ფედერალისტი
# 15 : ჰამილტონი
1787წ. 1 დეკემბერი
ნიუ-იორკის შტატის ხალხს
თანამემამულენო, წინა წერილებში ვცადე, ცხადად და დამაჯერებლად გამეშუქებინა ის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს კავშირს თქვენი პოლიტიკური უსაფრთხოებისა და ბედნიერებისთვის. თქვენ წინაშე საფრთხეთა მთელი ის გამა წარმოვადგინე, რომელიც თავს დაგატყდებათ, თუკი, ღმერთმა ნუ ქნას და, ის წმიდა სიმები გაწყდა ამერიკის ხალხს მტკიცედ რომ კრავს. და განა სხვას რას ძალუძს მათი მოშლა, თუ არა ამპარტავნებასა თუ სიხარბეს, შურსა თუ ცრუგანმარტებებს? მე მინდა, მეგზურობა გაგიწიოთ ამგვარ საკითხთა გამოძიებისას და ფაქტობრივად დადასტურებული ისეთი ჭეშმარიტებანი ჩაგაგონოთ, დღემდე უყურადღებოდ რომ შთენილან. და თუკი გზა, რომელიც უნდა განვლოთ, ალაგ – ალაგ მოსაწყენი თუ მომაბეზრებელი მოგეჩვენებათ, დაე, გაიხსენებდეთ, რომ ცოდნა, რომლის მოხვეჭასაც თქვენ ცდილობთ, ისეთ საკითხს ეხება, ყველაზე მნიშვნელოვანი რომაა თავისუფალი ხალხის ცხოვრებაში. თქვენ თვალუწვდენელი მინდვრის გადალახვა მოგიხდებათ. თქვენს ყარიბობას კი ცარიელა  სოფისტიკის ის ლაბირინთი გაართულებს, მავანნი და მავანნი თქვენს დასაბრკოლებლად რომ აღმართავენ. მე მსურს, რაც შეიძლება სწრაფად მოვარღვიო ის წინაღობანი, პროგრესის გზაზე თქვენს  მსვლელობას რომ აფერხებენ, ოღონდ ისე, რომ  სისწრაფით საქმე არ ვაზარალო.
იმ გეგმის თანახმად, რომელიც ამ საკითხზე ბჭობის მიზნით   შევადგინე, კვლევის შემდეგი თემაა: ” ამჟამინდელი კონფედერაციის არასაკამარისობა კავშირის შენარჩუნებისათვის . შეიძლება ვინმეს შეკითხვა წამოეჭრას, რა საჭიროა ამ საკითხის განხილვა, ის ხომ ისედაც უდავო თუ უეჭველიაო; იგი ხომ მოსახლეობის ყველა ფენას ერთნაირად ესმის; მის შესახებ ხომ კონსტიტუციის მომხრეებსა და მოწინააღმდგეებს შორის არაფერი სადავო არ არისო? მართლაცდა უნდა ვაღიაროთ, რომ სხვა მხრივ მძაფრად დაპირისპირებული მხარეები, ერთ საკითხში ერთსულოვანნი არიან. საქმე იმის აღიარებას ეხება, რომ მართვის ეროვნულ სისტემაში თავი იჩინეს არსობრივმა ნაკლოვანებებმა, კარსმომდგარი ანარქიის თავიდან ასაშორებლად კი გადაუდებელი ღონისძიებების გატარებაა საჭირო. ეს მოსაზრება უამრავი ფაქტით არის დადასტურებული და ამიტომაც აღარაა აზრთა სხვადასხვაობის საგანი. იგი მთელი ჩვენი მოსახლეობის გუნება – განწყობას მოედო. უფრო მეტი, ის ხალხიც, კი რომლის მცდარმა პოლიტიკამ ქვეყანა დაღუპვის პირას მიიყვანა, ბოლოს და ბოლოს იძულებული გახდა თუმც უხალისოდ, მაგრამ მაინც, რეალობისთვის თვალი გაესწორებინა და ის ნაკლოვანებები დაენახა, რომელთაც აშკარად შეიცავს ჩვენი ფედერალური ხელისუფლების სქემა. ამგვარ ნაკლოვანებებზე ხომ რახანია გულისტკივილით მიგვითითებდნენ კავშირის განათლებული მეგობრები.
შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოუდგენლად დაკნინებულ მდგომარეობაში იმყოფება. მან თითქმის ყველაფერი იწვნია, რასაც ერის სიამაყის შეურაცხყოფა, ანდა მისი ღირსების ხელყოფა ძალუძს. განა  ვალდებულებანი არა გვაქვს აღებული? განა ახლა  ყველაფერი, რასაც კი ადამიანები პატივს სცემენ, მათ შესრულებას არ გვიკიჟინებს? ჩვენ კი მათ წამდაუწუმ და უტიფრად ვარღვევთ. განა არა გვაქვს, როგორც უცხო ქვეყნების, ისე საკუთარი მოსახლეობის ვალი, იმ უკეთურ ჟამს აღებული, როს საფრთხე ჩვენს პოლიტიკურ არსებობას ემუქრებოდა? ვალი ვალადვე რჩება და დღემდე არავის უფიქრია მის დაფარვაზე. განა ჩვენი მშობლიური მიწები და ერთობ მნიშვნელოვანი სიმაგრენი უცხო სახელმწიფოებს არა აქვთ მიტაცებული? განა არ არსებობს ხელშეკურულებანი, რომელთა თანახმადაც ისინი  რახანია ჩვენთვის  უნდა გადმოეცათ? მაგრამ მიტაცებული მიტაცებულადვე რჩება, ჩვენი ეროვნული ინტერესები კი ზარალდება, ჩვენს შელახულ უფლებებზე რომ არაფერი ვთქვათ. ძალგვიძს კი თავდასხმის მოგერიება ან მომხდურის უკუგდება? ჩვენ არც შეარაღებული ძალები, არც ხაზინა და არც მთავრობა გაგვაჩნია. [1] იმის თავი მაინც თუ გვაქვს, რომ პროტესტი გამოვაცხადოთ? საქმე ის არის, რომ არავინ შეასრულებს ჩვენ მიმართ აღებულ ვალდებულებებს, ვიდრე ჩვენი მხრიდან მათი არადმიჩნევის ეჭვი იარსებებს. ბუნებამაც ისე მოაწყო და ხელშეკრულებითაც გვეკუთვნის ის, რომ მისისიპს სანაოსნოდ ჩვენც ვიყენებდეთ. მაგრამ რა, ამას ესპანეთი გვიკრძალავს. განა საზოგადოებრივი კრედიტი გადარჩენის აუცილებელ წყაროს არ არის, როს თვით საზოგადოებაა განსაცდელში? ჩვენ, როგორც ჩანს, ხელი ჩავიქნიეთ ამ საკითხზე. აქაოდა იგი უიმედო და უსაშველო არისო. განა აღებმიცემობა ეროვნული სიმდიდრის მნიშვნელოვანი წყარო არ არის? განა პატივისცემა, რომლითაც უცხო სახელმწიფოები გვეპყრობიან, არ არის იმის თავდები, რომ ისინი შენს ქვეყანაზე ხელს არ აღმართავენ? არადა, ჩვენი ხელისუფლების უნიათობა მათ ჩვენს სამშობლოსთან ხელშეკრულებათა დადების ხალისსაც კი უკარგავს. ჩვენი დესპანები უცხოეთის ქვეყნებში მასკარადის მონაწილეებს გვანან, იმდენად ბუტაფორიულია მათი დამოუკიდებლობა. არის თუ არა ეროვნული კატასტროფის მომასწავებელი ის, რომ მიწაზე ფასი მკვეთრად და არაბუნებრივად ეცემა? ჩვენი ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში დამუშავებული მიწის ფასი ერთობ დაბალია. ამას ვერ ავხსნით   მარტო იმით, რომ ბაზარზე უდაბური მიწები გამოგვაქვს. ნამდვილი მიზეზი სწორედ იმ უნდობლობაში უნდა ვეძიოთ, რომელმაც მოსახლეობის ყველა ფენას ხელი დარია. სწორედ ნდობის არქონაა ის, რასაც ნებისმიერი საკუთრების გაუფასურება ძალუძს. განა საბანკო კრედიტი წარმოების მეგობარი და მფარველი არ არის?  სესხებისა და ვალად აღების მაჩვენებელი კი ჩვენში თითქმის ნულამდეა დასული. და ესეც, არა ფულადი სახსრების სიმწირისა, არამედ იმის გამოისობით, რომ ხალხში ნდობა აღარ არის. წვრილმანების გამოდევნება ვერც სიამოვნებას მოგგვრის და ვერც ცოდნას შეგვმატებს. ზოგადად კი მაინც უპრიანია ვიკითხოთ: განა კიდევ არსებობს ეროვნული უბედურების, სიდუხჭირისა და დაკნინების რაიმე ნიშანი, რაც საზოგადო ბედუკუღმართობათა იმ პირქუშ ჩამონათვალში არ შედის, ჩვენს ბუნებითკურთხეულ ქვეყანას რომ თავს დატყდომია?
