ფედერალისტი  # 61 : ჰამილტონი
1788წ. 26 თებერვალი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

კონვენტის მიერ შემოთავაზებული გეგმის უფრო გულწრფელი მოწინააღმდეგენი – როცა კამათში იძულება ადგებათ, – ხანდახან აღიარებენ კიდეც, საარჩევნო დებულება, რომელსაც ეს გეგმა შეიცავს, მართებულია, ოღონდ ერთი პირობითო. აუცილებელია, მას თან ახლდეს დეკლარაცია, რომელიც ხელისუფლებას  დაავალდებულებს, არჩევნები იმ ოლქებში ჩაატაროს, სადაც ამომრჩეველი ცხოვრობსო. ამბობენ, ეს სიფრთხილის აუცილებელი ზომაა, რაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან დაგვიცავსო. ამგვარი დეკლარაცია მართლაცდა უწყინარი იურიდიული აქტი იქნებოდა. იგი სასურველიც კია იმდენად, რამდენადაც შიშის განელებას შეუწყობდა ხელს, მაგრამ საფრთხის წინააღმდეგ სიფრთხილის დამატებით ზომად იგი ან სრულებით არ გამოდგებოდა, ანდა საამისოდ ძალზე სუსტი საშუალება იქნებოდა. ამიტომ ვინც კი ზემოაღნიშნულ გეგმას მიუმხრობლად და სამართლიანად განიხილავს,  სერიოზულად არ აღიქვმას ამგვარ შესიტყვებას. მით უფრო არავის მიაჩნია იგი ისეთ შეპასუხებად, რომლის გაბათილებაც არ შეიძლებოდეს. წინა ორ წერილში სხვადასხვა კუთხით განვიხილეთ აღნიშნული საკითხი. ვფიქრობ, ისეთი საბუთები წამოვაყენე, რანიც ნებისმიერი მიუმხრობელი და გონიერი ადამიანისთვის დამაჯერებელნი იქნებიან. ამრიგად, თუ ისე მოხდა, რომ საზოგადოებრივი თავისუფლება საერთო – ეროვნულ მმართველთა პატივმოყვარეობამ შეიწირა, ამ საქმეში უბრალო იქნება ხელისუფლების ის განშტოება, რომელიც ჩვენი ამჟამინდელი კვლევის საგანია.
არსებობს ხალხი, რომელიც სხვადასხვა შტატის კონსტიტუციის შესწავლის დროს მხოლოდ ეჭვით ხელმძღვანელობს და სხვას არაფერს უწევს ანგარიშს.  სწორედ ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ შფოთისა და განგაშის ძალზე ცოტა საბაბს იძლევა არჩევნებთან დაკავშირებული მოქმედების თავისუფლება, რომელსაც ამ კონსტიტუციათა უმრავლესობა შტატის ხელისუფლებას ანიჭებს. უფრო შემაშფოთებელი ის თავისუფლებაა, რომელიც საერთო – ეროვნულ მთავრობას ენიჭებაო. მაგრამ შესაბამისი კონსტიტუციური დებულებების უფრო გამოწვლილვითმა განხილვამ, შესაძლოა, გააქარწყლოს ამ საკითხთთან დაკავშირებული მცდარი შთაბეჭდილებანი. ვინაიდან ამგვარი მიმოხილვა, შეიძლება, ძალზე გრძელი და მოსაწყენი გამოვიდეს, მარტო იმ შტატის მაგალითით შემოვიფარგლები, სადაც წინამდებარე წერილი იწერება. არჩევნების ადგილთან დაკავშირებით ნიუ – იორკის კონსტიტუციაში სხვა არაფერია აღნიშნული, გარდა იმისა, რომ საკანონმდებლო კრებისა და სენატის წევრებს იმ ოლქებსა და რაიონებში