არა კეთილმყოფელნი. ამიტომცაა, რომ ზემოხსენებული გეგმა მხოლოდ ერთი შეხედვითაა დამაჯერებელი. მაგრამ საკითხში უფრო ღრმად თუ ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ იგი ძალზე ცუდადაა დასაბუთებული.
ერთი დამღუპველ შედეგთაგანი, რომელიც ამგვარ გადაყენებას მოჰყვება ის არის, რომ თანამდებობის პირს კარგი საქციელის ხალისი წაერთმევა. ძალზე ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც სათანადო გულმოდგინებას გამოიჩენს მისდამი დაკისრებული მოვალეობების აღსრულების საქმეში, როცა იცის, რომ განსაზღვრული პერიოდის შემდეგ მას ხელიდან გამოეცლება ის უპირატესობანი, რანიც თანამედებობაზე მის ყოფნასთან არიან დაკავშირებულნი. მაგრამ სრულიად განსხვავებულ ვითარებასთან გვაქვს საქმე, როცა თანამდებობის პირს ერთი იმედი ასულდგმულებს: კვლავაც მიეცეს ზემოაღნიშნულ უპირატესობათა მოხვეჭის შესაძლებლობა, თუკი დაიმსახურებს იმას, რომ ხალხმა თანამდებობაზე ყოფნის ვადა გაუხანგრძლივოს. ამგვარი მოსაზრება არ უნდა იყოს საკამათო, თუკი მიჩნეულია, რომ გასამრჯელოს მიღების სურვილი ადამიანური ქცევის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მოტივთაგანია. ხალხისადმი ერთგულება კი ყველაზე საიმედოდ მაშინ არის უზრუნველყოფილი, როცა თანამდებობის პირის ადამიანური ინტერესი და მისი თანამდებობრივი მოვალეობა ერთმანეთს ემთხვევა. დიდების სიყვარული სწორედ ის ვნებაა, რომელიც ყველაზე კეთილშობილ ადამიანებსაც კი მნიშვნელოვან და ძნელ წამოწყებათა ხორცშესასხმელად აღძრავს. ამ უკანასკნელთა მოსამწიფებლად და განსასრულებლად კი საჭიროა გარკვეული დრო. ბუნებრივია, როცა ადამიანს ეიმედება იმისა, რომ კიდევ დიდხანს მოუწევს თანამდებობაზე დარჩენა, იგი მონდომებას არ აკლებს წამოწყებულ საქმეს. მაგრამ როცა მან წინასწარ იცის, რომ განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ თანამდებობაზე დარჩენის შანსი არ აქვს, იგი გულს იცრუებს ხოლმე ამ უკანასკნელზე. მით უფრო, როცა წარმოიდგენს, რომ იგი შეიძლება, ისეთი რეპუტაციის ადამიანთა ხელში ჩავარდეს, რომელთაც არ ძალუძთ ბოლომდე მიიყვანონ მის მიერ დაწყებული საქმე და მტრულადაც კი იყვნენ განწყობილნი მის მიმართ. დიდი – დიდი, რასაც შეიძლება, მსგავს მდგომარეობაში ადამიანებისგან მოველოდეთ, ის არის, რომ ისინი საქმეს არ დააზარალებენ, ნაცვლად იმისა, რომ ღირსეულად მოიქცნენ და  კარგი საქმეები აკეთონ.
