ფედერალისტი # 20 : მედისონი
(ალექსანდრე ჰამილტონთან თანამშრომლობით)
1787წ. 11 დეკემბერი
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
გაერთიანებული პროვინციები რესპუბლიკების, თუ მეტადრე, არისტოკრატიების ერთობ უჩვეულო კონფედერაციაა. მიუხედავად ამისა, ისიც ადასტურებს იმ გაკვეთილის სისწორეს, რომელიც უკვე განხილული მაგალითებიდან გამოვიტანეთ.
ამ კავშირში შვიდი თანასწორი და სუვერენული სახელმწიფო შედის; თითოეული მათგანი ასევე თანასწორი და დამოუკიდებელი ქალაქებისგან შედგება. ყველა საჭირბოროტო საკითხში არა მარტო პროვინციების, არამედ ქალაქების ერთსულოვანი თანხმობაცაა საჭირო.
უზენაეს ხელისუფლებას კავშირში ახორციელებს გენერალური შტატები, რომელიც, როგორც წესი, პროვინციების მიერ დანიშნული 50 წარმომადგენლისგან შედგება. ზოგი მათგანი ხუთი წლის ვადითაა დანიშნული, ზოგი კი თავის სავარძელში ექვსი, სამი ან ერთი წლით ზის. ორი პროვინციის წარმომადგენლებს კი უფლება აქვთ თანამდებობაზე იმდენი ხნით დარჩნენ, რამდენი ხნითაც ნებავთ.
გენერალური შტატები უფლებამოსილია: დადოს ხელშეკრულებები და შევიდეს ალიანსებში; გამოაცხადოს ომი და ხელი მოაწეროს საზავო ხელშეკრულებას; შეკრიბოს ჯარი და შეაიარაღოს ფლოტი; განსაზღვროს ფულად შესატანთა კვოტები. თუმცა თითოეულ ამ შემთხვევაში კონფედერაციის ყველა წევრის ერთსულოვანი თანხმობა და სანქციაა აუცილებელი. გენერალური შტატების კომპეტენციაში ასევე შედის ელჩების დანიშვნა და მიღება; უკვე დადებული ხელშეკრულებებისა და ალიანსების შესრულება; იმპორტსა და ექსპორტზე გადასახადების ამოღების უზრუნველყოფა; ზარაფხანის საქმიანობის წარმართვა ყველა პროვინციის უფლებათა დაცვით; დამოკიდებული ტერიტორიების მართვა. გენერალური შტატების თანხმობის გარეშე, პროვინციებს ეკრძალებათ ისეთი ხელშეკრულებების დადება, რომლებმაც, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს სხვებს. მათ არც იმის უფლება აქვთ, რომ მეზობელ პროვინციებს უფრო დიდი გადასახადი გადააახდევინონ, ვიდრე საკუთარ მოსახლეობას ახდევინებენ. ფედერალური მმართველობის გაძლიერების მიზანს ემსახურება სახელმწიფო საბჭო და საფინანსო პალატა, საადმირალო დაწესებულების ხუთ კოლეგიასთან ერთად.
კავშირის მთავარი თანამდებობის პირი შტადჰოლდერია. ამჟამად იგი მეფის სახითაა წარმოდგენილი. კავშირში იგი უზარმაზარი ავტორიტეტით სარგებლობს, რაც მისი წოდებრივი მდგომარეობით, დიდი საგვარეულო ქონებითა და ევროპის ზოგიერთ მთავარ მონარქთან მისი ოჯახური კავშირებითაა განპირობებული. მაგრამ მისი ავტორიტეტის მთავარი წყარო მაინც შტადჰოლდერის თანამდებობაა, რაც მას უფლებამოსილებას ანიჭებს სხვადასხვა პროვინციების ქალაქებში ხელისუფლება დანიშნოს; პროვინციათა მიერ გამოცემული განკარგულებანი აღასრულოს; სურვილისდამიხედვით თავმჯდომარეობა გაუწიოს პროვინციათა უზენაეს სასამართლოებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიყენოს შეწყალების მისთვის მინიჭებული განსაკუთრებული უფლება.
ის, როგორც შტადჰოლდერი, მნიშვნელოვანი პრეროგატივებით სარგებლობს.