აირჩევენ, რადაც ესა თუ ის შტატი არის დაყოფილი ან შესაძლოა, დაყოფილ იქნეს. ამჟამად ოთხი ასეთი რაიონი არსებობს და თითოეული მათგანი  ორიდან ექვსამდე საარჩევნო ოლქს შეიცავს. ძალზე ადვილია იმის დანახვა, რომ ნიუ – იორკის საკანონმდებლო ხელისუფლებასა და შეერთებული შტატების მთავრობას შეუძლიათ თანაბარი წარმატებით გამოიყენონ ერთი და იგივე ხერხი, რაც ამომრჩევლისათვის ხმის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს იმ გზით, რომ არჩევნები მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებში ჩაატაროს. განსხვავება მხოლოდ იმაში იქნება, რომ ერთი ამას შტატის მასშტაბით განახორციელებს, მეორე კი – სრულიად კავშირისა. მაგალითად დავუშვათ, რომ ქალაქი ოლბანია გამოყოფილია არჩევნების ჩატარების ერთადერთ ადგილად იმ ოლქიდან და იმ რაიონიდან, რომელშიც ეს ოლქი შედის; განა იმავე რაიონიდან და ოლქიდან მყისვე ამ ქალაქის მაცხოვრებელნი არ იქცევიან როგორც სენატის, ისე საკანონმდებლო კრების წევრთა ერთადერთ ამომრჩევლებად? ნუთუ შესაძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ადამიანები ოლბანის ოლქის შორეული რაიონებიდან, - როგორიცაა სარატოგა, კემბრიჯი და სხვა, ანდა მონტგომერის ამა თუ იმ ნაწილიდან, თავს შეიწუხებენ ქალაქ ოლბანში ჩამოსასვლელად, რათა ხმა მისცენ საკანონმდებლო კრებისა და სენატის წევრობის კანდიდატებს? განა უფრო გონივრული არ იქნება, თუ ისინი ნიუ–იორკს მიაშურებენ და ფედერალური საკანონმდებლო წარმომადგენლობითი პალატის წევრებს აირჩევენ? ამ შეკითხვაზე მზამზარეული პასუხი მოიპოვება იმ შემაშფოთებელი გულგრილობის სახით, რომელსაც ამ ფასდაუდებელი პრივილეგიის გამოყენების საქმეში იჩენენ. პრივილეგიისა, რომლით სარგებლობის უფლებაც სწორედაც რომ კანონმდებლობითაა უზრუნველყოფილი. თუ ამ საკითხში დაგროვილი გამოცდილებით არ შემოვიფარგლებით და განზოგადებას მივმართავთ, არ გაგვიჭირდება შემდეგი კანონზომიერების დადგენა: როცა არჩევნები ამომრჩევლისგან მოუხერხებელ მანძილზე ტარდება, ამგვარი რამ მის საქციელზე ერთსა და იმავე ზეგავლენას ახდენს, მიუხედავად იმისა, ეს მანძილი ოც მილს შეადგენს თუ ოცი ათასს.  აქედან გამომდინარეობს, რომ შესიტყვება, რომელსაც საარჩევნო პროცესის მოწესრიგების ფედერალურ წესში კონკრეტული ცვლილების წინააღმდეგ აყენებენ, ნიუ–იორკის კონსტიტუციით დადგენილ ანალოგიურ უფლებამოსილებაში შეტანილ ცვლილებებსაც ეხება. ამიტომ შეუძლებელია ერთი გაამართლო, მეორე კი დაგმო. თუ ამავენაირად შევუდარებდით ერთმანეთს ფედერალური კონსტიტუციის პროექტსა და უმრავლეს შტატთა კონსტიტუციებს, ზუსტად იმავე დასკვნამდე მივიდოდით. 