თანამდებობიდან გადაყენების კიდევ ერთი დამღუპველი შედეგი ის არის, რომ იგი ადამიანში ისეთ ცდუნებათა აღძვრას უწყობს ხელს, რომელნიც მას სიხარბის, ხაზინის ქურდობისა და ზოგჯერ უზურპაციისკენაც კი უბიძგებენ. როცა თანამდებობაზე ხარბი ადამიანი იმყოფება და მან წინდაწინვე იცის, რომ ადრე თუ გვიან მასზე უარის თქმა მოუწევს, რაც თანამდებობასთან დაკავშირებულ უპირატესობებზე ხელის აღებას მოასწავებს, იგი არაფერზე დაიხევს უკან, ოღონდ კი ბოლომდე იგემოს მისი სიტკბოება. ამგვარ ადამიანს სინდისის ქენჯნა არ შეაწუხებს და ყველაზე ბინძურ ზომებს მიმართავს, რომ რაც შეიძლება მსუქანი ლუკმა იგდოს ხელთ იმ მოკლე დროის განმავლობაში, რა ვადითაც იგი თანამდებობაზე იმყოფება. მაგრამ თუ იმავე ადამიანს სრულიად სხვა პერსპექტივა გადაეშლება თვალწინ, მაშინ შესაძლოა, იგი თავის პოსტთან დაკავშირებულ დამატებით შემოსავლებს დასჯერდეს და გულმა თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისკენ აღარც კი გაუწიოს. მისი სიხარბე სიხარბითვე უნდა იქნეს დაძლეული. წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი ადამიანი სიხარბესთან ერთად ამპარტავნებითა თუ პატივმოყვარეობითაც გამოირჩევა, მაშინ იგი არაფერს დაიშურებს, რათა სანიმუშო საქციელით გაიხანგრძლივოს დიდების კვრცხლბეკზე ყოფნა. იგი არაფრით დაუშვებს, რომ დიდებისა და პატივისადმი მისწრაფება სარგებლის მოპოვებისადმი მადას ანაცვალოს. მაგრამ თუ მას მუდამ თვალწინ ექნება თანამდებობიდან სამიდღემჩიო გადაყენების პერსპექტივა, მასში იმ ზომამდე იმძლავრებს სიხარბისადმი ვნება, რომ იგი სიფრთხილის გრძნობასაც იავარქმნის და მედიდურობისა თუ პატივმოყვარეობის განცდასაც.
პატივმოყვარე ადამიანი, როცა იგი დიდების შარავანდედშია გახვეული, წინდაწინვე ჭვრეტს იმ წამს, ოდეს მას ამ ზღაპრული სიმაღლიდან სამარადჟამოდ დაშვება მოუწევს. იგი ხვდება, რომ ვერაფერი იხსნის ბედის ამგვარი უკუღმართობისგან. ამ ვითარებაში კი მას გაასკეცებული ცდუნება შეიპყრობს იმისა, რომ გარემოებათა დამთხვევით ისარგებლოს და თანამდებობრივი ძალაუფლება გაიხანგრძლივოს. საამისოდ იგი არაფერზე დაიხევს უკან და ბევრად უფრო დიდ შემართებასაც გამოიჩენს, ვიდრე მაშინ გამოიჩენდა, თუკი იმის შესაძლებლობა მიეცემოდა, რომ იმავე მიზნისთვის თანამდებობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების წყალობით მიეღწია.
წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ქვეყნის გზებზე უკმაყოფილო მოჩვენებებივით  დარიალობს ექვსიოდე ადამიანი, რომელნიც საკმაო ნდობით სარგებლობენ ხალხში საიმისოდ, რომ მათ უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლის პოსტი დაიკავონ. ნაცვლად ამისა, ისინი ოხვრით შენატრიან იმ თანამდებობას, რომლის კვლავ დაკავებასაც აწი ვეღარასოდეს ეღირსებიან. ნუთუ ამგვარი ვითარება წაადგება როგორც საზოგადოების მშვიდობასა, ისე ხელისუფლების სტაბილურობას? 
მესამე დამღუპველი შედეგი თანამდებობიდან როგორც გარკვეული ვადით, ისე სამიდღემჩიო გადაყენებისა სწორედ ისაა, როცა საზოგადოებას ერთმევა შესაძლებლობა იმისა, რომ იმ გამოცდილებით იხეიროს, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დაუგროვებია. ძველი თქმულების თანახმად, სწორედ გამოცდილებაა სიბრძნის დედა. ამ გამონათქვამის ჭეშმარიტებას ყველა აღიარებს, ბრძენი იქნება ის თუ უბირი. ნუთუ არსებობს სხვა რამ თვისება, რომელიც მეტადრე სასურველი ან აუცილებელი იყოს ეროვნული ხელისუფლების მესვეურთათვის? ნუთუ ბრძნული იქნებოდა თუკი კონსტიტუციურად ავკრძალავდით ამგვარი თვისების გამოყენებას, რაკი მის მფლობელს ვაიძულებდით, სამიდღემჩიოდ დაეტოვებინა ის თნამდებობა, რომელთან შეგუებასაც მან მთელი თავისი ძალ – ღონე მოახმარა? ადამიანები სწორედ რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში იძენენ სათანადო გამოცდილებას, რაც შემდგომში საზოგადოების სასიკეთოდ უნდა გამოიყენონ. ამიტომ არ იქნებოდა  გონივრული, თუკი მათ ასეთ რამეს ავუკრძალავდით და ამ მიზნით თანამოქალაქეთა საარჩევნო ნებას გამოვიყენებდით.
