ფედერალისტი # 35 : ჰამილტონი
1788წ. 5 იანვარი
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
ვიდრე საგადასახადო სფეროში კავშირის შეუზღუდავ უფლებამოსილებათა შესახებ სხვა შესიტყვებათა განხილვაზე გადავიდოდე, მინდა ერთი ზოგადი შენიშვნა გავაკეთო. სახელდობრ, თუ ეროვნული მთავრობის საშემოსავლო იურისდიქციას გარკვეული ობიქტებით განვსაზღვრავდით, მაშინ მათ მეტისმეტი საზოგადოებრივი ტვირთი დააწვებოდა. აქედან კი ორი ბოროტება დაიბადებოდა: წარმოების გარკვეული დარგების შევიწროება და გადასახადების არათანაბარი გადანაწილება, როგორც სხვადასხვა შტატებს ისე ამავე შტატების მოქალაქეებს შორის.
დავუშვათ, ფედერალური მთავრობის საგადასახადო უფლებამოსილება იმპორტის დაბეგვრით განისაზღვრა, ცხადია, რომ მთავრობას რომელსაც ხელი სხვა რესურსებზე არ მიუწვდება, ხშირად წასძლევს სული უსაშველოდ გაზარდოს იგი. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ: ასე დიდხანს ვერ გასტანსო, ვინაიდან რაც უფრო მაღალია გადასახადი, მით უფრო უცრუვდება გული მომხმარებელს, მით უფრო ირღვევა ვაჭრობის ხელსაყრელი ბალანსი და მით უფრო ეკარგება სტიმული სამამულო წარმოების განვითარებას. მაგრამ ყველა უკიდურესობა დამღუპველია. იმპორტზე გადასახადების უსაშველოდ გაზრდა კონტრაბანდისკენ საყოველთაო მისწრაფებას დაბადებს, რომელიც დაღუპავს პატიოსანი ვაჭრობის საქმეს და საბოლოოდ შემოსავალსაც გააჩანაგებს. სხვა კლასებს იგი უმართებულოდ აქცევს მწარმოებელთა კლასის მოხარკეებად და ნაადრევად უზრუნველყოფს ბაზარზე მის მონოპოლიას. ზოგჯერ იგი წარმოებას ძველი არხების დატოვებასა და ახალში გადადინებას აიძულებს, სადაც სარგებელი ცოტაა. დაბოლოს, იგი ავიწროებს ვაჭარს, რომელიც ხშირად იძულებულია გადასახადი თავისი ჯიბიდან დაფაროს, მომხმარებლისგან კი სანაცვლოდ ვერაფერი მიიღოს. როცა ბაზარზე საქონლის რაოდენობა და მასზე მოთხოვნა ერთმანეთს უტოლდება, გადასახადს მომხმარებელი იხდის ხოლმე. მაგრამ როცა ბაზარზე ზღვა საქონელია, გადასახადის დიდი წილი ვაჭარზე მოდის; რაც ზოგჯერ არათუ სარგებელს აცლის მას, არამედ მის კაპიტალსაც დარტყმას აყენებს. მე ვფიქრობ, რომ გადასახადს უფრო ხშირად იყოფენ ხოლმე ერთმანეთს შორის გამყიდველი და მყიდველი, ვიდრე ჩვეულებრივ მიაჩნიათ ხოლმე. აკი ყოველთვის არ არის შესაძლებელი, რომ საქონელზე ფასი ზუსტად იმდენით და იმდენჯერ ასწიო, რამდენითაც და რამდენჯერაც მასზე დაწესებული გადასახადი გაიზრდება. ვაჭარი, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნისა, რომელიც მწირ კომერციულ კაპიტალს ფლობს, ხშირად ხდება იძულებული, საქონელზე ფასები დაწიოს და ამით მისი გასაღება დააჩქროს.
