ფედერალისტი # 64: ჯეი

1788წ. 5 მარტი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

არსებობს ერთი ძველი და სამართლიანი დაკვირვება, რომლის მიხედვითაც კონკრეტული ადამიანების მტრები და კონკრეტულ ზომათა ოპონენტები იშვიათად იფარგლებიან ხოლმე მარტო იმის გაკიცხვით, რაც მართლაცდა დაგმობის ღირსია. სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას კონვენტის მიერ შემოთავაზებული გეგმის მოწინააღმდეგეთა საქციელი. ისინი ხომ მთელ კონსტიტუციას სდებენ მსჯავრს და იერიში სწორედაც რომ მის ყველაზე უმწიკვლო მუხლებზე მიაქვთ!
მეორე კარი პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას:” სენატის რჩევითა და თანხმობით დადოს ხელშეკრულებანი იმ პირობით , რომ მათ მხარს დაუჭერს დამსწრე სენატორთა ორი მესამედი .”
ხელშეკრულებათა დადების უფლებამოსილება ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრეროგატივაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ხელშეკრულებანი, რომელნიც ომს, ზავსა და ვაჭრობას ეხებიან. ამიტომ უპრიანია, რომ ამგვარ უფლებამოსილებათა მინიჭებისას დიდ სიფრთხილეს ვიჩენდეთ და სრულად ვიყოთ დარწმუნებულნი იმაში, რომ უსაფრთხოების ყველა ზომაა დაცული. მათ ამ მიზნისთვის ყველაზე სათანადოდ მომზადებული ადამიანები უნდა ახორციელებდნენ, რომელთაც სხვა არაფერი ამოძრავებთ თუ არა საზოგადოებრივი კეთილდღეობის ინტერესები. კონსტიტუციურმა კონვენტმა, როგორც ჩანს, სათანადო ყურადღება მიაპყრო ორივე პუნქტს. ამგვარი უფლებამოსილებანი მან პრეზიდენტს დააკისრა, რომელსაც ამომრჩეველთა კოლეგიები ირჩევენ. ამ უკანასკნელთ კი ხალხი საგანგებოდ ირჩევს იმ მიზნით, რომ მათ, თავიანთი მხრივ, პრეზიდენტი აირჩიონ. ამასთანავე, მისი დადგენილებით სენატორები ცალკეული შტატის საკანონმდებლო კრებამ უნდა აირჩიოს. ამ საარჩევნო ხერხს დიდი უპირატესობა აქვს, რაკი არჩევანებში, არსებითად, მთელი ხალხი როგორც კრებითი პირი მონაწილეობს. ამგვარი რამ გზას უღობავს პარტიული აქტივისტების გულმოდგინებას, რათა მათ ბოროტად არ ისარგებლონ მოჩერჩეტო და საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისთვის დამახასიათებელი სიზარმაცით, უვიცობით, იმედითა თუ შიშით. ამგვარი რამ მათ ხომ საშუალებას აძლევს, რათა ამომრჩეველთა შედარებით მცირე რაოდენობას დაეყრდნონ და თანამდებობებით უზრუნველყონ მათთვის სასურველი პირები!
