ფედერალისტი # 16 : ჰამილტონი
1787წ. 4 დეკემბერი
ნიუ-იორკის შტატის ხალხს
ჩვენი კონფედერაციის მაგალითზე ნათლად ჩანს ის, თუ რა სავალალო შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს იმ პრინციპის გამოდევნებამ, შტატებისა თუ სხვა თემებისთვის საკანონმდებლო უფლებამოსილებათა მინიჭება რომ აქვს მიზნად. მისი მიხედვით ხომ ისინი კრებით პოლიტიკურ პირებად განიხილებიან. ამასვე ადასტურებენ ის ავბედითი მოვლენები, რანიც კონფედერაციული ყაიდის სხვა ხელისუფლებებმა თავს დაიტეხეს. კატასტროფათა მასშტაბი კი იმ ზეგავლენის პირდაპირპროპორციულია, ამგვარ სისტემებზე ზემოხსენებული პრინციპი რომ ახდენს. უპრიანი იქნებოდა, ეს მოვლენა ცალკე გვეკვლია. მე კი იძულებული ვარ მხოლოდ იმის აღნიშვნით დავკმაყოფილდე, რომ ძველი მსოფლიოს კონფდერაციებს შორის, რომელთა შესახებ ცნობები ისტორიამ შემოგვინახა, როგორც ჩანს, ლიკიური და აქაველთა ლიგები ყველაზე ნაკლებად იყვნენ შებორკილნი ამ მცდარი პრინციპის ზემოქმედებით. ამიტომაც დაიმსახურეს მათ ძველი მწერლების მოწონება.
საქმე ეხება იმ გამორჩეულ პრინციპს, რომელიც ასევე სამართლიანად ითვლება ანარქიის მშობლად. კავშირის წევრთა ურჩობა ხომ მისი ბუნებრივი და უცილობელი ნაყოფია. ხოლო როგორც კი ის იჩენს თავს, მისი ჩახშობის კონსტიტუციური საშუალება მხოლოდ ძალაა. ძალის გამოყენებას კი სამოქალაქო ომი მოსდევს შედეგად.
გასარკვევი ისღა დაგვრჩა, მართვის ეს მექანიზმი, რომლის გამოყენება ჩვენთვის დამღუპველ შედეგთა მომტანია, საერთოდ ოდესმე ამართლებს თუ არა თავის მოწოდებას. თუ ნაციონალურ მთავრობას რეგულარული ჯარი არ ეყოლება, იგი ძალას საერთოდ ვერ გამოიყენებს. თუ მის განკარგულებაში იქნება შეიარაღებული ძალები, მაშინ თავიდან ვერ ავიცილებთ სამოქალაქო ომს. ყველაზე მოსალოდნელი კი ის არის, რომ ამ ომში შტატების ყველაზე ძლიერმა დაჯგუფებამ გაიმარჯვოს, სულერთია, იგი ნაციონალურ ხელისუფლებას დაუჭერს მხარს, თუ მის წინააღმდეგ გამოვა. ალბათ იშვიათად მოხდება ის, რომ დაუმორჩილებლობა ერთმა შტატმა გამოაცხადოს. და რაკი ერთი ან მეტი სხვა ურჩი შტატიც მოიძებნება, ერთ ბედქვეშ მყოფნი, ბუნებრივია, პირს შეკრავენ და თავდაცვის მიზნით კიდეც გაერთიანდებიან. სიმპათიის გამომწვევი სხვა მიზეზიც არსებობს. თუ ურჩი შტატი იმავდროულად დიდად გავლენიანიც არის, იგი ადვილად მოიხვეჭს სხვების ნდობას და თანამზრახველებადაც ადვილადვე გაიხდის მათ. დაუმორჩილებლობის საპატიო მიზეზის გამოგონებას ხომ არაფერი უნდა: საერთო თავისუფლებას საფრთხე ემუქრებაო. განგაშის ზარების დარისხება ხომ სხვა შტატებშიც ვნებათა ცეცხლს აღაგზნებს და ისეთ შტატებსაც კი