ფედერალისტი # 76 : ჰამილტონი

1788წ. I აპრილი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

პრეზიდენტი “სენატის რჩევითა და თანხმობით ნიშნავს ელჩებს, სხვა უფლებამოსილ პირებსა და კონსულებს, უზენაესი სასამართლოს მოსამა-რთლეებსა და შეერთებული შტატების სხვა თანამდებობის პირებს, რომელთა დანიშვნის შესახებ კონსტიტუციაში არ არის გათვალისწინე-ბული სხვა წესი და რომელთა თანამდებობანი დადგენილია კანონით. მაგრამ კონგრესს _ თუკი საჭიროდ ჩათვლის - შეუძლია მხოლოდ პრეზიდენტს, სასამართლოებსა და დეპარტამენტთა ხელმძღვანელებს დააკისროს უფრო დაბალი რანგის თანამდებობის პირთა დანიშვნა. პრეზიდენტს უფლება აქვს, შეავსოს ყველა ვაკანსია , რომელიც სენატის სესიებს შორის წარმოიშობა და თანამდებობრივი უფლებამოსილება მიანიჭოს ვადით სენატის უახლოესი სესიის დამთავრებამდე .”
ერთ - ერთ წინა სტატიაში გამოთქმულია შემდეგი მოსაზრება:”კარგი მთავრობის ჭეშმარიტი საზომი ის არის, თუ რამდენად აქვს მას სურვილი, ჩამოაყალიბოს ვარგებული ადმინისტრაცია და რამდენად შესწევს ამის უნარი.” თუ ამ მოსაზრების სამართლიანობას ვაღიარებთ, მაშინ შეერთებული შტატების თანამდებობის პირთა დანიშვნის ის წესი, რომელიც ზემომოტანილ დებულებებშია გადმოცემული შესწავლის შემ-დეგ  უთუოდ განსაკუთრებულ ქებას დაიმსახურებს. არ არის იოლი საქმე უკეთ გაანგარიშებული გეგმის შედგენა, რომელიც საკავშირო თანა-მდებობაზე ადამიანთა გონივრულ შერჩევას უზრუნველყოფდა. ამიტომ არც იმის დასაბუთებაა  აუცილებელი, რომ ამ საკითხზე დიდად არის დამოკიდებული ის, თუ რა ხასიათისა იქნება საკავშირო ადმინისტრაცია.
ყველა აღიარებს იმ მოსაზრების მართებულებას, რომ ჩვეულებრივ შემთხ-ვევებში  თანამდებობებზე დანიშვნის წესი შესაძლოა, მხოლოდ სამნაირად შეიცვალოს. ამგვარი უფლებამოსილება შეიძლება მიენიჭოს ან ერთ პირს, ან წევრთა ზომიერი რიცხვისგან შედგენილ არჩევით ასამბლეას, ანდა ერთ პირს, რომლისთვისაც აუცილებელი იქნება ამგვარი ასამბლეის თანხმობა. მაგრამ ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ ხალხს გაუჭირდება ამ წესის ცხოვრებაში გამოყენება, ვინაიდან დანარჩენ მოსაზრებებზე რომ არაფერი ვთქვათ, მას დრო არ დარჩება სხვა საქმეებისთვის. ამრიგად, როცა შემდგომში ასამბლეას, ანდა პირთა ჯგუფს მოვიხსენიებთ, უნდა გვესმოდეს, რომ საქმე სწორედ ზემოა-ღწერილ არჩევით ორგანოს თუ ასამბლეას ეხება. ვერავინ შეძლებს იმას, რომ მთელი ხალხის როგორც კოლექტიური პირის, მოქმედებები  ხალხისა, რომელიც ვრცელ ტერიტორიაზეა მიმოფანტული იმ სული-სკვეთებით მართოს შეთქმულებებსა და ხრიკების ხლართვასთან რომაა დაკავშირებული. ამიტომ არ არის სწორი, როცა ამგვარ რამეს იმიზეზებენ და დაჟინებით ამტკიცებენ, თანამდებობებზე დანიშვნის უფლებამოსი-ლებით რამდენიმე პირისგან შედგენილი ჯგუფი არ უნდა აღიჭურვოსო.
