ფედერალისტი  # 53 : მედისონი

1788წ. 9 თებერვალი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

შესაძლოა, ვინმემ მსჯელობა გამაწყვეტინოს და ერთი შეგონება შემახსენოს:” იქ, სადაც ყოველწლიურ არჩევნებზე ხელს იღებენ, ტირანია იწყებაო.” ამბობენ, რომ გამონათქვამი, რომელიც ანდაზად იქცევა, ჭეშმარიტების მარცვალს შეიცავსო. შეიძლება, ეს  მართლაც ასე იყოს: მაგრამ არანაკლები სიმართლეა იმაში, რომ ამგვარ გამონათქვამებს ხშირად ისეთ შემთხვევებს მიუყენებენ ხოლმე, რომლებზეც მათი ჭეშმარიტება არ ვრცელდება. ამის დასასაბუთებლად შორს წასვლა არ მომიწევს. რომელ ჭეშმარიტებას ემყარება ზემოხსენებული შეგონება? არავინ ჩაიყენებს თავს სასაცილო მდგომარეობაში და არავინ მოჰყვება იმის მტკიცებას, რომ თითქოსდა ბუნებრივი კავშირი არსებობდეს მზესა თუ წელიწადის დროთა ცვალებასა და იმ პერიოდს შორის, როცა ადამიანური სიქველე ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ცდუნებას სძლევს ხოლმე. კაცობრიობისდა საბედნიეროდ, თავისუფლება დროის რაღაც გარკვეული მონაკვეთით არ არის შემოსაზღვრული. იგი ორ უკიდურეს წერტილს შორის არის განფენილი, რაც მრავალფეროვან გადაწყვეტილებათა შესაძლებლობას უშვებს, რანიც სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა მდგომარეობასა და გარემოებას მიესადაგებიან. თანამდებობის პირთა არჩევნები შესაძლოა, სხვადასხვა პერიოდულობით ტარდებოდეს. იგი ყოველდღიური, ყოველკვირეული ან ყოველთვიურიც შეიძლება იყოს და ყოველწლიურიც. მაგრამ თუ დასაშვებია ის, რომ წესს ერთი მხრივ ავუქციოთ გვერდი, მაშინ რად უნდა იყოს აკრძალული ის, რომ მას მეორე მხრივაც გადავუხვიოთ? თუ ყურადღებას მივაპყრობთ საარჩევნო პერიოდებს, რომელნიც ჩვენში ამ თუ იმ შტატის საკანონმდებლო ხელისუფლების ყველაზე მრავალრიცხოვანი განშტოებისთვისაა შემოღებული, დავინახავთ, რომ საარჩევნო ვადები ამ შემთხვევაშიც  ისე ძლერ განსხვადება ერთმანეთისგან, როგორც სხვა სამოქალაქო თანამდებობებზე არჩევნების შემთხვევებში. კონეკტიკუტსა და როდ აილენდში იგი ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ ტარდება. სხვა შტატებში, გარდა სამხრეთ კაროლინისა, იგი ყოველწლიურია. სამხრეთ კაროლინაში კი არჩევნები ორ წელიწადში ერთხელ იმართება, როგორც ეს პროექტით ფედერალური ხელისუფლებისთვისაა გათვალისწინებული. ყველაზე გრძელი პერიოდი ყველაზე მოკლეს ისე შეეფარდება, როგორც ოთხი _ ერთს. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია იმის მტკიცება, კონეკტიკუტი თუ როდ აილენდი სამხრეთ კაროლინაზე უკეთ იმართება; ისინი ამ უკანასკნელზე უფრო დიდი ეროვნული თავისუფლებით სარგებლობენო. უნდა ითქვას, რომ შტატები სულაც არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმისდა მიხედვით, თუ სად როგორი პერიოდულობით ტარდება არჩევნები.
