ფედერალისტი # 85 : ჰამილტონი
1788წ. 28 მაისი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

წინასწარEშედგენლი გეგმის თანახმად, რომელიც ჩემს პირველივე სტატიაში გამოვაცხადე, კიდევ ორი პუნქტი დაგვრჩა განსახილველი; ჯერ ერთი, “კავშირის კონსტიტუციასა და ჩვენი შტატის კონსტიტუციას შორის მსგავსება”; მეორეც, “ დამატებითი უსაფრთხოება, რომელსაც მისი მიღება შესძენს რესპუბლიკურ მმართველობას, თავისუფლებასა და საკუთრებას”. მაგრამ ვინაიდან ჩვენ განხილვის პროცესში ხშირად ვეხებოდით ხოლმე ამ საკითხებს, ახლა ისღა დაგვრჩენია, უფრო ვრცლად გავიმეოროთ ყოველივე ის, რაც უკვე ითქვა. მაგრამ საქმე ის არის, რომ ამასობაში კარს მოგვდგომია გადამწყვეტი გადაწყვეტილების მიღების ჟამი; განხილვა კი ისედაც გაგვიჭიანურდა. ამიტომ ვრცლად საუბრის საშუალება აღარ გვრჩება. 
ჭეშმარიტად საკვირველია ის, რომ კონვენტის გეგმასა და იმ ძირითად კანონს შორის არსებული მსგავსება, რომელიც ამ შტატის ხელისუფლებას აწესრიგებს, არა ოდენ იმაზე ვრცელდება, რაც მას ნაკლად ერაცხება, არამედ იმასაც მოიცავს, რაც შემოთავაზებული კონსტიტუციის ჭეშმარიტ ღირსებად არის მიჩნეული. ე.წ. ნაკლოვანებათა შორის, რასაც ბრალად უყენებენ როგორც ერთს, ისე მეორეს. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის ხელახალი ვადით არჩევის შესაძლებლობა, პრეზიდენტთან მრჩეველთა საბჭოს არარსებობა, უფლებათა საგანგებო ბილის უქონლობა და პრესის თავისუფლების შესახებ საგანგებო მუხლის არარსებობა მოიხსენიება. ამ და რამდენიმე სხვა ნაკლოვანებას, რომელიც ადრე ვახსენეთ, შეიძლება, შემოთავაზებულ საკავშირო კონსტიტუციაშიც წავაწყდეთ და შტატის ძირითად კანონშიც. ვერვინ დაიკვეხნის თანამიმდევრულობით, ვინც კი საკავშირო კონსტიტუციას იმავე ნაკლოვანებათათვის ლანძღავს, არანაირი პროტესტის გრძნობას არ ბადებს მასში, როცა საქმე შტატის კონსტიტუციაზე მიდგება. ჩვენ, ნიუ–იორკის შტატის მოქალაქენი, უდიდეს მოწიწებას ვიჩენთ  ჩვენი   კონსტიტუციის მიმართ. ამიტომაც ჩვენთვის არ არსებობს ფედერალური კონსტიტუციის თავგამოდებულ მოწინააღმდეგეთა არაგულწრფელობისა და მიკერძოებულობის უფრო მყარი საბუთი, ვიდრე კონვენტის გეგმის წინააღმდეგ ის გაშმაგებული შეტევაა, რომელიც მათ, ვითომდა, იმ ნაკლოვანებათა გამოისობით წამოიწყეს, რითაც, შესაძლოა, ბევრად უფრო დიდად სცოდავდეს ჩვენი საკუთარი კონსტიტუცია.
