ფედერალისტი  # 68 :  ჰამილტონი

1788წ. 12 მარტი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

წესი, რომლის მიხედვითაც თავის პოსტზე შეერთებული შტატების უმაღლესი თანამდებობის პირი ინიშნება, ალბათ, ერთადერთი ნაწილია სისტემისა, რომელიც მკაცრ დაგმობას გადაურჩა. ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ მას ოპონენტთა ოდნავი მოწონებაც კი ერგო წილად. ყველაზე ნდობის შთამაგონებელი პუბლიკაციის ავტორებმა კეთილინებეს და აღიარეს, პრეზიდენტის არჩევნები საკმაოდ საიმედოდაა დაცულიო. მე კი უფრო შორს წავიდოდი და განვაცხადებდი: პრეზიდენტის არჩევის წესი თუ სრულყოფილი არა, ბრწყინვალე მაინც არის – მეთქი. მასში შესანიშნავად არის შეზავებული ყველა ის უპირატესობა, რომელთა ერთიანობაც ეგზომ საწადელია.
არანაკლებ სასურველია ის, რომ ხალხის განწყობა იმ პირის არჩევაში ვლინდებოდეს, რომელსაც ეგზომ დიდ ნდობას უცხადებენ. ამიტომ არის, რომ პრეზიდენტის არჩევის უფლება არა წინასწარ ჩამოყალიბებულ ორგანოს, არამედ იმ პირებს ენიჭებათ, რომლებსაც ხალხი საგანგებოდ ერთი კონკრეტული მიზნით  ირჩევს.
ასევე სასურველია ისიც, რომ პრეზიდენტს უშუალოდ ის ადამიანები ირჩევდნენ, რომელთაც ყველაზე უფრო ხელეწიფებათ სათანადო თვისებების შერჩევა და მდგომარეობისადმი მათი მისადაგება. მათ უნარი შესწევთ განხილვისთვის ხელშემწყობ გარემოებებში იმოქმედონ და გონივრულად შეუხამონ ერთმანეთს სხვადასხვა მიზეზი და მოტივი, რანიც არჩევნის პროცესს მართებულად წარმართავენ. რამდენიმე პირი, რომელსაც თანამოქალაქეები მოსახლეობის ფართო ფენებიდან ირჩევენ, უფრო ადვილად მოიძიებენ ცნობებს და სათანადო გამჭრიახობას გამოიჩენენ, რაც ძალზე საჭიროა ესოდენ რთული გამოძიების საწარმოებლად.
განსაკუთრებით ერთ რამეს უნდა ვესწრაფოდეთ. იმას, რომ რამდენადაც  შესაძლებელია თავიდან ავიშოროთ შფოთი და არეულობა. მაგრამ ეს როდია ერთადერთი ბოროტება, რომელსაც უნდა ვუფრთხოდეთ ისეთი თანამდებობის პირის არჩევისას, როგორიც შეერთებული შტატების პრეზიდენტია. ის ხომ ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის მართვაში! მაგრამ, საბედნიეროდ, შემოთავაზებული სისტემა სიფრთხილის ისეთ ზომებს შეიცავს, რომლებიც საწინდარია იმისა, რომ მსგავსი საფრთხეებისგან საიმედოდ ვიქნებით დაცულნი. რამდენიმე პირის არჩევა, რომლებმაც ამომრჩეველთა შუალედური ორგანო უნდა შეადგინონ, ნაკლებად გამოიწვევს საზოგადოებრივ რყევებს. ეს პროცესი არ იქნება დაკავშირებული რაიმე საგანგებო თუ ძალადობრივ მოძრაობასთან. ერთი პირის არჩევა კი, რომელიც საზოგადოებრივი სურვილის საგანია, მასში არასასურველ შფოთსა და რყევებს გამოიწვევდა. როცა არჩეული ადამიანები ხმის მისაცემად იმ შტატში შეიკრიბებიან, რომელმაც ისინი აირჩია, ისინი შტატების მიხედვით იქნებიან განცალკევებულნი და დაყოფილნი. ამიტომ მათზე ნაკლებ ზეგავლენას იქონიებენ მხურვალე გრძნობები და ვნებები, რაც შესაძლოა, მათგან ხალხს გადასდებოდა. ამგვარი რამ, რა თქმა უნდა, იმ მდგომარეობაზე ბევრად უკეთესია, როცა ადამიანები არჩევნის გასაკეთებლად ერთსა და იმავე დროსა და ერთსა და იმავე ადგილას იკრიბებიან.