რამდენი არ ვეცადე, მაგრამ ზემოაღნიშნული დოქტრინა ვერაფრით მივუსადაგე ჩვენს შემთხვევას. დარწმუნებული ვარ და მინდა, თქვენც დაგარწმუნოთ, რომ ამგვარი რამ შეუძლებელია. ამერიკელებისთვის ბუნებრივი რამაა ის, რომ კონსტიტუციას ხალხი ქმნის და ხელისუფლებას არ აქვს მისი შეცვლის უფლება, ხოლო კანონი მთავრობას შემოაქვს და მას მთავრობავე ცვლის. მაგრამ საქმე ისაა, რომ ის, რაც ამერიკელებისთვის თავისთავად ცხადი რამაა, სხვა ხალხებისთვის ნაკლებად გასაგებია. ამიტომაც ისინი, უმეტესწილად, არას დაგიდევენ ზემოხსენებულ წესს. არსებობენ ქვეყნები, სადაც უმაღლეს საკანონმდებლო ხელისუფლებას იმის პრეროგატივაც აქვს მინიჭებული, რომ მმართველობის ფორმა შეცვალოს. ცნობილია, რომ დიდ ბრიტანეთში ყველაზე დიდ გულმოდგინებას იჩენენ როგორც პოლიტიკური, ისე სამოქალაქო თავისუფლების პრინციპთა განხილვის საქმეში და კონსტიტუციური უფლებების შესახებაც ყველაზე მეტს ლაპარაკობენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბრიტანული პარლამენტი კონსტიტუციაზე მაღლა დგას და მის კონტროლს არ ექვემდებარება. ამიტომაც იყო, რომ პარლამენტმა მრავალჯერ გამოსცა ისეთი საკანონმდებლო აქტები, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს ხელისუფლების აგებულება. ეს განსაკუთრებით საარჩევნო ვადას შეეხება, რომელიც სხვადასხვა მიზიზით ხშირად იცვლებოდა ხოლმე. სწორედ ბოლო ხანს განხორციელებული ამგვარი ცვლილების შედეგი იყო ის, რომ  სამწლიანი საარჩევნო ვადა შვიდ წლამდე გაიზარდა. იმავე აქტის საფუძველზე წარმომადგენელთა კრებას კიდევ ოთხი წლით გაუგრძელეს ნდობის მანდატი. ამ ძალზე სახიფათო პრაქტიკამ, ბუნებრივია, შეშფოთება გამოიწვია თავისუფალი მართვის ქომაგთა შორის. მათ ხომ ხშირი არჩევნები ამგვარი მართვის ქვაკუთხედად მიაჩნიათ! ამიტომ ისინი იძულებულნი გახდნენ, ეძებნათ, უსაფრთხოების სხვა საშუალებანი, რანიც თავისუფლებას ხიფათისგან დაიცავდნენ. ასე რომ, იქ, სადაც კონსტიტუციას ხელისუფლებაზე უზენაესი ძალაუფლება არ გააჩნია, ლაპარაკიც კი არ შეიძლება იმის მსგავს კონსტიტუციურ უსაფრთხოებაზე, რომელსაც შეერთებულ შტატების მმართველობითი სისტემა უზრუნველყოფს. ამიტომაც წამოიწყეს უსაფრთხოების სხვა საშუალებათა მოძიება.  მაგრამ, როგორც გაირკვა, არ არსებობს უსაფრთხოების უკეთესი საშუალება, ვიდრე ის, რომ დროის ყველასთვის მისაღები და მარტივი მონაკვეთი იქნეს შერჩეული, რომლის მიხედვითაც დავადგენდით იმას, თუ რამდენად სახიფათოა ესა თუ ის ახალშემოღება. ასეთი რამ ეროვნული გრძნობის განმტკიცების საქმესაც წაადგებოდა და პატრიოტულ ძალისხმევათა გაერთიანებასაც. დროის ყველაზე მარტივ და ყველასთვის მისაღებ მონაკვეთად კი ერთი წელი იქნა მიჩნეული. ამასთანავე,  შესაშური თავგამოდებით ცდილობდნენ ხალხისთვის თავს მოეხვიათ დოქტრინა, რომლის მიხედვითაც თითქოსდა აუცილებელი ყოფილიყო საგანგებო დაბრკოლებათა აღმართვა, რანიც შეუზღუდავ ხელისუფლებას პერიოდულ ახალშემოღებათა საშუალებას არ მისცემდა; თითქოსდა ერთწლიანი საარჩევნო ვადის გაზრდა ტირანიასთან გვაახლოებდეს. მაგრამ იქნება კი რამენაირი აუცილებლობა უსაფრთხოების ამგვარი ზომის შემოღებისა იმ პირობებში, როცა ფედერალური ხელისუფლება კონსტიტუციის უზენაესი ავტორიტეტით იქნება შეზღუდული? ორწლიანი საარჩევნო ვადა კონსტიტუციითაა დადგენილი და მისი შეცვლა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, ნუთუ ვინმეს აზრად მოუვა იმის მტკიცება, რომ ამერიკელი ხალხის თავისუფლება უფრო ნაკლებ იქნება დაცული, ვიდრე იმ ქვეყნების მოსახლეობისა, სადაც არჩევნები წელიწადში ერთხელ და უფრო ხშირადაც იმართება, ამგვარი ვადის ცვლილება კი ხელისუფლების ჩვეულებრივ უფლებამოსილებაში შედის?