მართლაც რომ ერთობ გულსაკლავ მდგომარეობაში ჩავცვენილვართ. აქამდე კი სწორედ იმგვარმა პრინციპებმა და რჩევებმა მიგვიყვანეს, ახლა რომ ახალ კონსტიტუციაზე ხელის აღებას გვიკიჟინებენ. ისინი მანამ არ მოგვცემენ საშველს, ვიდრე ხრამის პირას არ მიგვიმწყვდევენ და იმ უფსკრულში არ დაგვნთქავენ, ჩვენს ჩასაყლაპად რომ დაუღია ხახა.  თანამემამულენო, მოვიცეთ ძალა და იმ სიჩაუქით აღვიჭურვოთ, რაც განათლებულ ხალხს შეჰფერის. მოდით, მტკიცედ დავდგეთ ჩვენი უსაფრთხოების, სიმშვიდის, ღირსებისა თუ სახელის სადარაჯოზე. დაე, მოვიცილოთ ის ჯადო, ხელ – ფეხს რომ გვიკრავს და საკუთარი ბედნიერებისა თუ კეთილდღეობისკენ გასაქანს არ გვაძლევს.
ადრეც გვითქვამს და ახლაც ვადასტურებთ, რომ ჭეშმარიტად უტყუარმა ფაქტებმა განაპირობეს საყოველთაო თანხმობა: მართვის ეროვნულ სისტემას ჩვენში არსობრივი ნაკლოვანებანი უთხრიან ძირსო. მაგრამ საქმე ის არის, რომ თანხმობა თახმობად რჩება. ფედერალურ ღონისძიებათა ძველი მოწინააღმდეგენი, მართალია, დათმობაზე წავიდნენ, მაგრამ ისინი გაწიწმატებით ეწინააღმდეგებიან ერთადერთ საშველ - სახიდებელს, რასაც ჩვენთვის წარმატების მოტანა ძალუძს. ისინი, მართალია, აღიარებენ შეერთებული შტატების მთავრობა ძალადაშრეტილიაო, მაგრამ იმავდროულად, უარს აცხადებენ მისთვის აუცილებელ უფლებამოსილებათა გადაცემაზე. არადა, ფედერალური მთავრობის ენერგიის წყარო სწორედაც რომ ამგვარ უფლებამოსილებათა გადაცემაა. ისინი ამაოდ ლამობენ შეუთავსებელ რამეთა შეთავსებას. არაფრით გამოვა, ისე გაუზარდო ფედერალურ ხელისუფლებას უფლებამოსილებანი, რომ შტატების დამოუკიდებლობა არ შეიზღუდოს. უაზრობაა, ფედერალური მთავრობის სუვერენობას ესწრაფვოდე, იმავდროულად კი ცალკეული შტატის სრული დამოუკიდებლობა გეწადოს. ეს ხალხი ისევ და ისევ ბრმად ეთაყვანება იმ პოლიტიკურ ურჩხულს, imperium in imperio სახელით რომაა ცნობილი. აქედან ჩანს, თუ რაოდენ საშურია კონფედერაციის ნაკლოვანებათა გასიგრძეგანება, რათა ერთ არსებით რამეს გავუსწოროთ თვალი: ჩვენს თავს მოსულ სიავეს წუთიერი თუ წარმავალი  წუნი როდი ასაზრდოებს. საქმე სწორედაც რომ ფუნდამენტურ შეცდომას ეხება. იგი შენობის დაგეგმარებისას იქნა დაშვებული, და ამდენად,  მისი გასწორება შეუძლებელია სხვაგვრად თუ არა, ისე, რომ მთელი ნაგებობის საძირკველი და საყრდენი შეიცვალოს. 