მაგრამ ყველაზე სასურველი მაინც ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი დაბრკოლება იქნეს აღმართული, რათა გასაქანი არ მიეცეს ხრიკების მოწყობას, ინტრიგებსა და წამხდარ ქმედებებს. მოსალოდნელია, რომ რესპუბლიკური  მმართველობის ეს ყველაზე საზარელი მტრები ყოველი მხრიდან შემოგვიტევენ. ყველაზე დიდი საშიშროება კი უცხო სახელმწიფოთა მხრიდან გვემუქრება, რაკი ისინი მოწადინებულნი არიან ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები თავიანთი ზეგავლენის ქვეშ მოაქციონ. განა ამისთვის ყველაზე უმოკლესი გზა ის არ არის, რომ მათ ხელი შეუწყონ პრეზიდენტის პოსტზე თავიანთი კაცის გაყვანას? მაგრამ კონვენტმა უდიდესი წინდახედულება და გონიერება გამოიჩინა, როცა სიფრთხილის ყველა ზომა გაითვალისწინა, რაც თავიდან აგვაცილებს ამ ყაიდის ყველა საფრთხეს. მისი გადაწყვეტილებით პრეზიდენტის არჩევა არ არის დამოკიდებული  წინასწარ არსებულ გაერთიანებებზე, რომელთა წევრებს, შესაძლოა, წინდაწინვე გაეყიდათ თავიანთი საარჩევნო ხმები.  კონვენტმა  პრეზიდენტის არჩევა, უწინარეს ყოვლისა, უშუალოდ ხალხის საქმედ აქცია. ხალხისა, რომელიც თავის ნებას ავლენს საგანგებო და დროებითი ამოცანის გადასაჭრელად, რაც ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირის არჩევაში გამოიხატება. კონვენტის გადაწყვეტილებით. საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ მიიღებს მონაწილეობას ვერც ერთი პირი, ვისზეც შეიძლება ეჭვი იქნეს მიტანილი, რომ იგი მეტისმეტ ერთგულებას გამოიჩენს პრეზიდენტისადმი ამ უკანასკნელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. პრეზიდენტის ამომრჩეველთა რიცხვში ვერ შევა ვერც ერთი სენატორი და ვერც ერთი პირი, ვისაც შეერთებული შტატების მთავრობაში საპასუხისმგებლო ან მომგებიანი პოსტი უკავია. ასე რომ, საპრეზიდენტო არჩევნების მონაწილეებს არ მიეცემათ საშუალება ხალხის გახრწნისა და დამღუპველი მიკერძოების გარეშე  შეუდგებიან თავინთი მოვალეობის შესრულებას. უკვე ითქვა იმის შესახებ, რომ ეს ადამიანები დროებითი უფლებამოსილებით იქნებიან აღჭურვილნი, რათა მათ პრეზიდენტი აირჩიონ. ამასთანავე, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ჯგუფები ერთმანეთისგან განცალკევებულნი იქნებიან და ერთმანეთთნ შეხება არ ექნებათ. ყოველივე ეს დამაკმაყოფილებელ პერსპექტივას ქმნის იმისთვის, რომ ამგვარი მდგომარეობა საპრეზიდენტო არჩევნების პროცედურის დასრულებამდე იქნეს შენარჩუნებული. კორუფციული გარიგებანი, როცა მათში საკმაოდ ბევრი ადამიანია ჩართული, გარკვეულ დროსა და საშუალებებს მოითხოვს. მაგრამ სულაც არ იქნება ადვილი საქმე პრეზიდენტის ამომრჩეველნი, რომელნიც ცამეტ შტატში იქნებიან გაფანტულნი, უეცრად იქნან ჩათრეულნი გარიგებებში. შესაძლოა ეს უკანასკნელნი არც კი იყვნენ კორუფციულნი თავიანთი ხასიათით, მაგრამ ასეთი რამ, შესაძლოა, საკმარისი ბიძგი აღმოჩნდეს საიმისოდ, რომ ამ ადამიანებმა თავიანთ მოვალეობას გადაუხვიონ.
