ფედერალისტი # 40: მედისონი

1788 წ .18 იანვარი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

მეორე საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ, იმას შეეხება, იყო თუ არა კონვენტი უფლებამოსილი ასეთი ნაზავი კონსტიტუცია შეედგინა და შემოეთავაზებინა.
კონვენტის უფლებამოსილებაზე უდიდესი სიზუსტით სამსჯელოდ უპრიანი იქნებოდა იმ დავალებებს გავცნობოდით, რომლებიც მის წევრებს ამომრჩეველმა მისცა. მას ორი რეკომენდაცია უნდა გაეთვალისწინებინა. საქმე ეხება ანაპოლისში 1786 წ. სექტემბრის კრებაზე მიღებულ რეკომენდაციას, ანდა იმას, რომელიც კონგრესის მიერ 1787წ. თებერვალში იქნა შემუშავებული. საკმარისი იქნებოდა ჩვენც ამ ორ აქტს მივბრუნებოდით.
ანაპოლისის აქტი კონვენტს ურჩევს:” დანიშნოს უფლებამოსილი პირები, რომლებიც ანგარიშს გაუწევენ რა შეერთებული შტატების მდგომარეობას, შეიმუშავებენ დებულებებს, აუცილებელთ ფედერალური მმართველობის გასაუმჯობესებლად, რათა იგი პასუხობდეს კავშირის მოთხოვნებს ; ამ მიზნით შედგენილი პროექტი განსახილველად წარუდგინოს კონგრესს, რაც ამ უკანასკნელის თანხმობისა და შემდგომად მისი დამტკიცებისა შტატების საკანონმდებლო  კრებების მიერ მიზნის მიღწევის საწინდარი იქნება”.
   კონგრესის სარეკომენდაციო აქტში კი სიტყვასტყვით წერია:” ვინაიდან კონფედერაციისა და სამიდღემჩიო კავშირის მუხლები ითვალისწინებენ  დებულებას, შეერთებული შტატების კონგრესისა და შტატების საკანონმდებლო კრებების მხრივ თანხმობის შემთხვევაში, კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის თაობაზე; ვინაიდან, როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, არსებულ კონფედერაციას ახასიათებს გარკვეული ნაკლოვანებანი, რამდენიმე შტატმა, განსაკუთრებით კი ნიუ - იორკმა , თავინთ დელეგაციებს კონგრესში ქვემორე დადგენილებაში ჩამოთვლილ მიზანთა მიღწევის უზრუნველსაყოფად დააკისრეს კონვენტის მოწვევა, იმ იმედით, რომ იგი საუკეთესო საშუალება იქნება შესაბამის შტატებში ეროვნული მმართველობის დასამკვიდრებლად ”.
დაადგინეს: “კონგრესს მიზანშეწონილად მიაჩნია, მომავალი წლის მაისის მეორე ორშაბათს ფილადელფიაში მოწვეული იქნას რამდენიმე შტატის წარმომადგენელთა კონვენტი ერთადერთი და განსაკუთრებული მიზნით: გადაისინჯოს კონფედერაციის მუხლები ; მოხსენდეს კონგრესსა და სხვადასხვა შტატის საკანონმდებლო კრებას მასში შესატანი ცვლილებების თაობაზე, რათა შემდგომად კონგრესის და შტატების საკანონმდებლო კრებების მხრივ მათი დამტკიცებისა, ფედერალურმა კონსტიტუციამ ადეკვატურად შეძლოს მართვის მოთხოვნათა დაკმაყოფილება და კავშირის შენარჩუნება .”
