ფედერალისტი # 57 : მედისონი
(ალექსანდრე ჰამილტონთან ერთად)
1788წ. 19 თებერვალი
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
მესამე ბრალდება წარმომადგენელთა პალატის მიმართ იმაში მდგომარეობს, რომ იგი მოქალაქეთა იმ ფენიდან იქნება არჩეული, რომელიც არცთუ დიდი თანაგრძნობით არის გამსჭვალული ხალხის ფართო ფენების მიმართ და ყველაზე დიდ მიდრეკილებას იჩენს იქითკენ, რომ უმრავლესობის ინტერესი უმცირესობის განდიდების საქმეს ანაცვალოს.
ალბათ ეს ყველაზე უცნაური შესიტყვებაა, რომელიც კი ფედერალური კონსტიტუციის წინააღმდეგ წამოუყენებიათ. იგი ვითომდა ოლიგარქიის წინააღმდეგაა მიმართული, სინამდვილეში კი ძირს უთხრის მმართველობის რესპუბლიკურ ფორმას.
ყოველი პოლიტიკური კონსტიტუციის უპირველესი მიზანი არის ან უნდა იყოს ის, რომ მმართველებად სათანადო თვისებების მქონე ხალხი მიიზიდოს. ხელისუფლებაში უნდა იყვნენ ბრძენი და სიქველით გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან, თუ რა არის საზოგადო სიკეთე და არაფერს დაიშურებენ მის მისაღწევად. მეორე მხრივ, პოლიტიკური კონსტიტუცია უნდა ითვალისწინებდეს სიფრთხილის ყველა ზომას, რათა ამ ადამიანებმა თავიანთი სიქველე მთელი იმ ხნის მანძილზე შეინარჩუნონ, ვიდრე ისინი მათდამი დაკისრებულ მოვალეობას ასრულებენ. არჩევნების გზით ხელისუფალთა მიზიდვა მმართველობის რესპუბლიკური ფორმის არსებითი მახასიათებელია. უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული საშუალება არსებობს, რანიც მმართველობის ამ ფორმას გადაგვარებისგან იცავენ. მათ შორის ყველაზე ქმედითი საშუალება ისაა, რომელიც თანამდებობაზე მხოლოდ განსაზღვრული ვადით ყოფნას გულისხმობს, რაც აუცილებელია ხალხის წინაშე ჯეროვანი პასუხისმგებლობის შესანარჩუნებლად.
ნება მომეცით ასეთი შეკითხვა დავსვა: წარმომადგენელთა პალატის აგებულებაში არის თუ არა ისეთი გარემოება, რაც რესპუბლიკური მმართველობის პრინციპებს ხელყოფს და იმას უწყობს ხელს, რომ უმცირესობამ თავისი ბედნიერება უმრავლესობის ნანგრევებზე დააშენოს? კიდევ ერთი შეკითხვის უფლებას გთხოვთ: წარმომადგენელთა პალატის სტრუქტურაში განა ყველაფერი რესპუბლიკური მმართველობის პრინციპებს არ უნდა ეთანხმებოდეს და იმაზე არ უნდა იყოს გათვლილი, რომ მიუკერძოებლად იქნეს დაცული მოსახლეობის ყველა ფენის უფლებები და მოთხოვნები?
ვინ არის ფედერალურ წარმომადგენელთა ამომრჩეველი? მის ამომრჩეველთა შორის მდიდრებიც არიან და ღარიბებიც; ნასწავლებიც და უსწავლელებიც; სახელოვან საგვარეულოთა ქედმაღალი მემკვიდრეებიც და ბედისგან ჩაწიხლულებიც. ამომრჩეველმა შეერთებული შტატების მოსახლეობის უმრავლესობა უნდა შეადგინოს. ეს იგივე ხალხია, ვინც ცალკეულ შტატში ახორციელებს ხმის უფლებას, როცა შტატის საკანონმდებლო ორაგნოს ირჩევს.