ვინც დაფიქრებულა იმ საკითხზე, თუ როგორ უნდა დაინიშნოს პრეზიდ-ენტი, ანდა ვისაც გულისყურით წაუკითხავს წინამდებარე სტატიათა ის ნაწილები, სადაც ეს საკითხია განხილული, ყველა დაგვეთანხმება, რომ დიდია ალბათობა შემდეგი რამისა: ეს თანამდებობა წილად ხვდეს ადამიანს, რომელიც შესაძლოა, უნარიანი არ იყოს, მაგრამ საზოგადო-ებაში პატივისცემით სარგებლობდეს. აქედან გამომდინარე, მე წესად მიმაჩნია ის, რომ ერთი გამჭრიახი ადამიანი უკეთ შეძლებს ისეთი თვისებების გამორჩევას, რომლებიც ზედგამოჭრილია ამა თუ იმ  თანამდებობაზე, ვიდრე ეს ადამიანთა ჯგუფს ხელეწიფება, თუნდაც ეს უკანასკნელი არათუ მსგავსი, არამედ უფრო მეტი გამჭრიახობითაც კი გამოირჩეოდეს.
ბუნებრივია, რომ ერთიანი და განუყოფელი პირადი პასუხისმგებლობა მოვალეობის უფრო მძაფრ განცდას ბადებს და ხელს უწყობს რეპუტაციის მიმართ მეტი  მზრუნველობის გამოჩენას. ამიტომ პრეზიდენტი უფრო ვალდებულად ჩათვლის თავის თავს და უფრო იქნება დაინტერესებული იმით, რომ გულმოდგინედ განიხილოს ამა თუ იმ თანამდებობისთვის აუცილებელი ესა თუ ის თვისება და მიკერძოების გარეშე შეარჩიოს ისეთი პირები, რომელნიც სამართლიანად აცხადებენ პრეტენზიას შესაბამის თანამდებობებზე. რა თქმა უნდა, ერთ ადამიანს უფრო ნაკლები პირადი სიმპატია ექნება სხვადასხვა პირების მიმართ, ვიდრე ადამიანთა ჯგუფს. ამიტომ ბუნებრივია, რომ ერთ ადამიანზე უფრო ნაკლებ ზეგავლენას იქონიებს მეგობრული ურთიერთობისა და კეთილგანწყობის გრძნობები.  შეუძლებელია, გზა აურიო ან თავს მოახვიო განსხვავებული შეხედულებანი ადამიანს, რომელიც მარტო, მაგრამ თავდაჯერებულად მოქმედებს. რაც შეეხება კოლექტიურ ორგანოს, მას ხშირად დარევს ხოლმე ხელს თავგზაამრევი გრძნობები და ინტერესები. ვერაფერი ისეთ ძალუმ ზემოქმედებას ვერ ახდენს ადამიანურ ვნებებზე, როგორც პირადი შეხედულება; სულერთია, იგი თვითონ ჩვენ გვეხება თუ არჩევანისა და მჯობინების საგნებს. აქედან გამომდინარე, ადამიანთა ასამბლეის მიერ იმ უფლებამოსილების განხორციელებისას, რომელიც თანამდებობებზე დანი-შვნას ითვალისწინებს, შემდეგ რასმე უნდა მოველოდეთ: აიშლებიან და მთელი სისავსით წრმოჩინდებიან პირადი თუ პარტიული სიმპატიები და ანტიპატიები, მიკერძოებანი და დაწუნებანი, ერთგულებანი და მტრობანი, რასაც ასამბლეაში შემავალი ადამიანები განიცდიან. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში გაკეთებული ნებისმიერი არჩევანი მოგვევლინება, როგორც შედეგი ერთი პარტიის მეორეზე გამარჯვების, ან მათ შორის კომპრომისისა. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში კანდიდატის შინაგანი ღირსება თვალთახედვის მიღმა დარჩება. ერთ შემთხვევაში ყურადღებას კანდიდატის ისეთ თვისებებზე გაამახვილებენ, რანიც უფრო  პარტიულ ამომრჩეველთა მობილიზაციის მიზნებს მიესადაგებიან, ვიდრე შესაბამისი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, კოალიცია ყოველთვის მოახერხებს საინტერესო ეკვივალნტზე შეთანხმებას:” გაგვაყვანინეთ ამ თანამდებობაზე ჩვენი კაცი და თქვენთვის საინტერესო პოსტზე თქვენთვის სასურველ კანდიდატს დაგანიშნინებთ.” ჩვენ წინაშეა ჩვეულებრივი გარიგებისთვის დამახასია-თებელი პირობები. ძალზე იშვიათად წამოიწევს ხოლმე წინა პლანზე საზოგადოებისადმი სამსახური, რაც პარტიული ბრძოლისა თუ პარტიულ მოლაპარაკებათა მთავარი მიზანი უნდა იყოს.