ამ დადგენილებებიდან გამომდინარეობს: ჯერ ერთი, კონვენტს  შესაბამის შტატებში მტკიცე ეროვნული მმართველობა უნდა დაემკვიდრებინა ; მეორე,  მთავრობა იმგვარად უნდა გარდაექმნა, რომ მართვის მოთხოვნათა ადეკვატურად დაკმაყოფილება და კავშირის შენარჩუნება შეძლებოდა; მესამე, კონფედერაციის მუხლებში აუცილებელი შესწორებები შეეტანა , როგორც კონგრესის აქტითაა გათვალისწინებული, ანდა სხვა აუცილებელი დებულებები დაემატებინა , როგორც ანაპოლისის რეკომენდაციაშია ჩაწერილი; მეოთხე, რეკომენდაციები და დებულებები კონგრესისთვის და შტატების საკანონმდებლო კრებებისთვის წარედგინა: ერთისთვის - თანხმობის მისაღებად, მეორისთვის კი დასამტკიცებლად. 
თუ ერთმანეთს შევუდარებთ და პატიოსნად განვიხილავთ ამ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ გამოთქმებს, არ გაგვიჭირდება იმ უფლებამოსილების თობაზე დასკვნის გამოტანა, რომლითაც კონვენტი ხელმძღვანელობდა. წარმომადგენელთა ამ კრებას საფუძველი უნდა ჩაეყარა ისეთი ეროვნული მმართველობისთვის , რომელიც ადეკვატურად დააკმაყოფილებდა მართვის მოთხოვნებს და კავშირის შენარჩუნებას უზრუნველყოფდა ; ამ მიზნით მას ისე უნდა გარდაექმნა კონფედერაციის მუხლები, რომ შესაძლებლი გამხდარიყო ზემოჩამოთვლილი მიზნების შესრულება.
განმარტების ორი წესი არსებობს, რომელიც საღი აზრის მიერაა ნაკარნახევი და სამართლებლივ აქსიომებსაც ემყარება. ჯერ ერთი, უპრიანია, რომ შედგენილი გამოთქმის ყოველი ნაწილი გარკვეულ მნიშვნელობას გამოხატავდეს და საერთო მიზნით იყოს გაერთიანებული; მეორეც, თუ ასეთი გაერთიანება შეუძლებელია, უპრიანია, უფრო ნაკლები მნიშვნელობის გამონათქვამს შეველიოთ და ყურადღება უფრო მნიშვნელოვანზე გავამახვილოთ. უმჯობესია, საშუალება ვანაცვალოთ მიზანს, ვიდრე მიზანი – საშუალებას.
დავუშვათ, რომ გამონათქვამები, რომლებიც კონვენტის უფლებამოსილებებს განსაზღვრავენ, ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელნი არიან. ვივარაუდოთ, რომ კონვენტს შემდეგნაირად ემსჯელა: კონფედერაციის მუხლებში შესწორებებისა და დებულებების შეტანიდან არანაირად არ გამომდინარეობს ადეკვატური ეროვნული მართვის დამკვიდრება . ამ გამოთქმების რა ნაწილი უნდა მივიღოთ და რა ნაწილზე უნდა ვთქვათ უარი? რომელი მათგანია უფრო მნიშვნელოვანი და რომელი უფრო უმნიშვნელო? რომელია საშუალება და რომელი მიზანი? დაე, აგვიხსნას ეს იმ ხალხმა, წამდაუწუმ რომ გაიძახის, კონგრესის უფლებამოსილებათა ყველაზე საუკეთესო განმმარტებლები ვართო; დაე, უპასუხონ ამ შეკითხვებს შემოთავაზებული კონსტიტუციის ყველაზე თავგამოდებულმა მოწინააღმდეგეებმა; დაე, გვითხრან: რა უფრო უპრიანი იყო ამერიკელი ხალხის ბედნიერებისთვის, კონფედერაციის მუხლები არად ჩაგვეგდო,  ადეკვატური მართვა შემოგვეღო და კავშირის შენარჩუნება უზრუნველგვეყო, თუ კარგ მართვაზე უარი გვეთქვა და კონფედერაციის მუხლები შეგვენარჩუნებინა. დაე, გვითხრან:  კონფედერაციის მუხლების შენარჩუნებაა მიზანი, რომელიც მართვის გარდაქმნამ უნდა უზრუნველყოს, თუ მიზანი სწორედ ისეთი მართვის შემოღებაა, რომელიც ეროვნული კეთილდღეობის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს. Kკონფედერაციის მუხლების დანიშნულებაც ხომ ეს იყო. ახლა საჭიროა, სწორედ იმავე მიზანს ვანაცვალოთ ეს მუხლები.