მთავარი ბოროტება, რაც არსებული კონფედერაციის შენობის საფუძველში ბუდობს, ის საკანონმდებლო ხელისუფლებაა , რომელსაც კავშირი შტატებისა თუ მთავრობების მიმართ ახორციელებს. საქმე ის არის, რომ ამგვარი კანონმდებლობა მათ კრებით თუ კორპორაციულ პირებად განიხილავს და მათივე შემადგენელი ინდივიდებისგან G განასხვავებს. მართალია, ამ პრინციპით არ ამოიწურება კავშირისთვის გადაცემული უფლებამოსილებანი, მაგრამ სწორედ მასზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად ეფექტურად იმუშავებენ დანარჩენები. საკავშირო ხელისუფლებას უფლება აქვს, შტატებს თანაბრად გადაუნაწილოს საგადასახადო ტვირთი. იგი, ასევე, აღჭურვილია უფლებამოსილებით, თავისი ნება - სურვილისამებრ გამოითხოვოს როგორც ხალხი, ისე – ფულადი სახსრები. მაგრამ, შეერთებული შტატების ხელისუფლების ამგვარი უფლებამოსილება არ ვრცელდება ამერიკის ინდივიდუალურ მოქალაქეებზე. ამის შედეგი კი ის არის, რომ მის გადაწყვეტილებებს, თეორიულ დონეზე, მართალია, სავალდებულო კანონის ძალა აქვს კავშირის წევრთათვის, მაგრამ, სინამდვილეში, ისინი მხოლოდ რეკომენდაციებია; მათი შესრულება კი მთლიანად ამა – თუ იმ შტატის არჩევანზეა დამოკიდებული.
სხვა რა არის ეს, თუ არა ადამიანური ჭირვეულობის კიდევ ერთი მაგალითი? სწორედაც რომ საკვირველია, მას შემდეგ, რაც საკუთარი გამოცდილებით ვიწვნიეთ, კვლავაც ვაწყდებით ადამიანებს, ახალ კონსტიტუციას რომ ეწინააღმდეგებიან და უარს არ ამბობენ იმ პრინციპზე, რომელიც წარსულისგან  წყევლად გვერგო. პრინციპზე, რომელიც, როგორც ჩანს, შეუთავსებელია მართვის იდეასთან. საქმე ხომ იმ პრინციპს ეხება, რომელსაც თუკი საერთოდ უწერია განხორციელება, მხოლოდ იმ პირობებში, როს სამოქალაქო ხელისუფლების მსუბუქ ზეწოლას ცეცხლისა და მახვილის სისხლიანი ძალმომმრეობა შეცვლის.
