ფედერალისტი #11 : ჰამილტონი
24 ნოემბერი, 1787
ნიუ-იორკის შტატის ხალხს
იმის გამორკვევა, თუ რა მნიშვნელობა აქვს კავშირს აღებმიცემობის დაწინაურებისათვის, ერთი იმ საკითხთაგანია, რომლის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არაფერს მოგვცემს. პირიქით, იგი უპირობო თანხმობას იმსახურებს იმ ადამიანთა მხრივ, რომლებიც საქმეში ჩახედულნი არიან. იგივე უნდა ითქვას როგორც უცხო ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობის, ისე იმ დამოკიდებულებაზეც, რომელიც ერთმანეთს შორის გვაქვს.
უკვე შეიმჩნევა ნიშნები იმისა, რომ იმ შემმართებელმა სულისკვეთებამ, რომლითაც გამოირჩევა ამერიკის კომერციული ხასიათი, მშფოთვარე გრძნობები აუშალა ევროპის ზოგიერთ საზღვაოსნო სახელმწიფოს. ისინი შიშს შეუპყრია, რაკი ჰხედავენ, რომ განუხრელად იზრდება ჩვენი წილი საზღვაო აღებმიცემობაში. ეს უკანასკნელი კი მათ იმ ბურჯად დაუგულვებიათ, რომელსაც მათი ზღვაოსნობა და საზღვაო ძალმოსილება ემყარება. მათ შორის ისეთებიც არიან, ამერიკის კონტინენტზე კოლონიებს რომ ფლობენ. Mმათაც ელეთმელეთი მოსდით იმის შემყურეთ, თუ რარიგ მძლავრი სახელმწიფო შეიძლება დადგეს ჩვენგან. ისინი წინასწარ გრძნობენ იმ საფრთხეებს, რასაც მათ სამფლობელოებს ისეთი სახელმწიფოების მეზობლობა უქადის, იგივე მიზნები რომ აქვთ და იმგვარსავე შესაძლებლობებს ფლობენ, ძლევამოსილი საზღვაო სახელმწიფოს შესაქმნელად რომაა საჭირო. ასეთი განწყობილებანი კი იმის მომასწავებელია, რომ ისინი ყოველმხრივ შეუწყობენ ხელს იმგვარი პოლიტიკის ჩამოყალიბებას ჩვენ შორის შუღლის ჩამოგდებაზე რომაა გათვლილი, რათა ზღვაზე ჩვენივე ხომალდებით აქტიური აღებმიცემობა აგვიკძალონ. ეს სახელმწიფოები ამ გზით სამკეცი მიზნის მიღწევას ესწრაფვიან. ჯერ ერთი, ცდილობენ, ხელი აგვაღებინონ იმ განზრახვაზე, რომ მონაწილეობა მივიღოთ ნაოსნობაში, თავისად რომ დაუგულვებიათ. ასევე, იმ სარგებლის მიტაცება ეოცნებებათ, რომელიც ჩვენს ვაჭრობას მოაქვს. დაბოლოს, ერთი სული აქვთ, ფრთები შეაკვეცონ ჩვენს აღმაფრენას, რომელიც მათ ხიფათს უქადის. კეთილგონიერებას რომ არ ვუწევდეთ ანგარიშს, არც ისე რთულია იმის ფაქტებით დადასტურება, რომ ამგვარ პოლიტიკას ამ სახელმწიფოების მინისტრთა კაბინეტებში თხზავენ.