მართვის რესპუბლიკური სისტემის, თავისუფლებისა და საკუთრების დამატებითი უსაფრთხოებანი, რაც შედეგად მოჰყვება შემოთავაზებული გეგმის მიღებას, არსებითად, შემდეგში მდგომარეობს: განახლებული საკავშირო ხელისუფლება მოთოკავს ადგილობრივ პოლიტიკურ დაჯგუფებებს და ჩააცხრობს ყოველგვარ ჯანყს; წერტილს დაუსვამს ძლევამოსილ პირთა ძალაუფლებისმოყვარეობას ცალკეულ შტატში; საქმე ის არის, რომ ამ უკანასკნელთა დიდმა სახელმა და იმ გამავლობამ, რომელიც მათ ადგილობრივ ლიდერებსა და ბრბოს რჩეულთა შორის აქვს, მათ, შესაძლოა, ხალხზე დესპოტური ძალაუფლება მოუპოვოს; ფრთები შეეკვეცება მზაკვრული ხრიკების მოტრფიალე უცხო სახელმწიფოთა გამომგონებლობას; ისინი ხომ დიდად იხეირებენ და ეგზომ სანუკველ მიზანსაც  ეწევიან, თუკი ჩვენი კონფედერაცია დაიშლება. საკავშირო მთავრობა ჩაშლის მასშტაბურ სამხედრო ორგანიზაციათა ჩამოყალიბების მცდელობებს, რანიც უთუოდ აღმოცენდებიან გათითოშტატებულ ამერიკაში ამ უკანასკნელთა შორის ატეხილი ომების გამო; იგი მოგვევლინება მართვის რესპუბლიკური სისტემის აშკარა თავდებად თითოეულ შტატში; ერთხელ და სამუდამოდ გააუქმებს ყველა თავადაზნაურულ წოდებას; სიფრთხილის სათანადო ზომებს მიიღებს ამა თუ იმ შტატის ხელისუფლებათა წინააღმდეგ, რომელთაც თავიანთი მოღვაწეობით ძირი გამოუთხარეს საკუთრებასა და ნდობას, ურთიერთუნდობლობა დათესეს ყველა ფენის მოქალაქეთა გულებში და, ლამის, ზნეობის საყოველთაო დაცემა გამოიწვიეს.
ასე რომ, თანამოქალაქენო, მე შევასრულე ჩემ წინაშე დასმული ამოცანა, მაგრამ თუ რამდენად წარმატებულად გავართვი მას თავი, – თქვენი ქცევაა ამის განმსჯელი. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამისა ნამდვილად მეიმედება: დამეთანხმებით, რომ თქვენი იმედი არ გამიმტყუნებია და შეპირებისამებრ ყველა საკითხი განვიხილე სათანადო სულისკვეთებით; ერთთავად თქვენს განსჯას მივმართავდი და რუდუნებით გავურბოდი მკვახე გამოთქმებს, რომელთაც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთათვის, – რომელ პარტიასაც უნდა ეკუთვნოდნენ ისინი,  შერცხვენის მეტი არაფერი მოაქვს; თუმცა, უნდა ითქვას, რომ კონსტიტუციის მოწინააღმდეგენი თავიანთი ტერმინოლოგიითა და საქციელით სწორედაც აქითკენ გვიბიძგებდნენ. კონვენტის მიერ შემოთავზებული გეგმის მომხრეებს ბრალი დაგვდეს შეთქმულებაში, რომელიც, თურმე, მიზნად ხალხის თავისუფლების ხელყოფას ისახავდა; ამ ბრალდებიდან ესოდენი უტიფრობა და სიავე იღვრება, რომ შეუძლებელია აღშფოთება არ დაეუფლოს ყველას, ვინც კი მთელი სულითა და გულით განიცდის ამგვარი ცილისწამების უსამართლობას; შეუძლებელია, ყველა მოზროვნე ადამიანში ზიზღს არ აღძრავდეს ის გაუთავებელი ბრალდებანი, რომელთაც შეძლებულ, კეთილშობილ და გამოჩენილ პირებს უყენებენ. ყველა პატიოსანი ადამიანის მხრივ გმობის ღირსია ისეთი პრაქტიკა, როცა ხალხს სინამდვილეს უმალავენ და ფაქტებს დამახინჯებულად განუმარტავენ; ასეთი პოლიტიკის მიზანი ხომ ისაა, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ და ჭეშმარიტება არ დაანახონ. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ჟამიდან ჟამს მეც ვერ შემეკავებინა თავი და ჩემდა უნებლიეთ მოუზომავი გამოთქმები დამცდენოდა; ისიც ცხადია, რომ ხშირად მიწევდა ბრძოლა მოზღვავებულ გრძნობებსა და ზომიერებას შორის; და თუ ჟამიდან ჟამს პირველნი სძლევდნენ ხოლმე მეორეს, იმედი მაქვს, ამასაც შემინდობთ, რამეთუ ასეთი რამ იშვიათად მომდიოდა.
