ფედერალისტი # 37 : მედისონი
1788 წ. 11 იანვარი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

არსებული კონფედერაციის ნაკლოვანებთა მიმოხილვისა და იმის ჩვენე-ბისას, რომ მათ აღმოფხვრას ვერ შეძლებს ისეთი მთავრობა, რომელიც შემოთავაზებულზე ნაკლებად ენერგიული იქნება, ბუნებრივია, ბევრ ძალზე მნიშვნელოვან პრინციპსაც შევხებოდით. მაგრამ ვინაიდან ჩვენი წერილების მთავარი თემა კონსტიტუციის  ღირსებათა მკაფიო და სრული წარმოჩენა და იმის ჩვენებაა, თუ რამდენად მიზანშეწონილია მისი მიღება, ამიტომაც ჩვენი ამოცანა შეუსრულებელი დარჩება, თუ უფრო კრიტი-კულად და უფრო სრულად არ მიმოვიხილეთ კონვენტის მოღვაწეობა; თუ ყოველმხრივ არ შევისწავლეთ იგი; თუ ერთმანეთს არ შევუდარეთ მისი შემადგენელი ნაწილები და წინასწარ არ გავთვალეთ მოსალოდნელი შედეგები. ამ ამოცანის გადაწყვეტა სხვანაირად შეუძლებელია, თუ არა სამართლიანობისა და გულახდილობის ატმოსფეროში; თავს ნებას მივცემ, საკუთარ გულწრფელობაში დარწმუნებული ვიყო და რამდენიმე მოსაზრება გამოვთქვა, რომლებმაც, ვინძლო, ხელი სწორედ ამგვარი გარემოს შექმნას შეუწყოს. ადამიანურ სექმეებს თან სდევს ერთი უბედუ-რება: პოლიტიკური ზომები იშვიათად განიხილება ზომიერების სულისკვეთებით; ამიტომაც ხშირად გაძნელებულია რეალური ტენდენციის შეფასება: ხელს უწყობენ თუ აბრკოლებენ ისინი საზოგადოების კეთილდღეობას. ამასთანავე, ის მოვლენები, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ზომიერების სწორედ ამგვარ სულისკვეთებას,  ხელშეწყობის მაგიერ აკნინებენ მას. კონვენტის დასკვნითი აქტი ვნებისა და ინტერესის აუარება ზამბარას რომ ეხება, უამრავ რეკომენდაციას შეიცავს და სხვადასხვა თავალსაზრისითა თუ მიმართებით განიხილავს იმას, თუ რა უნდა შეიცვალოს და რა სიახლეები უნდა დაინერგოს, მაგრამ არც ერთი ადამიანი, ვინც კი გამოცდილებით დარწმუნებულია ჩვენ მიერ მოტანილი მოსაზრების სისწორეში, არ დარჩება გაოცებული, როცა იხილავს, რომ ზემოხსენებული დოკუმენტი კონსტიტუციის როგორც მოწინააღმდეგეებმა, ისე მომხრეებმა მტრულად მიიღეს, ანდა მის გარშემო ისეთი არაკეთილმყ-ოფელი გარემო შექმნეს, რომელმაც დააზარალა მიუკერძოებელი განხილვისა და საგულდაგულო შეფასების ინტერესები. ზოგიერთები – როგორც მათი პუბლიკაციებიდან ჩანს, – არამარტო წინდაწინვე ცუდად იყვნენ განწყობილნი კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტის მიმართ, არამედ ისიც წინდაწინვე ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ მისთვის გამამტყუნებელი მსჯავრი გამოეტანათ. სხვებს კი მათივე სიტყვები ამხელენ, რომ ასევე წინასწარ არიან განწყობილნი და მიკერძოებულნი, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით. ეს ვითარება კი აკნინებს როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებების მნიშვნელობას. როცა ორივე მხარის გამონათქვამთა მნიშვნელობაზე ვლაპარაკობ და ამ კუთხით მათ ერთ სიბრტყეზე განვიხილავ, სულაც არ მინდა ვინმეს მცდარი წარმოდგენა შეექმნას და იფიქროს, თითქოს მე ვერ ვხედავდე იმას, რომ სიწმინდის მხრივ ისინი ძირეულად განსხვავდებიან ერთმა-ნეთისგან. ბოლო შენიშვნასთან დაკავშირებით სამართლიანი იქნებოდა