ფედერალისტი  # 1:   ჰამილტონი

1787 წ. 27 ოქტომბერი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

რაკიღა ცხადლივ გამოსცადეთ არსებული ფედერალური მმართველობის უვარგისობა, სხვა გზა არ არის, თუ არა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი კონსტიტუცია განიხილოთ. ეს თემა თვით მეტყველებს თავისსავე მნიშვნელობაზე; თუკი ჩავუკვირდებით, მაშინ ერთობ საინტერესო ყოფილა სწორედ ჩვენი კავშირის არსებობა, მისი შემადგენელი ნაწილების უსაფრთხოება და კეთილდღეობა, ჩვენი იმპერიის ბედი, მრავალმხრივ რომაა ყველაზე საინტერესო მთელი მსოფლიოსათვის. მრავალგზის მიუნიშნებიათ, თითქოსდა ჩვენს ქვეყანას წილად რგებოდეს თავისი ქცევითა და მაგალითით გადაწყვიტოს მნიშვნელოვანი საკითხი: ნამდვილად შესწევთ თუ არა ძალა ადამიანთა საზოგადოებებს, განსჯასა და არჩევანზე დაფუძნებული ვარგებული მმართველობა დაამყარონ, თუ ერთხელ და სამუდამოდ არიან განწირულნი თავიანთი პოლიტიკური აგებულება შემთხვევითობასა და ძალმომრეობას დაუმონონ. თუკი ამ მინიშნებაში არის სიმართლის რაღაც მარცვალი, მაშინ კრიზისი, რომელიც დაგვდგომია, ვინძლო მართლაც ის დრო იყოს, როცა ეს საკითხი უნდა გადაწყდეს; და თუ მცდელობა გაგვიცუდდა, მაშინ ალბათ, დავიმსახურებთ, კაცობრიობას უსაშველო ჭირად ვერაცხებოდეთ. ეს მოსაზრება პატრიოტულ ზრახვებს ფილანთროპიულსაც ზედ ურთავს, ამძაფრებს წუხილს, რასაც ყოველი დარბაისელი და კეთილი ადამიანი უნდა განიცდიდეს ამ ამბის გამო. რაღა აჯობებს, თუკი ჩვენი არჩევანი ჩვენივე ჭეშმარიტ ინტერესთა გონივრულ შეფასებას დაემყარება, თუკი მას არ აამღვრევს და არ გაამრუდებს ისეთი მოსაზრებები, ხელი რომ არ აქვთ საზოგადო სიკეთესთან. ეს, ალბათ, უფრო მხურვალე სურვილია, ვიდრე ასახდენი მოლოდინი. თქვენს სამსჯავროზე გამოტანილი პროექტი აუარება კერძო ინტერესს ეხება, უამრავ ადგილობრივ დაწესებულებას უცვლის სახეს, მაგრამ იგი არ განიხილავს მისი ღირსებისთვის შეუფერებელ სხვადასხვა თემას, არც იმ შეხედულებებს, გრძნობებსა და წინასწარ რწმენებს, ნაკლებ რომ უწყობენ ხელს ჭეშმარიტების გამჟღავნებას.
საზარელ დაბრკოლებათა შორის, რომელებსაც ახალი კონსტიტუცია გადაეყრება, თითოეულ შტატში იოლად შეიცნობა იმ ხალხის აშკარა ინტერესი, წინააღმდეგი რომაა ყოველგვარი ცვალებადობისა, რაკი უფრთხის ძალაუფლების, ჯამაგირის და სარგებლის შეკვეცას, რასაც მას შტატის დაწესებულებაში სამსახური აძლევს. ასეთივე დაბრკოლებაა უკუღმართი ამბიცია ადამიანთა იმ ჯგუფისა, რომელსაც ქვეყნის არეულობით ხელის მოთბობა ეოცნებება, ანდა უფრო წარმტაც პერსპექტივას ელოლიავება; ხომ უფრო ადვილია ხელი გამოჰკრა კარგ თანამდებობას მრავალ შემადგენელ კონფედერაციად დანაწევრებული იმპერიის ადგილობრივ მთავრობებში, ვიდრე ერთს – ცენტრალურ ხელისუფლებაში.