ვინ შეიძლება გახდეს ხალხის რჩეული? ნებისმიერი ღირსეული მოქალაქე, ვინც თანამოქალაქეთა პატივისცემასა და ნდობას იმსახურებს. არ შეიძლება შემოღებული იქნეს სიმდიდრესთან, დაბადებასთან, რელიგიურ აღმსარებლობასა თუ სამოქალაქო მდგომარეობასთან დაკავშირებული ცენზი, რაც მოსახლეობას ხელს შეუშლიდა სასურველი გადაწყვეტილების მიღებაში და მის მისწრაფებას დააბრკოლებდა.
ფედერალური წარმომადგენლები ის ადამიანები არიან, რომელთაც თანამოქალაქეები თავიანთი ინტერესების დაცვას ანდობენ. უნდა ითქვას, რომ კონსტიტუციაში გათვალისწინებულია ყველა ის ზომა, რომელიც კი შეიძლება ადამიანურმა გონებამ გამოიგონოს, ანდა ისურვოს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ამომრჩევლისადმი ამ ხალხის ერთგულება.
ჯერ ერთი, სახალხო წარმომადგენლები იმით არიან გამორჩეულნი, რომ მათ თანამოქალაქეებმა მიანიჭეს უპირატესობა. უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი თავიანთი თვისებებითაც გამორჩეულნი იქნებიან, რაც იმის საწინდრად მოგვევლინება, რომ ისინი გულწრფელად და ზედმიწევნით აღასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.
მეორეც, ფედერალური წარმომადგენლები საზოგადოებრივ სარბიელზე ისეთ გარემოებათა თანხლებით გამოვლენ, რითაც ხელს შეუწყობენ მათ გულში ამომრჩევლისადმი მადლიერების გრძნობის გაჩენას, თუმცა შეიძლება, რომ ამგვარი გრძნობა ერთობ ეფემერული აღმოჩნდეს. მაგრამ ძნელი წარმოსადგენია გული, რომელიც პატივისცემას პატივისცემით, გამორჩევას გამორჩევით, დაფასებას დაფასებით, ერთგულებას კი ერთგულებით არ უპასუხებს, გული, რომელიც მარტო კერძო ინტერესით არის აღვსილი და კეთილმოსურნეობით არ ძგერს. უმადურება ადამიანური ბუნების თაობაზე მჭევრმეტყველების გამორჩეული თემაა. უნდა ვაღიაროთ, რომ მის შეუწყნარებელ მაგალითებს ძალზე ხშირად ვაწყდებით როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო ცხოვრებაში. მაგრამ საყოველთაო აღშფოთება, რომელსაც იგი იწვევს, საუკეთესო დადასტურებაა იმისა, რომ ადამიანთა გულებში სწორედ მისი საპირისპირო გრძნობა ჭარბობს.
მესამე. ეგოისტური ბუნების მოტივებიც ხელს უწყობენ ისეთ კავშირთა განმტკიცებას, რანიც წარმომადგენელს თავის ამომრჩეველთან აახლოებენ. სიამაყისა და ამპარტავნების გამო იგი უპირატესობას ანიჭებს მმართველობის ისეთ ფორმას, რომელიც მის პატივმოყვარეობას ელამუნება და გარკვეულ პატივსა და პრივილეგიას ანიჭებს. ადამიანთა უმრავლესობას, რომელმაც წარმატებას ხალხზე ზეგავლენის წყალობით მიაღწია, უფრო მიღწეულის შენარჩუნებისა ეიმედება ხოლმე, ვიდრე იმ სახელისუფლებო ახალშემოღებებისა, რომელნიც ძირს უთხრიან სახალხო ძალაუფლებას. ამასთანავე, მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ როგორი იმედები თუ გეგემები ისახება რამდენიმე ადამიანის გულში.