იმის გათვალისწინება, რომ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია, რაც გადაუდებელ სამაშველო ღონისძიებათა გატარებას მოითხოვს. შემოთავაზებული კონსტიტუციის თავგამოდებული ქომაგი, წინდაწინვე რომაა განწყობილი მის დასაცავად, შესაძლოა თავის მიკერძოებაში გადაუდებელი მოქმედების მოსაზრებითაც ხელმძღვანელო-ბდეს და ავი ზრახვებიც ამოძრავებდეს. კონსტიტუციის მოწინააღმდეგეს კი, მის მიმართ წინდაწინვე სამტროდ რომაა განწყობილი, შესაძლოა, სულაც უწყინარი ზრახვა ჰქონოდა. ერთ მათგანს  შეიძლება, პატიოსანი ზრახვაც ამოძრავებდეს და პირიქით – საძრახისიც. მეორეს შეუძლებელია პატიოსანი ზრახვები ჰქონდეს, ისინი აუცილებლად საძრახისნი იქნებიან. მაგრამ საქმე ისაა, რომ წინამდებარე წერილთა ადრესატები არც ერთნი არიან და არც მეორენი. ისინი მხოლოდ იმ ადამიანთა ყურადღების მიპყრობას ესწრაფიან, რომლებშიც სამშობლოს ბედნიერებისადმი წრფელი თავგამოდება სულის იმ განწყობილებას შერწყმია, კეთილად რომ მოქმედებს დასახული მიზნის მისაღწევად აუცილებელ საშუალებათა სამართლიანად არჩევაზე.
ამ ყაიდის ხალხი კონვენტის მიერ განსახილველად შემოთავაზებულ პროექტს წინასწარი განზრახვით კირკიტს არ დაუწყებს, რათა მასში შეცდომები აღმოაჩინოს, ანდა არსებული გადაცდომები გააზვიადოს, არამედ ასეთ რამეს მართებულად ჩათვლის: არც მოველოდით, რომ გეგმა უშეცდომო იქნებოდაო. ისინი მარტო იმ შეცდომების მიმართ როდი იჩენენ შემწყნარებლობას, რაშიც ბრალი შეიძლება კონვენტს მიუძღოდეს, რომელიც ისე, როგორც ადამიანთა ნებისმიერი კრებული, არაა დაზღ-ვეული გარდუვალი გადაცდომებისგან, არამედ მათ ყოველთვის ეხსო-მებათ, რომ თვითონაც კაცნი არიან და ცოდვის შვილნი; ისე რომ, თავს არაფრით უცოდველად არ დაიგულვებენ სხვათა ცოდვილი შეხედუ-ლებების განხილვის დროს.
ეს ხალხი ასეთსავე მზაობას გამოხატავს, რათა ანგარიში მარტო მიუკერძოებლობის ინტერესს კი არ გაუწიოს, არამედ იმ სიძნელეთა მიმართაც შეწყნარება გამოიჩინოს, ბუნებრივი თანამდევნი რომ არიან იმ საქმისა, რომელიც კონვენტმა ითავა.
მართლაცდა განსაცვიფრებლად ახალი წამოწყებაა. თქვენ წინაშე წარმო-დგენილ წერილებში ვაჩვენეთ, თუ რაოდენ მცდარ პრინციპებს ემყარება არსებული კონფედერაცია, მაგრამ ისიც დავინახეთ რაოდენ აუცილებელია გამოიცვალოს მისი საძირკველი ყველაფრიანად, რაც მასზეა დაშენებული. ისიც ნაჩვენები იქნა, რომ ყველა სხვა კონფედერაცია, რომელიც შეიძლ-ებოდა ჩვენი თანამეგობრობის წინამორბედად მიგვეჩნია, იმავე მცდარ პრინიციპებს ემყარებოდა. ამიტომ ვერც ერთი მათგანი ვერ გაგვინათებს იმ გზას, რომელიც ჩვენ თვითონ  უნდა გავკვალოთ და ამდენად მათ შეუძლიათ მხოლოდ იმ შუქურის მაგივრობა გაგვიწიონ, რომელიც გვაფრთხილებს, რომ კურსს ავცდით, მაგრამ საით ავიღოთ გეზი – ვერ მიგვანიშნებს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც კონვენტს შეეძლო, ისაა, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილება გაეთვალისწინებინა და მათ მიერ დაშვებული შეცდომები გაესწორებინა; საკუთარი გადაცდომები გაეანალიზებინა და იმ შეცდომათა გამოსწორების მოხერხებული სისტემა შეექმნა, რომლებსაც  მომავალის გამოცდილება გამოამჟღავნებს.