ამგვარი შენიშვნებით თავს არ შეგაწყენთ. კარგად ვიცი, უსინდისობა იქნებოდა, განურჩევლად ყველა ადამიანი (მარტოოდენ იმიტომ, რომ მათი თანამდებობრივი მდგომარეობა ბადებს ეჭვს) მიკერძოებულ, ანდა პატივმოყვარე ოპოზიციად მიგვეჩნია. პატიოსნება გვავალდებულებს ვივარაუდოთ, რომ მათაც წრფელი ზრახვები ამოძრავებთ. შეუძლებელია ეჭვს იწვევდეს ის, რომ დაპირისპირება, რომელიც უკვე გამომჟღავნდა. ანდა რამაც აწი უნდა იჩინოს თავი, წესიერებით თუ არა, კეთილმოსურნეობით მაინც საზრდოობს. ესაა გონების წრფელი ცდომილება. გონებისა, რომლისთვისაც გზა აურევია წინასწარაკვიატებულ შურსა და შიშს. სინამდვილეში ეგზომ აუარება და ძლევამოსილია მიკერძოებული მსჯელობის მიზეზები, რომ ბრძენი და კეთილი ადამიანებიც კი საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდნენ მართებულადაც და უმართებულოდაც. ჯეროვნად თუ ჩავუკვირდებით, ეს გარემოება ზომიერების ნიმუშად უნდა დაისახონ იმათ, ვისაც ყოველი დავისას სიმართლე თავისკენ დაუგულებია. ამ მხრივ სიფრთხილის კიდევ ერთი საფუძველია შემდეგი დაკვირვება: შეუძლებელია, ყოველთვის დარწმუნებულნი ვიყოთ იმაში, რომ ჭეშმარიტების დამცველს უფრო წმინდა ზრახვა ამოძრავებს, ვიდრე მის მოწინააღმდეგეს. ამბიცია, სიხარბე, პირადი მტრობა, პარტიული დაპირისპირება და ბევრიც სხვა, უფრო სათაკილო მოტივი იმათზეც მოქმედებს, ვინც საკითხს მართებულად წყვეტს და იმათზეც, ვინაც ამგვარ გადაწყვეტილებას უპირისპირდება. თავშეკავების ამგვარი მოტივები რომც არ არსებულიყო, მაინც არაფერი იქნებოდა უფრო არაგონივრული, ვიდრე  ურთიერთუნდობლობის  ის  სულისკვეთება, რომელიც ოდითგანვე ახასიათებდათ პოლიტიკურ პარტიებს. ადამიანების მოქცევა ცეცხლითა და მახვილით პოლიტიკაშიც სისულელეა და რელიგიაშიც; დევნა და შევიწროება ძნელად თუ გამოდგება ერესისგან განკურნების საშუალებად.
მიუხედავად იმისა, სამრთლიანია თუ არა, ვითვალისწინებდეთ ამგვარ აზრებს, მაინც საკმაო ნიშანი გვაქვს იმისა, რომ ასეთი რამ ყოველი ნაციონალური პაექრობისას ხდებოდა და ახლაც ასე მოხდება. გადმოინთხევა ბოღმისა და გესლის წამლეკავი ნაკადი. ურთიერთდაპირისპირებული პარტიების ქცევიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ თითოეულ მათგანს ეიმედება, ქვეყანას მოსდონ თავიანთი შეხედულებების სამართლიანობა; მოიმრავლონ მომხრეები გამაყრუებელი განცხადებებითა და საშინელი ლანძღვა-გინებით; ყბად აიღონ განსწავლული თავგამოდება ენერგიული და ეფექტური მმართველობისადმი; აქაოდა, ეს თავგამოდება იმ ზნემ შობა, დესპოტურსა და თავისუფლების პრინციპებისადმი მტრულ ხელისუფლებას რომ ეტრფისო. გადამეტებული დაეჭვება იმაში, ვაითუ საფრთხეში იყოს ადამიანის უფლებებიო, გონების ცდომილება უფროა, ვიდრე გულისა; იგი წარმოგვიდგება, როგორც უბრალო თვალთმაქცობა და ოინი, როგორც სატყუარა, რათა საზოგადო სიკეთის სანაცვლოდ პოპულარობა მოიხვეჭო. ერთი მხრივ, დაივიწყებენ, რომ ეჭვი ყოველთვის მხოლოდ სიმართლეს ახლავს თან და რომ თავისუფლებისადმი ამაღლებულ სწრაფვას ადვილად დარევს ხოლმე ხელს უნდობლობისა და გაუტანლობის სული. მეორე მხრივ, ისიც დავიწყებას მიეცემა, რომ ძლევამოსილი მმართველობა აუცილებელია სწორედ თავისუფლების უსაფრთხოებისათვის; რომ ჯანსაღმა და განსწავლულმა მსჯელობამ შეუძლებელია დააშორიშოროს მათი ინტერესები და რომ სახიფათო ამბიციები ხალხის უფლებებისადმი თავგამოდების მიმზიდველი ნიღბის უკან არის მიმალული და არა მათდამი თავანკარა გულმოდგინეობაში, რასაც მხოლოდ იმის გამო ვერ ჰგუობენ, რომ მკაცრსა და ენერგიულ მმართველობას ესწრაფვის. ისტორია გვასწავლის, რომ პირველი უფრო უტყუარი გზაა დესპოტიზმისაკენ, ვიდრე მეორე რომ იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც ფეხქვეშ თელავდნენ რესპუბლიკათა თავისუფლებებს, თავიანთ კარიერას ხალხთან პირმოთნე კურკურით იწყებდნენ. თავიდან დემაგოგობდნენ, ბოლოს კი ტირანებად იქცეოდნენ.