როცა დამოუკიდებელი სახელმწიფოები ერთმანეთთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად ლიგასა თუ ალიანსს აყალიბებენ, ამაში მიუღებელი და განუხორციელებელი არაფერია. მით უფრო, როცა ზუსტად არის გაწერილი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების როგორც დრო და ადგილი, ისე რიცხვი და გარემოებანი; როცა ალალ – ბედზე არაფერია მიგდებული და ყველაფერი მხარეთა კეთილსინდისიერებაზე ჰკიდია. ამ ტიპის ხელშეკრულებით ბევრი ცივილიზებული ქვეყანაა ერთმანეთთან დაკავშირებული, თავს რომ ომისა და მშვიდობის ყველა ბედუკუღმართობა ატყდებათ. მაგრამ ამგვარი ხელშეკრულებანი წამდაუწუმ  ირღვევა. და ამის მიზეზი სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ მათი მონაწილენი საკუთარი ვნებებისა და ინტერესების კარნახით მოქმედებენ. ამ საუკუნის დასაწისში ევროპული სახელმწიფოები გაშმაგებით ცდილობდნენ ერთმანეთთან სწორედ ასეთი ხელშეკრულებანი დაედოთ. იმდროინდელ პოლიტიკოსებს ეიმედებოდათ, რომ ისინი სარგებელს მოიტანდნენ. თუმც კი ამ იმედებს ასრულება არ ეწერათ. სამი და ოთხკეცი ალიანსები ყალიბდებოდა, მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეები მათ ხელთ არსებულ რესურსებს არ იშურებდნენ იმ იმედით, რომ ქვეყნიერების ამ ნაწილში ბოლოს და ბოლოს ძალთა თანაფარდობა და მშვიდობა დაისადგურებდა, მაგრამ ამგვარი ალიანსები აღმოცე-ნებისთანავე ირღვეოდნენ. კაცობრიობას კი არაფერი რჩებოდა, გარდა ჭკუისსასწავლი, თუმც კი გულსაკლავი გაკვეთილისა, რომ ხეირს არავის დააყრის ისეთი ხელშეკრულებანი, რომლებიც, მხარეთა კეთილსინდისი-ერების გარდა, არაფერს ემყარება. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უშუალო სარგებლითა თუ ვნებით ნასაზრდოებ ზრახვებთან ვერაფერს გააწყობს მშვიდობისა თუ სამართლიანობის იდეალები.
ზემოჩამოთვლილ უბედურებათაგან ყველა თავს დაგვატყდება, თუ ჩვენი ქვეყნის ზოგიერთი შტატი სახიფათო გადაწყვეტილებას მიიღებს და ერთმანეთთან მსგავს ურთიერთობას დაამყარებს, თუ ისინი უარს იტყვიან იმ პროექტზე, რომელიც ისეთი საერთო უმაღლესი ხელისუფლების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, საკუთარი ნება სურვილის მიხედვით რომ მოქმედებს. თუმც არავინ უარყოფს, რომ  ზემოხსენებულ ავისმომტან ურთიერთობას წინ შეიძლება არაფერი ეღობებოდეს და თანამიმდევრულიც კი იყოს. რაც შეეხება კონფედერაციულ მთავრობაზე უარის თქმას, იგი ისეთი მარტივი ალიანსის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანს, რომელიც მხოლოდ თავდაცვისა და საერთო მტრის წინააღმდეგ გალა-შქრების მიზნებზე იქნება გათვლილი. ამგვარი კავშირები ხან ერთმა-ნეთთან დაგვამეგობრებს, ხანაც ერთმანეთს დანასისხლად წაგვკიდებს; ერთმანეთის მიმართ მეშურნეობის მსხვერპლად ვიქცევით და არც უცხო სახელმწიფოები დააკლებენ ხელს ისეთი ხლართების გაბმას, მიზნად რომ ჩვენ შორის გაუტანლობის გაღვივებას ისახავენ.
თუ არ გვინდა თავი ამგვარ დამღუპველ მდგომარეობაში ამოვყოთ; თუ კვლავაც ერთგულებით ვართ გამსჭვალულნი იმ იდეისადმი, რომელიც ერთიანი ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს; თუ კვლ-ავაც სული ისეთი უმაღლესი ხელისუფლებისთვის გველევა, რომელსაც საერთო საბჭო ხელმძღვანელობს; მაშინ უნდა გავბედოთ და ჩვენს გეგ-მებში ისეთი ელემენტებიც შევიტანოთ, რანიც საერთო აღიარებით ძირეულად განასხვავებენ ერთმანეთისგან ლიგასა და მთავრობას. აუცილე-ბელია, რომ საკავშირო ხელისუფლება პიროვნულად ვრცელდებოდეს ცალკეულ მოქალაქეზე. ხელისუფლების ნამდვილი ობიექტები ხომ ადამიანები არიან!