მოედება, სამოკავშირეო მოვალეობათათვის თავის არიდება აზრადაც რომ არასოდეს მოსვლიათ. ყველაზე უფრო სავარაუდო ის არის, რომ ამგვარი რამ მაშინ მოხდეს, როს შეძლებულ შტატთა მმართველებს პირადი განდიდების მანია შეიპყრობთ და გარეგანი კონტროლისგან სრულ თავისდაღწევას მოიწადინებენ; ამ მიზნის უკეთ განსახორციელებლად კი წინდაწინ მოისყიდიან მეზობელი შტატების ლიდერებს. თუკი ამფსონებს სახლში ვერ მოიძევენ, ქვეყნის გარეთ დაუწყებენ ძიებას. იმ ხალხს კი რა გამოლევს, ჩვენი კონფედერაციის დაშლისთვის სული რომ ელევა. ჩვენი მტკიცე კავშირი ხომ მათთვის თავზარდამცემი იქნება. ხმალი თუ ერთხელ იშიშვლე, ქარქაშში მისი ჩაგება ერთობ გაჭირდება, რაკი ადამიანური ვნებები ზომიერებას არად დაგიდევენ. ხელყოფილი ღირსება თუ წაქეზებული გულისწყრომა შეურაცხყოფის გამო სამაგიეროს მიზღვისთვის შეაგულიანებს შტატებს, რომელთა წინააღმდეგაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ ძალა იხმარა. დაუმორჩილებელი შტატები კი ყველაფერზე წავლენ და დამაკნინებელ მდგომარეობას არაფრით შეეგუებიან. პირველივე ასეთი ომი კი ბოლოს მოუღებს ჩვენს კავშირს.
ასეთი იქნება ჩვენი კონფედერაციის ძალისმიერი აღსასრული. შედარებით ბუნებრივი სიკვდილით კი, როგორც ჩანს, იგი მალევე მიიცვლება, თუკი დაუყოვნებლივ ძირეულად არ შევცვლით მმართველობის ფედერალურ სისტემას. ჩვენი ხალხის სულისკვეთებიდან გამომდინარე, არ არის მოსალოდნელი, რომ მორჩილმა შტატმა დაუმორჩილებელის წინააღმდეგ ხმალი საკავშირო ხელისუფლების დაცვის მიზნით იშიშვლოს. ისინი, ალბათ, უფრო იოლ არჩევანს გააკეთებენ, მათს მაგალითს მიბაძავენ და მხარს სწორედაც რომ ურჩ შტატებს მისცემენ. ისე რომ, ყველას დანაშაული ყველას უსაფრთხოებად იქცევა. ჩვენმა ბოლოდროინდელმა გამოცდილებამ გაამჟღავნა ზემოხსენებული სულისკვეთება. მაგრამ საქმე ის არის, რომ გადაულახავი დაბრკოლება იმის განსაზღვრაა, თუ როდისაა მართებული ძალის გამოყენება. ყველაზე ხშირად შტატებს ურჩობისკენ ფულადი შესატანების ვალდებულება უბიძგებს. მაგრამ ძნელია იმის დადგენა, მისგან თავის არიდების გადაწყვეტილება საამისო სურვილის არქონითაა გამოწვეული, თუ გადახდისუუნარობით. ჩვეულებრივ ამ უკანასკნელს იმიზეზებენ ხოლმე. იძულების მკაცრი ზომის გასამართლებლად კი შტატის მიერ ჩადენილი დანაშაული შეუწყნარებელი უნდა იყოს. ამგვარი პრობლემა ისე ხშირად წამოიჭრება, რომ ძნელი არ არის იმის წარმოდგენა, თუ რა შეიძლება ამას მოჰყვეს: ის ჯგუფი, რომელიც ეროვნულ საბჭოში უმრავლესობაში იქნება, გასაქანს თავის პარტიულსა და მიკერძოებულ შეხედულებებს მისცემს, რაც სხვა ჯგუფების შევიწროებას გამოიწვევს.