რაკი მაქსიმა “მომხმარებელია გადამხდელი” – ხშირად უფრო ჭეშმარიტია, ვიდრე მისი შებრუნებული ვარიანტი, უფრო მართებული იქნებოდა იმპორტიდან ამოღებული მოსაკრებელი საერთო ფონდში წასულიყო, ვიდრე იმპორტიორი შტატების ექსკლუზიურ სარგებელს წამატებოდა. მაგრამ ეს მაქსიმა არც ისე საყოველთაო ჭეშმარიტებაა, რომ მისი მიხედვით ამოღებული მოსაკრებლის ერთ საერთო ფონდში თავმოყრა ყოფილიყო მართებული. როცა მოსაკრებელს ვაჭარი იხდის, იგი იმპორტიორი შტატისთვის დაკისრებულ დამატებით გადასახადად გვევლინება, რომლის მოქალაქენიც, რომლებიც იმავდროულად მომხმარებლებიც არიან, აქიდან თავიანთ წილს იხდიან. ამ თვალსაზრისით, გაზრდილი გადასახადი შტატებს შორის წარმოშობს უთანასწორობას, რომელიც უფრო გაღრმავდება მისი ზრდისდაკვალად. ეროვნული შემოსავლების შემოფარგვლა მარტო მოსაკრებლებით მწარმოებელ და არამწარმოებელ შტატებს შორისაც უთანასწორობას გააჩენდა. შტატები, რომლებიც თავიანთი მეწარმეების წყალობით ბრწყინვალედ გაართმევენ თავს თავიანთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საქმეს მათი რიცხოვნებიდან თუ სიმდიდრის გათვალისწინებით, აღარ მოიხმარენ იმ ოდენობის იმპორტირებულ საქონელს როგორც ის შტატები, რომლებიც ნაკლებად ხელასყრელ სიტუაციაში იმყოფებიან. აქედან გამომდინარე, მათი შენატანები სახელმწიფო ხაზინაში არ შეესაბამება მათ შესაძლებლობებს. იმისათვის, რომ ამის გაკეთება ვაიძულოთ, აუცილებელია, აქციზის გამოყნება, რომლის შესაფერის ობიექტიც გარკვეული სახეობის ნაწარმია. ამგვარი მოსაზრებანი უფრო მეტად შეეხებიან ნიუ-იორკს, ვიდრე მის იმ მოქალაქეებს ჰგონიათ, რომლებიც ამტკიცებენ: საკავშირო მთავრობის საგადასახადო უფლებამოსილება გარეგანი დაბეგვრით უნდა შემოიფარგლოსო, მაგრამ ნიუ-იორკი იმპორტიორი შტატია და არა მგონია მალე გახდეს მწარმოებელი. ამიტომ იგი ორკეცად დაზარალდება, თუკი კავშირის იურისდიქცია მარტო ვაჭრობის დაბეგვრით განისაზღვრა.
რაკი ეს მოსაზრებები იმ საფრთხის თაობაზე გვაფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია იმპორტზე მოსაკრებელი მეტისმეტად გაიზარდოს და ამან დამღუპველი უკიდურესობის სახე მიიღოსო, უნდა შევნიშნო შემდეგი: თანახმად სხვა წერილში გაკეთებული მითითებისა შემოსავლის მიღების ინტერესი საკმაო თავდაცვითი საშუალება იქნება ამგვარი უკიდურესობის წინააღმდეგ. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ამას მაშინ მოჰყვება წარმატება, თუ სხვა რესურსები იქნება ხელმისაწვდომი: მაგრამ თუ მათკენ მიმავალი გზები ჩახერგილია, მაშინ აუცილებლობით წაქეზებული
იმედი
ისეთ ექსპერიმენტებს წარმოშობს, რომლებსაც ზურგს უმკაცრესი გამაფრთხილებელი ზომები და დამატებითი ჯარიმები გაუმაგრებენ. რა თქმა უნდა, რაღაც დროით ამას მოსალოდნელი შედეგი მოჰყვება, რაც სულის მოთქმის საშუალებას მოგვცემს ისეთი ხერხის მოსაგონებლად, რომელიც თავიდან აგვარიდებს სიფრთხილის ამგვარ ზომებს. პირველი წარმატება სათავეს დაუდებს ცრუ იმედებს, რომელთა გამოსწორება გამოცდილების ხანგრძლივ პროცესში მოხდება. აუცილებლობა – განსაკუთრებით პოლიტიკაში – ხშირად ხდება ცრუიმედთა და ცრუმოსაზრებათა მიზეზი, რასაც შედეგად, ასევე ცრუღონისძიებები მოსდევს. მაგრამ მოსალოდნელი ექსცესები ფედერალურ საგადასახადო უფლებამოსილებათა შეზღუდვიდან რომც არ გამომდინარობდნენ, სულერთია, ზემოხსენებული უთანასწორობა მაინც წარმოიშობოდა; თუმცა მას შესაძლოა, იგივე მასშტაბი არ ჰქონოდა და სხვა ისეთ მიზეზებს გამოეწვია, რომლებზეც ჩვენ არ მიგვითითებია. მოდით, მივუბრუნდეთ შესიტყვებათა განხილვას.