მეორე შეკითხვა იუწყება: ორწლიანი საარჩევნო ვადა არის კი აუცილებელი ან სასარგებლო? უამრავი გარემოება განაპირობებს იმას, რომ ამ კითხვაზე დადებითი პასუხი იქნეს გაცემული.
ვერც ერთი კანონმდებელი ვერ იქნება კომპეტენტური, თუ მას სიწრფელე და საღად მსჯელობის უნარი არ გააჩნია, მაგრამ ასევე აუცილებელია, რომ იგი ასე თუ ისე ერკვეოდეს იმ საკითხებში, რომელთა მიმართაც საკანონმდებლო მოღვაწეობას ახორციელებს.  ამგვარი ცოდნის ნაწილს ადამიანები იძენენ იმ წრეებში, რომელნიც მათ გარშემო კერძო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყალიბდება; ნაწილსაც თავიანთი პრაქტიკული გამოცდილებიდან ხაპავენ. ამრიგად, სამსახურის ვადა ყველა ასეთ შემთხვევაში გარკვეულწილად პრაქტიკული ცოდნის იმ მოცულობას უნდა შეესაბამებოდეს, რომელიც აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. როგორც ვნახეთ, ის ვადა, რომელიც შტატების უმრავლესობაში საკანონმდებლო ხელისუფლების ყველაზე მრავალრიცხოვან განშტოებაში სამსახურისთვისაა დადგენილი, ერთი წლით განისაზღვრება. ასე რომ, შეკითხვა შესაძლებელია, მარტივად ჩამოყალიბდეს: ნუთუ ორი წლის განმავლობაში ფედერალური კანონმდებელი ვერ დააგროვებს იმ მოცულობის ცოდნას, რომელიც ფედერალური კანონშემოქმედებისთვისაა აუცილებელი, თუკი ერთწლიანი პერიოდია საკმარისი შტატის დონეზე საკანონმდებლო საქმიანობისთვის შესაფერისი ცოდნის შესაძენად? შეკითხვა იმ სახითაა დასმული, რომ იგი პასუხსაც გულისხმობს.