ძნელი, ალბათ, არც იმის დასაბუთებაა, რომ შტატებმა, უპრიანი იქნება, უპირატესობა არ მიანიჭონ ისეთ საერთო - ეროვნულ კონსტიტუციას, რომლის ქმედითუნარიანობის უზრუნველსაყოფად მრავალრიცხოვანი არმიის ყოლა იქნებოდა აუცილებელი, მუდმივ სამხედრო ლაშქრობებს რომ მოაწყობდა მთავრობის თითოეული რიგითი გდაწყვეტილებისა თუ დეკრეტის ცხოვრებაში გასატარებლად. სწორედ ასეთ ალტერნატივას გვთავაზობს ის ხალხი, რომელსაც არა სწადია ცენტრალური მთავრობის დადგენილებანი ცალკე ინდივიდებზე ვრცელდებოდეს. ამგვარი გეგმა, თუკი მას საერთოდ უწერია განხორციელება, უმალვე სამხედრო დესპოტიზმად გადაგვარდება. მაგრამ, როგორც ვნახავთ, ამგვარი ჩანაფიქრის შესრულება შეუძლებელია. კავშირის რესურსები ვერ გასწვდება საკმარისად ძლიერი არმიის შენახვას, რომელიც დიდ შტატს მოვალეობის შესრულებას აიძულებდა. უფრო მეტი, ამგვარი ჯარის შექმნის დასაწყებადაც კი არანაირი სახსარი არ მოიძევება. ვისაც იმის წარმოდგენა ძალუძს, თუ რარიგ მრავალრიცხოვანი გახდება შტატების მოსახლეობა და რარიგ გაძლიერდება თითოეული მათგანი თუნდაც ორმოცდაათი წლის შემდეგ, მისთვის იმთავითვე ცხადია, თუ რაოდენ ფუჭი და წარმოსახვითია ყოველი ისეთი გეგმა, მათი ქმედებების რეგულირებას რომ ზემოხსენებული ყაიდის კანონებით შეეცდება. საქმე ეხება ისეთ კანონებს, რომელთა შესრულება მათ როგორც კრებით პირებს, დაეკისრებათ და იძულებაც მათ როგორც კრებითი პირების, მიმართ განხორციელდება. ამგვარი გეგმა არაფრით არის უფრო ნაკლებ რომანტიული, ვიდრე ის ანტიკური გადმოცემებია, საარაკო გმირებსა და ნახევრად ღმერთებს, ურჩხულის მომთვინიერებელ ძალას რომ მიაწერდა.
იმ პრინციპის ქმედითობა, რომელიც დამოუკიდებელი შტატებისთვის საკანონმდებლო უფლებამოსილებათა გადაცემას და მათი სამხედრო იძულების წესით განხორციელებას ითვალისწინებს, მცირე კონფედერაციებშიც კი არ დასტურდება. საქმე ისეთ კონფედერაციებს ეხება, რომლის წევრებიც მოცულობით ჩვენს საგრაფოებსაც კი ჩამოუვარდება. ასეთ კონფედერაციებში სამხედრო იძულებას იშვიათად იყენებდნენ და ისიც, უპირატესად, მისი ყველაზე სუსტი წევრების მიმართ. ძალზე ხშირად გაკერპებული თუ გაჯიუტებული შტატების მიმართ ძალის გამოყენება სისხლიანი სამოქალაქო ომის გაჩაღებას მოასწავებდა. ბევრჯერ მომხდარა, რომ კონფედერაციის ერთ ნაწილს თავისი საბრძოლო დროშები მისი მეორე ნაწილის წინააღმდეგ აეფრიალებინა.