თუკი გაერთიანებაზე მიმართულ ძალისხმევას არ შევანელებთ, მაშინ სხვადასხვა საშუალებებსაც ადვილად გამოვძებნით, რომ წინ აღვუდგეთ ჩვენდამი ეგზომ მტრულად მომართულ პოლიტიკას. უპრიანი იქნებოდა, ამერიკის მთელ ტერიტორიაზე შემოგვეღო აკრძალვები, რომლებიც ჩვენს ბაზარზე უცხო სახელმწიფოთა შემოსვლის წესებს დაადგენდნენ. ამას, ვინძლო, მათ შორის დაპირისპირება გამოეწვია: ამერიკის ბაზარზე შეღწევის პრივილეგიის მოპოვება სხვამ არ დაგვასწროსო. ეს რომ მოგონილი შესაძლებლობა არ არის, ყველა დაგვიდასტურებს, ვისაც ძალუძს სათანადოდ შეაფასოს ის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბაზარი, სამ მილიონ ადამიანს რომ მოიცავს ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც საბაზრო საქონელს აწარმოებს. საქმე ის არის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კვლავაც მზარდი ტემპით მატულობს. მისი დიდი ნაწილი კი სოფლის მეურნეობას მისდევს და არც მომავალში აპირებს მისთვის თავის დანებებას. ასეთი სახელმწიფოსთვის, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა ექნება იმ განსხვავებას, რომელიც ქვემორე ორ მდგომარეობას შორის არსებობს. ერთია, როცა უცხო ქვეყანასთან აღებმიცემობას შუამავლის გარეშე და შენი საკუთარი ხომალდებით აწარმოებ და სრულიად სხვა რამაა, როცა საზღვაო გადაზიდვებს, როგორც ამერიკაში ისე ამერიკიდან სხვისი მეშვეობით და ისიც უცხო ქვეყნის ხომალდებით ახორციელებ. ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკას ისეთი მთავრობა ჰყავს, რომელსაც ძალა შესწევს, დიდ ბრიტანეთს (რომელთანაც ჯერჯერობით არა გვაქვს სავაჭრო ხელშეკრულება) განუცხადოს: დროა, შენმა ხომალდებმა ამერიკის პორტებიდან გუდა-ნაბადი აიკრანო. რა ზეგავლენას მოახდენდა ეს ნაბიჯი დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაზე? განა ეს გზას არ გაგვიხსნიდა ერთობ წარმატებული მოლაპარაკებებისკენ იმის თაობაზე, რომ ამ სამეფოს სამფლობელოებში ვაჭრობის ეგზომ სანუკვარი და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოგვეპოვებინა? ამგვარი შეკითხვები სხვა გარემოებებში ადრეც დასმულა. მათზე დამაჯერებელი პასუხებიც გაცემულა. თუმც კი ისინი სათანადოდ დასაბუთებულნი, და ამ აზრით მისაღებნი, არა ყოფილან. ამბობდნენ, ამით ოდნავადაც ვერ ვაიძულებთ დიდ ბრიტანეთს პოლიტიკა შეცვალოსო; ჩვენთან ვაჭრობაში მოსაშუალე ქვეყნად იგი ჰოლანდიას გამოიყენებსო; მისი უშუალო მუშტარები ჰოლანდიელები იქნებიან და ჩვენს ბაზარზე გამოსატანი საქონლის საფასურს მათგან აიღებენო, მაგრამ განა იგი მატერიალურად ერთობ ბევრს არ დაკარგავს იმით, რომ საკუთარ საქონელს სხვა ქვეყანას გადააზიდვინებს ნაცვლად იმისა, რომ იგი თვითონ გადაზიდოს? განა ჰოლანდიელები თავიანთ ჯიბეში არ გადაქაჩავენ იმ სარგებლის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც მას ამ ვაჭრობიდან უნდა მიეღო? და განა ისინი ამას მათ მიერ გაწეული მომსახურებისა თუ რისკის საფასურად არ ჩათვლიან? განა იმ ერთი შეხედვით უბრალო გარემოებას, რომელსაც გემების დაქირავება ჰქვია, არ შეუძლია ქვეყანას დიდი დანაკლისი განაცდევინოს? განა იმით, რომ დიდ ბრიტანეთს ვაჭრობის ასეთ შემოვლით გზებს მოვახვევთ თავს, მის კონკურენეტებს ხელ-ფეხი არ გაეხსნებათ? თუკი ბრიტანული საქონლის ფასებს ავწევთ ჩვენს ბაზრებზე, განა ამით ამ სახელმწიფოს მეტოქეთა ხელში არ აღმოჩნდება ბრიტანული აღებმიცემობის ერთობ სარფიანი დარგი?