ნება მიბოძეთ, შევჩერდე და ვიკითხო:  მოვახერხე კი ის, რომ დამაკმაყოფილებლად დამეცვა შემოთავაზებული კონსტიტუცია ცილისმწამებლურ ბრალდებათაგან? ჯეროვნად წარმოვაჩინე კი მისი ყველა ღირსება? სათანადოდ ვაჩვენე კი ის, თუ რაოდენ აუცილებელია იგი მოქალაქეთა დაცვისა და მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად? ამ შეკითხვებზე ყველას თავისებური პასუხი ექნება; იმისდა მიხედვით, თუ რას უკარნახებს ადამიანებს თავიანთი სინდისი და გონება; ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, დაჰყვებიან თუ არა ისინი განსჯის ჭეშმარიტსა და ზომიერ მოთხოვნებს. ვერაფერი მოხსნის მოქალაქეს მოვალეობის ტვირთს. ჭეშმარიტად, მოვალეობაა ის, რაც არათუ მოუწოდებს, არამედ -  ყველა ვალდებულებათა სახელით, რომელნიც საზოგადოებას ერთ მთელად კრავენ, - აიძულებს კიდეც თითოეულ ადამიანს, რათა მან გადაწყვეტილება გულწრფელად და პატიოსნად მიიღოს. ვერანაირი კერძო მოსაზრება და ინტერესი; ვერც ამაყი ერთგულება საკუთარი შეხედულებებისადმი; ვერც ეფემერული ვნებანი და ცრურწმენები ვერ შეძლებენ იმას, რომ არასწორი არჩევანი გაამართლონ როგორც თვითონ მოქალაქის, ისე მთელი ქვეყნისა თუ შთამომავლობის თვალში. დაე, თითოეული მოქალაქე სიფრთხილით მოეკიდოს პარტიული ერთგულებისას გამოჩენილ სიკერპეს; დაე, მართებულად განსაჯოს ის, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოების კერძო ინტერესის საგანი კი არ არის, არამედ  უარსებითესი რამაა თვით ერის არსებობის თვალსაზრისით; დაე, ახსოვდეს ის, რომ ამერიკელთა უმრავლესობამ უკვე მოიწონა ის გეგმა, რომლის მიღება – არმიღება ახლა მის ნებაზეღა ჰკიდია.
პირდაპირ ვიტყვი, სრულიად დარწმუნებული ვარ იმ საბუთთა უტყუარობაში, რომელთაც მე ვემყარებოდი, როცა მმართველობის ახალი სისტემის მიღებას გთავაზობდით. მართალი გითხრათ, მე ვერ მოვისმინე ჭეშმარიტად დამაჯერებელი ვერც ერთი მოსაზრება, რომელმაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს კონვენტის მიერ შემოთავაზებული კონსტიტუციის მოწონებას. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ყველაზე საუკეთესოა იმ პოლიტიკურ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება და ზედგამოჭრილია მასში გავრცელებულ ჩვეულებებსა და შეხედულებებზე. იგი ბევრად უმჯობესია ყველა იმ კონსტიტუციაზე, რომელმაც რევოლუციის ცეცხლი აღაგზნო.                          
კონსტიტუციის მომხრეთა მიერ იმის აღიარება, რომ იგი აბსოლუტურ სრულყოფილებაზე პრეტენზიას არ აცხადებსო, მისმა მოწინააღმდეგეებმა თავიანთ არცთუ უმნიშვნელო გამარჯვებად აღიქვეს. რად უნდა მივიღოთ არასრულყოფილი პროექტი? რად არ უნდა გავხადოთ იგი სრულყოფილი, ვიდრე სამიდღემჩიოდ მივიღებდეთ? მაცდუნებელი პერსპექტივაა, მაგრამ მხოლოდ მაცდუნებელი და სხვა არაფერი. ჯერ ერთი, უნდა შევნიშნო, რომ პროექტის დამცველთა მხრივ მის არასრულყოფილებაზე ლაპარაკი მეტისმეტად გადაჭარბებულია. ასეთი რამ კონსტიტუციის მოწინააღმდეგეებს შესაძლებლობას აძლევს ამტკიცონ, რომ შემოთავაზებული გეგმა აბსოლუტურად ნაკლოვანიაო. ამიტომ ვიდრე მას ჯეროვნად არ სრულვყოფთ, სახიფათო იქნება თუკი საზოგადოების თავისუფლებისა და ინტერესთა დაცვას მას მივანდობთო. რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ კონსტიტუცია გარკვეულ წუნს შეიცავს, მაგრამ ვფიქრობ, მისი მოწინააღმდეგენი საზოგადოებას დამახინჯებულად აწვდიან ამ ხალხის მოსაზრებებს. არ არსებობს კონსტიტუციის ისეთი მომხრე, რომელიც მის ნაწილობრივ ნაკლოვანებებს აღიარებდეს, მაგრამ, იმავდროულად, არ მიიჩნევდეს, წარმოდგენილი სისტემა მთლიანობაში კარგიაო; ყველა მათგანის აზრით, იგი საუკეთესო ძირითადი კანონია, რომელიც ზუსტად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ გარემოებებს და რომელსაც ძალუძს, უსაფრთხოების ყველა იმ ნაირსახეობით უზრუნველყოს იგი, რაც კი სასურველი იქნებოდა საღად მოაზროვნე ადამიანთათვის.