განათლებული ადამიანი ამგვარი დაკვირვებებიდან ერთ დასკვნას გააკეთებს: თუკი საერთოდ შესაძლებელია ფედერალური მმართველობის მოწყობა, რომელიც ჩვენს საერთო საზრუნავსა და საყოველთაო სიმშვიდეზე იზრუნებდა, მაშინ მისდამი რწმუნებული საქმეების განმგებლობაში იგი სრულიად სხვა პრინციპს უნდა ემყარებოდეს და არა იმას, რომელსაც განსახილველად შემოთავაზებული კონსტიტუციის მოწინააღმდეგენი იცავენ. მისი საქმიანობა უშუალოდ უნდა ვრცელდებოდეს ცალკეულ მოქალაქეზე. ისე რომ, ფედერალურ მმართველობასა და მოქალაქეებს შორის არ უნდა არსებობდეს მოსაშუალე საკანონმდებლო ორგანო. მას უნდა ჰქონდეს სათანადო უფლებამოსილება, რომ საკუთარი გადაწყვეტილებანი ჩვეულებრივი მაგისტრატურის მეშვეობით განახორციელოს. საერთო – ეროვნული ხელისუფლების უპირატესობას სასამართლოები უნდა უზრუნველყოფდნენ. საკავშირო ხელისუფლება, მსგავსად შტატის მთავრობისა, უშუალოდ უნდა პასუხობდეს ცალკეული ინდივიდის სასოებასა და შიშს; უნდა შეეძლოს ისეთ ვნებათა გადმობირება, ადამიანთა გულებზე რომ ბატონობენ. ერთი სიტყვით, მისი უფლებამოსილების ფარგლებში იგი უნდა იყენებდეს ყველა იმ მეთოდს, საშუალებასა და უფლებას, რომლებსაც ცალკეული შტატის ხელისუფლება თავისი უფლებამოსილების გასახორციელებლად მიმართავს.
ამაზე შეიძლება შემოგვეპასუხონ და გვითხრან: თუ რომელიმე შტატი საკავშირო ხელისუფლებით განაწყენდება, იგი საკავშირო კანონებს ობსტრუქციას მოუწყობს; ეს კი იმავე ძალის გამოყენებამდე მიგვიყვანს, რის გამოც ჩვენს ოპონენტებს ვსაყვედურობთო.
მაგრამ ამგვარი შეპასუხების უსაფუძვლობაში უმალ დავრწმუნდებით _ როგორც კი ერთ მნიშვნელოვან განსხვავებას მივაპყრობთ ყურადღებას; ერთია
დაუმორჩილებლობა
და სრულიად სხვაა
პირდაპირი
და
აქტიური
წინააღმდეგობა
.
თუკი შტატის საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა აუცილებელია საკავშირო ღონისძიებათა გასახორციელებლად, მაშინ ამგვარ ღონისძიებათა ჩასაგდებად საკმარისი მათი
უმოქმედობა
ანდა
ირიბი
მოქმედება
იქნება. მოვალეობისთვის ამგვარი თავის არიდება, შეიძლება, შენიღბული იყოს და ერთი შეხედვით მნიშვნელოვანი, სინამდვილეში კი არადმისაჩნევი გამაფრთხილებელი ზომების სახით იყოს წარმოდგენილი: აქაოდა ხალხის შეშფოთება არ გვინდა კონსტიტუციის უსაფრთხოების შესახებ ხმამაღლა ლაპარაკითო. შტატის ხელმძღვანელები კონსტიტუციის ფარულ ხელყოფას ღირსებადაც კი მიიწერენ: მოცემულ მომენტში საერთო საქმისთვის ეს უფრო სასარგებლოა, გამონაკლისი დავუშვით, შანსი ხელიდან არ გავუშვითო.