როგორც ამომრჩეველთა კოლეგიები, რომლებიც პრეზიდენტის არჩევის მიზნით იქმნება, ისე ცალკეული შტატის საკანონმდებლო კრება, საზოგადოდ, განათლებული და პატივცემული ადამიანებისგან იქნება შედგენილი. ამიტომ მართებულია ვივარაუდოთ, რომ მათი ყურადღება და საარჩევნო ხმები გამორჩეული ნიჭის მქონე, ქველი ადამიანების არჩევას მოხმარდება, რაკი ხალხი მათ უპირობოდ ენდობა. კონსტიტუცია განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ამ საკითხზე. ამგვარი ყურადღება იმაში გამოიხატება, რომ იგი კრძალავს პრეზიდენტად არჩეული იქნეს ოცდათხუთმეტ წელზე ნაკლები ასაკის მოქალაქე, ხოლო სენატორად არჩევის ასაკობრივი ზღვარი ოცდაათი წელია. ასე რომ, ამომრჩევლის საარჩევნო თვალსაწიერი მხოლოდ ისეთი ადამიანებით შემოიფარგლება, რომელთა შესახებაც მათ უკვე აქვთ ჩამოყალიბებული აზრი. ამიტომ შეუძლებელია, რომ მას ვინმემ გენიოსად და თავდადებულ პატრიოტად მოაჩვენოს თავი, პრეზიდენტისა თუ სენატორის პოსტზე წამოსასკუპებლად. ხომ არსებობენ ადამიანები, მეტეორივით რომ გაიელვებენ და თვალს გვჭრიან თავიანთი მოჩვენებითი თუ წუთიერი  სიკაშკაშით! თუკი სწორია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბრძენი მეფეები ყოველთვის ვარგებულ კაცებს ნიშნავენ მინისტრებადო, მაშინ მართებული იქნებოდა გვეთქვა, რომ ამომრჩეველთა კოლეგიების განკარგულებაში ბევრად უფრო მეტი და ზუსტი ცნობები იქნება ადამიანებისა და მათი ხასიათების შესახებ. ამიტომ ისინიც არანაკლებ კეთილგონიერებასა და შორსმჭვრეტელობას გამოიჩენენ  თანამდებობებზე მათი დანიშვნის საქმეში. ამგვარი მოსაზრებებიდან ერთი უტყუარი დასკვნა გამომდინარეობს: ამ წესით არჩეული პრეზიდენტი და სენატორები ის ადამიანები იქნებიან, რომლებსაც ყველაზე კარგად ესმით საერთო – ეროვნული ინტერესები. ისინი ყველაზე უკეთ დაიცავენ მათ როგორც ცალკეულ შტატებთან მიმართებაში, ისე უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობაში. პატიოსანი ადამიანების რეპუტაცია კი მათ მიმართ ნდობით განაწყობს საზოგადოებას. როცა ხელშეკრულებათა დადების საქმე ასეთი ადამიანების ხელშია, საზოგადოებას შეუძლია მშვიდად იყოს. 
საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებულია ის, რომ  ყველა საქმეში  სისტემურობაა აუცილებელი. უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მას  საერთო – ეროვნულ საქმეებშიც, თუმცა ამ მოსაზრებამ საკმარისად ვერ მოიკიდა ფეხი საზოგადოებრივ ცნობიერებაში. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოწადინებულნი არიან, რომ ხელშეკრულებათა დადების საქმე ისეთ საკანონმდებლო კრებას მიანდონ, რომლის წევრებიც გამუდმებით იცვლებიან. მათ, ეტყობა, ავიწყდებათ ის, რომ ასეთი სახელისუფლებო ორგანო არ გამოდგება დიადი მიზნების მისაღწევად. ამგვარი მიზნები მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა ადამიანები გამუდმებით ფიქრობენ მისი მიღწევის გზებსა და გარემოებებზე. ამასთანავე, ამ საქმისთვის ისეთი ზომებია საჭირო, რომელთა მისაღებად მარტო ნიჭი არ კმარა. აუცილებელია, რომ საკანონმდებლო კრების წევრებს თავიანთ განკარგულებაში ამომწურავი ინფორმაცია  ჰქონდეთ. ხანდახან აუარება დროცაა საჭირო იმისთვის, რათა მათ სათანადოდ შეძლონ დაკისრებული მოვალეობის შესრულება. ამიტომ საკონსტიტუციო კონვენტმა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო, როცა ყველა პირობა შექმნა იმისთვის, რომ  ხელშეკრულებათა დადების საქმე ნიჭიერ და პატიოსან ადამიანებს დაეკისროთ. ეს ხალხი საკმაოდ ხანგრძლივი ვადით იკავებს თანამდებობებს და საკმარისი დრო აქვს საიმისოდ, რათა სრულყოფილად გაეცნოს საერთო – ეროვნულ საქმეებს და მათი მოგვარების სიტემა შეიმუშაოს. ამ პირთათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი ვადა შესაძლებლობას მისცემს მათ, რათა აიმაღლონ პოლიტიკური ცოდნის დონე და დაგროვილი გამოცდილება ქვეყნის კეთილდღეობას მოახმარონ. კონვენტმა არ მიიჩნია მიზანშეწონილად ის, რომ სენატორთა არჩევნები ხშირად ტარდებოდეს. ამით მას სურს თავიდან აიცილოს ის უხერხულობანი და სიძნელენი, რანიც თან ახლავს იმ ვითარებას, როცა უზარმაზარი პასუხისმგებლობა ახალბედა და სრულიად გამოუცდელ ადამიანებს ეკისრებათ. კონვენტის გადაწყვეტილებით, სენატორთა უმრავლესობა თანანმდებობებზე რჩება, რაც ერთგვაროვნებისა და წესრიგის საწინდარია. ყოველივე ეს კი სახელმწიფოებრივ საქმეთა გადაცემის თვალსაზრისით  გარკვეულ მემკვიდრეობითობას უზრუნველყოფს.