ჩვენი ოპონენტები ერთ-ერთ მათგანს უფრო ხშირად ემყარებიან, თუ იმ სიხშირის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომლითაც მას იმეორებენ; იგი ამტკიცებს: წარმომადგენელთა პალატა არ არის საკმაოდ მრვალრიცხოვანი და არ ასახავს მოქალაქეთა სხვადასხვა ფენების განწყობილებებსო. აუცილებელია, მან საზოგადოების ყველა ნაწილის ინტერესი გააერთიანოს და წარმომადგენელთა კრებისა და ამომრჩევლთა სათანადო სიმპათია დაიმსახუროსო. ეს არგუმენტი მეტისმეტად მიმზიდველი და მაცდური სახითაა წარმოდგენილი და მარჯვედ არის გათვლილი ადრესატის ცრურწმენებზე. მაგრამ თუ ყურადღებით ჩავუკვირდებით, ვნახავთ, რომ იგი მყვირალა სიტყვებია და სხვა არაფერი. უწინარეს ყოვლისა, პრაქტიკულად შეუძლებელია დასახული მიზნის მიღწევა. ხოლო პათოსი, რომლითაც მის ჩაგონებას ცდილობენ, სრულიად ზედემტია. მინდა, სხვა შემთხვევისთვის მოვიტოვო იმ საკითხის განხილვა, რომელიც წარმომადგენლობითი ორგანოს რიცხოვნებას შეეხება. ახლა კი იმ განსაკუთრებული შემთხვევის განხილვით დავკმაყოფილდები, რომელიც საპირისპირო მტკიცების გამოყენებას უკავშირდება და უშუალოდ ეხება ჩვენი კვლევის საგანს.
იდეა, რომლის მიხედვითაც წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის თითოეულ ფენას ცალკე პირი უნდა წარმოადგენდეს, ფანტაზიის ნაყოფია და სხვა არაფერი. იგი ვერასოდეს შეისხამს ხორცს, თუ კონსტიტუციაში მკაფიოდ არ არის მითითებული, რომ ამ ორგანოში ყოველი პროფესიიდან ერთი ან მეტი დელეგატი უნდა იყოს წარგზავნილი. მცირე გამონაკლისის გარდა, მექანიკოსებსა და მეწარმეებს ურჩევნიათ, თავიანთი ხმები ვაჭრებს გადასცენ, ვიდრე თავიანთი ხელობისა თუ ამქრის ხალხს. ამ გამჭრიახმა მოქალაქეებმა კარგად უწყიან, რომ სწორედ მექანიკოსებისა და მეწარმეთა ხელოვნებით იქმნება ის პროდუქცია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია სავაჭრო დაწესებულებებისა და წარმოების ფუნქციონირება. ბევრი მათგანი თავადაც მონაწილეობს კომერციულ ოპერაციებში. ამ ხალხმა იცის, რომ ვაჭარი მათი ბუნებრივი მფარველი და მეგობარია. ამიტომ რაგინდ დიდი უნდა იყოს მათი ნდობა საკუთარი საღი აზრისადმი, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მათ ინტერესებს მათზე უფრო სწორედ ვაჭრები დაიცავენ. ისინი გრძნობენ, რომ მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მათ არ აქვთ შესაფერისი ჩვევები, რომელთა გარეშე უდიდესი ბუნებრივი ნიჭიც კი, უპირატესად, უსარგებლოა ხოლმე სათათბირო ორგანოში. მათი გავლენა, საზოგადოებრივი წონა და უმაღლესი მიღწევები ვაჭრებს შესაძლებლობას მისცემს, წარმომადგენლობით ორგანოში ტოლი არავის დაუდონ და წინ აღუდგნენ ყველას, ვინც იქ მეწარმეობისა და მეწარმეთა ამქრული ინტერესებისადმი მტრული სულისკვეთების დანერგვას მოიწადინებს. ეს და ბევრი სხვა, გამოცდილებით შემოწმებული მოსაზრება ადასტურებს ხელოსნებისა და მეწარმეების განწყობას, რომ ისინი თავიანთ ხმებს გადასცემენ ვაჭრებს ან იმ ხალხს, რომლებსაც რეკომენდაციას ვაჭრები გაუწევნ. ამრიგად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ვაჭრები საზოგადოების ყველა ამ ფენის ბუნებრივი წარმომადგენლები არიან.