მმართველობა საკანონმდებლო საქმიანობასაც გულისხმობს. კანონს კი აუცილებლია, თან სანქცია ახლდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი დაუმორჩილებლობისთვის ჯარიმას თუ სასჯელს უნდა ითვალისწინებდეს. თუკი დაუმორჩილებლობა არ დაისჯება, მაშინ ყველა ის გადაწყვეტილება თუ ბრძანება, რომლებსაც კანონად ყოფნაზე აქვთ პრეტენზია სხვა არა იქნება რა, თუ არა ცარიელი რჩევა თუ რეკომენდაცია. სასჯელის დადება, რა სახისაც უნდა იყოს ის,  მხოლოდ ორი გზითაა  შესაძლებელი; ერთია, როცა იგი სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებს გამოაქვთ, ხოლო სხვაა, როცა მას სამხედრო უწყება ახორციელებს. ე.ი. ლაპარაკია ორი სახის იძულებაზე: ერთია სამოქალაქო იძულება , ხოლო სხვაა იძულება , რომელიც იარაღის ძალით ხორციელდება. ერთი ყაიდის იძულებას ადამიანთა მიმართ იყენებენ, მეორე კი – პოლიტიკური გაერთიანებების, თემებისა თუ სახელმწიფოთა წინააღმდეგ გამოიყენება. ბუნებრივია, რომ არ არსებობს ისეთი სასამართლო პროცედურა, რომელიც ბოლომდე უზრუნველყოფდეს კანონის დაცვას. მართალია, სასამართლოს გამოქვს განაჩენი იმათ მიმართ, ვინც არ ასრულებს თავის მოვალეობას, თუმცა მისი  აღსრულება ხმლით ხორციელდება. ისეთ გაერთიანებებში კი, სადაც გენერალურ უფლებამოსილებას მთლიანად მისი შემადგენელი სათემო ორგანოები ახორციელებენ, კანონის ნებისმიერი დარღვევა ომის მიზეზად იქცევა; ამიტომაც სამოქალაქო კანონმორჩილების ერთადერთი ინსტრუმენტი სამხედრო – სადამსჯელო ღონისძიებაა. ასეთი რამ, ბუნებრივია, არ იმსახურებს იმას, რომ მმართველობად იწოდებოდეს, ძნელად რომ კეთილგონიერმა ადამიანმა თავისი ბედი მას მიანდოს.
იყო დრო, როცა გვარწმუნებდნენ, შტატები ფედერალური ხელისუფლების ბრძანებებს არ დაარღვევენო; კონფედერაციის წევრები თავიანთ ქმედებებში საერთო ინტერესებით იხელმძღვენელებენო; ყველა ფედერალურ გადაწყვეტილებას განუხრელად დაიცავენო. რა უცნაურად ჟღერენ ამჟამად ეს სიტყვები! ასევე უცნაური იქნება ყველა ის სიტყვა, რომელიც კი ჩვენს ყურთასმენას იმავე კუნჭულებიდან მოსწვდება, სადაც ზემოხსენებული სიტყვები ჩასახულან. მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც კვლავაც მრავლად ვიწვნევთ გამოცდილების გაკვეთილებს. გამოცდილებისა, რაიც სიბრძნის საუკეთესო ორაკულია. გარდასულ დროებში სწორედ ის ხდიდა საცნაურს, რომ ადამიანი  ინუნშიც კი არ არის იმის თაობაზე, თუ რაა მისი ქმედების მამოძრავებელი ძალა; თუ რა უბიძგებს მას სამოქალაქო ხელისუფლების ჩამოყალიბებისკენ. და მართლაც, რად დასჭირდა ადამიანს ხელისუფლება? იგი საჭირო გახდა იმიტომ, რომ ადამიანი ყოველთვის გონებისა და სამართლიანობის კარნახით როდი მოქმედებს, არამედ უპირატესად ვნებათა ტყვეობაში ექცევა. ამიტომაც, ვნებათა მოთოკვაა აუცილებელი. განა დასაბუთებულია ის, რომ ადამიანთა პოლიტიკური გაერთიანებანი ცალკეულ ადამიანზე უფრო სამართლიანად თუ მიუმხრობლად მოქმედებენ? კაცობრიობის საქციელს ვინც ყურადღებით დაჰკვირვებია, ყველა საპირისპიროს ამტკიცებს; თითოეული ამგვარი მტკიცება კი სრულიად გასაგები  მიზეზებით აიხსნება. სახელზე ზრუნვის მოტივი არც კი არის მხედველობაში მისაღები, მაშინ, როცა ჩადენილი საქციელით გამოწვეული შერცხვენა მარტო ერთ ადამიანს როდი ატყდება თავს, არამედ იგი ყველაზე ნაწილდება. ჯგუფურობის ის სული, რომელიც გაერთიანების წევრთა ფიქრებში თავის სამსალას ურევს, თითოეულ მათგანს უკადრისი საქციელისა და ექსცესისკენ უბიძგებს. ცალ – ცალკე რომ ასეთი რამ ჩაედინათ, ისინი სირცხვილით დაიწვებოდნენ.