მაგრამ უსაფრთხოების ყველა ამგვარი ზომა ერთობ არასაკამარისი იქნება იმ შეზღუდვის გარეშე, როგორიც ხშირი არჩევნებია. მეოთხე. სწორედ ამიტომ წარმომადგენელთა პალატის აგებულება იმგვარადაა მოფიქრებული, რომ იგი მის წევრებს გამუდმებით შეახსენებს მთავარ რამეს. კერძოდ კი იმას, რომ მათი თანამდებობრივი მდგომარეობა ხალხის ნებაზეა დამოკიდებული.Mვიდრე მოპოვებული ძალაუფლება მათი შეგნებიდან წარხოცავდეს იმას, თუ რა გზით მიაღწიეს მათ წარმატებას და რა საშუალებით მოექცნენ ხელისუფლების სათავეში, ამ ხალხს მოსვენებას დაუკარგავს იმ წამზე ფიქრი, როცა უფლებამოსილების ვადა ამოეწურებათ და იმის თაობაზე მოჰკითხავენ, თუ როგორ ახორციელებდნენ მას. და თუ გამოირკვა, რომ ხალხის რჩეულნი კეთილსინდისიერად არ ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, მაშინ მათ მეორე ვადით აღარ აირჩევენ, ისევ იმ დონეზე დაეშვებიან, სადაც არჩევამდე იმყოფებოდნენ და სამუდამოდ იქ დარჩებიან.
ყოველივე ზემოთქმულს მეხუთე გარემოებაც უნდა დავუმატოთ, რაც ნიშანდობლივია წარმომადგენელთა პალატისთვის. ლაპარაკია იმ გარემოებაზე, რის გამოც პალატის წევრები თავს შეიკავებენ შემავიწროებელ ღონისძიებათა გატარებისგან. მათ მიერ შემოღებული ნებისმიერი კანონი ხომ ისევ მათ და მათსავე მეგობრებს შემოუტრიალდებათ, საზოგადოების სხვა ფენებზე რომ არაფერი ვთქვათ. ეს გარემოება ყოველთვის იყო მიჩნეული ერთერთ ყველაზე ურღვევ კავშირად, რაც მმართველებსა და ხალხს ერთიანობად კრავს. ეს არის სწორედ მათ შორის ინტერესთა თანაზიარობისა და მათი უერთიერთთანაგრძნობის წყარო, რის მაგალითსაც, სამწუხაროდ, ძალზე ცოტა ხელისუფლება იძლევა და რის გარეშეც ნებისმიერი ძალაუფლება ტირანიად გადაგვარდებოდა. თუ მკითხავთ: რის გამო შეიკავებენ თავს წარმომადგენელთა პალატის წევრები და რის გამო არ შემოიღებენ ისეთ კანონებს, რანიც სხვების ჩაგვრაზე და მათს პირად სარგებელზე იქნებიან გათვლილნი? მე გიპასუხებდით: იმის გამო, რომ ამას მოითხოვს მთელი სისტემის სულისკვეთება, სამართლიან და კონსტიტუციურ კანონთა ბუნება; გარდა ამისა, ასეთი რამ მიუღებელი იქნებოდა იმ ფხიზელი და ვაჟკაცური სულისთვის, რაც ძვალსა და რბილში გასჯდომია ამერიკელ ხალხს. სულისთვის, რომელიც თავისუფლებას ასაზრდოებს და თვითონაც თავისუფლებით საზრდოობს.
თუ ეს სული ოდესმე იმ ზომამდე შეირყვნება, რომ თუნდაც ერთ ისეთ კანონს მოითმენს, რომელიც არაფრად არგია არც კანონმდებლობას და არც ხალხს, მაშინ ხალხი მზად იქნება ყველაფერი შეიწყნაროს, გარდა თავისუფლებისა.