როგორც ჩანს, ზემოაღწერილ პრინციპთა ჭეშმარიტება არც იმ ადამია-ნებში აღძრავს ეჭვს, რომელნიც თავიანთი გონიერებით გამოირჩევიან იმ კრიტიკოსთა შორის, მცდარად რომ მიიჩნევენ კონვენტის მიერ განსა-ხილველ საკითხთან დაკავშირებით წამოყენებულ დებულებას. ისინი ამტკიცებენ, მხოლოდ პრეზიდენტი უნდა იყოს უფლებამოსილი, რათა ფედერალური მთავრობის სისტემაში თანამდებობებზე დანიშვნები განახორციელოსო.  მაგრამ ადვილია იმის ჩვენება, რომ უპირატესობანი, რომელთაც დანიშვნის ამგვარი წესისგან გამოველით, არსებითად, კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილებიდან გამომდინარეობენ. კონვენტი გვთავაზობს, რომ პრეზიდენტი ამგვარი უფლებამოსილებით აღიჭურვოს, რაც თავიდან აგვაშორებს არასახარბიელო შედეგებს, რასაც მის ხელში თანამდებობებზე დანიშვნებთან დაკავშირებული სრული უფლებამოსილების თავმოყრა გამოიწვევდა. კანდიდატურის წამოყენების დროს პრეზიდენტი მხოლოდ თავის მოსაზრებას გამოთქვამს და მის მოვალეობას მხოლოდ ის შეადგენს, რომ მიუთითოს იმ ადამიანზე, რომელიც სენატის თანხმობის შემთხვევაში თანამდებობაზე დაინიშნება. რაც შეეხება პრეზიდენტის პასუხისმგებლობას, იგი ისეთი იქნება, თითქოსდა საბოლოო დანიშვნა მხოლოდ მას განეხორციელებინოს. ამ თვალსაზრისით კანდიდატურის წამოყენება და თანამდებობაზე დანიშვნა ერთმანეთისგან არ განსხვავდება. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებაზე ერთი და იგივე მოტივები მოახდენენ ზემოქმედებას. საქმე ის არის, რომ თანამდებობაზე ვერავინ დაინიშნება, თუ იგი პრეზიდენტის მიერ წინასწარ არ არის წამოყენებული. ასე რომ, ყოველი ადამიანი, რომელიც შესაძლოა, პოსტზე გამწესდეს, ფაქტობრივად, მისი არჩევანია.
მაგრამ შესაძლებელია თუ არა ის, რომ პრეზიდენტის მიერ წამოყენებული კანდიდატურა დაწუნებულ იქნეს? ვფიქრობ, ასეთი რამ შესაძლებელია, ოღონდ იმ პირობით, რომ დაწუნებული კანდიდატურა სხვა, ასევე მის მიერ წამოყენებული პირით იქნეს ჩანაცვლებული. ის პიროვნება, რომელიც საბოლოო ჯამში თანამდებობაზე დაინიშნება, მაინც პრეზიდენტის მიერ იქნება შერჩეული, თუმცა არა პირველივე ჯერზე. მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა ის, რომ პრეზიდენტის მიერ წამოყენებული კანდიდატურა ხშირად იქნეს უკუგდებული. ძნელად რომ სენატი  პრეზიდენტისეული შეთავაზების უარყოფის ცდუნებას დაჰყვეს და თავისი კანდიდატურა წამოაყენოს. საქმე ის არის, რომ სენატის წევრები ვერაფრით იქნებიან დარწმუნებულნი შემდეგ რამეში: შეძლებენ თუ არა ისინი მათთვის სასურველი კანდიდატურის გაყვანას მეორედ თუ კიდევ ერთხელ წამოყენების შემთხვევაში. უფრო მეტი, სენატის წევრები იმაშიც კი ვერ იქნებიან დარწმუნებულნი, რომ შემდგომი წამოყენების შემთხვევაში უფრო მისაღები კანდიდატურა გამოჩნდება. პრეზიდენტის მიერ შემოთავაზე-ბულის დაწუნება კი დაწუნებული პირის რეპუტაციას შებღალავს. ყოველივე ამის შედეგად კი ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნება, თითქოსდა სენატი ეჭვქვეშ აყენებდეს აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირის მოსაზრებას. ამიტომ ნაკლებ სავარაუდოა ის, რომ სენატმა განსაკუთრებული და არსებითი მიზეზის გარეშე უთხრას უარი პრეზიდენტს მის მიერ შემოთავაზებული კანდიდატურის დამტკიცებაზე.