თუ საკითხს გულდასმით განვიხილავთ, მაშინ ადვილად მივხვდებით, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია ყოველივე ამას დიდი ბრიტანეთისთვის. საქმე ის არის, რომ ბრიტანელი ხალხის უდიდესი ნაწილი ამერიკასთან ვაჭრობას უჭერს მხარს. ამას ისიც ემატება, რომ ვესტ ინდოეთის კუნძულებს გული აქვთ გაწყალებული ამ ქვეყანასთან ვაჭრობით. ყოველივე ეს დაასუსტებს დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ სისტემას. ჩვენ კი ხელ-ფეხი გაგვეხსნება, რათა ამ კუნძულების ბაზრითაც ვიხეიროთ და სხვა ქვეყნების ბაზრებზეც ფეხი მოვიკიდოთ. ამით კი ჩვენი ვაჭრობა დიდ ხეირს ნახავს. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ბრიტანეთის მთავრობის მიმართ ასეთი პოზიციისგან სარგებლის მიღება გაჭირდება, თუ ამავდროულად ჩვენს ბაზრებზე მას გარკვეულ შეღავათებსაც არ დავუწესებთ. სხვა სახელმწიფოებიც ამგვარი პოლიტიკიდან სათანადო გაკვეთილს გამოიტანენ, თუკი არ უნდათ ჩვენი ბაზრიდან გაძევების სიმწარე იწვნიონ.
ფედერალური სამხედრო - საზღვაო ფლოტის შექმნა კიდევ ერთი საშუალებაა იმისა, რომ ზეგავლენა მოვახდინოთ იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ევროპული სახელმწიფოები ჩვენი ქვეყნის მიმართ ატარებენ. უეჭველია, რომ თუკი კავშირს შევინარჩუნებთ და განვამტკიცებთ, უახლოეს მომავალში საზღვაო ფლოტსაც შევქმნით. შესაძლოა, მან მეტოქეობა ვერ გაუწიოს დიდ საზღვაო სახელმწიფოებს, მაგრამ საკმარისად ძლიერი იქნება საიმისოდ, რომ საჭიროების შემთხვევაში საკადრისი მიუზღოს ჩვენს მოშურნეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფედერალური საზღვაო ფლოტის ყოლა ვესტ ინდოეთში წარმოებულ მოქმედებებთან დაკავშირებით. რამდენიმე სახაზო ხომალდსაც კი ძალა შესწევს, მნიშვნელოვნად გააძლიეროს როგორც ერთი, ისე მეორე დაპირისპირებული მხარის პოზიცია. ეს კი საკმარისი იქნება მთელი კამპანიის ბედის გადასაწყვეტად. ამასთან კი ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებია დაკავშირებული. ისე რომ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა პოზიციას დავიკავებთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვესტ ინდოეთის საბრძოლო თეატრი ჩვენი ქვეყნიდან მარაგდება. ყოველივე ეს კი ერთობ ხელსაყრელ პირობებს გვიქმნის საიმისოდ, რომ ხელი გამოვკრათ ჩვენთვის ფრიად სასარგებლო კომერციულ პრივილეგიებს. ამით არა მარტო მეგობრობა, არამედ ნეიტრალიტეტიც დაგვიფასდება. თუკი განუხრელად მხარს დავუჭერთ კავშირის ჩამოყალიბებას, მაშინ ვერაფერი დაუდგება წინ ჩვენი იმედის ახდენას, _ ევროპულ სახელმწიფოთა არბიტრად ვიქცეთ ამერიკის კონტინენტზე. ამ ქვეყნებს შორის არსებულ ინტერესთა ბალანსს მსოფლიოს ამ ნაწილში ისე შევცვლიდით, როგორც ამას ჩვენი ქვეყნის ინტერესები მოითხოვენ.
მაგრამ თუ ასე არ მოვიქცევით და უარს ვიტყვით იმაზე, რაც ჩვენთვის ეგზომ სასურველია, მაშინ ქიშპობის სული გაინავარდებს დაპირისპირებულ მხარეთა შორის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბუნების მიერ ჩვენთვის ბოძებული ყველა წარმტაცი უპირატესობა გავერანდება. არადა რა ახლოს ვიყავით იმასთან, რომ ყოველივე ამით აუწონელი სარგებელი გვენახა. ამ სიტუაციაში კი, როცა ყველა ყველას წინააღმდეგ ომობს და ჩვენი შიში არავის აქვს, ჩვენი აღებმიცემობის საქმე, სავსებით შესაძლებელია, ნებისმიერი დაპირისპირებული მხარის უტიფარ ინტერესებს შეეწიროს. უმოწყალოდ დაიწყებენ ჩვენი ქონების ძარცვა-გლეჯას. წარბსაც კი არ შეიხრიან, ისე მიიტაცებენ მას და ისე დაიკმაყოფილებენ თავიანთ სურვილებს, რომ ამის გამო ოდნავადაც არ შეაწუხებთ სინდისის ქეჯნა. ნეიტრალური ქვეყნის უფლებებს მხოლოდ მაშინ სცემენ პატივს, თუ მათ სათანადო ძალა იცავს. სუსტ ქვეყანას იმის უფლებაც კი ჩამორთმეული აქვს, რომ ნეიტრალური იყოს.