სახელმწიფოს მეთაურის რანგში იგი უფლებამოსილია მოაგვაროს პროვინციებს შორის ატეხილი დავა, თუ ყველა სხვა საშუალება ამაო აღმოჩნდა; მონაწილეობა მიიღიოს გენერალური შტატების თათბირებში და დაესწროს მის ცალკეულ სხდომებს; აუდიენცია მოუწყოს საზღვარგარეთის ელჩებს და თავისი ნდობით აღჭურვილი პირები იყოლიოს უცხო ქვეყნების სამეფო კარზე.
როგორც სამხედრო მეთაური, იგი ხელმძღვანელობს ფედერალურ შეიარაღებულ ძალებს, აყალიბებს გარნიზონებს, და საზოგადოდ, წარმართავს სამხედრო საქმეებს; პოლკოვნიკიდან დაწყებული, ლეიტენანტის ჩათვლით, ის ნიშნავს ყველა სამხედრო უფროსს; მის კომპეტენციაში ასევე ყველა გამაგრებული ქალაქის მმართველობათა დანიშვნა შედის.
როგორც საზღვაო შეიარაღებული ძალების უფროსი, იგი არის ადმირალ – გენერალი და არამარტო სამხედრო ფლოტის, არამედ ყველა სხვა საზღვაო საკითხსაც წარმართავს; პიროვნულად ან წარმომადგენლის მეშვეობით უძღვება საადმირალო უწყების მუშაობას; ნიშნავს ადმირალ – ლეიტენანტებს; აარსებს სამხედრო საბჭოებს, რომელთა გადაწყვეტილებები ძალაში მხოლოდ მისი თანხმობის შემდეგ შედიან.
მისი წმინდა თანამდებობრივი შემოსავალი 300 000 ფლორინს შეადგენს. მის განკარგულებაშია 40 000 – იანი რეგულარული არმია.
ასე გამოიყურება ბელგიის განთქმული კონფედერაცია პერგამენტზე. მაგრამ რას წარმოადგენს ის სინამდვილეში? უნიათო მართვას; პროვინციებს შორის უთანხმოებას; უცხოურ ზეგავლენასა და დამცირებას; მერყევ მშვიდობასა და ომის მიერ მიყენებულ უბედურებებს.
კროციუსმა დიდი ხნის წინ შენიშნა: გაერთიანებული პროვინციების ერთობა სხვას არაფერს ეფუძნება, თუ არა ავსტრიის სამეფო კარის მიმართ მისი მოსახლეობის სიძულვილსო; ეგ რომ არა, მას დიდი ხანია მოუსავლეთში გაისტუმრებდა მის პოლიტიკურ აგებულებაში ჩაბუდებული უკუღმართობანიო.
სხვა პატივცემული ავტორი წერს: უტრეხტის უნია საკმაო უფლებამოსილებას ანიჭებს გენერალურ შტატებს თანხმობის უზრუნველსაყოფად, მაგრამ პროვინციებს შორის შუღლი ბელგიურ თეორიასა და პრაქტიკას უფსკრულით აშორებს ერთმანეთისგანო.
იგივე ხელშეკრულება, როგორც კიდევ ერთი ავტორი ამბობს, თითოეულ პროვინციას საერთო ხაზინაში გარკვეული შესატანების შეტანას ავალდებულებს, მაგარამ ეს მუხლი არ სრულდება და ალბათ, არასდროს შესრულდება, ვინაიდან ქვეყნის შუა ნაწილში განლაგებული პროვინციები – აღებმიცემობა თითქმის არაა განვითარებული, – სხვებთან გათანაბრებულ კვოტას ვერ იხდისო.
ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ხელშეკრულების იმ პუნქტისთვის თავის არიდება, რომელიც შესატანებს განსაზღვრავს. ყოველთვის არსებობს ამ პროცესის გაჭიანურების საფრთხე, ამიტომ გადახდისუნარიან პროვინციებს, ურთიერთთანხმობის საფუძველზე ისე შეაქვთ თავიანთი კვოტები, რომ სხვებს არ ელოდებიან. მოგვიანებით კი თავიანთ რწმუნებულთა მიგზავნით, ანდა სხვა რამ საშუალებით, ზარალის ამოგებას ცდილობენ. ჰოლანდია ორივე ამ საშუალებას იყენებს. მას ხომ ამის უფლებას მის მიერ მოხვეჭილი უშველებელი სიმდიდრე და ავტორიტეტი ანიჭებს.