მაგრამ ნუთუ აუცილებელია იმის დაშვება, რომ ეს გამოთქმები ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებადნი არიან? ნუთუ კონფედერაციის მუხლებში შესწორებებისა და დამატებითი დებულებების შეტანით შეიძლებოდა მისი იმგვარად გარდაქმნა, რომ ადეკვატური ეროვნული მართვა, ანუ ისეთი მმართველობა უზრუნველგვეყო, რომელსაც კონვენტი გვთავაზობს?
საქმე სახელწოდების შეცვლაში როდია; სახელის გადარქმევა არ არის უფლებამოსილებათა გადამეტება. კონვენტი გარკვევით იყო უფლებამოსილი, რომ ზემოხსენებული მუხლების სტრუქტურაში ცვლილებები შეეტანა; ახალი დებულებების დამატებაც მის კომპეტენციაში შედის. სწორედ აქედან გამომდინარეობს უფლება იმისა, რომ დოკუმენტისთვის სახელი გადაერქმია, მასში ახალი მუხლები შეეტანა და იქიდან ძველი ამოეღო. ნუთუ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ყოველივე ეს უფლებამოსილებათა გადამეტებად მივიჩნიოთ, ვიდრე მუხლების ნაწილი ხელშეუხები რჩება? ვინც ამ შეკითხვას დადებითად უპასუხებს, დაე, მან გვითხრას, სად გადის ზღვარი, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს უფლებამოსილსა და უზურპირებულ ინოვაციებს, შესწორებებსა და დამატებით დებულებებს ; დაე, ისიც გვითხრან, თუ რა მოცულობის უნდა იყოს თითოეული მათგანი, რომ ყველა ერთად მმართველობის ძირეული ცვლილებები ტოლფასი გახდეს. ნუთუ იმას გვეტყვიან, რომ ცვილილებები მმართველობის არსს არ უნდა შეხებოდაო? ეს რომ მართლა ასე იყოს, შტატები ხომ ასეთი ზეიმურობით არ მოიწვევდნენ კონვენტს და არ დააკისრებდნენ მას ეგზომ მნიშვნელოვან ამოცანებს, მაგრამ საქმე ის არის, რომ მათ სწორედ ძირეული გარდაქმნები ჰქონდათ მხედველობაში. ნუთუ გვეტყვიან, რომ ფუნდამენტური პრინციპები არ შედიოდა კონვენტის კომპეტენციაში და მათი შეცვლის უფლება არ ჰქონდაო? მე ვეკითხები ამ ხალხს: რა პრინციპებზეა ლაპარაკი? იმათზე ხომ არა, რომელთა მიხედვით ახალ კონსტიტუციას რეკომენდაცია ეძლევა შტატებს სრული დამოუკიდებლობა შეუნარჩუნოს? თუ ასეა, მაშინ უნდა ვთქვა, რომ თითოეული მათგანი გათვალისწინებულია ახალ კონსტიტუციაში. ნუთუ ისინი არ მოითხოვენ, რომ მთავრობის წევრებს არა შტატის მოსახლეობა, არამედ შესაბამისი შტატის საკანონმდებლო კრება ნიშნავდეს? ახალი კონსტიტუციით ხელისუფლების ერთ შტოს სწორედაც რომ შესაბამისი კრება ნიშნავს; კონფედერაციის მუხლების შესაბამისად კი კონგრესის ყველა დელეგატი შეიძლება უშუალოდ ხალხის მიერ ინიშნებოდეს; ორ შტატში ხომ ისინი სწორედ ასე არიან დანიშნულნი [1]. ნუთუ ეს ხალხი არ მოითხოვს, რომ მთავრობის ძალაუფლება შტატებზე ვრცელდებოდეს და არა უშუალოდ მოქალაქეებზე? ზოგ შემთხვევაში ახალი მთავრობის ძალაუფლება სწორედაც რომ შტატებზე, როგორც კრებით პოლიტიკურ პირებზე, გავრცელდება; ზოგშიც - უშუალოდ მოქალაქეებზე, რაც, სხვათა შორის, არსებული მთავრობის პირობებშიც ასეა. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როგორიცაა ტყვედ აყვნა, მეკობრეობა, საფოსტო მომსახურება, მონეტის მოჭრა, წონისა და ზომის საწყავთა შემოღება,  სხვადასხვა შტატების მიერ მიწის ნაჩუქრობასთან დაკავშირებით წამოჭრილი დავები, და რაც ყველაზე მთავარია, სამხედრო ტრიბუნალის მიერ დანიშნული პროცესები, სადაც, შესაძლოა, სიკვდილით დასჯის შესახებ განაჩენიც იქნეს გამოტანილი, ისე რომ, პროცესში არც ნაფიცი მსჯულები მონაწილეობდნენ და არც სამოქალაქო მოსამართლე – ყველა ამ შემთხვევაში კონფედერაციის ძალაუფლება უშუალოდ ვრცელდება ცალკეულ პირებზე და მოქალაქეთა ინტერესებზე. მაგრამ ხომ იმავე ფუნდამენტური პრინციპებითაა დადგენილი, რომ შტატის ხელისუფლება არ ერეოდეს გადასახადების ამოღების საქმეში! საფოსტო მომსახურებასაც ხომ გარკვეულწილად კონფედერაციული მთავრობა ბეგრავს! რაც შეეხება მონეტის მოჭრას, ამ საქმიანობიდან გადასახადს, – კონგრესის მიერ დადგენილი წესით, – უშუალოდ ფედერალური ხელისუფლება იღებს.  მაგრამ რა საჭიროა ამდენი მაგალითის მოხმობა? განა კონვენტის ერთ-ერთი საყოველთაოდ აღიარებული მიზანი სწორედ ის არ იყო, რომ აღებმიცემობის საქმე იმგვარად დაექვმდებარებინა საკავშირო მთავრობისთვის, რომ იგი შემოსავლის უმთავრეს წყაროდ ქცეულიყო? განა თვითონ კონგრესმა რამდენჯერმე არ ურჩია მთავრობას კონფედერაციის მუხლებთან ამ არათავსებადი ზომის გამოყენება? განა ერთის გარდა ყველა შტატმა – თვით ნიუ-იორკმაც კი, - მხარი არ დაუჭირეს კონგრესის გეგმას და სიახლის პრინციპი არ აღიარეს? დაბოლოს, განა ეს პრინციპები იმას არ ჩაგვაგონებენ, რომ ფედერალური ხელისუფლება გარკვეულ ფარგლებში ხორციელდებოდეს, მათ მიღმა კი შტატებს სრული სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ენიჭებოდეს?  როგორც ვნახეთ, ახალი მმართველობით ისე, როგორც ძველით, ფედერალური უფლებამოსილებანი შეზღუდულია და ზემოჩამოთვლილი შემთხვევების გამოკლებით, შტატები სრულად ახორციელებენ თავიანთ დამოუკიდებელ იურისდიქციას.
სიმართლე რომ ითქვას, მთავარი პრინციპები, რომლებიც კონვენტის მიერ შემოთავაზებულ კონსტიტუციას შემოაქვს, სულაც არ არიან ახალნი, არამედ უფრო იმ პრინციპების განვრცობას წარმოადგენენ, კონფედერაციის მუხლებს რომ უდევთ საფუძვლად. ძველი სისტემის უბედურება სწორედ ის არის, რომ მის მიერ წამოყენებული პრინციპები იმდენად სუსტნი და უსუსურნი არიან, რომ ამართლებენ მათი უნაყოფობის თაობაზე გამოთქმულ ყველა საყვედურს და ისეთ საფუძვლიან  გარდაქმნას საჭიროებენ, რაც ძველ სისტემას სრულიად ახალ სახეს მიანიჭებდა.
