ფედერალისტი # 49: მედისონი
1788წ. 2 თებერვალი
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
ჩვენს მიერ წინა წერილში დამოწმებული ავტორი თხზულებისა “შენიშვნები ვირჯინიის შტატის შესახებ”, თავად იყო მონაწილე კონსტიტუციის პროექტის შედგენისა, რომელიც კონვენტისთვის წარსადგენად უნდა მოემზადებინათ. კონვენტისა, რომლის მოწვევასაც 1783 წლისთვის ვარაუდობდნენ და რომლის მიზანიც ის იყო, რომ ვირჯინიის რესპუბლიკის კონსტიტუცია შემოეღო. ეს პროექტიც, მსგავსად მისი ხელიდან გამოსული ყოველი ნაწარმოებისა, ორიგინალურობის ნიშნითაა აღბეჭდილი და აზროვნების სიღრმითა და სიზუსტით გამოირჩევა. ეს ავტორი მით უფრო ღირსია ყურადღებისა, რომ იგი მართვის რესპუბლიკური სისტემის მგზნებარე სიყვარულითაც გამორჩეულია და იმ გამჭრიახობითაც, რასაც იგი სახიფათო მიდრეკილებათა შეფასების საქმეში იჩენს როგორც მათგან თავის დაცვის, ისე მათი აღკვეთის თვალსაზრისით. სიფრთხილის ერთი ასეთი ზომა, იმ სიმაგრის ფუნქციას რომ ასრულებს, რომელმაც ხელისუფლების უფრო სუსტი ნაწილი მისი უფრო ძლიერი უწყების ხელყოფისგან უნდა დაიცვას, მარტოდენ ამ ავტორის აღმოჩენაა და იგი ჩვენი ამჟამინდელი კვლევის საგანია.
ზემოაღნიშნული მოსაზრება შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული :”როცა ხელისუფლების სამი შტოდან ნებისმიერი ორი თანხმობას აღწევს იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად, ანდა მისი
დარღვევების
გამოსასწორებლად
აუცილებელია კონვენტის მოწვევა, იგი კიდეც უნდა იქნეს მოწვეული, ოღონდ იმ პირობით, რომ ამგვარ გადაწყვეტილებას მხარს ხელისუფლების ამ უწყებათა სრული შემადგენლობის ორი მესამედი უნდა უჭერდეს.”
ძალაუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წყარო ხალხია. კონსტიტუცია კი, რომელიც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს თავთავიანთ უფელბამოსილებას ანიჭებს, სხვა არაფერია, თუ არა მისი ნების გამოხატულება; ამიტომ რესპუბლიკური თეორია მოითხოვს იმას, რომ ყველა შემთხვევაში მივმართოთ ხალხს, როგორც პოლიტიკური ჭეშმარიტების საბოლოო ინსტანციას. არ აქვს მნიშვნელობა, საქმე ხელისუფლების ამა თუ იმ შტოს ხელში არსებულ უფლებამოსილებათა გაფართოებას, მათ შეკვეცას ან გადაკეთებას ეხება, თუ ერთი დეპარტამენტის მიერ სხვა უწყებათა კომპეტენციაში შეჭრას. რაკი ხალხის ერთიანი ნებით არიან უფლებამოსილნი, ხელისუფლების სამივე შტო თანასწორია და არც ერთ მათგანს არ აქვს იმის გამორჩეული უფლება, რომ თავის თავზე აიღოს უზენაესი მისია, რაც დანარჩენ უწყებათათვის კომპეტენციათა დადგენასა და მათ ერთმანეთისაგან გამიჯვნას ითვალისწინებს. მაგრამ ხალხის ავტორიტეტის მოშველიების გარეშე განა შესაძლებელია ის, რომ უფრო ძლიერ სახელისუფლებო უწყებას უფრო სუსტი სტრუქტურის კომპეტენციაში შეჭრის ხალისი დაუკარგო? განა ხალხი არ არის ყველა უფლებამოსილების ერთადერთი წყარო? განა მასზე არ არის საბოლოო სიტყვა როგორც უფლებამოსილებათა მნიშვნელობის განმარტების, ისე მათ შესრულებაზე ზედამხედველობის მხრივ?