იმ სიძნელეებს შორის, რომლებსაც კონვენტი წააწყდა, ყველაზე მთავარი ის არის, რომელიც მაშინ წარმოიშობა, როცა ვცდილობთ, მთავრობის სიმყარე და ძალა იმასთან შევაერთოთ, რასაც თავისუფლებაზე ურყევი ზრუნვა და მმართველობის რესპუბლიკური ფორმა ჰქვია. თუ კონვენტი წამოწყების ამ ნაწილს  ვერ შეასრულებდა, მაშინ იგი ვერც თავის მოწოდებას გაამართლებდა და ვერც საზოგადოების მოლოდინს. ეს რომ არ იყო ადვილი ამოცანა, ამას მხოლოდ ის თუ უარყოფს, ვისაც უნდა, რომ თავისი  უცოდინარობის ამბავი ქვეყანას მოსდოს. მთავრობას ძალა აუცილებლად სჭირდება, რათა მან ქვეყნის საგარეო და საშინაო უსაფრთხოება დაიცვას, კანონების თავისდროული და კეთილმყოფელი  შესრულება უზრუნველყოს, რაც ვარგებული მთავრობის განსაზღვრებაში უცილობლად იგულისხმება. მთავრობის სიმყარე კი აუცილებელია ერის შინაგანი სიმტკიცის, და აქედან გამომდინარე, ყველა სარგებლის უზრუნველსაყოფად, ხალხის სულში სიმშვიდისა და მრწამსის შესატანად, რაც სამოქალაქო საზოგადოების მთავარი კურთხევაა. უწესრიგო და მერყევი საკანონმდებლო კრება თავისთავადაც ბოროტებაა და ხალხის თვალშიც ზიზღს იმსახურებს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის ხალხი, რომელიც კარგად ერკვევა მმართველობის არსში და დიდწილად ვარგებული მართვის შედეგებიც აინტერესებს, ვერ მოისვენებს, სანამ შტატის მთავრობებს მათთვის   დამახასიათებელი ცვალებადობისა და გაურკვევლობისგან არ განკურნავს. მაგრამ თუ ამ ეგზომ ფასეულ ინგრედიენტებს თავისუფლების სასიცოცხლო პრინციპებს შევუდარებთ, მაშინვე მივხვდებით, თუ რაოდენ ძნელია, სათანადო თანაფარდობით შეურიო ისინი ერთმანეთს. რესპუბლიკური თავისუფლების სული,  როგორც ჩანს, არამარტო იმას მოითხოვს, რომ ხელისუფლება ხალხიდან მომდინარეობდეს, არამედ იმასაც, რომ ის, ვისაც ხალხმა ნდობა გამოუცხადა, მასზე იყოს კიდეც დამოკიდებული იმ მოკლე ხნის განმავლობაში, რა ხნითაც იგი ხელისუფლებაში მოვიდა. ამ ხნის მანძილზე ნდობა უნდა იყოს არა რამდენიმე პირის ხელში, არამედ მას საკმაოდ ბევრი ადამიანი უნდა ფლობდეს. მთავრობის სიმყარე კი პირიქით, იმას მოითხოვს, რომ ის ხელი, რომელსაც ძალაუფლება უპყრია, არ შეიცვალოს და იგივე დარჩეს, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლ-ობაში. თუ ხშირად ჩატარდება არჩევნები, ხშირადვე გამოიცვლებიან ის ადამიანები, რომლებიც ძალაუფლებას განასახიერებენ, ხოლო ადამიანთა ხშირი ცვლა ღონისძიებათა ხშირ ცვლას გამოიწვევს. მთავრობის ძალა კი არამარტო იმას მოითხოვს, რომ მას დროში გარკვეული მდგრადობა ახასიათებდეს, არამედ იმასაც, რომ იგი ერთ ხელში იყოს თავმოყრილი. უფრო გამოწვლილვითი განხილვა გვიჩვენებდა იმას, თუ რამდენად გაართვა კონვენტმა ყოველივე ამას თავი. თუმცა იმ ერთობ ნაჩქარევი მზერისთვისაც კი, რომელიც ამ საკითხს ჩვენ შევავლეთ, ნათელია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ის სიძნელეები, რომელთა წინაშეც იდგა.