გავრცელებული შეხედულების მიხედვით, ერთ პუნქტში კონვენტმა გადაუხვია დაკისრებულ დავალებას; ნაცვლად იმისა, რომ წარმოედგინა გეგმა, რომელიც ყველა შტატის საკანონმდებლო კრებების მიერ დამტკიცებას საჭიროებს, მან ისეთი გეგმა წარმოადგინა, რომელზეც თანხმობა მთელმა ხალხმა უნდა განაცხადოს და რომლის ასამოქმედებლად მხოლოდ ცხრა შტატის დასტურია საჭირო. უნდა აღინიშნოს, რომ რატომღაც ეს - შესაძლოა ყველაზე საფუძვლიანი – საყვედური არ გაისმის იმ შეპასუხებებს შორის, სეტყვასავით რომ  მოდის კონვენტის მისამართით. ამგვარი სულგრძელობის ახსნა არ არის შეუძლებელი: ალბათ, ჩვენი ოპონენტები მტკიცედ არიან დარწმუნებულნი იმაში, რომ უაზრობაა 12 შტატის ბედი მე – 13 შტატის ჭირვეულობასა და თავქეიფობაზე შეაგდო; შეიძლება ჩაჯინებული  წინააღმდეგობის იმ მაგალითსაც ითვალისწინებენ, რასაც ამერიკელი ხალხის 1/60 ნაწილის უმრავლესობა იმ ღონისძიებას უწევს, რომელიც მისი მოსახლების 59/60 მოსწონს და მხარს უჭერს;  მაგალითი, რომელიც გონებში აღბეჭდვია და აღაშფოთებს ამერიკის ყოველ მოქალაქეს, ვისაც სამშობლოს შეურაცხყოფილი ღირსების გამო გული სტკივა, მის კეთილდღეობაზე კი გული შესტკივა. რაკი ამგვარი შეპასუხებისგან ოპონენტები როგორღაც თავს იკავებენ და ამ მიმართებით არ აკრიტიკებენ კონვენტს, მეც აღარ გავამახვილებ მასზე მკითხველის ყურადღებას. მესამე პუნქტი, რომელიც განხილვას იმსახურებს, მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად იყო შესაძლებელი ის, რომ დაკისრებული საქმისადმი მოვალეობის გრძნობიდან გამომდინარე, გარკვეულწილად, მინიჭებულ უფლებამოსილებათა უკმარისობის შევსება მომხდარიყო.
ადრე გამოთქმული მოსაზრებების დროს კონვენტის უფლებამოსილებანი იმგვარი სიმკაცრითა და ისეთი წესების მიხედვით განიხილებოდა, თითქოსდა შეერთებული შტატების კონსტიტუციის შემოღების თვალსაზრისით მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდათ. მაგრამ დავრწმუნდით, რომ მათ გაუძლეს ამგვარ უმკაცრეს გამოცდას. ახლა კი დროა გავიხსენოთ, რომ ამ უფლებამოსილებათ მხოლოდ სათათბირო და სარეკომენდაციო მნიშვნელობა ჰქონდათ; ასეთი სახე მისცეს მათ შტატებმა და სწორედ ამ სახით მიიღო ისინი კონვენტმა; ამ უფლებამოსილებათა საფუძველზე შეიმუშავა და შემოგვთავაზა მან კონსტიტუცია, რომელსაც ჩალის ფასი ექნება, თუ ვერ მიიღებს დასტურს მათგან, ვისთვისაც არის განკუთვნილი. ეს მოსაზრება სულ სხვაგვარი კუთხით დაგვანახებს საკითხს და იმაში გარკვევის შესაძლებლობას მოგვცემს, სწორი იყო თუ არა კონვენტის მიერ აღებული გეზი.