მეოთხე სავალალო შედეგი, რაც თანამდებობიდან გადაყენებას მოაქვს, ის არის, რომ ამით უარს ვამბობთ ისეთ ადამიანებზე, რომელთა ყოფნას ამა თუ იმ პოსტზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა საზოგადოებრივი ინტერესისა თუ უსაფრთხოებისათვის ქვეყნისთვის ყველაზე საგანგებო მდგომარეობებში. არ არსებობს ისეთი ქვეყანა,  რომელსაც თავისი არსებობის ამ თუ იმ პერიოდსა თუ ამ თუ იმ გარემოებაში განსაკუთრებული ნიჭისა და გამოცდილების მქონე ადამიანთა  სამსახური არ დასჭირვებოდა. ნუ ჩამითვლით გადაჭარბებად თუ ვიტყვი, რომ ამგვარ ადამიანებზე ჟამიდან ჟამს ამ თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური არსებობაც კი არის დამოკიდებული. და რაოდენ უგუნური იქნებოდა ნებისმიერი დადგენილება, რომელიც საზოგადოებას თავისი მოქალაქეების ნიჭისა და გამოცდილების გამოყენებას აუკრძალავდა! საქმე ხომ იმ მოქალაქეებს ეხება, რომელთა თანამდებობაზე ყოფნაც ყველაზე საშურია ქვეყნის მოთხოვნილებებიდან და მასში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე! არაფერს ვამბობ ამა თუ იმ ადამიანის პიროვნულ ღირსებაზე, მაგრამ ცხადია, რომ ომის გაჩაღებისას ან სხვა რამ ამგვარი კრიზისის  დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის გადაყენება თანამდებობიდან თანამეგობრობისთვის დამღუპველი იქნებოდა, თუნდაც მისი შემცვლელი მისებრ ღირსეული პიროვნება ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ქვეყანას ხეირს არ დააყრიდა, თუ გამოცდილებას გამოუცდელობით ჩავანაცვლებდით და ადმნისტრაციის ფეხმოკიდებულ წყობას წყალს გავატანდით.
მეხუთე დამღუპველი შედეგი თანამდებობიდან გადაყენებისა ისაა, რომ კონსტიტუციურად იკრძალება ადმინისტრაციაში გარკვეული სტაბილურობის მიღწევა. ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობიდან ადამიანების გადაყენების აუცილებლობა , შემოღებულ ზომათა ცვლილებასაც აუცილებლობით განაპირობებს. ვინაიდან არ არის მოსალოდნელი ის, რომ ადამიანი შეიცვალოს, ზომები კი უცვლელნი დარჩნენ. სინამდვილეში ამის საწინააღმდეგო რამ ხდება ხოლმე. და ცვლილების შანსიც რომ იყოს, არ უნდა ვუფრთხოდეთ იმას, რომ  მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია მეტისმეტად მდგრადი იქნება. არ არის საჭირო ადამიანებს იმის შესაძლებლობა წავართვათ, რომ მათ მათთვის სასურველ პირებს ხელახლა გამოუცხადონ ნდობა.  მით უფრო, როცა ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მათი ნდობა საიმედო ხელშია. ამით ადამიანებს  თავიდან ავაცილებდით დამღუპველ რყევებს ქვეყნის ხელისუფლებაში და სახელმწიფო პოლიტიკის არასასურველი ცვლილებებისგანაც დავიცავდით. 
ასეთია ზოგიერთი იმ დანაკარგთაგანი, რაც ქვეყანას მიადგება, თუ ის პრინციპი განხორციელდა, რაც თანამდებობიდან სამიდღემჩიო გადაყენებას ითვალისწინებს. ქვეყანა, რა თქმა უნდა, ძალზე ბევრს წააგებს, თუ ამ უკანასკნელ პრინციპს  ხორცი შეესხა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თანამდებობიდან შეზღუდული ვადით გადაყენებაც კი მასზე კვლავ დაბრუნებას ძალზე შორეული მომავლისა და  უიმედო საქმედ აქცევს, ჩემ მიერ გამოთქმული მოსაზრებანი სრულად მიეყენება როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევას.
