ფედერალისტი # 58: მედისონი
(ალექსანდრე ჰამილტონთან ერთად)

1788წ. 20 თებერვალი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

წარმომადგენელთა პალატის წინააღმდეგ წამოყენებული ბოლო ბრალდება, რომლის განხილვასაც ახლა ვაპირებ, იმ ვარაუდს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც  მისი წევრების რიცხოვნება, შესაძლოა, დრო და დრო არ გაიზარდოს, როგორც ამას მოსახლეობის მატებაA მოითხოვსო.
არსებობს შეხედულება, რომლის თანახმადაც ზემოაღნიშნული შესიტყვება დიდ მნიშვნელობას შეიძენს, თუ შესაბამისი საბუთებით იქნება განმტკიცებულიო. მაგრამ ქვემორე მოტანილი მოსაზრებებიდან გამოირკვევა, რომ კონსტიტუციის მისამართით გამოთქმულ სხვა საყვედურთა მსგავსად, ისიც საკითხის ნახევრული ხედვის ნაყოფია. სწორედ ამგვარი ხედვაა,  ყველაფერს რომ აუფერულებს და აუსახურებს.
1.      ისინი, ვინც ამ შესიტყვებას აყენებენ, როგორც ჩანს, თავს არ იწუხებენ იმის გახსენებით, რომ წარმომადგნელთა რაოდენობის თანდათან მატების პუნქტში ფედერალურ კონსტიტუციას არ გააჩნია ის ნაკლი, რასაც შტატის კონსტიტუციები შეიცავენ. გამოცხადებულია, რომ წარმომადგენელთა თავდაპირველი რაოდენობა მხოლოდ დროებითია. რაც შეეხება ვადას, ისინი მოკლე ხნით – სამიოდე წლით არიან არჩეულნი.
ყოველ მომდევნო ათ წელიწადში აუცილებელია ჩატარდეს მოსახლეობის აღწერა. ამ წესის მიზანი, ჯერ ერთი, აშკარად ის არის, რომ წარმომადგენელთა რიცხოვნება დროდადრო მოსახლეობის რაოდენობას შეუხამოს; ოღონდ იმ პირობით, რომ თითო შტატს, სულ ცოტა, თითო წარმომადგენელი ეყოლება. მეორეც, მას მიზნად აქვს ის, რომ იმავე პერიოდში წარმომადგენელთა რიცხვი გაზარდოს, ოღონდ იმ პირობით, რომ მათი საერთო რაოდენობა არ გადაამეტებს შეფარდებას: ერთი წარმომადგენელი ყოველ ოცდაათი ათას მაცხოვრებელზე. თუ სხვადასხვა შტატის კონსტიტუციას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ზოგიერთ მათგანში არ არის პუნქტი, რომელიც ამ საკითხის მოწესრიგებას ითვალისწინებს. ისიც აშკარა გახდება, რომ დანარჩენი შტატების თვალსაზრისი ამ საკითხში ფედერალური კონსტიტუციის პოზიციას ემთხვევა. რაც შეეხება უსაფრთხოების ყველაზე ქმედით ზომას, ყველა შტატის კონსტიტუცია მის შესახებ მხოლოდ რჩევებს  შეიცავს.
2.      რამდენადაც გამოცდილებით ვიცით, ამა თუ იმ შტატის კონსტიტუცია ითვალისწინებს წარმომადგენელთა რიცხოვნების ზრდას ამომრჩეველთა რიცხვის ზრდისდა კვალად. როგორც ირკვევა, ერთი მზაობას გამოთქვამს, რათა თანხმობა განაცხადოს ამგვარ ღონისძიებებზე, მეორე კი მზად არის, მათი მიღება მოითხოვოს.