თუკი ძლიერ ეროვნულ მმართველობას ჩამოვაყალიბებთ, მაშინ ჩვენი ქვეყნის მთელი ბუნებრივი სიმძლავრე და რესურსები ჩვენივე საერთო ინტერესების დაცვაზე იქნება მიმართული. სწორედ ასე მოვახერხებთ ყველა იმ მზაკვრული გეგმის ჩაფუშვას, რომლებსაც ჩვენი ევროპელი მოშურნეები აწყობენ ჩვენი წინსვლის შესაფერხებლად. ეს კი არადა, მათ სურვილიც კი წაუხდებათ ამგვარი გეგმების შედგენისა, ვინაიდან სრულიად აშკარა იქნება ის, რომ არც ერთ მათგანს წარმატებით განხორციელება არ უწერია. თუ ყველაფერი ასე წარიმართა, მაშინ აღებ-მიცემობის გამოცოცხლება, ნაოსნობის გაცხოველება და ფლოტის აღორძინება როგორც მორალური, ისე ფიზიკური აუცილებლობის გამოხატულება იქნება მხოლოდ და მხოლოდ. ჩვენ შეიძლება არად მივიჩნიოთ წვრილფეხა პოლიტიკანთა ხრიკები, მაგრამ უარს ვერ ვიტყვით იმაზე, რომ ვაკონტროლოთ, ანდა შევასწოროთ ბუნებრივი განვითარების განუხრელი და უცილობელი გეზი.
მაგრამ თუკი დავქუცმაცდებით, მაშინ წინ ვერაფერი დაუდგება იმას, რომ ჩვენ წინააღმდეგ მომართული ყველა მზაკვრული გეგმა წარმატებით განხორციელდეს. საზღვაო სახელმწიფოები ისარგებლებენ ჩვენი საერთო დასუსტებით და თავს პოლიტიკური არსებობის მათთვის სასურველ პირობებს მოგვახვევენ. მათი საერთო ინტერესია ჩვენი საზღვაო ტვირთების გადაზიდვა. უფრო მეტი, ისინი ძალისხმევას არ დაიშურებენ საიმისოდ, რომ არაფრით დაუშვან ჩვენი ხომალდებით მათი ტვირთების გადაზიდვა, რათა შეაფერხონ და საბოლოო ჯამში, ჩაშალონ კიდეც ჩვენში სამხედრო - საზღვაო ფლოტის მშენებლობა. ისე რომ, მათ მზაკვრულ გეგმებში პასიური
ვაჭრობისთვის
ვართ განწირულნი. იძულებულნი ვიქნებით ჩვენი საქონლის წმინდა ფასით დავკმაყოფილდეთ იმის შემყურენი, თუ როგორ ისქელებენ ჯიბეს ჩვენი მტრები და მდევნელები ჩვენივე ვაჭრობიდან მიტაცებული სარგებლით. ამერიკელი სოვდაგრები და ზღვით მოგზაურნი ხომ ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავიანთი სწორუპოვარი ფხიანობით. მაგრამ თუ გონს არ მოვეგეთ, ხელიდან გამოგვეცლება და გაქრება ის, რაც ჩვენი ეროვნული სიმდიდრის ამოუწურავი წყაროა. ჩვენს ქვეყანას სიღატაკე და სირცხვილი დარევს ხელს. არადა, თუკი სიბრძნეს გამოვიჩენთ, მთელი მსოფლიოს აღფრთოვანებას გამოვიწვევთ და ყველასთვის საშურველი შევიქმნებით.