მაგრამ მაშინ რაღად მოვითხოვთ სენატისგან იმის, რომ მან თანამდებობაზე დანიშვნის საკითხში პრეზიდენტთან ითანამშრომლოს? ამ შეკითხვაზე მე შემდეგნაირად ვუპასუხებდი: სენატისა და პრეზიდენტის აზრთა დამთხვევა ძალუმი, თუმც კი იდუმალი ზემოქმედების შემძლეა. ეს არის შესანიშნავი ღონისძიება, რითაც შეგვიძლია, ფავორიტიზმისკენ პრეზიდენტის მიდრეკილება მოვთოკოთ. იგი დიდწილად აგვაცილებს თავი-დან თანამდებობებზე შეუფერებელი ადამიანების დანიშვნას, საითკენაც შესაძლოა, პრეზიდენტს ამა თუ იმ შტატში გამეფებული ცრურწმენა, ოჯახური კავშირები, პიროვნული მიკერძოება თუ პოპულარობის მოხვეჭის სურვილი უბიძგებდეს. გარდა ამისა, იგი ქმედითი საშუალებაა ადმინი-სტრაციის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. 
ადვილი მისახვედრია ის, რომ როცა ადამიანი ერთპიროვნულად განაგებს თანამდებობებზე დანიშვნის საქმეს, მის მოქმედებას უფრო მეტად წარმართავენ პირადი მიდრეკილებანი და ინტერესები, ვიდრე იმ შემთხვე-ვაში, როცა იგი ვალდებულია, თავისი არჩევნის მართებულება სრულიად განსხვავებული და დამოუკიდებელი ორგანოს სამსჯავროზე გაიტანოს; მით უფრო, როცა საქმე საკანონმდებლო ხელისუფლების მთელ განშტოებასა და მის წინაშე პასუხისმგებლობას ეხება. ის ამბავი, რომ კანდიდატურა შესაძლოა ჩავარდეს, მძლავრ მოტივად გვევლინება, რაც პრეზიდენტს კანდიდატურების თაობაზე წინადადებათა შეტანისას უდი-დესი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ საფრთხე შეექმნას პრეზიდენტის რეპუტაციას. მიკერძოებაში გამოჭერისა თუ პოპულარობის მოხვეჭისკენ უღირსი ლტოლვის გამო, შესაძლოა, ხიფათის წინაშე დადგეს ასარჩევი პირის პოლიტიკური არსებობა. წარმომადგენლობითი ორგანოს წინაშე ამ სახით წარდგომა ერთობ სახიფათოა, ვინაიდან მას ძალზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. ასე რომ, ყოველივე ზემოაღნიშნული არსებით დაბრკოლებას შეუქმნის როგორც პრეზიდენტს, ისე მის მიერ წამოყენებულ კანდიდატურას იმ შემთხვევაში, თუ ისინი უმართებულოდ იმოქმედებენ. პრეზიდენტს სენატის წინაშე წარდგომისა შერცხვება და შეეშინდება კიდეც, თუ იგი ყველაზე მნიშვნელოვანსა თუ სარფიან თანამდებობებზე ისეთ კანდიდატურებს წამოაყენებს, რომელსაც სხვა ღირსება არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ პრეზიდენტის თანაშტატელები ან მასთან დაახლოებული ადამიანები არიან. იგი არც ისეთი უსაჩინო პირთა შეთავაზებას იკადრებს, რომელნიც მლიქვნელური ხასიათით გამოირჩევიან და მზად იქნებიან მისი ყველა ხუშტური აღასრულონ.