არანაკლებ სასურველია ის, რომ პრეზიდენტი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში სხვაზე არავსიზე ყოფილიყო დამოკიდებული, გარდა ხალხისა. ასე რომ არ იყოს, მაშინ შეიძლებოდა იგი ცდუნებას აჰყოლოდა და თავისი მოვალეობა იმ ხალხის მაამებლობისთვის გადაეყოლებინა, რომლის კეთილგანწყობაზეც იქნებოდა დამოკიდებული მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადის გახანგრძლივება. იგივე უპირატესობა უზრუნველყოფს იმასაც, რომ მისი გადარჩევა დამოკიდებული იყოს წარმომადგენელთა საგანგებო კოლეგიებზე, რომელთაც ხალხი მხოლოდ ერთი მიზნით გადასცემს თავის რწმუნებულებას. ეს უკანასკნელი იმაში გამოიხატება, რომ მათ მნიშვნელოვანი  უნდა არჩევანი გააკეთონ და პრეზიდენტი აირჩიონ. 
კონვენტის მიერ შემუშავებული გეგმა ბედნიერი შეხამებაა ყველა ამგვარი უპირატესობისა. მთავრი კი ის არის, რომ ცალკეული შტატის მოსახლეობა ირჩევს რამდენიმე პირს, რომელნიც თავ – თავიანთ შტატებში იკრიბებიან, რათა ვარგებული პიროვნება შეარჩიონ და იგი პრეზიდენტად აირჩიონ. ამასთანავე, პრეზიდენტის ამომრჩეველთა რაოდენობა თითოეულ შტატში ტოლი უნდა იყოს იმ რიცხვისა, რამდენი სენატორი და წარმომადგენელიც ჰყავს თითოეულ მათგანს საერთო – ეროვნულ მთავრობაში.  საარჩევნო ბიულეტენებს შეაგროვებენ და გააგზავნიან იქ, სადაც არის საერთო – ეროვნული ხელისუფლების ადგილსამყოფელი პრეზიდენტი გახდება ის პირი, ვინც ხმათა უმრავლესობას მოაგროვებს. მაგრამ საქმე ის არის, რომ ერთი ადამიანი ყოველთვის ვერ მოაგროვებს ხმათა უმრავლესობას. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის, რომ გარკვეულ ხიფათთანაა დაკავშირებული ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც უმრავლესობა არ ღებულობს. ამიტომ კონვენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ასეთ შემთხვევებში, წარმომადგენლთა პალატა ხუთი კანდიდატიდან, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მოგროვეს, ისეთ ადამიანს ირჩევს, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება პრეზიდენტის თანამდებობას.
როცა საარჩევნო პროცესი ამგვარადაა ორგანიზებული, ადამიანი მორალურად რწმუნდება იმაში, რომ პრეზიდენტად ძალზე იშვიათად გავა ისეთი პირი, რომელიც უაღრესად ღირსეული არ იქნება და ყველა სათანადო თვისებით არ იქნება აღჭურვილი. შეიძლება, მავანს საკმარისი უნარი აღმოაჩნდეს საიმისოდ, რომ მდაბალ ხრიკებს მიმართოს და ინტრიგები ხლართოს. ამ გზით შესაძლოა, მან პატივიც მოიმკოს და აღზევდეც კიდეც  რომელიმე შტატში, მაგრამ საქმე ის არის, რომ მთელი კავშირის ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილის პატივისცემისა და ნდობის მოსაპოვებლად სხვა ნიჭი და სხვა ღირსეული თვისებებია აუცილებელი. შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტი ხომ ის გამორჩეული თანამდებობაა, რომელზეც ყველაზე წარმატებული კანდიდატი უნდა ინიშნებოდეს! ალბათ გადაჭარბებული არ იქნებოდა იმის თქმა, რომ კონვენტის გადაწყვეტილება შესაძლებლობას იძლევა, რათა ამ პოსტზე მუდამ უნიჭიერესი და უქველესი ადამიანები ინიშნებოდნენ. ის ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ ყოველ ხელისუფლებას თავისი კარგი და ცუდი მხარეები აქვს, ყოველივე ამას იმ მნიშვნელოვანი რეკომენდაციის დამსახურებად ჩათვლის, რომელსაც კონსტიტუცია იძლევა. ასე რომ, ჩვენ ვერ გავიზიარებთ პოლიტიკურ ერესს იმ პოეტისას, რომელიც ამბობს:
“დაე, შლეგთა იდავონ, იკამათონ მსუყედ, ჩვენ კი მხოლოდ ის გვინდა, ვინც რომ მართავს უკეთ.”