მეორეც, მინდა განვაცხადო, რომ უდიდეს წინდაუხედაობას ვიჩენთ, როცა ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფ ჩვენს ეროვნულ საქმეებს ვაჭიანურებთ და კავშირს იმ საფრთხის წინაშე ვაყენებთ, რომელიც გაუთავებელ ექსპერიმენტებს მოაქვთ; ექსპერიმენტებს, რომელნიც სრულყოფილი კონსტიტუციის შეთხზვის ქიმერულ მიზანს გამოსდევნებია. მე კი არ მოველი, რომ არასრულყოფილი ადამიანის ხელიდან ოდესმე სრულყოფილი ნაწარმოები გამოვა. ადამიანთა ნებისმიერ კრებულში გამართული პაექრობის ნაყოფი მასში მონაწილე ცალკეულ პირთა შეცდომებსა და ცრურწმენებს შეიცავს, მაგრამ, იმავდროულად, იგი მათი საღი აზრითა და სიბრძნითაც არის აღბეჭდილი. აუცილებელია ისეთი ხელშეკრულება დაიდოს, რომელიც ცამეტ  ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ შტატს მეგობრობისა და კავშირის საფუძველზე გააერთიანებს. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ამგვარი ხელშეკრულების პირობები შეუძლებელია, გარკვეულ კომპრომისსაც არ ითვალისწინებდეს, რომელიც, სულ ცოტა, ერთმანეთთან მოარიგებდა ამდენსავე ინტერესსა და სურვილს. ნება მიბოძეთ, ვიკითხო: ამგვარი არასრულყოფილი მასალიდან როგორღა უნდა აღმოცენდეს სრულყოფილება?
ნიუ–იორკში ახლახან გამოვიდა ბრწყინვალე ბროშურა [1], რომლის ავტორი უტყუარ მოსაზრებებზე დაყრდნობით ასაბუთებს, რომ სრულიად შეუძლებელია ახალი კონსტიტუციური კონვენტის მოწვევა ისეთ გარემოებებში, რომელნიც ისეთსავე კეთილმყოფელ გავლენას იქონიებდნენ თათბირისა და დასკვნების საბოლოო შედეგზე, როგორიც მათ უკანასკნელი კონვენტის დასკვნით აქტზე იქონიეს. მე არ გავიმეორებ ბროშურაში გამოთქმულ მოსაზრებებს, ვინაიდან მიმაჩნია, რომ მას მკითხველთა საკმაოდ ფართო წრე ჰყავს. იგი უდავოდ იმსახურებს ყველა იმ ადამიანის ინტერესს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სატკივარი სტკივა. მაგრამ არსებობს ერთი საკითხი, რომელიც ჯერაც არ გამხდარა საჯარო განხილვის საგანი. საქმე ეხება საკითხს კონსტიტუციურ შესწორებათა შესახებ. მისი განხილვის გარეშე მე გამიჭირდება სათანადოდ შევაჯამო წინამდებარე სტატიებში გამოთქმული მოსაზრებანი.