არანაკლებ ძნელი იყო მკაფიო გამყოფი ხაზის გავლება ფედერალურ ძალაუფლებასა და შტატის მთავრობებს შორის. ყოველი ადამიანი, რომელიც თავისი გამოცდილებისდა კვალად ჩახედულია იმაში, თუ როგორ უნდა იაზროვნოს თავისი არსით მეტად განფენილი და რთული საგნების შესახებ და როგორ უნდა გამიჯნოს ისინი ერთმანეთისგან, ადვილად მიხვდება, თუ რაში მდგომარეობს ზემოაღნიშნული სიძნელე. ყველაზე გამჭრიახსა და მეტაფიზიკურად განწყობილ ფილოსოფოსებსაც კი - დამაკმაყოფილებელი სიზუსტით -  თვით  გონების უნარებიც კი დღემდე ვერ გაუმიჯნავთ და განუსხვავებიათ. გრძნობა, აღქმა, მსჯელობა, სურვილი, ნდომა, მეხსიერება, წარმოსახვა – თითოეულ მათგანს განსხვავებისა და გრადაციის იმდენად შეუმჩნეველი ელფერი დაჰკრავს, რომ მათ შორის საზღვარი ყველაზე გულმოდგინე გამოკვლევასაც კი საწიერიდან უსხლტება და მახვილგონივრული გამოგონებებისა და ცხარე პაექრობათა უშრეტ წყაროდ რჩება. თუ იმ საზღვრების წარმოდგენას შევძლებთ, რომლებიც ერთმანეთისგან მიჯნავენ ბუნების მთავარ სამფლო-ბელოებს, მის სხვადასხვა ნაწილებსა და მათში შემავალ ქვეკლასებს, რადაც ისინი იყოფიან, ჩვენ წინაშე კიდევ ერთი ილუსტრაცია იქნება იმისა, თუ რარიგ ძნელი ამოცანის წინაშე იდგა კონვენტი. ყველაზე გამჭრიახ და გამრჯე ნატურალისტებს დღემდე ზუსტად ვერ დაუდგენიათ, თუ სად გადის გამყოფი ხაზი, რომელიც მცენარეულ სიცოცხლეს მისი  მომიჯნავე არაორგანული მატერიიდან ჰყოფს, ან სად მთავრდება პირველი მათგანი და სად იწყება ცხოველთა სამყარო. უფრო დიდი იდუმალებითაა მოსილი განმასხვავებელ ნიშანთა ის სისტემა, რომელიც აწესრიგებს და ახარისხებს ცალკეულ ინდივიდებს ბუნების დიად სამფლობელოებში. მისი ყველა მოვლენა უნაკლოდ არის ერთმანეთისგან გამიჯნული; სხვანაირად მხოლოდ ადამიანის ნაკლოვან თვალს ეჩვენება, რომელიც მის მიმოხილვას ლამობს; და როცა ბუნების მოვლენებიდან ადამიანის ხელით შექმნილ დაწესებულებებზე გადაგვაქვს მზერა, ბუნდოვანება არამარტო თვითონ საგნებიდან მოდის, არამედ იმ ორგანოდანაც, რომელიც მათ  გააზრებას ცდილობს. უნდა ვაღიაროთ, რომ აუცილებლია, უფრო ზომიერი გავხადოთ ჩვენი მოლოდინი და იმედი, რითაც ადამიანური გამჭრიახობის ძალისხმევათა მიმართ გამსჭვალულვართ. გამოცდილებით ვიცით, რომ მთავრობის შესახებ ვერც ერთმა მეცნიერებამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა, მტკიცედ გაემიჯნა ერთმანეთისგან სამი დიდი სფერო: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებანი; რომ არაფერი ვთქვათ თვით აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა დარგებს შორის მკაფიო საზღვრების გავლებაზე. ცხოვრება სეტყვასავით გვაყრის შეკითხვებს, რაც იმას მოწმობს, თუ რაოდენი გაურკვევლობა მეფობს ამ საკითხებში, ათას თავსატეხს რომ უჩენენ პოლიტიკური მეცნიერების უდიდეს მცოდნეებს. ყველაზე განათლებული კანონმდე-ბლებისა და იურისტების შეერთებულ ძალისხმევასაც კი, რომელიც საუკუნეების წინ დაიწყო და დღესაც გრძელდება, – გარკვევით ვერა და ვერ დაუდგენია, თუ სად გადის საზღვარი კანონთა სხვადასხვა კოდექსის მიზნებსა თუ მოქმედების არეალთა და