ასეთი იქნება წარმომადგენელთა პალატასა და ამომრჩეველს შორის კავშირი. პასუხისმგებლობის გრძნობა, მადლიერება, დაინტერესებულობა და პატივმოყვარეობაც კი – აი, ის სიმები, რითაც სახალხო წარმომადგენელნი ერთგულებითა და თანაგრძნობით იქნებიან გამსჭვალულნი ხალხის ფართო ფენების მიმართ. მაგრამ შეიძლება, ყოველივე ეს არასაკმარისი იყოს ადამიანური ჭირვეულობისა და მანკიერების მოსათოკად. მაგრამ სხვა რა ღონეს უნდა მიმართოს ხელისუფლებამ და სხვა რაღა უნდა გამოიგონოს ადამიანურმა კეთილგონიერებამ? ნუთუ ყოველივე, რის შესახებაც იყო ლაპარაკი, სწორედ რომ ის არსებითი და ნიშანდობლივი საშუალებანი არ არის, რითაც მართვის რესპუბლიკური სისტემა ხალხის თავისუფელბასა და ბედნიერებას უზრუნველყოფს? კავშირში შემავალი ამა თუ იმ შტატის ხელისუფლება განა იმავე საშუალებებს არ იყენებს მნიშვნელოვან მიზანთა მისაღწევად? მაშინ როგორღა უნდა ავხსნათ ის შესიტყვება, რის წინააღმდეგაც ამ წერილში ბრძოლა გვაქვს გაჩაღებული? რა პასუხი უნდა მივაგოთ იმ ხალხს, ვინც სიტყვით თავს დებს მართვის რესპუბლიკური სისტემის მგზნებარე სიყვარულზე, საქმით კი შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, რომ მის ძირეულ პრინციპს ჩირქი არ მოსცხოს? – ვინც თავგამოდებით ამტკიცებს, საარჩევნო უფლების მომხრე ვარ და მხარს ვუჭერ, ხალხმა თვითონ აირჩიოს თავისი მმართველებიო, საქმით კი მზად არის ისეთ ადამიანებს მიანიჭოს უპირატესობა, რომელნიც არას დაგიდევენ ნდობას და ყოველგვარ სისაძაგლეს მოაწერენ ხელს?
ზემოაღნიშნული შესიტყვება ისეთმა ვინმემ რომ წაიკითხოს, ვისაც კონსტიტუციაში არ ჩაუხედავს და წარმოდგენაც არ აქვს იმაზე, თუ რა წესით უნდა იქნეს არჩეული წარმომადგენელი, უთუოდ იფიქრებს, არჩევნებში მონაწილეობისთვის ქონებრივი ცენზია საჭიროო. იგი ასევე უსათუოდ გაიფიქრებს, არჩეული რომ იქნე, აუცილებლად დიდგვაროვანი ან მდიდარი უნდა იყოო. ამ ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნება, რომ ფედერალური კონსტიტუცია, გარკვეულწილად, ხალხს შტატის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს ართმევს. ჩვენ ვნახეთ, რომ ამგვარი ვარაუდი მისი პირველი ორი პუნქტის მიხედვით სრულიად მცდარია. ასევე მცდარი იქნება იგი მისი ბოლო პუნქტის მიხედვითაც. ფედერალურ დონესა და შტატს შორის მხოლოდ ერთი განსხვავება იარსებებს. კერძოდ კი ის, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენელს ხუთი თუ ექვსი ათასი მოქალაქე აირჩევს, მაშინ როცა ცალკეულ შტატში მის არჩევას ხმას ხუთასი ან ექვსასი ადამიანი მისცემს. ნუთუ ამგვარი განსხვავებაა საკმარისი საიმისოდ, რომ შტატის ხელისუფლებისადმი ერთგულება გავამართლოთ, ფედერალური მთავრობა კი სრულიად უკუვაგდოთ? რაკი ზემოაღნიშნული შესიტყვება ამ საკითხის ირგვლივ ტრიალებს, უპრიანია, უფრო გამოწვლილვით განვიხილოთ იგი.
გონივრულია
კი იგი? რა თქმა უნდა, - არა. წანამძღვარი, საიდანაც ეს შესიტყვება ამოდის, გულისხმობს, რომ ხუთი თუ ექვსი ათასი ადამიანის მიერ არჩეული წარმომადგენელი უვარგისი იქნება და მისი მოსყიდვა უფრო ადვილად მოხერხდება, ხოლო ხუთასი თუ ექვსასი ამომრჩეველი ვარგებულ წარმომადგენელს აირჩევსო. გონება კი საპირისპირო რამეს გვკარნახობს: რაც უფრო მრავალრიცხოვანია ამომრჩეველი, მით მეტია ალბათობა იმისა, რომ ღირსეული წარმომადგენელი იქნეს არჩეული; მეორე მხრივ, მით უფრო ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ კანდიდატი პატივმოყვარე ადამიანებმა რაღაც მანქანებით მოაღორონ, ხოლო მდიდრებმა მოქრთამონ.