ვფიქრობ, შემოთავაზებულ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა უფრო ადვილი იქნება მას შემდეგ, რაც მას მივიღებთ, ვიდრე მის მიღებამდე. თუ ამ საკითხს რატიფიკაციის შუქზე განვიხილავთ, მაშინ კონვენტის მიერ შემოთავაზებულ საბოლოო რედაქციაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება კონსტიტუციის ახალი პროექტის ტოლფასი იქნებოდა. ბუნებრივია, რომ პირველადი პროექტის მსგავსად, ახალი გეგმაც თითოეული შტატის განხილვისა და მოწონება – დაწუნების საგნად უნდა ქცეულიყო. ასე რომ, აუცილებელი გახდებოდა ცამეტი შტატის თანხმობა, რათა ამგვარი ხელშეკრულება სრულიად კავშირში შემოგვეღო. მაგრამ თუ კონსტიტუციის რატიფიცირება მისი საბოლოო რედაქციით მოხდება, მაშინ მასში შესწორებათა შესატანად მხოლოდ ცხრა შტატის თანხმობაღა იქნებოდა აუცილებელი. ამრიგად, კონსტიტუციაში ცვლილებათა შეტანის შანსები – ერთი მხრივ, რატიფიკაციამდე და მეორე მხრივ, რატიფიკაციის შემდეგ, – შემდეგი შეფარდებით გამოიხატება: ცამეტი ცხრაზე, ბოლო ვარიანტის სასარგებლოდ.
მაგრამ საქმე ამითაც არ ამოიწურება. შეერთებული შტატების ნებისმიერ კონსტიტუციაში აუცილებლად იქნება უამრავი განსაკუთრებული პირობა, რომელიც ცამეტი შტატიდან თითოეული მათგანის როგორც ნამდვილ, ისე წარმოსახვით ინტერესს ასახავს. საქმე ის არის, რომ ადამიანთა კრებულში, რომელსაც ეგზომ მნიშვნელოვანი დოკუმენტის პირველდაწყებითი რედაქცია დაეკისრა, ჩვეულებრივი ამბავია, როცა დელეგატები კონსტიტუციური გეგმის სხვადსახვა შემადგენელი ნაწილის ირგვლივ ჯგუფდებიან ხოლმე. ასე რომ, ბევრი მათგანი, ვინც ერთ საკითხთან მიმართებით უმრავლესობაში შედის, სხვა საკითხთან მიმართებით  უმცირესობაში აღმოჩნდება ხოლმე. მესამე საკითხის განხილვის დროს კი, შესაძლოა, ისევ უმრავლესობის წევრად იქცეს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, უდიდეს სიფრთხილეს ვიჩენდეთ და ყველა წვრილმანს ვითვალისწინებდეთ დასკვნითი აქტის შედგენისას, რათა, საბოლოო ჯამში, მას ისეთი დასრულებული მთელის სახე ჰქონდეს, რომ ხელშეკრულებაში მონაწილე ყველა მხარის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია უამრავი სიძნელის დაძლევა და გარკვეულ დათმობებზე წასვლა, რათა დოკუმენტის საბოლოო და ყველასთვის მისაღები რედაქცია ჩამოყალიბდეს. სიძნელეთა ხარისხზე ნათელ წარმოდგენას შევიქმნით, თუ ამგვარი დოკუმენტის ყველა წვრილმანს მის შექმნაში ჩაბმულ მხარეთა რაოდენობაზე გადავამრავლებთ.
რაც შეეხება კონსტიტუციურ შესწორებებს, რაც მასში მისი რატიფიკაციის შემდეგ შევა, მათ, უბრალოდ, წინადადებათა სახე ექნებათ და კონსტიტუციაში მათი შეტანის საკითხიც თავისთავად წამოიჭრება. აქედან გამომდინარე, საჭირო აღარ იქნება ინტერესთა მორიგება და დათმობებზე წასვლა იმავე დოკუმენტის სხვა ნაწილებთან მიმართებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საჭირო აღარ იქნება ვაჭრობა. ნება იმ შტატებისა, რომელთა თანხმობაც აუცილებელია კონსტიტუციაში შესწორების შესატანად, დაუყოვნებლივ მიიღებს საჭირო და საბოლოო გადაწყვეტილებას. ამიტომ, როგორც კი ცხრა [2], უფრო სწორედ, ათი შტატი მიაღწევს შეთანხმებას კონსტიტუციაში შესწორების შეტანის თაობაზე, იგი დაუყოვნებლივ იქცევა ძირითადი კანონის შემადგენელ ნაწილად. ბუნებრივია, შედარებაც კი არ შეიძლება ორი რამისა: ერთია რატიფიცირებულ კონსტიტუციაში შესწორებათა შეტანის შეზღუდული პროცედურა და სრულიად სხვაა, როცა საქმე ახალი კონსტიტუციის შექმნას ეხება.