სამართალწარმოების სხვადასხვა სტრუქტურებს შორის. საერთო სამართალი და კანონმდებლობა, საზღვ-აოსნო სამართალი, საეკლესიო სამართალი, კორპორაციული სამართალი, სხვადასხვა ადგილობრივი სამართალი და წეს-ჩვეულება, ერთმანეთისაგან ჯერკიდევ მკვეთრად გასამიჯნი და დასადგენია თვით დიდ ბრიტანეთშიც კი,  ქვეყანაში, სადაც ამგვარ საკითხთა დაზუსტებისადმი  შეუდარებლად უფრო დიდ გულმოდგინებას იჩენენ, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ნაწილში. ამ ქვეყანაში სხვადასხვა სასამართლოებს შორის - საერთო და ადგილობრივი სასამართლოები იქნება ეს, უბრალო სასამართლოები, სინდისისა და საადმირალო სასამართლოები თუ ნებისმიერი სხვა სასამართლო, - იურისდიქციათა გამიჯვნა ხშირად ხდება არანაკლებ ცხარე პაექრობის საგანი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გარკვევით არ არის გამიჯნული ის სფეროები, რომლებზეც თითოეული მათგანის იურისდიქცია ვრცელდება. ყოველი ახალი კანონი, რაგინდ დიდი ოსტა-ტობით იყოს დაწერილი, რაგინდ სრულყოფილად და სერიოზულად იყოს განხილული მეტნაკლები ორაზროვნების შემცველად ითვლება, ვიდრე მისი მნიშვნელობა საგანგებო პაექრობათა და სასამართლო გადაწყვე-ტილებათა გზით არ იქნება განხილული და დადგენილი. იმ ბუნდოვანებას, რომელიც თან ახლავს თვითონ საგანს, ანდა ადამიანური უნარების ნაკლოვანებიდან მომდინარეობს, ახალი გართულებებიც ემატება გამო-ხატვის იმ საშუალებათა წყალობით, რითაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ აზრებს. გარკვეულობა მარტო აზრის მკაფიოდ გამოხატვას კი არ გვავალდებულებს, არამედ იმასაც, რომ იგი არაორა-ზროვანი და მხოლოდ ამ აზრისთვის შესაფერისი სიტყვებით გამოვთქვათ. მაგრამ არც ერთი ენა არ არის ისე მდიდარი, რომ მასში თითოეული რთული აზრის გამოსახატავად აუცილებელი სიტყვა და გამოთქმა მოიპოვებოდეს და ზუსტად ანუ ორაზროვნების გარეშე გამოხატავდეს აზრობრივ სხვაობებს. ამრიგად, რაგინდ ზუსტად იყოს გამიჯნული თვითონ საგანი, რაგინდ ზუსტად იყოს გააზრებული მისი განსხვავება, საგნის განსაზღვრება შესაძლოა, მაინც არაზუსტი იყოს იმ ტერმინთა უზუსტობის წყალობით, რითაც მის გამოთქმას ვცდილობთ. დიდი იქნება თუ მცირე ეს მიუცილებელი უზუსტობა, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად რთული და ახალია თვითონ საგანი. როცა ყოვილისშემძლემ კაცობრიობაზე მოწყალება მოიღო და ადამიანური ენით გამოუცხადა თავისი ნება, სიტყვების მნიშვნელობებს, ღვთაებრივი ნათლით რომაა გაბრწყინებული, ბუნდოვნება და ორჭოფობა დაეტყოთ, როგორც კი ისინი გამოთქმის იმ საშუალებებით შეგვატყობინეს, რომლებსაც ბუნებრივი ბუნდოვანება ახასიათებთ. ამრიგად, სამი სახის გაურკვევლობა და უზუ-სტობა არსებობს: საგნის არამკაფიობა, აღქმის ორგანოს არასრულყოფი-ლება და გამოთქმის საშუალებათა არასაკმარისობა. თითოეულ მათგანს შეუძლია ამა თუ იმ ხარისხის ბუნდოვანება გამოიწვიოს. კონვენტმა კი, – რომელსაც ფედერალური და შტატის უფლემამოსილებათა მკვეთრი ურთერთგამიჯვნის ამოცანა ჰქონდა გადასაწყვეტი, - თავის თავზე იწვნია სამივე მათგანის ერთობლივი ზემოქმედება.