მაგრამ შესაძლოა გვითხრან, ესა თუ ის ნაკლი, რომელიც ცალკეული შტატის კონსტიტუციას აქვს, შეუძლებელია იმ წუნის გამართლებად მივიჩნიოთ, რომელსაც ფედერალური კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტი შეიცავსო. პასუხად ამას ვიტყოდი: ცალკეული შტატის კონსტიტუცია არასოდეს დაუდანაშაულებიათ იმაში, რომ ისინი უყურადღებობას იჩენენ იმ საკითხის მიმართ, რაც თავისუფლების უსაფრთხოებასა და მის უზრუნველყოფას ეხება. რაც შეეხება ფედერალური კონსტიტუციის გეგმის მიმართ წამოყენებულ ბრალდებებს, ძნელი არ არის იმის ჩვენება, რომ ისინი ცალკეული შტატის კონსტიტუციებზეც ვრცელდება. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ფედერალური კონსტიტუციის გეგმის მიმართ წამოყენებული ბრალდებებიდან უფრო ის გამოსჭვივის, რომ ოპოზიციას, რომელიც წინასწარ აკვიატებული აზრითაა შეპყრობილი, მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებს: რადაც უნდა დაუჯდეს, კრიჭაში ჩაუდგეს პროექტის ავტორებს. ასე რომ, არც ერთ ამგვარ ბრალდებას არაფერი სცხია იმისა, რასაც ჭეშმარიტების წრფელი ძიების ნაყოფს უწოდებენ. სხვა კატეგორიის ხალხიც არსებობს, რომელიც ცალკეული შტატის კონსტიტუციაში არსებულ ხარვეზებს უწყინარს უწოდებს, ფედერალური კონსტიტუციის გეგმის უმნიშვნელო გადაცდომებს კი მიუტევებელ ცოდვად განიხილავს. ამ ხალხს მხოლოდ ასეთი შეკითხვით მივმართავდით: შეგიძლიათ, დაგვისახელოთ თუნდაც ერთი არსებითი მიზეზი იმისა, რის გამოც გგონიათ, რომ ცალკეული შტატის მოსახლეობის წარმომადგენლები უფრო შეუვალნი იქნებიან ძალაუფლების ნდომისა თუ სხვა დამღუპველი მოტივების მიმართ, ვიდრე ისინი, ვინც შეერთებული შტატების მოსახლეობას წარმოადგენენ? თუ ამის გაკეთება არ ძალუძთ, მაშინ შემდეგი რამ მაინც უნდა დაგვისაბუთონ. სახელდობრ ის, რომ უფრო ადვილია სამი მილიონი ადამიანის თავისუფლების შემუსვრა, ვიდრე - ორასი ათასი ადამიანის თავისუფლებისა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ სამასი მილიონის ოპოზიციას სათავეში ადგილობრივი მთავრობები უდგანან, მეორენი კი ამგვარ უპირატესობას მოკლებულნი არიან. რაც შეეხება ყოველივე ამის კავშირს იმ საკითხთან, რომელსაც ახლა განვიხილავთ, მათ, ჯერ ერთი, უნდა შეძლონ ჩვენი დარწმუნება იმაში, რომ ამა თუ იმ შტატში გაბატონებული დაჯგუფება, თავისი გაბატონებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად, უფრო იშვიათად მიმართავს ამომრჩეველთა გარკვეული ფენის გამორჩევის ხერხს და მეორეც, ამ ხალხმა უნდა დაგვარწმუნოს, რომ ფედერალურ ხელისუფლებაში გამეფებული სულისკვეთება ცამეტი შტატის წარმომადგენლებს, რომელნიც უზარმაზარ ტერიტორიაზე არიან მიმოფანტულნი, იქითკენ უბიძგებს, რომ მათ ბევრად უფრო ხშირად გამოიყენონ ზემოაღნიშნული ხერხი. საქმე ხომ ჩვენი ქვეყნის იმ მხარეებს ეხება, რომელნიც მრავალმხრივ არიან ერთმანეთისგან განსხვავებულნი და ადგილობრივ გარემოებათა, ცრურწმენათა და ინტერესთა მრავალფეროვნებით გამოირჩევიან.