ძნელად თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც არ დაეთანხმება იმას, რომ ვაჭრობისა და ნაოსნობის მოსაწესრიგებლად აუცილებელია რუდუნებით მოფიქრებული სისტემა, რომლის მოთხოვნებსაც არასოდეს გადავუხვევდით. ჩვენი ხელშეკრულებანი და ჩვენი კანონმდებლობა ამ სისტემას უნდა შეესაბამებოდეს და მის განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს. ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ შენარჩუნებული იყოს სისტემასთან კანონმდებლობის ამგვარი შესატყვისობა თუ შესაბამისობა. ყველას შეუძლია დარწმუნდეს ამ პოზიციის სისწორეში. საკმარისია, გადავხედოთ კონვენტის მიერ შემოთავაზებულ გეგმას, რათა დავინახოთ, რომ სენატის თანხმობა აუცილებელია როგორც ხელშეკრულებათა დადების დროს, ისე საკანონმდებლო საქმეში.
ზოგჯერ აუცილებელია, რომ ხელშეკრულებათა დადება სრულიად საიდუმლოდ და ოპერატიულად მოხდეს. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა ესა თუ ის პირი საჭირო ინფორმაციას ფლობს, რომელსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გათქვამს, თუ მის პიროვნებას მხილების საფრთხე არ დაემუქრება. სულერთია, ამ პირებს სიხარბე ამოძრავებთ, თუ მეგობრული გრძნობა, მხილების შიშით მათ, შესაძლოა,  თავი შეიკავონ ინფორმაციის მიწოდებისგან.  მაგრამ მათ შორის ბევრი იქნება ისეთი, ვინც პრეზიდენტს ენდობა და მას გაუმხელს საიდუმლოს. რაც შეეხება სენატს, უამრავ ადამიანს არ ექნება სურვილი, რაიმენაირი საიდუმლო გაანდოს ეგზომ მრავალრიცხოვან სახელისუფლებო ორგანოს. ამიტომ კონვენტი კეთილგონივრულად მოიქცა, როცა დაადგინა ის, რომ  ხელშეკრულებათა დადების დროს აუცილებელია პრეზიდენტმა სენატის რჩევა გაითვალისწინოს და მისი თანხმობით იღვაწოს, მაგრამ ამავე დროს, მას უფლება აქვს _ აუცილებლობის შემთხვევაში – კეთილგონიერების კარნახით იმოქმედოს და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს.