უკვე მოხსენიებულ სიძნელეებს ის დამაბრკოლებელი პრეტენზიებიც უნდა დავუმატოთ, რომლებსაც შედარებით მსხვილი და შედარებით წვრილი შტატები გამოთქვამენ. ალბათ არ შევცდებოდით თუ ვივარაუდებდით, რომ ერთნი მთავრობაში ისეთ მონაწილეობას დაიჟინებდნენ, როგორიც მათ უზარმაზარ სიმდიდრესა და ზეგავლენას შეეფერება; მეორენი ფეხს არ მოიცვლიდნენ იმ პრინციპიდან, რომელიც სადღეისოდ მოქმედებს და ხელისუფლებაში მათ თანაბარ წარმომადგენლობას უზრუნველყოფს. ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ არც ერთი მხარე არ დათმობს თავის პოზიციას და საქმე აუცილებლად კომპრომისზე მიდგება, თუმცა ისიც მოსალო-დნელია, რომ მას შემდეგ, რაც წარმომადგენლობათა თანაფარდობის საკითხი კომპრომისის გზით მოგვარდება, თვითონ კომპრომისი გვექცეს თავსატეხად და მხარეებს შორის ახალი დაპირისპირებების საბაბი გახდეს. ისინი სამთავრობო სტრუქტურების შეცვლასა და უფლებამო-სილებათა ხელახალ გადანაწილებას წამოიწყებენ, რათა მმართველობით ორგანოებს უფრო დიდი ძალაუფლება იმისადამიხედვით მიენიჭოთ, თუ რომელი მხარის ზეგავლენა ჭარბობს მათში. კოსტიტუციაში მართლაც არის ისეთი მომენტები, რომლებიც ამგვარ ვარაუდთა სისწორეს ადასტურებს. სხვა საქმეა, თუ რამდენადაა შესაძლებელი თითოეული მათაგანის დასაბუთება. ერთი რამ ისედაც ცხადია: კონვენტი იძულებული გახდა, თეორიული პრინციპები შემთხვევითი გარემოებების სამსხვე-რპლოზე მიეტანა.
მაგრამ საქმე მარტო ის როდია, რომ უფრო მსხვილსა და უფრო წვრილ შტატებს შორის დაპირისპირება მოგვარდეს. სიძნელეთა უამრავი დამატე-ბითი კომბინაცია იჩენს  თავს იმ  განსხვავებათა წყალობით, რომლებიც ადგილობრივ შეხედულებებსა და პოლიტიკაში არსებობენ. ამას დავუმა-ტოთ ისიც, რომ თითოეული შტატი სხვადასხვა ოლქებადაა დაყოფილი, მათი მოსახლეობა კი – სხვადასხვა ფენებად, რაც უამრავ ადგილობრივ ინტერესსა და შურს უდებს სათავეს. მსგავსი ვითარება იქნება შეერთ-ებული შტატების მასშტაბით, რომელიც მრავალ ერთმანეთისგან განსხვა-ვებულ ნაწილს მოიცავს, ადგილობრივ გარემოებათა მრავალფეროვნებით რომ გამოირჩევიან. თუმც იქნებ ინტერესთა ამგვარმა მრავალფეროვნებამ – რომლის მიზეზებიც წინა წერილებში საკმარისად იქნენ განმარტებულნი, – კეთილმყოფელი გავლენა იქონიოს საერთო მთავრობაზე, როცა იგი ჩამოყალიბდება. მაგრამ აუცილებლად უნდა ვითვალისწინებდეთ იმასაც, რომ ყოველივე ამან შეიძლება, საპირისპირო ზემოქმედება სწორედ მისი ფორმირების პროცესზე მოახდინოს.