მისაღებია კი ის
შედეგი
, რომელიც ამგვარი შეხედულებიდან გამომდინარეობს? შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ხუთასი თუ ექვსასი მოქალაქე საკმარისია, რათა მათ ერთობლივად განახორციელონ ხმის უფლებაო, მაგრამ ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ხალხს საჯარო მოსამსახურეთა არჩევანის უფლებას ვართმევთ ყველა იმ შემთხვევაში, როცა მართვის გასახორციელებლად არ არის საჭირო იმდენი წარმომადგენელი, რამდენსაც ყოველ ხუთას თუ ექვსას ამომრჩეველზე ერთი წარმომადგენლის არჩევა ითვალისწინებს?
ზემომოტანილი შეხედულება განმტკიცებულია კი ფაქტებით? წინა წერილში ვაჩვენეთ, რომ ბრიტანეთის თემთა პალატაში წარმომადგენლობა ოდნავ აჭარბებს შეფარდებას: ერთი წარმომადგენელი ყოველ ოცდათი ათას მაცხოვრებელზე. საგრაფოს წარმომადგენლად ვერ აირჩევენ ადამიანს, რომელსაც არ აქვს უძრავი ქონება; ამასთანავე აუცილებელია, რომ მისი ყოველწლიური შემოსავალი ექვსას ფუნტ სტერლინგს შეადგენდეს. ქალაქისა თუ დაბის წარმომადგენელი ვერ გახდება ადამიანი, თუ მას არ აქვს უძრავი ქონება, რომელსაც მისთვის წლიურად ზემოდასახელებული თანხის ნახევარი არ მოაქვს. რა თქმა უნდა, დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ამგვარ განსხვავებას წარმომავლობასა და სიმდიდრესთან დაკავშირებული მრავალი მიზეზი განაპირობებს. მაგრამ საქმე ამით არ ამოიწურება. საგრაფოებში, გარდა იმ ხალხისთვის დაწესებული ცენზისა, რომელსაც ირჩევენ, ამომრჩეველთა მიმართაც გარკვეული ცენზია შემოღებული. ამგვარი ქონებრივი ცენზის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც მიწის ნაკვეთებს ფლობენ, ხოლო მათი წლიური შემოსავალი მიმდინარე კურსით ოც ფუნტ სტერლინგს უნდა აღემატებოდეს. შეუძლებელია ამგვარ არახელსაყრელ გარემოებათა უარყოფა. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობაში არის რამდენიმე კანონი, რომელიც ხელს უთანასწორობის დანერგვას უწყობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ამ ქვეყნის წარმომადგენლობითი კრების წევრები უმცირესობის ბედნიერებას უმრავლესობის უბედურებაზე აგებდნენ.