ხშირად დანაკლისის ამოსაგებად ხიშტსაც იყენებენ. ეს სახიფათო ხერხი იმ კონფედერაციებშია გავრცელებული, სადაც მისი ერთი რომელიმე წევრი ძალით დანარჩენებს აღემატება, რომლებიც ისე არიან დაუძლურებულნი, რომ მას წინააღმდეგობას ვერ უწევენ. მაგრამ შეუძლებელია, ასეთი რამ იქ ხდებოდეს, სადაც გაერთიანების რამდენიმე წევრი თანაბარ სიძლიერესა და რესურსებს ფლობს; ამ შემთხვევაში ნებისმიერ მათგანს მარტოდმარტოს შეეძლება წინააღმდეგობის გაწევა და თავის დაცვა.
საგარეო საქმეთა მინისტრებიო, _ წერს თვითონაც ნამინისტრალი სერ უილიამ ტემპლი და რეფერენდუმდადებული შეთანხმებების შესრულებას თავს არიდებდნენ; ამის შესახებ ფარულად ატყობინებდნენ პროვინციებსა და ქალაქებსო. 1726წ. სწორედ ამ გზით გადაიდო ერთი წლით ჰანოვერის შეთანხმების შესრულება. უამრავი ასეთი ცნობილი მაგალითის მოხმობა შეიძლებოდა.
საგანგებო სიტუაციებში გენერალური შტატები ხშირად აჭარბებს თავის უფლებამოსილებებს. 1688წ. მან მისივე ინიციატივით დადო ხელშეკრულება, რითაც თავი საფრთხეში ჩაიგდო. 1648წ. ვესტფალიის ხელშეკრულებაც, რომელმაც ფორმალურად და საბოლოოდ სცნო მისი დამოუკიდებლობა, ზელანდიის თახმობის გარეშე გააფორმა. არცთუ დიდი ხნის წინ ერთსულოვანი თანხმობის პრინციპი ისევ იქნა დარღვეული დიდ ბრიტანეთთან დადებული ბოლო სამშვიდობო შეთანხმებით. თუ სახელმწიფოებრივი წყობა სუსტია, იგი აუცილებლად დაირღვევა ან სათანადო ძალის უქონლობის, ანდა იმ ძალაუფლების უზურპაციის წყალობით, რომელიც საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაა აუცილებელი. მაგარამ მთლიანად შექმნილ მდგომარეობაზეა დამოკიდებული ის, უზურპატორი მოთმინების ზღურბლთან შედგება თუ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯებს. ტირანია უფრო ხშირად მაშინ იბადება, როცა საგანგაშო მდგომარეობაში ჩავარდნილი მანკიერი წყობა ძალაუფლების მიტაცების აუცილებლობას წარმოშობს, ვიდრე მაშინ, როცა ხელისუფლება სრულად ახორციელებს ყველაზე ფართო უფლებამოსილებებს.
მიუხედავად იმ უბედურებებისა, თან რომ ახლავს შტადჰოლდერის ინსტიტუტს, უნდა ვიფიქროთ, რომ ცალკეულ პროვინციებში სწორედ მისი უდიდესი ზეგავლენის დამსახურებაა, თუ იმ ქაოსმა, რამაც თავი იჩინა კონფედერაციაში დიდი ხნის წინათ, ბოლო არ მოუღო მას.
აბატი მაბლი წერს:” ასეთი მართვის პირობებში კავშირი, ალბათ, ვერ შეძლებდა არსებობას, მას ხელთ რომ ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი – შტადჰოლდერი არ ჰქონდესო. სწორედ მას ხელეწიფება, პროვინციებს მათთვის დამახასიათებელი სიზანტე დააძლევინოს და ერთი მიმართულებით ფიქრი აიძულოს.” სერ უილიამ ტემპლი აღნიშნავს: “იმ შუალედებში, როცა შთადჰოლდერის ინსტიტუტი არ არსებობდა, ჰოლანდია, - თავისი სიმდიდრისა და ზეგავლენის წყალობით, სხვა პროვინციებს იმორჩილებდა და მდგომარეობას ეპატრონებოდაო”.