ცალკე აღებულ ერთ რომელიმე შტატში კანონმდებელს მხოლოდ ერთგვაროვან კანონთა ცოდნა მოეთხოვება, რომელნიც შტატის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებენ და ასე თუ ისე მისი ყველა მოქალაქისთვის არიან ცნობილნი. ამგვარ კანონთა მიზანი შტატის საქმეთა მოწესრიგებაა, რაშიც მთელი მოსახლეობა კარგადაა ჩახედული, ვინაიდან ყოველივე ეს შედარებით მცირე ტერიტორიაზე თამაშდება. ამიტომაც ამ საგნებზე უბრალო ადამიანებიც ხშირად ბჭობენ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. სრულიად სხვა სურათი იშლება ჩვენ თვალწინ შეერთებული შტატების სახით. კანონები არათუ ერთგვაროვანნი არიან, არამედ შტატიდან შტატში არსებით ცვლილებებს განიცდიან. რაც შეეხება კავშირის საქმეებს, ისინი უზარმაზარ ტერიტორიაზე არიან განფენილნი და უდიდესი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან, რასაც ხელს უწყობენ ადგილობრივი გარემოებანი. ამ საქმეებს შეუძლებელია სადმე უკეთ იცნობდნენ, ვიდრე ცენტრალურ საბჭოებში, ვინაიდან სათანადო ცნობებს მათ შესაბამისი შტატის წარმომადგენლები აწვდიან. ეს უკანასკნელნი გარკვეულ ცოდნას უნდა ფლობდნენ საკავშირო საქმეებისა და იმ კანონთა შესახებაც, რომელნიც სრულიად იმპერიაში მოქმედებენ. ნუთუ რომელიმე კანონმდებელი შეძლებს ისე მოაწესრიგოს საგარეო ვაჭრობის საქმე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდეს, თუ როგორაა   აღებმიცემობის საქმე ამა თუ იმ ქვეყანაში, რომელი პორტების მეშვეობით  ხორციელდება იგი, რა ადათ – ჩვევებია გავრცელებული იქ და რა წესები მოქმედებენ? განა შესაძლებელია ვინმემ ისე მოაგვაროს შტატებს შორის საშინაო ვაჭრობა, რომ არ იცნობდეს ამა თუ იმ შტატსა თუ მათ გარეთ არსებულ მდგომარეობას? ნუთუ ვინმეს შესაძლებლად მიაჩნია ამა თუ იმ შტატში გონივრული და წარმატებული საგადასახადო პოლიტიკის წარმოება, ადგილობრივი კანონებისა და გარემოებების გათვალისწინების გარეშე? ნუთუ რომელიმე კანონმდებელს წარმოუდგენია, რომ ერთგვაროვან წესდებას, რომელიც აუცილებელია სახალხო ლაშქრისთვის იმ გარემოებათა და თავისებურებათა გააზრების გარეშე შექმნის, რომელნიც შტატებს ერთმანეთისგან განასხვავებენ? ყოველივე ეს ფედერალური კანონმდებლობის საგანია, რომლის საფუძვლიანი ცოდნა არათუ სასურველი, აუცილებელიც კია სახალხო წარმომადგენლისთვის. რაც შეეხება მეორეხარისხოვან საკითხებს, მათი ცოდნის ხარისხს მათივე მნიშვნელობა განსაზღვრავს.
უნდა ითქვას, რომ თანდათანობით ბევრი სიძნელის დაძლევა მოხერხდება. ყველაზე ძნელი ამოცანა კი ის არის, რომ მთავრობის წევრები თავიანთი თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებას შეუდგნენ, რისთვისაც, უწინარეს ყოვლისა,   ფედერალური კოდექსის შექმნაა აუცილებელი. მისი პირველი მონახაზი წლითი წლობით გაუმჯობესდება, ამიტომ მასში სულ უფრო ნაკლები შესწორების შეტანა გახდება საჭირო და ასეთი რამ უფრო და უფრო გაიოლდება.  ხელისუფლების ახალ წევრებს ცოდნის მზამზარეული და სანდო წყარო დახვდებათ იმ საქმეთა სახით, რანიც მათი უშუალო წინამორბედების მოღვაწეობის ნაყოფია. დროთა განმავლობაში მოსახლეობა გაუშინაურდება კავშირის საქმეებს  და მათ შესახებ ჩვეულებრივ სიტუაციებშიც იმუსაიფებენ. შტატებს შორის გაცხოველებული ურთიერთობა არამარტო  ადგილობრივ საქმეთა შესახებ ცოდნის ურთიერთგაზიარებას ხელს შეუწყობს, არამედ იმასაც, რომ ადამიანებმა ერთმანეთის ცხოვრების წესი და კანონები გაითავისონ. მიუხედავად ამგვარი შემამსუბუქებელი გარემოებებისა, ფედერალურ კანონმდებელს მაინც ბევრად უფრო ძნელი ამოცანა ექნება გადასაჭრელი, ვიდრე ცალკეული შტატის  კანონშემოქმედს, რაც მისი დარგის სიახლითაა გამოწვეული. ამიტომ სრულიად მართებული იქნება, თუკი ფედერალურ კანონმდებლებს ეპატარავებათ სამსახურის ვადა და მის გაგრძელებას მოითხოვენ.