ვინც კარგად არის ჩახედული ადამიანურ საქმეებში, შეამჩნევდა, რომ ისინი ძალზე წააგვანან ზღვის მოქცევას. მისი ხანგრძლივობა, სიმძლავრე და მიმართულება არაერთგვაროვნებით ხასიათდება. მისი ნაკადები არასოდეს მეორდებიან ერთი და იმავე სიმძლავრითა და მოცულობით. დიდ სიბრძნეს მოითხოვს იმის გამოცნობა, თუ როდის დგება მოქცევის ჟამი საერთო – ეროვნულ საქმეებში, რის გარეშეც შეუძლებელი შეიქნებოდა მათი მართვა. ის ხალხი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვთ ამ საქმეში იუწყება, რომ ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა  არათუ დღეებს, არამედ საათებსაც კი აქვთო. წაგებულ ბრძოლას, მეფის სიკვდილს, მინისტრის გადადგომას თუ სხვა გარემოებებს შეუძლიათ საქმის ვითარება შეცვალონ და იგი ისე შემოატრიალონ, რომ სარგებლის ნაცვლად ზიანი მოგვიტანოს. ბრძოლის ველზეც და მინისტრის კაბინეტშიც დგება ისეთი წამები, რომელთა ხელიდან გაშვება არაფრით შეიძლება. ამიტომ როგორც ერთგან, ისე მეორესგან, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ ამგვარი გადამწყვეტი წამები გამოიყენონ. აქამდე ხშირად ვიწვნევდით ხოლმე მძიმე მარცხს იმის გამო, რომ არც კონფიდენციალობა იყო უზრუნველყოფილი და არც ოპერატიულობა. კონსტიტუციას მიუტევებელ ნაკლად შეერაცხებოდა, თუკი იგი სათანადო ყურადღებას არ დაუთმობდა ამ საკითხებს. ყველა ხელშეკრულებაში ყველაზე კონფიდენციალური და ყველაზე ოპრატიულად გადასაწყვეტი ის საკითხებია, რომელნიც აუცილებელნი არიან მოსამზადებელ ზომათა მიღების თვალსაზრისით. ამგვარი ზომები კი ხელს უწყობენ და აადვილებენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიზანთა მიღწევას, რომელთაც საერთო – ეროვნული მნიშვნელობა აქვთ. პრეზიდენტს არ გაუჭირდება ამგვარ პირობათა დაკმაყოფილება და თუკი რაღაც გარემოებებში საჭირო შეიქნა სენატის რჩევა და თანხმობა, მას ნებისმიერ დროს შეეძლება მისი მოწვევა. ამრიგად, ხელშეკრულებათა დადების თვალსაზრისით ყველა კონსტიტუციური პირობაა შექმნილი, რათა ქვეყანას იმ ხალხის ნიჭი, ცოდნა, პატიოსნება და კეთილგონივრული მსჯელობის უნარი წაადგეს, რომელიც ამ პროცესშია ჩართული. მეორე მხრივ კი, კონფიდენციალობისა და ოპერატიულობის ყველა კონსტიტუციური პირობაა დაცული.
მაგრამ ამ გეგმამ, ისე როგორც ყველა სხვა პროექტმა, რომელიც კი ოდესმე კაცობრიობას მოვლინებია,  უამრავი შესიტყვება გამოიწვია. 
ზოგიერთს იგი არ მოსწონს, მაგრამ არა იმის გამო, რომ შეცდომას ან ნაკლს შეიცავს. ამგვარი არმოწონების მიზეზი ის არის, რომ დადებულ ხელშეკრულებას  კანონის ძალა ექნება და ამიტომ მას ის ადამიანები უნდა ამზადებდნენ, ვინც საკანონმდებლო უფლებამოსილებით არიან აღჭურვილნიო. ამ ჯენლტმენებს, ეტყობა, ავიწყდებათ, რომ კონსტიტუციის მიხედვით სასამართლოს გადაწყვეტილება და პრეზიდენტის განკარგულება ისეთივე სავალდებულო ხასიათისანი არიან, როგორც ყველა ის კანონი, რომლებსაც საკანონმდებლო ორგანო ღებულობს. სასამართლოსა თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულ ყველა კონსტიტუციურ აქტს იგივე იურიდიული ძალა აქვს, რაც საკანონმდებლო კრების მიერ გამოშვებულ კანონებს. ამიტომ რაც უნდა ერქვას იმ სახელისუფლებო სტრუქტურას, რომელიც ხელშეკრულებებს დებს, როგორი სავალდებულო ხასიათიც უნდა ჰქონდეთ მათ, ერთი რამ ცხადია: ხალხს შეუძლია ხელშეკრულებათა დადების უფლებამოსილებით ან საკანონმდებლო, ან სასამართლო, ანდა აღმასრულებელი უწყება აღჭურვოს. მაგრამ როცა იგი საკანონმდებლო ხელისუფლებას ანიჭებს კანონშემოქმედების უფლებამოსილებას, აქედან არ გამომდინარეობს, რომ მან სუვერენობასთან დაკავშირებული ყველა საკანონმდებლო აქტის გამოცემაც იმავე ორგანოს უნდა მიანდოს. საქმე კი ყველა იმ აქტს ეხება, რომელნიც მოქალაქეებს ეხებათ და რომელთა შესრულება  მათთვის სავალდებულოა.