მაგრამ მარტო ეს გარემოებები როდი აკავებდნენ ანარქიისა და დაშლის ტენდენციას. გარკვეულწილად ამ გაერთიანების არსებობა მისი მეზობელი სახელმწიფოების ინტერესებშიც შედიოდა. მათი ინტრიგები სწორედ რომ კავშირისთვის შინაგანად დამახასიათებელი ნაკლოვანებების გაღრმავებისკენ იყო მიმართული. ასეთი პოლიტიკით ისინი ცდილობდნენ იგი თავიანთ ნებაზე ებურთავებინათ.
ამ კონფედერაციის ჭეშმარიტი პატრიოტები ყოველთვის გამოთქვამდნენ წუხილს მისი ნაკლოვანებების გამო. ისინი შესაშური თავგამოდებით ცდილობდნენ საზოგადოებრივი
საბჭოების
გაერთიანებას, რათა სამკურნალო საშუალება გამოეძებნათ კონფედერაციის სტრუქტურაში არსებული და ყველასათვის ცხადი ბოროტების წინააღმდეგ. მაგრამ საწადელს ვერა და ვერ აღწევდნენ. ამავე მიზნით ოთხჯერ მოიწვიეს მათ
საგანგებო
ასამბლეა
.
თანამემამულენო, მოდით ერთი წამით შევდგეთ ისტორიის ამ სევდიანი გაკვეთილის წინაშე. დაე ცრემლით დავალტოთ მისი ფურცლები, ადამიანური ამპარტავნებითა და უკეთური აზრებით გამოწვეულ უკუღმართობებს რომ ვერ იტევენ; დაე, ჩვენს გულს აღმოსკდეს ზეცის სამადლობელი იმ კეთილმოსურნეობის ატმოსფეროს გამო, რომელშიც ჩვენი დებატები მიმდინარეობს.
გარდა ამისა, ფედერალური მთავრობა საერთო გდასახადის შემოღებასაც გეგმავდა, თუმცა მასაც მტრები გამოუჩნდა და ჩავარდა.
ეს უბედური ხალხი ახლა რყევებით, პროვინციებს შორის უთანხმოებებითა და თავდაცვითი ომებითაა გაწამებული. მისი არსებობა ბეწვზე კიდია. მთელი კაცობრიობა გულისტკივილით შეჰყურებს ამ სევდიან სანახაობას. პირველი რამ, რასაც ყველა უსურვებს მას, ისაა, რომ ყოველივე ეს ისეთი მმართველობის შემოღებით დასრულდეს, კავშირს სიმტკიცეს რომ მიანიჭებს, მის მოსახლეობას კი სიმშვიდეს, თავისუფლებასა და ბედნიერებას მოუტანს. მეორე სურვილი კი ისაა, რომ როცა ქვეყანა კურთხეულ ნავსაყუდელს მიაღწევს, უსწრაფესი ღონისძიებებით განამტკიცოს ის მდგომარეობა, რომელმაც ხალხი კატასტროფისგან იხსნა.
შენდობას არ ვითხოვ იმის გამო, რომ ეგზომ ხანგრძლივ შევყევი ამ ფედერაციული წარმონაქმნის შესახებ მსჯელობას. გამოცდილება ჭეშმარიტების ორაკულიაო, უთქვამთ. როცა შეკითხვებზე ერთსულოვან პასუხებს იძლევიან, მაშინ ისინი წმინდაა და დარწმუნების ძალაც შესწევთ. ყველაზე დიდი ჭეშმარიტება, რაც ამ შემთხვევაში გამჟღვნდა, ისაა, რომ სუვერენის სუვერენი, მთავრობის მთავრობა, საკანონმდებლო ძალაუფლებით აღჭურვილი კორპორაციული პირები, რომლებიც მოქალაქეებისგან განსხვავდებიან, სხვა არაფერია, თუ არა თეორიული შეცდომა; პრაქტიკაში იგი ძირს უთხრის სახელმწიფოებრივ მოწესრიგებას, რაკი კანონი
ძალმომრეობით
იცვლება; სხვანაირად რომ ვთქვათ, ლმობიერი სამოქალაქო
ძალადობის ადგილს მახვილის გამაჩანაგებელი ძალმომრეობა
იჭერს.
პუბლიუსი