არსებობს კიდევ ერთი დარგი, რომლის ცოდნაც მოეთხოვება ფედერალურ წარმომადგენელს და რომლის შესახებაც აქამდე არაფერი გვითქვამს. ლაპარაკია  საგარეო საქმეებზე. ფედერალური კანონმდებელი, რათა მან ვაჭრობის მოწესრიგება შეძლოს, მარტო შეერთებულ შტატებსა და სხვა სახელმწიფოებს შორის დადებულ  ხელშეკრულებებში როდი უნდა ერკვეოდეს, არამედ მას წარმოდგენა უნდა ჰქონდეს საზღვარგარეთის ქვეყნების სააღებმიმცემო პოლიტიკასა და შესაბამის კანონმდებლობაზე. ასევე აუცილებელია ისიც, რომ იგი ასე თუ ისე ჩახედული იყოს საერთაშორისო სამართლის საკითხებში, რაც აქამდე მუნიციპალური კანონმდებლობის საქმე იყო, ამიერიდან კი ფედერალურ კანონმდებელთა კომპეტენციაში გადავა. მართალია, წარმომადგენელთა პალატა უშუალოდ არ მონაწილეობს საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და მოწესრიგებაში, მაგრამ საქმე ის არის, რომ ის მიმართებანი, რომელნიც საზოგადოებრივ საქმეთა სხვადასხვა განშტოებაში არსებობენ, მას იძულებულს გახდიან, ყურადღება ამ განსაკუთრებული სახის ურთიერთობებსაც დაუთმოს. ზოგჯერ აუცილებელი იქნება ის, რომ მან ამ თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო სანქცია შემოიღოს და ხელისუფლების სხვა შტოებთან ითანამშრომლოს. ამგვარი ცოდნის გარკვეულ ნაწილს ფედერალური წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, კაბინეტიდან გაუსვლელადაც შეიძენს. მაგრამ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მან ინფორმაციის საზოგადოებრივი წყაროებიდან უნდა ამოხაპოს. ცოდნის შეძენის ყველაზე საუკეთესო საშუალება კი ისაა, რომ მან  უშუალოდ მუშაობის პროცესში, პრაქტიკულად ჩაიხედოს სხვადასხვა საკითხში მთელი იმ ხნის მანძილზე, ვიდრე იგი საკანონმდებლო სარბიელზე მოღვაწეობს.
არსებობს კიდევ რამდენიმე, მართალია უფრო ნაკლებმნიშვნელოვანი მოსაზრება, მაგრამ, ვფიქრობ,  მათი განხილვა ინტერესმოკლებული მაინც არ იქნება. მოგეხსენებათ, ზოგ ფედერალურ წარმომადგენელს, დიდი მანძილის გადალახვა მოუწევს, რათა მან თავისი სამსახურებრივი მოვალეობა აღასრულოს. ამგვარი მოგზაურობა კი გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რამაც შესაძლოა, იმ წარმომადგენელთა მხრიდან, რომელნიც საკანონმდებლო საქმიანობის ნიჭით არიან დაჯილდოებულნი, გარკვეული საყვედური გამოიწვიოს სამსახურის ერთწლიანი ვადის თაობაზე და მისი ორ წლამდე გაზრდა მოითხოვონ. არ არის ცნობილი ის, თუ რას ფიქრობენ მოქმედი კონგრესის წევრები ამ საკითხთან დაკავშირებით. ისინი, მართალია, ერთი წლით არიან არჩეულნი, მაგრამ თავისთავად იგულისხმება, რომ შესაძლებელია, მათთვის ვადის გაგრძელება,  რაკი ამგვარი რამ კი ისევ საკანონმდებლო კრების პრეროგატივაა. ხალხის მიერ თავის წარომამადგენელთა არჩევა კი იმავე პრინციპს არ დაემყარება. 