არიან ადამიანები, რომლებიც არ აპროტესტებენ ხელშეკრულებათა შემუშავებისა და დადების შემოთავაზებულ პროცედურას, მაგრამ მათთვის მიუღებელია ხელშეკრულების მიჩნევა ქვეყნის უზენაეს კანონად. ისინი დაჟინებით მოითხოვენ, რომ ხელშეკრულებათა გაუქმება შესაძლებელი იყოს სურვილისამებრ, ისე, როგორც საკანონმდებლო კრების მიერ მიღებული დადგენილებების მიღების შემთხვევაში ხდება. ამერიკისთვის ამგვარი შეხედულება ახალია და უცნაური. მაგრამ საქმე ისაა, რომ ახალი და უცნაური შეცდომა ხშირად მიუღიათ ხოლმე ახალ ჭეშმარიტებად. ამ ჯენტლმენებს უნდა შევახსენო, რომ ხელშეკრულება იგივეა, რაც გარიგება! არც ერთი ქვეყანა არ დათანხმდება ჩვენთან ისეთ გარიგებას, რომელიც მხოლოდ მისთვის იქნება აბსოლუტურად სავალდებულო, ხოლო ჩვენთან მიმართებაში მისი მავალდებულებელი ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ხელსაყრელია იგი ჩვენთვის. რა თქმა უნდა, მათ, ვინც კანონებს უშვებს, მათში შესწორებათა შეტანისა და მათი გაუქმების უფლებაც უნდა ჰქონდეთ. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ხელშეკრულება ორ მხარეს შორის იდება, ამიტომ მის გასაფორმებლად აუცილებელია ორივე მათგანის თანხმობა. ასე რომ, იგივე რამაა საჭირო იმ შემთხვევაშიც, როცა მასში შესწორების შეტანასა თუ მის გაუქმებას ვაპირებთ. ამიტომ შემოთავაზებული კონსტიტუცია არ აფართოებს ხელშეკრულებათა მოქმედების არეალს. ისინი სავალდებულონი არიან ახლა, როცა მათზე არ ვრცელდება ამჟამად მოქმედი საკანონმდებლო აქტები, სავალდებულონი იქნებიან მომავალშიც ნებისმიერი ხელისუფლების დროს.
რაგინდ სასარგებლო უნდა იყოს მოქიშპეობის სული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მის ზედმეტ დოზას ვნება მოაქვს. ზუსტად ისეა, როგორც სიყვითლის შემთხვევაში, როცა ადამიანის ორგანიზმი მოჭარბებულ ნაღველს გამოყოფს. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ადამიანი დამახინჯებულად აღიქვამს გარესინამდვილეს და მის სულს ადვილად ეუფლება ავადმყოფური შთაბეჭდილებები. შესაძლოა, სწორედ ამგვარი მოქიშპეობა იყოს მიზეზი იმისა, რის გამოც ზოგიერთი შიშს შეუპყრია: პრეზიდენტმა და სენატმა ხელშეკრულებათა დადებისას, ვაითუ, ყველა შტატის ინტერესი თანაბრად არ გაითვალისწინონო. მეორენი სხვა ეჭვით არიან სავსენი: სენატორთა ორი მესამედი დანარჩენ მესამედს შეავიწროვებსო. ისინი შემდეგ შეკითხვებზე პასუხის მიღებას ესწრაფვიან: პასუხს აგებენ კი ეს ჯენლტმენები თავიანთ საქციელზე? უპასუხისმგებლობის შემთხვევაში დაისჯებიან კი ისინი? და თუკი ისინი ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო ხელშეკრულებებს დადებენ, როგორღა შევძლებთ მათ თავიდან აცილებას?