3.      ფედერალურ კონსტიტუციას ერთი თავისებურება ახასიათებს, რაც იმის საწინდარია, რომ მოსახლეობისა და სახალხო წარმომადგენელთა უმრავლესობა  არასოდეს მოადუნებს იმ საკითხისადმი ყურადღებას, რაც ამ უკანასკნელთა რიცხოვნების კონსტიტუციურ ზრდას შეეხება. ზემოაღნიშნული თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ საკანონმდებლო ხელისუფლების ერთი განშტოება მოქალაქეთა წარმომადგენლებისგან შედგება, მეორე კი ცალკეული შტატის წარმომადგენლებს აერთიანებს; შესაბამისად, ერთში უფრო ვრცელ შტატებს ექნებათ გარკვეული უპირატესობა, მეორეში კი უფრო წვრილ შტატებს უპყრიათ გამორჩეული მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, შეიძლება მტკიცედ დავასკვნათ, რომ უფრო მსხვილი შტატები თავგამოდებით დაუჭერენ მხარს საკანონმდებლო ხელისუფლების სწორედ იმ განშტოების რიცხოვნებისა და მნიშვნელობის ზრდას, რომელშიც ისინი უპირატესობით სარგებლობენ. საქმე ის არის, რომ წარმომადგენელთა პალატაში უფრო მსხვილი შტატებიდან მხოლოდ ოთხი ყველაზე მსხვილი შტატი მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას. მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ უფრო წვრილი შტატების წარმომადგენლები ყოველ ჯერზე შეეწინააღმდეგებიან ზემოაღნიშნული პალატის რიცხოვნების ზრდას, ამგვარი წინააღმდეგობის ჩასახშობად საკმარისი იქნება, სულ რამდენიმე შტატმა შეკრას კოალიცია. ამგვარი კოალიცია კი მაინც შეიქმნება,  მიუხედავად შტატებს შორის ქიშპობის  და ადგილობრივ წინარე სჯათაA წინააღმდეგობისა. უფრო მეტი, მის ჩამოყალიბებას შტატებს შორის საერთო ინტერესთა არსებობაც რომ არ უწყობდეს ხელს, იგი მაინც აუცილებლად ჩამოყალიბდება, ვინაიდან ამას სამართლიანობა და სხვა კონსტიტუციური პრინციპები მოითხოვენ. 
შეიძლება, ვინმე შემესიტყვოს და მითხრას: სრულიად შესაძლებელია, რომ მსგავსი მოტივებით სენატშიც შეიქმნას საპირისპირო კოალიციაო, მაგრამ რაკი გადაწყვეტილების მისაღებად ერთსულოვნებაა საჭირო, შეიძლება ისე მოხდეს, რომ სწორედ იმ სამართლიანმა და კონსტიტუციისადმი ერთგულმა შეხედულებებმა იწვნიონ მარცხი, რითაც წარმომადგენელთა პალატის წევრები ხელმძღვანელობდნენო. სწორედ ამ სიძნელემ დაუდო სათავე ყველაზე სერიოზულ შიშს იმ ხალხში, რომელიც ყველაზე მგზნებარედ უჭერს მხარს იმას, რომ წარმომადგენელთა კორპუსი რაც შეიძლება მრავალრიცხოვანი იყოს.  მაგრამ, საბედნიეროდ, ეს მხოლოდ მოჩვენებითი სიძნელეა, რომელიც მაშინვე უჩინარდება, როგორც კი უფრო დაკვირვებით და გამოწვლილვით განვიხილავთ. თუ არ ვცდები, ამ საკითხთან დაკავშირებით ქვემორე წარმოდგენილი მოსაზრებანი დამაჯერებელნიც არიან და დამაკმაყოფილებელნიც.
ორივე პალატა სრული თანასწორობით სარგებლობს ყველა საკანონმდებლო საკითხთან მიმართებაში, გარდა ფულის ნიშანთა ბეჭდვისა. მაგრამ მიუხედავად ამისა, სრულიად უჭველია ის, რომ პალატა, რომელიც უფრო მრავალრიცხოვანი იქნება, გარკვეული უპირატესობით ისარგებლებს იმ შემთხვევებში, როცა საქმე ორივე პალატის შედარებით სიმტკიცეზე მიდგება. საქმე ის არის, რომ მას მხარს უფრო ძლევამოსილი შტატები დაუჭერენ; მეორე მხრივ კი მრავალრიცხოვნების გამო მას  უფრო დიდი შესაძლებლობა ექნება იმისა, რომ ხალხის ფართო ფენების განწყობილება გამოხატოს და მისი შეხედულებები სათანადოდ წარმოადგინოს.
ზემოაღნიშნული უპირატესობა კიდევ უფრო გაიზრდება, როცა შესაბამისი პალატის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები სრულად გაითავისებენ იმას, რომ მათ მოთხოვნებს უფლება, გონება და კონსტიტუცია უჭერს მხარს. მოწინააღმდეგე მხარე კი უმალვე შეიგნებს, რომ იერიში  უარსებითეს მოსაზრებებზე მიაქვს.
აუცილებელია ისიც გავითვალისწინოთ, რომ უწვრილესსა და უმსხვილეს შტატებს შორის ჩვენ მიერ გავლებული გრადაციის პირობებში, სხვა შტატებსაც ვაწყდებით. საქმე ისეთ შტატებს ეხებათ, რომლებიც ძალზე ცდილობენ, რომ თავი პირველ ჯგუფს მიათვალონ, მაშინ, როცა როგორც მოცულობის, ისე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ოდნავ თუ ჩამორჩებიან უმსხვილეს შტატებს. ისინი, რაღა თქმა უნდა, წინ არ აღუდგებიან მათ სამართლიანსა და კანონიერ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, არ არის სარწმუნო ის, რომ სენატორთა უმრავლესობა იმის წინააღმდეგ გამოვა, რათა  წარმომადგენელთა რიცხოვნება გაიზარდოს. 