მოდით, განვიხილოთ, თუ რა ნიადაგზე იდგა კონვენტი. ყოველივე ზემოთქმულიდან  ირკვევა, რომ ისინი ძირისძირობამდე იყვნენ შეძრულნი იმ უკიდურესი მდგომარეობით, რომელშიც მათი სამშობლო იმყოფება და რამაც ქვეყანა თითქმის ერთსულოვან გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, რომ ერთობ განსაკუთრებული და უაღრესად სერიოზული საქმე წამოეწყო: გამოესწორებინა ის შეცდომები, რომელთა გამოისობით ქვეყანა უკიდურესი საფრთხის წინაშე დადგა. ისინი ასევე ღრმად და ერთსულოვნად იყვნენ დარწმუნებულნი იმაშიც, რომ ძირეული გარდაქმნა, რომელიც მათ წამოიწყეს, აბსოლუტურად აუცილებელი იყო იმ მიზნების განსახორციელებლად, რისთვისაც ისინი სამშობლომ შეკრიბა. შეუძლებელია, მათ არ სცოდნოდათ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სრულიად იმპერიაში გულის ფანცქალით და სასოებით მოელოდა მათი ძალისხმევის შედეგს. ისინი იმაშიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ შეერთებული შტატების თავისუფლებისა და კეთილდღეობის ავის მოსურნეს შინ თუ გარეთ სულ სხვა გრძნობები უდუღდა გულში. ისინი შემსწრენი იყვნენ იმისა, თუ როგორ იბარტყა და როგორ გაშალა ფრთები იმ წამოწყებამ, რომელსაც თავიდან მხოლოდ ერთმა შტატმა (ვირჯინია) შეჰბედა, კონფედერაციის წესდებაში ნაწილობრივი დამატების სახით ახალი დებულების შეტანა რომ მოითხოვა. როცა რამდენიმე შტატის თითზეჩამოსათვლელმა წარმომადგენელმა თავის თავს ნება მისცა და ანაპოლისში შეკრებილთ განსახილველად უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი შესთავაზა, არაფრით რომ ეტეოდა მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებში – კონვენტის წევრებმა დაინახეს, რომ საზოგადოებრივმა აზრმა არათუ გაამართლა ეს ხალხი, არამედ ცამეტიდან თორმეტმა შტატმა აიტაცა მათი წამოწყება და ხორცი შეასხა კიდეც მას. მათ თვალწინ ჰქონდათ მრავალი მაგალითი იმისა, როცა კონგრესი არათუ რეკომენდაციის, არამედ მოქმედების უფლებასაც ითვისებდა, ხალხი კი ამას აღფრთოვანით ხვდებოდა; მაშინ, როცა საქმე ბევრად უფრო ნაკლები მნიშვნელობის თემებს ეხებოდა იმასთან შედარებით, რისი შესრულებაც მათ თვითონ ჰქონდათ დაკისრებული და რაც განსაზღვრავდა კიდეც მათ ქცევას. თითოეული მათგანი, ალბათ, ბევრჯერ დაფიქრებულა იმაზე, თუ რაოდენ უპრიანია, რომ შემოღებული მმართველობის ძირეული ცვლილების დროს აუცილებელია შინაარსის გულისთვის ფორმას შეველიოთ, ვინაიდან ფორმისთვის ხისტმა  თავგამოდებამ შეიძლება