ამგვარი არგუმენტაცია ერთობ დამაჯერებელია და იმის დასაბუთების შესაძლებლობას იძლევა, რომ აუცილებელია მკვეთრად გვქონდეს მონიშნული ის კონსტიტუციური გზა, რომელსაც ხალხთან მივყავართ. იგი ყოველთვის თავისუფალი უნდა იყოს, რათა მნიშვნელოვანსა და საგანგებო ვითარებებში გადაწყვეტილებებს ხალხთან თანხმობით ვიღებდეთ. მაგრამ თუ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ხელისუფლების სხვადასხვა დეპარტამენტები თავიანთ კონსტიტუციურ საზღვრებში ჩავატიოთ, ერთთავად ხალხთან მისვლა გახდა საჭირო, მაშინ, რა თქმა უნდა, ამ პრინციპის წინააღმდეგ პრინციპული შესიტყვებაც არ დაახანებს.
ჯერ ერთი, ამგვარი ზომა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ხელისუფლების ორი შტო მესამის წინააღმდეგ ერთიანდება. საკანონმდებლო ხელისუფლების განკარგულებაში სხვა დეპარტამენტებზე ზემოქმედების იმდენი ბერკეტია, რომ მას არ გაუჭირდება ორი უწყებიდან ერთერთის გადაბირება ანდა, სულ ცოტა, მისი მესამედის მიმხრობა მაინც. ძალთა ამგვარი გადანაწილების შემდეგ დარჩენილ დეპარტამენტს, რა თქმა უნდა, შანსი აღარ აქვს იმისა, რომ წაგლეჯილი უფლებამოსილება დაიბრუნოს. მაგრამ ამ შესიტყვებაზე ყურადღებას არ გავამახვილებ, რაკი იგი შესაძლოა, უფრო ზემოაღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი სახეცვლილების წინააღმდეგ იყოს მიმართული და არა თვითონ პრინიციპისა.
მეორეც, იგი შეიძლება, პრინციპის წინააღმდეგ შესიტყვებადაც ჩაითვალოს, ვინაიდან ხალხისადმი ყოველი მიმართვა მმართველობითი სისტემის არსებით ნაკლად აღიქმება. ამიტომ, რაც უფრო ხშირად მიმართავს მთავრობა ამგვარ ზომას, მით უფრო კარგავს ის იმ პატივისცემას, რითაც ყველა მოვლენას დრო მოსავს და რის გარეშეც ყველაზე ბრძენი და თავისუფალი ხელისუფლებაც კი არამდგრადი და მერყევია. თუ სწორია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ხელისუფლების მდგრადობას საზოგადოებრივი აზრი განაპირობებსო, მაშინ არანაკლებ მართებულია შემდეგი მტკიცებაც: თითოეული ინდივიდის შეხედულების სიმძლავრე და ის პრაქტიკული ზემოქმედება, რომელსაც ის ამ ინდივიდის ქცევაზე ახდენს, დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ფართოა ადამიანთა ის წრე, რომლებიც მის შეხედულებას იზიარებენ. ადამიანის გონება, როცა ის მარტოა, ისევე მერყევი და ფრთხილია, როგორც მარტოობაში მყოფი ადამიანი. მაგრამ მისი სიმტკიცე და თვითდაჯერება მით უფრო იზრდება, რაც უფრო ფართოვდება მისი თანამოაზრეების წრე. ცნობილია, რომ აზრი მაგალითებით გამყარებას საჭიროებს. მათი ეფექტი კი ორკეცდება, როცა ამ მიზნით მოტანილი მაგალითები
ძველიცაა
და
მრავალრიცხოვანიც
. თუ ავიღებდით ერს, რომელიც მარტო ფილოსოფოსებისგან იქნებოდა შემდგარი, მასში ამგვარ მოსაზრებას გასავალი არ ექნებოდა. მისი წევრებისთვის განათლებული გონების შეგონებაც კი საკმარისი იქნებოდა, რათა კანონებისადმი პატივისცემით გამსჭვალულიყვენ. მაგრამ ფილოსოფოსი ერი, ცარიელა წარმოსახვის ისეთივე ნაყოფია, როგორც პლატონისეული მეფე – ფილოსოფოსთა მოდგმა. რაც შეეხება მთავრობას, რომელიც გონების პრინციპებს ეფუძნება, იგი არასოდეს იტყვის უარს იმ უპირატესობაზე, რასაც ხელისუფლებას საზოგადოების მხარდაჭერა ანიჭებს.