განა საოცარი ისაა, რომ ამგვარ სიძნელეთა წნეხის ქვეშ კონვენტი იძულებული გახდა, გვერდი აექცია ყველა გამოგონილი სტრუქტურისა და უზადო სიმეტრიისთვის? განა რა არის ყოველივე ეს, თუ არა ნაყოფი გამჭრიახი თეორეტიკოსის განყენებული აზროვნებისა, რომელიც მისი  წარმოსახვის მყუდრო კაბინეტში ქვეყნიერებას იმისთვის მოევლინა, რათა საბოლოოდ კონსტიტუციად გარდასახულიყო? ამაში არაფერია საოცარი, მაგრამ ნამდვილ გაოცებას ის იწვევს, რომ კონვენტმა ამ სიძნელეთა დაძლევა მოახერხა. თუმცა დაძლევაც არის და დაძლევაც; მან კი ისინი ჯერარნახული ერთსულოვნებით გადალახა; ამას არავინ მოელოდა. შეუძლებელია, მიუკერძოებელი ადამიანი ამაზე დაფიქრდეს და გაოცება არ დაეუფლოს. ხოლო ის  ადამიანი, რომლის აზროვნებაც ღვთის შიშითა და სიყვარულითაა გამსჭვალული, წარმოუდგენელია, ამაში ღვთის ხელს არ ხედავდეს. და ჭეშმარიტად უფლის ხელი იყო ჩვენზე რევოლუციის ყველაზე კრიტიკულ პერიოდებში. ერთ-ერთ წინა წერილში იმის აღნიშვნის შესაძლებლობა მოგვეცა, რომ თვლა აღარ აქვს გაერთიანებული ნიდერლანდების წარუმატებელ მცდელობებს, რომელთა მიზანი მისი კონსტიტუციის დამღუპველი და საყოველთაოდ ცნობილი ნაკლოვანებების გამოსწორებაა. ისტორია თითქმის ყველა უმაღლესი საბჭოსა  და საკონსულტაციო ორგანოსი,  - რომელთა მიზანი ადამიანებს შორის აზრთა სხვადასხვაობის მოგვარება, შურის დაცხრომა და ინტერესთა მოწესრიგებაა - უთანხმოებათა, პაექრობათა და სასოწარკვეთათა ერთი გაბმული თავგადასავალია და სხვა არაფერი. ესაა ადამიანური ისტორიის ყველაზე ბნელი ნაწილი, სავსე ადამიანთა ზნეობრივი სიძაბუნითა და გარყვნილებით. ცალკეულ შემთხვევებს, მათი ნათელი მხარეებით, არ ძალუძთ ჭეშმარიტების შეცვლა. ჟამიდან ჟამს ნათლიდან გამკრთალი სხივი მხოლოდ იმიტომ თუ გააპობს ხოლმე უკუნს, რომ უფრო ნათლად გამოაჩინოს ბნელის სიწყვდიადე. ამგვარი გამონაკლისების მიზეზთა გასიგრძეგანებითა და ჩვენს მდგომარეობასთან მათი მისადაგების წყალობით, ორი დასკვნა გამოვიტანეთ: ერთი ის, რომ კონვენტმა თავი დააღწია მთავარ ჭირს – პარტიულ გაუტანლობას - სნეულებას, რომელიც სათათბირო ორგანოებს ემართებათ ხოლმე და მათ საქმეებს ბილწავს. მეორეც – ყველა დელეგატი ან დასკვნითი აქტით იყო კმაყოფილი, ანდა ერთი რამ ჰქონდათ მტკიცედ გადაწყვეტილი _ პირადი შეხედულებები და პარტიული ინტერესები საზოგადო კეთილდღეობის სამსხვერპლოზე მიეტანათ, ოღონდ კი გაუთავებელი დაყოვნებებითა და ახალ ექსპერიმენტთა აუცილებლობის მომიზეზებით მის მოახლოებას სასოწარმკვეთი საფრთხე აღარ შექმნოდა.
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group