რაც შეეხება სწავლულებს, არ არის აუცილებელი, რომ მათ შესახებ ცალკე ვიმსჯელოთ. საზოგადოებაში ისინი ცალკე ინტერესს არ ქმნიან, მაგრამ თავიანთი მდგომარეობისა და ნიჭის წყალობით მისი ყველა ფენის ნდობას იმსახურებენ და, ფაქტობრივად, მათი რჩეულები არიან.
განსახილველი დაგვრჩა ის პირები, რომელთა ინტერესები მიწას უკავშირდება. ჩემი შეხედულებით, ეს ხალხი პოლიტიკურად, განსაკუთრებით კი გადასახადებთან მიმართებაში, - ერთ მუშტად არის შეკრული, დაწყებული უმდიდრესი მემამულიდან, უღატაკესი მეიჯარით დამთავრებული. მიწის ნებისმიერი გადასახადი თანაბრად ეხება როგორც მილიონობით აკრის მფლობელს, ისე იმას, ვისაც ერთი აკრის მეტი არ აბადია. ამრიგად, ყოველი მემამულის საერთო ინტერესია ის, რომ ასეთი გადასახადი რაც შეიძლება დაბალი იყოს, საერთო ინტერესი კი სიმპათიის მტკიცე კავშირით კრავს ადამიანებს. თუნდაც დავუშვათ, რომ შეძლებულ მემამულესა და საშუალო შეძლების ფერმერებსს განსხვავებული ინტერესები აქვთ, ამის გამო პირველს განა ეროვნულ წარმომადგენლობით ორგანოში არჩევის უფრო მეტი შანსი ექნება, ვიდრე მეორეს? თუ ფაქტებით ვიხელმძღვანელებთ და ჩვენი შტატის სენატისა და ასამბლეის შემადგენლობას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ორივეში მიწის საშუალო მესაკუთრეები ჭარბობენ, თუმცა სენატი უფრო მცირერიცხოვანია, ხოლო ასამბლეა უფრო მრავალრიცხოვანი. როცა ამომრჩეველს ერთნაირი კვალიფიკაცია აქვს, მნიშვნელობა არა აქვს იმას, ბევრი წარმომადგენელია ასარჩევი თუ ცოტა, - ის ირჩევს მათ, ვისაც ენდობა. სულერთია, ვინ იქნება ის, ძალიან მდიდარი, საშუალო შეძლების თუ არაფრისმქონე.
ამბობენ, რომ წარმომადგენლობით ორგანოში მოქალაქეთა ყველა ფენას თავისი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს, რათა მათი გრძნობები და ინტერესები უკეთ ესმოდეთ და გულთან ახლოს მიჰქონდეთო. მაგრამ როგორც ვნახეთ, ასეთი რამ, ალბათ, არასოდეს მოხდება, ვიდრე პოლიტიკური სისტემა ხალხს თავისუფალი არჩევნის უფლებას ანიჭებს. თუკი იგი მაინც მოხდა, მაშინ წარმომადგენლობით ორგანოში, რომელიც მცირე გამონაკლისის გარდა, ზეგავლენას ვერ ახდენს მთავრობის სულისკვეთებაზე – მიწათმფლობელები, ვაჭრები და სწავლულები უნდა იყვნენ წარმოდგენილნი. მაგრამ სად არის მიმალული ხიფათი იმისა, რომ ეს ადამიანები ვერ ჩასწვდნენ ხალხის გულისნადებს და ვერ იზრუნონ მათი ინტერესების დაცვაზე? მიწისმფლობელს განა ის არ მოეხსენება კარგად და იმას არ გრძნობს, თუ რა შეუწყობს ხელს მიწის საკუთრებას და რა მიაყენებს ზიანს მას? განა მას, საკუთარი ინტრესებიდან გამომდინარე, იქეთკენ არ აქვს მიდრეკილება, რომ წინ აღუდგეს მიწის საკუთრების ყოველგვარი ხელყოფისა და შევიწროების მცდელობას? განა ვაჭარი არ გამოავლენს იმის ნებას, რომ მექანიკოსთა და მეწარმეთა ინტრესები დაიცვას, რომელთა გარეშე ვაჭრობის არსებობაც კი წარმოუდგენელია? განა სწავლულები, რომლებიც ნეიტრალობას ინარჩუნებენ წარმოების სხვადხსხვა შტოებს შორის ქიშპობასთან მიმართებაში, მიუკერძოებელი მსაჯულნი არ იქნებიან მათ შორის ატეხილ დავაში და განა მხარს არ დაუჭერენ მათ იმისდა მიხედვით, თუ რა უფრო სასარგებლო იქნება მთლიანად საზოგადოებისთვის?