მაგრამ თუ არ იქნება აუცილებელი ის, რომ საერთო – ეროვნული მთავრობის კანონები შტატის საკანონმდებლო ორგანოთა მეშვეობით ხორციელდებოდეს, მაშინ ისინი უშუალოდ გავრცელდებიან ცალკეულ მოქალაქეებზე; ადგილობრივი ხელისუფლება, აშკარა დაპირისპირებისა და არაკონსტიტუციური ძალის გამოუყენებლად ვეღარ შეაჩერებს მათ მოქმედებას. მოვალეობის დავიწყება, ანდა ირიბი მოქმედება სრულიად უსარგებლო აღმოჩნდება. შტატები იძულებულნი იქნებიან, იმოქმედონ. მათი ქმედებიდან კი ყველა თვალნათლივ დაინახავს, თუ როგორ ხელყოფენ ისინი საერთო – ეროვნულ უფლებებს. ამგვარი ექსპერიმენტის ჩატარება ყოველთვის სახიფათო იქნება. მით უფრო, თუკი საქმე ისეთ კონსტიტუციასთან გვაქვს, რომელსაც თავისი თავის დაცვა ხელეწიფება, ხალხი კი საკმაოდ განათლებულია საიმისოდ, რომ კანონიერება ხელისუფლების უკანონო უზურპაციისგან განასხვაოს. ამგვარი უზურპაციის წარმატებით გასახორციელებლად არ არის საკმარისი ის, რომ უზურპაციის მსურველი შტატის საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციულ უპირატესობას ფლობდეს; აუცილებელია, მას სასამართლოებიცა და ხალხის მასებიც მხარს უჭერდეს. თუ მოსამართლენი საიდუმლოდ არ გაურიგდებიან კანონმდებლებს, მაშინ ისინი ამგვარი უმრავლესობის გადაწყვეტილებებს უკანონოდ თუ არაკოსტიტუციურად სცნობენ და ბათილად გამოაცხადებენ. თუ ხალხს, კონსტიტუციის ბუნებრივი მცველი რომაა, მათივე წარმომადგენელთა სენი არ დარევს ხელს, ამ დაპირისპირებაში იგი საკავშირო ხელისუფლებას დაუჭერს მხარს და სასწორის პინაც მის სასარგებლოდ გადაიხრება. უზურპაციის ამგვარი მცდელობანი, თუკი ისინი ფედერალური ხელისუფლების ტირანული ხასიათით არ არიან განპირობებულნი, ძნელად რომ ნაჩქარევად და დაუდევრად განხორციელდნენ; წინააღმდეგ შემთხვევაში მათ თაოსნებს საფრთხე დაემუქრებათ.
თუ საერთო – ეროვნულ ხელისუფლებას წინააღმდეგობას რომელიმე გაკერპებული ანდა მეამბოხე პირი გაუწევს თავისი არამართლზომიერი ქცევით, ამ ბოროტებას იგი იმავე მეთოდებით უნდა შეებრძოლოს, რომლებსაც შტატის მთავრობა იყენებს ანალოგიურ შემთხვევებში. როგორც ვიცით, მაგისტრატურას მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი კანონის განხორციელების უზრუნველყოფისთვის ხელშეწყობა ევალება; მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ ვისი გამოცემულია იგი. ისე რომ, მაგისტრატურა საერთო – ეროვნული თუ ადგილობრივი დადგენილებების სადარაჯოზეც იქნება, რათა თავაშვებულ პირთა მხრიდან მათი ხელყოფის მცდელობა აღკვეთოს. რაც შეეხება ლოკალურ მღელვარებათ და ჯანყებს ადგილობრივ, არც თუ ისე მნიშვნელოვან კლანთა ხლართები რომ იწვევენ და ჟამიდან – ჟამს მოსვენებას უკარგავენ საზოგადოებას; რაც შეეხება მოულოდნელ უკმაყოფილობებს, აქა – იქ რომ იჩენენ თავს და საზოგადოების არცთუ მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავენ, საერთო – ეროვნულ ხელისუფლებას მათი აღკვეთის ბევრად უფრო მეტი საშუალება ექნება, ვიდრე ცალკეულ შტატს. ხოლო რაც შეეხება დაუძინებელ მტრობას, რომლის ხანძარი, გარემოებათა დამთხვევის წყალობით, შესაძლოა, მთელ ქვეყანას თუ არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც მოედოს და რომლის მიზეზი ისევე შეიძლება იყოს ცენტრალური ხელისუფლებით უკმაყოფილება, როგორც სახალხო მღელვარებისთვის დამახასიათებელი ფეთქებადი ხასიათი, – ასეთი მოვლენები ჩვეულებრივ გათვლას არ ემორჩილებიან. თითოეული მათგანი რევოლუციისა და ქვეყნის დაშლის ტოლფასია. არ არსებობს ხელისუფლება, რომელსაც მათი გაკონტროლება, ანდა თავიდან აშორება შეეძლოს. არიან მოვლენები, რომელთა წინასწარ განჭვრეტა ადამიანურ ძალ – ღონეს აღემატება. ამიტომ არცა ღირს ხელისუფლებას ბრალად ის წაუყენო, რომ მან შეუძლებელი ვერ შეძლო.
პ
უბლიუსი