ისე, როგორც ყველა საკანონმდებლო ორგანოში, ჩვენი ფედერალური კრების შემადგენლობაშიც იქნებიან გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული წევრები. ამ ადამიანებს კვლავაც და კვლავაც აირჩევენ და ისინი ფედერალური კრების თითქმის მუდმივ წევრებად მოგვევლინებიან. მათგან საზოგადოებრივ საქმეთა ოსტატები ჩამოყალიბდებიან, რომელნიც ბუნებრივია, უარს არც აქედან გამომდინარე სარგებელზე იტყვიან. რაც უფრო მეტი ახალი წევრი შევა საკანონმდებლო ორგანოში, მით უფრო გაიზრდება საქმეში გაუთვითცნობიერებელ წარმომადგენელთა რიცხვი, შესაბამისად გაიზრდება ალბათობა იმისა, რომ ისინი საგანგებოდ მათთვის დაგებულ მახეში გაებან. ეს შენიშვნა არანაკლებ ეხება წარმომადგენელთა პალატასა და სენატს შორის მიმართებასაც.
იმ უპირატესობას, რომელიც ჩვენთვის ხშირ არჩევნებს მოაქვს, ერთი უხერხულობაც თან ახლავს. საქმე ეხება იმას, რომ ვერ ესწრება გაყალბებული არჩევნების შემოწმება,  მისი გაბათილება და ქმედითი გადაწყვეტილების მიღება. ნათქვამი ეხება ნებისმიერ  შტატსაც, სადაც ყოვლისმომცველი არჩევნები ტარდება, მაგრამ წარმომადგენლობითი პალატის სესიას წელიწადში მხოლოდ ერთხელ იწვევენ. ამ ორგანოში არჩევა ადამიანს, რა თქმა უნდა, სარგებელს უქადის, ამიტომ ბევრი შეეცდება მასში თაღლითური გზით სავარძლის მოპოვებას. დრო კი საკამარისია იმისთვის, რომ ცრუ წევრმა თავისი უკანონო მიზნების შესრულება მოასწროს. ამიტომ უკანონო გზით ამგვარი სარგებლის მოპოვებას ნოყიერი ნიადაგი შეექმნება. ფედერალური საკანონმდებლო კრებისთვის ერთწლიანი საარჩევნო ვადა რომ შემოგვეღო, ამგვარ ბოროტებას, რა თქმა უნდა, უფრო ფართო გასაქანი მიეცემოდა, განსაკუთრებით შორეულ შტატებში. თითოეული პალატა არის და უნდა იყოს კიდეც მსაჯული იმისა, სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები, აქვს თუ არა სათანადო კვალიფიკაცია არჩეულ წარმომადგენლებს და რა შემოსავალს ფლობენ ისინი. მათსავე კომპეტენციაში შედის ის, რომ პროცედურის გამარტივების მიზნით მასში გამოცდილებით ნაკარნახევი შესწორებები შეიტანოს, რაც დააჩქარებდა სადავო საკითხების განხილვის პროცესს. ერთწლიანი საარჩევნო ვადის შემთხვევაში კაი ნახევარი წელი უკანონოდ არჩეული ცრუდეპუტატის სავარძლიდან ჩამობრძანების პროცესს მოუნდებოდა. ასე რომ, ხშირი არჩევნები არ არის ის დაბრკოლება, რითაც ერთხელ და სამუდამოდ გზას გადავუკეტავდით მათ, ვისაც  უსამართლო და თაღლითური გზით პარლამენტარის სავარძლის მოპოვება ეოცნებება.
ყველა ეს მოსაზრება შეასაძლებლობას გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ ორწლიანი საარჩევნო ვადა საზოგადოებრივ საქმეებსაც წაადგება და ხალხის თავისუფლებასაც ხიფათს არ შეუქმნის.
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group