სათუო და ამაო გახადოს ხალხის საყოველთაო და ფასდაუდებელი უფლება _ “გააუქმოს ან ისეთი ხელისუფლებით შეცვალოს არსებული მთავრობა, რომელიც, მისი შეხედულებით, უფრო შეუწყობს ხელს საერთო უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.” [2] რაკი შეუძლებელია, რომ ხალხი ყოველთვის და ყოველმხრივ ერთსულოვნად მიიწევდეს წინ დასახული მიზნისკენ, ამიტომაა აუცილებელი, რათა ამგვარი ძირეული ცვლილებები იმ არაფორმალური და არაუფლებამოსილი წინადადებების მეშვეობით ხორციელდებოდეს, რომლებსაც სამშობლოს სიყვარულით გულანთებული მოქალაქეები ან მოქალაქეთა ჯგუფი შეიმუშავებს. ალბათ ისიც არ ამოდიოდა მათი მეხსიერებიდან, რომ სწორედ ასეთი  უკანონო და მიტაცებული უფლებამოსილება იყო ის, რითაც ამერიკელმა ხალხმა თავისი უსაფრთხოებისა და ბედნიერების გეგმა შეიმუშავა, რამაც პირველად შეკრა შტატები ერთ მუშტად იმ საფრთხის წინააღმდეგ, რომლის წინაშეც ისინი მაშინდელმა ხელისუფლებამ დააყენა; სწორედ ამგვარი უფლებამოსილებით და გაერთიანებული ძალისხმევით აყალიბებდნენ ისინი კომიტეტებსა და კონგრესს, რათა თავიანთი უფლებები დაეცვათ; სწორედ ამგვარი უფლებამოსილებით ირჩევდნენ ისინი კონვენტებს რამდენიმე შტატში , რათა ის კონსტიტუციები შემოეღოთ, რითაც ისინი დღემდე ცხოვრობენ. ალბათ იმასაც ძნელად ივიწყებდნენ, რომ იმ დროს ამის გამო არავინ განიცდიდა  სინდისის ქენჯნას და არავინ ჩაბღაუჭებია იმას, რაც იყო, გარდა იმ ხალხისა, რომელიც ერთსაც და მეორესაც ნიღბად იფარებდა, რათა საიდუმლოდ შეენახათ  მტრობა და სიძულვილი ყოველივე იმის მიმართ, რისთვისაც დანარჩენები თავგამეტებით იბრძოდნენ. ეს ხალხი, ალბათ, ნიადაგ იმაზე ფიქრობდა, რომ მათი ნამოღვაწარის საბოლოო შემფასებელი და უზენაესი მსაჯული თვითონ ხალხია ; დაწუნების შემთხვევაში, მათი შემოქმედების ნაყოფს განადგურება არ ასცდება; მოწონების შემთვევაში, ყველა ადრინდელი შეცდომა და გადაცდომა მიეტევებათ. ისინი ხანდახან შესაძლოა, ასეთ რამესაც კი ფიქრობდნენ: ცუდია, როცა ადამიანები კრიჭაში გიდგანან და იმ უფლებამოსილებისთვისაც კი ამრეზით გიყურებენ,  რაც ბოძებული გაქვს, რომ არაფერი ვთქვათ, იმაზე, თუ ისეთი რამე გააკეთე, რაც, მართალია, დაკისრებული ამოცანით არის ნაკარნახევი, მაგრამ შენთვის ბოძებულ უფლებამოსილებებს ოდნავ ამეტებს; ასეთ დროს ისეთივე გაკიცხვა არ აგცდება, რაც მაშინ დაგატყდებოდა თავს, თუ იმგვარ ღონისძიებას განახორციელებდი, სრულად რომ შეესაბამება ეროვნულ მოთხოვნილებებს.