მაგრამ რაღა საჭიროა უცხოური გამოცდილების მოხმობა, როცა საკუთარიც თავზესაყრელად გვაქვს. ნიუ ჰამპშირის ამა თუ იმ ოლქში, სადაც სენატორებს უშუალოდ ხალხი ირჩევს თითქმის იმდენი ამომრჩეველია, რამდენიც წარმომადგენლის არჩევისთვისაა საჭირო. მასაჩუსეტსის საარჩევნო ოლქები აჭარბებენ კიდეც ამ მიზნისთვის დადგენილ ზომებს. რაც შეეხება ნიუ – იორკის ოლქებს, ისინი მასაჩუსეტისასაც კი აღემატებიან. ნიუ – იორკის შტატის წარმომადგენლობითი კრების წევრებს ნიუ – იორკისა და ოლბანის ოლქებისა თუ ქალაქების თითქმის იმდენივე ამომრჩეველი ირჩევს, რამდენიც კონგრესში ასარჩევადაა აუცილებელი. იმის გათვალისწინებით, რომ კონგრესი სამოცდახუთი წევრისგან შედგება. ამასთანავე, არავინ განიცდის უხერხულობას იმის გამო, რომ იმ რაიონებსა და ოლქებში, რომელნიც საგანგებოდ სენატორთა არჩევის მიზნითაა ჩამოყალიბებული, ამომრჩეველი იმავდროულად ხმას წარმომადგენლის კანდიდატსაც აძლევს. თუ ერთსა და იმავე ამომრჩევლს იმის უნარი აქვს, რომ ხუთი თუ ექვსი წარმომადგენელი აირჩიოს, მას ერთი კანდიდატის არჩევაც არ გაუჭირდება. ამგვარი მოსაზრების კიდევ ერთი დასტური პენსილვანიაა. მისი რამდენიმე ოლქი იმ ზომისაა, რა ზომისაც ფედერალურ წარმომადგენელთა არჩევის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო. Fფილადელფიაში დაახლოებით ორმოცდაათი – სამოცდაათი სული ცხოვრობს. ამრიგად, ფედერალური წარმომადგენლის ასარჩევად იგი ორ ოლქად დაიყოფა. მაგრამ ფილადელფიაში ახლა ერთი საარჩევნო ოლქი არსებობს და თითოეული ამომრჩეველი კენჭს იმ კანდიდატსაც უყრის, რომელსაც შტატის საკანონმდებლო ორგანოში არჩევის შანსი აქვს. მაგრამ, რაც ყველაზე უფრო ადასტურებს ჩვენი მოსაზრებების სისწორეს, ის არის, რომ სინამდვილეში მთელი ქალაქი აღმასრულებელი საბჭოს
ერთადერთ
წევრს
ირჩევს. იმავე ვითარებასთან გვაქვს საქმე ამ შტატის სხვა ოლქებშიც.
ნუთუ ეს ფაქტები საკმარისი დასტური არაა იმისა, თუ რაოდენ მცდარია ის შეპასუხებანი, რომლებსაც კონსტიტუციის ოპონენტები წარმომადგენელთა პალატის წინააღმდეგ აყენებენ? ნიუ – ჰამშირის, მასაჩუსესტის და ნიუ – იორკის სენატორებმა თუ პენსილვანიის აღმასრულებელმა საბჭომ ან ამ ორი უკანასკნელი შტატის საკანონმდებლო კრების წევრებმა განა რაიმეთი გაამჟღავნეს თავიანთი თავი და განა რაიმე ადასტურებს იმას, რომ ისინი მზად არიან, რათა უმრავლესობის ინტერესები უმცირესობას ანაცვალონ? იქნებ ისინი უფრო უღირსნი არიან და უფრო ნაკლებად შეეფერებიან იმ პოსტებს, ვიდრე ის ხალხი, რომელსაც სხვა შტატებში ამგვარ თანამდებობებზე უფრო მცირერიცხოვანი ამომრჩეველი ნიშნავს?
მაგრამ საქმე ისაა, რომ ბევრად უფრო რთული შემთხვევაც არსებობს, ვიდრე ის შემთხვევაა, რომელიც მე გავარჩიე. კონექტიკუტის შტატში საკანონმდებლო ხელისუფლების ერთი განშტოება იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ მის თითოეულ წევრს მთელი შტატი ირჩევს. კონექტიკუტის გუბერნატორსაც იმავე წესით ირჩევენ. ამ შტატის პრეზიდენტთან ერთად მასაჩუსეტსის, ნიუ–იორკისა და ნიუ–ჰამპშირის პრეზიდენტების არჩევასაც იგივე წესი უდევს საფუძვლად. დაე, თითოეულმა ადამიანმა თვითონ გადაწყვიტოს, საფუძვლიანია თუ არა ეჭვი იმის თაობაზე, რომ მრავალრიცხოვანი საარჩევნო ოლქები ხელს შეუწყობენ მოღალატეების აღზევებას და საფრთხეს შეუქმნიან საზოგადოებრივ თავისუფლებას.
პუბლიუსი