მიუხედავად ამისა, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ კარგი მთავრობის ჭეშმარიტი საზომი ის არის, თუ რამდენად აქვს მას სურვილი, ჩამოაყალიბოს ვარგებული ადმინისტრაცია და რამდენად შესწევს ამის უნარი. 
შეერთებული შტატების ვიცე - პრეზიდენტიც იმავე წესით აირჩევა როგორც პრეზიდენტი. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ იმ ფუნქციას, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში სენატი ასრულებს, ვიცე - პრეზიდენტის არჩევის დროს წარმომადგენელთა პალატა შეასრულებს.
ზოგიერთი ვიცე – პრეზიდენტად გამოჩენილი ადამიანის დანიშვნის წინააღმდეგ გამოდის. მიაჩნიათ, რომ ასეთი რამ თუ ვნებას არ მოგვიტანს, სულ ცოტა, ზედმეტი მაინც იქნება. ამტკიცებენ, უმჯობესია, სენატმა შესაბამის თანამდებობის პირად თავისი ერთ-ერთი წევრი აირჩიოს, რომელიც იმ ფუნქციებს შეასრულებდა, ვიცე – პრეზიდენტს რომ უნდა დაკისრებოდაო. მაგრამ, კონვენტისეული პოზიცია ამ საკითხში, სულ ცოტა, ორი მოსაზრებითაა გამართლებული. ერთი იმაში  მდგომარეობს, რომ ზემოხსენებული სახელისუფლებო ორგანოს შეუფერხებელი მუშაობის მიზნით აუცილებელია, პრეზიდენტი კენჭისყრაში მხოლოდ მაშინ იღებდეს მონაწილეობას, თუ ხმათა რაოდენობა თანაბრად გაიყოფა. მაგრამ თუ ამა თუ იმ სენატორს თავისი სავარძლიდან სენატის პრეზიდენტის სავარძელში გადავაბრძანებდით, მოცემულ შტატთან მიმართებაში ასეთი რამ იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ მას საერთო – ეროვნულ მთავრობაში თავისი მუდმივი ხმა დროებით ხმაზე გაეცვალა. შემოთავაზებული გეგმის მიხედვით, ვიცე–პრეზიდენტი ჟამიდან ჟამს შეერთებული შტატების პრეზიდენტს ცვლის ხოლმე უმაღლეს პოსტზე. ამიტომ მეორე მოსაზრების თანახმად, თანამდებობაზე ვიცე – პრეზიდენტის დანიშვნის წესის განსაზღვრისას, ცოტად თუ ბევრად, გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ის თვალსაზრისი, რომელთაც ანგარიში გავუწიეთ საპრეზიდენტო არჩევნების პროცედურის დადგენის დროს.  საყურადღებოა ის, რომ როგორც ამ კონკრეტულ, ისე  უმრავლეს შემთხვევაში, შესიტყვებანი ნიუ – იორკის შტატის კონსტიტუციის წინააღმდეგ არიან მიმართულნი. სწორედ ნიუ – იორკის შტატის გუბერნატორს ჰყავს მოადგილე, რომელიც გარკვეულ შემთხვევაში ცვლის გუბერნატორს მსგავსად იმისა, როგორც ვიცე – პრეზიდენტს დაეკისრება ხოლმე პრეზიდენტის უფლებამოსილებანი. 
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group