დიდი ამბავი არ უნდა იმის მიხვედრას, რომ სენატორები ყველა ახალი შტატიდან მხარს წარმომადგენელთა პალატის რიცხოვნების ზრდას დაუჭერენ. საამისოდ მათ ისეთი აშკარა საბაბი აქვთ, რომ მისი უგულვებელყოფა უაზრობა იქნებოდა. საქმე ის არის, რომ დიდი ხნის მანძილზე სწორედ ამ შტატების მოსახლეობა გაიზრდება ყველაზე სწრაფი ტემპით, ამიტომ სწორედ ისინი იქნებიან ყველაზე მეტად დაინტერსებულნი იმით, რომ გადაიხედოს წესი, რომელიც მოსახლეობის ზრდის ტემპთან წარმომადგენელთა რიცხოვნების შეხამებას ითვალისწინებს. ამიტომ უფრო მსხვილ შტატებს, რომლებიც წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას ფლობენ, არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს შეუდარონ პირობათა ორი წყება:  ერთნი, რომელნიც თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას გულისხმობენ და მეორენი, რომლებიც წარმომადგენელთა რიცხოვნების ზრდას ითვალისწინებენ. იმ შტატთა სენატორები კი, რომელთა მოსახლეობა სწრაფი ტემპით იზრდება, მშობლიური შტატების ინტერესებით შეგულიანებულნი ერთ გადაწყვეტილებასაც უყოყმანოდ დაუჭერენ მხარს და მეორესაც.
ამრიგად, ყველა ზემომოტანილი მოსაზრება ყოველგვარ ეჭვს აქარწყლებს იმის თაობაზე, რომ თითქოსდა განხილული სიძნელე რაიმე ხიფათს შეიცავდეს. ამიტომ უპრიანია, თავიდან მოვიშოროთ ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა დაეჭვება და შიში. ამასთანავე იგულისხმება, რომ ყოველივე ზემოთქმული სრულიადაც არ არის საკმარისი საიმისოდ, რათა წვრილი შტატების უსამართლო მოთხოვნებს გავუმკლავდეთ და საბჭოებსა თუ სენატში მათ უპირატეს ზეგავლენას ვებრძოლოთ. მიუხედავად ამისა, მსხვილი შტატების განკარგულებაში კვლავაც რჩება უტყუარი კონსტიტუციური საშუალება, რითაც მათ თავიანთი სამართლიანი მიზნების მიღწევა ძალუძთ. საქმე ის არის, რომ წარმომადგენელთა პალატის უფლებამოსილებაში შედის ხელისუფლების ფინანსური უზრუნველყოფა. ერთი სიტყვით, მას ხელთ აქვს ქისა – ყველაზე ძლევამოსილი იარაღი. იარაღი, რომლის წყალობითაც, როგორც ბრიტანეთის სახელმწიფოებრივი მოწყობის ისტორიიდან ჩანს, ჯერ ისევ თოთო სახალხო წარმომადგენლობამ მოახერხა ის, რომ თანდათანობით გაეფართოებინა თავისი მოღვაწეობის სფერო და აემაღლებინა თავისი მნიშვნელობა. ყოველივე აქედან გამომდინარე, მას შესაძლებლობა მიეცა, შეეკვეცა ხელისუფლების სხვა განშტოებათა გადაჭარბებული უფლებამოსილებანი. ასე რომ, ქისა ყველაზე სრულყოფილი და ქმედითი საჭურველია, რითაც კონსტიტუცია ხალხის უშუალო წარმომადგენლებს აიარაღებს, რათა მათ ნებისმიერი უბედურების თავიდან აშორება და ნებისმიერი სამართლიანი თუ კეთილმყოფელი ღონისძიების წარმატებით განხორციელება შეძლოს.