არსებობენ უფლებები, რომლებიც ცალკეული შტატისა კი არ არის, არამედ ამერიკის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს, უფლებებს წარმოადგენს. თევზის რეწვის უფლებაზე მოგახსენებთ. იგივე ითქმის დასავლეთის ტბებსა და მისისიპზე ნაოსნობის უფლებათა შესახებაც. თუკი კონფედერაცია დაიშლება, ამ უფლებათა შენარჩუნების შესახებ ერთობ მგძნობიარე საკითხებიც უმალვე წამოიჭრება. უფრო ძლიერ ჩვენს პარტნიორებს კი, ალბათ, არაფერი დაუშლის, ისინი ჩვენს საზიანოდ არ გადაწყვიტონ. ალბათ, არ არის საჭირო კომენტარი იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება ესპანეთის პოზიცია მისისპთან მიმართებაში. საფრანგეთსა და ბრიტანეთს ჩვენებრ თევზის რეწვის ინტერესი ამოძრავებს.
ამას ხომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნაოსნობის განვითარებისთვის. ბუნებრივია, ისინი დიდხანს ვერ დარჩებიან გულგრილნი იმ უპირატესობის მიმართ, რომელსაც აღებმიცემობის ეს დარგი იძლევა. მისი მნიშვნელობა კი გამოცდილებით არის დადასტურებული. სწორედ იმან, რომ ამ დარგში გაბატონებული მდგომარეობა გვიკავია, შესაძლებლობა მოგვცა, დაბალ ფასად გაგვეყიდა ჩვენი საქონელი და ჩვენი კონკურენტები პირში ჩალაგამოვლებულები სწორედ რომ მათსავე ბაზრებზე დაგვეტოვებინა. განა არის რამე იმაზე ბუნებრივი, რომ ეს ქვეყნები ეგზომ სახიფათო კონკურენტების თავიდან მოშორებას შეეცდებიან?
არ იქნებოდა უპრიანი, აღებმიცემობის ეს დარგი ისეთ რამედ განგვეხილა, რითაც ერთმა რომელიმე შტატმა უნდა იხეიროს. მასში მონაწილეობის მიღება და აქედან ხეირის ნახვა ყველა საზღვაოსნო შტატს უნდა შეეძლოს. იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი უფრო დიდ კაპიტალს ჩადე-ბენ ამ საქმეში, შესაფერისი სარგებელიც, ბუნებრივია, არ დააყოვნებს. ამჟამად კი აღებმიცემობის ეს დარგი მეზღვაურთა გაწვრთნის სკოლაა მხოლოდ, მაგრამ მოვა დრო და ამა თუ იმ შტატის მეზღვაურები უფრო სფუძვლიანად შეითვისებენ ზღვაოსნობის პრინციპებს. მაშინ კი იგი საერთო ეროვნულ საგანძურად გადაიქცევა. ასეთი რამ აუცილებელია ფლოტის ასაშენებლად.
ჩვენი კავშირი მრავალნაირად შეუწყობს ხელს იმ დიადი ეროვნული მიზნის მიღწევას, რასაც სამხედრო
-
საზღვაო
ფლოტის
შექმნა
ჰქვია. ყოველი დაწესებულება იმ რესურსების რაოდენობისა და თვისებრიობის პირდაპირ _ პროპორციულად ვითარდება, რომლებსაც მის შესაქმნელად და მხარდასაჭერად იყენებენ. შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტი კი ისეთი დაწესებულებაა, რომელიც ყველა შტატის რესურსების მობილი-ზებას მოითხოვს. ამიტომაც შეუძლებელია იგი ერთი რომელიმე შტატის ან თუნდაც ცალკეული კონფედერაციის საქმე იყოს. ნაწილობრივი რესურსები ვერაფრით გაწვდება საერთო - ეროვნულ საკეთებელს. საქმე ის არის, რომ კონფედერაციული ამერიკის სხვადასხვა ნაწილი თავისებურად იხეირებს ფლოტის მშენებლობით. უფრო შორეული სამხრეთის შტატები გემთმშენებლებს დიდი რაოდენობით მოაწვდიან ისეთ მასალას, როგორიც ფისი, კუპრი და სკიპიდარია. იქაური მერქანიც ფრიად გამძლე და მტკიცეა. ჩვენი საზღვაო ფლოტის ძლიერებისა და ეკონომიკის აღმავლობისთვის კი ძალზე დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რამდენად გამძლენი იქნებიან ჩვენი ხომალდები. თავის მხრივ კი ეს, მნიშვნელოვანწილად, სამხრეთიდან მოწოდებულ ხე-ტყეზე იქნება დამოკიდებული. რამდენიმე სამხრეთული და ცენტრალური შტატი საუკეთესო ხარისხის რკინას აწარმოებს. ბუნებრივია, ფლოტის მშენებლებს რკინას სწორედ ისინი მიაწვდიან. მეზღვაურებს უმთავრესად კი ჩრდილოეთის შტატებიდან ჩამოიყვანენ. ალბათ, ისედაც ცხადია ის, რომ საგარეო თუ საზღვაო ვაჭრობას დაცვა სჭირდება. სამხედრო-საზღვაო ფლოტის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ესაა. ალბათ იმაზეც არ ღირს სიტყვის ჩამოგდება, რომ თავის მხრივ, აღებმიცემობის განვითარების გარეშე სამხედრო-საზღვაო ფლოტის აღორძინებაც წარმოუდგენელია. ეს ორი რამ თავისებურ ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან და ხელს უწყობს ერთმანეთის განვითარებას.