როცა მთავრობა ხშირად მიმართავს მთელ საზოგადობას და ცდილობს იგი კონსტიტუციური საკითხების გადაჭრის საქმეში ჩააბას, ამას ერთი საფრთხეც თან ახლავს. საქმე ის არის, რომ ამგვარი მიმართვის დროს, სახალხო ვნებები აღიგზნება, რაც, თავის მხრივ, საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევის მიზეზი ხდება. უდავოა, რომ ამერიკელი ხალხის სიქველისა და გონიერების წყალობით, მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ მმართველობის ჩვენში დამკვიდრებულ ფორმათა გადასინჯვის თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამგვარი ექსპერემინტები მეტად საჩოთიროა საიმისოდ, რომ მათ ხშირად ვიმეორებდეთ. არასოდეს უნდა დავივიწყოთ, რომ ყველა მოქმედი კონსტიტუცია იმ დროს იქმნებოდა, როცა ამერიკული საზოგადოება უმძიმესი განსაცდელის წინაშე იდგა; სწორედ ამის გამო იყო, რომ თავი ვერ აიშვეს წესრიგისა და თანხმობისადმი მტრულმა ვნებებმა. ეს იყო ჟამი, როცა ხალხი მგზნებარე ნდობით იყო გამსჭვალული თავისი პატრიოტი ლიდერებისადმი; როცა საერთო – ეროვნული მნიშვნელობის ნებისმიერი საკითხის თაობაზე შესაშური თანხმობა სუფევდა; როცა მმართველობის ძველი ფორმებით საყოველთაო აღშფოთებამ და გაბოროტებამ იფეთქა; როცა ყველა ფრთაშესხმული იყო იმ გზნებით, რაც თან ახლავს ახლისა და განსხვავებულის ძიებას; როცა ჯგუფურობის სული თავის ღვარძლს ვეღარ ურევდა იმ საერთო – სახალხო ნებაში, რომელიც ცვლილებებსა და ჩადენილი დარღვევების გამოსწორებას ესწრაფოდა. მაგრამ იმ მდგომარეობაში, რაშიც, ალბათ, სამომავლოდ აღმოვჩნდებით, იმედია, აღარ შეიქმნება მსგავსი საგანგებო ვითარება, რაც საფრთხეთაგან ეგზომ წარმატებით დაგვიფარავდა.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საყვედური, რომელსაც ხალხისადმი მიმართვის წინააღმდეგ გამოთქვამენ, ის არის, რომ ამ გზით მიღებული გადაწყვეტილება არ იქნება მიზნის თანზომიერი და ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის კონსტიტუციურ თანასწორობას. როგორც ვნახეთ, ყველა რესპუბლიკური მთავრობა ერთი საერთო ტენდენციით ხასიათდება, რაც ხელისუფლების სხვა შტოთა ხარჯზე საკანონმდებლო ხელისუფლების მეტისმეტი ზრდით გამოიხატება. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ხალხს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმართონ. მაგრამ ამგვარი მიმართვა გამოიღებს კი ისეთ შედეგს, რაც ორივე მხარისთვის თანაბრად სასარგებლო იქნება? მოდით, განვიხილოთ სხვადასხვა შესაძლებლობა. აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება შემადგენლობის თვალსაზრისით არ არის მრავალრიცხოვანი, ამიტომ ამ უწყებათა წევრებს ხალხის მხოლოდ ვიწრო წრე იცნობს. რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლების წევრებს, მათი მდგომარეობა იმით არის განსაკუთრებული, რომ ისინი თანამდებობებზე განსხვავებული წესით ინიშნებიან. ამასთანავე, სრულიად თავისებურია მათი მოღვაწეობის ხასიათი და თანამდებობაზე ყოფნის ვადა. ყოველივე ეს იმას განაპირობებს, რომ ისინი ნაკლებად იცნობენ სახალხო მისწრაფებებს. აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები კი ხალხში შურს აღძრავენ. ეს კი ხშირად აუფერულებს და არაპოპულარულს ხდის მათ მოღვაწეობას. რაც შეეხება საკანონმდებლო ხელისუფლებას, მისი პოლიტიკური ორგანო მრავალრიცხოვნებით გამოირჩევა. მისი წევრები სრულიად ქვეყანაში არიან გაფანტულნი და ხალხის წიაღში ცხოვრობენ. საზოგადოების დიდ ნაწილთან მათ სისხლისმიერი ნათესაობა, მეგობრობა თუ უბრალო ნაცნობობა აკავშირებთ. მათ მიმართ საზოგადოებრივ ნდობას მათივე პირადი ზეგავლენა ასაზრდოებს. ზეგავლენა, რასაც თითოეული მათგანი იმისთვის იყენებს, რომ მოსახლეობა მიიმხროს. ამიტომაცაა, რომ ისინი ყველაზე მგზნებარედ იცავენ ხალხის უფლებებსა და თავისუფლებას. თუ ყოველივე ამას გავითვალისწინებთ, ძნელად, რომ ხელისუფლების დანარჩენმა შტოებმა მასთან მეტოქეობა შეძლონ.