ის ხალხი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის რატიფიკაციის შემდეგ მასში ცვლილებათა შეტანას, აცხადებს: ის პირნი, რომელნიც ერთხელაც ფედერალური ძალაუფლებით აღიჭურვნენ, აღარასოდეს დათმობენ მასო. მე კი  დაბეჯითებით ვამტკიცებ, რომ ყოველი ცვლილება, რომელიც სათანადოდ არის აწონილ – დაწონილი და დასაბუთებული, ხელისუფლების ორგანიზაციის საკითხს შეეხება და არა მთელს სახელისუფლო ძალაუფლებას. მარტო ეს მოსაზრებაც კი საკმარისია ზემოხსენებული შესიტყვების უკუსაგდებად. მე ასევე ვფიქრობ, რომ ამგვარი შესიტყვება სხვა მხრივაც უსაფუძვლოა. ისეთი კავშირის მართვა, რომელიც ცამეტი შტატის ან შედგება, ერთობ ძნელი საქმეა. სულერთია, თუ როგორი სულისკვეთება სუფევს საზოგადოებაში და როგორია მისი პატიოსნების ხარისხი. ვფიქრობ, ამგვარი მართვის ამოცანები აიძულებენ საერთო – ეროვნულ ხელისუფლებას, რათა იგი გარკვეულ აუცილებლობას დაემორჩილოს და ამომრჩეველთა წინაშე დათმობაზე წავიდეს. არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომელიც პირწმინდად აქარწყლებს ზემოაღნიშნულ შესიტყვებას. საქმე ეხება შემდეგ რასმე: როცა ცხრა შტატის ხელისუფლება ერთსულოვან გადაწყვეტილებას ღებულობს კონსტიტუციაში  ცვლილების შეტანის თაობაზე, დანარჩენებს თანხმობის მიცემის გარდა არაფერი რჩებათ. შემოთავაზებული კონსტიტუციის მეხუთე მუხლის მიხედვით, კონგრესი ვალდებულია “შტატების ორი მესამედის მოთხოვნით (დღესდღეობით იგი ცხრა შტატს შეადგენს), კონსტიტუციაში ცვლილებათა შესატანად კონვენტი მოიწვიოს; ცვლილებები კი მაშინვე შედიან ძალაში და კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილად იქცევიან, როგორც კი მათ რატიფიცირებას შტატების საკანონმდებლო ორგანოთა, ანდა მათ მიერ მოწვეულ კონვენტთა სამი მეოთხედი მოახდენს”. კონსტიტუციის ეს ადგილი ორაზროვნებისთვის ადგილს არ ტოვებს.  კონგრესი “ ვალდებულია კონვენტი მოიწვიოს.  ისე რომ, მის ნება – სურვილზე არაფერია დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ჰაერში გამოკიდელი რჩება ნებისმიერი განცხადება იმის თაობაზე, თითქოსდა საქმე მის დათანხმება –არდათანხმებაზე ეკიდოს. შესაძლოა, გაჭირდეს საკანონმდებლო ორგანოთა ორი მესამედისა თუ სამი მეოთხედის გაერთიანება იმგვარი საკონსტიტუციო ცვლილების ირგვლივ, რომელიც ამა თუ იმ ადგილობრივი ინტერსით არის გამოწვეული. მაგრამ ძნელად რომ უთანხმოება წამოიჭრას ისეთი საკითხების თაობაზე, რომელნიც მთელი ხალხის თავისუფლებასა თუ უსაფრთხოებას შეეხება. ზოგიერთნი შიშობენ, ვაითუ, ფედერალურმა ხელისუფლებამ ცალკეული შტატის უფლებამოსილება ხელყოსო. მაგრამ ამ მხრივ შეგვიძლია სრულიად დამშვიდებულნი ვიყოთ, რამეთუ ამა თუ იმ შტატის საკანონმდებლო ორგანო  არ დაახანებს უსაფრთხოების ზომათა მიღებას.
თუკი ზემომოტანილი მოსაზრებანი მცდარია, მაშინ გამოდის, რომ თავი ერთთავად სიმცდარისთვის მიმიცია. მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩვენ წინაშე სწორედ ის შემთხვევაა, როცა პოლიტიკური ჭეშმარიტება შესაძლოა, მათემატიკური სიზუსტით გამოიხატოს. ის ხალხი, რომელიც ჩემებრ მგზნებარედ უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, უნდა დაგვეთანხმოს იმაში, რომ მათი მიზნის მიღწევის უმოკლესი გზა სწორედაც კონსტიტუციის მიღებაა.