ნუთუ მხოლოდ სენატი იქნება და არა წარმომადგენელთა პალატა დაინტრესებული  იმით, რომ ხელისუფლებამ თავისი ფუნქციები შეასრულოს? ნუთუ იგი თავის არსებობასა და სახელს სენატის მოქნილობაზე შეაგდებს? თუ საქმე ხელისუფლების ამ ორ განშტოებას შორის სიმტკიცის შემოწმებაზე მიდგება, ნუთუ წარმომადგენელთა პალატა გამარჯვებას სენატს დაუთმობს? ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ   გაუძნელდება მას, ვინც კარგად არის ჩახედული საქმეში და იცის, რომ ადამიანთა რაც უფრო მცირერიცხოვანი ჯგუფი დგას ხელისუფლების სათავეში, რაც უფრო დიდ ხანს რჩება იგი სახელმწიფოს მართვის საჭესთან და რაც უფრო გამორჩეული მდგომარეობა უკავია თითოეულ მათგანს, მით უფრო დიდია მათი დაინტერესება ყოველივე იმით, რაც მმართველობას უკავშირდება. ის ხალხი, რომელიც სხვა სახელმწიფოთა თვალში თავისი სამშობლოს ღირსებას წარმოადგენს, ყოველთვის უფრო მგრძნობიარეა საზოგადოებრივ საფრთხეთა მიმართ და ძალზე განიცდის საჯარო საქმეების დამყაყებას. სწორედ ამ პრინციპებისადმი ერთგულებას უნდა მივაწეროთ ის, რომ ბრიტანეთის თემთა პალატა ყოველთვის იმარჯვებდა ხოლმე ხელისუფლების სხვა განშტოებებზე, როგორც კი საქმე ფულადი გასამრჯელოს შესახებ ბილის გამოყენებაზე მიდგებოდა. მართალია, იგი არ იყო აბსოლუტურად შეუდრეკელი ამ საკითხში და მისგან არც არავინ მოელოდა ასეთ რამეს, მაგრამ ასეთი მრისხანე იარაღის გამოყენება ხელისუფლების ნებისმიერ უწყებაში ქაოსს იწვევდა. რაც შეეხება ამ საკითხში შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და სენატის წევრთა შეუპოვრობას, იგი მათ მამულიშვილობასა და იმ პრინციპებისადმი ერთგულებაზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც საფუძვლად უდევს კონსტიტუციას.
წარმომადგენელთა პალატის მიმოხილვის დროს მე გვერდი ავუქციე ეკონომიკურ გარემოებას. არადა, შექმნილ ვითარებაში მას შეიძლება, გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი ჰქონდეს წარმომადგენელთა რიცხოვნების შემცირების თვალსაზრისით. ამ საკითხისადმი ამგვარი გვერდის აქცევა, შეიძლება, იმ რიტორიკის გამორჩეულ თემადაც კი იქცეს, რომელიც წარმომადგენელთა შემოთავაზებული კორპუსის მცირერიცხოვნების ირგვლივაა გაჩაღებული. მე არც იმ სიძნელეთა თაობაზე ვაპირებ შენიშვნების გაკეთებას, რომელთაც, შეიძლება, შექმნილ ვითარებაში წავწყდომოდით, თუ ფედერალური ხელისუფლების სამსახურში მივიწვევდით იმ პირთა უმრავლესობას, რომელიც ხალხის მიერ იქნა არჩეული. მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა ერთი შენიშვნა გავაკეთო, ვინაიდან ვფიქრობ, რომ იგი სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს. საქმე ეხება იმას, რომ რაც უფრო ბევრი წევრი შედის საკანონმდებლო ასამბლეაში, მით უფრო ცოტაა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მის საქმიანობაში მონაწილეობენ. ჯერ ერთი, მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ არიან მისი წევრები, რაც უფრო მრვალრიცხოვანია ამგვარი ასამბლეა, მასში გრძნობა ბატონობს და არა გონება. მეორეც, რაც უფრო მრავალრიცხოვანია იგი, მით უფრო ცოტაა მასში იმ წევრთა რიცხვი, რომელნიც ჩახედულნი არიან საქვეყნო საქმეებში და მით უფრო ცოტანი არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც მათი მართვის უნარი შესწევთ. ამასთანავე, როგორც ცნობილია, სწორედ ამ ყაიდის ადამიანებზე ახდენენ ყველაზე დიდ ზემოქმედებას უმცირესობის მჭევრმეტყველება და მისი მოწოდებანი. ძველ რესპუბლიკებში, სადაც ადამიანები პირადად იკრიბებოდნენ, მთელ კრებას ერთი ვინმე  ორატორი ან გამოცდილი პოლიტიკოსი თავის ნებაზე აბურთავებდა და ადამიანთა მთელ კრებულს ისე იმორჩილებდა, თითქოსდა მართვის სადავეები მას სჭეროდეს ხელში. ზუსტად ასევე, რაც უფრო მრავალრიცხოვანი იქნება წარმომადგენლობითი კრება, მით უფრო ადვილი იქნება ის, რომ იგი ვინმემ თავის ჭკუაზე ატაროს და ისეთი უგნური საქმეები ჩაადენინოს, რაც ადამიანთა დიდ თავყრილობას ახასიათებს. უვიცებს მოხერხებულები გააბრიყვებენ, გრძნობები კი მონურად განირთხმებიან სოფისტიკისა და მაღალფარდოვნების წინაშე. ადამიანები არასოდეს ცდებიან უფრო მეტად, ვიდრე მაშინ, როცა ფიქრობენ, რომ უმცირესობის წინააღმდეგ აღმართული დაბრკოლება მით უფრო მტკიცე იქნება, რაც უფრო მრავალრიცხოვანია სახალხო წარმომადგენელთა კრება. გამოცდილება მათ მალევე ასწავლის, რომ საქმე სწორედ პირიქითაა: მას შემდეგ , რაც არჩეულია იმდენი წრმომადგენელი , რამდენიც საკმარისია უსაფრთხოების , ადგილობრივ საქმეებში გარკვევისა და საზოგადოების ფართო ფენების თანაგრძნობის მოსაპოვებლად , ყოველი ახალი წარმომადგენლის დამატება საპირისპირო შედეგს გამოიღებს. გარეგნულად ასეთი მთავრობა, შეიძლება, უფრო დემოკრატიულად გამოიყურებოდეს, მაგრამ სული, რომელიც მას ამოძრავებს, ოლიგარქიული იქნება. სახელმწიფო მანქანა მოცულობაში მოიმატებს, მაგრამ ის ზამბარები, რომელნიც მას ამოძრავებენ, სულ უფრო ცოტა და საგულდაგულოდ გასაიდუმლოებული იქნება.
იმ შესიტყვებასთან ერთად, რომელიც წარმომადგენელთა რიცხოვნების წინააღმდეგაა წამოყენებული, იქნებ უპრიანი იყოს, იმ მოსაზრებათა თაობაზეც გვეთქვა ორიოდ სიტყვა, თუ წარმომადგენელთა რა რაოდენობაა საკმარისი კანონის მისაღებად. გამოითქვა მოსაზრება, რომ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია კვორუმი, რომელიც უბრალო უმრავლესობას აღემატება. რაც შეეხება განსაკუთრებულ შემთხვევებს, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმი ბევრად უნდა აღემატებოდეს უბრალო უმრავლესობას. არავინ უარყოფს იმას, რომ სიფრთხილის ამგვარი ზომა, გარკვეულწილად, სასარგებლოა. გარდა ამისა, იგი საუკეთესო საშუალება იქნება კერძო ინტერესებისგან თავის დასაცავად და დაბრკოლებად აღემართება ყველა ნაჩქარევსა თუ ნახევრულ ღონისძიებას. მაგრამ საქმე ის არის, რომ სასწორის მეორე თეფშზე საპირისპირო მოსაზრებები აღმოჩნდებიან და საპირწონეც მათკენ გადაიხრება. ყოველ ჯერზე, როცა კი სამართლიანობა თუ საზოგადო სიკეთე ახალი კანონის გამოცემასა თუ ქმედით ღონისძიებათა გატარებას მოითხოვს, თავისუფალი მართვის ძირეული პრინციპი თავის თავსვე დაუპირისპირდება. უმრავლესობა აღარ იქნება მმართველი, არამედ მართვის სადავეები უმცირესობის ხელში გადავა. თავდაცვის პრივილეგია ცალკეული შემთხვევებით რომ იფარგლებოდეს, დაინტერესებულ უმცირესობას შეეძლო მისგან სარგებელი ენახა; იგი მოახერხებდა იმას, რომ მსხვერპლად არ შესწირვოდა საზოგადო კეთილდღეობას, ანდა საგანგებო შემთხვევებში დაუმსახურებელი შეღავათებისთვის გამოეკრა ხელი. დაბოლოს, ამგვარი რამ გააადვილებდა და გააღრმავებდა განხეთქილების დამღუპველ პრაქტიკას. ამ უკანასკნელმა უკვე იჩინა თავი იმ შტატებში, სადაც გადაწყვეტილების მისაღებად უბრალო უმრავლესობაა  საკამარისი. ეს სწორედ ის პრაქტიკაა, რომელიც ძირს უთხრის წესრიგსა და ვარგებულ მმართველობას; პრაქტიკა, რომელიც ყველაზე უმოკლესი გზაა სახალხო მღელვარებისა და სახალხო მმართველობის განადგურებისკენ; გზა, რომელიც  ჩვენში აქამდე უცნობი იყო.
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group