თვითონ შტატებს შორის შეუზღუდავი ურთიერთკავშირი წინ წაწევს ვაჭრობის საქმეს თითოეულ მათგანში. ამას ხელს შეუწყობს ის, რომ საშინაო ბაზარზე ერთი შტატი ისეთ საქონელს გამოიტანს, რომელიც მეორე შტატის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას მოემსახურება. ასევე წაადგება ვაჭრობის განვითარებას თითოეული შტატის მიერ დამოუკი-დებლად წარმოებული ექსპორტი, ანუ საგარეო აღებმიცემობა. Qქეყნის ყველა ნაწილში გაცხოველებული აღებმიცემობის შემსწრენი გავხდებით. საქონლის თავისუფალი მიმოქცევა მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გააცხოველებს და უფრო ენერგიულს გახდის მას. კომერციულ თაოსნობას ბევრად უფრო ფართო გასაქანი მიეცემა. მისი წყარო კი საქონლის ის მრავალფეროვანი ნაკადი იქნება, რომელიც სხვადასხვა შტატებიდან მოედინება. თუკი მოუსავლიანობა, ან მწირი მოსავალი ქვეყნის ერთ რომელიმე ნაწილში ძირითადი პროდუქტის კლებას გამოი-წვევს, მას ქვეყნის სხვა, უფრო უხვმოსავლიანი ნაწილი შეეწევა. საექსპორტო საქონლის მრავალფეროვნებაც მისივე ღირებულებაზე ნაკლებ როდი უწყობს ხელს საგარეო ვაჭრობის გამოცოცხლებას. მისი საქმე ბევრად უფრო კარგად მიდის მაშინ, როცა ხელთა გვაქვს დადგენილი ფასის მქონე ბევრი საქონელი, ვიდრე მაშინ, როცა ფასი იგივე რჩება საქონელი კი – ცოტაა. ამის მიზეზი აღებმიცემობისთვის ნიშანდობლივი კონკურენცია და ის მერყეობაა, ბაზარს რომ ახასიათებს. ერთი რომელიმე სახეობის საქონელზე ხან, შესაძლოა, დიდი მოთხოვ-ნილება იყოს, მაშინ, როცა სხვა რომელიმე არ საღდებოდეს. მაგრამ თუკი ბაზარზე ნაირ – ნაირი საქონელია გამოტანილი, მაშინ ძნელად თუ რამე დააბრკოლებს აღებმიცემობას, სავაჭრო გარიგებებსაც ვერაფერი შეუ-შლის ხელს და სტაგნაციასაც თავიდან ავიშორებთ. გამჭრიახი სოვდაგარი უმალვე ჩასწვდება ამგვარ დაკვირვებათა ჭეშმარიტებას. მას არც იმის მიხვედრა გაუჭირდება, რომ შეერთებული შტატების მთლიანი სავაჭრო ბალანსი ყველასთვის ბევრად უფო ხელსაყრელი იქნება, ვიდრე მხოლოდ ცამეტი შტატის, ანდა რამდენიმე ნაწილობრივი გაერთიანებისა.
ამაზე, შესაძლოა, შემოგვესიტყვონ: სულერთია, შტატები შეერთებულნი იქნებიან თუ დანაწევრებულნი, მათ შორის გაცხოველებული ურთიერთობა შესაძლებელს გახდის იმავე მიზნების მიღწევასო. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამგვარი ურთიერთობა შეიძლება სხვადასხვა მიზეზით დააბკოლდეს, ჩაიშალოს, ანდა შევიწროებულ იქნეს. Eამგვარი მიზეზები გამოწვლილვით იქნა განხილული ჩვენ მიერ. გარდა ამისა, კომერციული თუ პოლიტიკური მიზნების ერთობას ხომ ერთიანი მმართველობა განაპირობებს.
იგივე საგანი შეიძლება სხვა კუთხითაც იქნეს განხილული. ამგვარი განხილვა კი შეიძლება უფრო გასაოცარიც იყოს და დიდი აღრფთოვანებაც გამოიწვიოს. მაგრამ ასეთი რამ შორეულ მომავალში გაგვიტყუებდა და ისეთ საკითხებზე მოგვიწევდა მსჯელობა, საგაზეთო დისკუსიის ფარგლებს რომ გვარიანად სცდება. Oერთი სიტყვით, ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა და იტერესები გვაგულიანებს, რათა ამერიკული საქმისა და მისი პოლიტიკური სისტემის აღმავალობა ვირწმუნოთ. საქმე ისაა, რომ დღევანდელი მსოფლიო, როგორც პოლიტიკურად, ისე გეოგრაფიულად, ოთხ ნაწილად იყოფა. ოთხივე მათგანს ინტერესთა თავისი საკუთარი წრე აქვს. ევროპას, დანარჩენი სამი ნაწილის საუბედუროდ, გაბატონებული მდგომარეობა უჭირავს. რა გზით მოიპოვა მან ეს? სამხედრო ძალითა და ხელშეკრულებებით, ძალმომრეობითა და თაღლითობით. აფრიკამ, აზიამ და ამერიკამ ერთიმეორეზე მიყოლებით იწვნიეს ამ ბატონობის შედეგები. უკვე კარგა ხანია, რაც იგი ამგვარ უპირატესობას ინარჩუნებს. ახლა კი იმ ზომამდე გაზულუქდა, რომ თავი მთელი მსოფლიოს მბრძანებლად დაუგულვებია და ასე ჰგონია, დანარჩენი კაცობრიობა ვითომცდა იმისთვის იყოს შექმნილი, რომ მხოლოდ მას მოუტანოს ხეირი. მოაზროვნე კაცები, რომლებიც იქ დიდ პატივში ჰყავთ და ფილოსოფოსებს უწოდებენ, იქაურ მაცხოვრებლებს უზარმაზარ ფიზიკურ ძალას მიაწერენ და მთელი სერიოზულობით ამტკიცებენ, ამერიკაში ყველა ცოცხალმა არსებამ, – მათ შორის ადამიანმაც, _ გადაგვარება განიცადაო; ძაღლიც კი გადაეჩვია ყეფას მას შემდეგ, რაც მან იქაური ჰაერი ჩაისუნთქაო. ამგვარი მოაზროვნენი დიდი ხნის მანძილზე აგროვებდნენ ფაქტებს, აქაოდა ევროპელთა ქედმაღლური პრეტენზიები საფუძველს მოკლებული არავის ეგონოსო. ამრიგად, განგებამ ჩვენ დაგვაკისრა, ადამიანთა მოდგმის ღირსება დავიცვათ და ჩვენს თვითრჯულ თანამოძმეს ზომიერება ვასწავლოთ. თუ შევკავშირდებით, შევძლებთ, თავი წარმატებით გავართვათ დაკისრებულ ამოცანას. თუ დავიშლებით, ევროპის ტრიუმფს კიდევ ერთ მსხვერპლად შევერაცხებით. დაე, ამერიკელებს ნურასოდეს მოუნდებათ ის, რომ მათ ევროპელები თავიანთი სიდიადის იარაღად იყენებდნენ! დაე, ცამეტი შტატი ისე შედუღაბდეს, რომ ერთიანი, მძლავრი ამერიკული სისტემა შექმნას. დაე, მან მოიპოვოს კონტროლი ყველა ტრანსატლანტიკურ ძალასა თუ ზეგავლენაზე. დაე, კაცობრიობას იგი კარნახობდეს იმ პირობებს, რის საფუძველზეც ახალსა და ძველ მსოფლიოს შორის ხიდი გაიდება.
პ
უბლიუსი