ზემომოტანილი მოსაზრების წინააღმდეგ შემდეგი მტკიცებით გამოდიო-დნენ: კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება ის იარაღი იქნება პრეზიდენტის ხელში, რითაც ის სენატს საკუთარ მოსაზრებებს მოახვევს თავსო. მაგრამ საქმე ის არის, რომ მტკნარი სიცრუეა პოლიტიკური მოსაზრებანი როგორც ადამიანთა საყოველთაო გამყიდველობის, ისე მათი საყოველთაო პატიოსნების შესახებ.  უფლებამოსილებათა დელეგირების ინსტიტუტი სწორედ იმას გულისხმობს, რომ კაცობრიობის ნაწილი მოკლებული არ არის სიქველესა და ღირსებას, რაც შესაძლოა, ნდობის საფუძვლად გამოდგეს. თეორიული შეხედულების მართებულება პრაქტი-კაში დასტურდება: ზემოაღნიშნული თვისებებით ადამიანთა ნაწილი ყველაზე კორუმპირებულ ეპოქებშიც კი ხასიათდებოდნენ. მაშინაც კი, როცა მათ ყველაზე კორუმპირებული მთავრობები მართავდნენ. ბრიტანეთის თემთა პალატის გამყიდველობა დიდი ხანია, რაც ამ ორგანოს მიმართ ბრალდებათა საბაბადაა ქცეული როგორც ბრიტანეთში, ისე ჩვენს ქვეყანაში. ოდნავადაც კი ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ამგვარ ბრალდებათა მნიშვნელოვანი ნაწილი სამართლიანია. მაგრამ ასევე უეჭველია ისიც, რომ ზემოხსენებული პალატის წევრთა უმრავლესობას დამოუკიდებელი ადამიანები შეადგენენ, რომლებსაც ნამდვილად სტკივათ საზოგადოების სატკივარი. ისიც ცხადია, რომ ეს დამიანები სახელმწიოს უმაღლეს სახელისუფლებო ორგანოებში დიდი გამავლობით სარგებლობენ. აქედან გამომდინარე, (არც ამჟამინდელი მმართველობაა გამონაკლისი) თემთა პალატა ხშირად აკონტროლებს მონარქის პოლიტიკურ ზომებს და მის განწყობილებებს ადამიანთა მიმართ. მაგრამ მიუხედავად ამისა, სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი ჟამიდან ჟამს მოახერხებს სენატის ზოგიერთ წევრზე ზეგავლენის მოახდენს. თუმცა წარმოუდგენელია, რომ მან ოდესმე  მთელი ამ სახელისუფლებო ორგანოს პატიოსნების ყიდვა მოახერხოს. ყველა, ვინც ადამიანის ბუნებას ისე განიხილავს, როგორც ის არის, ანუ ცამდე არ აჰყავს მისი სიქველენი და არ აზვიადებს მისთვის დამახასიათებელ ნაკლოვანებებს, ადვილად ირწმუნებს სენატის უანგარობას. ასეთ ადამიანებს არასოდეს დაეუფლებათ შეშფოთება, ვაითუ, სენატის უმრავლესობა მოისყიდოს ან აცდუნოსო. რაც შეეხება თვითონ პრეზი-დენტს, მასზე საყურადღებოსა და კეთილმყოფელ ზეგავლენას მოახდენს სენატთან თანამშრომლობის აუცილებლობა თანამდებობაზე ადამიანთა დანიშვნის საქმეში. მაგრამ სენატის პატიოსნება ერთადერთი საყრდენი წერტილი როდია. კონსტიტუცია ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას იმ საფრთხის თავიდან ასაშორებლად, რასაც ქვეყანას სენატზე პრეზიდენტის შესაძლო ზეგავლენა უქადდეს: “ვერც ერთი სენატორი თუ წარმომადგენელი ვერ დაინიშნება შეერთებული შტატების სამსახურში რაიმე სამოქალაქო თანამდებობაზე იმ ვადის განმავლობაში, რა ვადითაც იგი არჩეულია , იმ შემთხვევაში, თუ ეს თანამდებობა შექმნილ იქნა, ანდა მასთან დაკავშირებული ჯამაგირი გაზრდილ იქნა ზემოაღნიშნულ პერიოდში და ვერც ერთი პირი, რომელსაც რაიმე თანამდებობა უკავია შეერთებული შტატების სამსახურში, ვერ იქნება ამა თუ იმ პალატის წევრი, ვიდრე იგი თანამდებობაზე იმყოფება.”                                                                    
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group