მაგრამ ვფიქრობ, საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი მგზნებარება ოდნავ გაგვინელდება, თუკი ყურად ვიღებთ ერთი მეტად პატივცემული და გონიერი მოაზროვნის მოსაზრებას. იგი წერს: “ერთი ადამიანის გენიამ, რაგინდ მძლავრიც იყოს იგი,  მარტო გონებასა და ლოგიკაზე დამყარებით  ძნელად რომ შეძლოს რომელიმე დიდი – მონარქიული თუ რესპუბლიკური - სახელმწიფოსა თუ საზოგადოების მართებულად მართვა. ამგვარი მიზნის მისაღწევად აუცილებელია მრავალი გონების გაერთიანება. მათ მუშაობას გამოცდილება უნდა წარმართავდეს ; მათ ნამუშევარს დრო უნდა ანიჭებდეს სრულყოფილებას; ხოლო სიძნელეთა გრძნობა უნდა გვევლინებოდეს საწინდრად იმისა, რომ ეს ადამიანები გამოასწორებენ იმ შეცდომებს, რომელთაც თვითვე უცილობლად დაუშვებენ ხოლმე თავიანთი პირველი ცდებისა და მცდელობების დროს.” [3] ეს მართებული მოსაზრებანი გაკვეთილი და გაფრთხილება უნდა იყოს კავშირის ყველა წრფელი  მოტრფიალისთვის. ყველა ღონეს უნდა ვხმარობდეთ, რათა თავს ანარქია არ დავიტეხოთ, ან სამოქალაქო ომის ქარცეცხლში არ გავეხვეთ; ამას ხომ შედეგად ის მოჰყვებოდა, რომ შტატები ერთმანეთისთვის უცხონი შეიქნებოდნენ, ანდა ხელს ძლევამოსილ სამხედრო დემაგოგს გამოვკრავდით. ამიტომაც უპრიანია, ერთბაშად არ მოვიწადინოთ იმის მიღწევა, რაც მხოლოდ დროსთან და გამოცდილებასთან ერთად მოდის. იქნებ მე არც ვიყო ურყევი მრწამსის მქონე პოლიტიკოსი, მაგრამ არ ძალმიძს ზოგიერთ მოღვაწესავით მშვიდად ვუყურო მიმდინარე მოვლენებს და თვალი დავხუჭო უდიდეს უბედურებაზე, რომელსაც არსებული მდგომარეობის განგრძობა გვიქადის. ვფიქრობ, რომ ერთობ საშინელი სანახაობაა ისეთი ერი,  რომელიც მოკლებულია საერთო ეროვნულ ხელისუფლებას . რაც შეეხება კონსტიტუციის შემოღებას მტკიცე მშვიდობის დროს, რაზედაც თანხმობას აცხადებს მთელი ხალხი, – ეს სწორედ ის სასწაულია , რომელსაც გულისფანცქალით მოველი. კეთილგონიერების ყველა წესს დავარღვევდით თუკი ყველაფერს თავიდან წამოვიწყებდით. ჩვენ ხომ უკვე დავძლიეთ ეგოდენი სიძნელენი; ჩვენ ხომ უკვე განვვლეთ მნიშვნელოვანი გზა და ცამეტი შტატიდან შვიდის მხარდაჭერა მოვიპოვეთ. იმის მარტოდენ გაფიქრებაც კი თავზარს მცემს, რომ ყველაფერი თავიდან დასაწყები გახდეს, რაკი კარგად ვიცი, თუ რაოდენ მუხანათურად მტრობენ ძლევამოსილი პირნი ნებისმიერი სახის საერთო – ეროვნულ ხელისუფლებას როგორც ჩვენს მშობლიურ შტატში, ისე სხვა შტატებშიც.
პუბლიუსი


[1] სათაურით:” მიმართვა ნიუ – იორკის შტატის ხალხისადმი.”(პუბლიუსი).
[2] უფრო ათი, ვიდრე ცხრა; მართალია, ცხრა შტატი კავშირის ორ მესამედს შეადგენს და ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია, რათა შესწორების შეტანის საკითხი კენჭისყრაზე დადგეს, მაგრამ მის დასამტკიცებლად საჭირო იქნება სამი მეოთხედის ანუ ათი შტატის თანხმობა(პუბლიუსი).
 [3] ჰიუმი, ტ. I “ხელოვნებათა და მეცნიერებათა აღმავლობა” (პუბლიუსი).

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group