ასეთი შთაბეჭდილებებით და მოსაზრებებით დახუნძლული ადამიანები ნაცვლად იმისა, რომ ვაჟკაცური ერთგულებით ყოფილიყვნენ გამსჭვალულნი სამშობლოსადმი, რომელმაც მათ მიმართ ეგზომი ყურადღება გამოიჩინა, ნაცვლად იმისა, რომ ისეთი სისტემა მოეაზრებინათ, რომელიც, მათი ფიქრით, სამშობლოს ბედნიერების საწინდარი იქნებოდა, ნუთუ ისეთ ცივსა და პირქუშ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ფორმის გულისთვის  შინაარსს რომ გაწირავდა, სამშობლოს სანუკვარ ინტერესებს ორჭოფული დაყოვნებებითა და მათი ალალბედზე შეგდებით რომ დაღუპავდა, რითაც ხალხის მოლოდინსა და იმედებს სამუდამოდ დაასამარებდა. მინდა შევეკითხო ადამიანს, ვის გონებაშიც ერთხელ მაინც გამკრთალა ამაღლებული აზრი, ვის გულშიც ერთხელ მაინც შეტოკებულა მამულიშვილური გრძნობა: როგორი იქნებოდა მსჯავრი მიუკერძოებელი მსოფლიოს, კაცობრიობის მეგობრებისა და ყველა ქველი მოქალაქის მიერ ამ კრების მოღვაწეობისა და ღირსების შესახებ გამოტანილი? თუკი არსებობს ადამიანი, რომელსაც მსჯავრის დადებისკენ უსაშველო სწრაფვა ამოძრავებს, მინდა, მას ვკითხო: რა განაჩენი აქვს მას შემონახული იმ თორმეტი შტატისთვის, რომლებმაც მიიტაცეს უფლებამოსილება თავიანთი წარმომადგენლების კონვენტზე, გაგზავნისა; კონვენტზე ანუ ისეთ პოლიტიკურ კრებაზე, რომელსაც არ სცნობენ მათი კონსტიტუციები, რომლებმაც მიიტაცეს უფლება, წარმომადგენლები გაეგზავნათ კონგრესზე; იმ კონგრესზე, რომლის რეკომენდაციითაც იქნა მოწვეული სწორედ ის  კონვენტი, რასაც არც კონფედერაციის კანონმდებლობა სცნობს; დაბოლოს, რა მსჯავრს გამოუტანს ის ნიუ-იორკს, რომელმაც მოითხოვა და შემდეგ მოიწონა კიდეც ასეთი უკანონო შუამავლობა.
მაგრამ მოწინააღმდეგე სრულად და საბოლოოდ რომ განვაიარღოთ,  ერთი წამით დავუშვათ, რომ კონვენტს არც მისთვის დაკისრებული დავალება აძლევდა იმის უფლებამოსილებას, რომ ქვეყნისთვის კონსტიტუცია შეეთავაზებინა და არც - გარემოებები, მაგრამ ნუთუ ეს საკმარისი საფუძველია კონსტიტუციის უარსაყოფად? თუ კეთიშობილური მცნების მიხედვით არაფერია უკანონო იმაში, რომ მტრის კარგი რჩევა მიიღო, ნუთუ ჩვენ ვაპირებთ, არაკეთილშობილურ მაგალითად ვიქცეთ იმისა, თუ როგორ არ უნდა მიიღო რჩევა, რომელსაც არათუ მტერი, არამედ მეგობრები გვთავაზობენ? კეთილგონიერება მოითხოვს იმის აღიარებას, რომ მთავარი როდია, თუ ვისია რჩევა, არამედ მთავარია, იგი კარგი იყოს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დასაბუთებულად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ კონვენტს არ გადაუმეტებია მინიჭებული უფლებამოსილებისთვის, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, რომელზეც მისი მოწინააღმდეგეები რატომღაც ყურადღებას არ ამახვილებენ, მაგრამ რომც გადაემეტებინა – ის გარემოებები, რომლებშიც მის წევრებს მუშაობა უხდებოდათ, არა მარტო ამართლებდნენ, არამედ  მოითხოვდნენ კიდეც მათგან – როგორც სამშობლოს ერთგული შვილებისგან - თავიანთ თავზე აეღოთ მოქმედების თავისუფლება. დაბოლოს, თუ მათ უფლებამოსილებაც ხელყვეს და დაკისრებული ვალდებულებანიც იმით, რომ კონსტიტუცია შემოგვთავაზეს, მაშინაც კი უპრიანი იქნებოდა მისი მიღება, რამეთუ მასში ის შეხედულებებია ხორცშესხმული,  ამერიკელი ხალხის კეთილდღეობაზე რომ არიან  გამიზნულნი. იმსახურებს თუ არა კონსტიტუცია ასეთ შეფასებას – ამას მომდევნო გამოკვლევები გამოავლენენ.
პუბლიუსი


[1] კონექტიკუტი და როდაილენდი
[2] დამოუკიდებლობის დეკლარაცია ( პუბლიუსი)

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group