ჩემი აქამომდელი მსჯელობის მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ განსახილველი დებულების თეორიული მართებულება დამესაბუთებინა. აღგვენიშნა ის, რომ ძალაუფლებას, სადაც უნდა არსებობდეს იგი, ყველგან თან ახლავს ხიფათი, რომ უსაფრთხოა მისი გადაცემის ის ფორმა, რომელსაც კონვენტი გვთავაზობს. ახლა აუცილებლად უნდა ვახსენოთ ძალაუფლების ამგვარი ფლობის პოზიტიური უპირატესობა, რაც შესაძლოა, მის სხვა ფორმებს არც კი გააჩნდეთ; მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ ფედერალური წარმომადგენლობითი პალატის არჩევნები ერთდროულად ტარდება. დიდია შესაძლებლობა იმისა, რომ გამოცდილებამ საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის ამგვარი ერთგვაროვნების უდიდესი მნიშვნელობა დაადასტუროს. ჯერ ერთი, არ არის გამორიცხული, იგი ყველაზე საიმედო საშუალება აღმოჩნდეს, რომელიც თავიდან აგვაცილებს იმას, რომ საკანონმდებლო კრებაში ფეხი მოიკიდოს ზემოაღნიშნულმა  სულისკვეთებამ და მეორეც, იგი შესაძლოა ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალება გამოდგეს იმ სენისგან განსაკურნებლად, რომელიც ჯგუფურობის სახელითაა ცნობილი. თითოეულმა შტატმა რომ არჩევნების ჩატარების თავისი საკუთარი დრო შემოიღოს, მაშინ იმდენი საარჩევნო პერიოდი იქნებოდა, რამდენი თვეც არის წელიწადში. საარჩევნო დრო, რომელიც ცალკეულ შტატში სადღეისოდ არის შემოღებული, მარტსა და ნოემბერს შორის მერყეობს. ამგვარი სხვაობის გამოისობით შტატის საკანონმდებლო ორგანოთა დათხოვნა და შეკრება არასოდეს ხდება ერთდროულად. ამიტომ თუ ამგვარ ორგანოს უმართებულო სულისკვეთება დაეუფლა, იგი, უწინარეს ყოვლისა, მის ახალ წევრებს გადაედება, რომელნიც თანამდებობას გარკვეული თანამიმდევრულობით იკავებენ. ძირითადი მასა იგივე დარჩება, რომელიც შემომატებულ წევრებს დაიმგვანებს და ეს მუდმივი პროცესი იქნება. ამგვარი მაგალითი გადამდებია და მას მხოლოდ მტკიცე ნებისყოფის ადამიანები თუ დააღწევენ თავს. ვფიქრობ, თუ თანამდებობაზე ყოფნის ვადას გავასამკეცებთ, ნაკლებ ხიფათს შევუქმნით თავისუფლებას, ვიდრე იმით, რომ ძალაში დავტოვოთ ამ ვადის მესამედი და ისიც გამუდმებულსა და თანამიმდევრულ ცვლილებებს მოვანდომოთ.
ერთგვაროვანი საარჩევნო დრო, როგორც ჩანს, არანაკლებ აუცილებელია იმ იდეის ხორცშესასხმელად, რომელიც სენატში რეგულარულ როტაციას გულისხმობს. არანაკლები მნიშვნელობა აქვს მას იმ თვალსაზრისით, რომ საკანონმდებლო ორგანო ყოველწლიურად დადგენილ დროს შეიკრიბოს.
შეიძლება ვინმემ იკითხოს: რატომ კონსტიტუციით არ არის დადგენილი ამგვარი დრო? ის ადამიანები, რომელნიც ნიუ – იორკის შტატში ყველაზე გააფთრებით ეწინააღმდეგებიან კონვენტის გეგმას, იმავდროულად, ყველაზე თავგამოდებით იცავენ თავიანთი შტატის კონსტიტუციას. ამიტომ შეკითხვა შეიძლება შემდეგნაირად შევატრიალოთ: რატომ ნიუ – იორკის კონსტიტუციაში არ არის მითითებული ამგვარი დრო? საუკეთესო პასუხი ამ შეკითხვაზე ასეთია: უმჯობესია, ეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოებმა თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ. საქმე ის არის, რომ წინდაწინ დადგენილი დრო მოუხერხებელია, ვინაიდან გამოცდილებამ ამაში შესაძლოა თავისი შესწორება შეიტანოს და სხვა დრო ამჯობინოს. თავდაპირველად დასმულ შეკითხვასაც იმავენაირადვე ვუპასუხებდით. ყოვლივე ზემოთქმულისთვის შეგვეძლო დაგვემატებინა ის, რომ ვითომდა გამუდმებული ცვლილებები თითიდან გამოწოვილი საფრთხეა. ალბათ არ იქნებოდა გონივრული, რომ იგი სახელმძღვანელო პრინციპად მიგვეღო. ამგვარი რამ იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ ცალკეული შტატის მთავრობებისა და საერთო – ეროვნული ხელისუფლებისთვის თავიანთი არჩევნების მოხერხებულად და ერთდროულად ჩატარების შესაძლებლობა მოგვესპო.
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group