რომელია ის უპირატესობანი, რანიც ამგვარი ზარალის ანაზრაურებას გვპირდებიან? ისინი შეიძლება შემდეგნაირად იქნენ წარმოდგენილნი: ჯერ ერთი, თანამდებობის პირს უფრო დიდი დამოუკიდებლობა ეძლევა. მეორეც, უფრო საიმედოდ არის დაცული ხალხის უსაფრთხოება. თუ საქმე თანამდებობიდან სამიდღემჩიო გადაყენებას ეხება, მაშინ, რა თქმა უნდა, აზრი ეკარგება იმ უპირატესობას, რომელიც სახელმწიფო მოხელის თანამდებობრივ დამოუკიდებლობას ითვალისწინებს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, მას განა არ ექნება ისეთი მიზნები, რანიც მის თანამდებობრივ თვალსაწიერს სცდებიან და რომელთაც იგი თავის თანამდებობრივ დამოუკიდებლობას ანაცვალებდა? ნუთუ მას არ ექნება ნათესაური კავშირები ანდა მეგობრები არ ეყოლება, რომელთა გულისთვისაც იგი უყოყმანოდ გაიღებდა ამგვარ მსხვერპლს? ნუთუ არ არის შესაძლებელი, რომ  მას თავისი მტკიცე საქციელით არ უნდოდეს პირადი მტრების გაჩენა? განა მან არ იცის, რომ შორს არ არის წამი, როცა იგი არათუ ასეთსავე, არამედ უარეს მდგომარეობაშიც ჩავარდება, როცა იგი არათუ შესაძლებელია იქცეს, არამედ უნდა იქცეს კიდეც უკმაყოფილების საგნად? ამიტომ ერთობ ჭირს იმის გადაჭრით თქმა,  ამგვარი რამ ხელს შეუწყობს, თუ ზიანს მიაყენებს მის თანამდებობრივ დამოუკიდებლობას.  
რაც შეეხება მეორე სავარაუდო უპირატესობას, მასთან მიმართებაში ეჭვის უფრო დიდი საფუძველი არსებობს. თუ საქმე სამიდღემჩიო გადაყენებაზე მიდგა, მაშინ ადამიანი, რომელსაც უკიდეგანო პატივმოყვარეობა ამოძრავებს (და ყველაზე მეტად სწორედ ასეთ ადამიანს უფრთხიან ხოლმე), ვერაფრით შეეგუება თავისი პოსტის სამუდამოდ დაკარგვის პერსპექტივას. – პოსტისა, რომლის მიერ მინიჭებული ძალაუფლებისა და უპირატესობის წყალობით, მას ძვალსა და რბილში გასჯდომია მისდამი დაუოკებელი ვნება. თუ მას ბედმა გაუღიმა და ხალხის კეთილგანწყობასაც გამოჰკრა ხელი, ეს უკანასკნელი გულისამრევ და უსამართლო შეზღუდვად ჩათვლის ყოველგვარ აკრძალვას, რომელიც მის რჩეულს თავისი ერთგულების კვლავ გომოჩენის შესაძლებლობას მოუსპობდა. ძნელი არ არის იმის წარმოდგენა, თუ რაოდენ ხიფათს შეუქმნის საზოგადოების თავისუფლებას ხალხის ამგვარი აღშფოთება, მით უფრო, როცა ამას მისი რჩეულის დაუოკებელი პატივმოყვარეობაც ზედ ერთვის. რა თქმა უნდა, ზემოხსენებლი ხიფათი მოსატანიც კი არ არის იმ საშიშროებასთან, რის წინაშეც საზოგადოება მაშინ დადგებოდა, თუ ვინმე თავისი თანამდებობის გამარადაჟამებას  კონსტიტუციურ პრივილეგიათა ფარგლებში – თავისუფალი არჩევნების წყალობით მოიწადინებდა.
გატყლარჭული ვითომ ჭკვინურობით გამოირჩევა ის იდეა, რომლის მიხედვითაც ხალხს ეკრძალება, თანამდებობაზე ყოფნის ვადა გაუგრძელოს იმ ადამინს, რომელიც მას თავისი ნდობის ღირსად მიუჩნევია. საუკეთესო შემთხვევაში ამგვარი მოსაზრება მხოლოდ სპეკულატური და საეჭვო უპირატესობის მქონეა, ხოლო ის ზიანი, რომლის მოტანაც მას შეუძლია, ბევრად უფრო უტყუარი და საბედისწეროა.
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group