თანამოქალაქენო! წინასწარი შენიშვნებისას გულისყური ერთთავად იქითკენ მქონდა, რომ თქვენი კეთილდღეობისათვის ეგზომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენა არ მოეხდინა სხვა რამ შთაბეჭდილებას, თუ არა იმას, რაც ჭეშმარიტების სიცხადიდან მომდინარეობს. უეჭველია, მათი ზოგადი თვალსაწიერიდან დაასკვნიდით, რომ ისინი ახალი კონსტიტუციისადმი კეთილგანწყობით გამსჭვალულან. დიახაც, ჩემო თანამემამულენო! უნდა ვაღიარო, პროექტის საგულდაგულო აწონ-დაწონვის მერე ნათლად ვხედავ, რომ თქვენთვის სასარგებლოა მისი მიღება. დარწმუნებული ვარ, იგი ყველაზე საიმედო საშუალებაა თქვენი თავისუფლების, ღირსებისა და ბედნიერების უზრუნველსაყოფად. თავის მოკატუნება ვერაფერი საკადრისია. ფიქრად არა მაქვს, თქვენს გასართობად წარმოვადგინო ჩემი მსჯელობები, რომელთა საფუძველზე მივიღე გადაწყვეტილება. გულწრფელად გიზიარებთ ჩემს შეხედულებებს და უშურველად გადმოგიშლით იმ საფუძვლებს, რომელთაც ისინი ემყარება. შეგნებული და კეთილი ზრახვები ვერ ჰგუობენ ორაზროვნებას. ამ საკითხზე ჩემს გრძნობათა გამხელას არ ვაპირებ. დაე! ისინი დარჩნენ ჩემი გულის საცავში. არგუმენტაცია კი საჯაროდ გამომაქვს. ჯერარს, იგი ყველამ განსაჯოს. ერთი რამ კია, ჩემს მსჯელობათა სულისკვეთება აგდებით არ უყურებს ჭეშმარიტებას.
განზრახული მაქვს, სტატიათა სერიაში, ცალ-ცალკე გავარჩიო შემდეგი საინტერესო საკითხები:
კავშირის სარგებლიანობა თქვენი კეთილდღეობისათვის;
ახლანდელი კონფედერაციის არასაკმარისობა საიმისოდ, რომ შენარჩუნებული იქნას ეს კავშირი;
აუცილებლობა ისეთი ენერგიული მმართველობისა, რაც ამ მიზანს მიგვაღწევინებს;
შემოთავაზებული კონსტიტუციის შესაბამისობა რესპუბლიკური მმართველობის ჭეშმარიტ პრინციპებთან;
მისი მსგავსება თქვენი მშობლიური შტატების კონსტიტუციებთან და ბოლოს, დამატებითი დარწმუნებულობა იმაში, რომ შენარჩუნებული იქნება მმართველობის ამ ფორმის თავისებურება თავისუფლებისა და საკუთრების უზრუნველსაყოფად.
პროექტის განხილვისას შევეცდები, დამაკმაყოფილებელი პასუხი გავცე ყველა შეპასუხებას, რომელიც კი წამოიჭრება და რამდენადმე მაინც იპყრობს თქვენს ყურადღებას.
იქნებ ზედმეტიც კი იყოს დასაბუთება იმისა, რომ სასარგებლოა ამ კავშირის შენარჩუნება, რაკი ეს აზრი ღრმად გასჯდომია გულში ადამიანთა  უმრავლესობას თითოეულ შტატში; ერთი შეხედვით, მას არც კი უნდა ჰყავდეს მოწინააღმდეგე. მაგრამ ფაქტია, რომ ახალი კონსტიტუციის ავისმოსურნეთა წრეებში გაუთავებლად ჩურჩულებენ იმის თაობაზე, ცამეტი შტატი ძალიან დიდი სივრცე ხომ არაა საიმისოდ, რათა ისინი რომელსამე საერთო სისტემაში ჩავატიოთო, და რომ აუცილებელია, ერთი მთელის განსხვავებული ნაწილებისგან შეიქმნას ცალ-ცალკე კონფედერაციებიო; როგორც ჩანს, ეს დოქტრინა ნაბიჯ-ნაბიჯ გავრცელდება, ვიდრე საკმარის მომხრეებსა და მერე, საყოველთაო მხარდაჭერას მოიპოვებდეს. იმათთვის, ვისი ხედვის ჰორიზონტიც ფართოა, არ არსებობს ახალი კონსტიტუციის უფრო აშკარა ალტერნატივა, ვიდრე ეს ჩვენი კავშირის დანაწევრებაა. ამიტომაც უპრიანია, თავდაპირველად გამოვიკვლიოთ კავშირის უპირატესობანი; გავისიგრძეგანოთ ის უბედურებანი და მოსალოდნელი საფრთხეები, რომლებიც თითოეულ შტატს დაემუქრება, თუკი კავშირი დაიშლება. ჩემი მომდევნო სიტყვის საგანი სწორედ ეს არის.
თუკი გულდაგულ გავადევნებთ თვალს, იგივე იდეა გამოთქმულია ახალი კონსტიტუციის საწინააღმდეგო ბოლოდროინდელ პუბლიკაციებში.
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group