საქმე ის არის, რომ ყველა შტატი თანაბრად არის წარმოდგენილი სენატში. მათ ამ ორგანოში წარმომადგენლებად ჰყავთ ყველაზე უნარიანი ხალხი, რომელსაც მხოლოდ თავისი ამომრჩევლის ინტერესთა დაცვის სურვილი ამოძრავებს. თითოეულ წარმომადგენელს თანაბარი ზეგავლენა ექნება ამ ორგანოში. მხოლოდ ისაა საჭირო, რომ მათ სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინონ სათანადო კადრის შერჩევის საქმეში და გამუდმებით ეჭიროთ თვალი იმაზე, თუ რამდენად პირნათლად ასრულებენ ისინი დაკისრებულ მოვალეობას. იმისდა მიხედვით, რომ შეერთებული შტატები საერთო – ეროვნულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება და ეროვნული სულისკვეთებით გაიჟღინთება, მთელი კავშირის კეთილდღეობის ინტერესი სულ უფრო დაიპყრობს მათ გულსა და გონებას.  მხოლოდ სუსტი ხელისუფლება ივიწყებს იმას, რომ მთელის კეთილდღეობა მისი შემადგენელი ნაწილების კეთილდღეობაზეა დამოკიდებული. უნდა გვახსოვდეს, რომ პრეზიდნტისა თუ სენატის წევრთა მიერ დადებული ყველა ხელშეკრულების შედეგები ისევე აისახება მათზე, მათ ოჯახებსა და საკუთრებაზე, როგორც მთელ საზოგადოებაზე. და თუ მათ არ ექნებათ საზოგადოებისგან განსხვავებული ინტერესი, მაშინ ისინი არასოდეს ცდუნდებიან.
რაც შეეხება გამყიდველობას, ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ პრეზიდენტი და სენატორთა ორი მესამედი ოდესმე ესოდენ უღირს საქციელს ჩაიდენს, სამყაროზე გულაცრუებული და ეჭვებით გულგასენილი უნდა იყოს. ერთობ უხამსი და შეურაცხმყოფელი აზრია. მაგრამ დავუშვათ და მოხდა ასეთი რამ, მაშინ ამგვარი ხელშეკრულება, ისე, როგორც ნებისმიერი თაღლითური გარიგება, გაუქმდება საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად.
ძნელია იმის წარმოდგენა, თუ სხვა რა გზით შეიძლება ამაღლდეს უმაღლეს თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა. ყოველივე ის, რასაც ადამიანის შეგნებაზე ზეგავლენის მოხდენა ძალუძს, ღირსება იქნება ეს თუ ფიცი, რეპუტაცია თუ სინდისი, სამშობლოს სიყვარული და ოჯახური თუ ნათესაური ურთიერთობები, მათი ერთგულების საწინდარია. ერთი სიტყვით, რაკი კონსტიტუცია შესაშურ  მზრუნველობას იჩენს, რათა უმაღლეს ხელისუფლებაში  ნიჭიერი და პატიოსანი ხალხი მოიზიდოს, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ იმაში, რომ მათ მიერ დადებული ხელშეკრულებანი ყველაზე ხელსაყრელნი იქნებიან არსებულ ვითარებაში. ბუნებრივია, დაისმის კითხვა იმის შესახებ, თუ რა არის მათი პატიოსნების საწინდარი და შესაძლოა თუ არა ასეთ რამედ მათი დასჯა და შერცხვენა მივიჩნიოთ. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ კარგი ქცევის მოტივები ვრცლად არის მოცემული იმ მუხლში, რომელიც თანამდებობიდან გადაყენების პროცედურას განსაზღვრავს.
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group