საქმე კიდევ ის არის, რომ სუვერენული ხელისუფლება კონტროლს ვერ ითმენს. ამიტომ ხალხი, რომელიც ამგვარ ხელისუფლებას ახორციელებს, მტრულად უყურებს გარედან მისი წარმართვისა თუ შეზღუდვის ყოვე-ლგვარ მცდელობას. იმავე სულისკვეთების წყალობით ისე ხდება ხოლმე, რომ ყოველ პოლიტიკურ გაერთიანებაში უფრო ნაკლები დამოკიდებულობის მქონე რამდენიმე წარმონაქმნის საერთო ინტერესს რომ ეფუძნება, ამგვარ წარმონაქმნებს ცენტრიდანული მოძრაობა ითრევს. საბოლოო ჯამში, ამგვარი ძალისხმევის შედეგად ისინი საერთო ცენტრს წყდებიან. ძნელი არ არის ამ მისწრაფების ახსნა. მისი მიზეზი ძალაუფლების სიყვარულში უნდა ვეძიოთ. კონტროლირებადი თუ შეზღუდული ძალაუფლება თითქმის ყოველთვის ეტოქება და ემტერება იმ ძალაუფლებას, რომელიც მას აკონტროლებს ან ზღუდავს. ეს უბრალო ვითარება გვასწავლის, თუ რარიგ მცირედი იმედი  უნდა მოვიცეთ იმისა, რომ ადამიანები, რომელთათვისაც ამა თუ იმ შტატის საქმეთა გამგებლობა მიუნდვიათ, მუდამ მზად იქნებიან, რათა მათ განუხრელად იღვაწონ საერთო კეთილდღეობისთვის და უსიტყვოდ შეასრულონ ფედერალური ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება თუ დეკრეტი.