მაგრამ მთავარი ეს როდია, არამედ ის, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებას სხვა სამთავრობო უწყებებზე უფრო ხელეწიფება ხალხის დარწმუნება თავისი საქმის სისწორეში. გარდა ამისა, მისი წევრები თავიანთ თავზე მოსამართლეთა უფლებამოსილებასაც იღებენ. იგივე ზეგავლენა, რამაც მათ არჩევნები მოაგებინა, იმის საწინდარიცაა, რომ ადგილები კონვენტშიც განაღდებული აქვთ. შეიძლება, ასეთი ვარაუდი ყველა წევრის მიმართ არ გამართლდეს, მაგრამ უდავოა, რომ ბევრი მათგანი მოხვდება კონვენტის შემადგენლობაში. მათ შორის კი უმრავლესობა ისეთი წამყვანი პირები იქნებიან, რომლებზეც ბევრი რამ არის ხოლმე დამოკიდებული ამ ყაიდის ორგანოში. ერთი სიტყვით, კონვენტის შემადგენლობაში მოხვდებიან ის კაცები, რომლებიც იყვნენ, ამჟამად არიან, ანდა იქნებიან სწორედ იმ ორგანოს წევრები, რომლის გადაწყვეტილებითაც თვით კონვენტი იქნა მოწვეული. აქედან გამომდინარე, ერთსა და იმავე საქმეში ისინი, ერთსა და იმავე დროს მოსარჩელეებიც იქნებიან და მოპასუხეებიც.
ზოგჯერ შეიძლება ისეთი გარემოებები შეიქმნას, რომ ხალხისადმი მიმართვა აღმასრულებელი და სასამართლო დეპარტამენტებისთვის არცთუ ისე არახელსაყრელი აღმოჩნდეს. საქმე ისეთ ვითარებას ეხება, როცა საკანონმდებლო ხელისუფლების მხრივ ძალაუფლების უზურპაცია იმდენად აღმაშფოთებლად და მოულოდნელად მიმდინარეობს, რომ მისი წევრები ვერც კი ასწრებენ ამის შენიღბვას. ასეთ შემთხვევებში ძლიერი პარტია, რომელიც საკანონმდებლო დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან შედგება, დანარჩენ უწყებათა გვერდით დგება. ამავე დროს, აღმასრულებელი ძალაუფლება შესაძლოა, ისეთ პიროვნებას ჩაუვარდეს ხელში, რომელიც ხალხის გამორჩეული სიყვარულით სარგებლობს. ამგვარ მდგომარეობაში, საკანონმდებლო ხელისუფლებამ შესაძლოა, დაკარგოს ხალხის კეთილგანწყობა. მაგრამ მაინც არ უნდა ველოდეთ იმას, რომ საკითხი ისე გადაწყდება, როგორც ჭეშმარიტების ღირსებას შეეფერება. მის გადაწყვეტაზე აუცილებლად მოახდენენ ზეგავლენას საზოგადოებაში უკვე არსებული ჯგუფები, რომლებსაც ის დაჯგუფებანიც შეუერთდებიან, უშუალოდ საკითხის განხილვის პროცესში რომ წამოჰყოფენ თავს. არანაკლებ ზემოქმედებას იქონიებენ მასზე ცნობილი ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში გავლენით სარგებლობენ. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ის ადამიანები გამოიტანენ, რომლებიც თვითონ ახორციელებდნენ განსასჯელ ღონისძიებას ან მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ამრიგად, მართლმსაჯულებას
ვნებები
აღასრულებენ და არა
გონება
. მაგრამ მხოლოდ საზოგადოების გონებას აქვს იმის უფლება, რომ ხელისუფლება გააკონტროლოს. რაც შეეხება ვნებებს, პირიქით, თვითონ ხელისუფლებაა მოვალე, ისინი მოთოკოს და აკონტროლოს.
როგორც წინა წერილიდან შევიტყვეთ, მარტოდენ კონსტიტუციაში ჩაწერილი დეკლარაციები არ კმარა ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მოსათოკად და სამართლებრივ საზღვრებში მათ ჩასატევად. ისიც ვნახეთ, რომ საამისნოდ არც ის გზა გამოდგება, რომ ჟამიდან ჟამს ხალხს მივმართოთ და თანხმობა გამოვთხოვოთ. აღარ გავამახვილებ ყურადღებას იმ საკითხზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია სხვა მოსაზრებანი, რომლებსაც ზემოაღნიშნულ თხზულებაში ვაწყდებით. ზოგი მათგანი ეჭვშეუვალ პოლიტიკურ პრინციპებს ემყარება, ყველა ერთად კი ორიგინალობითა და სიზუსტით გამოირჩევა.
პუბლიუსი