მხედველობაში უნდა მივიღოთ სხვადასხვა განწყობები თუ განწყობილებები, რომლებიც დროდადრო ჭარბობენ ხოლმე საზოგადოების ამა თუ იმ ნაწილში და რომელთა მიმართ ბრძნული მართვა ყოველთვის შემწყნარებლობას იჩენს. ვინ უფრო კომპეტენტურად იმსჯელებს მათი ხასიათის, გაქანებისა და საფუძვლების შესახებ? კაცი, რომელსაც მდგომარეობამ ყველა პირობა შეუქმნა, რომ საფუძვლიანი განათლება მიეღო და ფართოდ ყოფილიყო ინფორმირებული, თუ ადამიანი, რომლის თვალსაწიერი მეზობლებისა და ნაცნობების წრეს ვერ სცდება? განა ბუნებრივი არ არის, რომ კაცი, რომელიც ხალხის წარმომადგენელი და მისი რჩეულია, ნიადაგ მისი ხმების მონადირებასა და მოპოვებული მდგომარეობის შენარჩუნებას ესწრაფოდეს? განა ეს სხვანაირად მიიღწევა, თუ არა ისე, რომ ხალხის განწყობილებანი და მისწრაფებები შეისწავლოს და თავის მოქმედებაში გაითვალისწინოს? სახალხო წარმომადგენელი და მისი შთამომავლობა იმ გდაწყვეტილებაზეა მიბმული, რომელსაც იგი ამა თუ იმ კანონის მოწონების დროს ღებულობს, რაც მტკიცე სიმპათიის სიმებით აკავშირებს ერთმანეთთან წარმომადგენელსა და ამომრჩეველს.
ადმინისტრირების არც ერთ სხვა დარგში არ არის საჭირო ადამიანი ისე ფართო ინფორმაციას ფლობდეს და ისე ღრმად იყოს ჩახედული პოლიტიკურ ეკონომიაში, როგორც ამას საგადასახადო საქმე მოითხოვს. ადამიანს, რომელიც კარგად ერკვევა მის პრინციპებში, ნაკლებად მოსალოდნელია, იმის სურვილი გაუჩნდეს, რომ დამთრგუნველ ზომებს მიმართოს, ანდა მოქალაქეთა რომელიმე ფენა შემოსავლების ინტერესებს ანაცვალოს. შეიძლებოდა იმის ჩვენება, რომ ყველაზე ნაყოფიერი საფინანსო სისტემა ყველაზე ნაკლებ სამძიმოა. უეჭველია ერთი რამ: საგადასახადო კომპეტენციის სამართლიანი განხორციელებისთვის აუცილებელია, რომ ადამიანს, რომლის ხელშიც ასეთი ძალაუფლებაა, კარგად ესმოდეს ხალხის საერთო სულისკვეთება, მისი წესჩვეულებები და აზროვნების წესი. ამასთანავე, უნდა ფლობდეს ინფორმაციას ქვეყანაში არსებული რესურსების შესახებ. სწორედ ეს იგულისხმება ხალხის ინტერესებისა და განწყობილებათა ცოდნაში. ყველა სხვა შემთხვევაში ეს ცნება ან მნიშვნელობასაა მოკლებული, ანდა უაზრობაა. ამის გათვალისწინებით დაე, თითოეულმა ადამიანმა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, თუ სად უფრო უპრიანია ვეძებდეთ ამ თვისებებით დაჯილდოებულ ხალხს.
პუბლიუსი