ამრიგად, თუ კონფედერაციის ღონისძიებებს ადგილობრივი ადმინისტრაციები ვერ ახორციელებენ, მაშინ ფუჭია იმედი იმისა, რომ ვინმემ ისინი ოდესმე განახორციელოს. კონფედერაციის წევრთა მმართველები იმის განსჯას მოჰყვებიან, თუ რამდენად მართებულია ფედერალური ღონისძიებანი და არას დაგიდევენ, აქვთ თუ არა მათ ამის უფლება. ამგვარი განსჯისას კი ისინი თავიანთი კერძო ინტერესებითა თუ მიზნებით იხელმძღვანელებენ და შემოთავაზებული ღონისძიებები მიიღონ თუ არ მიიღონ, იმისდამიხედვით აწონ-დაწონიან, იმ კონკრეტულ მომენტში ეს მათთვის ხელსაყრელია თუ არახელსაყრელი. ამგვარ პირობებში მიუმხრობლობის ადგილს დაინტერესებულობა თუ საეჭვო სკურუპულოზურობა იჭერს; ჩვეულებრივ ამბად იქცევა ნაციონალური მასშტაბის გარემოებათა გაუთვალისწინებლობა; ამის გამო შეუძლებელი ხდება მოვლენების სწორად განსჯა; გამორჩეული ინტერესით მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს ეკიდებიან; ეს კი შეუძლებელია, ხელს არასწორი გადაწყვეტილების მიღებას არ უწყობდეს. იგივე მდგომარეობა შეიქმნება კონფედერაციის სხვა წევრ – სახელმწიფოებშიც. ამიტომ იმ გეგმათა განხორციელება, რომლებიც სახალხო კრებამ შეიმუშავა, ყოველთვის გაუთვითცნობიერებელი და ცრურწმენებით შეპყრობილი ხალხის ნება – სურვილზე იქნება მიგდებული. ცნობილია, თუ რა სიძნელეებთან არის დაკავშირებული ამგვარი კრების მუშაობა; თუ როგორ უძნელდება მას ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხზე გაწონასწორებული გადაწყვეტილების მიღება, თუკი ამის   გარეგანი იძულება არ ადგას. ალბათ,  არც იმის წარმოდგენა იქნება შეუძლებელი, რომ არ არსებობს სტიმული, რომელიც ერთმანეთისგან სოლიდურად დაშორებულ რამდენიმე სახალხო კრებას, სხვადასხვა დროს რომ იკრიბება და სხვადსხვაგვარ ზეწოლას განიცდის, საერთო მიზნისთვის  გრძელვადიანი თანამშრომლობისკენ უბიძგებდა.
ჩვენს შემთხვევაში საქმე ეხება იმას, რომ  საკავშირო ხელისუფლებიდან წამოსულ ღონისძიებათა ცხოვრებაში გასატარებლად საჭიროა, ცამეტმა დამოუკიდებელმა შტატმა გამოხატოს საერთო ნება. მაგრამ მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. საკავშირო ხელისუფლების გადაწყვეტილებანი არ სრულდება. ცალკეული შტატის დანაშაულებრივმა ქმედებებმა  ქვეყანა იმ ზომამდე მიიყვანა, რომ საერთო-ეროვნული მმართველობის ყველა რგოლი გაჩერდა. ყველაფერი საშინელმა დამყაყებამ მოიცვა. კონგრესს აღარ ძალუძს მართვის სადავეები მანამ მაინც შეინარჩუნოს, სანამ შტატები იმის თაობაზე შეთანხმებას მიაღწევენ, რომ ფედერალური ხელისუფლების არსებული აჩრდილი დაუყოვნებილივ უნდა შეიცვალოს. მაგრამ ეს უიმედო მდგომარეობა ერთბაშად არ დამდგარა. თავდაპირველად, ხსენებულ მიზეზთა წყალობით, საკავშირო ხელისუფლების გადაწყვეტილებანი უთანასწოროდ და არაპროპორციულად ხორციელდებოდა. ცალკეული შტატების ურჩობა დანარჩენებმა, მორჩილებით რომ გამოირჩეოდნენ, საბაბად გამოიყენეს, რომ ცდუნებას აჰყოლოდნენ. რად უნდა ვაკეთებდეთ  იმათზე მეტს, ვისთან ერთადაც ეს პოლიტიკური ყარიბობა წამოგვიწყია? რად უნდა ვიღებდეთ სხვებზე მეტს საკუთარ თავზე? აი, მოსაზრებანი, რომელთა წინაშე უძლურია ადამიანური თავმოყვარეობა. უფრო მეტი, მათთან გამკლავება ყველაზე წინდახედულ ადამიანებსაც კი გაუჭირდებოდათ, შესაძლო შედეგებს რომ წინასწარ ჭვრეტენ. ისე რომ, ყოველი შტატი მხოლოდ კერძო ინტერესებისა  თუ სარგებელთა  კარნახით რომ მოქმედებდა, გეგმაზომიერად აცლიდა საყრდენს საერთო შენობას. ეს უკანასკნელი კი ისედაც იმ ზომამდე იყო მოყანყალებული, რომ ჩამოქცევასა  და ნანგრევებში დანთქმას გვიქადდა.
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group